მთავარი,სიახლეები

რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში

03.07.2019 •
რა გააკეთა მთავრობამ სამარხებში ნეშტების აღმოჩენიდან 3 თვის განმავლობაში

ორ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც აჭარის მთავრობამ შექმნა კომისია ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილი სამარხების შესასწავლად, თუმცა ამ დრომდე არ აუღიათ დნმ-ის ანალიზი სამარხში აღმოჩენილი 150-მდე ნეშტისგან და კვლავ უცნობია, არასპეციალისტების მიერ გათხრილ სამარხში ნამდვილად იყვნენ თუ არა დაკრძალული 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირები.

ეს სამარხები 2017 წელს გათხარა ბათუმისა და სხალთის ეპარქიამ და 150-მდე ნეშტი ამოასვენა. ეპარქია ამბობს, რომ ნეშტები 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს აჭარაში დახვრეტილი პირებისაა, თუმცა ოფიციალურად ეს ინფორმაცია ჯერ დაუდასტურებელია, რადგან სამარხების გახსნაზე არ უმუშავიათ სპეციალისტებს. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამთავრობო კომისიამ უნდა განიხილოს, სწორედ ესაა. ამ კითხვას შეიძლება პასუხი გასცეს ამავე ტერიტორიაზე აღმოჩენილმა ახალმა სამარხმა, თუმცა მასზე მუშაობა სპეციალისტებს ჯერ არ დაუწყიათ.

სამთავრობო კომისიას, რომელმაც ეს საკითხი უნდა შეისწავლოს, ზაალ მიქელაძე ხელმძღვანელობს, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი. იგი ამბობს, რომ აღმოჩენილი ნეშტებიდან დნმ-ის ანალიზის აღების და არქეოლოგიური გათხრების დაწყება თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე რამდენიმე მიზეზის გამო ჭიანურდება:

„ყველა ნეშტი არ იყო სწორად ამოსვენებული. ვინც გათხრები აწარმოა [სამარხები ბათუმისა და სხალთის ეპარქიამ გათხარა] ამბობენ, რომ რამდენიმე ნეშტი იყო შერეული ერთმანეთში. დაახლოებით 150 ნეშტიდან 119, შეიძლება ითქვას, არის ზუსტად დალაგებული, მაგრამ დანარჩენი არის შერეული, ამიტომაც, ჩვენ შევთანხმდით, რომ 119 ნეშტს ცალკე ჩაუტარდება ექსპერტიზა, დანარჩენის შემთხვევაში კი, მოგვიწევს ცალკე გადაწყვეტილების მიღება. დნმ-ის მასალის აღება ხდება ძირითადად ბარძაყის ძვლისაგან, სხვა ძვლები არ იქნება, ასე ვთქვათ, ინფორმაციული, თუმცა ამას საბოლოოდ ექსპერტები გვეტყვიან,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მისი თქმით, ექსპერტებმა ისიც არ იციან ზუსტად, 119-ვე ნეშტიდან იქნება თუ არა შესაძლებელი დნმ-ის აღება, მასალის ხანდაზმულობის გამო.

ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ სამხარაულის ბიუროსთან ხელშეკრულება უკვე დადებულია, აჭარის მთავრობა დნმ-ის ნიმუშების ასაღებად პირველ ეტაპზე 13 000 ლარს გამოყოფს სარეზერვო ფონდიდან.

რაც შეეხება ბათუმის #3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე აღმოჩენილ ახალ სამარხს, რომლის გათხრაც სავარაუდოდ გასცემს პასუხს შეკითხვას – ეკუთვნის თუ არა ეს სამარხები 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირებს, მასზე მუშაობა ჯერ არ დაწყებულა. უცნობია იმ სპეციალისტების ვინაობაც, რომლებიც იმუშავებენ ამ ადგილას. ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ მიმართეს ისტორიკოსებს, არქეოლოგებს, ანთროპოლოგებს, ბათუმის შოთა რუსთაველის უნივერსიტეტის შესაბამის კათედრებს და აჭარის განათლების სამინისტროს დაქვემდებარების ქვეშ მყოფ სსიპებს, თუმცა სამუშაო ჯგუფი ვერ შედგება მანამ, სანამ კომისია არ მიიღებს ოფიციალურ დასტურს თავდაცვის სამინისტროსგან, რომ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები უსაფრთხოა [ადგილი, სადაც სამარხები აღმოაჩინეს, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა, სადაც საბჭოთა წლებში რუსული ბაზა იყო და შესაძლოა იყოს დანაღმული]:

„მაშინ გათხრები ვინც აწარმოა, ის არ ფიქრობდა განსაკუთრებულად უსაფრთხოების ნაწილზე. ჩვენ, როგორც სახელმწიფო, ვალდებული ვართ, ამაზე ვიფიქროთ. სანამ საბოლოოდ არ დაგვიდასტურებს თავდაცვის სამინისტრო, რომ ტერიტორია არის უსაფრთხო და გამნაღმველი სამუშაოები დასრულებულია, მანამდე ვერ მივუშვებთ ვერც ერთ დაინტერესებულ მხარეს, რომ იქ აწარმოოს გათხრები,“ – გვითხრა ზაალ მიქელაძემ.

2017 წელს ამ ადგილას გათხრები ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ თავდაცვის სამინისტროს თანხმობით აწარმოა. რატომ გაჭიანურდა თავდაცვის სამინისტროდან ახლა ნებართვის მიღება, როცა ეპარქიის პირობებში ეს სწრაფად მოხდა? – ამ კითხვაზე ზაალ მიქელაძე პასუხობს, რომ ეპარქიის შემთხვევაში შეთანხმება იურიდიულად არ გაფორმებულა:

„ჩვენ, სახელმწიფო უწყებები, ასე ვერ ვიზამთ. თავდაცვის სამინისტრო გვეუბნება, რომ 40 სანტიმეტრის სიღრმეზე ყველაფერი არის შესწავლილი და მათი თქმით, არ შეიძლება იყოს 40 სმ-ზე ღრმად რაიმე ასაფეთქებელი მასალა,  მაგრამ ჩვენ ასე ვერ მივუდგებით, განსხვავებით კერძო პირებისაგან. ჩვენ ეს გვინდა იურიდიული დასტურით, რადგან ერთია მოსაზრება და მეორე – ამის იურიდიულად დადასტურება. ის ტერიტორია უფრო ღრმად უნდა შევისწავლოთ, არა მარტო სამარხების ამოღების თვალსაზრისით, არამედ იმისთვისაც, რომ იქ მოხდეს სამომავლოდ ამ პირების დაკრძალვა და მუზეუმის გაკეთება“.

მინისტრი ამბობს, რომ დნმ-ის ასაღებად ექსპერტებს საშუალოდ ერთი კვირა დასჭირდებათ. თუმცა აღებული მასალის დამუშავებისთვის გაცილებით მეტი დრო იქნება საჭირო.

„დნმ-ის შედარება ხანგრძლივი პროცესია, დნმ-ის შედარების გარეშე უნდა მოხდეს დაკრძალვა, ამიტომ ვამბობ, რომ დაკრძალვა უნდა მოხდეს სამოქალაქო პანაშვიდით,“ – ამბობს ზაალ მიქელაძე.

ექსპერტიზის და სპეციალისტების დასკვნების გარეშე როგორ გვეცოდინება ვის კრძალავს სახელმწიფო სამოქალაქო პანაშვიდით? – ამ კითხვას ზაალ მიქელაძე ასე პასუხობს:

„ეს [რომ სამარხები 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირებისაა] ისტორიკოსების მოსაზრებაა და არა მარტო მოსაზრება, არამედ მათი დასტური. კომისიის სხდომაზე თუ იყავით, სხდომას ესწრებოდა თბილისის ჯგუფიც, რომელიც წლებია ამ თემაზე მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს არქივი, რომელ დღეს რამდენი ადამიანი იხვრიტებოდა, ამიტომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მეორე სამარხი. თან ძვლების გარდა აღმოჩენილი სხვა მასალებიც მიუთითებს ამაზე.“

ზაალ მიქელაძეს მხედველობაში აქვს არტეფაქტები – სამკაულები, მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც, ბათუმისა და სხალთის ეპარქიის ინფორმაციით, სამარხში იქნა აღმოჩენილი. კითხვაზე, ნახეს თუ არა აღმოჩენილი ნივთები ისტორიკოსებმა, ზაალ მიქელაძე ამბობს, რომ ნახეს, თუმცა ვერ იხსენებს იმ ისტორიკოსების ვინაობას, რომლებმაც სამარხიდან ამოღებული მასალა ნახეს. „ასე სახელ-გვარებით ვერ გეტყვით, ყველას არ ვიცნობ,“ – ამბობს ის. რაც შეეხება ამ საკითხზე მომზადებულ დასკვნას, მისივე თქმით, დასკვნა დაიწერება მას შემდეგ, რაც სპეციალისტები ახალ სამარხზე იმუშავებენ.

„ბათუმელები“ არაერთ ისტორიკოსს ესაუბრა თემაზე, რამდენად სარწმუნოა, რომ სამარხში ნამდვილად დიდი ტერორის დროს დახვრეტილი პირები იყვნენ დაკრძალული. ყველა მათგანი ამბობს, რომ ამის გადაჭრით თქმა შეუძლებელია მასალების შესწავლის გარეშე.

აჭარის სამთავრობო კომისიის პირველ სხდომას ბათუმში ესწრებოდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია. მან მაშინ გვითხრა, რომ სამთავრობო კომისიის შემადგენლობა არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნით.

„ამ კომისიაში დაინტერესებული მხარეები არიან მოწვეული, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, ამაში უნდა ჩაერთონ ექსპერტები, შეიძლება საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევაც. მნიშვნელოვანია ჩაერთოს შს სამინისტროს არქივი და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, ეს გახდეს მაღალი პრიორიტეტის საკითხი ხელისუფლებისთვის, რადგან თუ არ გამოიყო სათანადო რესურსი, რთული იქნება კვალიფიციურად გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა“.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის“ მკვლევარი, ირაკლი ხვადაგიანი, ასევე ამბობს, რომ არსებული მასალა  არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნით, რადგან სხვა გარემოებებთან ერთად, არ შეიძლება გამოირიცხოს ისიც, რომ მასობრივი სამარხები შესაძლოა სხვა პერიოდის იყოს, რადგან 20-იანი წლებიდან მოყოლებული აჭარაში რეპრესიების რამდენიმე ტალღა იყო და გარდა ამისა, სიკვდილით სჯიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებების წევრებსაც.

იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხებში 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირები არიან დამარხული, ეს იქნება დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი საქართველოში.

წაიკითხეთ ვრცლად ამ თემაზე: ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: