კულტურული მემკვიდრეობა,მთავარი,სიახლეები

ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

22.04.2019 • 3753
ვაჟა-ფშაველას #13 – აქ დანგრეული ძეგლის ნაცვლად კორპუსის აშენებას აპირებენ

შპს „ბათ ინვესტი“ ვაჟა-ფშაველას #13-ში რვასართულიანი კორპუსის მშენებლობას გეგმავს. ეს ის კომპანიაა, რომელსაც ამავე მისამართზე ორსართულიანი ძეგლის სტატუსის მქონე შენობის დანგრევის გამო პროკურატურაში ედავებოდნენ. კომპანიამ მხოლოდ სახელი და დირექტორი შეიცვალა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროისთვის ტერიტორიას ძეგლის სტატუსი აღარ აქვს, სამშენებლო პროექტს ძეგლების საბჭო აღარ განიხილავს.

„ბათ ინვესტმა“ ამჯერად პროექტის შესათანხმებლად კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალურ საბჭოს მიმართა. ვიდრე მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში განიხილავენ, პროექტი ზონალურმა საბჭომ უნდა შეითანხმოს.

პროექტის რენდერი / სახლი რომელიც ვაჟა-ფშაველას 13-ში უნდა აშენდეს

კულტურული მემკვიდრების სააგენტოს კომპანიასთან თანამშრომლობის არც თუ ისე კარგი გამოცდილება აქვს. სააგენტო კომპანიას ძეგლის დანგრევის გამო პროკურატურაში უჩიოდა, კომპანიამ კი სააგენტოს წინააღმდეგ სარჩელით სასამართლოს მიმართა მშენებლობის ნებართვის მიღებაზე უარის გამო.

ამ დროისთვის ორივე პროცესი შეწყვეტილია. ამის მიზეზი კი, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს საბჭოს გადაწყვეტილებაა, რომლითაც საბჭომ ვაჟა-ფშაველას #13-ს ძეგლის სტატუსი მოუხსნა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს უფროსის მოადგილის, ოლეგ ბოლქვაძის ინფორმაციით, სასამართლო პროცესი შეწყდა იმ მოტივით, რომ კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ძეგლის სტატუსი მოუხსნა ვაჟა-ფშაველას #13-ს:

„ჩვენ კომპანია გვიჩიოდა და გვთხოვდა მშენებლობის ნებართვას, მაგრამ რადგან სტატუსი მოიხსნა, მშენებლობის ნებართვის გაცემა ჩვენი კომპეტენციიდან გავიდა. გაიხმო კომპანიამ სარჩელი უკან და შეიტანა ბათუმის მერიაში პროექტი ნებართვის მიღების მოთხოვნით, რომელიც გადმოგზავნილია ჩვენთან, ზონალურ საბჭოზე განსახილველად.“

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ზონალური საბჭო ვაჟა-ფშაველას 13-ში სამშენებლო პროექტს, სავარაუდოდ, მომავალ სხდომაზე განიხილავს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერ ჩანიშნული არ არის.

ახალი დირექტორი სოფო ნებიერიძე ამტკიცებს, რომ კომპანიას შენობა არ დაუნგრევია და ის თავისთ ჩამოინგრა. იგივეს ამბობდა ყოფილი დირექტორიც, რასაც კატეგორიულად უარყოფენ პროცესის თვითმხილველები, არსებობს ფოტომასალაც, სადაც კარგად ჩანს, შენობაზე შემოვლებული ღობის შიგნით კომპანიის ტექნიკა მისი ჩამონგრევის მომენტში.კომოანიაში კი განმარტეს, რომ სახლი კომპანიამ მხოლოდ მისი ჩამონგრევის შემდეგ დაანგრია ,  რაც სამხარეულის ექსპერტიზის დასკვნა მიიღეს, რომ „ ის უკვე საშიში იყო. “

ნანგრევები ვაჟა-ფშაველას 13 ნომერში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ადგილას

კომპანიამ ისე გადახადა სახლს სახურავი, რომ მას არც დემონტაჟის და არც ახალი მშენებლობის თანხმობა არ ჰქონდა. ნათია ნებიერიძე ამ საკითხთან დაკავშირებით განმარტავს, რომ კომპანიას ზეპირი შეთანხმებები ჰქონდა. თუმცა, ასეთი შეთანხმება კომპანიას სამუშაოების დაწყების უფლებას არ აძლევს. სახლის დანგრევის შემდეგ კომპანია აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ 10 000 ლარით დააჯარიმა ძეგლის ხელყოფისთვის და პროკურატურაში უჩივლა.

ვაჟა-ფშაველას #13 / ფოტო არქივიდან

ვაჟა-ფშაველას #13 / ფოტო არქივიდან

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: