მთავარი,სიახლეები

ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

16.05.2019 • 6845
ნაპოვნი სამარხებით გაღვიძებული ტკივილი – დიდი ტერორის 1050 მსხვერპლი აჭარიდან

1938 წლის იანვარია ბათუმში, საღამო.

რუსთაველის ქუჩაზე, ორ ოთახში, განათლების განყოფილების თანამშრომელი ხასან გოგიტიძე ცხოვრობს 20 წლის ცოლთან, ასიკოსთან და შვილებთან ერთად. უფროსი შვილი წლის და ოთხი თვისაა, უმცროსი – სამი თვის.

ხასანი ეს-ეს არის დაბრუნდა სახლში და ტყავის პორტფელი კართან დადო. ოჯახი სავახშმოდ ემზადება. ვახშმის შემდეგ თეატრში მიდიან, ასიკომ საგანგებოდ ამ დღისთვის მანიკიურიც კი გაიკეთა. ბათუმის დრამატული თეატრი დღეს „სამშობლოს“ წარმოადგენს.

მაგრამ დღეს გოგიტიძეები თეატრში ვერ წავლენ. იანვრის ეს საღამო სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას. სულ მალე კარზე დააკაკუნებენ, ოთახში ორი კაცი შემოვა და ხასანს ეტყვიან, რომ დაკითხვაზე იბარებენ.

ეს ამბავი ხასან გოგიტიძის შვილიშვილმა, ქეთევან გოგოტიძემ გვიამბო. ბაბუა მას მხოლოდ ფოტოზე უნახავს. იანვრის ამ საღამოს შესახებ მან ბებიის, ასიეს მოგონებებიდან იცის, რომელსაც ასაკით მასზე 14 წლით უფროსი ქმარი სიყვარულით ასიკოს ეძახდა.

იანვრის იმ საღამოს ხასან გოგიტიძემ ცოლს უთხრა, ნუ გეშინია, არაფერი დამიშავებია, დღეს სახლში დავბრუნდებიო და კარი გაიხურა. ასიკომ იმ ღამეს ბევრი იტირა, მეორე დღეს კი კარზე ისევ დააკაკუნეს და ახალგაზრდა ქალს ბინის დატოვება უბრძანეს. იგი ქობულეთში, მშობლების სახლში წაიყვანეს ძმებმა შვილებთან ერთად.

ქეთევან გოგიტიძის ოჯახში დღესაც ინახება ახმედისა და ასიეს ფოტო. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

34 წლის ხასან გოგიტიძე 1938 წლის 23 იანვარს დახვრიტეს, თუმცა ამის შესახებ ასიეს არაფერი გაუგია. თითქმის 20 წლის შემდეგ მან მიიღო ცნობა, რომ ხასან გოგიტიძე უდანაშაულო იყო და რეაბილიტირებულია.

ასიე 81 წლის ასაკში გარდაიცვალა. ყველაზე მეტად იმ პერიოდის გახსენება უყვარდა, როგორ ცხოვრობდა თავის საყვარელ ქმართან ერთად ბათუმში, რა ბედნიერი იყო მაშინო – ჰყვება ქეთევან გოგიტიძე.

ფოტო გოგიტიძეების ფოტოალბომიდან. ფოტოზე ამოჭრილია 1937-38 წლებში რეპრესირებული ადამიანები.

გოგიტიძეების ოჯახში, ისევე როგორც სხვა, ასობით ოჯახში აჭარაში, 2019 წლის აპრილში გაცოცხლდა მოგონება 1937-1938 წლებში დახვრეტილი ადამიანების შესახებ. 5 აპრილს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნებულმა ცნობამ, რომ ნაპოვნია ბათუმში 1937-1938 წლებში დახვრეტილ პირთა ოთხი სამარხი, ააღელვა ის ადამიანები, რომელთა წინაპრებს რეპრესიები შეეხო.

სამარხში აღმოჩენილი ნეშტი. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ეპარქიის მიერ გავრცელებულ ცნობას თან ახლდა ფოტომასალა, რომელზეც ჩანდა ადამიანის ჩონჩხები და ტყვიით გახვრეტილი თავის ქალები. ინფორმაციაში აღნიშნული იყო, რომ ნაპოვნია 150-მდე ნეშტი, თუმცა ფოტოსურათებს თან ახლდა ისტორიკოს რამაზ სურმანიძის მიერ დამუშავებული სია, რომელშიც 630 ადამიანის სახელი, გვარი და დახვრეტის თარიღი იყო მითითებული. მოგვიანებით ეპარქიამ გამოაქვეყნა კიდევ ერთი, 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირთა 1050-კაციანი სია, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) შეადგინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით.

ნატყვიარები თავის ქალაზე. ფოტო: ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია

ეპარქიამ გამოაცხადა ნეშტების დაკრძალვის თარიღი და ადგილიც – 21 აპრილი, ბათუმის #3 სამხედრო ბაზა – იქ, სადაც ნეშტები იქნა აღმოჩენილი. თუმცა ინფორმაციას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გაჩნდა კითხვები:

  • საიდან ვიცით, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლებში რეპრესირებულ პირებს ეკუთვნის?
  • იყვენენ თუ არა გათხრებში ჩართული სპეციალისტები?
  • რატომ არ ტარდება დნმ ექსპერტიზა?

როცა კითხვები სულ უფრო ხმამაღლა გაისმა, აჭარის მთავრობამ საკითხის შესასწავლად საგანგებო კომისია შექმნა. ითქვა, რომ სამხარაულის ეროვნული ექსპერტიზის ბიურო დნმ-ს ჩაატარებდა და საკითხს სპეციალისტები შეისწავლიდნენ.

150-მდე ნეშტი ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის სარდაფში ასვენია. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

მეტიც, ჯერ ისიც არ არის დადგენილი, საერთო სამარხებიდან ნამდვილად 1937-38 წლების რეპრესიების დროს დახვრეტილი ადამიანების ნეშტებია ამოღებული თუ არა, რადგან 2017 წელს, სამარხების გათხრის პროცესში სპეციალისტები ჩართული არ ყოფილან. შესაბამისად, არ არსებობს კომპეტენტური სპეციალისტების დასკვნა, რომ სამარხებში ნამდვილად დიდი ტერორის წლებში, აჭარაში დახვრეტილი პირების ნეშტებია. ეს ვერსია მხოლოდ ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის განცხადებას ემყარება და ასევე, ზეპირ გადმოცემებს იმის შესახებ, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე რეპრესიების დროს დახვრეტილ პირებს მარხავდნენ.

მინდორი, სადაც სამარხები იპოვეს, ბათუმში, ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზეა და აქ შესვლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს ნებართვითაა შესაძლებელი. ეპარქიამ ამ ტერიტორიაზე გათხრები თავდაცვის სამინსიტროს ნებართვით ჩაატარა.

სამხედრო ბაზა ბათუმში, სადაც სამარხები აღმოაჩინეს. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ამ ტერიტორიაზე სამარხი რომ იყო, ჯერ კიდევ 70-იან წლებში იცოდა ზურაბ ჯიხაძემ, რომელიც ცეცხლფარეშად მუშაობდა საბჭოთა ჯარის სამხედრო ბაზაზე.

„ტანკის სამრეცხაოს აკეთებდნენ 1978 წელს და ამოვიდა ძვლები. ცოტა შევეწინააღმდეგე და მითხრეს – ისინი ხალხის მტრები იყვნენო. 1937 წელს, როცა ხალხი დახვრიტეს, ამ ადგილას იყო თხმელას გაუვალი ტყე, ბარდნარი. მერე აშენდა სამხედრო ნაწილი“, – გვიამბო 82 წლის ზურაბ ჯიხაძემ.

გათხრების პროცესში ჩართული იყო იღუმენია სიდონია დარჩია. მან ჩვენს კითხვებს წერილობით გასცა პასუხი. კითხვაზე, ვინ მუშაობდა გათხრებზე, იღუმენიამ გვიპასუხა, რომ გათხრებს აწარმოებდა ეპარქიის წარმომადგენლებისგან შემდგარი ჯგუფი და მათ შეძლებისდაგვარად დახმარებას უწევდნენ ისტორიული და სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები.

მისივე თქმით, სამარხების სიღრმე დაახლოებით ორი მეტრი იყო. პირველი სამარხიდან ეპარქიის ჯგუფმა 36 ადამიანის ნეშტი ამოასვენა, მეორე სამარხიდან – 30, მესამედან – 43, მეოთხე სამარხიდან კი – 27 ნეშტი. სამარხებზე მუშაობა 2017 წლის 2 აგვისტოს დასრულებულა. მას შემდეგ ნეშტები ეკლესიის სარდაფშია დასვენებული.

„სამარხში ნეშტები უწესრიგოდ იყო განლაგებული. ხელები ყველას ჰქონდა ზურგს უკან შეკრული. ყველა თავის ქალას აღენიშნებოდა ტყვიის კვალი კეფის არეში. დახვრეტილთა შორის ქალებიც არიან. სამარხში აღმოჩენილი ნივთები, კერძოდ, XX საუკუნის 30-იანი წლების საბჭოთა მონეტები ცხადყოფს, რომ ეს სამარხი ეკუთვნოდათ საბჭოთა მოქალაქეებს.

სამარხში აღმოჩენილ მონეტებზე იკითხება თარიღი – 1936 და 1935.

სამარხებში არ აღმოჩნდა არც ერთი სამხედრო ნივთი, დაღუპულებს სამოქალაქო ფეხსაცმელი და ტანსაცმელი ეცვათ. გარდა ამისა, აღმოჩენილია გულსაკიდი ჯვარი, ქალის ბეჭედი და აბადოკი. გათხრების შესახებ ადგილობრივი მთავრობა საქმის კურსში გახლდათ. აგრეთვე, თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილი იყო გამნაღმველთა ჯგუფი, რომელმაც ტერიტორია გაასუფთავა. კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებიც ყოველი სამუშაო დღის ანგარიშს იბარებდნენ და ადგენდნენ ოქმებს“, – მოგვწერა იღუმენია სიდონიამ.

ამ ტერიტორიაზე აღმოჩნდა სამარხები. ადგილი ახლა მოსწორებულია, მიწას ტრაქტორის ნაკვალევი ემჩნევა. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ისტორიკოსი ირაკლი ხვადაგიანი, რომელიც წლებია საბჭოთა წარსულს იკვლევს, ამბობს, რომ ჯერჯერობით ნაადრევია იმის თქმა, რომ ამოღებული ნეშტები ნამდვილად 1937-1938 წლებში, დიდი ტერორის დროს დახვრეტილებს ეკუთვნით და ამის დამადასტურებელი ვერ იქნება მხოლოდ სამარხში ნაპოვნი მონეტები:

„ჩვენ არ ვიცით, სად იყო ეს მონეტები აღმოჩენილი, ეს იყო ზედაპირზე თუ ნამარხებთან. რაც შეეხება ჭრილობის [ნატყვიარების] კვალს, ესეც გასარკვევია რამდენს აქვს, ასევე მნიშვნელოვანია [ტყვიის გასროლის] ტრაექტორია. თითოეული სამარხი უნდა ნახოს კრიმინალისტმა, რომელსაც აქვს შესაბამისი კომპეტენცია და შეუძლია თქვას, რა ტიპის ჭრილობაა ეს, რა იარაღიდან და ა.შ.

პროკურატურამ უნდა დაიწყოს გამოძიება, როგორც წესი და რიგია. ნამარხების ამოღებაზე უნდა იმუშაონ არქეოლოგებმა, სრულფასოვნად უნდა ჩატარდეს ეს პროცესი, დოკუმენტირებით, აზომვებით, ფოტოფიქსაციით და ა.შ. იქვე შეიძლება მოეწყოს საველე ლაბორატორია, რომ ეს ნამარხები ადგილზევე, ზედმეტი დაზიანებისა და ტრანსპორტირების გარეშე შეისწავლონ, იქვე უნდა იმუშაონ კრიმინალისტებმა და სამედიცინო ექსპერტებმა. მთელი ის ინფორმაცია, რაც გათხრის მომენტიდან დასრულებამდე შეგროვდება და გაანალიზდება, იძლევა რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული დასკვნის გაკეთების საშუალებას.“

ისტორიკოსის განმარტებით, არ შეიძლება გამოირიცხოს ის გარემოება, რომ მასობრივი სამარხები შესაძლოა არა 1937-38 წლების, არამედ სხვა პერიოდის იყოს, რადგან აჭარაში რეპრესიების რამდენიმე ტალღა იყო:

გასული საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს, როცა ზემო აჭარაში, ანტირელიგიურ კამპანიას და ძალდატანებით კოლექტივიზაციას მოჰყვა რეპრესიები;

1924 წელს ბათუმთან ახლოს დახვრიტეს წინააღმდეგობის მოძრაობის წევრები;

რეპრესიული მანქანა მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დროს და მის შემდეგაც, სტალინის სიკვდილამდე და ხრუშჩოვის „დათბობამდე“, როცა ხვრეტდნენ ცალკეულ ადამიანებსა და ჯგუფებს და სასიკვდილო განაჩენი სისრულეში მოჰყავდათ ბათუმის შემოგარენში. ასევე, სიკვდილით სჯიდნენ კრიმინალურ დაჯგუფებებსაც.

„ყველა შემთხვევაში საინტერესო და მნიშვნელოვანია გავერკვეთ, რასთან გვაქვს საქმე, რა პერიოდია და რისი მსხვერპლი გახდნენ ეს ადამიანები“, – ამბობს ირაკლი ხვადაგიანი. მისივე თქმით, ამის დადგენა შეუძლებელია, თუ სამარხებს პროფესიონალები არ შეისწავლიან.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კლდიაშვილი, რომელიც პროფესიით ისტორიკოსია და საქართველოსა და უცხოეთის არქივებში მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს, სამარხების საკითხზე შექმნილი სამთავრობო კომისიის წევრია. მან გვითხრა, რომ სამთავრობო კომისიის შემადგენლობა არ არის საკმარისი იმის დასადასტურებლად, რომ სამარხი ნამდვილად 1937-1938 წლების რეპრესიების მსხვერპლთ ეკუთვნით.

„ამ კომისიაში დაინტერესებული მხარეები არიან მოწვეული, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საკმარისი, ამაში უნდა ჩაერთონ ექსპერტები, შეიძლება საერთაშორისო სპეციალისტების მოწვევაც. მნიშვნელოვანია ჩაერთოს შს სამინისტროს არქივი და არა მხოლოდ ადგილობრივი, არამედ ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების წარმომადგენლები. მნიშვნელოვანია, ეს გახდეს მაღალი პრიორიტეტის საკითხი ხელისუფლებისთვის, რადგან თუ არ გამოიყო სათანადო რესურსი, რთული იქნება კვალიფიციურად გავაგრძელოთ ამ საკითხზე მუშაობა“, – გვითხრა მან.

ბევრ შეკითხვას პასუხი შეიძლება გასცეს სამარხმა, რომელიც იგივე ტერიტორიაზეა აღმოჩენილი, სადაც დანარჩენი ოთხი სამარხი გათხრა ეპარქიამ 2017 წელს. სამთავრობო კომისიის ხელმძღვანელმა, ზაალ მიქელაძემ გვითხრა, რომ ჯერ აქ თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, გამნამღმველებმა უნდა იმუშაონ, შემდეგ კი არქეოლოგიური გათხრები დაიწყება, ამჯერად უკვე – პროფესიონალების ჩართულობით.

ეს ახალი სამარხია, რომელიც ახლა უნდა გაითხაროს. ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ბათუმში კიდევ რამდენიმე ადგილია, სადაც შესაძლოა რეპრესირებულ პირთა ნეშტები აღმოჩნდეს. აჭარაში საზოგადოება „მემორიალის“ ხელმძღვანელი ზურაბ ზაქარიაძე ამბობს, რომ ერთ-ერთი ასეთი ადგილია ყოფილი სამთავრობო აგარაკი სალიბაურში, რომელსაც ადრე „ბერიას აგარაკს“ ეძახდნენ. გადმოცემის თანახმად, აქ მიმდინარეობდა დაკითხვები 1937-1938 წლებში და აქვე ხვრეტდნენ ადამიანებს.

ისტორიკოსი რამაზ სურმანიძე, ავტორი წიგნისა – „ტრაგედია ბათუმში. 1937-1938 წლები“, ამბობს, რომ რეპრესირებულთა კიდევ ერთი მასობრივი სამარხია, სავარაუდოდ, ბათუმში, ადლიაშიც:

„არის მიტოვებული, დაჭაობებული ადგილი, იქნება დაახლოებით 2500 მეტრი, არავინ ეკარება, ადლიაში იციან, რომ სამარხია იქ. წლების წინ აქ შევხვდი ჩემს ძველ მასწავლებელს, ხასან ხალვაშს, რომელმაც მითხრა, ხიხაძირიდან სპეციალურად ჩამოვსახლდი აქ, მითხრეს, მამაშენი აქ დამარხეს დახვრეტის მერეო და აქ ვიყიდე სახლი, მის საფლავთან ახლოს მაინც რომ ვყოფილიყავიო.“

იმ შემთხვევაში, თუ კი დადასტურდება, რომ ბათუმში აღმოჩენილ სამარხებში 1937-1938 წლებში რეპრესირებული პირები არიან დამარხული, ეს იქნება დიდი ტერორის დროს დახვრეტილთა პირველი მასობრივი სამარხი საქართველოში.

სამარხების საკითხის შესასწავლად შექმნილი სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა უკვე გაიმართა, თუმცა განხილვის მთავარი საკითხი ამ სხდომაზე ნეშტების დაკრძალვის თარიღი და ადგილმდებარეობა იყო. ეპარქია მიიჩნევს, რომ ნეშტები მალე უნდა დაიკრძალოს იმავე ტერიტორიაზე, სადაც აღმოჩენილი იქნა სამარხები და ამ ადგილას მუზეუმი და მემორიალი უნდა გაკეთდეს.

2017 წელს სამარხების გათხრაში ჩართული არ ყოფილან აჭარაში მცხოვრები მუსლიმი თემის წარმომადგენლები, რამაც ისინი გაანაწყენა, რადგან აჭარაში 1937-1938 წლებში დახვრეტილთა დიდი ნაწილი მუსლიმი იყო და მათ შორის იყვნენ მუსლიმი სასულიერო პირებიც.

განხილვის თემაა ისიც, ერთად დაიკრძალება თუ არა სამარხში ნაპოვნი ნეშტები, რადგან 1937-1938 წლებში დახვრეტილების ზოგიერთ შთამომავალს სურს მისი წინაპრის ნეშტი საგვარეულო სასაფლაოზე გადაიტანოს.

მათ შორისაა ახმედ მეკეიძე. მას სახელი ბაბუის, ახმედ მეკეიძეს პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც 1936 წელს, 26 წლის ასაკში გახდა რეპრესიების მსხვერპლი. ახმედ მეკეიძე ბავშვი იყო, როცა კითხვაზე, რატომ არ ჰყავდა მას ბაბუა, უფროსებმა უპასუხეს, რომ ბაბუა ახმედი ბათუმის ციხეშია. ათი წლის იყო, როცა გაიგო, სად იყო ბათუმის ციხე, მიდიოდა ბიძაშვილთან ერთად და მთელი ხმით ეძახდა, რომ მისთვის ხმა მიეწვდინა. „მთელი ცხოვრება ვეძებდი, ყველა დიდ ციხეში, სადაც შევძელი, ვიკითხე მისი სახელიო“, – იხსენებს იგი.

რეპრესირებულთა ისტორიები

ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ ეძებდა 10 წლის ბიჭი თავის დაკარგულ ბაბუას.

Posted by ბათუმელები • Batumelebi.ge on ოთხშაბათი, 22 მაისი, 2019

„8 აპრილს ვნახე სიაში ბაბუას გვარი. ბებიები რომ ტიროდნენ და მათ თვალებზე ცრემლები იყო, მათი ტირილით ვიტირე მე. ხომ არასდროს მინახავს, მაგრამ უნახავს ვტირი. მინდა მას პატივი მივაგო, მისი მიწა ვაღირსო“, – გვითხრა ახმედ მეკეიძემ.

რამდენად იქნება ნეშტების იდენტიფიცირება შესაძლებელი ისე, რომ მან და სხვა ადამიანებმა, რომელთაც საკუთარი წინაპრის საგვარეულო სასაფლაოზე გადასვენების სურვილი აქვთ, უცნობია. ჯერ უნდა გაირკვეს, ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთა ნეშტები ბათუმის ღვთისმშობლის ეკლესიის სარდაფში ასვენია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: