გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამ დრომდე ჩატარებული ლაბორატორიული კვლევების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი საქართველოს სანაპიროს მთელ პერიმეტრზე ნორმის ფარგლებშია – ინფორმაციას ამის შესახებ თავად სააგენტო აქვეყნებს.
უწყება აღნიშნავს, რომ გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს, უწყვეტ რეჟიმში, ყოველთვიურად, 12 წერტილში ახორციელებს და სინჯები საანალიზოდ სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც მაღალი სიზუსტის ხელსაწყოებით არის აღჭურვილი და სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს.
„კვლევები განსაზღვრავს ჰიდრობიოლოგიურ და ქიმიურ პარამეტრებს, მათ შორის 13 მძიმე მეტალს, ნავთობის ჯამურ ნახშირწყალბადებს, 16 პოლიარომატულ ნახშირწყალბადს, ასევე, სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაციას“ – წერს სააგენტო.






