გონიოში სეპტიმუს სევერუსის სახელზე 210 წელს მოჭრილი იშვიათი მონეტა აღმოაჩინეს

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე მიმდინარე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიციის ფარგლებში ვერცხლის 7 და  ბრინჯაოს 2 მონეტა აღმოაჩინეს, რომელთაგანაც ერთ-ერთი სეპტიმუს სევერუსის სახელით 210 წელსაა მოჭრილი და იშვიათ აღმოჩენათა ნომინალს მიეკუთვნება.

ლუციუს სეპტიმუს სევერუსი რომის იმპერატორი იყო 193-დან 211 წლამდე.

ქართულ-პოლონური საერთაშორისო ექსპედიცია სამუშაოებს აწარმოებს 4 უბანზე. მონეტების გარდა, უკვე მოპოვებულია კერამიკული ნაკეთობანი, ამფორები, წითელლაკიანი კერამიკის, ქოთნების, ლუთერიების, ასევე მინისა და ლითონის ნაკეთობანი.

გონიო-აფსაროსის ციხის ტერიტორიაზე ქართულ-პოლონური საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია 28 ივნისს, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მხარდაჭერით განახლდა.

არქეოლოგიური გათხრების პარალელურად მიმდინარეობს არქეოლოგიური უბნების საკონსერვაციო სამუშაოები [ბიუჯეტი 81 000 ლარი] და დასრულდა ციხის ორი კოშკის სარესტავრაციო სამუშაოები [ბიუჯეტი 25 000 ლარი].

გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს.

არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, ანუ 500 000 ლარი დავით სიჭინავას მერიაში უნდა დაებრუნებინა. ყოფილი კონტრაქტორის წარმომადგენლების თქმით, სიჭინავას მუდმივად მიანიშნებდნენ „ურთიერთობის დალაგებას“ მერიის კონკრეტულ მაღალჩინოსანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემები შეექმნებოდა. თქვეს ისიც, რომ სიჭინავას, მოთხოვნილი თანხა – 10% უკან რომც დაებრუნებინა, მას მოგება მაინც დარჩებოდა, რადგან ტენდერის პირობები შესაბამისად იყო შედგენილი.

ამ ყველაფერთან ერთად, სიჭინავას ქვეკოტრაქტორი კომპანიის, შპს „კრისტალის“ დამფუძნებელმა, მუხრან ელიაძემ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ყოფილი ძალოვანია, მერიის მაღალჩინოსანი – ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჯემალ დაიასამიძე, ქრთამის სახით ძვირადღირებული ავტომანქანისა და 10 000 ლარის გამოძალვაში დაადანაშაულა. ჯემალ დიასამიძე მასთან საქმის გასარჩევად 27 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ზუსტად იმ დროს მივიდა, როცა სასამართლოში სიჭინავას საქმეზე მორიგი სხდომა უნდა გამართულიყო. ჯემალ დიასამიძე მუხრან ელიაძეს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.

[red_box] ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა[/red_box]

ამ ინციდენტს პროკურატურა სწავლობს. სიჭინავას მხარემ პროკურატურას შესასწავლად გადაუგზავნა ასევე დამატებითი მასალებიც ქრთამის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ჩვენს სამუშაოთა მწარმოებელს, დავით ღუღუნიშვილს განუცხადეს, რომ მათ სიჭინავასგან მატერიალური სარგებელი უნდა მიეღოთ, მშვიდობიანად რომ გამოვსულიყავით ობიექტიდან. აქ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომაც ბათუმის პროკურატურაში შევიტანეთ  განცხადება. თვალნათლივ დავინახავთ, რომ ბათუმის მერიას ხელშეკრულებების შეწყვეტის არც ერთი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.  ფორმალურად სხვა მიზეზებია დაფიქსირებული, მაგრამ რეალურად იქამდე მიდივართ, რომ მათ ჰქონდათ სხვა დაფარული მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. ეს დაფარული მიზეზი კი კორუფციაა“, – ამბობს სიჭინავას ერთ-ერთი ადვოკატი, მარიამ სიჭინავა.

დავით სიჭინავას თქმით, თანხის გამოძალვის მოთხოვნით მერიის თანამშრომლები მასთან არ მისულან. ასეთი საუბრების შესახებ მან ქვეკოტრაქტორებისგან გაიგო. სიჭინავას ამ თემაზე საუბარი არ სურს. ამ თემაზე საუბრისგან უკვე თავს იკავებს დავით ღუღუნიშვილიც.

„ბათუმელებმა“ პროკურატურას ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება „სიჭიავას საქმეზე“. უწყების ინფორმაციით, ამ საქმის მასალები კონტრაქტორმა მართლაც მიაწოდა პროკურატურას, თუმცა მათში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, ამიტომ გამოძიება არ დაწყებულა.

საქმის ოფიციალური მხარე

2018 წლის 13 აპრილს, ერთ დღეში, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას მოაწერა ხელი. ორივე ბათუმის კონკრეტულ უბნებში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ეხებოდა და ორივე დაკვეთას ერთი მიმწოდებელი, ინდმეწარმე დავით სიჭინავა ასრულებდა. მასთან ჯამში 5 მილიონი ლარის ღირებულების ორ ტენდერზე მერიამ ხელშეკრულება 2017 წლის დეკემბერს და 2018 წლის დასაწყისში გააფორმა – ხელშეკრულებების ვადა 2019 წლის ბოლომდე გრძელდებოდა.

დავით სიჭინავა ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება არამარლთზომიერად შეუწყვიტეს. შესაბამისად, ის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებულ თანხას და დაკავებული საბანკო გარანტიის უკან დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს – მისი ადვოკატების თქმით, მერიამ სიჭინავას ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარი უნდა გადაუხადოს.

მხარეებს შორის  ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, დავით სიჭინავას  ქვეკონტრაქტორი კომპანიის, შპს „კრისტალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ღუღუნიშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამუშაოებს, მერიის მხრიდან ფინანსური სარგებლის მოლოდინზე ღიად საუბრობდა. მხარე ამბობდა, რომ პრობლემებს ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ხინთიბიძე უქმნიდნენ. იგივე განმარტება გააკეთა სიჭინავას კიდევ ერთმა ადვოკატმა ედნარ აბულაძემაც, რომელიც მერიის ყოფილი თანამშრომელია.

ვიცე-მერ თენგიზ პეტრიძეს „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არაერთხელ სთხოვა განმარტება, მაგრამ მან ეს არ ისურვა. ჩვენთან საუბარზე ასევე უარი თქვა ვლადიმერ ხინთიბიძემაც [„ბათუმელებმა“ ამ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლა ორი თვის წინ, ანუ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე თანამდებობებზე მუშაობდნენ. ისინი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა და ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან].

გონიო-კვარიათში ქუჩების მშენებლობაზე გამოცხადებული 5 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა

ტენდერი გონიო-კვარიათში 27 ქუჩის მოასფალტებაზე

დავით სიჭინავას გონიო-კვარიათის დასახლებაში 27 ქუჩის კეთილმოწყობა ევალებოდა. სიჭინავამ ხელშეკრულება ბათუმის მერიასთან ნატ ტენდერში [როცა კონკურენტები ვერ ხედავენ ერთმანეთის ფასებს] გამარჯვების შემდეგ გააფორმა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის ღირებულებად 3 მილიონ 149 738 ლარი იყო. ელექტრონულ ვაჭრობაში კიდევ ორი კომპანია – შპს „სამკუთხედი“ და შპს „გზები“ მონაწილეობდა. ინდმეწარმე დავით სიჭინავამ ფასი 2 მილიონ 519 791 ლარამდე დაწია [629 947  ლარით ნაკლები] და გამარჯვებაც მას დარჩა.

სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ათ დღეში, 2017 წლის 20 დეკემბერს, დავით სიჭინავა მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან წერილს იღებს – სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე კომპანიას შენიშვნებს უგზავნის და სთხოვს, რომ ვალდებულებები ტექნიკური დავალებების მიხედვით შეასრულოს.

შენიშვნები ტექნიკური ხასიათისაა – სასმელი წყლის გაჟონვა, გრუნტის არასაკმარისი ტკეპნა კონკრეტულ მონაკვეთებში და ასე შემდეგ. მერია ასევე ადანაშაულებს მიმწოდებელს, რომ მან ერთ მონაკვეთში სამუშაოები ღამით, ფარულად აწარმოა ტექნიკურ ზედამხედველთან შეუთანხმებლად. პირობის მიუხედავად, რომ სამუშაოებს მხოლოდ ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ჩაატარებდა, კომპანია მეორე დღეს ასფალტის დაგებას მაინც აგრძელებს პირობის შეუსრულებლად.

21 დეკემბერს დავით სიჭინავას კიდევ ერთ წერილს უგზავნიან ვლადიმერ ხინთიბიძის ხელმოწერით – მერიაში ეჭვი აქვთ, რომ სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით მიმდინარეობს. ამავე წერილით მერია მიმწოდებლს ხარისხის დამადასტურებელ ლაბორატორიულ დასკვნასაც სთხოვს.

კომპანია მერიას რამდენიმე ახსნა-განმარტებას 2018 წლის 5 მარტს უგზავნის, სადაც კონკრეტულ მისამართებზე შექმნილ პრობლემებს დეტალურად აღწერს და პროექტში მცირე ცვლილებას ითხოვს. კომპანია ამტკიცებს, რომ ცვლილებები საჭიროა, როგორც მოთხოვნილი ხარისხის მისაღწევად, ასევე იმისთვის, რომ ხელი არ შეშალოს მოახლოებულ ტურისტულ სეზონს.

 

[toggle title=”შენიშვნა 1: აქ დაწკაპუნებით და ნახეთ დეტალები, რა პრეტენზიები აქვს მერიას და რას პასუხობს კომპანია”]ერთ-ერთი საკითხი, რაზედაც მერიას მიმწოდებელთან პრეტენზია ჰქონდა, სამუშაო ადგილზე, კონკრეტულ მონაკვეთში სანიაღვრე არხთან დაკავშირებულ პრობლემას ეხებოდა.

ამ პრეტენიზიის საპასუხოდ დავით სიჭინავა მერიას უგზავნის შემდეგი შინაარსის ახსნა-განმარტება: პროექტით გათვალისწინებული იყო ანდრია პირველწოდებულის პირველი შესახვევის კეთილმოწყობის სამუშაოები, მათ შორის სანიაღვრე სისტემის მოწყობა – რკინა-ბეტონის ღია სანიაღვრე არხის მოწყობა და მასზე ცხაურის დამონტაჟება. ადგილზე არსებული ვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნის გათვალისწინებით გაირკვა, რომ უხვი ნალექის დროს, მსგავსი ტიპის სანიაღვრე სისტემის მოწყობა ვერ უზრუნველყოფდა წყლის აცილებას როგორც სავალი ნაწილიდან, ასევე მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებიდან. ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია არსებული ღია სანიაღვრე სისტემის დახურული სისტემით შეცვლით, რისთვისაც ხელშეკრულებასა და საპროექტო დოკუმენტებში ცვლილება იქნებოდა საჭირო.

დავით სიჭინავას ამ მოთხოვნას მერია ოფიციალურად არ დასთანხმებია. შესაბამისად, არც ხელშეკრულებაში შესულა ცვლილება. მიუხედავად ამისა, კონტრაქტორმა სამუშაო მაინც თავისი შეხედულებით შეასრულა. ეს დარღვევაა. ამ გარემოებას დავით სიჭინავას ადვოკატი ზეპირი შეთანხმებით ხსნის, რადგან  მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომელი სიჭინავას ხელშეკრულებაში ცვლილებას დაჰპირდა.

„დაპირებული ცვლილება არ შეიტანეს, ამიტომაც იმ მოტივით, რომ  ეს სამუშაო ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებული არ იყო,  მიმწოდებელი ამ კონკრეტული სამუშაოსთვის დამატებით ანაზღაურებას მერიისგან არ ითხოვდა“, – განმარტავს სიჭინავას  ადვოკატი.[/toggle]

დავით სიჭინავა მერიისთვის მიწერილ წერილებში დაჟინებით ამტკიცებს, რომ პროექტი ხარვეზებით არის შესრულებული და ამ პროექტით შეუძლებლია იმ შედეგის მიღწევა, რასაც მერია ითხოვს.

ბიზნესმენის ამ პრეტენზიების შესახებ მერიამ პროექტის ავტორს – „ხობი 2005“-ს მისწერა და მოსაზრების გაზიარება სთხოვა. „ხობი 2005“-მა ბრალდებები უარყო და პროექტში ცვლილების შეტანა საჭიროდ არ მიიჩნია.

შეუსრულებლობის დოკუმენტაციას მერიამ თან დაურთო დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველის, კობა ბასილაიას შემდეგი ახსნა-განმარტება, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები არასწორად აწარმოა, პროექტიდან გადაუხვია და მის მითითებებს არ დაემორჩილა. დაწერა ისიც, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოებულ სამუშაოებს რამდენიმე კონკრეტულ მონაკვეთზე არ ჩაიბარებდა. კობა ბასილაიამ იგივე უთხრა „ბათუმელებსაც“: „ვაფრთხილებდი, მაგრამ არ დამემორჩილა“.

ვრცელი მიმოწერის შემდეგ დავით სიჭინავა ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ თუ მითითებებს არ შეასრულებდა, დაიწყებოდა ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით.

დავით სიჭინავას ხელშეკრულება 2018 წლის 13 აპრილს შეუწყვიტეს, მიზეზად მითითებების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების პირობებიდან გასვლა, ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დაასახელეს.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დავით სიჭინავამ მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მან სასამართლოს წარუდგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იმის დასადასტურებლად, რომ ხარვეზიანი იყო პროექტი, რომლითაც მას გონიოსა და კვარიათში კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა და ამ პროექტით ასფალტის დაგების სამუშაოების შესრულება არ იყო სასურველი.

 

თავად მერიას პროექტის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, არც ტენდერამდე და არც მას შემდეგ, რაც მისი გამართულობა შემსრულებელმა ეჭვქვეშ დააყენა. მერიამ დავის წამოწყების შემდეგ ექსპერტიზის ბიუროს დავით სიჭინავას მიერ შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და ხარისხის შესწავლა დაუკვეთა. დასკვნა მერიისთვის არც ისე სასურველი აღმოჩნდა.

ამ დასკვნის მიხედვით, მერიის ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ დადასტურდა. ექსპერტი წერს, რომ მოთხოვნილ პარამეტრებს შეესაბამება სიჭინავას მიერ გამოყენებული რკინა-ბეტონი, ხელშეკრულების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენა. აქვე ექსპერტი ვარაუდობს იმასაც, რომ შესრულებული სამუშაოების გარკვეულ ნაწილში ქვიშა-ღორღი ხელშეკრულების მოთხოვნებს შეესაბამებოდა, თუმცა გარკვეული ვადის შემდეგ ის დაიკარგა [გაიბნა].

დასკვნის ეს ნაწილი დავით სიჭინავასა და მისი კონტრაქტორისთვის ახალი ამბავი არ ყოფილა. ის ამას არც მალავდა და ამტკიცებდა, რომ ასფალტის იმ ხარისხს პროექტის შესაბამისად წარმოებული სამუშაოების მიხედვით ვერ მიაღწევდა და ცვლილებები აუცილებელი იყო. გარდა ამისა, სიჭინავა განმარტავს, რომ რამდენიმე ნაწილში სამუშაო დაუსრულებელი დარჩა და, შესაბამისად, დაზიანდა. „დაუსრულებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ მძიმე მანქანები, რომლებიც იქ წამოყებულ მშენებლობებს ემსახურებოდნენ. მათ გზა დააზიანეს“, – ამბობს სიჭინავა.

დავით სიჭინავას ქვეკოტრაქტორის – შპს „კრისტალის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს გონიო-კვარიათის ნაწილში, ყოველდღიურად აკვირდებოდნენ მერიის დაქირავებული ზედამხედველი კობა ბასილაია და  მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს თანამშრომელი ბიძინა კონცელიძე,  სერგი მესხის ქუჩის ნაწილში კი – ასევე მერიის თანამშრომელი ენვერ ასამბაძე.

ზედამხედველების მოვალეობა იყო მიმდინარე სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი. ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში მათ შესაბამისი რეაგირება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნის ვალდებულება ჰქონდათ.

დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც მერიაში ინახება, ზედამხედველებმა შესრულებული სამუშაოების ნაწილი ჩაიბარეს და მათი პროექტთან შესაბამისობა ხელმოწერითაც დაადასტურეს.

მერიაში ინახება 2018 წლის 4 იანვარს გაფორმებული გადახდის სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც, სიჭინავას შესრულებული სამუშაოები ჩაუთვალეს, ჩაიბარეს და მისი ღირებულებაც გამოუთვალეს გონიო-კვარიათის ნაწილში – თანხა 372 095 ლარი მას გადაუხადეს კიდეც. დოკუმენტს ხელს აწერს კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხინთიბიძე.

როგორ მოხდა, რომ მერიამ 4 იანვარს ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები, როცა ვლადიმერ ხინთიბიძეს ამ სამუშაოების ხარისხში 2017 წლის დეკემბერს ეჭვი შეჰქონდა და პირდაპირ წერდა, რომ სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით მიმდინარეობს? – მერიაში გვაჩვენეს სიჭინავას მიერ წარდგენილი ლაბორატორიული დასკვნები, რაც ადასტურებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შესრულდა [4 იანვრამდე პერიოდში].

მერიაში ინახება ასევე ჟურნალი, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებდა მერიის მიერ დაქირავებული ზედამხედეველი კობა ბასილაია. ამ დოკუმენტებით კობა ბასილაიამ, როგორც ზედამხედველმა, სიჭინავას ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოებული სამუშაოები ჩაიბარა და ეს ხელმოწერით დაადასტურა.

რა დოკუმენტები ატვირთა მათუმის მერიამ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე

ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მერმა 2018 წლის 13 აპრილს გამოსცა, ლაშა კომახიძემ გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხინთიბიძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიიღო.

გონიო-კვარიათში ქუჩების მშენებლობაზე გამოცხადებული 5 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რაც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული, ვლადიმერ ხინთიბიძე ტექნიკური ზედამხედეველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო გონიო-კვარიათის სამუშაოების ნაწილში [ამ წერილში კობა ბასილაია მხოლოდ ერთ მონაკვეთში გამოვლენილ ხავეზზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემსრულებელი არ დაემორჩილა, ამიტომაც სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რისი უფლებაც ზედამხედველს აქვს].

სერგი მესხის ქუჩაზე ზედამხედველის მოსაზრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში არ ჩანს. ამ ქუჩასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სამსახურის მოადგილემ თავად შეამოწმა სამუშაოები.

ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებისთვის მერიამ კომპანიას ერთი თეთრიც კი არ გადაუხადა, ისე შეუწვიტა ხელშეკრულება მაშინ, როცა ზედამხედველ ენვერ ასამბაძეს ეს სამუშაოები ჩაბარებული და ხელმოწერით დადასტურებული აქვს. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას მას შპს „კრისტალის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ ერთი პრეტენზიაც კი არ დაუსახელებია.

სერგი მესხი ქუჩის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემაც აღიარა. ის დაეთანხმა ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის მერიას 139 226 ლარის გადახდა დაეკისროს. ის ასევე დაეთანხმა გონიო-კვარიათის ნაწილში შესრულებული სამუშაოებზე 113 478 ლარის გადახდას. სხვა მოთხოვნებს კი არ დაეთანხმა.

რა მოხდა სერგი მესხის ქუჩის მოასფალტებისას

სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობით სამუშაოებზე [რაც ძირითადად ასფალტის საფარის დაგებას გულისხმობდა] ბათუმის მერიამ ტენდერი 2018 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ღირებულება 3 მილიონ 511 647 ლარი იყო. თანხა დავით სიჭინავამ 2 მილიონ 737 000 ლარამდე დაწია [ 700 000 ლარით ნაკლები]. ამ დროისთის დავით სიჭინავასა და მერიას შორის გონიო-კვარათის ტენდერის გამო პრობლემები დაწყებული, თუმცა გამწვავებული არ იყო.

ხელშეკრულების დადებიდან მალევე, 2 მარტს, სიჭინავამ მერიისგან შენიშვნებით სავსე წერილი ისევ მიიღო.

[toggle title=”შენიშვნა 2: აქ დაწკაპუნებით და ნახეთ დეტალები, რა პრეტენზიები აქვს მერიას და რას პასუხობს კომპანია”]შესყიდვების სამსახურის უფროსის მოადგილე მიმწოდებელს წერდა, რომ სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაების წარმოებისას ვალდებული იყო უზრუნველეყო გარე განათების გამართულ მდგომარეობა – მერია ითხოვდა განათება მთელი ღამის განმავლობაში ყოფილიყო ჩართული, „იმ დროსაც კი, თუ სამუშაოების შესრულების დროს მოხდებოდა მისი დაზიანება. “

მერიის მითითებით ამისათვის გამოყენებული უნდა ყოფილიყო დროებითი საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზები, რომლებიც დარჩებოდა  მიმწოდებლის საკუთრებაში. მერია წერს, რომ ეს მოთხოვნა მიმწოდებელმა არ შეასრულა.

„რამდენჯერმე დაფიქსირდა სამშენებლო ობიექტზე, კერძოდ ბათუმის სასაფლაოების ცენტრალური შესასვლელის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარე განათების არარსებობის ფაქტი, რაც ხელს უშლის მოსახლეობისა და იქვე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.“

მერიას ამ პრეტენზიაზე კომპანიის პასუხია, რომ მოთხოვნილი ელექტროგადამცემი საჰაერო ხაზები სამუშაოების პირველივე დღეს გაჭიმა, კონკრეტული მონაკვეთი კი ვერ გაანათა მხოლოდ იმის გამო, რომ იქ არ მუშაობდა ელექტროგადამცემი ბოძები და გადამწვარი იყო სანათები. კომპანია წერს, რომ ამის შესახებ გარეგანათების სამსახურს შეატყობინა, თუმცა რეაგირება არ მოადინეს, ამიტომაც ამ კონკრეტულ მონაკვეთზე დროებითი განათება დაამონტაჟა [პროჟექტორები].

მერიის კიდევ ერთი პრეტენზია: სამუშაოების შესრულების პროცესში პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს სამუშაო ადგილის შემოფარგვლა: „მთელი სამუშაო პროცესის განმავლობაში და სამუშაოების დასრულების შემდეგ მიმწოდებლის მიერ არ ხდება სამშენებლო მოედნის შემოფარგვლა გაფრთხილების მიზნით, რაც ხელს უშლის მოსახლეობისა და იქვე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებას.“

ამ პრეტენზიის თაობაზე მიმწოდებელი მერიას წერს, რომ საპატრულოსთან შეთახმებით კეტავს მხოლოდ გზის იმ მონაკვეთს, სადაც უშუალოდ ტარდება სამუშაოები: „მთელი პერიმეტრის ჩაკეტვა კი შს სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია“.

მერიის კიდევ ერთი შენიშვნივნა ეხებოდა ე.წ. ვარცლის დამუშავებას. სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობის საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მიხედვით, სამშენებლო ობიექტზე გათვალისწინებული იყო ვარცლის დამუშავება 160 სმ, ქვესაგები ფენის მოწყობა ქვიშა-ხრეშოვანი ნარევით 135 სმ, საფუძვლის ქვედა ფენის მოწყობა 15 სმ. მერიის ინფორმაციით, ეს  მოთხოვნა მიმწოდებელმა არ შეასრულა:

„არ ხდებოდა არსებული გრუნტის ამოღება და შემდგომში მისი შევსება პროექტის შესაბამისად. თუ სრულდება აღნიშნული ტიპის სამუშაოები, სრულდება არაჯეროვნად და არასრულფასოვნად“, – წერს ხინთიბიძე მიმწოდებელს და ამ შენიშვნების იგნორირებაშიც სდებდა ბრალს.[/toggle]

სიჭინავასთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მერიამ ისე მიიღო, რომ  დავით სიჭინავას ქვეკონტრაქტორმა ამ ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოების დაწყებაც კი ვერ მოასწრო.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტება

„ცხრა თავი ვის აქვს“ – ასე პასუხობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე  ბრალდებას მერიიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე. მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი „ვიღაცის კაპრიზების საფუძველზე“ ვერ გადაწყდება და ყველა საპასუხო დოკუმენტაცია მერიაში არსებობს. მისივე განმარტებით, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც ინდმეწარმე დავით სიჭინავა ასრულებდა, მომზადებული იყო მოხსენებითი ბარათები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, რომ დავით სიჭინავა ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულდებდა ან ასრულებდა არაჯეროვნად და პროექტის დარღვევით: „ასეთი მოხსენებითი ბარათები არ მზადდება მხოლოდ ერთი პირის მოსაზრებებზე დაყრდნობით და მერიის თანამშრომლები პროცესს ყოველდღიურად აკონტროლებდნენ.“

ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მიმწოდებლის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა ამ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც: „ისინი მადლობას გვიხდიდნენ იმისთვის, რომ შევწყვიტეთ კონტრაქტი დავით სიჭინავასთან, რადგან ისინი თავიანთი თვალით უყურებდნენ, თუ როგორ სრულდებოდა სამუშაოები.“

რატომ ვერ მოახერხა მანამდე თეთრ სიაში რეგისტრირებულმა კომპანიამ ბათუმის მერიასთან „ურთიერთობის დალაგება“, რაზეც ასევე მერიის თანამშრომელები მიუთითებდნენ, ამის გარკვევას ახლა სასამართლო ცდილობს.

ამ მონაკვეთებზე მერიამ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა და უკვე სხვა კომპანია ასრულებს სამუშაოებს.

 

ჭოროხი-სარფის ახალი გზის დეტალური პროექტირება აგვისტოში დაიწყება – გზების დეპარტამენტი

ჭოროხი-სარფის ახალი ავტომაგისტრალის დეტალური პროექტირება 2019 წლის აგვისტოში დაიწყება და ამავე წლის ბოლოს დასრულდება – გვითხრეს ამჯერად საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. სამი თვის წინ კი, დეპარტამენტში აცხადებდნენ, რომ გრძელდებოდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და დეტალური პროექტირება მაისის თვის ბოლოს დაიწყებოდა. რატომ გაჭიანურდა დეტალური პროექტირების დაწყება, კომენტარი ვერ მივიღეთ. დეპარტამენტში ვერც იმის გარანტიას იძლევიან, დასრულდება თუ არა ამ გზის პროექტირება 2020 წლამდე.

ჭოროხი-სარფის ახალი გზის პროექტთან დაკავშირებით „ამ დროისთვის მიმდინარეობს ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

დეტალური პროექტირების დროს უნდა დაზუსტდეს კონკრეტულად სად გაივლის ახალი გზა მდინარე ჭოროხიდან სარფამდე [საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრამდე] მონაკვეთში. ამასთან, დაზუსტებული არ არის, ეს გზა ჭოროხთან რა მონაკვეთით დაუკავშირდება ბათუმის შემოვლით გზას, რომელიც  მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარე ტერიტორიამდე შენდება.

ჭოროხი-სარფის მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობას, სავარაუდოდ, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, რაც აღნიშნულია კიდეც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაში. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების ჩამონათვალშიც დონორად აზიის განვითარების ბანკია მითითებული.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავდაპირველი გათვლებით, ჭოროხი-სარფის გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება თავიდან 100 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო; 2020 წლის გაზაფხულზე კი, გზის მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა.

იმის გამო, რომ ამ დრომდე უცნობია, თუ სად გაივლის კონკრეტულად ახალი გზა, ზოგიერთი კერძო მესაკუთრის თქმით, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], ასევე, გონიო-კვარიათში მდებარეობს.

ამ თემაზე:

სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

ჭოროხი-სარფის ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და „ამ პროექტით აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში. თავის მხრივ, ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება.

 

მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილება / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

სალომე ზურაბიშვილმა არ შეაფასა კარასინის მუქარა საქართველოსთან შესაძლო ომზე

დღეს, 5 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში იმყოფება. პრეზიდენტი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს შეხვდა, შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო, შემდეგ კი პრეზიდენტი აჭარის მთავრობაში მივიდა. ეს შეხვედრაც დახურულ კარს მიღმა წარიმართა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი კარასინმა რუსულ მედიაში განაცხადა, რომ „საქართველოსთან ან უნდა ვიომოთ, ან ჟენევაში შევხვდეთ მოლაპარაკებებზე“, – „ბათუმელების“ კითხვა, რამდენად საშიშია კარასინის მუქარა და როგორი უნდა იყოს საქართველოს პოზიცია ამ საკითხზე, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხოდ დატოვა.

ზურაბიშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ არც სხვა კითხვებს უპასუხა. „მომავალ კვირას ისევ ჩამოვალ ბათუმში, სადაც მნიშვნელოვანი ევროპული კონფერენცია იმართება“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ამავე თემაზე: 

კარასინი: ჩვენს ტრადიციებში არაა ჩვენი მისამართით თავხედობისა და მუქარის გადაყლაპვა

როგორ იცნობ აჭარულ სამზარეულოს? [ტესტი]

აჭარულ კერძებს ხშირად უცნაური დასახელებები აქვს და მხოლოდ სახელით რთულია მიხვდე, რასთან გაქვს საქმე. ჩვენ მოგიმზადეთ ტესტი, რათა უკეთ გაეცნოთ აჭარულ სამზარეულოს და ვიზუალი გემოს დაუკავშიროთ.

ბათუმის მერიის ა(ა)იპ-ები სამით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობა კი 393-ით გაიზარდა

ბათუმის მუნიციპალიტეტში ა(ა)იპ-ების რაოდენობა 2018-2019 წლებში, 2014-2015 წლებთან შედარებით, 3-ით შემცირდა, თანამშრომელთა რაოდენობამ კი 393-ით მოიმატა, რამაც ა(ა)იპ-ების შრომითი სარგოს 612 000 ლარით გაზრდა განაპირობა – ინფორმაციას ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ ავრცელებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ცნობით, ბათუმს მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე წელიწადში 33  242 996 ლარი იხარჯება, რაც ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტის 21.5%-ია.

ყველაზე მეტი – 1 324 ადამიანი მუშაობს საბავშვო ბაღების გაერთიანებაში; 294 ადამიანი მუშაობს ბათუმის კულტურის ცენტრში; 220 თანამშრომელი ჰყავს ბათუმის ბოტანიკურ ბაღს; 186 თანამშრომელი – ბათუმის გამწვანებისა და ლანდშაფტური დაგეგმარების სამსახურს.

ფოტო: საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ცნობით, მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებიდან 2018-2019 წლებში მივლინებებზე ყველაზე მეტი ხარჯი – 200 000 ლარი „ბათუმის სპორტულ ცენტრს” აქვს გაწეული, გაცემული პრემიების რაოდენობით კი „ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება” გამოირჩევა.

ა(ა)იპ-ებს შორის ყველაზე მეტი რაოდენობის საწვავი „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ (9 643.37 ლიტრი) დახარჯა.

ბათუმის 2019 წლის ბიუჯეტში 8 მუნიციპალური შპს-ს სუბსიდირებისთვის 13 720 200 ლარია გათვალისწინებული. ამათგან 5 იურიდიული პირი მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სხვადასხვა სპორტული კლუბია. მუნიციპალიტეტის შპს-ებიდან ყველაზე მეტი – 626 თანამშრომელი „ბათუმის ავტოტრანსპორტს“  ჰყავს, მათგან 99 პირი შტატგარეშედაა დასაქმებული.

ორგანიზაციას გამოთხოვილი ინფორმაცია არ მიაწოდა შპს „ბათუმის წყალმა” და შპს „სანდასუფთავებამ”. „მათი განმარტებით, ისინი არ წარმოადგენენ ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ კერძო სამართლის იურიდიულ პირებს, რის გამოც, მათზე არ ვრცელდება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულება. აღნიშნულ პოზიციას არ დაეთანხმა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და კომპანიების უარი ინფორმაციის მოწოდებაზე გასაჩივრდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. საქმეზე სასამართლო სხდომა ამ დრომდე არ გამართულა“ – ვკითხულობთ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ვებგვერდზე.
საჯარო მოხელეთა დანიშვნის წესისგან განსხვავებით, ა(ა)იპ-ებში დასაქმება არ ითვალისწინებს კონკურსის გამოცხადებას. შესაბამისად, როგორც მუნიციპალიტეტის მერი – ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელის დანიშვნის, ასევე ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელი – საკადრო გადაწყვეტილებას ერთპიროვნულად იღებს, რაც არ იძლევა შესაძლებლობას, ვაკანტურ პოზიციაზე თავისუფალი კონკურენციის პირობებში შერჩეულ იქნას უფრო მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტი.

კვლევის დასკვნასა და რეკომენდაციებში „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აღნიშნავს, რომ დასაქმებულთა დიდი რაოდენობა ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რომ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის დაახლოებით 21.5% შრომის ანაზღაურებაზეა გათვალისწინებული და 33 მილიონი ლარის ხარჯვა მუნიციპალური იურიდიული პირების შენახვაზე გაუმართლებელია იმ პირობებში, როდესაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის, სოციალური და სხვა მუნიციპალური პრობლემების მოგვარება ვერ ხერხდება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოსაზრებით, თვითმმართველი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტმა უახლოეს პერიოდში უნდა გადადგას შემდეგი ნაბიჯები:

2020 წლის ბიუჯეტის პროექტის მუშაობის პარალელურად, შეისწავლოს საქმიანობის ის მიმართულებები, რომელთა ჯეროვნად შესასრულებლად შპს-ს ან ა(ა)იპ-ის არსებობა გადაუდებელი აუცილებლობაა. ასეთი აუცილებლობის არარსებობის შემთხვევაში კი გადადგას ნაბიჯები გარკვეული მომსახურებების ტენდერის გზით მიღებაზე: ეს შეამცირებს როგორც ადმინისტრაციულ დანახარჯებს, ასევე დაზოგავს საბიუჯეტო სახსრებს.

გადახედოს არსებულ პრაქტიკას და იხელმძღვანელოს საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ეფექტიანი მენეჯმენტისა და გონივრული საკადრო პოლიტიკის პირობებში მაქსიმალურად გააუმჯობესოს მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობა და ხარისხი;

განაგრძოს სპორტული გუნდების პრივატიზაციის პრაქტიკა, რაც ადმინისტრაციის ხარჯების დაზოგვას შეუწყობს ხელს და ასევე, სპორტული გუნდების განვითარებას განაპირობებს.

 

მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა – როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 5  ივლისის  21 საათიდან  6 ივლისის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის ბოლოს ზოგან ხანმოკლე წვიმა.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25- 30 გრადუსი
  • ღამით: 17- 22 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 15-20 გრადუსი 
  • ღამით: 4-9 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 24 გრადუსია. ტალღის სიმაღლე  7-12  დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 7-8 ივლისს, მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.

___________

ფოტო: „ბათუმელები“, გურამ მურვანიძე

ქრთამის აღების ბრალდებით სურსათის სააგენტოს აჭარის სამმართველოს უფროსი დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ აჭარის რეგიონალური სამმართველოს უფროსი ილია სირაბიძე დააკავეს – ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

სამსახურის ცნობით, „გამოძიებამ დაადგინა, რომ ილია სირაბიძემ საქართველოს ფარგლებს გარეთ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის გასაყვანად საჭირო ვეტერინარული სერტიფიკატის გაცემისთვის ბიზნესმენს ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 3 300 ლარი“.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

პრეზიდენტს პარლამენტის ახალმა თავმჯდომარემ პირველ სამუშაო შეხვედრაზე ყვავილები მიართვა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე პრეზიდენტს ათონელის სასახლეში ესტუმრა და ყვავილები მიართვა.

„საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა და ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრაზე საქართველოს პარლამენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის სამომავლო თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს,“ – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტაციის ვებგვერდზე.

სალომე ზურაბიშვილი და არჩილ თალაკვაძე

ამავე თემაზე: 

უფლებები ყვავილების ნაცვლად

ბათუმში სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი საქართველოს პრეზიდენტმა გახსნა

„ქალის ჯანმრთელობა ჯანსაღ სამყაროში“ – ამ სლოგანით გაიხსნა დღეს, 5 ივლისს, ბათუმში სტომატოლოგ ქალთა საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა.

კონფერენცია ორ დღეს გაგრძელდება და მას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები ესწრებიან. ფორუმს ესწრება სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის პრეზიდენტი ქეითლინ კელი აშშ-დან.

სტომატოლოგ ქალთა საერთაშორისო ფორუმი ბათუმში

„კონფერენციას ესწრებიან წამყვანი ქვეყნების სტომატოლოგთა ასოციაციების წარმომადგენლები, წელს არის  მე-15 საერთაშორისო კონგრესი. ქალთა სტომატოლოგიურ საერთაშორისო ორგანიზაციაში ყველა წამყვანი პოზიცია ქალებს უკავიათ.

დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვისაუბროთ ქალის ჯანმრთელობაზე და გავეცნოთ თანამედროვე მიღწევებს სტომატოლოგიის სფეროში,“ – ამბობს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი.

სტომატოლოგ ქალთა ფორუმი ბათუმში საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გახსნა
ფოტო: ლელა დუმბაძე/ბათუმელები

ჰოლში გამოფენილია სტომატოლოგიური კლინიკებისა და ასოციაციების ინფორმაცია თავიანთი პროდუქციისა და ტექნოლოგიების შესახებ.

სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმის გახსნას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე და აჭარის ჯანადაცვის მინისტრიც დაესწრნენ.

სტომატოლოგ ქალთა მსოფლიო ფორუმი

„წადი“ – პლაკატი გახარიას წინააღმდეგ ბათუმის შემოსასვლელთან

„წადი“ – პლაკატი ბათუმის შემოსასვლელთან, ქობულეთის შემოვლით გზაზე, დღეს დილით აქტივისტებმა გამოფინეს. აქციის ორგანიზატორი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

საპროტესტო აქციები საქართველოში 20 ივნისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც რუსეთის დუმის დეპუტატმა – გავრილომა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამი დაიკავა, რასაც საპროტესტო აქციები მოჰყვა, აქციის მონაწილეები კი ძალის გამოყენებით დაშალეს.

აქცია ბათუმის შემოსასვლელთან ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები
ფოტო: ცაგო კახაბერიძე/ბათუმელები

 

პლაკატების გაკვრისთვის ვეღარ დაგაჯარიმებენ – საკონსტიტუციოს ახალი გადაწყვეტილება

პლაკატების და ბილბორდების გაკვრაზე დღეს, 4 ივლისს, საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად აღარ ჩაითვლება პლაკატის, ან ბანერის გაკვრა კერძო საკუთრების შემთხვევაში, როცა ამას თავად შენობის მესაკუთრე აკეთებს, ან არსებობს მისი თანხმობა.

მოსარჩელეების – ბესიკ ქათამაძის, დავით მჟავანაძის და ილია მალაზონიას სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. სასამართლომ ძალაში დატოვა სამართლებრივი ნორმა, რომელიც სამართალდარღვევად მიიჩნევს პლაკატის გაკვრას თვითმმართველობის ორგანოებზე, თუნდაც სპონტანური აქციის პირობებში.

საკონსტიტუციო სასამართლოს იურისტი, გიორგი ლომთაძე განმარტავს, რომ სასამართლომ პლაკატების და ბანერების დაშვება გააკეთა მხოლოდ იმ მასალებზე, რომლებიც შენობებიდან მარტივად მოსაშორებელი იქნება.

კერძო საკუთრების იერსახის დაცვის მიზნის მიუხედავად, მოსარჩელეები მიიჩნევდნენ, რომ კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება იზღუდება იმ სამართლებრივი ნორმებით, რომელიც კრძალავს პლაკატების, ლოზუნგებისა და ბანერების თვითნებურად განთავსებას.

 

რატომ არის ახალი ვოლიერების ყველა კედელი დახურული ბათუმის ცხოველთა თავშესაფარში

ბათუმის მერიის ცნობით, მიუსაფარი ცხოველების თავშესაფარში დამატებითი სივრცეები მოეწყო. ახალი ვოლიერები ლეკვებისთვისაა განკუთვნილი და 6 საკარანტინო და 10 საცხოვრებელ ვოლიერს მოიცავს.

დახურული ვოლიერი შენობაში

ცხოველთა უფლებების კომიტეტის ხელმძღვანელი თინათინ ჭავჭანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ვოლიერის წინა მხარე გამჭვირვალე უნდა იყოს, რადგან ცხოველისთვის აუცილებელია ხედვის არეალი ჰქონდეს.

„გარდა ამისა, პირველ რიგში, ეს ვეტერინარისთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ჩამოვლის დროს ხედავდეს რა მდგომარეობაშია ცხოველი და ყველა კარის გამოღება არ უწევდეს. ოთხივე მხრიდან ვოლიერის დახურვა სტანდარტის დარღვევაა. ამერიკაში, ინგლისში, ინდოეთში, ესპანეთში, თურქეთში, სადაც მინახავს ვოლიერები, მსგავსი არსად არ არის.

წინა ნაწილი უნდა იყოს ან მინის, ან ბადის.  ეს ვოლიერები, რაც ბათუმის თავშესაფარში გააკეთეს, ძალიან ჰგავს საზოგადოებრივ ტუალეტს,  როგორც ჩანს, აქედან აიღეს მოდელი და პრაქტიკული სულაც არ არის,“ – გვითხრა თინათინ ჭავჭანიძემ.

მისი თქმით, მსგავსი ვოლიერების გაკეთების მცდელობა ჰქოდათ თბილისში, მერიის თავშესაფარშიც: „რადგან როცა მოდიოდნენ ვიზიტორები და ხედავდნენ ცუდ მდგომარეობაში მყოფ ცხოველებს, ამაზე ტყდებოდა ერთი ამბავი. ზრდასრული ძაღლები ცდილობდნენ კედელზე აფოფხებას და ზემოდან გადმოხედვას. ძაღლი უნდა ხედავდეს სად არის, რაღაც ხედვის არეალი უნდა ჰქონდეს, ბუდრუგანაშიც კი არ კეტავენ ძაღლს დახურულ სივრცეში“.

ჭავჭანიძის თქმით, კარანტინის შემთხვევაშიც, ვოლიერის წინა  მხარე გამჭვირვალე უნდა იყოს: „მესმის, რომ კაფელი ადვილად მოსარეცხია, მაგრამ რა ხდება ვოლიერში რატომ არ უნდა ვხედავდეთ“.

ცხოველთა თავშესაფარი ბათუმში კომპანია CEBEP-ის დაარსებულია და იგი ბოლო ოთხი წელია ბათუმის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერს იგებს.

შპს „სევერთან“ წელს ბათუმის მერიას 314 000 ლარზე აქვს ხელშეკრულება გაფორმებული მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირებისთვის.

ბათუმის ცხოველთა თავშესაფრის დამაარსებელი კომპანია CEBEP-ის ნდობით აღჭურვილი პირი, ჯემალ გოგიტიძე ამბობს, რომ ახალი ვოლიერები ლეკვებისთვის გაკეთდა, რომ იზოლირებული იყვნენ.

„ესე იგი, არასწორად გავაკეთეთ? ჩვენ გვეგონა, რომ კარგ საქმეს ვაკეთებდით. მოვიდნენ სპეციალისტები, წაგვაკითხონ, გვაჩვენონ სად წერია, რომ არ შეიძლება და თუ მართლა არასწორად გავაკეთეთ, გამოვასწორებთ,“- გვითხრა მან.

ბათუმის მერიის პროგრამის ფარგლებში, მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციის რეგულირების მიზნით, გათვალისწინებულია შემდეგი ღონისძიებები:

ცხოველების (ზრდასრული ძაღლი, კატა) დაჭერა და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკამდე. სტერილიზაცია, კასტრაცია, კვება, ვაქცინაცია, დაბირკვა და საჭიროების შემთხვევაში, ევთანაზია.

ბუნებრივ არეალში გაშვებული დაბირკული, გასტერილებული ცხოველების ეტაპობრივი გამოყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება ვეტერინარულ კლინიკაში რევაქცინაციასთან დაკავშირებული პროცედურების ჩატარების მიზნით;

მოზარდი ცხოველების (ლეკვი, კნუტი) აყვანა ქალაქის ტერიტორიიდან და ტრანსპორტირება თავშესაფარში (ვეტერინარული კლინიკა) მოვლა-პატრონობისა და გაშვილების მიზნით.

2019 წლის მარტში ბათუმის ცხოველთა თავშესაფარი სკანდალში გაეხვა. მოქალაქეები ამბობდნენ, რომ ბათუმში ცხოველები ქუჩებიდან მიჰყავთ და სტერილიზაციის შემდგომ ისევ ქუჩაში დაბრუნების ნაცვლად ხოცავენ და ბეიკერის ორმოში ყრიან. ჯემალ გოგიტიძემ გავრცელებულ ინფორმაციას ცილისწამება და „პროვოკაცია“ უწოდა. მაშინ მან „ბათუმელებს“ უთხრა, რომ  „ბეიკერის ორმოში“ მკვდარ ცხოველებს მარხავენ, თუმცა მხოლოდ იმ ცხოველებს, რომლებიც დაავადებულები არიან, ამის გამო მათი ევთანაზია მოხდა და ამის დამადასტურებელი დოკუმენტაციაც არსებობს. მან თქვა, რომ მისთვის გაუგებარია, როგორ გახსნეს „ბეიკერის ორმო“, რომელიც ბოქლომით იყო ჩაკეტილი. ამ ფაქტზე შს სამინისტრომ ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის მუხლით ბათუმში გამოძიება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

უკანონო მშენებლობა ბათუმის მერის ბინის წინ

ბათუმში, გორგილაძისა და გრიბოედოვის ქუჩების გადაკვეთაზე, საცხოვრებელი კორპუსების ეზოში, უკანონო მშენებლობა გრძელდება. აქვე მცხოვრები ადამიანების თქმით, ტაძრის გვერდით კელია შენდება, ზოგიერთი კი ამბობს, რომ საპატრიარქო მხოლოდ დამხმარე ნაგებობას აშენებს. ამ ეზოში ბათუმის მერი – ლაშა კომახიძე და ბათუმის მთავარი არქიტექტორი – მირიან მეტრეველი ცხოვრობენ, თუმცა ეზოში მერიის მიერ გაჩერებული მშენებლობა დღესაც მიმდინარეობს.

ბათუმის მერიის პრესცენტრის თქმით, მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილებამ საპატრიარქოს უკანონო მშენებლობისთვის გაფრთხილება 20 ივნისს მისცა და უნებართვო მშენებლობა შეჩერდა. პრესცენტრში ასევე გვითხრეს, რომ საპატრიარქომ მშენებლობის ნებართვის მისაღებად მერიას უკვე მიმართა, თუმცა ნებართვა ჯერ გაცემული არ არის.

ადგილზე მისულ „ბათუმელებს“ მშენებლები მუშაობის პროცესში დაგვხვდნენ. მათ გვითხრეს, რომ ბოლო ორი დღე ეხმარებიან ახლობელს მშენებლობაში და არ აქვთ ინფორმაცია, რა შენდება.

დაეთანხმა თუ არა მოსახლეობა საცხოვრებელი კორპუსების ეზოში კიდევ ერთი ნაგებობის აგებას და გააპროტესტა თუ არა ვინმემ უკანონო მშენებლობა, ან ის, რომ მწვანე საფარი და რეკრეაციული სივრცე ამ გზით კიდევ უფრო შემცირდება? -„ბათუმელების“ შეკითხვამ ირგვლივ კორპუსებში მცხოვრები მოქალაქეები გააღიზიანა. გვითხრეს, რომ ამ თემაზე საუბარი არ სურთ და, ზოგადად, კელიის მშენებლობას უჭერენ მხარს.

რატომ შემოიფარგლა მერია მხოლოდ გაფრთხილებით? არის თუ არა გაცემული მშენებლობის ნებართვა ტაძარზე, რომელიც რამდენიმე წლის წინ აშენდა? – მერიის პრესცენტრში ამ კითხვებზე ვერ გვიპასუხეს. განგვიმარტეს, რომ სამუშაო დღე უკვე ამოიწურა და ხვალ მოძებნიან შესაბამის სამსახურში, იყო თუ არა გაცემული ნებართვა ტაძრის მშენებლობაზე.

რატომ განაგრძობს უკანონო მშენებლობას ეპარქია? – ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის პრესსპიკერმა, დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა გვითხრა, რომ კითხვებს ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ უნდა გასცეს პასუხი. მამა გიორგიმ „ბათუმელების“ სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

 

სამინისტრო გოდერძის უღელტეხილზე 4136 კვ.მ მიწას 50-ნომრიანი სასტუმროს ასაშენებლად ყიდის

გოდერძის უღელტეხილზე მდებარე 4136 კვ.მ მიწის ნაკვეთს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე 135 ათას ლარად ყიდის. ვაჭრობის ბიჯი 3 500 ლარია. პირობის მიხედვით, მომავალმა მესაკუთრემ ამ ადგილზე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. გასაყიდი ნაკვეთი, რომელზეც 86.37კვ.მ ხის ნაგებობაც დგას, ხულოს მუნიციპალიტეტში, ბათუმი-ახალციხის მაგისტრალის გასწვრივ მდებარეობს. მაგისტრალის ამ ადგილიდან იწყება გოდერძის უღელტეხილი-ბეშუმის გზა, რომელიც გაივლის კურორტ გოდერძს.

სამინისტროს პირობების თანახმად, აუქციონში გამარჯვებულმა საპრივატიზებო საფასური ხელშეკრულების გაფორმებიდან ერთ თვეში უნდა გადაიხადოს. ხელშეკრულების გაფორმებიდან სამ თვეში კი, არქიტექტურული პროექტის მომზადებამდე, სამთო-სათხილამურო კურორტის ლანდშაფტის შესაბამისი საპროექტო ობიექტის ვიზუალური ესკიზი უნდა წარადგინოს სამინისტროში შესათანხმებლად.

ამასთან, გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს:

[checklist]

  • არაუგვიანეს 2020 წლის 31 მარტამდე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმროს შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მიღება;
  • არაუგვიანეს 2020 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმროს შენობა-ნაგებობის ნულოვანი ნიშნულის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2021 წლის 31 დეკემბრამდე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმროს შენობა-ნაგებობის ძირითადი მზიდი და არამზიდი კონსტრუქციის მშენებლობის დასრულება;
  • არაუგვიანეს 2022 წლის 1 ნოემბრამდე არანაკლებ 50-ნომრიანი სასტუმროს ექსპლუატაციაში შეყვანა და ამოქმედება;
  • სასტუმროს ამოქმედებიდან არანაკლებ 20 წლის განმავლობაში პროფილის შენარჩუნება, სადაც დასაქმებულთა 90% უნდა იყოს საქართველოს მოქალაქეები;

[/checklist]

მიწის ნაკვეთის მომავალმა მესაკუთრემ აღნიშნულ პროექტში, არაუგვიანეს 40 თვის ვადაში, არანაკლებ 1 მილიონ 500 ათასი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ელექტრონული აუქციონი 2019 წლის 3 ივლისს დაიწყო და 18 ივლისს შეწყდება.

 

მთავარი ფოტო: გასაყიდი ნაკვეთი და შენობა გოდერძის უღელტეხილზე/ფოტო: აუქციონიდან

ტექნოლოგიების 3 ათასი სპეციალისტის გადასამზადებლად 7 მილიონი ლარი დაიხარჯება

საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) სფეროში 3 ათას სპეციალისტს გადაამზადებენ. პროგრამაზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯება და ის მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით ხორციელდება.

როგორც „ბათუმელებთან“ მსოფლიო ბანკის პროექტის კომუნიკაციის მენეჯერი, დიანა ჯუმუხაშვილი ამბობს, პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები ჯერ შემუშავებული არ არის, ამ ეტაპზე მხოლოდ იმ კომპანიების შერჩევაზეა ტენდერი გამოცხადებული, რომლებიც ტექნოლოგიების სფეროს სპეციალისტებს გადაამზადებენ.

„დღეს გამოცხადდა საერთაშორისო ტენდერი კომპანიების შერჩევაზე. პროგრამაში მონაწილე სპეციალისტების შერჩევა კი ოქტომბერში დაიწყება, როცა ცნობილი იქნება კრიტერიუმები.

ბუნებრივია, საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში გარკვეული დონე უნდა ჰქონდეთ მსურველებს, ესენი შეიძლება იყვნენ როგორც დასაქმებული პირები, ასევე ისინიც, ვინც შეიძლება სტაბილურად არ არის დასაქმებული, მაგრამ სურს გადამზადება,“ – ამბობს დიანა ჯუმუხაშვილი.

კომუნიკაციის მენეჯერის თქმით, პროგრამის მიზანია, ქვეყანას ჰყავდეს მაღალი კვალიფიკაციის სპეციალისტები ამ სფეროში, რაც ხელს შეუწყობს საერთაშორისო დაკვეთების მიღებას.

„რაც უფრო კარგი სპეციალისტები ეყოლება ქვეყანას, ეს წაადგება როგორც ქვეყნის ეკონომიკას, ასევე ცალკეული პირების პროფესიულ განვითარებას და დასაქმებას საერთაშორისო დონეზე“.

პროექტი ხორციელდება მსოფლიო ბანკის სესხის ფარგლებში.

საქართველოს რკინიგზა: რუსულ ენაზე ინფორმაცია მატარებლებში ოთხი თვეა აღარ ცხადდება

საქართველოს რკინიგზის განცხადებით, მატარებლებში სადგურების შესახებ ინფორმაციას რუსულ ენაზე უკვე ოთხი თვეა აღარ აცხადებენ. რკინიგზის განმარტებით, ამის მიზეზი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

“საქართველოს რკინიგზა მუდმივად ზრუნავს მგზავრთა მაქსიმალურ კომფორტზე და ცდილობს დახვეწოს და განავითაროს სერვისები. შტადლერის ტიპის მატარებლებში მოახლოებული სადგურების შესახებ ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებით ცხადდებოდა სამ ენაზე, რაც განცხადებების ხანგრძლივობის გამო მგზავრებში იწვევდა უკმაყოფილებას და დისკომფორტს.

შესაბამისად, თითქმის 4 თვეა სს “საქართველოს რკინიგზამ” მიიღო ტექსტის შემოკლებისა და გამოცხადების ინტენსივობის შემცირების გადაწყვეტილება. ვაცხადებთ, რომ ოთხი თვეა შტადლერის სამგზავრო მატარებლებში შემცირებული ტექსტი ნაკლები ინტენსივობით ცხადდება მხოლოდ ქართულ და საერთაშორისოდ აღიარებულ ინგლისურ ენებზე, მსოფლიოში აპრობირებული პრაქტიკის შესაბამისად.

სს “საქართველოს რკინიგზის” აღნიშნული გადაწყვეტილება გამოწვეულია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებით და არ უკავშირდება მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს,” – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარაში შესაძლოა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა დატოვონ

პარლამენტისგან განსხვავებით აჭარის უმაღლეს საბჭოში შესაძლოა მაჟორიტარები ისევ აირჩიონ. უმაღლესი საბჭოში ამ საკითხზე ჯერ ოფიციალურად არ უმსჯელიათ, თუმცა, მაგალითად, იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე, ნინო ჩხეტია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ ის ადგილობრივ და რეგიონულ დონეზე მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დატოვების მომხრეა.

„პირადად ჩემი მოსაზრებით, სრულებით დიდ აუცილებლობად არ ვთვლი, რომ რადგან პარლამენტის შემთხვევაში მიღებული იქნა ეს გადაწყვეტილება, გინდა თუ არა, მთელს საქართველოში საარჩევნო სისტემა იყოს აბსოლუტურად ერთნაირი. ჩვენ გვაქვს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე შერეული სისტემა. მგონია, რომ ადგილობრივ დონეზე და თუნდაც რეგიონულ  დონეზე, ეს უნდა შენარჩუნდეს… დიდი ნაწილი მაჟორიტარებისა კონკრეტული ოლქების წარმომადგენლები არიან,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

ამ ლოგიკით რატომ არ უნდა დარჩნენ მაჟორიტარები პარლამენტშიც?

„პარლამენტი განსხვავებულია. პარლამენტი ძირითადად მუშაობს საშინაო და საგარეო პოლიტიკის განსაზღვრაზე. შესაბამისად, პოლიტიკური ლიდერების აქტიური მონაწილეობა, რასაც განაპირობებს პროპორციული სისტემა, გამართლებულად მიმაჩნდა მაშინაც და ახლაც. ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რასაც იღებს საბჭო, არის ბიუჯეტი. შესაბამისად, მაჟორიტარების ვალდებულებითი ნაწილი იძლევა იმის საშუალებას, რომ ძალიან სამართლიანად იყოს გადაწყვეტილი რიგი საკითხები მუნიციპალიტეტების მიმართულებით,“ – ამბობს ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე.

უმაღლეს საბჭოს დღეს, 4 ივლისს შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისკენ აჭარაში მოქმედმა რვა პარტიამ მოუწოდა. ბრიფინგზე ითქვა, რომ შესაძლოა ავტონომიაში საარჩევნო სისტემა „პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გახდეს“.

ბრიფინგს გამოეხმაურა დავით გაბაიძეც, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. მან თქვა, რომ მსჯელობა უახლოეს დღეებში დაიწყება. „ცენტრში მიღებული გადაწყვეტილება ავტომატურად არ აისახება უმაღლეს საბჭოზე“, – ესეც დასძინა დავით გაბაიძემ და ისაუბრა იმაზეც, რომ თავისი პოზიციის გახმოვანება ამ ეტაპზე არ შეუძლია, ვიდრე კოლეგების მოსაზრებებს არ მოისმენს და გუნდის შიგნით არ მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„პარლამენტის შემთხვევაში ბარიერი არის ძალიან დაბალი, ფაქტობრივად 1% -ც არ არის და ჩვენ შემთხვევაში, როგორც უკვე გითხარით, ბუნებრივი ბარიერი 4.76%. ეს არის დეტალები, რომელზედაც ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ უპირველეს ყოვლისა უმაღლეს საბჭოში პოლიტიკურ სუბიექტებთან და, ბუნებრივია, ვინაიდან გაკეთდა განცხადება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით ვაპირებთ საუბარს. ეს დამოკიდებულია იმაზეც როგორ შევთანხმდებით დროში ჩვენ და ის კონკრეტული სუბიექტები. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ პირადად მზად ვარ ვისაუბრო მათთან, როგორც ინდივიდუალურ რეჟიმში, ასევე ზოგადად“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

საქართველოში პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს განაცხადა.

 

 

 

თავდაცვის სამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები

ავტორი: ნათია ჩეხერია, სტუდია „მონიტორი”

თავდაცვის სამინისტრო ჯარისკაცებისთვის ბათინკებს წელიწადში ორჯერ ყიდულობს და ამისთვის დაახლოებით 4 მილიონ ლარამდე ხარჯავს. 2017 წლის 17 აგვისტოს სამინისტრომ 44 000 წყვილი მაღალყელიანი ფეხსაცმლის შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 505 084 ლარი იყო.

თავდაცვისსამინისტროს მიერ თურქული ბათინკების შესყიდვის საეჭვო გზები

მოწმეები, რომლებსაც ქვეყნიდან გასვლის უფლებას არ აძლევენ

„სარფის საბაჟოზე მითხრეს, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება არ მაქვს. ვერ მითხრეს, რატომ,“ – ამბობს გიორგი ბ. მას სისხლის სამართლის ერთ-ერთ საქმეში მოწმის სტატუსი აქვს, თუმცა არ არსებობს სამართლებრივი დოკუმენტი, რომლითაც გიორგის საზღვრის კვეთის უფლება არ აქვს.

იგივე პრობლემა აქვს გელა ც.-საც. ორივე მათგანი თურქეთში სეზონურ სამუშაოზე აპირებდა გადასვლას. ისინი მბობენ, რომ პროკურატურის ამ ზეპირი გადაწყვეტილებით ძალიან დაზარალდნენ – დღემდე მათ არც პოლიცია და არც პროკურატურა არ აძლევს განმარტებას, რის გამო ვერ სარგებლობენ კონსტიტუციით გარანტირებული „გადაადგილების თავისუფლებით“. მათ არც ვინაობის გამხელა სურთ „ზედმეტი პრობლემების“ თავიდან აცილების მოტივით.

„ძალიან გვიჭირს ოჯახში. უნდა გადავსულიყავი და ჩაი მეკრიფა… სარფის საბაჟოზე ჩემი ძმაც არ გაუშვეს, ისიც მოწმეა კონკრეტულ საქმეზე… ამასთან წადი, იმასთან წადი, გვითხრეს საბაჟოზე, მაგრამ ვერსად კონკრეტული პასუხი ვერ მითხრეს. ბოლოს საქმის პროკურორ რამაზ შავაძეს შევხვდი. მითხრა, რომ ვერსად წავალ, ვიდრე სასამართლოს ჩვენებას არ მივცემ… შენ რომ ახლა წახვიდე, აღარ დაბრუნდებიო,“ – გვიყვება გიორგი ბ.

გიორგი ბ. იმ საქმეშია მოწმე, რომელიც ბათუმის სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა უნდა განიხილონ. საუბარია გასული წლის დეკემბერში მომხდარ შემთხვევაზე – სესხად გაცემული 18 ათასი დოლარის გამო კაცმა დეიდაშვილი გაიტაცა და ფულის ამოღებას ამ გზით ცდილობდა. ამ საქმის ბრალდებულებმა ბათუმში პირველად  ნაფიცი მსაჯულები მოითხოვეს, თუმცა ამ დრომდე ნაფიცი მსაჯულების შერჩევა ვერ ხერხდება. ადვოკატ დავით ჩავლეიშვილის თქმით, შერჩეულია მხოლოდ სამი ნაფიცი მსაჯული. ადვოკატებმა და პროკურორებმა ერთად 14 ნაფიცი მსაჯული უნდა შეარჩიონ.

ადვოკატი დავით ჩავლეიშვილი განმარტავს, რომ ამ საქმის განხილვა შესაძლოა დიდხანს გაგრძელდეს, რადგან ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პროცედურა კანონით შეზღუდული არ არის. განსაზღვრულია მხოლოდ წინასწარი პატიმრობის ვადა, ანუ გატაცებაში ბრალდებულები სასამართლომ 3 თვის შემდეგ უნდა გაუშვას წინასწარი პატიმრობიდან, თუკი მანამდე ნაფიცი მსაჯულები ვერ შეიკრიბებიან და გადაწყვეტილებას ვერ მიიღებენ. ვიდრე ნაფიცი მსაჯულები არ შეიკრიბებიან და მოწმეებს არ მოუსმენენ,  გიორგი გ. და მისი ძმა ვერ დატოვებენ ქვეყნის საზღვარს.

საზღვარზე არ უშვებენ და არც იცის როდის მისცემენ ქვეყნიდან გასვლის უფლებას გელა ც.-ს. ის ქურდობის მცდელობის საქმეზე გამოკითხეს პოლიციელებმა მოწმის სახით. გელა ამბობს, რომ გამომძიებელს წერილობითი დასაბუთება მოსთხოვა, თუმცა ვერ მიიღო.

„…სარფის საბაჟოზე მითხრეს, ვერ გაგიშვებთო, წადი და გამომძიებელს ჰკითხეო. გამომძიებელმა მითხრა, რომ ძიება არ დასრულებულა და არ ვიცი, როდის მოგცემთ ქვეყნიდან წასვლის უფლებასო,“ – გვითხრა გელა ც.-მ.

საქართველოდან გავიდა, მაგრამ უკან ვეღარ ბრუნდება საქართველოს მოქალაქე მალხაზ აბუსელიძე. მისი ძმა, რევაზ აბუსელიძე ამბობს, რომ მალხაზი რუსეთიდან საქართველოში ლარსის საბაჟოდან 4 ივნისს აპირებდა შემოსვლას და გაურკვეველი მიზეზით უარი უთხრეს.

„1986 წლიდან რუსეთში ცხოვრობს და დროდადრო ჩამოდის საქართველოში… ახლა მისი ცოლი და შვილი შემოუშვეს, თვითონ – არა. ვერაფერი გავარკვიეთ,“ – ამბობს რევაზ აბუსელიძე.

„ეს სცდება სამართლებრივ ფარგლებს“, – ასეთია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტის, პაატა დიასამიძის შეფასება პრობლემაზე, რაზეც ეს ადამიანები ჰყვებიან. რამდენიმე მათგანს ახლა სამართლებრივად საია ეხმარება.

„ყველა ამ შემთხვევაში, როცა საქართველოს მოქალაქეს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას უზღუდავენ, არ არსებობს არანაირი დოკუმენტი შეზღუდვასთან დაკავშირებით, გამომძიებლის ან პროკურორის მოქმედება, რომლის მითითებითაც ხდება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის შეზღუდვა, სცდება სამართლებრივ ფარგლებს… საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლის, საცხოვრებელი ადგილის თავისუფლად არჩევისა და საქართველოდან თავისუფლად გასვლის უფლება,“ – განმარტავს იურისტი პაატა დიასამიძე.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის თქმით, ამ საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ საჯარო ინფორმაციაც არ გასცა.

„შსს-ში ყველა დარეკვაზე ხდება სხვადასხვა პირთან გადამისამართება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო განცხადება შსს-ში გავაგზავნეთ დაახლოებით ერთი თვის წინ, ამ დრომდე ვერ მივიღეთ პასუხი. როგორც შსს-ში განმარტავენ, უახლოეს რამდენიმე კვირაში პასუხს ვერ მივიღებთ. ვერც იმის დასაბუთება ხდება, რა ინფორმაციის დამუშავებისთვის არის საჭირო დრო… შსს-დან არ ხდება იმ ინფორმაციის გაცემაც, თუ ვინ არის ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი. მხოლოდ გვეუბნებიან სახელს, რის გამოც არაერთხელ მივუთითეთ, რომ მოხდებოდა შსს გენერალური ინსპექციისათვის მიმართვა, რაზეც განგვიმარტეს, რომ ეს პირველი არ იყო და მიგვემართა,“ – გვიყვება პაატა დიასამიძე, საია-ს იურისტი.

ეთიკური პრინციპის დარღვევაზე საია-მ შსს-ს გენერალურ ინსპექციას უკვე მიმართა და დაიწყო მოკვლევა. საია ასევე აპირებს მიმართოს სასამართლოს შსს-ს წინააღმდეგ, რომელმაც არ გასცა ინფორმაცია საზღვრის გადაკვეთის დროს მოქალაქეებისთვის შექმნილ პრობლემაზე.

რატომ უზღუდავენ ადამიანებს ქვეყნის დატოვების ან ქვეყანაში შემოსვლის უფლებას? – კონკრეტულ პირებზე ინფორმაციის მიღების მიზნით ჩვენ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინიტროს მივმართეთ. შსს-ს პრესცენტრში გვითხრეს, რომ პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით ვერ მოგვაწვდიან ამ ინფორმაციას. პროკურატურას კი, ამ დრომდე განმარტება არ გაუკეთებია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა პროკურორ რამაზ შავაძესაც, რომელიც გიორგი ბ.-ს საქმის პროკურორია. პროკურორმა კომენტარისგან თავი შეიკავა.

ეს პრობლემა აღნიშნულია სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც. გასულ წელს ომბუდსმენის აპარატს რამდენიმე მსგავსი შემთხვევა შეუსწავლია.

„გამოიკვეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გარკვეული მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის უსაფუძვლო აკრძალვა,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველი.

სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია ის, რომ ამ პირების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობდა.

„საქართველოს მოქალაქეებს უსაფუძვლოდ შეეზღუდათ ქვეყნიდან გასვლის უფლება, მაშინ, როცა მათ მიმართ არ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა და კანონმდებლობის შესაბამისად არ ყოფილა მიღებული მათი პასპორტის, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება“, – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

 

 

 

 

 

 

ავტობუსში უბილეთო მგზავრობისთვის 20 ლარით დაჯარიმდებით – ცვლილება კანონში

დღეს, 4 ივლისს, ამოქმედდა ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმადაც მუნიციპალური ტრანსპორტით უბილეთო მგზავრობისას  მგზავრი 5 ლარის ნაცვლად 20 ლარით დაჯარიმდება.

მგზავრი ვალდებულია მგზავრობის დაწყებისთანავე შეიძინოს ბილეთი ან ელექტრონული გადახდის საშუალებით გადაიხადოს მგზავრობის ტარიფით განსაზღვრული თანხა. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი უბილეთო მგზავრად მიიჩნევა.

თუ მგზავრი ჯარიმას არ გადაიხდის საჯარიმო ქვითრის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში, მას დაერიცხება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში დამრღვევის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება.

რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს თან არა აქვს ან არ სურს პირადობის მოწმობის ჩვენება? – როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი, პაატა დიასამიძე ამბობს, ამ დროს მგზავრის ვინაობის დადგენაში საპატრულო პოლიცია ერთვება. „პოლიციის შესახებ კანონში არის იდენტიფიცირების სხვადასხვა ღონისძიებები, თუ ადამიანი არ იტყვის სახელსა და გვარს, შეიძლება ეს დაკავების საფუძველიც გახდეს იდენტიფიცირების მიზნით,“ – გვითხრა იურისტმა.

 

8 პარტია აჭარაში პროპორციული არჩევნებისთვის აჭარის კონსტიტუციის შეცვლას ითხოვს

„აჭარის კონსტიტუციის“ შეცვლის მოთხოვნით დღეს, 4 ივლისს, 8 პოლიტიკურმა ძალამ დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ბრიფინგი გამართა. ისინი დროულად კანონმდებლობის შეცვლას ითხოვენ იმისთვის, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 2020 წელს პროპორციული წესით ჩატარდეს.

„არსებული კონსტიტუციით აჭარაში პროპორციული სისტემით არჩევნები ვერ ჩატარდება… ჩვენ ვითხოვთ დროულად შეიცვალოს „აჭარის კონსტიტუცია“ და კონსტიტუციური კანონი“, – ამბობს გია მასალკინი, „შენების მოძრაობის“ ლიდერი აჭარაში.

საკანონმდებლო ცვლილებას ამ ეტაპზე აჭარაში ითხოვენ: „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „რესპუბლიკელები“, „შენების მოძრაობა“, ელისაშვილის „სამოქალაქო მოძრაობა“, „ემსახურე საქართველოს“, „გირჩი“, „ახალი საქართველო“.

პროპორციული წესით არჩევნების ჩატარებაზე 20 ივნისის მოვლენების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა 24 ივნისს განაცხადა. მას შემდეგ აჭარის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური პოზიცია არ დაუფიქსირებია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე.

„დავით გაბაიძე რომ დღემდე არ გამოხმაურებია ამ საკითხს, არ არის კარგი… არსებობს შიში, რომ ეს შესაძლოა გარკვეული სავაჭრო საგანი გახდეს თითქოს ავტონომიის სპეციფიკურობაზე ხაზგასმით“, – დასძენს გია მასალკინი.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, აჭარის უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია, აქედან 6 დეპუტატს მაჟორიტარული წესით ირჩევენ.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პროპორციულ არჩევნებში, ნულოვანი ბარიერის პირობებში, პოლიტიკურ პარტიას ერთი მანდატის [ადგილის] მოსაპოვებლად მინიმუმ 14 817 ხმა დასჭირდება, რაც საერთო ხმების 4,76 პროცენტია. ეს იმ შემთხვევაში, თუ აჭარის საარჩევნო ოლქებში ხმას მისცემს ყველა ის ამომრჩეველი, ვინც სიაშია რეგისტრირებული. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს კი, აჭარის ექვსივე საარჩევნო ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 311 149 იყო.

ამ თემაზე:

 რამდენი ხმა იქნება საჭირო უმაღლეს საბჭოში ერთი მანდატის მოსაპოვებლად – 0%-იანი ბარიერი

პროექტში „შენი იდეა ბათუმს“ გამარჯვებული 3 იდეა წლის ბოლომდე განხორციელდება

ბათუმის მერიის პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში გამარჯვებული იდეების განხორციელება წლის ბოლომდე დასრულდება. ქალაქის მერის განცხადებით, პროექტი მნიშვნელოვანია, რადგან ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მოქალაქეების მონაწილეობის ზრდას უწყობს ხელს და საკონკურსე იდეებს მომავალშიც მიიღებენ ონლაინ პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/.

გამარჯვებულ პროექტებს შორისაა: „ფრანების ფესტივალი“, „ნატვრის ხე“ და წარწერა „ბათუმი“, რომელიც ბათუმგორაზე განთავსდება. შერჩეული იდეების ავტორების თქმით, ეს პროექტი იდეების განხორციელებაში დაეხმარათ.

ქალაქის მერიაში განმარტავენ, რომ კონკურსის მიზანი ადგილობრივი საკითხების გადაჭრაში მოქალაქეების თანამონაწილეობის გაზრდაა.

ლაშა კუკულაძე
ლაშა კუკულაძე

ფრანების ფესტივალის საორგანიზაციო ჯგუფის წევრის, ლაშა კუკულაძის თქმით, ევროპულ ქვეყნებში მსგავსი ფესტივალები დიდი პოპულარობით სარგებლობს და ტურისტები მონაწილეობის მისაღებად სპეციალურად ჩადიან. მისი აზრით, სწორედ ასეთივე სანახაობრივი იქნება ბათუმის ფესტივალიც, რომელიც არაერთ ადამიანს გააერთიანებს.

„შავი ზღვის რეგიონში ასეთი ფესტივალი არსად ტარდება. ეს ფესტივალი ბათუმის ტურისტული ბარათი გახდება,  ხელს შეუწყობს ფრანოსნობის განვითარებას და ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვა ფესტივალის გამო,“ – ამბობს ლაშა კუკულაძე და აღნიშნავს, რომ ბათუმის ფესტივალისთვის ფრანებს ცნობილი დიზაინერები დაამზადებენ.

ლაშა კუკულაძის თქმით, ფესტივალის ყველა ასაკის ადამიანზეა გათვლილი. ფრანების ფესტივალზე  სხვადასხვა აქტივობაა დაგეგმილი.

„სანაპირო ზოლს ძალიან უხდება ასეთი ფესტივალი. ჩვენთან ერთად იქნებიან მხატვრები, რომლებიც ფრანებს მოხატავენ, გვეყოლება რამდენიმე დიჯეი. ფესტივალი უფასოა და ის ბათუმში ჩამოსვლის კიდევ ერთი კარგი მოტივაცია იქნება.“

თეონა კეშელავა
თეონა კეშელავა

იდეების კონკურსის გამარჯვებულია წარწერა „ბათუმი“. ანბანის სიმაღლე 3,5 მეტრია, ხოლო სიგანე – 37 მეტრი. „ბათუმი“ ქართული და ლათინური ასოებით დაიწერება, ხოლო შუაში ბათუმის ლოგო განთავსდება. იდეის ავტორი თეონა კეშელევაა. მისი თქმით, ეს ადგილი ქალაქის სავიზიტო ბარათი გახდება:

„წარწერა ძალიან ლამაზი იქნება, განსაკუთრებით ღამით, როცა განათდება. ეს იქნება ქალაქის სავიზიტო ბარათი. ტურისტები ძველ წარწერასთანაც იღებენ ფოტოებს, თუმცა ეს ადგილი საკმაოდ მოძველებულია. ახალი ლოგო ძალიან ლამაზია და ეს წარწერა უფრო მეტად გაალამაზებს და დაამშვენებს ქალაქს.“

ნონა ქოქოლაძე
ნონა ქოქოლაძე

მესამე გამარჯვებული პროექტი „ნატვრის ხეა.“ იდეის ავტორის, ნონა ქოქოლაძის განცხადებით, პროექტი ნებისმიერი ასაკის ადამიანში სიხარულს და ინტერესს გამოიწვევს:

„ეს ადგილი იქნება ძალიან საინტერესო, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის. ადგილი, სადაც მისვლას არაერთი ადამიანი დაგეგმავს და არაერთ ფოტოს გადაიღებს. ეს ადგილი იქნება ჩაფიქრებული სურვილებისა და ნატვრის ახდენის სიმბოლო.“

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის თქმით, მოქალაქეების თანამონაწილეობაზე დაფუძნებული ინიციატივების განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია და მერიას არაერთი ასეთი ინიციატივა აქვს.

„მოქალაქეებმა შემოიტანეს და მოქალაქეებმა შეარჩიეს გამარჯვებული პროექტები. ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია  ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. სამივე პროექტი ძალიან საინტერესოა. ეს პროექტები განსხვავებულია იმ „ტრადიციული“ პროექტებისგან, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ,“ – ამბობს ლაშა კომახიძე.

ქალაქის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი დააკვირდება ამ საპილოტე პროექტის შედეგებსა და ეფექტს:

„ჩვენ ასევე მოვისმენთ მრჩეველთა საბჭოს შეფასებას. მე ვფიქრობ, ყველა საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ ეს პროექტი გაგრძელდეს და ბიუჯეტიც გაიზარდოს. ეს ნიშნავს მოქალაქეების მეტ ჩართულობას ქალაქის ბიუჯეტის მართვაში“.

პროექტის – „შენი იდეა ბათუმს“ ფარგლებში მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ხმა მიეცათ მათთვის რჩეულ იდეისთვის. გამარჯვებული იდეების განსახორციელებლად ბათუმის მერია 120 ათასს ლარს დახარჯავს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ 2020 წლისთვის იდეების მიღებას მიმდინარე წლის ივლისშივე დაიწყებენ. იდეის წარსადგენად  და პროექტზე ხმის მისაცემად საჭიროა პლატფორმაზე – https://idea.batumi.ge/ ელექტრონული ხელმოწერით რეგისტრაცია ან მერიაში და მერიის სერვისცენტრებში ადგილზე რეგისტრაცია.

პროექტს ახორციელებს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. აღნიშნული პროცესის მხარდამჭერია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.

6 კგ ოქროსა და ვერცხლის მალულად შემოტანის ფაქტები სარფის საზღვარზე

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის სამი ფაქტი გამოავლინეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში მხილებული პირები,  საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“ გავლით, ცდილობდნენ საქართველოში მალულად შემოეტანათ არადეკლარირებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები.

ორ შემთხვევაში, ბრალდებულები, მათი მართვის ქვეშ მყოფ სატრანსპორტო საშუალებებში მოწყობილი სამალავებით შეეცადნენ არადეკლარირებული ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობების შემოტანას, ხოლო, ერთ შემთხვევაში, ბრალდებული ცდილობდა მალულად შემოეტანა ძვირფასეულობა  ტანსაცმლის ქვეშ, სხეულზე მიმაგრებული სახით,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯამში ამოღებულია 5 729 გრამი ვერცხლისა და 669 გრამი ოქროს ნაკეთობები, რომელთა საერთო  საბაჟო ღირებულება  62 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით.

რატომ ვდგავარ „ხუთკაციან“ საპროტესტო აქციაზე ბათუმში

20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, თბილისში პარლამენტის წინ  აქციები არ წყდება. ყოველდღე, საღამოს 19:00 საათზე, დემონსტრანტები იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიან აქციებს მართავენ.

რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოლიდარობის აქციას პოლიტიკური აქტორების გარეშე მართავს. ბათუმში მიმდინარე აქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება, რადგან პოლიტიკოსები გაანაწყენა პირველ აქციაზე გამოტანილმა ბანერმა – „სისხლიანი 9+7 წელი“, რითაც აქციის მონაწილეებმა ტოლობის ნიშანი დასვეს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის.

ფეისბუქში პერიოდულად  აქტივისტების მისამართით იწერება ირონიული და დამცინავი კომენტარები – „ხუთკაციანი აქცია“, „აუ რამდენი ხართ?“, „მაგათ საქმე არ აქვთ“, რითაც პროტესტის შინაარსის დაკნინებას ცდილობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც „ხუთკაციან“ აქციაზე დგომა და თანმიმდევრული, გააზრებული და მშვიდობიანი პროტესტი საერთო მიზნის მისაღწევად?

მარიეტა იობიძე და ნათია კაპანაძე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მარიეტა იობიძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი:  „აქციაზე ყოველ დღე გამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ გვიერთდება, ჰგონიათ, რომ ვერაფერს შევცვლით და ძალიან გული შემტკივა ხალხის ამგვარ დამოკიდებულებაზე. მაგრამ მე არ მინდა, რომ ისეთ საქართველოში ვცხოვრობდე, სადაც ხელისუფლება ძალადობრივად ებრძვის მოქალაქეებს.

ბევრი დაგვცინის რაოდენობაზე, თუმცა, მჯერა, რომ ბრძოლას აქვს შედეგი და ხვალ ან ზეგ ჩვენსას მივაღწევთ. ხელისუფლება იცვლება, მმართველები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი – ხალხი, ვრჩებით. ამიტომაც არის საჭირო, რომ გამოვიდეთ და გავერთიანდეთ.

დღეს პროტესტის მე-14 დღე იყო და რასაკვირველია, ხალხი შემცირდა. თუმცა ვინც გამოვდივართ, არ ვაპირებთ გაჩერებას და სხვადასხვა ტაქტიკით, პერფორმანსებით შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ გვაქვს პროტესტის განცდა და ის რაც ხდება, მარტო თბილისსა და თბილისელებს არ ეხება. ეს გვეხება ყველას, ყველა მოქალაქეს. თუ ვიფიქრებთ, რომ ვერაფერს შევცვლით, ბრძოლას აზრი არ აქვს, ვიცხოვრებთ ჭაობში, დავემსგავსებით რუსეთს და არც სახელმწიფოს და არც ერთ მოქალაქეს არანაირი წინსვლა არ ექნება და ასე მდორედ გავყვებით ცხოვრებას და დავხუჭავთ ყველაფერზე თვალს“.

თამარ მამეიშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

თამარ მამეიშვილი, „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში: „ ამ აქციამ აჩვენა ის, რომ შეუძლია იყოს ძალიან ხალხმრავალი, ძალიან თანმიმდევრული, კრიტიკულიც და პროგრესულიც.

ამიტომ დამოკიდებულება, რომ „ხუთკაციანი აქციია“, არ მოქმედებს ჩვენზე. ისტორიას ახსოვს თითო ადამიანებიც, რომლებმაც გადაარჩინეს ქვეყანა. ამიტომ თუნდაც მცირე რაოდენობის ადამიანების დგომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას, რაც იყო ამ აქციების საფუძველი და ვფიქრობთ, რომ ვინც ჩვენი ეროვნული ღირსება შელახა, უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

ვერ წარმომიდგენია პოლიტიკურად გაკოტრებული პოზიციიდან როგორ უნდა გააგრძელოს გიორგი გახარიამ ისეთი მნიშვნელოვანი უწყების მართვა, როგორც შს სამინისტროა.

არც უსაქმური ვარ, როგორც ზოგიერთი წერს ფეისბუქში, პატარა შვილი მყავს, ვმუშაობ და პარალელურად დაკავებული ვარ საოჯახო საქმეებით, თუმცა ძალიან დაქანცულიც მოვდივარ და ბოლომდე ასე ვიქნები“.

გიორგი თებიძე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გიორგი თებიძე, აქტივისტი. ის 20 ივნისის თბილისში აქციის დარბევის დროს ხელში დაიჭრა.

„ამის მიუხედავად არ ვწყვეტ აქციებში მონაწილეობას. ახლა ბათუმში ვარ და ვაპირებ ყოველ საღამოს მოვიდე, სანამ მიზანი არ იქნება საბოლოოდ მიღწეული.

ის ტროლები და ბოტებიც, ვინც ამ აქციებს დასცინის და რამდენიმეკაციან ეძახის, დაინახავენ, რომ თუ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ დემოკრატიული საზოგადოება, ხუთი ადამიანი იქნება თუ ხუთასი, ყველას აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. როცა საქმე საქმეზე მიდგება, ის ხალხიც ვინც სახლში ზის, გამოვა. პირველმა და მეორე დღემ აჩვენა, რომ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ჰგონიათ და თუ რაოდენობა უნდათ, ეს რაოდენობაც კარგად გამოჩნდა თავისუფლების მარშზე, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რაოდენობა ვაფიქსიროთ, მთავარია მიზანი იყოს მიღწეული“.

ქეთევან ფოტოვა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ქეთევან ფოტოვა, აქტივისტი:  „აქციაზე შვილთან ერთად მოვედი და კიდევ ვაპირებ მოსვლას. გვინდა ამით სოლიდარობა გამოვუცხადოთ თბილისში მიმდინარე აქციებს და ვაჩვენოთ სხვებსაც, რომ თუნდაც ხუთი ან ათი ადამიანის პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გაჩუმებას და უმოქმედობას ნამდვილად სჯობს გამოხატოს თავისი პოზიცია თუნდაც ადამიანების მცირე ჯგუფმა, როცა ქვეყანაში  ასეთი მოვლენები მიმდინარეობს. როცა ქვეყანას და ეროვნულ საქმეს სჭირდება, ყველამ უნდა გადავდოთ თუნდაც 15 წუთი და გამოვიდეთ.  შეიძლება ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ დროთა განმავლობაში ეს ადამიანები დაიღლებიან, მაგრამ აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი. იქნებ გახარია დაიღალოს და წავიდეს“.

დღეს, 3 ივლისს, ევროპის მოედანზე აქტივისტებმა ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების თვალახვეული ფოტოები გამოფინეს. ასევე, გამოფენილი იყო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა.

_____________________________________________________________________________

რა მოხდა?

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.
თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

მუსიკის მასწავლებელი, მეფუტკრე ქალი და სხვები – როგორ მოვიპოვოთ EU-ს დაფინანსება სოფლად

ხულოსა და ქედაში უკვე შეარჩიეს ფერმერები, რომლებიც ევროკავშირისგან გრანტს მიიღებენ. სოფლად მცხოვრები 27 ადამიანი ხულოში და ამდენივე ქედაში, სხვადასხვა მიმართულებით დაფინანსდება. წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა. ეს მოიცავს როგორც სოფლის მეურნეობას, ასევე, ტურიზმის ან სხვა ბიზნესის განვითარებას სოფლად. ევროკავშირი საქართველოში სოფლის გაძლიერებას 2013 წლიდან ცდილობს. ევროპის სამეზობლო პროგრამის – ENPARD-ის ფარგლებში ევროკავშირი საქართველოში 179,5 მილიონ ევროს ხარჯავს – 2013 წლიდან 2022 წლის ჩათვლით.

რა შემთხვევაში ფინანსდება ფერმერი? როგორ ვითარდება ის ბიზნესი, რომელიც ასევე ENPARD-ის ფარგლებში წინა წლებში დაფინანსდა? – „ბათუმელები“ ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად ხულოს, შუახევისა და ქედის მუნიციპალიტეტებში იმყოფებოდა.

ევროკავშირისგან დაფინანსებული ქალები ხულოში

„პირველად რომ ავაწყვე ჩემით საბანი, 12 წლისა ვიყავი. ჩემით დავამუშავე მატყლი, გავრეცხე და დავფინე მზეზე, მერე გავაშრე, ავაწყვე. ერთი კვირა დამჭირდა სულ. მანამდე სულ დედას ვეხმარებოდი,“ – გვიყვება ლია მახარაძე. ის დაბა ხულოში ცხოვრობს. მატყლის და ბამბის საბნების სამკერვალოს მოწყობას აპირებს ევროკავშირისგან მიღებული დაფინანსებით. ლია მახარაძე გრანტის სახით მიღებული 52 500 ლარით საკერავ მანქანებს შეიძენს და მასალას, რომლითაც საბნები უნდა შეიკეროს. ახალი სამკერვალოს ასაშენებლად კი, 22 500 ლარი დაიხარჯება. ეს ლიას და მისი ოჯახის თანამონაწილეობაა ამ პროექტში.

ლია სოფელ ხიხაძირში იზრდებოდა. ამბობს, რომ წლების წინ მატყლის საბნების მოსამზადებლად დიდი შრომა და ენერგია იყო საჭირო, რადგან არ არსებობდა საკერავი მანქანა და მატყლსაც საკუთარი ხელით ამუშავებდნენ. „აქამდე თუ ხელით ვკერავდი ლეიბებს და საბნებს, ახლა მანქანები უფრო სწრაფად იზამენ იმავეს,“ – ირწმუნება ის.

ლია მახარაძეს ეჭვი არ ეპარება, რომ მატყლის საბნები და ლეიბები კარგად გაიყიდება, რადგან მთაში მკაცრი ზამთარია.

„ახლა მცირეწლოვანი მყავს ბავშვი, ვეღარ ვამზადებ… ბოლო დროს დედამთილი მეხმარებოდა, სხვა არავინ. მატყლის საბანზე და ლეიბზე ახლაც დიდი მოთხოვნაა, საოჯახო ტიპის სასტუმროები კითხულობენ, მზითევშიც ისევ ყველა ატანს გოგოს მატყლის საბანს, ლეიბს და ბალიშს. ერთი სეფის საბანი დაახლოებით 70 ლარი ჯდება. მატყლს აქაც იყიდი, მაგრამ მე ლილოს ბაზრობაზე ვყიდულობ, იქ უფრო იაფია,“ – ამბობს ლია მახარაძე.

ლია მახარაძე

ლია ხულოს მერიაში მუშაობს მთავარ სპეციალისტად. ამბობს, რომ საჯარო სამსახურში მუშაობის პარალელურად, ბიზნესის მართვასაც შეძლებს.

მეფუტკრე რუსუდანი: ბაბუამ მასწავლა ფუტკართან მუშაობა

უკვე ექვსი წელია მეფუტკრეობით არის დაკავებული ხულოში, სოფელ პაქსაძეებში მცხოვრები რუსუდან გელაძე. მან ევროკავშირისგან 10 100 ლარი მიიღო სპეციალური სატვირთო მანქანის შესაძენად, რომლითაც მეფუტკრე ქალი ფუტკრის ოჯახების მთებში გადაყვანას შეძლებს.

„უკვე შემეძლება მომთაბარეობა. აქ  ყვავილობა უკვე დამთავრდა, ახლა რომ იყოს მანქანა, უკვე წავიყვანდი  ფუტკარს მთაში საბალახოდ… მთაში წაყვანა მეტ მოსავალს ნიშნავს,“ – განმარტავს რუსუდან გელაძე.

რუსუდანი 30 წლისაა და ორი შვილი ჰყავს. მას საოჯახო ბიზნესში მეუღლე ეხმარება – თეიმურაზ სურმანიძე. რუსუდანი გვიყვება, რომ სოფელ ნანიაკეთში იზრდებოდა და დედის ბაბუამ ასწავლა ფუტკართან მუშაობა.

სკა

„შრომა ბევრი სჭირდება, მაგრამ საყვარელი საქმეა… ადრეც ხალისით მივდიოდი ფუტკართან, სულ არ მეშინოდა. ახლაც რომ მიხვიდე ჩემს ფუტკრებთან, ისეთი კარგი სურნელია, ისე ბზუიან. ფუტკარმა უნდა იცოდეს, რომ გულით აკეთებ საქმეს, მთავარი ესაა,“ – დასძენს რუსუდან გელაძე.

მუსიკის მასწავლებელი, რომელიც კალმახს უვლის

„ახლა ერთბაშად შემიძლია 7 ახალი აუზი ავაშენო და საკალმახე გავაფართოვო… რომ არა ეს მხარდაჭერა ევროკავშირისგან, ერთ ადგილას ვიყავი გაჩერებული. აქ კი სხვა რა გამოსავალი მაქვს? ეს უნდა ვაკეთო,“ – გვიყვება ქედაში, სოფელ ახოში მცხოვრები თამაზ ნაკაშიძე.

პროფესიით მუსიკოსმა საკალმახის მოწყობა 7 წლის წინ გადაწყვიტა. სკოლაში მუსიკის გაკვეთილებს რომ მორჩება, სახლის ქვემოთ, თავისი ხელით მოწყობილ საკალმახეში ჩადის და შვილთან – მამუკასთან ერთად მუშაობს.

„აქ ცივი წყალი მოდის, ანკარა, აი, მაღალი მთა პერანგადან. ისეთი ცივია, რომ ვერც კი ბანაობენ ზაფხულში… კალმახსაც ეს უყვარს – ცივი წყალი და სისუფთავე. სიბინძურეს ვერ იტანს კალმახი, ზემოთ ამოდის და ვეღარ ისვენებს. საკალმახესაც „პერანგა“ დავარქვი,“ – ამბობს თამაზ ნაკაშიძე.

საკალმახე „პერანგაში“ ტონამდე კალმახს ზრდიან, ახალი აუზების აშენების შემდეგ კი, ეს მაჩვენებელი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. თამაზი გვიყვება, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება თევზის მიმწოდებელიც გახდეს ბაზარზე. „ახლა მხოლოდ ადგილიდან მიაქვთ თევზი რესტორნებისთვის, ტირილ-ქორწილებისთვის,“ – დასძენს ის.

მეკალმახეები აქვე ქვირითზეც მუშაობენ და ლიფსიტები გამოჰყავთ. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში „პერანგას“ 16 ათას ლარს მისცემენ. თანადაფინანსების პრინციპის გათვალისწინებით, თამაზ ნაკაშიძე ამ ბიზნესში საკუთარ 4 ათას ლარსაც ჩადებს.

თამაზ ნაკაშიძე

„შემოსავალი კი გვაქვს, მაგრამ ერთბაშად არა, რომ რაღაც განავითარო… საკვებიც გაძვირდა. ახლა 95 ლარი ღირს ერთი ტომარა თევზის საკვები, ოჯახშიც ბევრი ხარჯია. პირობა მაქვს აღებული, რომ ახალი აუზების შემდეგ, მინიმუმ 8 ადამიანს დავასაქმებ. თითო-თითო მცველი სჭირდება ყველა აუზს,“ – გვითხრა თამაზ ნაკაშიძემ.

რა მოუვიდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ მოცვის ბაღს?

წლების წინ ბუთურაულში, მიქელაძეების ბაღთან, ხშირად ნახავდით მთავრობის წარმომადგენლებს – სადემონსტრაციო ბაღში შეკრებილები ათვალიერებდნენ, როგორ გაიხარა ამერიკული ჯიშის ლურჯმა მოცვმა შუახევში. თავის დროზე ხელისუფლება აცხადებდა, რომ ამ ბაღებიდან მიღებული მოცვის გაყიდვას მეწარმეები ევროპის ბაზარზე კარგ ფასად [4-5$] შეძლებდნენ. 2013 წელს ევროკავშირის გრანტი – 9 100 ლარი შუახევში მცხოვრებ ბიძაშვილებს, ზვიად და გოჩა მიქელაძეებს მისცეს. დღეს ამ ბაღთან აღარავინ მიდის – მოცვის ბაღი ხმება.

„მურაბისთვის და ჩაისთვის გვყოფნის, იმდენი მოდის, მეტი არა… აღარ ღირს მუშაობა. ვაპირებთ, რომ ბუჩქების უმეტესობა ავჩეხოთ და ვენახი გავაშენოთ… ეს ნაკვეთი სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შეარჩია, გზაგაყასარზეა, ყველა დაინახავს და თქვენც მოგებას ნახავთ, ძვირი ღირს მოცვიო. მას შემდეგ, რაც პრობლემები დაგვეწყო, აღარავინ გამოჩენილა,“ – გვიყვება ზვიად მიქელაძე, რომელსაც მოცვის ბაღში ველოდით, ვიდრე ის სამარშრუტო ხაზზე მუშაობისგან გათავისუფლდებოდა. ფერმერი ახლა მიკროავტობუსის მძღოლად მუშაობს მარშრუტზე – „ბუთურაული-ბათუმი“.

ფერმერი კონკრეტულ პრობლემებს ასახელებს, რის გამოც მას ბაღის მიტოვება მოუხდა: მოცვის ნერგების დაზიანებული ფესვებით, ბოსტნეულზე გათვლილი სარწყავი სისტემა, უწყლობა, მიწის დაბალი მჟავიანობა… ზვიადი ფიქრობს, რომ გადაწყვეტილება თავის დროზე მთავრობამ სპონტანურად მიიღო.

მოცვის სადემონსტარციო ნაკვეთი. ამ ნაკვეთზე მოცვის ნაცვლად ვაზის გაშენებას აპირებენ

„ერთი წლის ნერგი მოიტანეს და გვითხრეს, სამ წელიწადში გახდება მინიმუმ მეტრ-ნახევარიო. არ გაიზარდა არც ერთი მაგხელა. პირიქით, ნაწილმა ხმობა დაიწყო – მოწოდებულ ნერგებს ფესვთა სისტემა განვითარებული არ ჰქონდა. ამას გარდა, სარწყავი სისტემა, რაც ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ მოაწყო, თურმე იყო გათვლილი ბოსტნეულზე, ისე იყო დახვრეტილი, რომ წყალი მოცვის ფესვთან არ მიდიოდა. წყალიც პრობლემაა სოფელში. მოცვს კი, დღეში ორჯერ მორწყვა სჭირდება. ნიადაგის მჟავიანობაც მერე შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ დაბალი იყო და ხელოვნური ჩარევა იყო საჭირო, ერთ ჯერზე მჟავიანობის ამაღლებას დაახლოებით 150 ლარი სჭირდება. წელიწადში სამჯერ არის საჭირო,“ – პრობლემების ჩამოთვლას განაგრძობს ზვიადი.

ვეკითხებით, თუ ესაუბრა ამ თემაზე სოფლის მეურნეობის სამინისტროს. გვპასუხობს, რომ წლების წინ სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა, მაგრამ „არ მომისმინეს და საუბრიდან მალევე კოოპერატივიც ფორმალურად გამიუქმესო“.

ზვიად მიქელაძის თქმით, გასულ წელს ჯამში 100 კილოგრამი მოცვის გაყიდვა შეძლო. ამბობს, რომ ადგილზე 1 კილოგრამში 7 ლარი გადაუხადეს. წელს კი, ბუჩქების გასხვლა გადაწყვიტა და კიდევ უფრო ნაკლებ მოსავალს ელის.

ფერმერს ასევე ვკითხეთ, ვინ არის, მისი აზრით, პასუხისმგებელი, როცა ევროკავშირისგან სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის გამოყოფილი თანხა შედეგს ვერ იღებს?

„პასუხი უნდა მოეთხოვოს ალბათ იმას, ვინც ტენდერი მოიგო და ასეთი ნერგები მოიტანა… ალბათ, ჩვენც უნდა მოგვეთხოვოს პასუხი, რადგან ინფორმაცია არ გვქონდა,“ – გვიპასუხა ზვიად მიქელაძემ.

ზვიად მიქელაძე

[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ, რა აჩვენა ბუთურაულის მოცვის სადემონსტრაციო ბაღმა?“]„ასივე პროცენტით ვერ იქნება დაფინანსებული პროგრამები წარმატებული,“ – ასე გვიპასუხა საქართველოს გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა, როცა მას ბუთურაულში ევროკავშირისგან დაფინანსებული და შემდეგ გაუქმებული მოცვის ბაღის შესახებ ვკითხეთ. მან პასუხისმგებლობა ფერმერზე გადაიტანა, რომელსაც, მისი აზრით, „არ ჰქონდა შესწავლილი ეს მიმართულება“ და „ყურმოკვრით იცოდა, რომ ეს პერსპექტიული იყო“.

„შესაბამისად, შედეგი მისთვის იყო არცთუ სახარბიელო… ჩვენ ახლა ხელს ვუწყობთ სერტიფიცირებული სანერგეების არსებობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ფერმერებს ტექნიკურად ეხმარებიან… სარწყავ სისტემას რაც შეეხება, ასევე „დანერგე მომავალი“ ითვალისწინებს თანადაფინანსების პრინციპით აგრონომების გადამზადებას. აგრონომი ჩვენთვის არის ისევ მთავარი გამოწვევა, რადგან 30 წელია სოფლის მეურნეობა არ იყო პრიორიტეტული მიმართულება,“ – გვითხრა ხატია წილოსანმა.

კითხვაზე, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა, მინისტრის მოადგილემ ასე გვიპასუხა: „პასუხისმგებლობა უკავშირდება ცოდნის ნაკლებობას და კონკრეტულად რომელიმე უწყებაზე ან ადამიანზე ხელის გაშვერა სწორი ნამდვილად არ იქნება.“

ფერმერი დაადანაშაულა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმაც: „როგორც გაირკვა, მან საკუთარი ინიციატივით დიდი ოდენობით ორგანული სასუქი შეიტანა ბაღში, რამაც ნიადაგის ფორმულა შეცვალა… ისინი ექსტენციის პროგრამაში იყვნენ ჩართულები,“ – გვითხრა ტიტე აროშიძემ. მან ასევე გაამახვილა ყურადღება აჭარის მაღალმთიანეთში არსებულ მოცვის სხვა ბაღებზე, სადაც მოცვის ნერგებმა გაიხარა: „იქ ვარგოდა ნერგები და ბუთურაულში არა?“ – კითხულობს მინისტრი. მისივე მტკიცებით, მოცვის ბაღში სარწყავი სისტემაც სწორად იყო შერჩეული.

ტიტე აროშიძის თქმით, ევროკავშირის დაფინანსებით დღემდე მოქმედებს მოცვის ბაღები სოფელ ბოძაურში [ხულო], ზენდიდში [ქედა] და ქობულეთის აგროსერვისცენტრში. მოცვის ბაღები ასევე გაშენებულია ქედის სოფლებში: გულებსა და პირველ მაისში. 

„გულგრილობა“ და „ცოდნის ნაკლებობა“ – ორ მთავარ მიზეზს ასახელებს ვახტანგ კონცელიძე ბუთურაულის ბაღზე საუბრის დროს. ვახტანგ კონცელიძე გაეროს განვითარების პროგრამის – UNDP Georgia-ს პროექტის კოორდინატორია აჭარაში. ამ ორგანიზაციის გავლით მიიღეს მიქელაძეებმა ბუთურაულში ევროკავშირისგან დაფინანსება 2013 წელს.

„ბუთურაული მოხვდა სადემონსტრაციო ნაკვეთებში და მოცვის ეს ბაღი იყო ერთ-ერთი წარმატებული იმ დროისთვის. ყველა ჩამოსული სტუმარი თუ დაინტერესებული პირი, მიდიოდა ბუთურაულში. მერე ალბათ ისევ გულგრილობა და ცოდნის ნაკლებობა… ცნობილია, რომ ფერმერი რომელიც აღჭურვილია ცოდნით გააჩნია შესაბამის უნარები, მათ შორის ლოდერობის და თავის ირგვლივ შეუძლია ფერმერების მობილიზება ერთობლივი საქმიანობისთვის, ამ შემთხვევაში კოოპერატივი უფრო წარმატებულია.,“ – აღნიშნა ვახტანგ კონცელიძემ „ბათუმელებთან“.[/toggle]

ზვიად მიქელაძის თქმით, მოცვის მოვლის პროცესში ინფორმაციას ისინი ძირითადად მუნიციპალიტეტის აგროსერვისცენტრიდან იღებდნენ, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. „სანამ ჩვენ რამე ვისწავლეთ, ნერგები გახმა“, – აღნიშნა ზვიადმა და ისევ მოცვის მწკრივებს გაუყვა.

რა შეიცვალა ფერმერისთვის ევროკავშირისგან დაფინანსებული პროექტებით?

„ENPARD პროგრამა მიზნად ისახავს სოფლის განვითარებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნას. ENPARD-ის პროგრამა მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების შექმნის მხარდაჭერას და წახალისებასაც ახდენს. ამასთან, პოტენციურ მეწარმეებს საპროექტო წინადადებების ჩამოყალიბებასა და ბიზნესგეგმის შედგენაში ეხმარება. პროგრამის მხარდაჭერით ასევე გათვალისწინებულია სოფლად არსებული მომსახურებების გაუმჯობესება….“ – მოგვწერეს ENPARD -ის საკომუნიკაციო ქსელიდან.

ENPARD-ის პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით სულ 280 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი დაფინანსდა, მათ შორის, 77 აჭარაში. კოოპერატივები დააფინანსეს გრანტებით, ასევე გაუწიეს ტექნიკური და საექსპერტო დახმარება. პროგრამის მეორე ფაზა 2019 წელს სრულდება.

ვახტანგ კონცელიძე, UNDP-ის კოორდინატორი აჭარაში ამბობს, რომ პირველ ეტაპზე დაფინანსებული პროექტების ეფექტურობის კვლევა 2018 წელს ჩატარდა.

„კვლევის მიხედვით, დაფინანსებული პროექტების 65 პროცენტი მუშაობდა… გამოჩნდა, რომ თანამონაწილეობა არის აუცილებელი პირობა – თუკი ფერმერი საკუთარ ფულს არ ხარჯავს კონკრეტულ პროექტში, ეს ქმნის სირთულეებს. მეორე მთავარი პრობლემა, რაც გამოიკვეთა, არის სპეციფიკური ცოდნა.

პოზიტიური შედეგია ის, რომ სუპერმარკეტში ნახავთ უკვე თაფლს, რომელსაც ქართული წარწერა აქვს. დაახლოებით 7 წლის წინ ასეთ რამეს ვერ ნახავდი. რომ გაიარო ხილით მოვაჭრეების მაღაზიებში, იქ ნახავთ მოცვს, რომელიც ქართული მოცვია,“ – ამბობს ვახტანგ კონცელიძე, UNDP-ის კოორდინატორი აჭარაში.

„ფერმერისთვის რაც გაკეთდა, რამაც შეცვალა უკეთესობისკენ მათი ცხოვრება, არის ის, რომ გააჩნდათ ხელმისაწვდომობა მიეღოთ ინფორმაცია და კონსულტაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე. გარდა ამისა, არის დახმარებები საგრანტო საკითხებში კონკრეტულ რეგიონებში და მათ გაუჩნდათ წვდომა ამ საგრანტო დახმარებებზე,“ – ამბობს ხატია წილოსანი, გარემოს და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე.

როგორ იღებენ ფერმერები დაფინანსებას ევროკავშირისგან?

ამჟამად ENPARD-ის პროგრამა მოქმედებს ქედის, ხულოს, ახალქალაქის, თეთრიწყაროს, დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ბორჯომის, ყაზბეგის, წალკის, ახმეტის, წყალტუბოს და მესტიის მუნიციპალიტეტებში.

წელს ხულოს მუნიციპალიტეტში ჯამში 1 067 900 ლარის გრანტი გაიცა.

[toggle title=”დააწკაპუნეთ და ნახეთ, როგორ არის შესაძლებელი ევროკავშირის დაფინანსების მოპოვება“]ENPARD-ის საკომუნიკაციო ქსელის მონაცემებით, ENPARD ეფუძნება სოფლის განვითარების ევროპულ მოდელს, ე.წ. LEADER მიდგომას – „ქვემოდან – ზევით“ პრაქტიკის დანერგვას, რომლის თანახმადაც სამოქმედო გეგმისა და გადაწყვეტილებების მიღება პროექტის საბოლოო ბენეფიციარების მონაწილეობით ხდება. ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი განვითარების ჯგუფები [LAG] თემების მობილიზაციას ახდენენ და მათი მონაწილეობით კეთილსაიმედო საპროექტო განაცხადებს დაფინანსებისთვის შეარჩევენ.

LAG-ები შექმნილია ხულოსა და ქედაშიც. ხულოს ლაგის კოორდინატორის, გიორგი აბულაძის თქმით, წელს 427 განაცხადი შევიდა ევროკავშირისგან გრანტის მისაღებად, აქედან დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ, მეორე ეტაპზე 186 განაცხადი გადავიდა.

„ამის შემდეგ შერჩეული ფერმერები გადიან ტრენინგს და ამზადებენ სრულ განაცხადს. ეს სრული განაცხადი შემოიტანა სულ 120-მა, მაგრამ 13-მა ვერ გაიარა ტექნიკური შემოწმება. საბოლოოდ, 107 განაცხადიდან შეარჩიეს 27.

ძირითადი შემფასებელი იყო ექსპერტი, რომელიც შერჩეული იყო „კარიტასის“ მიერ. ის აკეთებდა შეფასებას, კონკრეტული პროექტის დაფინანსება შეიძლებოდა თუ არა. ამ ექსპერტმა 50-ზე მეტ პროექტს დაუწერა ხულოში დამაკმაყოფილებელი ქულა. ამის შემდეგ საგრანტო კომიტეტებმა განიხილეს განაცხადები. ამ კომიტეტის 15 წევრს არჩევს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი, სადაც 68 წევრია. დებულებაში წერია, რომ საჯარო მოსამსახურეები ამ წევრების 50 პროცენტზე მეტი არ უნდა იყვნენ,“ – გვითხრა გიორგი აბულაძემ.

ENPARD- ის პროგრამის პირველი ეტაპის ფარგლებში,  6 მილიონზე მეტი ლარის სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით განხორციელდა 1000-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის დახმარება, 280 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივს 4 მილიონი ევროს ტექნიკური დახმარება გაეწია, ასევე გადამზადდა 8 ათასზე მეტი ფერმერი. შეიქმნა 59 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრი, რომელთა მომსახურებით ქვეყანაში 250,000-ზე მეტმა მცირე ფერმერმა ისარგებლა.[/toggle]

რატომ ვერ გავდივართ ევროკავშირის ბაზარზე? 

ექსპერტები თუ ხელისუფლების წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ისევ ვერ ქმნიან მასობრივად პროდუქტს, რომელიც ევროკავშირის სტანდარტს დააკმაყოფილებს. გარდა ამისა, რთულია მასობრივად ერთგვაროვანი პროდუქტის შექმნა, რომლითაც შესაძლებელი იქნება ევროკავშირის რომელიმე ბაზარზე გასვლა.

მცირემიწიანობა და სათანადო აგროკულტურა – ამ მიზეზებს ასახელებს ტიტე აროშიძე, აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი მთავარ ფაქტორად, რის გამოც ადგილობრივი პროდუქტი ევროკავშირის ბაზარზე ვერ გადის. მინისტრის თქმით, ფერმერების უმეტესობა ისევ ტრადიციულ მეთოდს იყენებს და თანამედროვე აგროწესების გაზიარებაზე უარს ამბობს.

ოპტიმისტურადაა განწყობილი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე:

„ადგილობრივი წარმოშობის პროდუქტები სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ადგილობრივ ბაზარზე და საერთაშორისო ბაზრებზეც. იგივე სამეგრელოში თხილის კოოპერატივი 600-მდე ფერმერს აერთიანებს, მათ ექნებათ ერთგვაროვანი პროდუქცია და შეძლებენ თავიანთი სიტყვა თქვან, ეს ეტაპობრივად ხდება,“ – გვითხრა გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა. ის ადასტურებს, რომ არათუ ექსპორტზე გატანა, სოფლის მეურნეობის წილი ქართულ ეკონომიკაში მცირდება.

„ბოლო პერიოდში შემცირების ტენდენცია არის, მაგრამ ეს იმას გულისხმობს, რომ ეკონომიკის სხვა მიმართულებები ვითარდება და სამუშაო ძალა პირველადი წარმოების პროდუქციის შექმნისგან გადაადგილდება ეკონომიკის სხვა მიმართულებებზე. ეს ნიშნავს იმას, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღება იქნება უფრო თვალსაჩინო. მაგალითად, სოფლის განვითარების კუთხით ტურიზმი ვითარდება და ფერმერები, რომლებიც დაკავებული იყვნენ თავიანთი პირადი მოხმარების პროდუქციის შექმნით, სხვა სექტორში გადავიდნენ,“ – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

„საექსპერტო ოდენობა გვაქვს მხოლოდ თაფლი და ციტრუსი. ეს არის რაოდენობა, რომელიც შეიძლება გავიდეს ექსპორტზე, მაგრამ თაფლი ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს სტანდარტს – იყენებენ პრეპარატს, რომელიც არ არის  დაშვებული ევროკავშირის ქვეყნებში. ციტრუსზე იყო მცდელობა, მაგრამ, როგორც ჩანს, ციტრუსის ექსპორტიორებს ისევ ძველი კავშირების გამოყენება ურჩევნიათ და უადვილდებათ,“ – ეს UNDP-ის კოორდინატორის, ვახტანგ კონცელიძის პოზიციაა.

დეტალურად გაეცანით, რამდენ მილიონ ევროს ხარჯავს ევროკავშირი სოფლის მეურნეობის გასაძლიერებლად. 

 

9 ქართული კერძი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიიდან

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გაგონებისთანავე კერძებზე მეტად ალბათ შენობები გახსენდებათ, მაგრამ საქართველოს მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის გარდა არსებობს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაც, რომელშიც 9 ქართული კერძია შეტანილი. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, რიგ შემთხვევებში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ამ კერძების მომზადების წესს მიანიჭა ძეგლის სტატუსი.

აჭარული ხაჭაპური
  • ხაჭაპური  – უცნაური იქნებოდა, ამ სიაში ხაჭაპური რომ არ იყოს.  მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიულ ლექსიკონში ხაჭაპური განმარტებულია, როგორც ყველიანი ქადა, რომელიც შესაძლოა ადრე ხაჭოს შერევით მზადდებოდა და სწორედ აქედან მოდის სახელწოდება. ხაჭაპური საქართველოს რეგიონებში სხვადასხვაგვარად მზადდება, თითქმის ყველა შემთხვევაში უცვლელი რჩება ორი უმთავრესი ინგრედიენტი – ცომი და ყველი [ხაჭო], რომელსაც ზოგ რეგიონში კვერცხს უმატებენ.
ბორანო. რესტორანი „ბათუმარანი“
  • ბორანო – ბორანო აჭარული კერძია. მას მეორენაირად აჭარული სუფრის „სასწრაფო დახმარებასაც“ ეძახიან, რადგანაც სწრაფად მზადდება. აჭარაში ამზადებენ ბორანოს რამდენიმე ვარიანტს. კლასიკური ბორანო ადუღებულ კარაქში ჩამდნარი ყველია, რომელსაც ძირითადად მჭადს ატანენ. დარბილებული ყველი და ცხელი კარაქი ერთგვაროვან მასად იქცევა და ნაზად იწელება.
კუბდარი. ფოტო: ვიკიპედია
  • კუბდარი – ეს ტრადიციული სვანური კერძია, დაკეპილი ხორცითა და სანელებლებით შეზავებული ღვეზელი. გურმანები ამბობენ, რომ ამ კერძის მთავარი საიდუმლო სწორად შეზავებული გულსართია.
თაშმიჯაბი

თაშმიჯაბი – კიდევ ერთი კერძი სვანური სამზარეულოდან. მის მოსამზადებლად საჭიროა კარტოფილი და ჭყინტი ყველი. ესაა კერძი, რომელიც ერთდროულად ელარჯსაც წააგავს და პიურესაც.

დამბალხაჭო ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
  • დამბალხაჭო  კერძი ფშავური სამზარეულოდან. ესაა ხაჭოს გამშრალი კვერები, რომლებსაც საშუალოდ 1,5-2 თვე ინახავენ და შემდეგ მიირთმევენ მშრალად, ყველის მსგავსად, ან მისგან ამზადებენ ხაჭო-ერბოს [დამბალხაჭოსა და ერბოს მიქსი ტაფაზე] და ხინკალსაც კი.
ტენილი. თამარ მირიანაშვილის ფოტო
  • ტენილი – ეს მესხური ყველია. ვიზუალურად გრძელ და წვრილ ძაფებს მოგაგონებთ. ყველს ქოთანში ტენიან, სადაც დამარილების გარეშე მწიფდება, შემდეგ კი ამ მასას ადნობენ. ტენილი მნიშვნელოვნად განსხვავდება სხვა ყველებისგან.
პური
  • კახური პური [დედას პური] –  კახური პურის ტრადიცია ფართოდაა გავრცელებული კახეთის ყველა ქალაქსა და სოფელში. მას თიხისგან დამზადებულ ტრადიციულ საცხობში – თონეში, შეშაზე აცხობენ. კახური პური თხელი, წაგრძელებული ფორმისაა. სწორედ თონის დამსახურებით პურს გამორჩეული არომატი და გემო აქვს.
  • ფეტვიანი ხაჭაპური  როგორც სახელწოდება გვეუბნება, ეს იგივე ხაჭაპურია, მხოლოდ ფეტვი აქვს დამატებული, რაც მას განსაკუთრებულ გემოს სძენს. ფეტვიან ხაჭაპურს სვანეთში ამზადებენ, თუმცა მას სვანეთის გარდა ზოგიერთი რესტორნის მენიუშიც შეიძლება შეხვდეთ.
ჩურჩხელა. ფოტო: ვიკიპედია
  • კახური ჩურჩხელა – ჩურჩხელას საქართველოს ბევრ რეგიონში ამზადებენ, თუმცა კახური ჩურჩხელა განსაკუთრებული მოწონებით სარგებლობს. კახური ჩურჩხელა პურის ფქვილის, ბადაგისა (ყურძნის დადუღებული წვენი) და ნიგვზისგან მზადდება. 

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია ასევე „ლაღიძის წყლები“, მეგრული აჯიკა და სვანური მარილი. რაც შეეხება ქართული ღვინის დაყენების ტრადიციას,

ამ დროისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში 49 ძეგლია.

 

 

ახალი კორპუსი ისტორიული სახლის ნაცვლად ვაჟა-ფშაველას 13-ში

„ამ ადგილზე რომ რაღაც უნდა აშენდეს, მე მივედი ამ პოზიციამდე ბევრი ფიქრის შემდეგ,“ – ეს ზაურ ახვლედიანმა, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ზონალური საბჭოს სხდომის შემდეგ გვითხრა. საბჭოს სხდომაზე დღეს, 3 ივლისს, ვაჟა-ფშაველას 13-ში ახალი საცხოვრებელი კორპუსის აშენების საკითხი განიხილეს. კომპანიას, რომელმაც ამ მისამართზე ისტორიული სახლი 2015 წელს დაანგრია, საბოლოო პასუხი ვერ უთხრეს, თუმცა საბჭოს წევრები უკვე მიუთითებენ სამართლებრივ მოცემულობაზე, რომლის მიხედვითაც, ძეგლის სტატუსი ვაჟა-ფშაველას 13-ს აღარ აქვს და უარის თქმის საფუძველი არ ექნებათ.

“შევამცირეთ სართულიანობა, 1800 კვადრატულ მეტრზე ვთქვით უარი, მეტი რა გავაკეთოთ?” – იკითხა სხდომაზე სოფო ნებიერიძემ, კომპანია „ბათინვესტის“ დირექტორმა. ეს კომპანია იგივე „სლავა 2015“-ია, რომელსაც სასამართლოში კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ისტორიული სახლის პირვანდელი სახით აღდგენას სთხოვდა. დაწყებული იყო გამოძიებაც, თუმცა გამოძიებას წლების გასვლის მიუხედავად არავინ დაუსჯია, ძეგლთა დაცვის სააგენტომ კი ვაჟა-ფშაველას 13-ს სტატუსი მოუხსნა… ამჯერად კომპანიამ 8-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პროექტი წარმოადგინა სააგენტოში.

„ჩანს 9 სართული, მაგრამ ეს ერთი ტექნიკური სართულია,“ – დასძინა სოფო ნებიერიძემ.

“თქვენ დაანგრიეთ ისტორიული სახლი და ნებაყოფლობით შედით კანონთან კონფლიქტში. ეს მასშტაბი არის საშინელება,” – მიმართა კომპანიის დირექტორს საზოგადოება “ბათომის” წევრმა, ნინო ინაიშვილმა.

ნინო ინაიშვილი და საზოგადოება “ბათომი” კომერციულ ინტერესში დაადანაშაულა კომპანია „ბათინვესტის“ დირექტორმა, თუმცა სხდომაზე და ვერც სხდომის შემდეგ, სოფო ნებიერიძემ ვერ დაასახელა კონკრეტული არგუმენტი, რაც „კომერციულ დაინტერესებას“ დაადასტურებდა.

„იმდენი პროექტი ვიცი, რაზეც „ბათომს“ ხმა არ ამოუღია,“ – მოკლე კომენტარით შემოიფარგლა „ბათინვესტის“ დირექტორი, როცა მას ვთხოვეთ, ერთი რომელიმე კონკრეტული პროექტი მაინც დაესახელებინა.

პროექტის პირველ ეტაპზე შეთანხმებას არც ზონალური საბჭოს წევრი, დავით ზოიძე დაეთანხმა.

“თქვენს მიერ დაქირავებული ხელოვნებათმცოდნის დასკვნა წინააღმდეგობაშია თქვენივე პროექტთან. წერია დასკვნაში, რომ არ შეიძლება კლდიაშვილის ქუჩაზე დიდი მოცულობით შემოჭრა,” – აღნიშნა დავით ზოიძემ.

“კარგით, ირგვლივ სულ 11 და 12 სართულიანი ახალი კორპუსებია,” – მიმართა საბჭოს წევრებს სოფო ნებიერიძემ.

ზონალური საბჭოს კიდევ ერთი წევრი, ზვიად ბურჭულაძის აზრით კი, კომპანიის წარმოდგენილი პროექტით არ ჩანს, რა აშენდება ვაჟა-ფშაველას 13-ში და უფრო დეტალური ესკიზი უნდა წარმოადგინოს არქიტექტორმა.

იგივე პოზიცია აქვს ამ ეტაპზე ზონალური საბჭოს თავმჯდომარე ზაურ ახვლედიანსაც.

„9 სართული, რა თქმა უნდა, მაღალია ამ ადგილზე, მაგრამ შესაძლებელია 5 სართული იყოს საშინელება. მე მინახავს 7 და 8 სართულიანი შენობები ტალინსა და რიგაში, რომელიც ძალიან ეფექტური იყო,“ – აღნიშნა მან.

ვაჟა-ფშაველას 13, ესკიზი

მიუხედავად იმისა, რომ ვაჟა-ფშაველას 13-ში დღეს სასამართლო დავა აღარ მიმდინარეობს და პროკურატურამ ისტორიული სახლის დამანგრევლების დასჯაზე უარი თქვა, რა იქნება სამართლიანი? „სააგენტოს ხელმძღვანელი, პირველ რიგში, უნდა მოქმედებდეს კანონის ჩარჩოებში, მერე მიდიხარ სასამართლოში და აგებ, რადგან რა უფლება გაქვს, რომ მოსთხოვო ორსართულიანი სახლის აღდგენა, ძეგლთა დაცვის სააგენტო ხარ და ძეგლი არ არისო,“ – გვიპასუხა ზაურ ახვლედიანმა.

„მთავარია, რომ აღდგენა მოხდეს ისტორიული კონტექსტის გათვალისწინებით,“ – ეს შოთა გუჯაბიძემ გვითხრა, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელმა, როცა ზონალური საბჭოს სხდომა დასრულდა.

ამ თემაზე:

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

 

 

 

 

 

ვინ არიან აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის ახალი კანდიდატები

დღეს დასრულდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსზე განცხადებების მიღება.

აჭარის საზოგადობრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კონკურსში 12 კანდიდატი მონაწილეობს:

ირმა ზოიძე, შოთა გურაბანიძე, დავით ჩხარტიშვილი, ფირუზ ბოლქვაძე, თინა ცისკარაძე, დავით დიასამიძე, გიორგი კოხრეიძე, ბაჩუკი ჩხეიძე, მერაბ წულუკიძე, ციალა ქათამიძე, შოთა ზოიძე და გიორგი წულაია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოში გვითხრეს, რომ კანდიდატთა სია შეიძლება დაკორექტირდეს, რადგან ელექტრონულ ფოსტაზე რამდენიმე კონკურსანტის ინფორმაცია მივიდა დაგვიანებით და ერთ საათში ზუსტად ეცოდინებათ კანდიდატების ვინაობა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსი უკვე მეორედ იმართება.  პირველ ჯერზე კონკურსი 31 მაისს გაიმართა და დირექტორის პოსტზე სულ რვა კანდიდატი განიხილებოდა, აქედან მეორე ტურში ოთხი კანდიდატი გადავიდა, თუმცა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შესძლო კონკურსში გასამარჯვებლად საჭირო რაოდენობის ხმების მოგროვება და კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

მეორე ჯერზე კონკურში მონაწილეობას იღებს ყველა კანდიდატი, რომლებიც პირველ ჯერზე მონაწილეობდნენ კონკურსში, გარდა ნათია ზოიძისა და თორნიკე მჟავანაძისა.

ნათია ზოიძემ, რომელიც ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელია, პირველი კონკურსის შემდეგ განაცხადა, რომ მრჩეველთა საბჭო არის პოლიტიკურად მოტივირებული და ამ პროცესს არაფერი აქვს საერთო იდეებთან, ღირებულებებთან და არ ეფუძნება პრობლემების მქონე თანამშრომელთა მიმართ სოლიდარობის  განცდას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა.

 

რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე არ აუღიათ დნმ-ის ანალიზი სამარხში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტისგან და კვლავ უცნობია, არასპეციალისტების მიერ გათხრილ სამარხში ნამდვილად იყვნენ თუ არა დაკრძალული 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირები.

ეს სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა და სხალთის ეპარქიამ და 150-მდე ნეშტი ამოასვენა. ეპარქია ამბობს, რომ ნეშტები 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირებისაა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, რადგან სამარხების გახსნაზე არ უმუშავიათ სპეციალისტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამთავრობო კომისიამ უნდა განიხილოს, სწორედ ესაა. ამ კითხვას შეიძლება პასუხი გასცეს ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ახალმა სამარხმა, თუმცა მასზე მუშაობა სპეციალისტებს ჯერ არ დაუწყიათ.

სამთავრობო კომისიას, რომელმაც ეს საკითხი უნდა შეისწავლოს, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. იგი ამბობს, რომ აღმოჩენილი ნეშტებიდან დნმ-ის ანალიზის აღების და არქეოლოგიური გათხრების დაწყება თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რამდენიმე მიზეზის გამო ჭიანურდება:

„ყველა ნეშტი არ იყო სწორად ამოსვენებული. ვინც გათხრები აწარმოა [სამარხები ბათუმისა და სხალთის ეპარქიამ გათხარა] ამბობენ, რომ რამდენიმე ნეშტი იყო შერეული ერთმანეთში. დაახლოებით 150 ნეშტიდან 119, შეიძლება ითქვას, არის ზუსტად დალაგებული, მაგრამ დანარჩენი არის შერეული, ამიტომაც, ჩვენ შევთანხმდით, რომ 119 ნეშტს ცალკე ჩაუტარდება ექსპერტიზა, დანარჩენის შემთხვევაში კი, მოგვიწევს ცალკე გადაწყვეტილების მიღება. დნმ-ის მასალის აღება ხდება ძირითადად ბარძაყის ძვლისაგან, სხვა ძვლები არ იქნება, ასე ვთქვათ, ინფორმაციული, თუმცა ამას საბოლოოდ ექსპერტები გვეტყვიან,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მისი თქმით, ექსპერტებმა ისიც არ იციან ზუსტად, 119-ვე ნეშტიდან იქნება თუ არა შესაძლებელი დნმ-ის აღება, მასალის ხანდაზმულობის გამო.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროსთან ხელშეკრულება უკვე დადებულია, აჭარის მთავრობა დნმ-ის ნიმუშების ასაღებად პირველ ეტაპზე 13 000 ლარს გამოყოფს სარეზერვო ფონდიდან.

რაც შეეხება ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ახალ სამარხს, რომლის გათხრაც სავარაუდოდ გასცემს პასუხს შეკითხვას – ეკუთვნის თუ არა ეს სამარხები 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირებს, მასზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. უცნობია იმ სპეციალისტების ვინაობაც, რომლებიც იმუშავებენ ამ ადგილას. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ მიმართეს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ანთროპოლოგებს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შესაბამის კათედრებს და აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სსიპებს, თუმცა სამუშაო ჯგუფი ვერ შედგება მანამ, სანამ კომისია არ მიიღებს ოფიციალურ დასტურს თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები უსაფრთხოა [ადგილი, სადაც სამარხები აღმოაჩინეს, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა, სადაც საბჭოთა წლებში რუსული ბაზა იყო და შესაძლოა იყოს დანაღმული]:

„მაშინ გათხრები ვინც აწარმოა, ის არ ფიქრობდა განსაკუთრებულად უსაფრთხოების ნაწილზე. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ, ამაზე ვიფიქროთ. სანამ საბოლოოდ არ დაგვიდასტურებს თავდაცვის სამინისტრო, რომ ტერიტორია არის უსაფრთხო და გამნაღმველი სამუშაოები დასრულებულია, მანამდე ვერ მივუშვებთ ვერც ერთ დაინტერესებულ მხარეს, რომ იქ აწარმოოს გათხრები,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

2017 წელს ამ ადგილას გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავდაცვის სამინისტროს თანხმობით აწარმოა. რატომ გაჭიანურდა თავდაცვის სამინისტროდან ახლა ნებართვის მიღება, როცა ეპარქიის პირობებში ეს სწრაფად მოხდა? – ამ კითხვაზე ზაალ მიქელაძე პასუხობს, რომ ეპარქიის შემთხვევაში შეთანხმება იურიდიულად არ გაფორმებულა:

„ჩვენ, სახელმწიფო უწყებები, ასე ვერ ვიზამთ. თავდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ 40 სანტიმეტრის სიღრმეზე ყველაფერი არის შესწავლილი და მათი თქმით, არ შეიძლება იყოს 40 სმ-ზე ღრმად რაიმე ასაფეთქებელი მასალა,  მაგრამ ჩვენ ასე ვერ მივუდგებით, განსხვავებით კერძო პირებისაგან. ჩვენ ეს გვინდა იურიდიული დასტურით, რადგან ერთია მოსაზრება და მეორე – ამის იურიდიულად დადასტურება. ის ტერიტორია უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ, არა მარტო სამარხების ამოღების თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ იქ მოხდეს სამომავლოდ ამ პირების დაკრძალვა და მუზეუმის გაკეთება“.

მინისტრი ამბობს, რომ დნმ-ის ასაღებად ექსპერტებს საშუალოდ ერთი კვირა დასჭირდებათ. თუმცა აღებული მასალის დამუშავებისთვის გაცილებით მეტი დრო იქნება საჭირო.

„დნმ-ის შედარება ხანგრძლივი პროცესია, დნმ-ის შედარების გარეშე უნდა მოხდეს დაკრძალვა, ამიტომ ვამბობ, რომ დაკრძალვა უნდა მოხდეს სამოქალაქო პანაშვიდით,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ექსპერტიზის და სპეციალისტების დასკვნების გარეშე როგორ გვეცოდინება ვის კრძალავს სახელმწიფო სამოქალაქო პანაშვიდით? – ამ კითხვას ზაალ მიქელაძე ასე პასუხობს:

„ეს [რომ სამარხები 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირებისაა] ისტორიკოსების მოსაზრებაა და არა მარტო მოსაზრება, არამედ მათი დასტური. კომისიის სხდომაზე თუ იყავით, სხდომას ესწრებოდა თბილისის ჯგუფიც, რომელიც წლებია ამ თემაზე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს არქივი, რომელ დღეს რამდენი ადამიანი იხვრიტებოდა, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეორე სამარხი. თან ძვლების გარდა აღმოჩენილი სხვა მასალებიც მიუთითებს ამაზე.“

ზაალ მიქელაძეს მხედველობაში აქვს არტეფაქტები – სამკაულები, მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც, ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ინფორმაციით, სამარხში იქნა აღმოჩენილი. კითხვაზე, ნახეს თუ არა აღმოჩენილი ნივთები ისტორიკოსებმა, ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ნახეს, თუმცა ვერ იხსენებს იმ ისტორიკოსების ვინაობას, რომლებმაც სამარხიდან ამოღებული მასალა ნახეს. „ასე სახელ-გვარებით ვერ გეტყვით, ყველას არ ვიცნობ,“ – ამბობს ის. რაც შეეხება ამ საკითხზე მომზადებულ დასკვნას, მისივე თქმით, დასკვნა დაიწერება მას შემდეგ, რაც სპეციალისტები ახალ სამარხზე იმუშავებენ.

„ბათუმელები“ არაერთ ისტორიკოსს ესაუბრა თემაზე, რამდენად სარწმუნოა, რომ სამარხში ნამდვილად დიდი ტერორის დროს დახვრეტილი პირები იყვნენ დაკრძალული. ყველა მათგანი ამბობს, რომ ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია მასალების შესწავლის გარეშე.

აჭარის სამთავრობო კომისიის პირველ სხდომას ბათუმში ესწრებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია. მან მაშინ გვითხრა, რომ სამთავრობო კომისიის შემადგენლობა არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნით.

„ამ კომისიაში დაინტერესებული მხარეები არიან მოწვეული, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, ამაში უნდა ჩაერთონ ექსპერტები, შეიძლება საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევაც. მნიშვნელოვანია ჩაერთოს შს სამინისტროს არქივი და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, ეს გახდეს მაღალი პრიორიტეტის საკითხი ხელისუფლებისთვის, რადგან თუ არ გამოიყო სათანადო რესურსი, რთული იქნება კვალიფიციურად გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა“.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი, ასევე ამბობს, რომ არსებული მასალა  არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნით, რადგან სხვა გარემოებებთან ერთად, არ შეიძლება გამოირიცხოს ისიც, რომ მასობრივი სამარხები შესაძლოა სხვა პერიოდის იყოს, რადგან 20-იანი წლებიდან მოყოლებული აჭარაში რეპრესიების რამდენიმე ტალღა იყო და გარდა ამისა, სიკვდილით სჯიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებების წევრებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხებში 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირები არიან დამარხული, ეს იქნება დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი საქართველოში.

წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე: ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა [ფოტო]

ბათუმის შემოვლითი გზის 14-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც აზიის განვითარების ბანკისა [ADB] და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში ფინანსდება, 2020 წელს უნდა დასრულდეს. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734 ლარია. გზას თურქული კომპანია „POLAT YOL & MAPA“ აშენებს.

ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე [ხელვაჩაური] მონაკვეთში აშენდება. ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს.

ხელვაჩაურიდან სარფამდე კი ახალი გზა აშენდება, რომლის დეტალური პროექტი, როგორც საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში გვითხრეს, ჯერ მზად არ არის.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა ხელვაჩაურში, სოფელ მახვილაურში / ფოტორეპორტაჟი

ბათუმის შემოვლით გზაზე 4 სატრანსპორტო კვანძი მოეწყობა. ერთ-ერთი კვანძი იქნება აქ, ფრიდონ ხალვაშის გამზირის მიმდებარედ. ბათუმის შემოვლით გზას ამ კვანძთან შეუერთდება სარფიდან მომავალი ახალი გზა, რომლის დეტალური პროექტი ჯერ არ არის, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის ხიმინჯების ფუნდამენტის მომზადება. ხელვაჩაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხელვაჩაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხიმინჯის რკინის კონსტრუქცია, ხელვაჩაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხიმინჯი, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. ხიმინჯები, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლით გზაზე 19 სახიდე გადასასვლელი გაკეთდება. ერთ-ერთი იქნება მახვილაურში. ხიმინჯები, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019, ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზა – ხიმინჯების მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზა – ხიმინჯების მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, ხიმინჯი, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზა – ხიმინჯები. სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, სოფელი მახვილაური, 3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები
ბათუმის შემოვლით გზაზე 5 გვირაბი აშენდება, ერთ-ერთია ეს გვირაბი სოფელ მახვილაურთან.  3.07.2019. ფოტო: თედო ჯორბენაძე / ბათუმელები

ამ თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

არ დაუდგენიათ, კურნავს თუ არა დიაბეტს ბუთურაულის წყალი, მაგრამ მერიამ ინფრასტრუქტურა მოაწყო

შუახევში, სოფელ ბუთურაულის წყალთან მისასვლელი ინფრასტრუქტურა მოაწყვეს. ეს ის წყალია, რომელიც რამდენიმე ადგილობრივის მტკიცებით, სამკურნალოა და დიაბეტს კურნავს. ამ წყაროსთან თუნდაც გასულ წელს ცოცხალ რიგში ადამიანები საათობით იდგნენ. მაშინ აქ ინფრასტრუქტურა არ არსებობდა, ახლა სოფლის გზიდან წყალთან ჩასასვლელი გზა მოასფალტებულია, მისასვლელ ბილიკზე კი რკინის მოაჯირებია დამონტაჟებული. გზაზე ფანჩატურიც შეგხვდებათ და უკვე დამონტაჟებული განათების ბოძებიც.

ბუთურაულის წყალთან ჩასულებს გამოკეტილი დაგვხვდა ადგილი, სადაც წყაროს წყალი სპეციალურ რეზერვუარში გროვდება. წყლის ადგილი ღობითაა შემოსაზღვრული. იქვეა ჯიხურიც, რომლის ფანჯარაზე მიწერილ ტელეფონის ნომერზე დარეკვის შემდეგ ერთი პირი მოვიდა. მან  გვითხრა, რომ წყლის ოდენობა ზაფხულობით იკლებს და ამიტომაც მას რეზერვუარში აგროვებენ. მისივე თქმით, წყლით სარგებლობა უფასოა.

რის საფუძველზე გადაწყვიტა მერიამ ბუთურაულის წყალთან მისასვლელ გზაზე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა? – „აქ ულამაზესი ბუნებაა. ტურისტულად აქტიური ზონაა და მოსახლეობის მოთხოვნიდან გამომდინარე მერიამ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება“, – გვითხრა შუახევის მერის მოადგილემ, ომარ ტაკიძემ. მისი თქმით, ბუთურაულის წყალთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის მოწყობაში 32 ათასი ლარი დაიხარჯა.

ომარ ტაკიძეს ვკითხეთ, დადგინდა თუ არა ბუთურაულის წყლის სამკურნალო თვისებების შესახებ.

„აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში გააკეთეს გამოკვლევა ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ თვისებებზე. იგი შეიცავს სამკურნალო თვისებებს, კონკრეტულად რას კურნავს, არ ვიცი,“ – ამბობს შუახევის მერის მოადგილე. ის ლაბორატორიაში გაცემული დასკვნის გაცნობას დაგვპირდა, თუმცა დასკვნა ამ დრომდე არ მოუწოდებია.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიასაც.

„ასეთი კვლევა არ ჩაგვიტარებია… არც შემოსულა წყალი საკვლევად. რომ შემოვიდეს, ჩვენ ვერ დავადგენთ წყალი სამკურნალოა თუ არა. აჭარაში ასეთი კვლევა საერთოდ არ ტარდება,“ – გვითხრა რამაზ სურმანიძემ, აჭარის სოფლის მეურნეობის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა.

სოფელი ბუთურაული, ფოტო: ბათუმელები
სოფელი ბუთურაული, ფოტო: ბათუმელები
სოფელი ბუთურაული, ფოტო: ბათუმელები
სოფელი ბუთურაული, ფოტო: ბათუმელები
სოფელი ბუთურაული, ფოტო: ბათუმელები

ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა ბათუმში მოზარდებს მასტერკლასი ჩაუტარა

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის ამერიკულ კუთხეში ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის მიკროსტიპენდიის პროგრამის (Access) მონაწილე მოზარდებს ქართული წარმოშობის ამერიკელმა მუსიკოსმა Mariami-მ მასტეკლასი ჩაუტარა. Access -ის პროგრამა ხელმისაწვდომია სოციალურად დაუცველი და დევნილი ბავშვებისთვისაც.

მუსიკოსი აშშ-ში, ნიუ-იორკში ცხოვრობს, მისი ოჯახი საქართველოდან დიდიხნის წინ წავიდა. მარიამის მუსიკა არის პოპის, ფოლკლორისა და სოულის ნაზავი. როგორც მუსიკოსმა „ბათუმელებს“ უთხრა, ის ახლა მეოთხე ალბომზე მუშაობს.

მარიამი (ბიბილური), პროგრამაში როგორც მოყვარული, ისე მონაწილეობს. ის მოზარდებს სიმღერის ტექნიკას ასწავლის, ასევე მუსიკის წერას და იმას, როგორ არ უნდა გააკეთონ პლაგიატი.

„სიმღერის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვა, რადგან სუნთქვის დროს ჟანგბადი მიეწოდება ჩვენს ორგანიზმს, მათ შორის ტვინს. თუ ტვინი 6 წუთის განმავლობაში არ მიიღებს ჟანგბადს, მისი უჯრედები იწყებს კვდომას. ამიტომ სიმღერის დროს ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჟანგბადის სწორად გადანაწილება“, – ეუბნება ის მოზარდებს.

მარიამმა მოზარდებს სწორად სუნთქვისა და ბგერების სწორად წარმოთქმის მასტერკლასი ჩაუტარა. მომღერალმა მოზარდებს საკუთარი მუსიკაც გააცნო.

ქართული წარმოშობის ამერიკელი მუსიკოსის Mariami-ს მასტერკლასი ბათუმის ამერიკულ კუთხეში
ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

მარიამი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში ხშირად ჩამოდის და ცდილობს, მეგობრებსაც გააცნოს თავისი ქვეყანა. „მე მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე, მამაჩემიც მუსიკოსია და სუხიშვილებთან აკორდეონს უკრავდა. მეც ძალიან მიყვარს ქართული ფოლკლორული მუსიკა. მე ამერიკელი მუსიკოსი ვარ, თუმცა მთელი არსებით მიყვარს ქართული კულტურა“, – გვეუბნება ის.

მარიამი ამბობს, რომ როგორც მოხალისე, ამერიკაშიც ასწავლის სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრირებულ და ლტოლვილ ბავშვებს მუსიკას და მუსიკის სიყვარულს. „მეც ემიგრანტი ბავშვი ვარ და ხშირად ვესაუბრები მათ ჩემს გამოცდილებაზე, გრძნობებზე. ლტოლვილი ბავშვები ხშირად დათრგუნული არიან და უჭირთ ადაპტირება, მე მათ ვესაუბრები როგორ უნდა განავითარონ თავიანთი უნარები ხელოვნებაში და როგორ მიაღწიონ მიზანს“.

ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

მარიამი ამბობს, რომ ნამდვილი მუსიკა არის გულიდან წამოსული და არა სახელმძღვანელოდან. „წარმატებისთვის მნიშვნელოვანია მოთმინება, მიზნის სიზუსტე და თანმიმდევრულობა. ასევე, რა თქმა უნდა, ნიჭი და განვითარება,“- გვეუბნება ის.

ინგლისური ენის ხელმისაწვდომობის სასტიპენდიო პროგრამას აშშ-ის საელჩო აფინანსებს და ახორციელებს ამერიკული ორგანიზაცია PH-International-ი. პროგრამა რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ხორციელდება.

ანტიოკუპაციური ჩიტის ბუდეები ხაშურიდან [ფოტო]

თვალახვეული ჩიტის ბუდეები ხაშურელმა რამაზ გრიგალაშვილმა დაამზადა, რომელსაც ხაშურში ოჯახური ბიზნესი აქვს. „ბათუმელებს“ მან უთხრა, რომ აინტერესებდა, როგორი რეაქცია ექნებოდათ ადამიანებს ანტიოკუპაციური ბუდეების ნახვისას და რამდენად მომგებიანი იქნებოდა ეს მარკეტინგულად.

„არ დაგვიკავშირებია მაინცდამაინც აქციისთვის, მარტო ანტისაოკუპაციო სახე მივეცით,“ – გვითხრა მან.

იგი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია და პარალელურად აქვს ხის ნაკეთობების საოჯახო ბიზნესი.

 

წითელი თვალსახვევი წარწერით – 20%, საქართველოში ახალი ანტიოკუპაციური სიმბოლო 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გახდა, რაც აქციის დარბევის შედეგად ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი. 26 ივნისს აქციაზე თბილისში ათასობით ადამიანი თვალახვეული გამოვიდა აქციაზე.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/376168/

 

გამოცდის ჩაბარებას აბიტურიენტის ნაცვლად სხვა პირი ცდილობდა – გამოცდების ეროვნული ცენტრი

დღეს, 3 ივლისს, აბიტურიენტები ზოგად უნარებში აბარებენ გამოცდას. ამ დროისთვის ორი აბიტურიენტია მოხსნილი თბილისის საგამოცდო ცენტრებიდან.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში, კონკრეტული ადამიანის ნაცვლად გამოცდაზე შესვლას სხვა პირი ცდილობდა და დაწყებულია გამოძიება, ხოლო ის აბიტურიენტი, რომლის ნაცვლადაც  გამოცდის დაწერას სხვა ცდილობდა, გამოცდიდან მოიხსნა.

მეორე შემთხვევაში აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის მიზეზი გახდა ფარულად შეტანილი მობილური ტელეფონი, „რაც მალევე  აღმოაჩინეს და აბიტურიენტი მოხსნეს გამოცდიდან,“ – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

გამოცდების ეროვნული ცენტრში გვითხრეს, რომ საგამოცდო ცენტრებში გახსნილია სამედიცინო დახმარების პუნქტები და მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

2019 წლის ეროვნულ გამოცდაზე 41 ათასამდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. წელს საქართველოს უნივერსიტეტები 41 ათასამდე სტუდენტის მიღებას აპირებენ.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 11 ქალაქში 23 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.

______________________

ფოტო: ერთიანი ეროვნული გამოცდები ბათუმში. ფოტო: „ბათუმელები“, თედო ჯორბენაძე

 

ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის გზის მონაკვეთზე მოასფალტება დასრულდა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მიმდინარე წელს დაგეგმილი სამუშაოები ყველა მუნიციპალიტეტში გეგმის მიხედვით ტარდება. ახლახანს დასრულდა ბარცხანა-ორთაბათუმი-ზედა ყოროლისთავის საავტომობილო გზის 1,35 კმ სიგრძის მონაკვეთზე ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები. სამუშაოები ამხანაგობა „P&S“-მა შეასრულა. პროექტის ღირებულება 887997 ლარია.

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ ხიდს, მოეწყო 926 გრძ.მ. რკინაბეტონის კიუვეტი დახურული ცხაურით, 44 გრძივი მეტრი ლითონის მილი და 10220 კვ/მ ასფალტობეტონის საფარი.

რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტში კვატია-ბარდნალის საავტომობილო გზის 0,25 კმ. სიგრძის მონაკვეთს, აქ სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში უკვე აშენდა 30 მ. სიგრძის ახალი ხიდი. რეაბილიტაციის და ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოებს შპს „ხელვაჩაურის საგზაო“ ასრულებს.

პროექტის ღირებულება 798 900 ლარია.

მიმდინარე წელს დეპარტამენტის ბიუჯეტიდან საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის 56 671 000 ლარი დაიხარჯება. რეაბილიტაცია ჩაუტარდება და ასფალტობეტონის საფარი მოეწყობა 53,6 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე, 114 კმ. სიგრძის საავტომობილო გზაზე მოეწყობა ბეტონის საფარი, აშენდება 15 ახალი ხიდი, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 4 არსებულ ხიდს და მოეწყობა 245 ერთეული ხელოვნური ნაგებობა.

 

Exit mobile version