მთავარი,სიახლეები

კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

20.02.2019 • 1450
კაცმა $18 ათასისთვის დეიდაშვილი გაიტაცა – ნაფიცი მსაჯულების პირველი საქმე ბათუმში

“არა”- სამივე ბრალდებულმა ერთნაირად უპასუხა მოსამართლეს კითხვაზე: “ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”

საუბარია “მძევლად ხელში ჩაგდების საქმეზე”. შემთხვევა გასული წლის დეკემბერში მოხდა.

“ხომ არ არის აქ ის პირი, ვინც გაიტაცეს ან მისი ახლობელი?”- ჩვენს ამ შეკითხვას პროცესის დაწყებამდე დარბაზში გაღიზიანება მოჰყვა.

“როგორ გაბედავდა აქ მოსვლას,”- გვითხრეს ბრალდებულების ახლობლებმა.

ვიდრე მოსამართლე დარბაზში შემოვიდოდა, ახლობლებმა ასევე გვითხრეს, რომ გატაცებული პირი – გიგა ბ. ერთ-ერთი ბრალდებულის – რეზო ბ.-ს დეიდაშვილია და ნასესხებ ფულს – 18 ათას ამერიკულ დოლარს გიგა 6 წლის განმავლობაში შეგნებულად არ აბრუნებდა.

“უცხოეთშია ახლა გაქცეული,” – დასძინეს ბრალდებულების ახლობლებმა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ყველაზე დიდი დარბაზი დღეს, 20 თებერვალს სრულად გაივსო. ბრალდებულების ახლობლების ნაწილმა პროცესზე დასწრება დარბაზის შევსების გამო ვერ მოახერხა.

მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძემ თავდაპირველად ბრალის არსი გააცნო ამ საქმეზე დაკავებულ სამივე პირს. პროკურატურის დადგენილების მიხედვით, მძევლად ხელში ჩაგდების ამბავი ქობულეთის ერთ-ერთ ქუჩაზე 20 დეკემბერს იწყება:

რეზო მ. შეხვდა გიგა ბ.-ს და თანხის – 18 ათასი ამერიკული დოლარის დაბრუნება მოსთხოვა. გიგამ მას უთხრა, რომ ფული არ ჰქონდა და ვალს ვერ უბრუნებდა.

იმავე დღეს რეზო მ. ორ მეგობართან ერთად შეხვდა გიგას და მანქანაში ჩაჯდომა აიძულა.

საქმის მასალების მიხედვით, დაზარალებულად ცნობილი გიგა ბ. ბრალდებულებმა თავდაპირველად შუახევში, სოფელ ნენიაში წაიყვანეს, ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძის სახლში. დაზარალებულის ცოლს ბრალდებულებმა ნენიიდან დაურეკეს და უთხრეს, რომ ქმარს ვეღარ ნახავდა, თუკი 18 ათას დოლარს ვერ იშოვიდა.

გამოძიების ვერსიით, გატაცებულს ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებდნენ და მას დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება არ ჰქონდა.

მეორე დღეს გატაცებული ქობულეთში წაიყვანეს ისევ ახლობლის სახლში, მესამე დღეს კი, გიგა ბ. ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე ნაქირავებ ბინაში მიიყვანეს.

24 დეკემბერს ერთ-ერთ ბრალდებულს, ირაკლი დ.-ს შეხვდა გატაცებული კაცის ცოლი და მას 900 ლარი გადასცა. ამ ბრალდებულს გამოძიება ახლა ძარცვის მუხლითაც ედავება, რადგან დაზარალებულის ცოლი ამბობს, რომ შეხვედრის დროს მას ძვირადღირებული მობილური ტელეფონი “აიფონი” წაართვეს.

24 დეკემბერს გატაცებული გიგა ბ.-ს ცოლმა პოლიციას მიმართა. 25 დეკემბერს სამართალდამცველებმა კობალაძის ქუჩაზე ბინაში გამოკეტილი გიგა იპოვეს. იმავე დღეს ამ საქმეზე სამი პირი დააკავეს.

“მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევაა,” – მიმართა მოსამართლეს ადვოკატმა დავით ჩავლეიშვილმა. მისი თქმით, ბრალდებულები დააკავეს და 26 დეკემბერს სოფელ ნენიაში საგამოძიებო ექსპერიმენტში მიაღებინეს მონაწილეობა. დაკავების ოქმი კი ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ გაფორმდა.

“ყველაფერი ჩატარდა კანონის სრული დაცვით… ეს საკითხი სააპელაციოშიც გასაჩივრდა და გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ,” – თქვა პროკურორმა რამაზ შავაძემ.

წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლება ითხოვეს ბრალდებულებმაც.

“რა შუაში ვარ, მე, უბრალოდ, გავყევი… სამსახური მაქვს,” – უთხრა მოსამართლეს ნიკოლოზ მ.-მ. ის ერთადერთია ბრალდებულებს შორის, რომელიც დასაქმებულია. ბრალდებულებს ნასამართლობის სტატუსი არ აქვთ.

მოსამართლემ სამივე ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ბრალდებისა და დაცვის მხარემ დასაშვებად მიიჩნია ყველა მტკიცებულება, თუმცა სადავოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ მოსამართლე ნაფიც მსაჯულებთან ერთად მოწმეების ჩვენებებს მოისმენს.

ნაფიც მსაჯულებზე არჩევანი დღევანდელ სხდომაზე თავად ბრალდებულებმა გააკეთეს.

მოსამართლემ ბრალდებულებს განუმარტა, რომ მორიგ სხდომაზე ნაფიცი მსაჯულების კანდიდატებს შემთხვევითობის პრინციპით თავად პროკურორი და ადვოკატები ერთად შეარჩევენ.

ბათუმის სასამართლოში ეს პირველი შემთხვევაა, როცა საქმეს ნაფიცი მსაჯულები განიხილავენ. საამისოდ დარბაზი 2016 წლიდან მზადაა, თუმცა არც ერთ ბრალდებულს აქამდე მსაჯულთა ინსტიტუტი არ აურჩევია.

“კანდიდატების შესარჩევი სხდომა 28 მარტს გაიმართება,” – თქვა მოსამართლემ და სასამართლოს დარბაზიდან გავიდა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: