მთავარი,სიახლეები

მაღალი კონკურენცია საპირფარეშობისთვის ბულვარში

11.07.2026
მაღალი კონკურენცია საპირფარეშობისთვის ბულვარში

ელექტრონულ აუქციონებზე დაფიქსირებული კონკურენციით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საპირფარეშო ბულვარში ერთ-ერთი სერიოზული შემოსავლის წყარო უნდა იყოს.

ბულვარის ადმინისტრაციამ 17.28 კვ.მეტრი საზოგადოებრივ საპირფარეშო ანბანის კოშკთან 309-ე ბიჯით გაასხვისა სამი წლით. ბიჯი 234 ლარი იყო. ელექტრონული ვაჭრობაში ორი კონკურენტი მონაწილეობდა და ფასი 7800 ლარიდან 80 000 ლარამდე  გაიზარდა.

აუქციონის პირობის მიხედვით, საპირფარეშოს სარგებლობის თანხა არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს.

კიდევ ერთი საზოგადოებრივი საპირფარეშო, 121 კვ.მეტრზე განთავსებული 54.57 კვ.მეტრი შენობა 2026 წლის აპრილში ბულვარის ადმინისტრაციამ აუქციონზე 6000 ლარად გაიტანა და 16 080 ლარად გაასხვისა. სარგებლობის ვადა ამ შემთხვევაშიც 3 წელია.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში არსებული საპირფარეშო კი სამჯერ გაიტანეს აუქციონზე, რომ გაესხვისებინათ და მესამე ცდაზე 20 440 ლარად გაასხვისეს 3 წლის ვადით.

რაც შეეხება 80 000 ლარად გასხვისებულ საპირფარეშოს ბულვარში – აუქციონის პირობები გამარჯვებულს შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას 7 სამუშაო დღის ვადაში ავალდებულებდა.

გამარჯვებული ინდირა სალაძე საჯარო რეესტრში მოიჯარედ უკვე დარეგისტრირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულება გააფორმეს.

აუქციონის პირობების მიხედვით, გამარჯვებული ვალდებულია საკუთარი სახსრებით გადაიხადოს ყველა სახის კომუნალური მომსახურების გადასახადი და უზრუნველყოს ყველა საჭირო მრიცხველის მონტაჟი. ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 30 კალენდარული დღის ვადაში კი უზრუნველყოს საპირფარეშოს ამოქმედება [საპირფარეშო მოქმედია].

მოიჯარე ასევე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში გადაცემული ქონება გამოიყენოს მხოლოდ დანიშნულებისამებრ, მიზნობრივად, უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება, საპირფარეშოს უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირება, ასევე ჰიგიენურ საშუალებებითა [საპონი, ხელსახოცი, ქაღალდი] და სხვა საჭირო ინვენტარით აღჭურვა. ინვენტარი, დაზიანების შემთხვევაში, არაუმეტეს 5  დღის ვადაში უნდა აღადგინოს.

მოიჯარე ვალდებულია საპირფარეშოს ფუნქციონირების საათები შეათანხმოს სსიპ „ბათუმის ბულვართან“,  ეკრძალება იჯარის ხელშეკრულებით მიღებული უფლება-მოვალეობები გადასცეს მესამე პირს, „ბათუმის ბულვართან“ წინასწარი თანხმობის გარეშე.

მასვე ეკრძალება სარგებლობის უფლებით გადაცემულ ქონებაზე განახორციელოს მესამე პირის რეკლამა, იჯარით გაცემული მიწის ნაკვეთზე მიწასთან მყარად დაკავშირებული ნაგებობის [მიწის ნაკვეთის არსებითი შემადგენელი ნაწილი)] განთავსება, საპირფარეშოს მიმდებარედ სხვადასხვა სახის კონსტრუქციებისა და ობიექტების განთავსება.

ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ 77 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთზე განთავსებული საზოგადოებრივი საპირფარეშოზე ელექტრონული აუქციონი 4 მაისს გამოაცხადა, ხოლო გამარჯვებული 11 მაისს გამოვლინდა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: