მთავარი,სიახლეები

გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

05.07.2019 • 2940
გახდა თუ არა 5-მილიონიანი ტენდერების შეწყვეტის მიზეზი უარი „ატკატზე“ – მოპასუხე ბათუმის მერია 

ინდმეწარმე დავით სიჭინავას ბათუმის მერიამ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულება ისე შეუწყვიტა, რომ შესრულებული სამუშაოების ღირებულების მხოლოდ მცირე ნაწილი გადაუხადა. მერიაში ამის მიზეზად უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები და პროექტის პირობების დარღვევა დაასახელეს. დაკვეთის მიმღები კი მერიის მაღალჩინოსნების მხრიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე საუბრობს.

არაოფიციალურად ე.წ. ატკატის ოდენობაც დაასახელეს, რაც სოლიდური თანხაა: ჯამში ორი შეკვეთის 5-მილიონიანი ბიუჯეტიდან 10 პროცენტი, ანუ 500 000 ლარი დავით სიჭინავას მერიაში უნდა დაებრუნებინა. ყოფილი კონტრაქტორის წარმომადგენლების თქმით, სიჭინავას მუდმივად მიანიშნებდნენ „ურთიერთობის დალაგებას“ მერიის კონკრეტულ მაღალჩინოსანთან, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას პრობლემები შეექმნებოდა. თქვეს ისიც, რომ სიჭინავას, მოთხოვნილი თანხა – 10% უკან რომც დაებრუნებინა, მას მოგება მაინც დარჩებოდა, რადგან ტენდერის პირობები შესაბამისად იყო შედგენილი.

ამ ყველაფერთან ერთად, სიჭინავას ქვეკოტრაქტორი კომპანიის, შპს „კრისტალის“ დამფუძნებელმა, მუხრან ელიაძემ, რომელიც, როგორც თავად ამბობს, ყოფილი ძალოვანია, მერიის მაღალჩინოსანი – ქალაგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ჯემალ დაიასამიძე, ქრთამის სახით ძვირადღირებული ავტომანქანისა და 10 000 ლარის გამოძალვაში დაადანაშაულა. ჯემალ დიასამიძე მასთან საქმის გასარჩევად 27 ივნისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ზუსტად იმ დროს მივიდა, როცა სასამართლოში სიჭინავას საქმეზე მორიგი სხდომა უნდა გამართულიყო. ჯემალ დიასამიძე მუხრან ელიაძეს ჯერ სიტყვიერად დაუპირისპირდა, შემდეგ კი ფიზიკურ შეხლა-შემოხლასაც ჰქონდა ადგილი.

[red_box] ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა[/red_box]

ამ ინციდენტს პროკურატურა სწავლობს. სიჭინავას მხარემ პროკურატურას შესასწავლად გადაუგზავნა ასევე დამატებითი მასალებიც ქრთამის მოთხოვნასთან დაკავშირებით.

„ჩვენს სამუშაოთა მწარმოებელს, დავით ღუღუნიშვილს განუცხადეს, რომ მათ სიჭინავასგან მატერიალური სარგებელი უნდა მიეღოთ, მშვიდობიანად რომ გამოვსულიყავით ობიექტიდან. აქ იკვეთებოდა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები, ამიტომაც ბათუმის პროკურატურაში შევიტანეთ  განცხადება. თვალნათლივ დავინახავთ, რომ ბათუმის მერიას ხელშეკრულებების შეწყვეტის არც ერთი სამართლებრივი საფუძველი არ ჰქონდა.  ფორმალურად სხვა მიზეზებია დაფიქსირებული, მაგრამ რეალურად იქამდე მიდივართ, რომ მათ ჰქონდათ სხვა დაფარული მიზეზი ხელშეკრულების შეწყვეტისთვის. ეს დაფარული მიზეზი კი კორუფციაა“, – ამბობს სიჭინავას ერთ-ერთი ადვოკატი, მარიამ სიჭინავა.

დავით სიჭინავას თქმით, თანხის გამოძალვის მოთხოვნით მერიის თანამშრომლები მასთან არ მისულან. ასეთი საუბრების შესახებ მან ქვეკოტრაქტორებისგან გაიგო. სიჭინავას ამ თემაზე საუბარი არ სურს. ამ თემაზე საუბრისგან უკვე თავს იკავებს დავით ღუღუნიშვილიც.

„ბათუმელებმა“ პროკურატურას ჰკითხა, დაიწყო თუ არა გამოძიება „სიჭიავას საქმეზე“. უწყების ინფორმაციით, ამ საქმის მასალები კონტრაქტორმა მართლაც მიაწოდა პროკურატურას, თუმცა მათში დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, ამიტომ გამოძიება არ დაწყებულა.

საქმის ოფიციალური მხარე

2018 წლის 13 აპრილს, ერთ დღეში, ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ორი მაღალბიუჯეტიანი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანებას მოაწერა ხელი. ორივე ბათუმის კონკრეტულ უბნებში ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოებს ეხებოდა და ორივე დაკვეთას ერთი მიმწოდებელი, ინდმეწარმე დავით სიჭინავა ასრულებდა. მასთან ჯამში 5 მილიონი ლარის ღირებულების ორ ტენდერზე მერიამ ხელშეკრულება 2017 წლის დეკემბერს და 2018 წლის დასაწყისში გააფორმა – ხელშეკრულებების ვადა 2019 წლის ბოლომდე გრძელდებოდა.

დავით სიჭინავა ამტკიცებს, რომ ხელშეკრულება არამარლთზომიერად შეუწყვიტეს. შესაბამისად, ის შესრულებული სამუშაოების ღირებულების ანაზღაურებას, პირგასამტეხლოს სახით დაკისრებულ თანხას და დაკავებული საბანკო გარანტიის უკან დაბრუნებას სასამართლოს გზით ითხოვს – მისი ადვოკატების თქმით, მერიამ სიჭინავას ჯამში 1 მილიონზე მეტი ლარი უნდა გადაუხადოს.

მხარეებს შორის  ურთიერთობის დაძაბვის შემდეგ, დავით სიჭინავას  ქვეკონტრაქტორი კომპანიის, შპს „კრისტალის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ღუღუნიშვილი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა სამუშაოებს, მერიის მხრიდან ფინანსური სარგებლის მოლოდინზე ღიად საუბრობდა. მხარე ამბობდა, რომ პრობლემებს ყოფილი ვიცე-მერი თენგიზ პეტრიძე და მერიის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელი ვლადიმერ ხინთიბიძე უქმნიდნენ. იგივე განმარტება გააკეთა სიჭინავას კიდევ ერთმა ადვოკატმა ედნარ აბულაძემაც, რომელიც მერიის ყოფილი თანამშრომელია.

ვიცე-მერ თენგიზ პეტრიძეს „ბათუმელებმა“ ამ თემაზე არაერთხელ სთხოვა განმარტება, მაგრამ მან ეს არ ისურვა. ჩვენთან საუბარზე ასევე უარი თქვა ვლადიმერ ხინთიბიძემაც [„ბათუმელებმა“ ამ ტენდერთან დაკავშირებული დოკუმენტების შესწავლა ორი თვის წინ, ანუ ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე თანამდებობებზე მუშაობდნენ. ისინი პროკურატურამ 30 მაისს დააკავა და ამ ეტაპზე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან].

გონიო-კვარიათში ქუჩების მშენებლობაზე გამოცხადებული 5 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა

ტენდერი გონიო-კვარიათში 27 ქუჩის მოასფალტებაზე

დავით სიჭინავას გონიო-კვარიათის დასახლებაში 27 ქუჩის კეთილმოწყობა ევალებოდა. სიჭინავამ ხელშეკრულება ბათუმის მერიასთან ნატ ტენდერში [როცა კონკურენტები ვერ ხედავენ ერთმანეთის ფასებს] გამარჯვების შემდეგ გააფორმა.

სატენდერო პირობების მიხედვით, შესყიდვის ღირებულებად 3 მილიონ 149 738 ლარი იყო. ელექტრონულ ვაჭრობაში კიდევ ორი კომპანია – შპს „სამკუთხედი“ და შპს „გზები“ მონაწილეობდა. ინდმეწარმე დავით სიჭინავამ ფასი 2 მილიონ 519 791 ლარამდე დაწია [629 947  ლარით ნაკლები] და გამარჯვებაც მას დარჩა.

სამუშაოების დაწყებიდან ზუსტად ათ დღეში, 2017 წლის 20 დეკემბერს, დავით სიჭინავა მერიის კეთილმოწყობის სამსახურიდან წერილს იღებს – სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმერ ხინთიბიძე კომპანიას შენიშვნებს უგზავნის და სთხოვს, რომ ვალდებულებები ტექნიკური დავალებების მიხედვით შეასრულოს.

შენიშვნები ტექნიკური ხასიათისაა – სასმელი წყლის გაჟონვა, გრუნტის არასაკმარისი ტკეპნა კონკრეტულ მონაკვეთებში და ასე შემდეგ. მერია ასევე ადანაშაულებს მიმწოდებელს, რომ მან ერთ მონაკვეთში სამუშაოები ღამით, ფარულად აწარმოა ტექნიკურ ზედამხედველთან შეუთანხმებლად. პირობის მიუხედავად, რომ სამუშაოებს მხოლოდ ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ ჩაატარებდა, კომპანია მეორე დღეს ასფალტის დაგებას მაინც აგრძელებს პირობის შეუსრულებლად.

21 დეკემბერს დავით სიჭინავას კიდევ ერთ წერილს უგზავნიან ვლადიმერ ხინთიბიძის ხელმოწერით – მერიაში ეჭვი აქვთ, რომ სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით მიმდინარეობს. ამავე წერილით მერია მიმწოდებლს ხარისხის დამადასტურებელ ლაბორატორიულ დასკვნასაც სთხოვს.

კომპანია მერიას რამდენიმე ახსნა-განმარტებას 2018 წლის 5 მარტს უგზავნის, სადაც კონკრეტულ მისამართებზე შექმნილ პრობლემებს დეტალურად აღწერს და პროექტში მცირე ცვლილებას ითხოვს. კომპანია ამტკიცებს, რომ ცვლილებები საჭიროა, როგორც მოთხოვნილი ხარისხის მისაღწევად, ასევე იმისთვის, რომ ხელი არ შეშალოს მოახლოებულ ტურისტულ სეზონს.

 

დავით სიჭინავა მერიისთვის მიწერილ წერილებში დაჟინებით ამტკიცებს, რომ პროექტი ხარვეზებით არის შესრულებული და ამ პროექტით შეუძლებლია იმ შედეგის მიღწევა, რასაც მერია ითხოვს.

ბიზნესმენის ამ პრეტენზიების შესახებ მერიამ პროექტის ავტორს – „ხობი 2005“-ს მისწერა და მოსაზრების გაზიარება სთხოვა. „ხობი 2005“-მა ბრალდებები უარყო და პროექტში ცვლილების შეტანა საჭიროდ არ მიიჩნია.

შეუსრულებლობის დოკუმენტაციას მერიამ თან დაურთო დაქირავებული ტექნიკური ზედამხედველის, კობა ბასილაიას შემდეგი ახსნა-განმარტება, რომ მიმწოდებელმა სამუშაოები არასწორად აწარმოა, პროექტიდან გადაუხვია და მის მითითებებს არ დაემორჩილა. დაწერა ისიც, რომ მიმწოდებლის მიერ წარმოებულ სამუშაოებს რამდენიმე კონკრეტულ მონაკვეთზე არ ჩაიბარებდა. კობა ბასილაიამ იგივე უთხრა „ბათუმელებსაც“: „ვაფრთხილებდი, მაგრამ არ დამემორჩილა“.

ვრცელი მიმოწერის შემდეგ დავით სიჭინავა ოფიციალურად გააფრთხილეს, რომ თუ მითითებებს არ შეასრულებდა, დაიწყებოდა ადმინისტრაციული წარმოება ხელშეკრულების შეწყვეტის მიზნით.

დავით სიჭინავას ხელშეკრულება 2018 წლის 13 აპრილს შეუწყვიტეს, მიზეზად მითითებების შეუსრულებლობა, ხელშეკრულების პირობებიდან გასვლა, ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები დაასახელეს.

ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ დავით სიჭინავამ მერიის გადაწყვეტილება გაასაჩივრა. მან სასამართლოს წარუდგინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა იმის დასადასტურებლად, რომ ხარვეზიანი იყო პროექტი, რომლითაც მას გონიოსა და კვარიათში კეთილმოწყობის სამუშაოები უნდა ეწარმოებინა და ამ პროექტით ასფალტის დაგების სამუშაოების შესრულება არ იყო სასურველი.

 

თავად მერიას პროექტის ექსპერტიზა არ ჩაუტარებია, არც ტენდერამდე და არც მას შემდეგ, რაც მისი გამართულობა შემსრულებელმა ეჭვქვეშ დააყენა. მერიამ დავის წამოწყების შემდეგ ექსპერტიზის ბიუროს დავით სიჭინავას მიერ შესრულებული სამუშაოების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა და ხარისხის შესწავლა დაუკვეთა. დასკვნა მერიისთვის არც ისე სასურველი აღმოჩნდა.

ამ დასკვნის მიხედვით, მერიის ვარაუდი მხოლოდ ნაწილობრივ დადასტურდა. ექსპერტი წერს, რომ მოთხოვნილ პარამეტრებს შეესაბამება სიჭინავას მიერ გამოყენებული რკინა-ბეტონი, ხელშეკრულების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს მხოლოდ ასფალტის საფარის ზედა ფენა. აქვე ექსპერტი ვარაუდობს იმასაც, რომ შესრულებული სამუშაოების გარკვეულ ნაწილში ქვიშა-ღორღი ხელშეკრულების მოთხოვნებს შეესაბამებოდა, თუმცა გარკვეული ვადის შემდეგ ის დაიკარგა [გაიბნა].

დასკვნის ეს ნაწილი დავით სიჭინავასა და მისი კონტრაქტორისთვის ახალი ამბავი არ ყოფილა. ის ამას არც მალავდა და ამტკიცებდა, რომ ასფალტის იმ ხარისხს პროექტის შესაბამისად წარმოებული სამუშაოების მიხედვით ვერ მიაღწევდა და ცვლილებები აუცილებელი იყო. გარდა ამისა, სიჭინავა განმარტავს, რომ რამდენიმე ნაწილში სამუშაო დაუსრულებელი დარჩა და, შესაბამისად, დაზიანდა. „დაუსრულებელ გზაზე გადაადგილდებოდნენ მძიმე მანქანები, რომლებიც იქ წამოყებულ მშენებლობებს ემსახურებოდნენ. მათ გზა დააზიანეს“, – ამბობს სიჭინავა.

დავით სიჭინავას ქვეკოტრაქტორის – შპს „კრისტალის“ მიერ შესრულებულ სამუშაოებს გონიო-კვარიათის ნაწილში, ყოველდღიურად აკვირდებოდნენ მერიის დაქირავებული ზედამხედველი კობა ბასილაია და  მერიის კეთილმოწყობის სამმართველოს თანამშრომელი ბიძინა კონცელიძე,  სერგი მესხის ქუჩის ნაწილში კი – ასევე მერიის თანამშრომელი ენვერ ასამბაძე.

ზედამხედველების მოვალეობა იყო მიმდინარე სამუშაოების პროექტთან შესაბამისობის კონტროლი. ნებისმიერი გადახვევის შემთხვევაში მათ შესაბამისი რეაგირება, დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კი, სამუშაოების შეჩერების მოთხოვნის ვალდებულება ჰქონდათ.

დოკუმენტების მიხედვით, რომლებიც მერიაში ინახება, ზედამხედველებმა შესრულებული სამუშაოების ნაწილი ჩაიბარეს და მათი პროექტთან შესაბამისობა ხელმოწერითაც დაადასტურეს.

მერიაში ინახება 2018 წლის 4 იანვარს გაფორმებული გადახდის სერტიფიკატი, რომლის მიხედვითაც, სიჭინავას შესრულებული სამუშაოები ჩაუთვალეს, ჩაიბარეს და მისი ღირებულებაც გამოუთვალეს გონიო-კვარიათის ნაწილში – თანხა 372 095 ლარი მას გადაუხადეს კიდეც. დოკუმენტს ხელს აწერს კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე, ვლადიმერ ხინთიბიძე.

როგორ მოხდა, რომ მერიამ 4 იანვარს ჩაიბარა შესრულებული სამუშაოები, როცა ვლადიმერ ხინთიბიძეს ამ სამუშაოების ხარისხში 2017 წლის დეკემბერს ეჭვი შეჰქონდა და პირდაპირ წერდა, რომ სამუშაოები ტექნოლოგიური პროცესის დარღვევით მიმდინარეობს? – მერიაში გვაჩვენეს სიჭინავას მიერ წარდგენილი ლაბორატორიული დასკვნები, რაც ადასტურებს, რომ სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად შესრულდა [4 იანვრამდე პერიოდში].

მერიაში ინახება ასევე ჟურნალი, რომელსაც ყოველდღიურად აწარმოებდა მერიის მიერ დაქირავებული ზედამხედეველი კობა ბასილაია. ამ დოკუმენტებით კობა ბასილაიამ, როგორც ზედამხედველმა, სიჭინავას ქვეკონტრაქტორის მიერ წარმოებული სამუშაოები ჩაიბარა და ეს ხელმოწერით დაადასტურა.

რა დოკუმენტები ატვირთა მათუმის მერიამ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე

ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მერმა 2018 წლის 13 აპრილს გამოსცა, ლაშა კომახიძემ გადაწყვეტილება სამსახურის უფროსის მოადგილის, ვლადიმერ ხინთიბიძის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე მიიღო.

გონიო-კვარიათში ქუჩების მშენებლობაზე გამოცხადებული 5 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, რაც შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზეა ატვირთული, ვლადიმერ ხინთიბიძე ტექნიკური ზედამხედეველის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო გონიო-კვარიათის სამუშაოების ნაწილში [ამ წერილში კობა ბასილაია მხოლოდ ერთ მონაკვეთში გამოვლენილ ხავეზზე საუბრობს და ამბობს, რომ მას შემსრულებელი არ დაემორჩილა, ამიტომაც სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო, რისი უფლებაც ზედამხედველს აქვს].

სერგი მესხის ქუჩაზე ზედამხედველის მოსაზრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე ატვირთულ დოკუმენტებში არ ჩანს. ამ ქუჩასთან დაკავშირებული დოკუმენტების მიხედვით ჩნდება შთაბეჭდილება, რომ სამსახურის მოადგილემ თავად შეამოწმა სამუშაოები.

ქუჩაზე შესრულებული სამუშაოებისთვის მერიამ კომპანიას ერთი თეთრიც კი არ გადაუხადა, ისე შეუწვიტა ხელშეკრულება მაშინ, როცა ზედამხედველ ენვერ ასამბაძეს ეს სამუშაოები ჩაბარებული და ხელმოწერით დადასტურებული აქვს. სასამართლოსთვის ჩვენების მიცემისას მას შპს „კრისტალის“ მიერ შესრულებული სამუშაოების მიმართ ერთი პრეტენზიაც კი არ დაუსახელებია.

სერგი მესხი ქუჩის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა მერიის იურისტმა ვახტანგ გედენიძემაც აღიარა. ის დაეთანხმა ამ ქუჩაზე შესრულებული სამუშაოების ანაზღაურებისთვის მერიას 139 226 ლარის გადახდა დაეკისროს. ის ასევე დაეთანხმა გონიო-კვარიათის ნაწილში შესრულებული სამუშაოებზე 113 478 ლარის გადახდას. სხვა მოთხოვნებს კი არ დაეთანხმა.

რა მოხდა სერგი მესხის ქუჩის მოასფალტებისას

სერგი მესხის ქუჩის კეთილმოწყობით სამუშაოებზე [რაც ძირითადად ასფალტის საფარის დაგებას გულისხმობდა] ბათუმის მერიამ ტენდერი 2018 წლის 5 იანვარს გამოაცხადა. ღირებულება 3 მილიონ 511 647 ლარი იყო. თანხა დავით სიჭინავამ 2 მილიონ 737 000 ლარამდე დაწია [ 700 000 ლარით ნაკლები]. ამ დროისთის დავით სიჭინავასა და მერიას შორის გონიო-კვარათის ტენდერის გამო პრობლემები დაწყებული, თუმცა გამწვავებული არ იყო.

ხელშეკრულების დადებიდან მალევე, 2 მარტს, სიჭინავამ მერიისგან შენიშვნებით სავსე წერილი ისევ მიიღო.

სიჭინავასთვის ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება ამ შემთხვევაში მერიამ ისე მიიღო, რომ  დავით სიჭინავას ქვეკონტრაქტორმა ამ ქუჩაზე ასფალტის დაგების სამუშაოების დაწყებაც კი ვერ მოასწრო.

ბათუმის მერის, ლაშა კომახიძის განმარტება

„ცხრა თავი ვის აქვს“ – ასე პასუხობს ბათუმის მერი ლაშა კომახიძე  ბრალდებას მერიიდან ფინანსური სარგებლის მიღების მოლოდინზე. მისი თქმით, ხელშეკრულების შეწყვეტის საკითხი „ვიღაცის კაპრიზების საფუძველზე“ ვერ გადაწყდება და ყველა საპასუხო დოკუმენტაცია მერიაში არსებობს. მისივე განმარტებით, ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებთან დაკავშირებით, რომელსაც ინდმეწარმე დავით სიჭინავა ასრულებდა, მომზადებული იყო მოხსენებითი ბარათები, სადაც დეტალურად იყო აღწერილი, რომ დავით სიჭინავა ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულდებდა ან ასრულებდა არაჯეროვნად და პროექტის დარღვევით: „ასეთი მოხსენებითი ბარათები არ მზადდება მხოლოდ ერთი პირის მოსაზრებებზე დაყრდნობით და მერიის თანამშრომლები პროცესს ყოველდღიურად აკონტროლებდნენ.“

ლაშა კომახიძის ინფორმაციით, მიმწოდებლის მიმართ პრეტენზიები ჰქონდა ამ ქუჩებზე მცხოვრებ მოსახლეობასაც: „ისინი მადლობას გვიხდიდნენ იმისთვის, რომ შევწყვიტეთ კონტრაქტი დავით სიჭინავასთან, რადგან ისინი თავიანთი თვალით უყურებდნენ, თუ როგორ სრულდებოდა სამუშაოები.“

რატომ ვერ მოახერხა მანამდე თეთრ სიაში რეგისტრირებულმა კომპანიამ ბათუმის მერიასთან „ურთიერთობის დალაგება“, რაზეც ასევე მერიის თანამშრომელები მიუთითებდნენ, ამის გარკვევას ახლა სასამართლო ცდილობს.

ამ მონაკვეთებზე მერიამ ტენდერი განმეორებით გამოაცხადა და უკვე სხვა კომპანია ასრულებს სამუშაოებს.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: