მთავარი,სიახლეები

ვინ გადაიხდის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის 35 მილიონ ლარს

03.11.2019
ვინ გადაიხდის რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის 35 მილიონ ლარს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ინფორმაციით, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვა 2020 წელს უნდა დასრულდეს. თუმცა აღჭურვისთვის საჭირო თანხა აჭარის რესპუბლიკური ბიუჯეტის 2020 წლის პროექტში არ არის გათვალისწინებული.

ამ საკითხის დაზუსტებისთვის დასმულმა კითხვამ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე გააღიზიანა. მან გვითხრა, რომ ამის შესახებ უკვე ბევრჯერ განმარტეს და მეტი კითხვა ამ ფორმულირებით აღარ უნდა დავსვათ.

მინისტრის განმარტებით, როცა თორნიკე რიჟვაძემ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვაზე განაცხადა, იგულისხმა, რომ არსებობს შეთანხმება  ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინანსების მოპოვების თაობაზე.

მთავრობის იმ სხდომის შემდეგ, სადაც თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვა 2020 წელს არათუ უნდა დაიწყოს, უნდა დასრულდეს კიდეც, ფინანსთა მინისტრმა გვითხრა, რომ არ იცის, რა თანხაა ამისთვის საჭირო. „ეს ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, ისინი ითვლიან და მათ ჰკითხეთ“, – გვითხრა ჯაბა ფუტკარაძემ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში გვითხრეს, რომ ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ახალი შენობის აღჭურვისთვის დაახლოებით 35 მილიონი ლარია საჭირო. თუმცა ეს თანხა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტშიც არ არის გათვალისწინებული.

2020 წლის საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ცენტრალური ბიუჯეტიდან  აჭარის რეგიონისთვის ელექტროძაბვის გაძლიერების, ბათუმი -ახალციხის გზის მშენებლობის, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციის, ბათუმის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის და კიდევ რამდენიმე პროექტის დაფინანსებისთვის იგეგმება თანხის გამოყოფა. მათ შორის, ჯერჯერობით, რესპუბლიკური საავადმყოფოს აღჭურვისთვის საჭირო 35 მილიონი არ არის.

აღსანიშნავია ისიც, რომ ჯერ ბიუჯეტის პროექტი განხილვის ეტაპზეა და შესაძლოა ის შეიცვალოს.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: