მთავარი,სიახლეები

უამინდობის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა, კომერციული ფართობი და სახლი დაიტბორა

02.11.2019
უამინდობის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა, კომერციული ფართობი და სახლი დაიტბორა

დღეს, 2 ნოემბერს, ბათუმში ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა. ამ დროისთვის ბათუმის რამდენიმე ქუჩაზე ისევ მუშაობს სპეცტექნიკა.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯუმბერ კობალაძის თქმით, კრიტიკულ წერტილებად რჩება ჯავახიშვილის ქუჩა, ამ ქუჩის მიმდებარე ტერიტორია და ე.წ. ჭაობის დასახლება, იმის გამო, რომ აქ მიმდინარე ინფრასტრუტურული სამუშაოების გამო ჩაკეტილია სანიაღვრე არხები.

გუშინ, 1 ნოემბერს, ბათუმში მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურად წვიმდა, რის გამოც მდინარე მეჯინისწყალი კახაბრის დასახლებაში ისევ გადმოვიდა კალაპოტიდან და დატბორა მიმდებარე ტერიტორია, ვარშანიძის ქუჩაზე კი მეწყერმა საცხოვრებელი სახლის ეზოს ნაწილი წაიღო.

ჯუმბერ კობალაძის ინფორმაციით, ამ დროისთვის მდინარის წყლის დონემ დაიწია, თუმცა კრიტიკულ ადგილებზე ისევ მობილიზებულია სპეცტექნიკა.

შპს „ბათუმის წყლის“ ცხელ ხაზზე კი სულ რვა შეტყობინება შევიდა. პრესსამსახურის ინფორმაციით დაიტბორა სახლები და რამდენიმე კომერციული ფართობი. ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია ამოტუმბვის სამუშაოები, ხოლო ზღვაზე გასავლელი არხები გაწმენდილია და ამ მხრივ შეფერხება არ არის.

სინოპტიკოსების ინფორმაციით დღეს, 2 ნოემბერს,  ბათუმში ისევ მოსალოდნელია ძლიერი წვიმა.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: