ადგილების გადანაწილება ბათუმის ბულვარში ჯერ არ დასრულებულა. გარდა იმისა, რომ ბულვარის ადმინისტრაციამ განმეორებით ელექტრონულ აუქციონზე ფასდაკლებით გამოიტანა ადგილები, რომლებიც ვერ გასხვისეს, ზოგიერთ კომერციულ ობიექტზე 3 წლიანი საიჯარო ხელშეკრულებებიც გააფორმა.
მაგალითად, 3 წლის ვადით გაუსხვისებია ჯიხური ძველი ბულვარის ტერიტორიაზე გამაგრილებელი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების სარეალიზაციოდ. საწყისი ფასი 12 000 ლარი იყო, ელექტრონულ ვაჭრობაზე ფასი 81 840 ლარამდე გაიზარდა.
ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია თავდადებულის ქუჩის გასწვრივ პლაჟზე 841 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს საიჯარო წესით ასხვისებს. ეს ადგილი განმეორებით აუქციონზე ფასდაკლებით გამოიტანეს და ამჯერად საწყისი ფასი 35 145 ლარია, წინა შემთხვევაში 50 208 ლარად ჰქონდათ გატანილი.
ვაჭრობის ბიჯი 1054 ლარია.
აუქციონში ვაჭრობის შედეგად დაფიქსირებული საბოლოო თანხა სრული საიჯარო პერიოდის – 2026 წლის 01 ნოემბრამდე საფასურია.
მოიჯარე ვალდებულია სახელშეკრულებო ვადის განმავლობაში უზრუნველყოს სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მოვლა-პატრონობა და ყოველდღიური დასუფთავება.
ტერიტორიის იჯარით გადაცემის შემდეგ, მოიჯარეს უფლება ეძლევა განათავსოს ახალი და უხარვეზო საპლაჟე ინფრასტრუქტურა – შეზლონგი, ქოლგა, მცირე ზომის სანაგვე ყუთი, სადაც ერთი ერთეული შეზლონგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 10 ლარს, ხოლო ერთი ერთეული ქოლგის ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 5 ლარს.
გამარჯვების შემთხვევაში მოიჯარე ასევე უფლებამოსილია დროებით სარგებლობაში გადაცემულ ტერიტორიაზე არაუმეტეს 5 კვ.მ.-ზე განათავსოს ზღვაზე სასეირნო დაფები [საბბორდები].
აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადეს და 13 ივლისს უნდა დასრულდეს.
იგივე პირობებით ბულვარის ადმინისტრაცია განმეორებითი აუქციონით ასხვისებს ასევე 2 მიწის ნაკვეთს, ჯამში 700 კვ მეტრს მელიქიშვილის ქუჩის გასწვრივ. ქონების საწყისი ფასი 29 194 ლარია, წინა შემთხვევაში ეს ქონება გასასხვისებლად საწყისი ფასით 41 706 ლარად გაიტანეს.
ფასდაკლებით ასხვისებენ ასევე 1000 კვ.მეტრს არდაგანის ტბის გასწვრივ, მოცეკვავე შადრევნების წინ, ეს ქონება პირველ შემთხვევაში 26 380 ლარად ჰქონდათ გატანილი, ამჯერად საწყისი ფასი 18 566 ლარია, პირობები იგივეა.
საწყისი ფასით 55 049 ლარად ასხვისებენ ასევე 850 კვ.მ. მიწის ნაკვეთს ჯავახიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, 26 მაისის ქუჩის გასწვრივ 931 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი კი 29 194 ლარია.
მახინჯაურში ათეულობით მცირე ზომის მიწის ნაკვეთი გაიტანეს აუქციონზე საიჯარო წესით გასასხვისებლად. მათი უმეტესობა იმის გამო ჩაშალა, რომ ინტერესი არავის გამოხატია. აქ განმეორებითი აუქციონები ჯერ არ გამოუცხადებიათ. იგივე შეიძლება ითქვას გონიოსთან დაკავშირებითაც, ათეულობით აუქციონი არ შედგა, თუმცა აქ ათეულობით ადგილი გასხვისდა კიდეც.






