მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ დამფინანსებლები აჭარიდან

23.11.2023 • 1250
„ოცნების“ დამფინანსებლები აჭარიდან

2023 წლის იანვრიდან დღემდე „ოცნებამ“ შემოწირულების სახით 5 მილიონ ლარზე მეტი მიიღო. მხარდამჭერების აქტიურობა ყოველდღიურად იზრდება. თითქმის ყოველდღე პარტიის ანგარიშზე ათამდე ან მეტი ფიზიკური პირი რიცხავს თანხას. მათ შორის უმეტესობა ბიზნესმენია.

ზოგჯერ ერთი კომპანიიდან რამდენიმე პარტნიორის ინდივიდუალური შენატანიც ფიქსირდება.

უშუალოდ კომპანიების მფლობელები არ სწირავენ 60 000 ლარზე ნაკლებს, მათი პარტნიორების, დირექტორების და მენეჯერების შენატანი კი შედარებით ნაკლები, თუმცა არც თუ მცირე თანხაა.

„ოცნების“ ბიუჯეტის შესავსებად აქტიურობენ აჭარიდანაც.

შემწირველებს შორის არის ბიზნესმენი მამუკა ფარტენაძე. 10 ნოემბერს მან „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ის შპს „მმმ ჯგუფის“ დამფუძნებელი და დირექტორია. მამუკა ფარტენაძე თანასაკუთრებაში ფლობს ასევე შპს „დაფ სერვის + “ -ს და შპს „პროფესიონალ აუტო სერვისს.“

შპს „მმმ ჯგუფის“ შესახებ „ბათუმელები“ ადრეც წერდა. კომპანია ვარშანიძის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს სავაჭრო ობიექტს ფლობს. ამ ობიექტის გამო კომპანიას მეზობლები ორი სხვადასხვა მიზეზით, ჯერ ცემენტის მტვრის გამო, შემდეგ კი ხმაურის გამო უჩიოდნენ.

„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

მამუკა ფარტენაძეს იგივე ოდენობის თანხა, 60 000 ლარი 2021 წელსაც შეუწირია მმართველი პარტიისთვის.

2023 წლის 10 ნოემბერს „ოცნებას“ 60 000 ლარი გელა გაბაიძემაც შესწირა. ის ბათუმში რამდენიმე სხვადასხვა სამშენებლო კომპანიის მესაკუთრე, თანამესაკუთრე და ხელმძღვანელია.

გელა გაბაიძემ „ოცნებას“ 2021 წელს 10 000 ლარი შესწირა.

16 ნოემბერს დალი ჯიჯავაძემ „ოცნებას“ 20 000 ლარი შესწირა. დალი ჯიჯავაძე ორი კომპანიის შპს ინსტრა-ბათუმისა და შპს „დაბლ ა შიპინგ“ – ის დირექტორია. ეს მისი პირველი შეწირულობა არ არის – დალი ჯიჯავაძემ 2022 წელს მმართველ პარტიას 60 000 ლარი, 2020-2021 წელებში კი ჯამში 60 000 ლარი შესწირა.

შპს „გზა“-ს დირექტორმა მალხაზ დუმბაძემ „ოცნებას“ 15 000 ლარი შესწირა, კომპანიის მფლობელმა გიორგი ჭყონიამ კი 60 000 ლარი.

მალხაზ დუმბაძე 2012 წლიდან „ოცნების“ შემწირველია და ამ დროიდან დღემდე მან მმართველ პარტიას ჯამში 150 000 ლარი შესწირა.

2023 წლის 10 ნოემბერს ბიზნესმენმა სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ 60 000 ლარი შესწირა. ისიც „ოცნების“ ერთგული მხარდამჭერია.

2016 წლიდან დღემდე სულიკო ჭყონიამ „ოცნებას“ სოლიდური თანხა ექვსჯერ შესწირა, ერთხელაც – „ოცნების“ მხარდაჭერილ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს. ჯამში მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 250 000 ლარია. სულიკო ჭყონია სამშენებლო ბიზნესშია.

ჯემალ ჭყონიამ „ოცნებას“ ამჯერად 20 000 ლარი შესწირა, ისიც გიორგი ჭყონიას პარტნიორია. გასულ წლებში „ოცნების“ ანგარიშზე მისი შენატანი 75 000 ლარია.

მმართველ პარტიას 50 000 ლარი შესწირა ოთარ ფუტკარაძემ. ის შპს „ბონდი 2009“- ის თანამფლობელია. ოთარ ფუტკარაძის შვილი, შოთა ფუტკარაძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია „ოცნებიდან“, საკრებულოში არჩევამდე ისიც ბიზნეს საქმიანობას ეწეოდა.

შოთა ფუტკარაძე ფლობს „ბონდი დეველოპმენტის“ 70 პროცენტს და ამ კომპანიის დირექტორადაც თავად ფიქსირდებოდა. საკრებულოში არჩევამდე ის ფლობდა ასევე შპს „კალიგრაფი აპარტამენტის“ 50 პროცენტს.

„ოცნებას “ 50 000 ლარი შესწირა „ბონდი 2009“-ს კიდევ ერთმა მფლობელმა, ნუკრი დოლიძემ.

ნუკრი დოლიძის ერთ-ერთი პარტნიორია შოთა ფუტკარაძის მამა, ბიზნესმენი ოთარ ფუტკარაძე. მათ ერთობლივად დააფუძნეს შპს „ბონდი 2009“, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებისგან მაღალბიუჯეტიან  დაკვეთებს ხშირად იღებს. იგივე შეიძლება ითქვას „მონოლითი 2005“-ზე – ნუკრი დოლიძეს წილები ამ კომპანიაშიც აქვს.

ამ კომპანიებმა ბოლო ათ წელში სახელმწიფოსგან რამდენიმე ასეული მილიონი ლარის დაკვეთა მიიღეს, მათ შორის არის გამარტივებული შესყიდვები. კომპანიების დამკვეთებს შორის არიან: ბათუმის მერია, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია და სხვები.

„ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა „ბონდი 2009“- ის კიდევ ერთმა მფლობელმა დავით დევაძემ, ის კომპანიის 25 პროცენტის მფლობელია. იგივე თანხა შეიტანა მმართველი პარტიის ანგარიშზე დავით ნაგერვაძემაც, შპს „ნასკარის“ მფლობელმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: