მთავარი,სიახლეები

ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციას ქობულეთის მერიაც გეგმავს

03.11.2019 • 1030
ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციას ქობულეთის მერიაც გეგმავს

ბათუმის მერიაში ახალი მუნიციპალური „ზედამხედველობის ინსპექციის“ შექმნის აუცილებლობის დასაბუთებისას აღიარეს, რომ ეფექტური კონტროლი საზედამხედველო საქმიანობაზე მთავარ გამოწვევად რჩება. იგივე გზას დაადგა ქობულეთის მერიაც.  მუნიციპალიტეტის მერმა მირიან ქათამაძემ ზედამხედველობის სამსახურის რეორგანიზაციის დაწყების თაობაზე ბრძანება 30 ოქტომბერს გამოსცა.

ამ ბრძანების მიხედვით, რეორგანიზაცია  ეფექტიანი, მოქალაქეების საჭიროებებზე ორიენტირებული ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისათვის არის საჭირო.

რა ტიპის რეორგანიზაციას გეგმავს ქობულეთის მერია, შექმნის ახალ მუნიციპალურ აიპს ბათუმის მერიის მსგავსად თუ საზედამხედველო საქმიანობას ისევ მერიის სამსახურების დაქვემდებარებაში დატოვებს, ამის შესახებ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც რეორგანიზაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელი პირი მერს შესაბამის სამართლებრივ აქტებს წარუდგენს. მათი განხილვის შემდეგ ამ აქტებს გაასაჯაროებენ.

სავარაუდოდ ეს საკითხი ქობულეთის საკრებულოს მორიგი სხდომისთვის მზად იქნება, ახალი, 2020 წლისთვის კი ქობულეთის მერიას უკვე  განახლებული საზედამხედველო სამსახური ექნება.

მერის ბრძანების მიხედვით,  რეორგანიზაციის დაგეგმვაზე პასუხისმგებელმა პირმა არაუგვიანეს 2019 წლის 4 ნოემბრისა უნდა უზრუნველყოს  იმ სამართლებრივი აქტის პროექტის შემუშავება, რომლის მიხედვითაც ასევე განისაზღვრება რეორგანიზაციის ეტაპების განხორციელებაზე პასუხისმგებელი  ჯგუფის შემადგენლობა და რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები.

ბათუმის მერია მუნიციპალურ ინსპექციას აფუძნებს – გაიზრდება საშტატო ნუსხა და ხარჯები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: