მთავარი,სიახლეები

სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

26.01.2019 • 11823
სად გაივლის გონიო-კვარიათი-სარფში ახალი გზა – დეპარტამენტის პასუხი

სად გაივლის კონკრეტულად ჭოროხი-სარფის ახალი საავტომობილო გზა? – ამ კითხვას პასუხს ამ დრომდე არ სცემს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. ზოგიერთი მესაკუთრის თქმით კი, ბოლო რამდენიმე წელია, მათ ბათუმის მერიაში მშენებლობის ნებართვაზე უარს სწორედ დაგეგმილი გზის მშენებლობის გამო ეუბნებიან. ამ ადამიანების ნაკვეთები ბათუმში, ძირითადად, ივანე მესხის ქუჩაზე და მის მიმდებარედ [ბათუმის შემოვლითი გზის დაბოლოება მდინარე ჭოროხთან], ასევე გონიო-კვარიათში მდებარეობს.

„ბათუმელებს“ გზების დეპარტამენტში არაოფიციალურად უთხრეს, რომ კონკრეტული მარშრუტი რომც იყოს ცნობილი, თუ სად გაივლის ახალი გზა, ვერ გააჟღერებენ იქედან გამომდინარე, რომ დაცული იქნას მესაკუთრის უფლება, ანუ მშენებლობის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონება არ გახდეს ვაჭრობის საგანი – შემდგომში მეტი სარგებლის [კომპენსაციის] მიღების მიზნით.

„თუ კონკრეტულ მესაკუთრეს აინტერესებს მის ნაკვეთს ეხება თუ არა დაგეგმილი მშენებლობა, პირადად უნდა მიმართოს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების განყოფილებას წერილობით. და თუ რაიმე დაზუსტებული ინფორმაცია ექნებათ კონკრეტულ ნაკვეთთან დაკავშირებით, აუცილებლად მიიღებენ პასუხს“, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში. ეს ეხება როგორც ბათუმის [მათ შორის გონიო-კვარიათის], ასევე ხელვაჩაურის [გონიო-სარფის] მცხოვრებლებს.

„გონიოდან არის მომართვები. რუკის შესაბამისად ხდება საავტომობილო გზების დეპარტამენტთან შეთანხმება. მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დეპარტამენტიდან მიღებული წერილის საფუძველზე მიიღება“, – გვითხრეს ბათუმის მერიაში.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მდინარე ჭოროხიდან სარფის მიმართულებით ახალი გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი 2018 წლის ოქტომბერში განიხილეს. თუმცა, „ბათუმი-სარფის მიმართულების“ რამდენიმე ვარიანტიდან ჯერ კიდევ არ არის შერჩეული ის ოპტიმალური ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დეტალური პროექტი მომზადდება.

ანუ, ოფიციალური ინფორმაციით, გზის აღნიშნული მონაკვეთის პროექტირება ამ დროისთვის დაწყებული არ არის. შესაბამისად უცნობია, თუ კონკრეტულად რომელ ნაკვეთებზე გაივლის ახალი გზა; განსახლების დოკუმენტზე მუშაობა კი პროექტირების დასრულების შემდეგ დაიწყება.

– – – – – – –

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 15 იანვარს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა ტრანსევროპული სატრანსპორტო ქსელის (TEN-T) საინვესტიციო გეგმა, სადაც ის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტებია თავმოყრილი, რომლებიც უკავშირდება ამ ქსელს. მათ შორის არის ბათუმის ასაქცევი-სარფის [თურქეთის საზღვარი] გზის მონაკვეთიც.

ამ გეგმასთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და საქართველოს მთავრობამ გაავრცელეს განცხადება, რომ ევროკავშირმა საქართველოს გამოუყო 3,4 მილიარდი ევრო ამ პროექტების დასაფინანსებლად [ამ ინფორმაციით ბათუმის გზაგამტარი 115 მილიონი ევროთი დაფინანსდება]. თუმცა, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ეს ინფორმაცია არ იყო სწორი, ანუ უშუალოდ ევროკავშირს აღნიშნულ გეგმაში დასახელებული პროექტების სრულად დასაფინანსებლად თანხა არ გამოუყვია.

ამ თემაზე: რა შეეშალა პრემიერ ბახტაძეს – ევროკავშირის მიერ €3,4 მილიარდის გამოყოფა არ დასტურდება

„ბათუმელების“ სტატიას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო წერილობით გამოეხმაურა, რომლითაც დასტურდება, რომ ევროკავშირს 3,4 მილიარდი ევრო მართლაც არ გამოუყვია, თუმცა, ხასგასმულია ამ გეგმის მნიშვნელობა დამატებითი ინვესტიციების მოსაზიდად.

„აღნიშნული ფინანსური რესურსი დაიხარჯება, როგორც ევროკავშირის, ასევე მისი საფინანსო ინსტიტუტების, მათ შორის საერთაშორისო საინვესტიცო ინსტიტუტების და თავად პარტნიორი ქვეყნების მხრიდნაც… ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმა გახლავთ მნიშვნელოვანი ბერკეტი და გზავნილი, იმისთვის, რომ მასში წარმოდგენილ პროექტებში, ევროკავშირის და მისი საფინანსო ინსტიტუტების გარდა, დამატებით მოზიდულ იქნას ინვესტიციები“, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.

ჭოროხი-სარფის მონაკვეთში ახალი გზის მშენებლობას სავარაუდოდ, აზიის განვითარების ბანკი დააფინანსებს, რაც აღნიშნულია კიდეც ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ გეგმაშიც. საავტომობილო გზების დეპარტამენტის პროექტების ჩამონათვალშიც დონორად აზიის განვითარების ბანკია მითითებული. როგორც გზების დეპარტამენტში გვითხრეს, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, გზა ორზოლიანი იქნება თუ ოთხზოლიანი.

ჭოროხი-სარფის გზის მშენებლობის სავარაუდო ღირებულება თავიდან 100 მილიონი აშშ დოლარით იყო განსაზღვრული, პროექტირება 2017 წლის მაისამდე უნდა დასრულებულიყო; 2020 წლის გაზაფხულზე კი მშენებლობის დასრულებაც იგეგმებოდა.

ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და „ამ პროექტით აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.“ – აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ამავე თემაზე: 

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

მთავარი ფოტო: ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილება / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: