მთავარი,სიახლეები

ავტოკაფეს მეპატრონე: არ ვარღვევ კანონს, მანქანა დგას პარკინგზე და არა სკვერში

03.11.2019 • 2020
ავტოკაფეს მეპატრონე: არ ვარღვევ კანონს, მანქანა დგას პარკინგზე და არა სკვერში

„ბათუმელების“ მასალას – „გადაკეტილი სასეირნო ბილიკი სკვერში და ბათუმის მერიის პასუხი“ ავტოკაფეს მეპატრონე   გამოეხმაურა. ბათუმში, ვალენბერგის #4-ში ე.წ. ავტოკაფე ნაწილობრივ სკვერშია განთავსებული. ეს სკვერი ზვიად გამსახურდიას ქუჩის ბოლოში მდებარეობს.

კაფეს წარმომადგენელმა ლიკა  ნაკაიძემ სატელეფონო საუბარში განგვიმარტა, რომ  ავტოკაფე პარკინგის ტერიტორიაზე დგას და კაფეში გადაადგილებას ხელს არ უშლის. მან გვთხოვა ამაში დასარწმუნებლად ვითარებას ადგილზე გავცნობოდით.

„წლებია რაც ეს კაფე გავაკეთეთ, მისი ფუნქციური დატვირთვაც იმის მიხედვით გავთვალეთ, რომ აქ მეზობლებს, გამვლელებს  და ბავშვებს ხელი არ შეშლოდათ, ამიტომაც არ ვყიდით ალკოჰოლიან სასმელებს. გვაქვს მხოლოდ ყავა, ჩაი, წვენი და ნამცხვრები, ასევე ნაყინი. ადგილი, სადაც ავტოკაფე დგას, არ ეკუთვნის სკვერის ტერიტორიას, ეს ადგილი ჩვენი სახლის მანქანების სადგომია. მეზობლები აქ ვსვამთ დილის „მხნეობის ყავას“ – ასე ვეძახით,“ – გვითხრა ლიკა ნაკაიძემ.

ადგილზე დათვალიერებით მართლაც ირკვევა და რეესტრის მონაცემებიც ადასტურებს, რომ ტერიტორია, სადაც ავტოკაფეა განთავსებული,  პარგინგს ეკუთვნის, ხოლო კაფესთვის განკუთვნილი მაგიდები სკვერშია განლაგებული, რისი ნებართვაც კაფეს მეპატრონეს  მერიიდან  მიღებული ჰქონდა, თუმცა ვადა გაუვიდა.

ლიკას თქმით, ტომრები და ბეტონის დეკორატიული ფილები რაც გარკვეულწილად მოუწესრიგებელი გარემოს შთაბეჭდილებას ქმნის, დროებითია: „წვიმის დროს ძალიან ატალახდა და გვინდა მოვაწესრიგოთ“,- ამბობს ლიკა

ვალენბერგის #4

როგორც მერიაში გვითხრეს, მეპატრონემ ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით მერიას უკვე მიმართა და  დადებითი გადაწყვეტილების მიღებასაც გეგმავდნენ, თუმცა მერია ახლა აპირებს საჩივრებიც შეისწავლოს.  როგორც წინა მასალაში ვწერდით, ეზოში კაფეს მოწინააღმდეგებიც ჰყავს.

მწვანედ მონიშნულია ბინა და ეზო, პარკინგის ადგილი, სადაც ავტოკაფეა განთავსებული. რეესტრის მონაცემებით კარგად ჩანს, რომ პარკინგის ტერიტორია გარკვეულწილად შეჭრილია პარკში, მას პარკისგან დაბალი ბორდიური ჰყოფს: „ამობეტონებული არ არის როგორც სხვა ეზოებში, მაგრამ ნამდვილად პარკინგის ადგილია,“ – ამბობს ლიკა.

ლიკას თქმით, ის ასევე არ ეთანხმება ბრალდებას, რომ ამ კაფეს გამო განადგურდა ნარგავები და ხელი შეეშალა ბავშვების გადაადგილებას. მცენარეებს ვუვლით, რომ მაქსიმალურად ლამაზი გარემო გვქონდეს, რაც შეეხება ბავშვებს, რამდენჯერმე აქ გამოთქვეს დაბადების დღის გადახდის სურვილი და თავისი სურვილისამებრ ბუშტებით მორთეს აქაურობა“.

გავესაუბრეთ რამდენიმე მეზობელსაც: „ აქ ვიკრიბებით, ყავას ვსვამთ. ვერთობით, ვსაუბრობთ, არანაირად არ გვიშლის ეს კაფე ხელს,“ – გვითხრა აქ მცხოვრებმა ლევან გოგრაჭაძემ. იმავეს ამბობს სხვა მეზობელი, ტატიანაც.

ლიკა ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანი იყო საზოგადოებისთვის აეხსნა, რომ კანონს არ არღვევს და ცდილობს ბათუმში განავითაროს ეზოს კაფე, რომელიც ე.წ. ჩაბეტონებას არ ითვალისწინებს. ლიკა იმედოვნებს, რომ მერია ხელს შეუწყობს განავითაროს ეს, როგორც ტურისტული და ადგილობრივების დასვენების ადგილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: