მთავარი,სიახლეები

ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან

04.11.2019
ლავასოღლი ჯვრის ტარებას ითხოვს – ოჯახის აქცია თურქეთის საკონსულოსთან

“გაათავისუფლონ ან საქართველოს გადმოსცენ,” – ამ მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან ბათუმში მინდია ლავასოღლის ოჯახის წევრები და ახლობლები შეიკრიბნენ. მინდია ლავასოღლი საქართველოში კანონიერი ქურდობის ბრალდებით გაასამართლეს, თუმცა განაჩენის მიღების დროს, 2018 წელს, იგი ქვეყანაში აღარ იმყოფებოდა.

“იგი უკვე ერთი წელია თურქეთის ციხეშია, სტამბულში… მისი პატიმრობაში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. ის უნდა გაათავისუფლონ,” – ამბობს მინდია ლავასოღლის ადვოკატი, ლექსო კობაიძე.

“მირჩევნია ჩემი ძმა საქართველოს ციხეში იყოს… ეს არაა არც აქცია და არაფერს ვითხოვთ. უბრალოდ, გვინდა შეხვედრა კონსულთან,” – გვითხრა მინდია ლავასოღლის დამ, ირინა გორაძემ. მას ასევე ვკითხეთ, რა მდგომარეობაშია ლავასოღლი ციხეში, რადგან ცოტა ხნის წინ ადვოკატი აცხადებდა, რომ მისი მდგომარეობა რთულია.

ლავასოღლის ახლობლების აქცია ბათუმში თურქეთის საკონსულოსთან

“არ ვადასტურებ ამას, ძალიან კარგად არის… მე ოთხი დღის წინ ვიყავი ჩასული და პირადად ვნახე. პრობლემა არსებობს მხოლოდ ქრისტიანობასთან დაკავშირებით. ჩვენ ქრისტიანები ვართ,” – უთხრა ირინა გორაძემ “ბათუმელებს”. მან არ დაგვიკონკრეტა, რა სახის პრობლემები ექმნება მინდია ლავასოღლის აღმსარებლობის კუთხით.

“ჩვენთან ციხეებში ეკლესიებია, იქ ლოცვა უნდა… ლოცულობს კიდეც…” – აღნიშნა ირინა გორაძემ.

“ლავასოღლის ჯვრის ტარების უფლებას არ აძლევენ, ეს შეზღუდვა აქვს…” – გვითხრა ადვოკატმა ლექსო კობაიძემ.

ირინა გორაძე, ლავასოღლის და

მინდია ლავასოღლი თურქეთში საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით დაახლოებით ერთი წლის წინ დააკავეს. უცნობია, რატომ არ გადმოსცა თურქეთის მხარემ დაკავებული ლავასოღლი საქართველოს.

შეკრებილები კონსულთან შეხვედრის მოთხოვნით თურქეთის საკონსულოსთან რჩებიან.

ამავე თემაზე:

„ლავასოღლი თურქეთში ჯურღმულში მოათავსეს, ის შველას ითხოვს“ – ადვოკატი

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: