ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი ე.წ. „FARA-ს“ საქმეში მესამე მხარედ ჩაერთო. ინფორმაციას ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დღეს, 11 ივლისს ავრცელებს.
„ხაზგასასმელია, რომ კომისარი აქამდეც ჩაერთო სტრასბურგის სასამართლოში მიმდინარე სხვა საქმეში, რომელიც ეხება რუსულ კანონს. ამ საქმის ფარგლებში ევროპული სასამართლოსთვის წარდგენილ დოკუმენტში კომისარმა ყურადღება გაამახვილა არა მხოლოდ „უცხოეთის გავლენის გამჭირვალობის კანონზე”, არამედ სხვა კანონებზეც, მათ შორის, „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზეც“ (FARA).
კომისარი აღნიშნავს, რომ ორივე კანონი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს აიძულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხო ძალის ინტერესების გამტარი ორგანიზაციები“ ანდა „უცხოური პრინციპალის აგენტები“.
კომისრის შეფასებით, ეს ზღუდავს უფლებადამცველების შესაძლებლობას, ისარგებლონ გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლების უფლებებით.
კომისრის თანახმად, ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა მაშინ, როდესაც ამ ზომებს თან ახლავს ხელისუფლებისა და პროსახელისუფლებო ჯგუფების მხრიდან წარმოებული აგრესიული კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დისკრედიტაციას და მათ ჩამოშორებას გადაწყვეტილების მიღების პროცესებიდან – მათ შორის, მათი წარმოჩენით „სახელმწიფოს მტრებად“ (ან ქართველი ხალხის მტრებად) და მათი დაფინანსების წყაროებზე მუდმივი აპელირებით, როგორც დაბრკოლებაზე, რომელიც ხელს უშლის მათ მიერ საზოგადოებაში მიუკერძოებელი დამკვირვებლის (უშუალოდ სადარაჯო/საზედამხედველო ორგანიზაციის – watchdog) როლის შესრულებას,“ – აღნიშნავს საია.
ევროპულმა სასამართლომ კომისარს პოზიციის წარსადგენად ვადა 2026 წლის 31 აგვისტომდე განუსაზღვრა.
___
ამ თემაზე:






