მთავარი,სიახლეები

სექსუალური ძალადობის 8 წლის მსხვერპლის დედა: მოძალადის მეგობარი ქალი აქეთ მიჩივის

02.11.2019 • 1765
სექსუალური ძალადობის 8 წლის მსხვერპლის დედა: მოძალადის მეგობარი ქალი აქეთ მიჩივის

„რამდენიმე დღეში სასამართლომ ჩემს შვილზე მოძალადეს განაჩენი უნდა გამოუტანოს. ამ დროს სასამართლოდან შეტყობინება მომოვიდა – 12 ათასი ლარის გადახდას მთხოვენ,“ – გვიყვება ნინო [სტატიაში დაზარალებული გოგოს და დედის სახელები შეცვლილია]. მისი შვილი 8 წლის იყო, როცა სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა. „გარყვნილი ქმედების“ ბრალდებით სამართალდამცველებმა 29 წლის ვიტალი შ. 2019 წლის თებერვალში დააკავეს. ბრალდებული წინასწარ პატიმრობაშია.

ფულის გადახდას დაზარალებულად ცნობილი ბავშვის დედას, ნინოს ბრალდებული კაცის მეგობარი ქალი სთხოვს – ალექსანდრა პუჯიონი. იგი ბათუმში ერთ-ერთ სადღეღამისო თავშესაფარს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სხვადასხვა ფონდი აფინანსებდა. დღეს ეს თავშესაფარი აღარ მუშაობს. ნინო მცირეწლოვან შვილთან – ანასთან ერთად ამ თავშესაფარში ცხოვრობდა.

„სხვადასხვა მოხალისე ჩამოდიოდა უცხოეთიდან და თავშესაფარში მუშაობდნენ, ერთ-ერთი იყო ვიტალი, ვინც ჩემს შვილზე ძალადობდა… ამ კაცის ჩამოსვლის მერე ალექსანდრას ქმარი საკუთარ ქვეყანაში დაბრუნდა და ესენი დარჩნენ ერთად. ორი წლის წინ თავშესაფარი დაიხურა. ალექსანდრამ თქვა, ფულს აღარ გვიგზავნიანო. ალექსანდრას ძალიან მოსწონს ბათუმი, სასტუმრო აიღეს იჯარით და ამუშავებდნენ. მე სასტუმროშიც გავყევი დამლაგებლად… 6 წლის წინ დავოჯახდი, მეორე შვილი შემეძინა და პირველ შვილს – ანას, ხშირად ვტოვებდი სასტუმროში ღამითაც, ის ნახევრად ალექსანდრას გაზრდილია.

რამდენჯერმე შევესწარი, როცა ჩემს გოგოს ის კაცი ეფერებოდა, მაგრამ ვერ დავიჯერე. ამბავი მაშინ გავიგე, როცა შვილი გაცივდა ჩემთან ურთიერთობაში, საჭმელს აღარ ჭამდა, გამირბოდა… მაშინ დავისვი და ვთხოვე, ელაპარაკა. პოლიციას როცა მივმართე, ალექსანდრა გაბრაზდა, ჩემთან ვალში არიან და მოიგონეს, რომ რამე უკან არ მოვთხოვოო. მე ახლაც არ დამირეკავს ალექსანდრასთვის, როცა გავიგე, რომ 12 ათასი ლარის დაბრუნებას მთხოვს. ვერ გავიგე, არ ვიცი, რას მთხოვს. მე ვცხოვრობდი თავშესაფარში და ვმუშაობდი დამლაგებლად, სულ ესაა…

სადაც გავთხოვდი, იქ გამიკეთეს ერთხელ ფანჯარა. როცა მეორე შვილი შემეძინა, მნახა, ფანჯარაზე მინის ნაცვლად ცელოფნები იყო და გამომიცვალეს. მე ვიცოდი, რომ ეს დახმარების ფულით გაკეთდა. არც უთქვამს, რომ ეს ვალი იყო და უნდა გადამეხადა.

ალექსანდრაზე მაშინ გავბრაზდი, როცა ეს ამბავი მოხდა და მან ჩემი შვილის ტანსაცმელები და სათამაშოებიც კი აღარ მომცა, ჩემი ნაყიდიაო,“ – ამბობს დაზარალებულად ცნობილი გოგოს დედა, ნინო.

ნინოს ინტერესებს სასამართლოში „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ დაიცავს. იურისტმა პაატა დიასამიძემ უკვე მოამზადა შესაგებელი, სადაც აღნიშნულია, რომ ნინო სარჩელის არცერთ მოთხოვნას არ ეთანხმება. სამოქალაქო დავაზე სხდომა ჯერ არ ჩანიშნულა.

„ვფიქრობ, ეს იმიტომ გააკეთეს, რომ აღარ ვიდავოთ. ჩემთვის ეს არავის უთქვამს, მაგრამ ასეა ალბათ,“ – დასძენს ნინო.

სარჩელი გაუგებარია ორგანიზაცია GCRT-ის სოციალური მუშაკისთვის, მაია ჯაშისთვის, რომელიც ნინოსთან და ანასთან მუშაობს.

„თავშესაფარი არის ქველმოქმედება და გაუგებარია, როგორ უნდა მოსთხოვო თავშესაფარში ცხოვრების ფული ადამიანს, მათ შორის, მაგალითად, საძინებლის ფანჯრის რემონტი,“ – აღნიშნავს მაია ჯაში.

„არ დაგელაპარაკებით, არ მსურს საუბარი,“ – გვითხრა ალექსანდრა პუჯიონმა, როცა მას ტელეფონით დავუკავშირდით და ვუთხარით, რომ ამ თემასთან დაკავშირებით გვქონდა კითხვები.

კიდევ ერთი პრობლემა, რაზეც ნინო საუბრობს, ანას ფსიქოლოგიური მდგომარეობაა. იგი უკვე 9 წლისაა.

„აკვიატებები აქვს, შიშები, ხშირად ვერ იძინებს… არ უნდოდა სასამართლოშიც წასვლა, მაგრამ მოითხოვეს პროკურორებმა, რომ უნდა ელაპარაკა. რამდენიმე საათი იყო სხდომაზე და მაგის შემდეგ კიდევ უფრო გართულდა მდგომარეობა. როგორც ამიხსნეს, მას სჭირდება ფსიქოლოგის დახმარება, რეაბილიტაცია, რის საშუალებაც ჩვენ არ გვაქვს. ვატარებდი ერთ-ერთ ცენტრში ფსიქოლოგ ქეთი დევაძესთან, მაგრამ შემდეგ პროგრამა ამოიწურაო, ორი სეანსი გვაჩუქა და დავემშვიდობეთ. არ ვიცი, ვის მივმართო,“ – გვითხრა ნინომ.

სახელმწიფო ფსიქოლოგის დახმარების სერვისს ვერც სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს სთავაზობს. ეს სოციალური მომსახურების სააგენტოში დაგვიდასტურეს.

„ჩვენთან მხოლოდ ერთი ფსიქოლოგია. ის, ძირითადად, მუშაობს შეფასებებზე და არ რჩება დრო თერაპიაზე, რეაბილიტაციაზე. ჩვენ ვეცდებით შეძლებისდაგვარად რამდენიმე სეანსი ჩაუტარდეს ამ მოზარდს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ რუსუდან სალუქვაძემ, სოციალური მომსახურების სააგენტოს აჭარის ფილიალის უფროსის მოადგილემ.

9 წლის ანა ისევ იგივე სკოლაში დადის, სადაც აქამდე დადიოდა. ჩვენთან საუბრის დროს ნინომ ასევე თქვა, რომ შვილის სხვა სკოლაში გადაყვანა სურდა, მაგრამ არც ეს მოხერხდა.

„სხვა სკოლებმა მითხრეს, ადგილი არ არისო… თებერვალში, როცა ეს ამბავი მოხდა, რამდენიმე ტელევიზია დამპირდა, რომ კადრებს არ აჩვენებდნენ, მაგრამ ისე აჩვენეს, რომ ამოგვიცნეს. მერე კლასელებიც ეკითხებოდნენ ჩემს შვილს, რა მოხდა, რა მოხდაო…“ – ასრულებს ნინო.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: