მთავარი,სიახლეები

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

28.08.2019
„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

„ახლა იგი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია, სადღაც ჯურღმულში ჩასვეს, ყოველგვარი კონტაქტის გარეშეა, მესამე კვირა ოჯახის წევრებსაც არ დალაპარაკებია. მძიმეა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და შველას ითხოვს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა. იგი „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“ საქართველოში გასამართლებული მინდია ლავასოღლის ერთ-ერთი ადვოკატია.

შეიძლება ითქვას, რომ თურქეთში მინდია ლავასოღლი პირდაპირ საპატიმრო დაწესებულებიდან წავიდა: 2017 წლის 17 ოქტომბერს ქუთაისის სასამართლომ საპატიმრო დაწესებულებაში მყოფი ლავასოღლი წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლა. თუმცა მინდია ლავასოღლი უკვე 10 თვეა თურქეთში, საპატიმრო დაწესებულებაშია მოთავსებული – ის საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.

საქართველომ თურქეთს მისი ექსტრადაცია გასული წლის ზაფხულში მოსთხოვა, მას შემდეგ, როცა ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 20 ივლისს, მინდია ლავასოღლი „კანონიერ ქურდობაში, ჯგუფურად გამოძალვის ორგანიზებასა და ძალადობის მუქარით ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლაში“ დამნაშავედ ცნო. მას ბრალი სწორედ ამ მუხლით ჰქონდა წარდგენილი, როდესაც წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. შესაბამისად, ქუთაისის სასამართლომ ლავასოღლის დაუსწრებლად განუსაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა.

2019 წლის 12 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ კიდევ ერთ – „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე“ ასევე დაუსწრებლად მიუსაჯა მინდია ლავასოღლის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. ლავასოღლი ამ პერიოდში თურქულ ციხეში იყო მოთავსებული.

„ეუბნება თურქეთი საქართველოს წაიყვანეთო, მაგრამ არ მოჰყავთ,“ – აღნიშნავს ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციას და მას ეს ინფორმაცია თურქეთის ციხის ადმინისტრაციისგან აქვს. გელა ნიკოლაიშვილს არ აქვს ვერსია, რატომ შეიძლება არ სურდეს საქართველოს ლავასოღლის ქართულ ციხეში მოთავსება.

გელა ნიკოლაიშვილის თქმით, თურქეთის კანონმდებლობით ექსტრადაციის მაქსიმალური ვადა 6 თვეა, მაგრამ იგივე ექსტრადაციის მოთხოვნის საფუძველზე ციხიდან გამოსული ლავასოღლი 40 წუთში ისევ უკან შეაბრუნეს.

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: