მთავარი,სიახლეები

ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

27.06.2019 • 2628
ჩხუბი ქუჩაში – მშენებელი ამბობს, რომ მერიის თანამშრომელი მანქანას და 10 000 ლარს სთხოვდა

დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ, ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს უფროსის მოადგილე ჯემალ დიასამიძე და ერთ-ერთი მშენებელი – მუხრან ელიაძე ერთმანეთს ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი  ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მუხრან ელიაძის კომპანია მერიის ერთ-ერთ ტენდერის ფარგლებში გონიო-კვარიათში ასფალტს აგებდა. მერიამ ამ ტენდერის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა და არც შესრულებული სამუშაოების თანხა გადაიხადა სრულად.

ამ ტენდერთან დაკავშირებით მხარემ სასამართლოში იჩივლა, დღეს მორიგი სხდომა გაიმართა. ამ სხდომაზე დასასწრებად მუხრან ელიაძე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა, რა დროსაც  ინციდენტი მოხდა.

ფაქტს „ბათუმელები“ ადგილზე შეესწრო, თუმცა მერიის თანამშრომელი ჯემალ დიასამიძე ინციდენტს უარყოფს. „არაფერი, არაფერი ინციდენტი არ მომხდარა, არანაირი ინციდენტი არ მომხდარა. რა კონფლიქტი მქონდა? – არანაირი. მე თქვენ გეუბნებით არანაირი ინციდენტი არ ყოფილა-მეთქი. თუ დაინახეთ გცოდნიათ და მე რატომ მეკითხებით. არაფერი მომხდარა, კარგად ბრძანდებოდეთ“, – გვითხრა მან და ტელეფონი გამორთო.

განმარტების გაკეთება არც ბათუმის მერიაში ისურვეს.

მუხრან ელიაძე ინტერვიუზე დაგვთანხმდა და გვითხრა, რომ საქმე ეხება მერიის თანამშრომლის მხრიდან ქრთამის მოთხოვნას.

ბატონო მუხრან, თქვენსა და მერიის თანამშრომელ ჯემალ დიასამიძეს შორის რა მოხდა, რატომ იჩხუბეთ. თქვენ ინციდენტის შემდეგ ქრთამი ახსენეთ…

დიახ, მაგ ბიჭმა დამიბარა სამსახურში და მანქანა მომთხოვა. [საუბარია 30 000 დოლარად ღირებულ ავტომანქანაზე ] ჩემი ერთადერთი მინუსია ამ თემაში, რომ მე მივედი როგორც სამსახურებრივ საქმეზე. შაბათი დღე იყო და მეთქი რაღაც-რაღაც პროექტებთან დაკავშირებით დამიძახა. მითხრა დახმარება მსურსო.

მანქანა როგორ მოგთხოვათ, რა ფორმულირება გაუკეთა წინადადებას – მაჩუქეთო?

ჩვენს შორის მაშინ იყო დაძაბული მდგომარეობა, პრობლემები. მერია ჩვენთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში და რაღაც – რაღაც დაინტერესებებში იყო. დაგეხმარებით მაგ სიტუაციის დალაგებაშიო.

თუ მანქანას მაჩუქებთო?

ჰო, რა თქმა უნდა. მე ვუთხარი ეგ არ გამოვა, ჯერ ერთი ის მანქანა არის ჩემი პარტნიორის-თქო, ჩემი რომ იყოს არ არის პრობლემა-მეთქი. ჯერ ერთი რას მიკეთებ მაგისას, რა უნდა გამიკეთო, გამორიცხულია-მეთქი. მერე ვუთხარი წავალ და გიყიდი-მეთქი.

მართლა აპირებდით ყიდვას?

ხო.

იმის ნაცვლად, რომ მოგვარდებოდა პრობლემები და არ შეწყდებოდა ხელშეკრულება მერიასა და ინდმეწარმე დავით სიჭინავას შორის [ზემოთ ხსენებული შეწყვეტილი ტენდერის გამარჯვებული დავით სიჭინავა იყო, მუხრან ელიაძის კომპანია კი ქვეკონტრაქტორი]?

ხო, ამაზე ძალოვნებთან იყო საუბარი, მან იუარა. ასე არ იყოო. ეს შინაურული მოლაპარაკება იყოო.

ძალოვნებს თქვენ ესაუბრეთ?

ხო, იყო რაღაც-რაღაცეები, ფაქტის დადგენა, რა თქმა უნდა, გამორიცხული თემა იყო, იმიტომ, რომ  ჩანაწერი არ მქონდა მაგის და არაფერი არ მქონდა. მე ისეთ მოულოდნელ სიტუაციაში მივედი. ისეთი მდგომარეობა იყო, რომ მომზადებული არ ვიყავი. არც ჩანაწერი არსებობდა, არც არაფერი და ვერ დავამტკიცებდი მაგ სიტუაციას. აზრიც არ ჰქონდა, თორემ მე რომ ეს მცოდნოდა, მას რა გათვლაც ჰქონდა მომზადებული მივიდოდი მაგასთან, მაგრამ ვერ წარმომედგინა, რომ მაგისთვის მიბარებდა.

შემდეგ რა მოხდა? 

ამის შემდეგ მე და მაგ პიროვნებას შორის ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მიგზავნიდა ვიღაც-ვიღაცებს, გამიკეთა მოლაპარაკება. ფულის თემა იყო, ითხოვდა 10 000 ლარს. დედამისს უნდა ჩაბარებულიყო ეგ თანხა. ეს საუბრები უკვე ჩემთან აღარ იყო, იყო ძირითადად ჩემს პარტნიორსა და მის ნათესავს შორის. მისი ნათესავი მუშაობდა ჩემთან. მისი ალალი მამიდაშვილი, რომელიც ჩემი დეიდაშვილია. მაგ სიტუაციებს შორის მოყვა ის, რომ წავიდა ჩემგან [სამსახურიდან]. რამდენიმე დღის უკან გავუგზავნე მაგას ვაიბერზე, რომ ჩვენი სიტუაციები მართლდება რაღაც-რაღაცეები და სიმართლე არ დაიკარგება და სიმართლე იჩენს თავს-მეთქი. აუცილებლად ბიძაშენს [დედაჩემის ძმა] ოჯახში შევხდებით მაგ თემაზე და დაგელაპარაკებითო. ვუთხარი არავისთან არა მაქვს სალაპარაკო და შენ ხარ კორუმპირებული პიროვნება-მეთქი. ვსიო დავამთავრე, დღეს რა მოხდა არ ვიცი.

ამის შემდეგ კომუნიკაცია არ გქონიათ?

არავითარი. ჩემი იურისტი მეუბნებოდა, რომ ჯემალ დიასამიძე ჩვენს იურისტთან იყო მისული, მთხოვა  შემახვედრე, რომ ჩემი თემები არსად არ ილაპარაკოსო. არც მჭირდება, არც ვლაპარაკობ და გამანებოს თავი-მეთქი. დღეს რომ ვიყავი ცენტრალურ დარბაზში შესული [ბათუმის საქალაქო სასამართლოში] ამ იურისტმა მითხრა, ჯემალი იგერ არის „გიგონკავს“ და რა უნდაო. დღეს გამიზნულად იყო მოსული, სანამ სასამართლო პროცესი დაიწყებოდა, თურმე ორი საათით ადრე ყოფილა მაქ, „კრუგებს“ არტყამდა. შეუნიშნია იურისტს და მე ვუთხარი რა საქმე მაქვს მაგასთან, გამარჯობასაც არ ვეტყვი-მეთქი. ჩვენ როცა გვითხრეს იმ დარბაზზე [სასამართლოს] უარი და გამოვედი,  წამოვიდა ჩემსკენ, მე არ გამოველაპარაკე. ბიჭო გაჩერდიო მეუბნება, მე შენი ბიჭო არა ვარ-მეთქი. არაფერი არა მაქვს შენთან სალაპარაკო-მეთქი და წამოიღო ხელი. რომ წამოიღო ხელი ყველამ დაინახა, თავი დავხარე და გაქანებული ხელი გავარტყი მე თვითონ. არ დავკვირვებივარ გვერდზე მოხვდა თუ სახეზე. მოვტრიალდი, ჩემი ბიჭები ჩადგნენ შუაში. ამის შემდეგ შევედი სასამართლოში არც უკან გამიხედია და არც პასუხი გამიცია.

ოლოს რა დაგიძახათ?

მაგ ხელს მიგატეხავო. ვუთხარი ვერაფერს ვერ გამიკეთებ-მეთქი. გნახავო და მასეთები მიძახა. მე ყურადღება არ მიმიქცევია. ავღელდი. ქალბატონები გვახლდა და მე უთავმოყვარეო არასდროს ვყოფილვარ და თავი შევიკავე.

ერთი დეტალის დაკონკრეტება მინდა – 10 000 ლარი უნდა მიგეტანათ მანქანის გარდა, თუ მანქანა ან 10 000 ლარი?

დიახ, მანქანის გარდა უნდა მიმეტანა 10 000 ლარი.

ეს მან უშუალოდ გთხოვათ, მისი სიტყვებია?

რა თქმა უნდა მისი სიტყვებია, მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ამას ვერ ვაფიქსირებდი იმის გამო, რომ მე არ ვიყავი მზად, რომ ასეთ რამეს გამიბედავდა, იმიტომ რომ მე ყოფილი ძალოვანი ვარ. ვმუშაობდი არაერთ ძალოვან სტრუქტურაში, ვმუშაობდი უშიშროების სამსახურში, მაგრამ მან გამოიყენა ის, რომ მისი მამიდაშვილი ჩემი დეიდაშვილია. ჩემი ალალი დეიდაშვილია, ის ჩემთან მუშაობდა და მაგ საქმის გამო გავუშვი სამსახურიდან, ამის გამოც ჰქონდა აგრესია, რატომ გაუშვიო.  დღეს ის სასამართლოსთან არ უნდა ყოფილიყო, ეს იყო დაგეგმილი, შესაძლოა უკვე ამოღებულია ვიდეო რამდენ ხანს მელოდებოდა. მე მივდიოდი ჩემს გზაზე, რომ გადმოხტა მანქანიდან, წამოვიდა შეურაცხყოფებით და ლანძღვებით.

მთავარი ფოტო: მუხრან ელიაძე და ჯემალ დიასამიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: