„მწერლობა, როგორც პროსტიტუცია“ – შეხვედრა დავით გაბუნიასთან ბათუმში

მწერლობისა და პროსტიტუციის კავშირზე მწერალი დავით გაბუნია ისაუბრებს 21 აგვისტოს ბათუმში,  მაღაზიაში – „წიგნები ბათუმში“.

წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრას ლექცია-ვორქშოპის ხასიათი ექნება, მწერალი თავის დაკვირვებებსა და პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს მწერლობით დაინტერესებულებს.

დასწრება თავისუფალია, თუმცა შეხვედრაზე 16 წლამდე პირები არ დაიშვებიან.

მისამართი: მემედ აბაშიძის 60, მაღაზია „წიგნები ბათუმში“.

დასაწყისი: 19 საათზე.

 

„ზღვაზე შტორმია, არ შეხვიდეთ წყალში“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე 3-დან 4 ბალამდე შტორმია. გამოფენილია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, წყალში არ ჩავიდნენ.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოუწოდებს დამსვენებლებს, დაემორჩილონ მაშველების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები; არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ. არ ჩავიდნენ წყალში ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ან ნაბახუსევზე. არ გასცდნენ უსაფრთხოების ტივტივებს. მაშველების მიერ გამაფრთხილებელი წითელი ალმების გამოფენის შემთხვევაში არ ჩავიდნენ წყალში,“ – აღნიშნულია სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მას შემდეგ, რაც ცურვა დასაშვები იქნება, სანაპიროზე თეთრ ალმებს გამოფენენ.

არტკაფე „აკვანი“ – სივრცე, რომელიც გიზიდავს

17 აგვისტოს არტკაფე  „აკვანი“ ოფიციალურად გაიხსნა. სივრცე დღეიდან ძველი ბათუმის ერთ-ერთ ვიწრო ქუჩაზე, საიათნოვას 4 ნომერში გიმასპინძლებთ.

გახსნაზე ბათუმური, წვიმიანი ამინდის მიუხედავად,  უჩვეულოდ ბევრი ხალხი იყო.

„სიმართლე  ითქვას, პირველად ვხედავ ამ ქუჩას ასე ცოცხალსა და მხიარულს. „აკვანი“ იქნება ახალი ურთიერთობების, ახალი მუსიკის ადგილი ქალაქში. აქ მოსულ ბათუმელებს, სტუმრებს, შევთავაზებთ ხარისხიან მუსიკას, ყოველკვირეულად იქნება საინტერესო საღამოები. „აკვანიც“ იმიტომ დავარქვით აქ სივრცეს, რომ ჩვენს ქალაქში მსგავსი ტიპის არტკაფეებისთვის ეს ერთგვარი დასაწყისი იქნება“, – გვითხრა მამუკა ბოჭორიშვილმა, „აკვანის“ დამფუძნებელმა.

ბათუმში არტკაფე „აკვანი“ გაიხსნა. კაფეს სტუმრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბათუმში, სადაც კი აქამდე ყოფილან

საღამო ელექტრონული მუსიკით გაიხსნა. „აკვანში“ მოსულებს Cheeky-ს მუსიკა დახვდათ.

ბათუმში არტკაფე „აკვანი“ გაიხსნა. კაფეს სტუმრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბათუმში, სადაც კი აქამდე ყოფილან

„აკვანის“ სტუმრებს ძალიან გემრიელი ფურშეტი და მრავალი სახის სასმელი დახვდათ.

11 საათის შემდეგ კი ერეკლე დეისაძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა სტუმრებისთვის. არტისტის ყველა შესრულებას პუბლიკა ოვაციებით შეხვდა.

არტკაფე „აკვანში“ ერეკლე დეისაძემ რამდენიმე თავისი სიმღერა შეასრულა

ინგა კობალაძე ერთ-ერთი იყო იმ სტუმრებს შორის, რომელიც „აკვანის“ გახსაზე მივიდა და ბოლომდე დარჩა.

„ძალიან მომწონს დღევანდელი საღამო, მგონი ერთ-ერთ საუკეთესო ადგილას ვართ ქალაქში. ყველას მოვუწოდებ, რომ მოვიდნენ “აკვანში”, განსხვავებული და გამორჩეული სივრცეა ნამდვილად“, – გვითხრა ინგამ.

ბათუმში არტკაფე „აკვანი“ გაიხსნა. კაფეს სტუმრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბათუმში, სადაც კი აქამდე ყოფილან

„აკვანში“ ინტერიერი დატვირთულია ბევრი საინტერესო ელემენტითა და განათებით.

კაფე ყოველ დღე დილის 8 საათიდან მიიღებს სტუმრებს და გვიან ღამემდე იზრუნებს მათ განწყობაზე.

ბათუმში არტკაფე „აკვანი“ გაიხსნა. კაფეს სტუმრები ერთხმად აღნიშნავენ, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბათუმში, სადაც კი აქამდე ყოფილან

როგორც მასპინძლებმა აღნიშნეს, აქ შეგეძლებათ ქართული სამზარეულოს ტრადიციული კერძები ახალი ფორმით დააგემოვნოთ.

ასევე იქნება ნატურალური ღვინო, ღვინის კოქტეილები და ტრადიციული ალკოჰოლური სასმელები.

დღეიდან ბათუმში, საიათნოვას ქუჩის 4 ნომერში, არტკაფე „აკვანში“ დაგელოდებიან გულთბილი მასპინძლები. აქ ღიმილიანი სახით შეგხვდებიან და… გამოგაცილებენ.

ბათუმში არტკაფე „აკვანი“ გაიხსნა. კაფეს სტუმრები ერთხმად აღნიშნეს, რომ ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია ბათუმში, სადაც კი აქამდე ყოფილან

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადაზე 7 თვით ადრე დასრულდეს

ბათუმში 20 000 მაყურებელზე გათვლილი UEFA-ას IV კატეგორიის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა შესაძლოა ვადამდე გაცილებით ადრე დასრულდეს. „იმ გეგმისა და მუშაობის ტემპის მიხედვით, რაც სახეზე გვაქვს, ვვარაუდობთ, რომ სტადიონის მშენებლობა 2020 წლის იანვარ-თებერვალში დასრულდება“, – გვითხრეს შპს „სტადიონში“, რომელიც ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას კურირებს. მშენებელ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულებით კი, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულების ვადა, 2020 წლის 15 ოქტომბერია.

მშენებარე სტადიონის გადახურვა სპეციალური მემბრანით აგვისტოს თვის დასაწყისში დასრულდა. როგორც შპს „სტადიონში“ გვითხრეს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები და სექტემბრის თვიდან მოედნის საფარის დაგებაც იგეგმება.

„შესრულებული სამუშაოები სრულად შეესაბამება უეფას სტანდარტებსა და მოთხოვნებს“, – აცხადებს შპს „სტადიონი“.

საფეხბურთო სტადიონს კომპანია „ანაგი“ აშენებს [პირველი ეტაპი]. ამავე კომპანიამ გაიმარჯვა მეორე ეტაპის [სტადიონის მშენებლობის დასრულების] სამუშაოების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერშიც. შესაბამისად, „ანაგთან“ ხელშეკრულება დღგ-ს ჩათვლით, ჯამში 141 869 522 ლარზეა გაფორმებული.

მშენებარე საფეხბურთო სტადიონი ბათუმში / ფოტო: შპს „სტადიონი“
„ტრიბუნების პირველი იარუსი რკინაბეტონით დამზადებული ქარხნული ანაკრებია, ხოლო მეორე იარუსი – მონოლითური რკინაბეტონი“ – ბათუმში მშენებარე სტადიონი / ფოტო: შპს „სტადიონი“

ამ თემაზე:

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დასრულდა [ფოტო]

 

მსოფლიო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავი AGORIA ბათუმის ზღვისპირა კლუბში დაუკრავს

ღამის კლუბი UP2U ზაფხულის მანძილზე უამრავ საინტერესო ივენთს სთავაზობდა საკლუბო მუსიკის მოყვარულებს, გემოვნებიანი მუსიკით ანებივრებდა მსმენელს და უმასპინძლა როგორც ელექტრონული მუსიკის წამყვან ქართველ, ასევე უცხოელ არტისტებს.

სეზონის დასასრულს, კლუბი ხვალ 19 აგვისტოს საკლუბო მუსიკის ფრანგ ვარსკვლავს, წამყვან პროდიუსერს და დიჯეი AGORIA-ს უთმობს ზღვისპირა სცენას. ივენთზე ორგანიზატორები მსმენელს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, ევროპის ქვეყნებიდან, უკრაინიდან, მეზობელი სომხეთიდან, აზრბაიჯანიდან და თურქეთიდან ელიან.

AGORIA-მ იგივე სებასტიან დევომ გამოჩენისთანავე დაიკავა მსოფლიო ელექტრონული საცეკვაო მუსიკის სცენაზე მნიშვნელოვანი ადგილი. პროდიუსერული საქმიანობა და საკუთარი ტრეკების გამოშვება მან ჯერ კიდევ 1999 წლიდან დაიწყო ლეიბლზე Kubik, რის შემდეგაც მალევე მოიპოვა აღიარება.

საფრანგეთის ერთ-ერთ სოფელში მცხოვრები დევო 12  წლიდანაა გატაცებული მუსიკით. ადგილობრივ რადიოში პირველად კევინ სანდერსონის ჩანაწერები მოისმინა და მეზობლების მანქანების რეცხვას შეუდგა ფულის შესაგროვებლად, სანდერსონის ჩანაწერები რომ ეყიდა. მერე რამდენიმე წელიწადში ლიონის კლუბებში დაიწყო დაკვრა, როგორც დიჯეიმ, მსმენელის ყურადღება თავიდანვე მიიპყრო.

სებასტიანი მეგობრებთან ერთად მუსიკალურ, საცეკვაო საღამოებს აწყობდა საფრანგეთში, ამ საღამოების გავლენით მეგობრება მას  AGORIA შეარქვეს, რაც ძველბერძნულად ,,შეხვედრის ადგილს“ ნიშნავს.

საერთაშორისო აღიარება მოიპოვა პირველივე ალბომით, სახელწოდებით ,,Blossom”, რასაც მოჰყვა ცნობილი ჩანაწერები ,, Green Armchair (2006), საუნდტრეკები ფილმისთვის „Go Fast“ (2008) და „Impermanence“ (2011).

AGORIA- ს პირველივე ჩანაწერები მის ტალატს, მუსიკალურ სიღრმეს და ტექნო-ტრეკების დახვეწილ მელოდიურობას აჩვენებს.

სებასტიან დევოს მიქსების ოთხი კომპაქტდისკი „At The Controls“  სხვადასხვა მიმდინარეობის მუსიკის ერთმანეთთან მაღალმხატვრულად შერწყმის  საუკეთესო მაგალითია,  Resident Advisor-მა ეს სერია 2007 წელს ათწლეულის საუკეთესო მიქსებად დაასახელა.

ერთდროულად დიჯეი და პროდიუსერი AGORIA ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკალური ფესტივალის „Nuits Sonores“-ისა და ლეიბლის „Infiné“ – დამაარსებელიცაა. ხმის ჩამწერი ეს ლეიბლი გამოჩენისთანავე იქცა ევროპაში ყურადსაღებ მუსიკალურ პლატფორმად, რომელიც მუდმივად ექსპერიმენტული, ახალი და ამაღელვებელი პროექტებით ამახსოვრებს თავს მსმენელს: ფრანჩესკო ტრისტანოს საფორტეპიანო ნამუშევრებით და ბაჰარ მარ ჰალიფის არანჟირებით მაგალითად.

AGORIA-ს მუსიკა ისმის ყველაზე ცნობილ ტექნო-ლეიბლებზე „Innervisions“, „Kompakt“ და „Hotflush“. მუშაობს ისეთ ცნობილ მუსიკოსთან ერთად, როგორებიც არიან  Kid A, სედ ტროქსლერი, კარლ კრეიგი და სხვები.

აქვს ჩაწერილი  Moby-ს და New Order & Metronomy-ის რემიქსები, 2016 წელს კი არტისტის კიდევ ერთი ახალი ლეიბლი, „Sapiens“-ი შეემატა ტექნოსა და ჰაუსის ხმის ჩამწერ, მუსიკალურ პლატფორმებს.

მრავალფეროვნება, მუსიკის სიღრმე და ყველა ჟანრის ერთ სივრცეში ვირტუოზულად მიქსვის ხელოვნება – ეს არის ის ძირითადი მახასიათებლები, რაც AGORIA-ს  მსოფლიო საცეკვაო ელექტრონული მუსიკის ვარსკვლავად აქცევს. დღეს ის ბათუმის ძველ ბულვარში, ჰილტონთან ახლოს, ზღვისპირა ღამის კლუბის, UP2U-ს მთავარი სტუმარი იქნება. მსმენელს შთამბეჭდავი მუსიკალური თავგადასავალი და დილის ხუთ საათამდე უწყვეტ მუსიკაზე ცეკვის შესაძლებლობა ექნება.



ელექტრონული ბილეთები იყიდება საიტებზე: eventer.ge  და  tkt.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია შესასვლელ კართანაც.

პრეზიდენტი ანწუხელიძის დაბადების დღეს გამოეხმაურა, საოკუპაციო ხაზთან გატაცებულებს – არა

„დღეს გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. 24 წლის გმირი, რომელმაც სიმამაცის, ვაჟკაცობის, შეუდრეკლობის, სამშობლოს სიყვარულის მაგალითი გვაჩვენა. მაგალითი, რომელზეც ჩვენი მომავალი თაობა უნდა აღიზარდოს“, – ეს ტექსტი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, ისე როგორც სხვა უმაღლესი თანამდებობის პირებს, ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ დღეს საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულ ერთ და გუშინ გატაცებულ 7 ადამიანთან დაკავშირებით.

სუს-ში ამბობენ, რომ დღეს გატაცებული 1 პირი, ისევე როგორც 7 მოქალაქე, რომლებიც რუსმა სამხედროებმა გუშინ გაიტაცეს, ცხინვალის იზოლატორში იმყოფებიან.

ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ხაზიც გადმოწიეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ვლადიმერ კონსტანტინიდის თქმით, უწყება შეშფოთებას გამოთქვამს შიდა ქართლში, საოკუპაციო ძალების მიერ საოკუპაციო ხაზიდან საქართველოს 7 მოქალაქის გატაცებასთან დაკავშირებით.

დღეს გიორგი ანწუხელიძე 35 წლის გახდებოდა. ის 2008 წლის 9 აგვისტოს წამებით მოკლეს.

 

 

„საბჭოთა აფხაზეთი და ოსეთი“ სარესტავრაციოდ ბათუმიდან თბილისში მიაქვთ

აკაკი წერეთლის სახელობის ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ პრესისა და პერიოდიკის საცავი განაახლა. ბიბლიოთეკის დირექტორის, ინგა გოგიბერიძის თქმით, არქივში დაცული ისეთი გაზეთები, რომლებიც ჩამოწერას ექვემდებარებოდა, სარესტავრაციოდ თბილისში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიგზავნა. დღეს, 18 აგვისტოს, თბილისში ბათუმიდან საბჭოთა აფხაზეთისა და საბჭოთა ოსეთის პერიოდის გაზეთები გააგზავნეს.

„ეს გაზეთები იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, გადაფურცვლაც კი არ შეიძლებოდა. ვცადეთ, მაგრამ მათი რესტავრაცია ბათუმში შეუძლებელი აღმოჩნდა. ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში ჩვენი მოწვევით, მივლინებით იყო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე, მირიან ხოსიტაშვილი, რომელმაც პრესის და პერიოდიკის საცავიც მოინახულა. საუბარი იყო პერიოდულ გამოცემათა დაკაბადონებაზეც. ბოლო 10 წელია პერიოდიკის დაკაბადონება არ მომხდარა. რაც შეეხება საბჭოთა აფხაზეთისა და ოსეთის გაზეთების რესტავრაციას, ეს საკითხიც ამ შეხვედრაზე გადაწყდა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოხდება მათი რესტავრაცია და დაგვიბრუნდება უკან. ერთი თვეა რაც პრესისა და პერიოდიკის საცავს 21 კვ/მ ფართობი დავამატეთ, განვაახლეთ და აქ დაცულ ყველა ეგზემპლარს თავისი ადგილი მივუჩინეთ“, – გვითხრა ინგა გოგიბერიძემ.

ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკიდან თბილისში სარესტავრაციოდ
გაგზავნილი პრესა / 18.08.2019 / ფოტო: თედო ჯორბენაძე/„ბათუმელები“

 

პრესისა და პერიოდიკის განახლებული საცავი ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში / ფოტო: ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა

 

 

წყაროს წყალი „ბახმაროს“ ორგანიზებით კურორტი ბახმარო ტრადიციულ დოღს უმასპინძლებს

წყაროს წყალი “ბახმაროსა” და “ნაბეღლავის” მწარმოებელი კომპანიის სს“ წყალი მარგებლის“  ორგანიზებით 19 აგვისტოს კურორტ ბახმაროში „ბახმაროს თასი 2019““ – ტრადიციული დოღი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ცხენოსნები მიიღებენ.

“კომპანია გალფისთვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და ეკოლოგიურად პასუხისმგებელობიანი აქტივობების მხარდაჭერა , წელს პირველად დავუჭირეთ მხარი ბახმაროს დოღს და  მოხარულები ვართ რომ გარდა საპრიზო ფონდში თანამონაწილეობისა , საჩუქრებს და პრიზებს დავაწესებთ ოთხივე გარბენის გამარჯვებულისათვის,”- ამბობს ნინჩო ჯიბლაძე, კომპანია გალფის ვიცე პრეზიდენტი.

ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას.

წინა წლის მსგავსად,  კომპანია სს “წყალი მარგებელი” ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად ღონისძიებას ორგანიზებულ ფორმას მისცემს და შესაბამისად ხელს შეუწყობს უნიკალური კურორტი ბახმაროს პოპულარიზაციასა და განვითარებას.

წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერია „საქართველოს ბანკი“.

“ამ დოღს უკვე ას წლიანი ისტორია აქვს, სულ რაღაც მეორე წელია ჩვენ, ნაბეღლავისა და წყაროს წყალი ბახმაროს მწარმოებელი კომპანია “წყალი მარგებელი” აქტიურად ჩავერთეთ ორგანიზებაში მუნიციპალიტეტთან ერთად და ვფიქრობთ წელს უფრო მასშტაბური სახეს მივცემთ “ბახმაროს თასს”.

უკვე ხედავთ თქვენ, საქართველოს რამდენი რეგიონიდან არიან მონაწილეები და სტუმრები ჩამოსული და ემზადებიან ხვალისთვის. წლევანდელ დოღზე პრიზებიც განსაკუთრებულია, გაიზარდა საპრიზო ფონდი, ახალი მეგობრები შემოგვიერთდნენ სპონსორების სახით – გალფი, კროკობეთი, გლოვო, საქართველოს ბანკი. ჩვენი მიზანია, ეს დოღი ბახმაროს და მთელი გურიის სავიზიტო ბარათი გახდეს. შარშან 45 მონაწილე იყო და 27 ათასი ადამიანი დაესწრო დოღს, წელს კიდევ უფრო მეტ სტუმარს ველოდებით,” – ამბობს მიხო სვიმონიშვილი კომპანია “წყალი მარგებელის” დამფუძნებელი.

ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე, კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი, რომლებიც გამარჯვებულებს ფულად პრიზებს გადასცემენ.

ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდი ყოველწლიურად იზრდება, წელს, 4 გარბენის ფარგლებში, წყაროს წყალმა ბახმარომ, ფულადი საპრიზო ფონდი 15 000 ლარი დააწესა.

ღონისძიების ფარგლებში, სტუმრები ბახმაროსთვის დამახასიათებელ კულტურულ თავისებურებებსა და არაჩვეულებრივ ბუნებას გაეცნობიან.

რომელი პროფესიის პედაგოგებს ეძებენ სკოლები – ახალი ვაკანსიები

სკოლები მასწავლებლების პოზიციებზე ვაკანსიების გამოცხადებას აგრძელებენ. თუ 15 აგვისტოს მასწავლებლის 109 პოზიციაზე იყო ვაკანსია გამოცხადებული, 18 აგვისტოს მდგომარეობით, სკოლებში გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 250-ზე მეტია.

ყველაზე მეტ ვაკანსიას აცხადებს სკოლები თბილისსა და ასევე, ბათუმში. რაც შეეხება მუნიციპალიტეტებს, სადაც უფრო მეტი ხანდაზმული პედაგოგი  მუშაობს, ვაკანსიების გამოცხადება, ჯერჯერობით, არ დაუწყიათ.

რაც შეეხება ვაკანსიებს ბათუმის სკოლებში, ამ ეტაპზე კიდევ სამმა სკოლამ გამოაცხადა ვაკანსია: 29

ბათუმის მე-15 სკოლა – გამოაცხადა 3 ვაკანსია

  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი​
  • მათემატიკა
  • ფიზიკა

ამ სკოლაში დასაქმების მსურველს განაცხადის შესავსებად 24 აგვისტომდე აქვთ დრო.

ბათუმის მე-17 საჯარო სკოლა 5 მასწავლებელს ეძებს

  • მათემატიკა
  • ფსიქოლოგი
  • სპეცმასწავლებელი
  • მუსიკა – [2 პედაგოგი]

მე-17 სკოლაში დასაქმებით დაინტერესებულმა ფსიქოლოგმა და სპეცმასწავლებელმა 2 სექტემბრამდე უნდა შეავსონ აპლიკაციის ფორმა, სხვა საგნებით დაინტერესებულებმა კი – 23 აგვისტოსთვის.

ბათუმის მე-4 სკოლა 8 მასწავლებელს ეძებს

  • ბიოლოგია
  • ფიზიკა
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი – [2 პედაგოგი]
  • დაწყებითის მასწავლებელი – [2 პედაგოგი]
  • მუსიკა – [2 პედაგოგი]

ბათუმის მე-4 საჯარო სკოლამ ვაკანსიები 16 აგვისტოს გამოაცხადა. დოკუმენტაციის წარდგენის ბოლო ვადად კი 23 აგვისტოა განსაზღვრული.

ამ დროისთვის უკვე 250 ვაკანსიაა გამოცხადებული ქვეყნის მასშტაბით.

გასულ კვირას ბათუმში კიდევ სამმა სკოლამ გამოაცხადა ვაკანსიები:

ვაკანსიები სკოლებში მასწავლებლებისთვის

საქართველოს რუკის ფორმის აბრები ანწუხელიძის ქუჩაზე

ბათუმში საქართველოს რუკის მოხაზულობის ქუჩის აღმნიშვნელი აბრები გამოჩნდა. დღეს, 18 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეს, ეს აბრები ბათუმის მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ანწუხელიძის სახელობის ქუჩაზე განათავსეს.

გიორგი ანწუხელიძის სახელი ამ ქუჩას 2018 წლის 15 თებერვალს მიენიჭა. ქუჩა ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩის ბოლოდან აეროპორტის გზატკეცილამდე გრძელდება.

გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დღეებში, 9 აგვისტოს, წამებით მოკლეს. ის ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩაუვარდა მოწინააღმდეგეს. წამებისა და დაკითხვის შემდეგ კი, ცხინვალის მე-5 სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს.

გიორგი ანწუხელიძე 24 წლის ასაკში დაიღუპა.

 

ორშაბათიდან აჭარის სანაპიროზე და მაღალმთიანეთში აგრილდება – ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 18 აგვისტოს 21 საათიდან 19 აგვისტოს 21 საათამდე აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა; ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით – 18-23 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 8-13 გრადუსი, დღისით – 17-22 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ-ში, დროგამოვებით – ხანმოკლე წვიმა, ელვა-ჭექა. ხილვადობა 4-10 კმ.;
  • ტალღის სიმაღლე ღამით და დღის პირველ ნახევარში: 13-18 დმ (4 ბალი), დღის მეორე ნახევრიდან: 7-12 დმ (2-3 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +26 გრადუსი.

20 და 21 აგვისტოს აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია დღისით ცვალებადი მოღრუბლულობა, საღამოს და ღამის საათებში კი  – დროგამოშვებით ხანმოკლე
წვიმა, ელვა-ჭექა.

დღეს, 18 აგვისტოს, დღის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მოღრუბლულობა, ზოგან – მცირე წვიმა.

 

გააცილე ზაფხული ცეკვით – ზღვისპირა კლუბი UP2U სეზონს Deborah De Luca-ს ივენთით დახურავს

ზაფხული, მზე, ზღვა, ცეკვა და მუსიკა ერთად დაუვიწყარ შთაბეჭდილებებს ნიშნავს. ბათუმის ძველ ბულვარში ზღვისპირა ღამის კლუბი UP2U  უკვე ორი თვეა მრავალფეროვანი, ენერგიული და გემოვნებიანი ელექტრონული მუსიკის სივრცედაა ქცეული. კლუბი ამ ხნის განმავლობაში სცენას უთმობდა ცნობილ ქართველ და უცხოელ არტისტებს, ზაფხულის მიწურულს კი UP2U -მ ცეკვის და მუსიკის მოყვარულებს დღესასწაული მოუმზადა და არც მეტი, არც ნაკლები დღეს, 18 აგვისტოს დებორა დე ლუკას ივენთს მასპინძლობს ზღვის პირას.

ნეაპოლელი დიჯეის მიმართ ინტერესი დიდია. მის ივენთებს, ძირითადად, ევროპელი მსმენელი სტუმრობს, ბათუმის ღონისძიებაზე სტუმრებს ელოდებიან ევროპის ქვეყნებიდან, საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, თურქეთიდან და ა.შ

 

18 აგვისტო – Deborah De Luca / PHIL DARK

 

ნეაპოლელი დიჯეის, დებორა დე ლუკას ჟღერადობა ბოლო წლებში ქართველი მსმენელისთვისაც ნაცნობი და ახლობელი გახდა. გოგო, რომელმაც საკლუბო სცენაზე გამოჩენამდე ცხოვრებაში უამრავი რამ სცადა, 18 აგვისტოს ბათუმში დაუკრავს. მის მუსიკას განსაკუთრებული ინდივიდუალიზმით გამოარჩევენ.

ცხოვრებისეული გამოცდილება, რაც მუსიკოსმა მუსიკოსობამდე დააგროვა ჩანს მის ბგერაშიც, არ ეჯაჭვება რომელიმე ერთ მიმდინერეობას და სეტება ერთ დიდ იმპროვიზაციად აქცევს. უამრავი მიმდინარეობის ექსპერიმენტული ნაზავი, სწორედ ამით ახერხებს ის მსოფლიო დარბაზების საცეკვაო რიტმზე მომართვას.

დებორას მუსიკა ძალიან სწრაფად იქცა მაღალხარისხოვან მსოფლიო ბრენდად, რასაც მსმენელთა გამოხმაურება და დიჯეის მსოფლიო ტურნეების გრაფიკიც მოწმობს, რომელშიც წელს უკვე საქართველო და ბათუმი გამოჩნდა.

პარიზის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დიჯეი PHIL DARK-იც 18 აგვისტოს იქნება UP2U -ში ბათუმის სტუმარი. დიჯეი, რომლის მთავარი კონცეფციაც მსმენელებისთვის სიცოცხლის სიხარულის გაზიარებაა ცეკვით, ამ დღეს დილამდე შავი ზღვის პირას შეკრებილებისთვის დაუკრავს. სიმარტივე, სიმსუბუქე და განწყობების, შეგრძნებების გადაცემა მსმენელისთვის მუსიკის, ცეკვის საშუალებით.

PHIL DARK – ის ნიშა მსოფლიო საკლუბო მუსიკაში ასეთია. მისი კონცეფცია ყველგან ყველას აცეკვებაა ღია ცის ქვეშ და დახურულ სივრცეში, ზღვის, ოკეანის და მდინარეების პირას. პარიზში ხშირად აწყობს საღამოებს სენის სანაპიროზე. საფრანგეთის საკლუბო ცხოვრების ცვლილებებისთვის PHIL DARK-მა დააფუძნა მოძრაობა „We Want Dance“ 2007 წელს, რომლის მიზანიც სხვადასხვა სივრცეში სხვადასხვანაირი ოჯახების შეკრება იქნებოდა შესაძლებელი ცეკვის და მუსიკის საშუალებით.

უკრავს ბევრ სხვადასხვა კლუბში, 2007 წლიდან კი პარიზის ყველაზე მოდური და ცნობილი კლუბის „Lalternative“ – მთავარი დიჯეია.

PHIL DARK-ი მსოფლიო საკლუბო სცენაზე საკუთარ წარმატებას მარტივად ხსნის – უკრავს იმას, რაც უყვარს და თავს მუსიკალურ მოგზაურს უწოდებს, რომელსაც, უბრალოდ, ნამდვილი შეგრძნებების გადაცემის და დენსფლორზე მოცეკვავეებისთვის კონტაქტის კარგი უნარი აქვს.

18 აგვისტოს, კლუბ UP2U-ში მოსული მსმენელი ამ ენერგიას მალევე იგრძნობს.

 

19 აგვისტო – AGORIA

 

ფრანგი დიჯეის 19 აგვისტოს ივენთზე მსმენელები, რომლებიც დებორა დე ლუკას წინა დღის ივენთის სამაჯურით გამოცხადდებიან, მიიღებენ 20%-იან ფასდაკლებას ბილეთზე.

AGORIA-მ პროდიუსერული საქმიანობა და საკუთარი ტრეკების გამოშვება ჯერ კიდევ 1999 წლიდან დაიწყო ლეიბლზე Kubik და მსოფლიო აღიარება მოიპოვა პირველივე მუსიკალური ალბომით ,,blossom”,  ბოლო ალბომი „Drift“ კი წელს, 2019-ში გამოვიდა.

არტისტი არაერთი ფრანგული ფილმის საუნდრეკის ავტორია, მუშაობს ისეთ ცნობილ მუსიკოსებთან ერთად, როგორებიც არიან  Kid A, სედ ტროქსლერი, კარლ კრეიგი და სხვები.

დიჯეის მუსიკალური სერია „At The Controls“  2007 წელს ათწლეულის მიქსების ერთ-ერთ საუკეთესო კომპაქტდისკადაა აღიარებული.

ეს ყველაფერი არ არის. აგვისტოს ბოლომდე ზღვისპირა კლუბ UP2U-ს სცენაზე Kordz-ი, Dro, Fideles-ი და Willy William-ი დაუკრავს.


ელექტრონული ბილეთები იყიდება საიტებზე: eventer.ge  და  tkt.ge

ბილეთების შეძენა შესაძლებელია შესასვლელ კართანაც.

ესპანეთში ცნობილი ქართველი შეფ-მზარეულის კულინარიული ქიმია

დავით ნარიმანიშვილი მადრიდში 12 წლის წინ წავიდა. მანამდე კი საქართველოში კულინარიასთან, გარდა იმისა, რომ გემრიელი კერძები უყვარდა, არაფერი აკავშირებდა. მისი საქმიანობა თბილისში პურ-ფუნთუშეულის პატარა სადისტრიბუციო კომპანიაში მუშაობით შემოიფარგლებოდა.

მადრიდში დავითმა მეგობრის დახმარებით ტრადიციული ესპანური სამზარეულოს ტავერნაში დაიწყო მუშაობა, მზარეულის დამხმარედ. მაშინ კერძების მომზადება არ იცოდა, თბილისში დედას და ნათლიას ურეკავდა, ქართული კერძების რეცეპტებს იწერდა და ესპანელებს ეგზოტიკურ სამზარეულოს სთავაზობდა.

ნელ-ნელა მისმა კერძებმა დიდი მოწონება დაიმსახურა, დავითს სტიმული მიეცა და ერთ დღესაც მიხვდა, რომ მისი ნამდვილი საქმე კულინარია იყო. გადაწყვიტა ჰობი პროფესიად ექცია და კატალონიის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ კულინარიულ სასწავლებელში ჩააბარა, სადაც ცნობილი კულინარის, მეი ჰოფმანის სკოლა გაიარა. დღეს დავით ნარიმანიშვილს ესპანეთის გასტრონომიულ წრეებში იცნობენ, როგორც საუკეთესო ქართველ კულინარს.

უნივერსიტეტში სწავლას მუშაობასაც უთავსებდა. დავითის კულინარიული კარიერის გზაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა მადრიდის მაღალი კლასის რესტორანში Opium Madrid-ში მუშაობა, სადაც დიდი გამოცდილებაც მიიღო და მისი, როგორც დიდი კულინარის აღიარებაც აქედან დაიწყო. მერე მეტის სწავლა მოუნდა და სან-სებასტინის უნივერსიტეტში ჩააბარა. მუშაობს ბევრს, რის გარეშეც, როგორც თავად ამბობს, წარმატების მიღწევა მაღალი დონის გასტრონომიაში წარმოუდგენელია.

„მზარეულები, ზოგადად, ბევრს მუშაობენ, მაგრამ ესპანეთში გაცილებით სხვა შრომაა, რთული დატვირთვა გვაქვს, შეიძლება 13, 14, 15 საათი მოგიწიოს ფეხზე დგომა.

როცა ესპანეთში ჩამოვედი ენაც კი არ ვიცოდი, არც კერძების მომზადება. უნივერსიტეტში მსოფლიო გასტრონომიის საიდუმლოებებს, კულინარიულ ქიმიას ჩავწვდი, შევისწავლე ყველაფერი, რაც კი იჭმევა, გასტრონომიის ისტორია და ა.შ. ახლა ყველა მიმართულების შეფ-მზარეული ვარ, ვამზადებ ყველაფერს, მაგრამ განსაკუთრებით გემრიელი და სურნელოვანი სამზარეულო მიყვარს“, – ამბობს დავით ნარიმანიშვილი.

რამდენიმე დღის წინ ის ხორხე ბრეტონთან და ცნობილ კულინარებთან ერთად აჭარაში ჩამოვიდა, ერთად მოამზადეს ტრადიციული ქართლი კერძები, 14 აგვისტოს კი „ქართულ-ბასკური ვახშამი“ მოეწყო, სადაც სტუმრებს მრავალფეროვანი მენიუ შესთავაზეს.

როგორც დავითი ამბობს, საქართველოში მისი ჩამოსვლის მიზანი რეგიონების შემოვლა, გასტრონომიული ტურის მოწყობა იყო.

დავით ნარიმანიშვილის მიერ მომზადებული კერძები
დავით ნარიმანიშვილის მიერ მომზადებული კერძები

დავითი ბასკურ-ქართული სამზარეულოს მსგავსებებზე საუბრობს და ამბობს, რომ ბასკეთშიც ზუსტად ისევე მიირთმევენ ლობიოს, როგორც საქართველოში – აუცილებლად წიწაკის წნილით და სხვაგან არსად უნახავს საქართველოსა და ბასკეთის გარდა ლობიოსა და წიწაკის წნილის კომბინაცია.

ქართველი კულინარი ახლა მაღალი კლასის ცნობილი ესპანური რესტორნების ქსელის „მასტერშეფის“ კულინარიული მიმართულების შეფია. ეს იმას გულისხმობს, რომ ათამდე დიდი რესტორნის კულინარიულ კონცეფციაზე მუშაობს. არის ამავე სახელწოდების, დანი გარსიას ცნობილი ესპანური გადაცემის „მასტერშეფის“ კულინარიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, განსაზღვრავს რომელ გადაცემაში რა კერძი დამზადდეს და ჰყავს კულინართა საკუთარი გუნდი ესპანურ ტელევიზიაში.

დავით ნარიმანიშვილი მადრიდში მალე საკუთარი ქართული რესტორნის გახსნასაც გეგმავს.

დავით ნარიმანიშვილის მიერ მომზადებული კერძები

საქართველოს მთავრობა საეთერო დროის შესასყიდად ფასებს ადგენს

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციით, 2019-2020 წლების განმავლობაში, სატელევიზიო საეთერო დროის შესყიდვის მიზნით საქართველოს მთავრობა უახლოეს მომავალში გეგმავს კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებას.

ამ ეტაპზე სააგენტო ატარებს ბაზრის კვლევას და დაინტერესებულ პირებს თხოვს მიაწოდონ მათ „შემხებლობაში არსებული სამაუწყებლო არხებისათვის შეწონილი რეიტინგის ერთი პუნქტის (wGRP) ღირებულება“. დაინტერესებულმა პირებმა თავიანთი წინადადებები სავარაუდო ღირებულების შესახებ, სააგენტოს 2019 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით უნდა მიაწოდონ.

„გაითვალისწინეთ, რომ 2019-2020 წლების სატელევიზიო საეთერო დროის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების გამოცხადებისა და მათში მონაწილეობის პრინციპები იქნება განვლილი ტენდერების მსგავსი“, – აცხადებს სააგენტო. დასახელებულია წინა სამი ტენდერი.

უკვე ჩატარებულ წინა სამ ტენდერში შესყიდვის საერთო ჯამური საორიენტაციო ღირებულება 3 მილიონი ლარი იყო.

ამ განვლილი ტენდერების მიხედვით კი:

[checklist]

  • პირველ ტენდერში – გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „პალიტრა TV“, შპს „სტუდია მაესტრო“ და შპს „ტელეკომპანია კავკასია“ [შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულებაა 141 383 ლარი იყო];
  • მეორე ტენდერში – გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „იბერია – TV“, შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ [ტელეარხი კომედი], შპს „ჯი-დი-ეს
    თი-ვი“, შპს „ტელეკომპანია პირველი“ და სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ [შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 558 617 ლარი]
  • მესამე ტენდერში – გამარჯვებულად გამოვლინდნენ შპს „ტელეიმედი“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2“ [ტელეარხი რუსთავი 2], [შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულება 2 300 000 ლარი].

[/checklist]

განვლილი ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით:

„კონსოლიდირებული ტენდერი არ ითვალისწინებს ელექტრონული ვაჭრობის გამართვას.

პრეტენდენტი კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილეობითა და სატენდერო წინადადების წარდგენით ავტომატურად ეთანხმება წინამდებარე სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ პირობებს.

კონსოლიდირებულ ტენდერში შესაძლებელია ერთზე მეტი გამარჯვებული პრეტენდენტის გამოვლენა.

კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებულად ჩაითვლება ყველა ის პრეტენდენტი, რომელიც დაეთანხმება სატენდერო დოკუმენტაციის პირობებს, მიუთითებს სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ ტარიფს და დააკმაყოფილებს სატენდერო დოკუმენტაციითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს.

ერთზე მეტი გამარჯვებულის გამოვლენის შემთხვევაში, კომისია არ იღებს ვალდებულებას გამარჯვებულ პრეტენდენტებს შორის შესყიდვის ჯამური საორიენტაციო ღირებულების რაიმე წინასწარ დადგენილი პრინციპით გადანაწილების თაობაზე. აღნიშნული განხორციელდება შემსყიდველი ორგანიზაციის კონკრეტული საჭიროებიდან, მიზნობრიობიდან და მის მიერ წარმოებული კამპანიისათვის სასურველი შედეგების მიღწევის მიზნით განსაზღვრულ მიზანშეწონილობაზე დაყრდნობით…“

ხულოსა და ქობულეთის სოფლების ტურისტულ პოტენციალს შეისწავლიან

აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ხულოსა და ქობულეთში ტურისტული ბილიკების/მარშრუტების კვლევისა და მარკირების პროექტის შესყიდვას გეგმავს. სააგენტოს ამისთვის 50 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული და ტენდერიც გამოცხადებულია.

ტენდერში გამარჯვებულმა შემდეგი სამუშაოები უნდა ჩაატაროს:

[checklist]

  •  ხულოს ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა და ხულოს ცენტრთან დაკავშირებული ტურისტული მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადება;
  •  ქობულეთის სოფლების ტურისტული პოტენციალის კვლევა, ასევე, სხვა მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი ტურისტული ბილიკების მარკირების პროექტების მომზადება.

[/checklist]

ტენდერის პირობის თანახმად, ტურისტული ბილიკების/მარშრუტების მარკირების პროექტების მომზადება გულისხობს:

ხულოს მუნიციპალიტეტში: 
„უნდა მოხდეს ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლომდებარე სოფლების ტურისტული პოტენციალის შესწავლა და მოკლე 3-4 საათიანი/ 1-დღიანი დივერსიფიცირებული, სხვადასხვა თემატიკის მარშრუტების მარკირების პროქტების მომზადება. პროექტის მიზანია, ხულოს მუნიციპალიტეტის ცენტრში მისული ვიზიტორისთვის შეიქმნას მრავალფეროვანი მოკლე ტურისტული მარშრუტები.
მარკირების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს სოფლების ტურისტული პოტენციალის ზოგადი კვლევა [არანაკლებ შემდეგი სოფლებისა: დუაძეები, ოქრუაშვილები, უჩხო, გუდასახო, დეკანაშვილები, ძირკვაძეები, ქედლები, შურმული, ვაშლოვანი, ელელიძეები, დიდაჭარა, ირემაძეები, დიაკონიძეები, ღურტა]“.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში: 
„უნდა მოხდეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლების ტურისტული პოტენციალის დეტალური კვლევა ასევე სხვა მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი დივერსიფიცირებული, სხვადასხვა თემატიკის მარშრუტების მარკირების პროქტების მომზადება. პროექტის მიზანია, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მისული ვიზიტორისთვის შეიქმნას მრავალფეროვანი მოკლე და რამდენიმე დღიანი ახალი თემატიკის ტურისტული მარშრუტები.

მარკირების პროექტის ფარგლებში უნდა ჩატარდეს სოფლების ტურისტული პოტენციალის ზოგადი კვლევა [არანაკლებ შემდეგი სოფლებისა: ხუცუბანი, ზედა და ქვედა სამება, სოფ. ქობულეთი, კოხი, ჭახათი, კვირიკე, ხინოწმინდა, დაგვა, ალამბარი, ზენითი, აჭყვისთავი, ლეღვა, ქაქუთი, მუხაესტატე, გვარა, აჭი, ჩოლოქი, ბობოყვათი, ბუკნარი, კონდიდი, ციხისძირი, წყავროკა, სახალვაშო, ჟიხანჯური, ხალა, საჩინო].

ქობულეთის წრიული და სხვა მუნიციპალიტეტებთან დამაკავშირებელი ბილიკები ხშირ შემთხვევაში გადის ეროვნული პარკებისა და დაცული ტერიტორიების საზღვრებზე. აღნიშნულ შემთხვევაში აუცილებელი მარშრუტი უნდა შეთანხმდეს დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან. თუ მარშრუტები გადის ტყის ფონდებს, შესაბამისად უნდა შეთანხმდეს სატყეო დეპარტამეტთან და შესაბამის სამსახურებთან“.

ორთავე მუნიციპალიტეტის შემთხვევაში: „უნდა შემუშავდეს როგორც ინდივიდუალური ასევე წრიული და გარდამავალი მარშრუტების ვარიანტები, აღიწეროს და დასურათდეს ტურისტული ობიექტები/ადგილები, აუცილებლად გაიზომოს პროფესიონალურად ჩანჩქერები, მოინიშნოს გადასახედი პანორამული ხედები, საპიკნიკე და საკარვე ადგილები, ხელნაკეთი ნივთების, გამორჩეული არქიტექტურის მქონე ან ტურისტულად საინტერესო სხვა ობიექტები. კვლევის ფარგლებში უნდა მოექცეს ასევე არამატერიალური კულტურული ძეგლები ასეთის არსებობის შემთხვევაში და გამოიყოს კოლორიტული, გამორჩეული როგორც ნიმუშები ასევე ფოლკლორი, კულტურა ან ადამიანები. უნდა მომზადდეს მარშრუტების ინდივიდუალური და საერთო რუკები, გაკეთდეს ყველა ობიექტის GPS კოორდინატების საერთო ცხრილი.“

კვლევის სრული ანგარიში შეთანხმებული უნდა იყოს შესაბამის მუნიციპალიტეტებთან.

მთავარი ფოტო: ხულოს მუნივციპალიტეტი / ხედი სოფელ ღურტადან / ფოტო: მანანა ქველიაშვილი / „ბათუმელები“
ხედი ციხისძირიდან /პეტრას ციხიდან / ფოტო: მანანა ქველიაშვილი / „ბათუმელები“

—-

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ ციხისძირში, პეტრას ციხე 2019 წლის 12 აგვისტოდან 2020 წლის პირველ დეკემბრამდე ვიზიტორებისთვის დაიკეტა. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს განცხადებით, მიზეზი  მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებია.

ამ თემაზე:

რა იგეგმება პეტრას ციხეზე – ინფრასტრუქტურის მოსაწყობად 1,7 მილიონი ლარი დაიხარჯება

 

 

 

შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, შავ ზღვაზე ოთხბალიანი შტორმია. სანაპიროზე აღმართულია წითელი ალმები და მოქალაქეებისთვის ზღვაში შესვლა აკრძალულია.

ოთხბალიანი შტორმი შავ ზღვაზე
შტორმის გამო ზღვაში შესვლა აკრძალულია
სანაპიროზე წითელი ალმებია აღმართული
შტორმი შავ ზღვაზე

ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე ბათუმში პოლიციამ 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი – 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ. და 1998 წელს დაბადებული გ.ქ. დააკავეს“.

„დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სამართალდამცველებმა ბრალდებულები ბათუმში იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი ფიროსმანის ქუჩაზე, მოქალაქის კუთვნილი ავტომობილიდან სხვადასხვა ნივთის მოპარვას ცდილობდნენ,“ – აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ქურდობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 19-177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს.

დიდი ოდენობით ნარკოტიკის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1967 წელს დაბადებული რ.ვ. ბათუმში დააკავეს.

„დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული ნივთიერება “ბუპრენორფინის” შემცველი 25 აბი და რამდენიმე ნატეხი, რომლებზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“ – აცხადებს შსს.

ქობულეთში ზებრაზე მანქანა ქალს და კაცს დაეჯახა, ქალი დაიღუპა

დღეს დილით, ქობულეთში, ზებრა გადასასვლელზე მსუბუქი ავტომანქანა ცოლ-ქმარს დაეჯახა.  ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა, კაცი ქვედა კიდურების მოტეხილობით ქობულეთის კლინიკაშია გადაყვანილი.

„ჩვენ რომ მივედით ადგილზე, ქალი გარდაცვლილი დაგვხვდა“, – გვითხრეს ქობულეთის სასწრაფოში.

ქალი და კაცი ქობულეთში ისვენებდნენ.

შს სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო – ქმედება, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. ამ დროისთვის ტარდება ექსპერტიზა.

ამ მუხლის სასჯელის ზომად განსაზღვრულია 4-დან 7-წლამდე პატიმრობა, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

_____

სიკვდილი გზაში

 

ქობულეთის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასებისთვის ახალ შენობას ააშენებენ

სსიპ გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლის დაწყებითი კორპუსის მშენებლობისთვის აჭარის ბიუჯეტიდან მაქსიმუმ 466 109 ლარი დაიხარჯება. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. მშენებლობისთვის საჭირო თანხა კი აჭარის 2019 და 2020 წლების ბიუჯეტიდან დაიფარება.

სატენდერო განაცხადს თან ახლავს პროექტი, რომლის მიხედვითაც ოჩხამურის საჯარო სკოლის ახალი კორპუსი უნდა აშენდეს დაწყებითი კლასებისთვის. ახალი შენობის მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან, 10 თვეში უნდა დასრულდეს.

წინადადებების მიღება 2019 წლის 4 სექტემბერს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება.

დაწყებითი კლასებისთვის განკუთვნილი სკოლის შენობა ოჩხამურში – არსებული შენობა და შენობა, რომელიც უნდა აშენდეს – ფოტორენდერი პროექტიდან 

ფერიის სასაფლაოზე, მესხის ქუჩიდან ეკლესიამდე, წყალმომარაგება და განათება მოეწყობა

ფერიის ცენტრალურ სასაფლაოზე, ს. მესხის ქუჩიდან ეკლესიამდე არსებულ გზაზე წყალმომარაგებისა და განათების მოწყობის სამუშაოებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 61 657 ლარია გამოყოფილი. შესაბამისი მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოებმა“ გამოაცხადა.

ტენდერში წინადადებების მიღება 2019 წლის 24 აგვისტოს დაიწყება და 27 აგვისტოს დასრულდება. სასაფლაოზე [მესხის ქუჩიდან ეკლესიამდე] წყლის მილების და გარეგანათების მოწყობა კი, ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 60 დღეში უნდა დასრულდეს.

ბათუმის ფერიის სასაფლაო, ადგილების არარსებობის გამო დახურულია.

მონაკვეთი ფერიის სასაფლაოზე, სადაც გარეგანათება და წყალმომარაგების სისტემა მოეწყობა
მთავარი ფოტო: ფერიის სასაფლაო / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

მიკროავტობუსების მფლობელებს მერიის კონკურსში მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლებათ – ახალი პირობები

ბათუმში სამარშრუტო ხაზებზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვის მისაღებად მიკროავტობუსის მფლობელს მონაწილეობა ინდივიდუალურად შეეძლება. ანუ, ნებისმიერ პირს, ვისაც აქვს თუნდაც ერთი მიკროავტობუსი, შეუძლია მიიღოს კონკურსში მონაწილეობა და რომელიმე სამარშრუტო ხაზზე მგზავრთა გადაყვანის ნებართვა მიიღოს. ბუნებრივია, მიკროავტობუსის პარამეტრები უნდა აკმაყოფილებდეს საკონკურსო მოთხოვნებს. კონკურსს მერია, სავარაუდოდ, 2019 წლის აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის დასაწყისში გამოაცხადებს.

2018 წელს ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსებით სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მაძიებელთა კონკურსში ექვსმა კომპანიამ გაიმარჯვა. კონკურსი კი 564-მა მიკროავტობუსმა გაიარა.

ამ თემაზე: ახალი სქემით ბათუმში პირველი სექტემბრიდან 564 მიკროავტობუსი იმოძრავებს

ამჯერად, კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ, როგორც კომპანიებს [წარადგენენ რამდენიმე მიკროავტობუსს], ასევე ფიზიკურ პირებსაც [ვისაც რამდენი მიკროავტობუსი ექნება – ერთი და ზემოთ. შესაბამისად, მიიღებს მგზავრთა გადაყვანის ნებართვას თითოეულ მანქანაზე და ყველა მძღოლთან/მფლობელთან მერია ხელშეკრულებას ინდივიდუალურად გააფორმებს]. კონკურსის პირობები ჯერ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, სადაც შესაბამისი პროექტი მერიამ უკვე წარადგინა.

საკონკურსო პირობებში გარკვეული ცვლილებებიც შედის. თუ აქამდე სავალდებულო იყო რომ მიკროავტობუსს ჰქონოდა მინიმუმ 3 ფანჯარა, რომლებიც იღებოდა, ახალი პირობით მიკროავტობუსს ასეთი მინიმუმ 4 ფანჯარა უნდა ჰქონდეს. ამასთან ერთად, სავალდებულო იქნება მიკროავტობუსს აუცილებლად ჰქონდეს ლუქი. „რაც შეეხება კონდენცირების სისტემას, თუ იქნება – სასურველია, მაგრამ არა – სავალდებულო“ – გვითხრეს მერიაში.

ნებართვის მფლობელი, ვალდებული იქნება მარშრუტზე მოძრავი მიკროავტობუსი აღჭურვოს GPS მონიტორინგის სისტემით [მერიაში აცხადებენ, რომ ამ სისტემის მეშვეობით გაკონტროლდება მიკროავტობუსების მოძრაობა ქალაქში].

რაც შეეხება მიკროავტობუსებში გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟებას, რისი მცდელობაც გასულ წელსაც იყო, მერია ვერც ამ კონკურსზე ახერხებს ეს  სავალდებულო გახადოს. მერიაში მხოლოდ ის გვითხრეს, რომ ამ კუთხით გრძელდება მუშაობა და შესაძლოა კონკურსიდან ექვსი თვის შემდეგ შემოიღონ გადახდის ასეთი სისტემა [ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ნებართვის მფლობელებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანა იქნება აუცილებელი].

მგზავრობის საფასურის გადახდის ელექტრონულ სისტემაზე გადასვლით კი, ბათუმში მოძრავ სამარშრუტო მიკროავტობუსებში შესაძლებელი იქნება მგზავრობის საფასურის გადახდა იმ სამგზავრო ბარათებით, რომლებითაც დღეს მუნიციპალურ ავტობუსებშია შესაძლებელი.

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზიც დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში ყველა ხაზზე ყოველდღიურად მოძრავი მიკროავტობუსების ჯამური რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში.

პროექტის მიხედვით:

N23 მიკროავტობუსები იმოძრაობენ შემდეგი მარშრუტით: ავტოსადგური „მეტრო“ – გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – ლორიას ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – „სავაჭრო ცენტრი 2009“[ხოფის ბაზრობა]. უკუმიმართულება იგივე.

N27 მიკროავტობუსები იმოძრაობენ შემდეგი მარშრუტით: თამარის დასახლება – ძმები ნობელების ქუჩა – კაზინეცის ქუჩა [ბარცხანაში გადასასვლელი] – ქათამაძის ქუჩა [ინფექციური საავადმყოფო] – გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩა – წერეთლის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩა [რკინის თაღამდე, „კარფურამდე“] – შარტავას ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – აჭარის გზატკეცილი [ანგისის ბავშვთა საავადმყოფო] – ხახულის ქუჩა – „სავაჭრო ცენტრი 2009“ [„ხოფის ბაზრობა“]. უკუმიმართულება იგივე.

ამ თემაზე:

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები ორ ახალ ხაზზე იმოძრავებენ – N23 და N27

 

სასამართლოში ბათუმის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსი დაკითხეს

ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე დღეს, 16 აგვისტოს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ედნარ ნატარიძე დაკითხეს. ბათუმის მერიის ყოფილ 7 მაღალჩინოსანს, მათ შორის ბათუმის ყოფილ მერს თანხის მითვისებას და ასევე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებიან. საქმე ეხება ე.წ. იაფი სახლის მშენებლობაზე გამოცხადებული ტენდერის შეწყვეტას, ხელშეკრულების პირობების დარღვევის და ავანსად ჩარიცხული 1 მილიონი ლარის დაკარგვას, ისე რომ სამუშაოების ნაწილიც კი არ შესრულებულა.

2015 წელს, მაშინ, როცა ბათუმის მერიამ „იაფი სახლის “მომსახურება ჯერ შეისყიდა, შემდეგ კი ტენდერი ხელშეკრულებების პირობების დარღვევის გამო შეწყვიტა, ედნარ ნატარიძე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საბიუჯეტო განყოფილების უფროსი იყო. ამ დროს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს ბრალდებული ეგარსლან ლომაძე ხელმძღვანელობდა, ხოლო არჩილ ვანაძე  მერის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

ედნარ ნარატიძეს კითხვები დაუსვა, როგორც ბრალდების მხარემ, ასევე შვიდივე დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატმა. ბრალდების მხარეს აინტერესებდა, ნატარიძემ, როგორც განყოფილების უფროსმა, შეისწავლა თუ არა დეტალურად მოხსენებითი ბარათი, რომელიც მას დაეწერა და რომელიც შპს „კონვენტ ჯორჯიასთვის“ სადაზღვევო გარანტიის სახით თანხის გადარიცხვას გულისხმობდა.

შეისწავლა თუ არა დეტალურად შპს „კონვენტ ჯორჯიასთვის“ თანხის გადარიცხვის დოკუმენტები, გაუჩნდა თუ არა რაიმე ეჭვი და რომ გასჩენოდა ასეთი ეჭვები, აცნობებდა თუ არა ზემდგომს? – ამ შინაარსის კითხვები მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსთან ორივე მხარეს ჰქონდა.

ბათუმის ყოფილი მერის, გიორგი ერმაკოვის ადვოკატმა, ნატარიძეს წაუკითხა სამსახურის დებულების ერთ-ერთი მუხლი, სადაც, ადვოკატისავე თქმით, წერია, რომ საბიუჯეტო განყოფილება, რომელსაც ნატარიძე ხელმძღვანელობდა, მერიის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ინფორმაციის უნდა იღებდეს და ამუშავებდეს.

„თქვენ არ განახორციელეთ იმ ინფორმაციის დამუშავება, რომელიც გევალებოდათ? – ჰკითხა მას ადვოკატმა.

ნატარიძემ განმარტა, რომ პუნქტი, რომელიც ადვოკატმა წაიკითხა, გულისხმობს არა შესრულებული სამუშაოების კონტროლს, არამედ ბიუჯეტის დაგეგმარების ეტაპზე წარდგენილი წინადადებების განხილვა-დამუშავებას.

ეს კითხვა მას ადვოკატმა რამდენიმეჯერ გაუმეორა, თუმცა ნატარიძეს პასუხის შინაარსი არ შეუცვლია.

როდესაც თქვენ თვით, რომ [ ე.წ. იაფი სახლის მშენებლობის შესყიდვასთან დაკავშირებული] დოკუმენტები, რომლებიც დაგეწერათ დეტალურად არ შეისწავლეთ, რადგან თქვენი კომპეტენცია არ იყო, თქვენ იცრუეთ? – ადვოკატმა ისევ ჰკითხა ედნარ ნარატიძეს, რაზეც მიიღო პასუხი – „რა თქმა უნდა, არ მიცრუია“.

ედნარ ნატარიძისთვის კითხვის დასმა ბრალდებულმა ეგარსლან ლომაძემაც მოინდომა. მან ჰკითხა  ყოფილ თანამშრომელს ახსენდება თუ არა მომენტი, როცა მან, როგორც ხელმძღვანელმა, ედნარ ნარატიძეს ზეპირად ან წერილობით ფინანსურ საკითხებზე კონსულტაცია სთხოვა – რაზეც ნარატიძემ უპასუხა, რომ არ ახსენდება. ლომაძის ადვოკატს ისიც აინტერესებდა, შეაფასებდა თუ არა ნარატიძე ეგარსლან ლომაძეს, როგორც გამოცდილ და ძლიერ ფინანსისტს.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე მოწმის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ყველაზე ღირებული არჩილ ვანაძის ადვოკატისთვის აღმოჩნდა. მისი თქმით, ინფორმაცია, რომ დაზღვევის პრემიის სახით თანხის გადარიცხვას ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებდა, მისი დაცვის ქვეშ მყოფის, არჩილ ვანაძის მიმართ წაყენებულ ბრალდებას აბათილებს, რადგან მას პროკურატურა სწორედ ამ ტრანზაქციის დადასტურების გამო ედავება და მეტი მტკიცებულება არჩილ ვანაძის წინააღმდეგ არ არსებობს.

„მან მოგვაწოდა ინფორმაცია, რითაც დასტურდება, რომ ბრალდება არჩილ ვანაძის მიმართ არის უსაფუძვლო. მან მოგვაწოდა ინფორმაცია იმას თაობაზე, თუ რას ნიშნავს ზედნადები ხარჯი. ბრალდების მხარე არჩილ ვანაძეს ედავება, რომ მან მერიის მხრიდან დაადასტურა ფინანსური გარანტიის სადაზღვევო პრემიის ხარჯების გაგზავნა კონკრეტული კომპანიის სახელზე. ედავება იმას, რომ აღნიშნულ ხარჯებს არ ითვალისწინებდა გაფორმებული ხელშეკრულება და თითქოს არჩილ ვანაძეს არ უნდა დაედასტურებინა. კონკრეტული ხელშეკრულება ითვალისწინებდა ზედნადებ ხარჯებს, მან დაგვიდასტურა, რომ სწორედ ზედნადებ ხარჯებში შედის ფინანსური პრემიის სადაზღვევო ხარჯი. შესაბამისად, არჩილ ვანაძის ქმედება იყო კანონიერი.“

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემაც. მისი თქმით, მოწმემ მხოლოდ ის თქვა, რომ საკითხზე პასუხის გაცემა მის კომპეტენციას სცდება.

მაღალი თანამდებობის 7 პირი პროკურატურამ ბათუმში 30 მაისს დააკავა.

მთავარი ფოტო: ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი სასამართლო დარბაზში

 

შაბათ-კვირის აფიშა

შაბათ-კვირა ბათუმში მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებებით არის დატვირთული. ქალაქის სხვადასხვა ნაწილში რამდენიმე ფესტივალი გაიმართება. ნახეთ აფიშა:

17-18 აგვისტო – შავი ზღვის ღვინის ფესტივალი

„შავი ზღვის ღვინის საერთაშორისო ფესტივალი“ 17 დან 18 აგვისტოს ბათუმის ძველ ბულვარში ყოველდღე 12 საათზე დაიწყება და გვიან ღამემდე გაგრძელდება.

ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება: ასამდე ღვინის მარანი, (უფასო დეგუსტაცია), ეთნოკულინარიული გამოფენა – ქართული ყველის, ჩირისა და ჩურჩხელის ნაირსახეობები. ჩატარდება ტრადიციული კერძების მასტერკლასი. ფესტივალზე იქნება ქართული რეწვის პროდუქტების ორმოცი მწარმოებელი (თექა, მინანქარი, თიხა და ა.შ.) ასევე გაიმართება ოცდაათი თანამედროვე ქართველი მხატვრის გამოფენა – გაყიდვა.

ლუდის ფესტივალი 17 აგვისტო

ბათუმის ლუდის ფესტივალი ზღვისპირა ბულვარში, ანბანის კოშკის წინ გაიმართება. ფესტივალზე მისულ სტუმრებს დახვდება: ქართული ლუდი, კერძები, ცოცხალი მუსიკა და სხვადასხვა გასართობი აქტივობა, ასევე, ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.

ფესტივალი 17 აგვისტოს, დილის 11:00 საათზე დაიწყება

17-18-19 აგვისტოს ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ გაიმართება

სამი დღის მანძილზე ბათუმის ცენტრალური პარკი [ყოფილი 6 მაისის პარკი] საფესტივალო ადგილად გადაიქცევა. ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ფოტო და ნახატების გამოფენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა და კინოჩვენებები, იქნება ცოცხალი მუსიკა.

ფესტივალი 17 აგვისტოს დღის 12:00 საათზე დაიწყება და 19 აგვისტოს გვიან საღამოს დამთავრდება.

დრამატული თეატრი

17-18 აგვისტოს ბათუმის დრამატული თეატრი ახალ სცენაზე წარმოადგენს სპექტალს “სინდრომი ანუ ვის უგალობ ვისაო?!”

მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი

17-19 აგვისტოს ბათუმში მონოპიესების VI საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალი 17 აგვისტოს საღამოს ხუთ საათზე ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსნება სპექტაკლით „ცხრაჯერ მეტი“.

ფესტივალის აფიშა ნახეთ ამ ლინკზე.

წიგნები ბათუმში
  • 18 აგვისტოს, 15:00 საათზე, მაღაზია „წიგნები ბათუმში“ გამომცემლობა “ზებრას” უმასპინძლებს. მაღაზიაში მისულ მკითხველს საშუალება ექნება, გაეცნოს გამომცემლობის მიერ გამოცემულ ახალ წიგნებს. ბავშვებისთვის გათვალისწინებულია სხვადასხვა გასართობი ღონისძიება.
 Black Sea Sound

18 აგვისტოს, 19:00 საათზე, ანბანის კოშკის მიმდებარედ, Black Sea Sound-ის ფარგლებში, როკკონცერტი გაიმართება. კონცერტზე დასწრება თავისუფალია.

ხვალ ბათუმში არტ-კაფე „აკვანი“ერეკლე დეისაძის მუსიკის ფონზე გაიხსნება

ხვალ, 17 აგვისტოს, ბათუმში, საიათნოვას ქუჩის 4 ნომერში არტ-კაფე „აკვანი“ იხსნება. „ერთად დავარწიოთ თავისუფლების აკვანი“ – მასპინძელი ამ სლოგანით დახვდება ხვალ კაფეში მისულ სტუმრებს. 

ცხადია, იქნება სხვა ამბებიც, მაგალითად, სტუმრების წინაშე წარდგებიან ცნობილი შემსრულებლები – ერეკლე დეისაძე, Chekky, Benja. სწორედ ეს არტისტები დაუკრავენ და იმღერებენ „აკვანში“ გახსნის საღამოზე.

გარდა ამისა, არტ-კაფეში შეგეძლებათ დააგემოვნოთ ქართული ტრადიციული კერძების თანამედროვე ვარიაციები. ასევე ნატურალური ქართული ღვინო, ღვინის კოქტეილები და სხვა პოპულარული ალკოჰოლური სასმელები.

„აკვანი“ გვპირდება, რომ ცოცხალი მუსიკის საღამოებით მომავალში გაანებივრებს სტუმრებს.

გელოდებით ხვალ, 17 აგვისტოს, საიათნოვას 4-ში.

გახსნის ღონისძიებაზე მისვლა 18:00 საათიდან შეგეძლებათ.

თუ გინდათ ჩვენი ივენთის შესახებ უფრო მეტი შეიტყოთ, მოგვძებნეთ ფეისბუქგვერდზე.

 

რამდენი აშშ დოლარი იყიდა და გაყიდა ეროვნულმა ბანკმა ბოლო 10 წელში

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2009 წლის მარტიდან 2019 წლის პირველი აგვისტოს ჩათვლით პერიოდში სავალუტო აუქციონზე ჯამში იყიდა 2 276 600 000 აშშ დოლარი, ხოლო გაყიდა – 1 732 660 000 აშშ დოლარი.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ბოლოს ბანკმა 2019 წლის 7 ივნისს შეიძინა 20 მილიონი აშშ დოლარი, ხოლო 2019 წლის პირველ აგვისტოს 32,8 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა [აუქციონზე 40 მილიონი აშშ დოლარი იყო გატანილი]. გაყიდვამდე ერთი დღით ადრე ეროვნულმა ბანკმა გაავრცელა განცხადება, რომ გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას ქვეყანაში.

„ეროვნული ბანკის შეფასებით, მიუხედავად დადებითი შიდა და საგარეო მაკროეკონომიკური დინამიკისა, ტურიზმთან დაკავშირებული შოკისა და ნეგატიური მოლოდინების ფონზე, დღეისათვის გაცვლითმა კურსმა ისეთ ნიშნულს მიაღწია, რომელმაც შესაძლებელია რისკი შეუქმნას ფასების სტაბილურობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკი მიზანშეწონილად მიიჩნევს მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების თანმიმდევრულ გამოყენებას, რათა არ მოხდეს ამ რისკის მატერიალიზაცია.

ამ მიზნით, ეროვნული ბანკი ხვალ, პირველ აგვისტოს, სავალუტო აუქციონზე 40 მილიონ აშშ დოლარს გაყიდის. საჭიროების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი ინტერვენციებს მომავალ დღეებშიც მიმართავს. თუ გაცვლითი კურსიდან მომდინარე წნეხი ინფლაციაზე შენარჩუნდა, ეროვნული ბანკი ასევე გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას,“ – წერია სებ-ის განცხადებაში.

აქამდე ეროვნულმა ბანკმა ბოლოს 40 მილიონი აშშ დოლარი 2016 წლის 20 დეკემბერს გაყიდა.

2017 წლის იანვრიდან 2019 წლის პირველ აგვისტომდე პერიოდში ეროვნულ ბანკს დოლარი საერთოდ არ გაუყიდია, თუმცა ამ პერიოდში იყიდა 492 მილიონ 250 ათასი აშშ დოლარი [აქედან, მარტო 2019 წლის შვიდ თვეში 11-ჯერ იყიდა ჯამში 165 მილიონი აშშ დოლარი].

2009 წლიდან დღემდე, 2015 წელი იყო ისეთი წელი, როცა ეროვნულ ბანკს საერთოდ არ უყიდია დოლარი და მხოლოდ ყიდდა. ამ წელს ეროვნულმა ბანკმა 286 მილიონ 960 ათასი დოლარი გაყიდა.

მაქსიმალური რაოდენობა, რაც ერთ აუქციონზე გაყიდა ან იყიდა ეროვნულმა ბანკმა – 40 მილიონი აშშ დოლარია. ამ ოდენობის დოლარი ბანკმა ბოლო ათ წელში რამდენჯერმე გაყიდა და იყიდა.

„სავალუტო აუქციონი წარმოადგენს მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც ეროვნული ბანკი ყიდის ან ყიდულობს უცხოურ ვალუტას ბანკთაშორის სავალუტო ბაზარზე. სავალუტო აუქციონის მიზანია, საერთაშორისო რეზერვების შევსება, კაპიტალის დროებითი ჭარბი შემოდინების გაცვლით კურსზე ზეგავლენის აღმოფხვრა და/ან კერძო და სახელმწიფო საგარეო სალდოს დაბალანსება. მაგალითად, იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა ქვეყნის საერთაშორისო რეზერვები შეინარჩუნოს ადეკვატურ დონეზე, ბაზარზე პერიოდულად ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას და ყიდულობს უცხოურ ვალუტას. ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონები ავტომატურად სტერილიზდება ღია ბაზრის ოპერაციებით,“ – განმარტავს ეროვნული ბანკი [სები].

„გარდა ზემოთ განხილული შემთხვევებისა, ეროვნული ბანკის სავალუტო ინტერვენციის საჭიროება წარმოიშობა მთავრობის უცხოური ვალუტით განხორციელებული ოპერაციების შედეგად. სებ-ი წარმოადგენს მთავრობის ბანკირს, შესაბამისად, მთავრობის ანგარიშები გახსნილია ეროვნულ ბანკში. აქედან გამომდინარე, მთავრობის უცხოური შემოდინებები და გადინებები პირდაპირ ეროვნულ ბანკში მთავრობის ანგარიშიდან ხორციელდება და არ ხვდება სავალუტო ბაზარზე. ამის გამო, ქვეყნის დაბალანსებული საგადამხდელო ბალანსის მიუხედავად, შესაძლებელია არსებობდეს საგარეო უარყოფითი სალდო კერძო სექტორში და ამავდროულად სახელმწიფო დადებითი სალდო. ამ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ამ განსხვავებების დასაბალანსებლად მოახდენს სავალუტო ინტერვენციას გაყიდვის მიმართულებით და პირიქით. მაგალითად, კრიზისის დროს 2008-2009 წლებში კერძო სექტორს ჰქონდა უარყოფითი საგარეო პოზიცია. ამავდროულად, უცხოური სამთავრობო დახმარებების ხარჯზე მთავრობას ჰქონდა დადებითი საგარეო პოზიცია. ქვეყნის მთლიანი საგარეო პოზიცია დაბალანსებული იყო. აქედან გამომდინარე, სებ-მა ამ პერიოდში სავალუტო აუქციონებით კერძო სექტორს მიაწოდა ამ დისბალანსით გამოწვეული უცხოური ვალუტა,“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

2019 წელს ეროვნული ბანკის მიერ სავალუტო აუქციონზე აშშ დოლარის ყიდვა-გაყიდვა და ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში [აუქციონის ჩატარებისა და მომდევნო დღეს] /წყარო: ეროვნული ბანკი

[checklist]

  • 2019 წლის 4 იანვარს [კურსი 2,6772] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 5 იანვარს – 2,6744]
  • 2019 წლის 9 იანვარს [კურსი 2,6702] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 10 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 10 იანვარს – 2,6675]
  • 2019 წლის 16 იანვარს [კურსი 2,6644] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 17 იანვარს – 2,6634]
  • 2019 წლის 18 იანვარს [კურსი 2,6633] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 19 იანვარს – 2,6629]
  • 2019 წლის 21 იანვარს [კურსი 2,6629] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 22 იანვარს – 2,6613]
  • 2019 წლის 23 იანვარს [კურსი 2,6611] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 22 იანვარს – 2,6599]
  • 2019 წლის 6 თებერვალს [კურსი 2,6506] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 7 თებერვალს – 2,6487]
  • 2019 წლის 11 თებერვალს [კურსი 2,6461] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 20 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 12 თებერვალს – 2,6460]
  • 2019 წლის 15 თებერვალს [კურსი 2,6420] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 15 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 16 თებერვალს – 2,6413]
  • 2019 წლის 6 ივნისს [კურსი 2,7500] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 10 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 7 ივნისს – 2,7411]
  • 2019 წლის 7 ივნისს [კურსი 2,7411] ეროვნულმა ბანკმა იყიდა 20 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 8 ივნისს – 2,7344]
  • 2019 წლის 1-ელ აგვისტოს [კურსი 2,9718] ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 32,8 მილიონი აშშ დოლარი [კურსი 2 აგვისტოს – 2,9296]

[/checklist]

16 აგვისტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ:

  • 1 აშშ დოლარი = 2,9182 ლარი
  • 1 ევრო = 3,2555 ლარი.

ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 17 აგვისტოს:

  • 1 აშშ დოლარი = 2,9232 ლარი
  • 1 ევრო = 3,2395 ლარი.

17 აგვისტოს ოფიციალური გაცვლითი კურსის მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება 18 და 19 აგვისტოსაც.

მგზავრებით გადაჭედილი ტრანსპორტი – რა აწუხებთ ქობულეთელებს და ტურისტებს

ქობულეთის მცხოვრებთ და ჩასულ ტურისტებს მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობა უჭირთ. ქალაქის მცხოვრებლები, რომლებმაც „ბათუმელებს“ საკითხით დაინტერესება სთხოვეს, ამბობენ, რომ ტრანსპორტი ხშირად აგვიანებს. ამასთან, უმრავლეს შემთხვევაში, ისეა მგზავრებით გადაჭედილი, რომ ასვლა შეუძლებელია.

მოქალაქე სოციალურ ქსელში მგზავრებით სავსე „მარშრუტკის“ ფოტოს აქვეყნებს და ამბობს, რომ გადაჭედილი ტრანსპორტი ქობულეთისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა.

ქობულეთის მერი, მირიან ქათამაძე პრობლემის არსებობას ნაწილობრივ ადასტურებს. მერი ამბობს, რომ „ტრანსპორტში ხშირად მგზავრთა რაოდენობა მეტია“, მაგრამ არ იზიარებს მოქალაქეთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მოძრავ სამარშრუტო ტაქსებს შორის დროის ინტერვალი დიდია.

ქობულეთის მუნიციპალურ ტრანსპორტს ათი ერთეული ავტობუსი აქვს და შპს „ქობულეთის ტრანსრეგულირების“ ბალანსზეა. მერის ინფორმაციით, ამ ათი ავტობუსიდან ორი რუსთაველის ქუჩაზე მოძრაობს, ერთი  – აღმაშენებლის ქუჩაზე, ერთს მგზავრები გადაჰყავს ჩოლოქიდან ბათუმში, ხოლო დანარჩენ ექვსს – სოფლების მიმართულებით.

მუნიციპალური ტრანსპორტის გარდა, ქობულეთში მუშაობს მიკროავტობუსებიც. მერის თქმით, ქალაქს „კერძო, ფიზიკური და იურიდიული პირები ემსახურებიან“.

„21 მიკროავტობუსიდან 6 მიკროავტობუსი 10-10-წუთიანი ინტერვალით მოძრაობს რუსთაველის ხაზზე და მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურად ამოწმებს ამ ინტერვალებს. 15 მიკროავტობუსი მუშაობს აღმაშენებლის ქუჩაზე, ყოველდღიურად გადაადგილდება 4-8 წუთიანი ინტერვალით“, – ამბობს ქობულეთის მერი მირიან ქათამაძე.

მისივე ინფორმაციით, ტურისტულ სეზონზე, საღამოს 6 საათის შემდეგ ქობულეთში ოთხი ღია ტიპის სასეირნო ავტობუსი მოძრაობს ტურისტებისთვის.

„ჩვენ გვქონდა რამდენიმე გამოხმაურება შარშან სეზონზე და წელს მოქალაქემ მოგვმართა, რომელიც გამოთქვამდა უკმაყოფილებას ინტერვალის დარღვევასთან დაკავშირებით, მაგრამ ჩვენი გადამოწმებით ეს ინტერვალი ყოველდღიურად ზედმიწევნით არის დაცული,“ – ამტკიცებს მირიან ქათამაძე.

კითხვაზე, რა უნდა ქნას მოქალაქემ, თუ გაჩერებაზე ლოდინი 15 და ზოგჯერ 20 წუთიც უწევს, მერი პასუხობს:

„0426 26 72 36 – ეს არის ტელეფონის ნომერი, რომელზეც მოქალაქეებს შეუძლიათ დაგვირეკონ და ჩვენ აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას“.

რა იგეგმება ქობულეთში სატრანსპორტო სფეროში

ქობულეთის მერი ამბობს, რომ მუშაობს ტრანსპორტის  განვითარების გეგმაზე.

„გეგმა, პირველ რიგში, გულისხმობს  საპარკინგე ადგილების მოწყობას ქალაქში. ქობულეთს რთული გეოგრაფიული მოცემულობა აქვს. 14 კილომეტრზეა გადაჭიმული ზღვის პირას, საპარკინგე ადგილები, განსაკუთრებით ზაფხულში პრობლემაა. ამიტომ ტრანსპორტის განვითარების გეგმა ჩვენ მოგვცემს ძალიან ეფექტურ გადაწყვეტილებას, საპარკინგე სისტემის შესახებ. ასევე [იგეგმება] ველობილიკების მოწყობა და, რაც მთავარია, მუნიციპალური ავტოპარკი განახლდება,“ – ამბობს მირიან ქათამაძე.

მთავარი ფოტო: ერეკლე ნოღაიდელი

რა დროს დასვენებაა? – აქცია გორის მერის განცხადების გამო, რომელიც გონიოში ისვენებს

მას შემდეგ, რაც სოფელ გუგუტიანთკარში, ანტისაოკუპაციო მოძრაობის – „რუსეთი ოკუპანტია“ წარმომადგენლები არ შეუშვეს, მოძრაობის წევრებმა გორის მერიასთან გადაინაცვლეს.

აქცია #სირცხვილიას მონაწილეები გუგუტიანთკარში მიმდინარე უკანონო, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესსა და რუსულ ოკუპაციაზე გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის განცხადებას ქალაქის მერიასთან აპროტესტებენ.

გორის მერმა დღეს ონლაინგამოცემა qartli.ge-სთან საუბარში თქვა, რომ შვებულებაშია, გონიოში ისვენებს და გუგუტიანთკარში დასვენების შემდეგ ჩავა.

აქცია გორის მერიასთან  ფოტო: თავისუფლებისთვის – For Freedom

დღეს, 16 აგვისტოს, 20-მდე აქტივისტი ქართველმა სამართალდამცველებმა სოფელ მერეთთან არსებულ საგუშაგოსთან გააჩერეს და გუგუტიანთკარში არ შეუშვეს. აქტივისტებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეზღუდვას უსაფრთხოების ზომებით ხსნიან და ამბობენ, რომ მხოლოდ ადგილობრივი ტელევიზიებისა და საერთაშორისო მედიის შეშვება გადაწყდა.

„500 წლის საჯდომის სიმღერა ჯოჯოხეთიდან“ – XVI საუკუნის ტილოზე აღმოჩენილი მუსიკა

ავტორი: მარიამ მუთიძე

ოკლაჰომას ქრისტიანული უნივერსიტეტის სტუდენტმა ამელია ჰამრიკმა XV-XVI საუკუნეში მოღვაწე  ნიდერლანდელი მხატვრის, ჰიერონიმუს ბოსხის ტრიპტიქზე „ტკბობის ბაღი“, აღმოჩენილი ნოტები მუსიკად აქცია.

სტუდენტმა ნაწარმოებს დაარქვა – „500 წლის საჯდომის სიმღერა ჯოჯოხეთიდან/The 500-Year-Old Butt Song from hell“. ეს გადაწყვეტილება მან იქედან გამომდინარე მიიღო, რომ ნოტები, პირდაპირი მნიშვნელობით, ტილოს ერთ-ერთი პერსონაჟის საჯდომზეა გამოსახული.

„ვფიქრობ, „The 500-Year-Old Butt Song from hell“ სახალისო სახელია, არა კლასიკური, მაგრამ ზუსტად ისაა, რაც ნახატზეა გამოსახული“.

ბოსხის ტილო – ტკბობის ბაღი

მუსიკამ დიდი მოწონება დაიმსახურა ამელიას ინტერნეტმეგობრებში და მალე უფრო ფართო ქსელებშიც გადაინაცვლა.

ბოსხის ნახატი – „ტკბობის ბაღი“ ამჟამად ესპანეთში, ქალაქ მადრიდში, პრადოს მუზეუმში ინახება.

მის მარცხენა ნაწილზე გამოსახულია „მიწიერი სამოთხე“, ცენტრში „ტკბობის ბაღი“, მარჯვენა კარზე კი – „ჯოჯოხეთი“. ნოტებიც სწორედ ამ უკანასკნელის ფრაგმენტია.

ამელია ჰამრიკი

წყარო  artnet.com

გთავაზობთ მუსიკას:

Hieronymus Bosch Butt Music

ჰოლივუდი ,,ფორსაჟის” გადაღებებზე საქართველოში 13 მილიონ ლარს დახარჯავს

„ცნობილი ჰოლივუდური ბლოგბასტერის, ფორსაჟის მეცხრე სერის გადაღებები თბილისში რამდენიმე დღეში დაიწყება. ჰოლივუდი გადაღებების დროს 13 მილიონ ლარს დახარჯავს საქართველოში” – განაცხადა სააგენტოს ,,აწარმოე საქართველოში“ – ხელმძღვანელმა მიხეილ ხიდურელმა დღეს, 16 აგვისტოს, გამართულ პრესკონფერენციაზე.

HBO-სა და Universal Pictures-ის გადაღებებზე ქართული კინოინდუსტრიიდან 400 ადამიანი დასაქმდება, ჯამში კი, ჰოლივუდური კინოგადაღებები 1000 ადამიანს დაასაქმებს.

პრესკონფერენციაზე თბილისის მერის მოადგილემ, სოფო ხუნწარიამაც ისაუბრა იმის შესახებ, რომ არსებობს სპეციალური სტატისტიკაც ტურისტების რაოდენობის  მატების შესახებ ამა თუ იმ ქალაქში მსგავსი ბლოგბასტერების გადაღების შემდეგ.

„თბილისი და ზოგადად, საქართველო მოხვდება მნიშვნელოვანი კინოინდუსტრიების ფოკუსში და ეს არ იქნება უკანასკნელი ბლოგბასტერი, რომელსაც საქართველოში გადაიღებენ,”- ამბობს თბილისის მერის მოადგილე.

,,ფორსაჟის” მეცხრე სერიას ჰოლივუდი თბილისში გადაიღებს  პროგრამის ფარგლებში „გადაიღე საქართველოში“, რომელსაც სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ ეროვნულ კინოცენტრთან ერთად ახორციელებს.

ბახტაძემ ჟურნალისტების კითხვის შემდეგ საოკუპაციო მავთულხლართებზე კომენტარი გააკეთა

რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ სოფელ გუგუტიანთკარში მავთულხლართების გადმოწევის პროცესი ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა მას შემდეგ შეაფასა, რაც მას ჟურნალისტებმა ჰკითხეს ბორდერიზაციის შესახებ. საოკუპაციო მავთულხლართების გადმოწევაზე რუსული მხარე რამდენიმე დღეა მუშაობს, თუმცა ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირებს – პრემიერს, პრეზიდენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ დრომდე [15:30] არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებიათ.

მამუკა ბახტაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი თხოვნით დღეს საოკუპაციო ზონაში იმყოფებოდნენ მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი და საგარეო უწყების წარმომადგენლები:

„დღეს ადგილზე იყო ჩასული დიპლომატიური კორპუსი. ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა, სამწუხაროდ, როგორ აგრძელებს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას, სამწუხაროდ, გრძელდება ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. დღეს მნიშვნელოვანია, მოქალაქეებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ცხოვრობენ, აღმოვუჩინოთ დახმარება და მინდა დავარწმუნო საქართველოს მოქალაქეები, რომ ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გვერდში ამოვუდგეთ ამ ხალხს.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ოკუპაცია და ე.წ. ბორდერიზაცია არის ძალიან მტკივნეული პროცესი და ჩვენ გვჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის სრული კონსოლიდაცია იმისთვის, რომ ამას წინ აღვუდგეთ. სწორედ ამას ემსახურება ის, რომ ჩვენ პირველივე დღიდან ყველა საერთაშორისო ფორმატს ვიყენებთ, იმისთვის, რომ მოხდეს საერთაშორისო თანამეგობრობის აზრის კონსოლიდაცია, რომ შევაჩეროთ ეს  მტკივნეული პროცესი“.

დღეს გუგუტიანთკარში შეხვედრის დროს მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს  მოქალაქეებმა უთხრეს, რომ მათ სოციალური შემწეობა მოუხსნეს. უთხრეს ისიც, რომ 12 პირს დევნილის სტატუსი არ აქვს და არათუ დახმარებას, არამედ არჩევნებშიც ვერ იღებენ მონაწილეობას.

დღეს საოკუპაციო ზონაში 11 ქვეყნის საელჩოს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამავე თემაზე:

პრემიერისა და პრეზიდენტის დუმილი რუსი სამხედროების მიერ საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე

ბათუმსა და სარფში მოქალაქეებს უაქციზო სიგარეტები ჩამოართვეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა 14-16 აგვისტოს ქალაქ ბათუმსა და სარფში განხორციელებული მიმდინარე კონტროლის ღონისძიებების შედეგად, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარებული, ჯამში, 4 493 ღერი უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს.

„საქართველოს საგადასახადო კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ საქონელი. საქმეთა მასალები, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 241-ე მუხლის შესაბამისად, ქვემდებარეობით შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა,“ – აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ბაღდათი, ქუთაისი და სხვა ქალაქები – სად არ ითხოვენ არაფერს მოქალაქეები ბოლო 2 წელია პეტიციით

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ კვლევის მიხედვით, იმერეთის მუნიციპალიტეტებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმები არასაკმარისადაა გამოყენებული.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის საკრებულოდან და მერიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა იმის დასადგენად, თუ რამდენად არიან ჩართულები ადგილობრივი მცხოვრებლები გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რამდენად აბარებენ არჩეული და დანიშნული თანამდებობის პირები ანგარიშს მოქალაქეებს და რამდენად ეფექტიანია საქართველოს თვითმმართველობის კოდექსით გათვალისწინებული მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმი.

ვანის, თერჯოლისა და ბაღდათის საკრებულოების სხდომებს  მოქალაქეები, მაგალითად, 2017 -2019 წლებში საერთოდ არ დასწრებიან.

2017-2019 წლებში იმერეთის 12 მუნიციპალიტეტიდან  8-ში: ქუთაისში, ბაღდათში, თერჯოლაში, საჩხერეში, წყალტუბოში, ტყიბულში, ზესტაფონსა და ხონში მოქალაქეებს საკრებულოსთვის პეტიციით არცერთხელ არ მიუმართავთ.

როგორც ,,საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ რეგიონული ოფისების კოორდინატორი, მალხაზ ჭკადუა ამბობს, ეს მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა:

,,პეტიციას დასახლებული პუნქტის მცხოვრებთა მინიმუმ 1 % მაინც უნდა აწერდეს ხელს. გეოგრაფიული თუ სხვა სირთულეების გამო, შეიძლება ეს რთულად მისაღწევი იყოს, საჭიროა მოსახლეობის თვითმობილიზება ან სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფი, რომელიც მოივლის სოფელს, კარდაკარ ყველა ოჯახს, შეკრებს ადამიანებს, ხელმოწერებს შეაგროვებს და ა.შ. ჩემთვის ეს სიახლე არაა, რადგან გვაქვს რეგიონები, სადაც პეტიცია არასდროს არ დარეგისტრირებულა, არც აჭარაშია უკეთესი მდგომარეობა და შემოდგომაზე ვაპირებთ კვლევის განახლებას.

მოქალაქეებსაც მოვუწოდებდით, რომ განცხადების, პეტიციის სახით, საკრებულოს სხდომაზე დასწრების სახით, ნებისმიერი ფორმით ჩაერთონ თვითმმართველობის მუშაობაში, ხშირად გადაწყვეტილებების მიღმა რჩებიან მოქალაქეები და თვითმმართველობები წყვეტენ საკითხს, რასაც მოქალაქეები გვიან იგებენ და ეს იწვევს უკმაყოფილებას. ყველას ინტერესი უნდა იყოს, რომ ჯერ მოქალაქეების აზრი იყოს მოსმენილი, გაანალიზებული და  შემდეგ ამას უნდა მოერგოს გადაწყვეტილებები”, – ამბობს მალხაზ ჭკადუა.

2017-2019 წლებში მოქალაქეთა ჩართულობის თვალსაზრისით იმერეთის მუნიციპალიტეტებში საერთო სურათი ასეთია:

  • დასახლების საერთო კრებები ჩატარდა იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში, გარდა ქუთაისის, ჭიათურის, თერჯოლისა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტებისა.
  • იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში არის შექმნილი მერის სათათბირო ორგანო – მრჩეველთა საბჭო, თუმცა ქუთაისის გარდა, არც ერთ მოქმედ საბჭოში არ არის დაცული კანონის მოთხოვნა საბჭოს შეკრების პერიოდულობის შესახებ.
  • საკვლევ პერიოდში სულ 4 პეტიცია დარეგისტრირდა ჭიათურის, სამტრედიის, ვანისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტებში.
  • ვანის, თერჯოლის, ბაღდათის საკრებულოების სხდომებს მოქალაქეები 2017 -2019 წლებში არ დასწრებიან, სხვა მუნიციპალიტეტებში დასწრება ფიქსირდება, თუმცა იშვიათად.
  • 2017-2019 წლებში საკრებულოს წევრების ამომრჩეველთან შეხვედრები თერჯოლის, ხარაგაულისა და ხონის მუნიციპალიტეტების გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტში იმართებოდა.
  • ჭიათურისა და სამტრედიის გარდა, იმერეთის ყველა მუნიციპალიტეტის მერს ჩაბარებული აქვს ანგარიში მოსახლეობის წინაშე.

_______________

ფოტოზე: ქალაქი ბაღდათი. ფოტო: ვიკიპედია 

გაზრდილი მგზავრთანკადის მომსახურების მიზნით დამატებითი მატარებელი ინიშნება

საკურორტო სეზონზე, გაზრდილი მგზავრთნაკადის  მომსახურების მიზნით, 18 აგვისტოს „საქართველოს რკინიგზა“   თბილისიდან და  ბათუმიდან ორივე  მიმართულებით, სამგზავრო მატარებელს ამატებს.

მატარებელი  იმოძრავებს  შემდეგი განრიგით:

18/08/2019    თბილისი – ბათუმი –  თბილისი   №888/887
  გასვლა- თბილისი   ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი   ჩამოსვლა- თბილისი
09:05 14 :42 18:30 00:07

შეგახსენებთ, რომ ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე ვებ გვერდებზე  (Railway.ge; tkt.ge; Biletebi.ge; matarebeli.ge) ; სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

საქართველოს რკინიგზა ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

ბათუმში სამარშრუტო მიკროავტობუსები ორ ახალ ხაზზე იმოძრავებენ – N23 და N27

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით, ქალაქში სამარშრუტო მიკროავტობუსების არსებულ ხაზებს ორი ახალი ხაზი დაემატება. ახალ ხაზზე იმოძრავებენ მიკროავტობუსები ნომრებით: 23 და 27. „მართალია, ხაზები დაემატება, მაგრამ ქალაქში მოძრავი მიკროავტობუსების რაოდენობა – 250, დარჩება უცვლელი,“ – აცხადებენ მერიაში.

მერიის ეს გადაწყვეტილება ბათუმის საკრებულომ უნდა დაამტკიცოს. ახალ ხაზზე მიკროავტობუსები, სავარაუდოდ, 2019 წლის სექტემბრის შუა რიცხვებიდან იმოძრავებენ.

ბათუმის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ N23 სამარშრუტო ხაზით შესაძლებელი იქნება პუშკინის ქუჩიდან „სავაჭრო ცენტრ 2009“-სთან [ხოფის ბაზრობასთან] მოხვედრა ისე, რომ მიკროავტობუსი მთლიანად გაივლის პუშკინის ქუჩას ავტოსადგურიდან ლორიას ქუჩამდე; ხოლო N27 ხაზი ბათუმის თითქმის ყველა ძირითად საავადმყოფოს დააკავშირებს ერთმანეთთან [მიკროავტობუსი იმოძრავებს თამარის დასახლებიდან ანგისის დასახლებამდე და გაივლის ბავშვთა საავადმყოფოსთან, ბაუსთან, რეფერალურთან, რესპუბლიკურთან].

პროექტის მიხედვით

N23 მიკროავტობუსები იმოძრაობენ შემდეგი მარშრუტით:

ავტოსადგური „მეტრო“ – გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩა – შავშეთის ქუჩა – პუშკინის ქუჩა – ლორიას ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩა – დავით აღმაშენებლის ქუჩა – ტაბიძის ქუჩა – ლეონიძის ქუჩა – „სავაჭრო ცენტრი 2009“[ხოფის ბაზრობა]. უკუმიმართულება იგივე.

N27 მიკროავტობუსები იმოძრაობენ შემდეგი მარშრუტით:

თამარის დასახლება – ძმები ნობელების ქუჩა – კაზინეცის ქუჩა [ბარცხანაში გადასასვლელი] – ქათამაძის ქუჩა [ინფექციური საავადმყოფო] – გოგოლის ქუჩა – მაიაკოვსკის ქუჩა – წერეთლის ქუჩა – ჭავჭავაძის ქუჩა – ტბელ აბუსერიძის ქუჩა [რკინის თაღამდე, „კარფურამდე“] – შარტავას ქუჩა – ბაგრატიონის ქუჩა – აჭარის გზატკეცილი [ანგისის ბავშვთა საავადმყოფო] – ხახულის ქუჩა – „სავაჭრო ცენტრი 2009“ [„ხოფის ბაზრობა“]. უკუმიმართულება იგივე.

 

 

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 16 აგვისტოს 21 საათიდან 17 აგვისტოს 21 საათამდე ბათუმსა და აჭარის მაღალმთიანეთში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ელვა-ჭექა და წვიმა. ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 19-24 გრადუსი, დღისით – 21-26 გრადუსი სითბო;
  • მთიან რაიონებში – ღამით 10-15 გრადუსი, დღისით – 18-23 გრადუსი სითბო.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, დროგამოვებით ელვა-ჭექა და წვიმა. ხილვადობა 4-10 კმ.;
  • ტალღის სიმაღლე ღამით: 7-12 დმ (1-2 ბალი), დღისით: 13-18 დმ (4 ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა: +28,5 გრადუსი.

18 აგვისტოს აჭარის სანაპირო ზოლსა და მაღალმთიანეთში მოსალოდნელია დროგამოვებით ელვა-ჭექა და წვიმა.

 

Exit mobile version