მთავარი,სიახლეები

რატომ ვდგავარ „ხუთკაციან“ საპროტესტო აქციაზე ბათუმში

03.07.2019 • 3236
რატომ ვდგავარ „ხუთკაციან“ საპროტესტო აქციაზე ბათუმში

20 ივნისს საპროტესტო აქციის დარბევის შემდეგ, თბილისში პარლამენტის წინ  აქციები არ წყდება. ყოველდღე, საღამოს 19:00 საათზე, დემონსტრანტები იკრიბებიან და შს მინისტრის გადადგომის მოთხოვნით მშვიდობიან აქციებს მართავენ.

რამდენიმე დღეა საპროტესტო აქციები ბათუმშიც იმართება. სამოქალაქო აქტივისტების ჯგუფი სოლიდარობის აქციას პოლიტიკური აქტორების გარეშე მართავს. ბათუმში მიმდინარე აქციებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ არ ესწრება, რადგან პოლიტიკოსები გაანაწყენა პირველ აქციაზე გამოტანილმა ბანერმა – „სისხლიანი 9+7 წელი“, რითაც აქციის მონაწილეებმა ტოლობის ნიშანი დასვეს ყოფილ და ამჟამინდელ ხელისუფლებას შორის.

ფეისბუქში პერიოდულად  აქტივისტების მისამართით იწერება ირონიული და დამცინავი კომენტარები – „ხუთკაციანი აქცია“, „აუ რამდენი ხართ?“, „მაგათ საქმე არ აქვთ“, რითაც პროტესტის შინაარსის დაკნინებას ცდილობენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი თუნდაც „ხუთკაციან“ აქციაზე დგომა და თანმიმდევრული, გააზრებული და მშვიდობიანი პროტესტი საერთო მიზნის მისაღწევად?

მარიეტა იობიძე და ნათია კაპანაძე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი

მარიეტა იობიძე, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი:  „აქციაზე ყოველ დღე გამოვდივარ, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი არ გვიერთდება, ჰგონიათ, რომ ვერაფერს შევცვლით და ძალიან გული შემტკივა ხალხის ამგვარ დამოკიდებულებაზე. მაგრამ მე არ მინდა, რომ ისეთ საქართველოში ვცხოვრობდე, სადაც ხელისუფლება ძალადობრივად ებრძვის მოქალაქეებს.

ბევრი დაგვცინის რაოდენობაზე, თუმცა, მჯერა, რომ ბრძოლას აქვს შედეგი და ხვალ ან ზეგ ჩვენსას მივაღწევთ. ხელისუფლება იცვლება, მმართველები მიდიან და მოდიან, ჩვენ კი – ხალხი, ვრჩებით. ამიტომაც არის საჭირო, რომ გამოვიდეთ და გავერთიანდეთ.

დღეს პროტესტის მე-14 დღე იყო და რასაკვირველია, ხალხი შემცირდა. თუმცა ვინც გამოვდივართ, არ ვაპირებთ გაჩერებას და სხვადასხვა ტაქტიკით, პერფორმანსებით შევახსენებთ ხელისუფლებას, რომ გვაქვს პროტესტის განცდა და ის რაც ხდება, მარტო თბილისსა და თბილისელებს არ ეხება. ეს გვეხება ყველას, ყველა მოქალაქეს. თუ ვიფიქრებთ, რომ ვერაფერს შევცვლით, ბრძოლას აზრი არ აქვს, ვიცხოვრებთ ჭაობში, დავემსგავსებით რუსეთს და არც სახელმწიფოს და არც ერთ მოქალაქეს არანაირი წინსვლა არ ექნება და ასე მდორედ გავყვებით ცხოვრებას და დავხუჭავთ ყველაფერზე თვალს“.

თამარ მამეიშვილი
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

თამარ მამეიშვილი, „დემოკრატიის სკოლის“ კოორდინატორი ბათუმში: „ ამ აქციამ აჩვენა ის, რომ შეუძლია იყოს ძალიან ხალხმრავალი, ძალიან თანმიმდევრული, კრიტიკულიც და პროგრესულიც.

ამიტომ დამოკიდებულება, რომ „ხუთკაციანი აქციია“, არ მოქმედებს ჩვენზე. ისტორიას ახსოვს თითო ადამიანებიც, რომლებმაც გადაარჩინეს ქვეყანა. ამიტომ თუნდაც მცირე რაოდენობის ადამიანების დგომასაც აქვს დიდი მნიშვნელობა. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ეროვნულ ღირსებას, რაც იყო ამ აქციების საფუძველი და ვფიქრობთ, რომ ვინც ჩვენი ეროვნული ღირსება შელახა, უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

ვერ წარმომიდგენია პოლიტიკურად გაკოტრებული პოზიციიდან როგორ უნდა გააგრძელოს გიორგი გახარიამ ისეთი მნიშვნელოვანი უწყების მართვა, როგორც შს სამინისტროა.

არც უსაქმური ვარ, როგორც ზოგიერთი წერს ფეისბუქში, პატარა შვილი მყავს, ვმუშაობ და პარალელურად დაკავებული ვარ საოჯახო საქმეებით, თუმცა ძალიან დაქანცულიც მოვდივარ და ბოლომდე ასე ვიქნები“.

გიორგი თებიძე
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

გიორგი თებიძე, აქტივისტი. ის 20 ივნისის თბილისში აქციის დარბევის დროს ხელში დაიჭრა.

„ამის მიუხედავად არ ვწყვეტ აქციებში მონაწილეობას. ახლა ბათუმში ვარ და ვაპირებ ყოველ საღამოს მოვიდე, სანამ მიზანი არ იქნება საბოლოოდ მიღწეული.

ის ტროლები და ბოტებიც, ვინც ამ აქციებს დასცინის და რამდენიმეკაციან ეძახის, დაინახავენ, რომ თუ გვინდა ერთხელ და სამუდამოდ შევქმნათ დემოკრატიული საზოგადოება, ხუთი ადამიანი იქნება თუ ხუთასი, ყველას აზრი უნდა იყოს გათვალისწინებული. როცა საქმე საქმეზე მიდგება, ის ხალხიც ვინც სახლში ზის, გამოვა. პირველმა და მეორე დღემ აჩვენა, რომ უფრო მეტნი ვართ, ვიდრე ჰგონიათ და თუ რაოდენობა უნდათ, ეს რაოდენობაც კარგად გამოჩნდა თავისუფლების მარშზე, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი არ არის რაოდენობა ვაფიქსიროთ, მთავარია მიზანი იყოს მიღწეული“.

ქეთევან ფოტოვა
ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ქეთევან ფოტოვა, აქტივისტი:  „აქციაზე შვილთან ერთად მოვედი და კიდევ ვაპირებ მოსვლას. გვინდა ამით სოლიდარობა გამოვუცხადოთ თბილისში მიმდინარე აქციებს და ვაჩვენოთ სხვებსაც, რომ თუნდაც ხუთი ან ათი ადამიანის პროტესტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ გაჩუმებას და უმოქმედობას ნამდვილად სჯობს გამოხატოს თავისი პოზიცია თუნდაც ადამიანების მცირე ჯგუფმა, როცა ქვეყანაში  ასეთი მოვლენები მიმდინარეობს. როცა ქვეყანას და ეროვნულ საქმეს სჭირდება, ყველამ უნდა გადავდოთ თუნდაც 15 წუთი და გამოვიდეთ.  შეიძლება ხელისუფლებას აქვს იმედი, რომ დროთა განმავლობაში ეს ადამიანები დაიღლებიან, მაგრამ აუცილებელია ყოველდღიური პროტესტი. იქნებ გახარია დაიღალოს და წავიდეს“.

დღეს, 3 ივლისს, ევროპის მოედანზე აქტივისტებმა ქართველი მწერლებისა და საზოგადო მოღვაწეების თვალახვეული ფოტოები გამოფინეს. ასევე, გამოფენილი იყო ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, ვინც საბჭოთა რეპრესიებმა იმსხვერპლა.

_____________________________________________________________________________

რა მოხდა?

19-20 ივნისს საქართველოში დაგეგმილი იყო მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის სესია. ასამბლეის პრეზიდენტი რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვია, რომელიც აღნიშნულ სესიას 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან რუსულ ენაზე გაუძღვა. “ევროპული საქართველოსა” და “ნაციონალური მოძრაობის” პროტესტის შედეგად ღონისძიება ჩაიშალა და რუსეთის დელეგაცია იძულებული გახდა, დაეტოვებინა საქართველო.
20 ივნიის თბილისში გავრილოვის საქართველოში მოწვევასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები. აქციაზე მოითხოვეს შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაურის გადადგომა, ასევე საპარლამენტო არჩევნების ჩატარება 2020 წელს პროპორციული სისტემით.
ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა აქციის მონაწილეებს პარლამენტის შენობაში შესვლისა და მისი დაკავებისკენ მოუწოდა. ხელისუფლებამ რამდენიმე საათში ძალის გამოყენებით დაარბია საპროტესტო აქცია. შედეგად დაშავდა 240-დე ადამიანი, მათ შორის, 80-მდე სამართალდამცავი. აქციაზე დაშავებულმა ორმა ადამიანმა დაკარგა თვალი.
დარბევის შემდეგ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ზაქარია ქუცნაშვილმა კი თქვა, რომ ტოვებს დეპუტატის მანდატს. აქციის მონაწილეებს ეს საკმარისად არ მიაჩნიათ და პროტესტს აგრძელებენ. მათი ნაწილი მიიჩნევს, რომ ბრძოლა უნდა გააგრძელონ პოლიტიკოსების გარეშე.
თბილისში მიმდინარე მოვლენები “ანტირუსულ პროვოკაციად” შეაფასა რუსეთის ხელისუფლებამ და საქართველოსთან 8 ივლისიდან ავიამიმოსვლას აუქმებს, ასევე, რუსეთის დუმის დეპუტატები მოქალაქეებს ქართული პროდუქციისა და კურორტების ბოიკოტისკენ მოუწოდებენ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: