მთავარი,სიახლეები

დაკავებული და პასუხისგებაში მიცეულია 28 პირი, ქრთამის აღების და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით – სუსი

14.07.2026
დაკავებული და პასუხისგებაში მიცეულია 28 პირი, ქრთამის აღების და სახელმწიფო თანხების მითვისების ბრალდებით – სუსი

სახელმწიფო უსაფრთხების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს 28 პირი, სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულისთვის.

„საქართველოს 9 რეგიონში ჩატარებული მასშტაბური ღონისძიების შედეგად, 14 სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე გამოვლენილ დანაშაულებთან დაკავშირებით, მათ შორის ქრთამის აღების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის, სახელმწიფოს კუთვნილი თანხებისა და მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია 28 პირი.

სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში სახელმწიფოს კუთვნილი თანხების თაღლითურად დაუფლების ფაქტებზე, ხუთ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე დაკავებულია 3 პირი, ხოლო 11 პირს წარედგინა ბრალდება.

„საქმე ეხება წალკის, ახალციხისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში, სხვადასხვა კერძო კომპანიის მიერ გზის მონაკვეთის, სასმელი წყლის შიდა ქსელისა და საჯარო სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების დროს, დოკუმენტაციების გაყალბებისა და უკანონო ქმედებების შედეგად, თაღლითურად მითვისებულ ათიათასობით ლარს.

ასევე დგინდება, რომ პასუხისგებაში მიცემული პირებიდან რამდენიმემ თბილისის საბავშვო ბაღებისა და ბათუმის უფასო სასადილოების მომსახურებისთვის  გამოცხადებული სახელმწიფო შესყიდვების ფარგლებში, სხვადასხვა დროს, მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულზე ნაკლები ოდენობის განსხვავებული მარკისა და სასაქონლო ნიშნის მქონე სააღდგომო სურსათი და დაბალი ხარისხის სადეზინფექციო საშუალებები.

აღნიშნული უკანონო ქმედებების შედეგად, სახელმწიფოს, ჯამში, 669 497 ლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთების თაღლითურად დაუფლების, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე, სამ სისხლის სამართლის საქმეზე,  7 პირს ბრალდება წარედგინა.

საქმე ეხება სხვადასხვა დროს, დმანისის, გურჯაანისა და წალკის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოს რამდენიმე წარმომადგენლის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, ყალბი დოკუმენტაციის საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი, ჯამში, 91 564 კვ.მ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლების ფაქტებს, რის შედეგადაც სახელმწიფოს, ჯამში, 397 804 ლარის ოდენობის ზარალი მიადგა.

ქრთამის აღების ფაქტებთან დაკავშირებით კი, სისხლის სამართლის სამ საქმეზე დაკავებულია 3 პირი.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ლანჩხუთისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მერიებისა და ონის სატყეო სამსახურის წარმომადგენლებმა, სხვადასხვა დროს, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისგან, სახელმწიფოს კუთვნილ მიწაზე მოძრავი სავაჭრო ობიექტის, ე.წ დრაივის განთავსებისა და შემდგომი მფარველობის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის საფუტკრე მეურნეობის მოსაწყობად გადაცემისა და შემდგომი მფარველობის, ასევე კანონით აკრძალული მუხის მოჭრისა და სატყეო უბნიდან გამოტანის დაპირების სანაცვლოდ, ქრთამი აიღეს.

სამ სისხლის სამართლის საქმეზე, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადების, გასაღებისა და ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტებზე კი დაკავებულია 4 პირი.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სხვადასხვა დროს, ყალბი მართვის მოწმობის, საქართველოს მოქალაქის პასპორტისა და ერთ-ერთი კერძო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ყალბი ბაკალავრის დიპლომის დამზადებისა და გასაღების სანაცვლოდ ქრთამი აიღეს.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის II ნაწილის „ა“ და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 196-ე მუხლის I ნაწილით და III ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 221-ე მუხლის IV ნაწილით, 332-ე მუხლის I ნაწილით, 338-ე მუხლის I ნაწილით, 341-ე მუხლით და 362-ე მუხლის II ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: