ბათუმში განახლებული „რვაფეხას“ გახსნის პარალელურად საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დღეს, 21 აგვისტოს, ბათუმში, „რვაფეხას“ ოფიციალური გახსნის პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იმავე ტერიტორიაზე აქციას მართვას.

აქტივისტებმა „რვაფეხასთან“ მოიტანეს პლაკატები, ითხოვენ გიორგი გახარიას, პრემიერისა და საქართველოს მთავრობის გადადგომას.

ფოტო: „ბათუმელები“

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, აქციის მონაწილეების წინ დგას პოლიციის კორდონი და მათ არ აძლევს საშუალებას მიუახლოვდნენ „რვაფეხას“ ტერიტორიას.

„რვაფეხას“ გახსნის ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე ესწრება.

 

საკრებულო რივიერას განაშენიანების გეგმის დამტკიცების საკითხს განიხილავს

ბათუმის საკრებულო, 22 მარტს, „რივიერას“ ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დამტკიცების საკითხს განიხილავს. საკითხზე მომხსენებელი ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი მირიან მეტრეველია. საკრებულომ „რივიერას“ გრგ-ს დამტკიცებაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას მხარი 16 ივლისს დაუჭირა.

გრგ-ს დამტკიცების შემდეგ კომპანია „ბათუმი რივიერას“ რჩება მშენებლობის ნებართვის მიღება, რათა თავისი პროექტი განახორციელოს.

„სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერას“ წინადადება მოიცავს მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას – მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები, იახტკლუბი, ხელოვნური ლაგუნა, რესტორნები, კაზინო, საზოგადოებრივი სივრცეები; მერიაში წარდგენილი გრგ-ს თანახმად ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებს ხელოვნური ყურე, სადაც გათვალისწინებულია ნავმისადგომი იახტებისთვის.

„მერიის მიერ დადგინდა, რომ საპროექტო კომპლექსი, რომლის მშენებლობასაც აპირებს „ბათუმი რივიერა“, თავისი მახასიათებლებით, ფუნქციური დატვირთვიდან და სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, წარმოადგენს მე-5 კლასის ობიექტს, რაზეც ქ. ბათუმის მერიის მიერ ნებართვა არ გაიცემა, ასეთი სახის ობიექტზე მშენებლობის ნებართვას გასცემს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“ – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

საქართველოს კანონმდებლობით, V კლასის [განსაკუთრებული მნიშვნელობის] ობიექტების მშენებლობის ნებართვას გასცემს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო.

პროექტი „ბათუმი რივიერა“ დაახლოებით ცხრა ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, აქედან  59 042 კვ/მ ტერიტორია უშუალოდ „სილქ როუდის“ საკუთრებაშია, 923 კვ/მ ნავსაყუდელის ნაგებობა და იქვე არსებული 8 533 კვ/მ მიწის ნაკვეთი 20-წლიანი იჯარით აქვს აღებული კომპანიას, 10 226 კვ/მ ტერიტორია აჭარის საკუთრებაშია, ხოლო 8 631 კვ/მ ბათუმის მუნიციპალიტეტის [ჭაჭის თაუერი] საკუთრებაა.

პროექტის განხორციელების შემთხვევაში, შპს „რივიერა ბათუმის“ ერთ-ერთი კოშკი ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა იქნება. კომპანიის მიერ ბათუმის მერიაში წარდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმის მიხედვით, ხუთი თაუერიდან ერთ-ერთი კოშკის სიმაღლე 200.60 მეტრი იქნება. სწორედ ეს 56-სართულიანი კოშკი იქნება ბათუმში ყველაზე მაღალი შენობა.

15 აგვისტოს, ბათუმის მერიაში შპს „რივიერა ბათუმის“ მიერ წარდგენილი ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმა განიხილეს. საჯარო განხილვა მერიამ დაგეგმა. საკითხი ეხება ბათუმის კონცხთან არსებული 6 ჰექტარის განაშენიანების გეგმას. ეს ტერიტორია შპს „რივიერა ბათუმს“ ეკუთვნის.

ამ თემაზე:

იძლევით გარანტიას, რომ იქ არ ჩაიძირება ყველაფერი? – ცხარე დებატები რივიერას დირექტორთან 

ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობოს განცხადება რ2-იდან ჟურნალისტების გათავისუფლებაზე 

ბათუმში მოქმედი 6 არასამთავრობო ორგანიზაცია მიუღებლად მიიჩნევს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების გათავისუფლებას. ორგანიზაციები თვლიან, რომ ამჟამინდელი მოვლენები ნეგატიურად აისახება მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე.

„ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიუღებლად მიგვაჩნია ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან თანამშრომლების კამპანიური გათავისუფლება. „რუსთავი 2“-ის ახალმა მენეჯმენტმა, უგულებელყო არხის თანამშრომლებისა და საზოგადოების წინაშე გაცხადებული პირობა სარედაქციო დამოუკიდებლობის ხელშეუხებლობასთან დაკავშირებით და მიგვაჩნია, რომ ახალი მენეჯმენტი ყველაფერს აკეთებს, არხის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად.

ნიშანდობლივია, რომ ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკას ქმნიან და იზიარებენ სწორედ ის ჟურნალისტები, პროდიუსერები და თანამშრომლები, ვინც არხზე მუშაობს. კიდევ უფრო ბუნდოვანი და პოლიტიკურად მოტივირებული აღმოჩნდა ის ფაქტი, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის, ნოდარ მელაძის, კრიტიკული საავტორო გადაცემის წამყვანის, ჟურნალისტ ეკა კვესიტაძის და არხის პოლიტიკური შოუების პროდიუსერის, გიორგი ლაფერაშვილის თანამდებობებიდან გათავისუფლება ფინანსურ მაქინაციებს დაუკავშირეს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე.

ბათუმში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ რუსთავი 2“-ის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებით კი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროცესში. ასევე, აუცილებელად მიგვაჩნია, რომ ქვეყანაში თავისუფლად უნდა მუშაობდნენ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანის გაკეთების საშუალებას მისცემენ.

მოვუწოდებთ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ყურადღებით დააკვირდნენ „რუსთავი 2“-ში მიმდინარე პროცესებს. სამწუხაროა, რომ ამჟამინდელი მოვლენები მკვეთრად ნეგატიურ როლს შეასრულებს ქვეყნის დემოკრატიზაციის და მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების სამართლიან ჩარჩოებში ჩატარების გზაზე“.

განცხადებას ხელს აწერენ ორგანიზაციები: თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი, საზოგადოებრივი განვითარების აკადემია, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილიალი, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ბათუმის დემოკრატიის სკოლა და დემოკრატიის ინსტიტუტი.

რაგბის მსოფლიო ასოციაციის გადაღებული ფილმი სოფელ შუხუთიდან იწყება  

მსოფლიო რაგბის ასოციაციამ ქართული რაგბის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადაიღო. რეჟისორმა რიჩ მილტონმა გადაღებები 2019 წლის აპრილში დაასრულა. ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ტელევიზიაში ორი კვირის წინ გაუშვეს. მსოფლიო რაგბის ასოციაციის თვალით დანახული ქართული რაგბის ისტორია ორ სერიაშია ჩატეული, თითო სერია ოცდაათწუთიანია. ფილმი სოფელ შუხუთში ლელობურთის სცენებით იწყება და ქართული რაგბის ისტორიის დასაწყისიც რეჟისორს გურიის ამ სოფლიდან აქვს დანახული. ფილმში საქართველოს ნაკრების ჩამოყალიბების ისტორია, მიღწევები და სამომავლო პერსპექტივებია განხილული.

პირველი ეპიზოდი:

Georgia: Rugby's Next Superpower | Episode One | World Rugby Films

 

მეორე ეპიზოდი:

Georgia: Rugby's Next Superpower | Episode Two | World Rugby Films

2019 წლის რაგბის მსოფლიო  ჩემპიონატამდე მსოფლიო რაგბის ასოციაცია იღებს დოკუმენტურ ფილმებს რაგბის პოპულარიზაციისა და მსოფლიოსთვის გუნდების ისტორიის უკეთ გაცნობის მიზნით. ფილმი მთლიანად მსოფლიო რაგბის ასოციაციის მიერაა დაფინანსებული.

რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი ოთხ წელიწადში ერთხელ იმართება და წელს, 20 სექტემბერს, გაიხსნება იაპონიის ქალაქ ტოკიოში, იაპონია-რუსეთის თამაშით.

2019 წლის იაპონიის ჩემპიონატზე საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები  უელსის, ურუგვაის, ავსტრალიის და ფიჯის ნაკრებებს შეხვდება.

სასაფლაოს სასაფლაო – რაში დახარჯა ბათუმის მერიამ 3,5 მილიონი ლარი [ფოტო]

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 3,5 მილიონამდე ლარი უკვე დაიხარჯა, 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო. სასაფლაო დღემდე არ არის გახსნილი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა.

პროკურატურაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად მოხდა ტერიტორიის ეროზირება, რამაც საფლავებისთვის მომზადებული ადგილების დახრამვა და ხევების გაჩენა გამოიწვია.

[red_box]ვრცლად იხილეთ ბმულზე: ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება[/red_box]

ასე გამოიყურება დღეს ბათუმის „ახალი სასაფლაო“ ჩაქვში:

ხრამები ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო / ჩაქვი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ეროზია / ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე სამუშაოებში ჯამში 3,5 მილიონი ლარი დაიხარჯა, თუმცა სასაფლაოს გახსნა ვერ ხერხდება. საქმეს პროკურატურა სწავლობს / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ადმინისტრაციული შენობა / ჩაქვი, ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“
ახალი სასაფლაოს ტერიტორია, რომელიც თავდაპირველი გეგმით 2017 წლის იანვარში უნდა გახსნილიყო, დღემდე არ არის გახსნილი / 21.08.2019 / ფოტო: გურამ მურვანიძე/„ბათუმელები“

 

 

ექთნად მუშაობისთვის ლიცენზია იქნება საჭირო – რა იცვლება საექთნო საქმეში ახალი სტრატეგიით

საქართველოს მთავრობამ საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან“ კოორდინაციით მოამზადა.

სტრატეგიის თანახმად, მომზადდება კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც განსაზღვრავს საექთნო საქმის მარეგულირებელ ორგანოს, საგანმანათლებლო პროგრამების მომზადება/აღიარების საკითხებს და ექთნების რეგისტრაცია/ლიცენზირება/სერტიფიცირების მექანიზმს.

პირველ ეტაპზე, 2020-2025 წლებში, ექთნების ლიცენზირება/სერტიფიცირება განხორციელდება ფორმალური განათლების ფარგლებში გაცემული დიპლომის ან სამუშაო გამოცდილების საფუძველზე. ამასთან, რეგისტრაცია 2025 წლამდე ნებაყოფლობითი იქნება ექთნებისთვის, 2025 წლიდან კი, საექთნო საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება ლიცენზიის/სერტიფიკატის ფლობის შემთხვევაში. 2025 წლის შემდეგ ექთნად მუშაობის დაწყების მსურველს სერტიფიკატის/ლიცენზიის მისაღებად გამოცდის ჩაბარება მოუწევს.

სტრატეგიის თანახმად, 2020-2023 წლებში ეტაპობრივად უნდა ჩამოყალიბდეს ექთანთა დიპლომისშემდგომი განვითარების და უწყვეტი პროფესიული განვითარების სისტემა. კერძოდ:

  • განისაზღვრება საექთნო სპეციალობების ნუსხა. [მაგალითად: ანესთეზიის ექთანი, პედიატრიის, ნეონატოლოგიის ექთანი; ოჯახის ექთანი; ფსიქიატრიის ექთანი და ა.შ.]

გარდამავალ ეტაპზე, 2020-2025 წლებში, საექთნო სპეციალობის მიღების საფუძველი გახდება სპეციალობაში მზადების შესაბამისი კურსის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი და ასევე, ამ მიმართულებაში არსებული სამუშაო გამოცდილება. სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ 2025 წლის შემდეგ, როცა ქვეყანაში იქნება ბაკალავრი ექთნების მნიშვნელოვანი რაოდენობა, ექთნად მუშაობის უფლება განისაზღვრება სამაგისტრო პროგრამის ან დიპლომისშემდგომი მზადების საფუძველზე.

  • 2020-2025 წლებში შეიქმება დიპლომისშემდგომი და უწყვეტი საექთნო განათლების პროგრამების აკრედიტაციის განმახორციელებელი სტრუქტურა. უწყვეტი განათლების სისტემა მოიაზრებს ორივე დონის საექთნო პერსონალისთვის სავალდებულო კრედიტების დაგროვებას. 2025 წლამდე რეგისტრირებული/ლიცენზირებული/სერტიფიცირებული ექთნებისთვის პროფესიული განვითარების სისტემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იქნება, ამის შემდეგ კი, ექთნის რეგისტრაცია/ლიცენზია/სერტიფიკატი იქნება 5-წლიანი და ყველა ექთანი ვალდებული იქნება, ჩაერთოს უწყვეტი განათლების სისტემაში კრედიტების მზარდი სისტემით. 

სტრატეგიის თანახმად, 2020-2025 წლებში განვითარდება ექთანთა საქმიანობის ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი, შეიქმნება საექთნო მოვლის გაიდლაინები და პროტოკოლები.

სტრატეგია ითვალისწინებს საექთნო საქმის პოპულარიზაციას და ცნობიერების ამაღლებას, რათა ახალგაზრდები დაინტერესდნენ ექთნის პროფესიით.

სტრატეგიის საპროგნოზო ბიუჯეტი 800 000 ლარია.

საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ექთნების მწვავე დეფიციტია და სისტემაში დასაქმებული ექთნების 20-მა პროცენტმა ჯერ კიდევ 2014 წელს მიაღწია საპენსიო ასაკს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველოს ბოლოდან მეორე ადგილი უკავია 100 000 სულ მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით.

ვრცლად ამ თემაზე: 

რა ღირს ექთნის შრომა

_______

ფოტო: unsplash.com 

„პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა“ – აჭარა TV-ის დირექტორობის კანდიდატი მრჩეველთა საბჭოს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორობის მსურველთა კონკურსი პროტესტის ფონზე გრძელდება. დირექტორობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, მერაბ წულუკიძემ, გასაუბრებისთვის დათმობილი დრო საკუთარი პროტესტის გამოსახატად გამოიყენა. წულუკიძე დირექტორობის კანდიდატად რჩება, თუმცა მან უარი განაცხადა მმართველი საბჭოსთვის ტელევიზიის განვითარების ხედვა და კონცეფცია მესამედ წარედგინა.

„ძალიან ვწუხვარ, რომ პროცესი კომიკურ სიტუაციამდე მივიდა. მინდა ვთქვა, რომ ის პროცესები, რომლებიც ბოლო თვეებში განვითარდა აჭარის ტელევიზიის გარშემო, ნეგატიურად აისახა არამარტო ტელევიზიაზე და გარკვეული კრიზისები შექმნა, არამედ აისახა, ზოგადად, საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეაზე. აისახა კონკურსის იდეაზეც, აისახა ბორდის ინსტიტუტზე უარყოფითად და ასევე, თავმჯდომარის ინსტიტუტზეც.

საზოგადოების მხრიდან ამ პროცესის მიმართ ნდობა და ინტერესი პრაქტიკულად ამ ეტაპისთვის არის ნული. ვერც შევადარებთ პირველი ტურის ინტერესს. ისიც ვაღიარეთ, რომ საზოგადოებაში მუსირებს აზრი, პრაქტიკულად არ აქვს მნიშვნელობა ვინ რას იტყვის, პროცესები არ არის კავშირში არანაირ ღირებულებებთან და არც ტელევიზიის განვითარების სურვილთან.

თქვენ ხართ გადაწყვეტილების მიმღები პირები და ამ პროცესში მთელი პასუხისმგებლობა გეკისრებათ თქვენ. რაც შემეხება მე, რიგით კანდიდატს, მინდა გავიზიარო ფირუზ ბოლქვაძის პათოსი, მას ადრე ჰქონდა გამოსვლა და ჩემი სათქმელი თქვა, ვფიქრობ, რომ დღეს ახალი კონცეფციის წარმოდგენა, რაღაც შეკითხვებზე ფორმალურად პასუხის გაცემა იქნება ფარისევლობა და არაფრის მომცემი.

თქვენ შეგიძლიათ გამოიტანოთ დასკვნა და საკმარისია ამისთვის ის საუბრები, რაც გვქონდა მე და თქვენ წინა ორი ტურის დროს. მე მეტს არ გავაგრძელებ, ეს იყო ჩემი სათქმელი,” – უთხრა მერაბ წულუკიძემ მრჩეველთა საბჭოს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსანტებთან გასაუბრება გუშინ, 20 აგვისტოს, დაიწყო. გუშინვე საკონკურსო პროცესს ორი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი შერჩევის პროცესს უნდობლობას უცხადებს და კონკურსს გამოეთიშა.

მერაბ წულუკიძე წინა ორ კონკურსშიც მონაწილეობდა. მან ორივეჯერ 2 ხმა მიიღო.

ამავე თემაზე:

აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

ნიკოლოზ ანთიძე ერთი წლის განმავლობაში მივლინებით უცხოეთში 11-ჯერ იმყოფებოდა

კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ანთიძე 2018 წელს საქმიანი ვიზიტით უცხოეთში 11-ჯერ გაემგზავრა, მათ შორის ერთ-ერთ ქვეყანაში ის სხვადასხვა დროს ორჯერ იმყოფებოდა, აქედან რამდენიმე ვიზიტის კონკრეტული შედეგი ჯერ არ დამდგარა და 2020-2021 წლებში უნდა დადგეს.

ნიკოლოზ ანთიძეს არც ახალ წელზე დაუსვენია, 2018 წლის 28 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, მოადგილესთან დავით ლომიტაშვილთან ერთად,  სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფებოდა. 2019 წელს კი ის 6 ქვეყანაში იყო საქმიანი ვიზიტით.

საერთო ჯამში, სააგენტოს ხელმძღვანელისა და მისი ოთხი მოადგილის უცხოეთში ვიზიტებისთვის, მგზავრობის, დღიური ხარჯისა და სასტუმროს მომსახურებისთვის 2018 წელს ბიუჯეტიდან 75 973 ლარი, ხოლო 2019 წელს, ამ დრომდე – 46 570 ლარი დაიხარჯა.

  • ვიზიტები და მიზნობრიობა

2018 წლის დეკემბრის ბოლო ვიზიტის მიზანი პოლონეთში ნიკო ფიროსმანაშვილის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენის გახსნა ყოფილა. ეს, სააგენტოს ინფორმაციით, წარმატებით განხორციელებულა. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ამ ვიზიტის ფარგლებში მნიშვნელოვანი სამუშაო შეხვედრები შედგა პოლონეთში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

2019 წლის თებერვალში ნიკოლოზ ანთიძე საქმიანი ვიზიტით ისრაელში გაემგზავრა, ამჯერად მასთან ერთად მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა. სააგენტოდან მოგვწერეს, რომ ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტთან შედგა მოლაპარაკებები, ბირ-ელ-კუტში არსებული ქართული ისტორიული მონასტრის  შესწავლასთან დაკავშირებით. ეს ძეგლი მე-20 საუკუნის შუახანებში მხოლოდ ნაწილობრივ შეისწავლეს. კვლევისთვის საინტერესო ადგილი ფრანცისკანულ მონასტერს ეკუთვნის, რომელიც დღეს არ ფუნქციონირებს.

სააგენტოს ინფორმაციით: „ამ ვიზიტის შედეგად, ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტმა ქართულ მხარეს აღუთქვა მზაობა პროექტის განხორციელების ხელშესაწყობად. მხარეები  შეთანხმდნენ  მემორანდუმის ხელმოწერაზე, რომლის პროექტის ვიზირებაც ისრაელის სიძველეთა დეპარტამენტში ამ ეტაპზე მიმდინარეობს და პირველი სამეცნიერო ექსპედიციის განხორციელება გვიანი შემოდგომიდან იგეგმება.“

ვიზიტი 22 თებერვალს დასრულდა.

ისრაელში ვიზიტის დასრულებიდან ორ კვირაში, 2019 წლის 3-9 მარტს, ნიკოლოზ ანთიძე იორდანიის დედაქალაქ ამანში იმყოფებოდა. მასთან ერთად იმყოფებოდნენ მოადგილეები: პაატა გაფრინდაშვილი და დავით ლომიტაშვილი. სააგენტოს ინფორმაციით, ეს ვიზიტი  იორდანიის ჰაშიმიტური სამეფოს ტურიზმის სამინისტროს სიძველეთა დეპარტამენტის გენერალური დირექტორის იაზიდ ელაიანის მიწვევით დაიგეგმა. შეხვედრაზე  კულტურული მემკვიდრეობის სფეროში ინსტიტუციური თანამშრომლობის შესაძლებლობის საკითხი განუხილავთ. აქვე გადაუწყვეტიათ,  რომ იორდანიის სამეფოს კარაკის მხარეში, ქართველთა მონასტრის კვალს ქართველ მკვლევარებთან ერთად იორდანელი და ამერიკელი მეცნიერები შეისწავლიან. ამ ექსპედიციის დაწყებასაც 2019 წლის შემოდგომიდან გეგმავენ.

9 მარტს იორდანიიდან დაბრუნებულ სააგენტოს ხელმძღვანელს ათ დღეში, 2019 წლის 19 მარტს, ესტონეთსა და შვედეთში მოუწია წასვლა. ამ ვიზიტის მიზანიც ესტონეთის ეროვნულ მუზეუმში   მირზაანის მუზეუმში დაცული ფიროსმანის კოლექციის გამოფენის ოფიციალური გახსნა იყო, რაც დამატებით რამდენიმე ღონისძიებას მოიცავდა.

„ტალინის შემდგომ, გენერალურმა დირექტორმა გააგრძელა სამუშაო მისია შვედეთში, სადაც მას ჩანიშნული ჰქონდა შეხვედრები შვედეთის მემკვიდრეობის ბორდთან მსოფლიო მემკვიდრეობის ისტორიულ ქალაქებზე მომავალში დაგეგმილი თანამშრომლობის საკითხებთან დაკავშირებით. თანამშრომლობის მთავარი ფოკუსი იყო გამოცდილების გაზიარების გზით ისტორიული ქალაქების მართვის გაუმჯობესება“.

5-8 ივნისს ნიკოლოზ ანთიძე, მოადგილე დავით ლომიტაშვილთან ერთად, საქმიანი ვიზიტით კიევში იმყოფებოდა. აქ ისინი დაესწრნენ კონფერენციას კულტურული მემკვიდრეობის რესტავრაციის საკითხებზე: „თანამედროვე გამოწვევების ფონზე – აქცენტით თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე კულტურული მემკვიდრეობის კვლევისა და დაცვის სფეროში.“  სააგენტო გვწერს, რომ ამ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის მიერ წარდგენილ პრეზენტაციას დიდი მოწონება ჰქონდა.

30 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ნიკოლოზ ანთიძე, ასევე სამუშაო ვიზიტით ბაქოში იმყოფებოდა. აქ ის UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 43-ე სესიას დაესწრო. როგორც სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაშია მითითებული, ნიკოლოზ ანთიძე ამ სესიაზე საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა.

  •  სააგენტოს თანამდებობის პირების მივლინებები 2018 წელს

2018 წელი საზღვარგარეთ მივლინებების თვალსაზრისით ნიკოლოზ ანთიძისთვის სრულად დატვირთული იყო. მან ამ წელს მხოლოდ თებერვალი და აგვისტო გამოტოვა. იყო ისეთი თვეებიც, როცა სააგენტოს ხელმძღვანელს საზღვარგარეთ წასვლა ორჯერაც კი მოუხდა.

2018 წლის 18-22 აპრილს სომხეთის კულტურის სამინისტროს მიწვევით, ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ და მოადგილემ პაატა გაფრინდაშვილმა მონაწილეობა მიიღეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და სომხეთის კულტურის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რეგიონალურ სამუშაო შეხვედრაში – რელიგიური ხასიათის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვის პრინციპების შესამუშავებლად.

სომხეთში ვიზიტის დასრულებიდან მალევე, 2018 წლის 16-19 მაისს, ნიკოლოზ ანთიძე  საქართველოს სახელით ლუქსენბურგში გამართულ ევროსაბჭოს კულტურულ მემკვიდრეობაზე პასუხისმგებელი მინისტრების სამუშაო შეხვედრას დაესწრო. აქ  ევროპული მემკვიდრეობის თანამედროვე გამოწვევები, კერძოდ, გლობალიზაციისა და ურნაბიზაციის პროცესში ისტორიული ქალაქებისა და დასახლებების დაცვისა და ჰარმონიულად განვითარების საკითხები განიხილეს.

2018 წლის 25-30 ივნისის ჩათვლით ნიკოლოზ ანთიძე საქმიანი ვიზიტით მანამაში, ბაჰრეინის დედაქალაქში ჩავიდა. აქ ჩატარდა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 42-ე სესია, სადაც, 2018 წლის 25-30 ივნისის ჩათვლით, წევრი სახელმწიფოს სახელით, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა ნიკოლოზ ანთიძე. ამ სესიაზე, სხვა საკითხებთან ერთად, მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის საკონსერვაციო მდგომარეობის ანგარიში განიხილეს, რაც დაეფუძნა 2018 წლის თებერვალში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ICCROM ICOMOS-ის ერთობლივად
განხორციელებული რეაქტიული მონიტორინგის ანგარიშს.

2018 წლის 12 ივნისს ნიკოლოზ ანთიძე და მისი მეორე მოადგილე პაატა დოლიძე სამუშაო ვიზიტით ამერიკაში გაემგზავრნენ. ამ ვიზიტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები გაიმართა ჰუვერის ადმინისტრაციასთან, სადაც ქართული მხარე ნევადის შტატში მდებარე ჰიდროსაინჟინრო ნაგებობაზე მოწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურის მართვის გამოცდილებას გაეცნო.

2018 წლის 7-12 ოქტომბერს ნიკოლოზ ანთიძე პოლონეთის საელჩოს მიწვევით ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმსა და კრაკოვის ეროვნულ მუზეუმს შორის გაფორმებული თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში კრაკოვსა და ვარშავაში იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, კრაკოვში ერთობლივი გაცვლითი გამოფენისა და ასევე, მსოფლიო მემკვიდრეობის საიტების მართვის საკითხებზე იმსჯელეს.

ვიზიტის ფარგლებში ასევე განხორციელდა სამუშაო შეხვედრები პოლონეთში შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერების კონსერვაცია-რესტავრაციის პროცესის დასაწყებად. საუბარია, ქალაქ კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში, თავადი ჩარტორისკის ბიბლიოთეკაში დაცულ 11 ქართულ საეკლესიო ხელნაწერზე, რომლებიც რესტავრაციის შემდეგ საქართველოში  2020-2021 წლებში უნდა გამოიფინოს.

ვიზიტის ფარგლებში შედგა სამმხრივი შეთანხმება, რომელიც კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენას ითვალისწინებს. კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსა და კრაკოვის მუზეუმს შორის დაფუძნებული თანამშრომლობის ფარგლებში, პოლონეთში გამოფენის მოწყობა 2020-2021 წლებშია დაგეგმილი.

ამ ვიზიტის დასრულებიდან მალევე 2018 წლის 20-27 ოქტომბრის ჩათვლით ნიკოლოზ ანთიძე მოადგილესთან, პაატა გაფრინდაშვილთან ერთად, სამუშაო ვიზიტით კვიპროსში იმყოფებოდა. წინა წლებში ვახტანგ ლიჩელის ხელმძღვანელობით ჩატარებული ექსპედიციისას გამოვლენილი არქეოლოგიური ძეგლის საკონსერვაციო სამუშაოების მონიტორინგის მიზნით.

კვიპროსიდან დაბრუნებულ სააგენტოს ხელმძღვანელს, სამ დღეში, 2018 წლის  30 ოქტომბერს,  ისევ მოუწია გამგზავრება, ამჯერად ის  2 ნოემბრამდე] უკრაინაში იმყოფებოდა. კიევში ის  მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების მართვაზე პასუხისმგებელი პირების საერთაშორისო სემინარს დაესწრო, თემაზე: „ცოცხალი რელიგიური მსოფლიო მემკვიდრეობა: მონაწილეობითი მართვა და მდგრადი გამოყენება“.

26 ნოემბერს ნიკოლოზ ანთიძე სამუშაო ვიზიტით მავრიკიის ქალაქ პორტ ლუისში იმყოფებოდა. აქ  იუნესკოს არამატერიალური მემკვიდრეობის დაცვის მთავრობათაშორისი კომიტეტის მე-13 სესია გაიმართა, სადაც იხილებოდა საქართველოს მიერ 2017 წელს კაცობრიობის წარმომადგენლობით ნუსხაში წარდგენილი ნომინაცია: ქართული ჭიდაობა. საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელობა ნიკოლოზ ანთიძეს დაეკისრა. ეს ვიზიტი 6 დეკემბერს დასრულდა.

2018 წლის 18-21 დეკემბრის ჩათვლით კი, ნიკოლოზ ანთიძე თურქეთის დედაქალაქში ანკარაში იმყოფებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, აქ  საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის 2017-2021 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის მიმართულებით შექმნილი სამუშაო ჯგუფების მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა.

  • მოადგილეების ვიზიტები უცხოეთში

მოადგილეების უცხოეთში ვიზიტების შესახებ ზემოთ მითითებული ინფორმაციის გარდა, 2019 წლის თებერვალში საქმიანი ვიზიტით თეირანში იმყოფებოდნენ პაატა გაფრინდაშვილი და ნუგზარ ყიფიანი. წელს პაატა გაფრინდაშვილი კვიპროსზე და საფრანგეთში, ხოლო პაატა დოლიძე  შვედეთში იმყოფებოდა.

რაც შეეხება 2018 წელს – ამ წელს პაატა დოლიძე იმყოფებოდა იტალიასა და საფრანგეთში. კიდევ ერთი მოადგილე პაატა გაფრინდაშვილი კი კვიპროსის რესპუბლიკის ქალაქ ლაკარნაში ჩავიდა, სადაც საქართველოს მიერ რესტავრირებული ალამინოსის წმ. გიორგის ტაძრის ნაშთები მოვარდნილმა ღვარცოფმა დააზიანა.

გარდა ამისა, პაატა გაფრინდაშვილი იმყოფებოდა ბაქოში, ხოლო ლომიტაშვილი – თურქეთში.

ცეცხლაურში მშენებარე ნაგავსაყარის მიმდებარედ ოჯახებს კომპენსაციას არ უხდიან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურში ახალ ნაგავსაყარს აშენებენ. ექვსი ოჯახი, რომელთა საცხოვრებელი სახლებიც ნაგავსაყარიდან, საშუალოდ, 250 მეტრითაა დაშორებული, ითხოვს სახელმწიფომ გაასახლოს და კომპენსაცია გადაუხადოს.

ოთხმა მოსახლემ – ზვიად, თამაზ, ბადრი და მერაბ მგელაძეებმა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიმართა და მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ჩართვა მოითხოვა. მათ სამინისტროსგან ნებართვა ვერ მიიღეს.

„პროექტის შესახებ ინფორმაციის გაგებისთანავე ვიყავით წინააღმდეგი ამ მშენებლობის. რადგან პროექტი მაინც ხორციელდება და შეუქცევადი პროცესია ნაგავსაყარის აშენება, ჩვენ ვითხოვთ ჩვენი და ჩვენი ოჯახების უსაფრთხოებას. თუ ნაგავსაყარი აქ უნდა გაკეთდეს, მაშინ ჩვენ რა ვქნათ?

არამარტო ნაკვეთები, მთლიანად საცხოვრებელი სახლები ექცევა პროექტის ფარგლებში. პირველი დარტყმის წერტილი, თუნდაც ქარის მიმართულებით, ვართ ჩვენ. თუ ეს პროექტი უნდა განხორციელდეს, ჩვენ აქ ვერ ვიცხოვრებთ და ვითხოვთ დახმარებას და საშველს,” – ამბობს თენგიზ მგელაძე, სოფელ ცეცხლაურის მცხოვრები. მისი სახლი ერთ-ერთია იმ სახლებს შორის, რომლებიც ნაგავსაყართან 500 მეტრზე ნაკლები მანძილით არის დაშორებული.

საქართველოს მთავრობის 2015 წლის N421 დადგენილების – „ნაგავსაყარის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ – თანახმად საცხოვრებელი სახლებიდან ნაგავსაყარის საზღვრებამდე მანძილი არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს.

ცეცხლაურში მცხოვრებმა ოთხმა ოჯახმა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტს მიმართა.

მოსახლეობა ბიუროსგან ითხოვდა დასკვნის გაცემას, თუ რა მანძილით იყო დაშორებული შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიის“ საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი 4 მოსახლის საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთიდან. ექსპერტის დასკვნა 17 ფურცლისგან შედგება.

ამ დასკვნის მიხედვით, ნაგავსაყარიდან მოსახლეობა საშუალოდ 250 მეტრში ცხოვრობს. მაგალითად, აღებული აქვთ უახლოესი და უშორესი მანძილი. ყველაზე ახლოს ნაგავსაყართან ზვიად მგელაძის საკარმიდამო ნაკვეთია, 100 მეტრითაა დაშორებული. ყველაზე შორს, – თამაზ მგელაძის საკარმიდამო ნაკვეთი, 321 მეტრითაა დაშორებული. ორივე შემთხვევაში, მათი საკარმიდამო ნაკვეთები 500-მეტრიანი აკრძალვის ზონაშია.

მიიღებენ თუ არა მოქალაქეები კომპენსაციას და მოხდება თუ არა მათი განსახლება? – ამ კითხვით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს, თორნიკე კუჭავას მივმართეთ. მისი თქმით, საერთაშორისო სტანდარტით დაცული ნაგავსაყარი შენდება, რომელიც მთელ აჭარას მოემსახურება.

„ყველა სტანდარტი, მათ შორის, განსახლების სტანდარტი, მშენებლობის სტანდარტი,  ყველაფერი არის დაცული. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოგვმართოს და ჩვენ გამოვყოფთ სპეციალურ ჯგუფს, რომელიც ადგილზე შეისწავლის საკითხს. შესაბამისად, თუ ვინმეს კანონის ფარგლებში ეკუთვნის და იმ წესის ფარგლებში ეკუთვნის, რომელიც არის დადგენილი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, მათ მიეცემა შესაბამისი ანაზღაურება,“ – ამბობს თორნიკე კუჭავა „ბათუმელებთან“.

4-მა მოსახლემ განცხადებით მიმართა აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს ჯაბა ფუტკარაძეს.  წერილში მოქალაქეები ითხოვდნენ დაინტერესებული პირის სტატუსით ჩართულიყვნენ ნაგავსაყარის მშენებლობასთან დაკავშირებით არსებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში. “ბათუმელებმა” ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველ მოადგილეს ასევე ჰკითხა, გაითვალისწინეს თუ არა მოქალაქეების თხოვნა.

„მე ახლა ასე კონკრეტულად არ ვიცი, რომელ იმაზეა საუბარი, მაგრამ ჩვენ არაერთხელ ვიყავით ადგილზე მისული და კონკრეტულად ავუხსენით პროცედურები რაც იყო, კონკრეტული მონახაზები ავუხსენით. ადგილზე იყვნენ დაბარებული და ყველას განემარტათ თავიანთი უფლებები და ის კრიტერიუმები, რომლის საფუძველზეც ხდება ანაზღაურების გაცემა. ნებისმიერ პირს შეუძლია მოვიდეს და კიდევ ერთხელ გავიაროთ ეს საკითხი,” – გვითხრა თორნიკე კუჭავამ.

ნაგავსაყართან მცხოვრებ ოჯახებს სამართლებრივ დახმარებას უწევს „იურიდიული მრჩეველის“ წარმომადგენელი, იურისტი გიორგი ხიმშიაშვილი. ის ამბობს, რომ „მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურა წარიმართა კანონდარღვევით – დაინტერესებული მხარეები, ადგილობრივი მცხოვრებლები, არ იყვნენ ჩართული ამ  სამართლებრივი ადმინისტრაციული წარმოების პროცესში. გარდა ამისა, როდესაც ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი მოქმედება, საჯარო ინფორმაციის სახით გამოთხოვილი დოკუმენტაცია მოგვაწოდეს მას შემდეგ, რაც მშენებლობის ნებართვა გაცემული იყო, ანუ ჩვენ არ მოგვეცა შესაძლებლობა, მშენებლობის ნებართვის გაცემამდე ვყოფილიყავით ამ პროცესში ჩართული. შესაბამისად, ვაპირებთ იმ ნებართვის გაუქმების მოთხოვნას, რომელიც ეხება ნაგავსაყარის მშენებლობას, მივმართოთ ზემდგომს – ეკონომიკის სამინისტროს“.

ნაგავსაყარს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული თურქული კომპანია Goksin Insaat-ი აშენებს. მიწის ნაკვეთს, სადაც ნაგავსაყარი უნდა აშენდეს, შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანია“ ფლობს. პროექტის ღირებულება 7 ევროა. აქედან 3 მილიონი ევრო EBRD-ის სესხია, ხოლო 4 მილიონი ევრო – შვედეთის სახელმწიფოს გრანტი.

ცეცხლაურში ახალი სანიტარული ნაგავსაყარის ამოქმედების შემდეგ დაიხურება ბათუმის ნაგავსაყარი, რომელიც მდინარე ჭოროხის შესართავთან, ადლიაში მდებარეობს და არანაირ სტანდარტს არ აკმაყოფილებს.

რუსეთის მოქალაქე მახინჯაურში სასტუმროს მშენებლობის ნებართვას ითხოვს

ორი თვის წინ, 2019 წლის 24 ივნისს, დაფუძნებული კომპანია მახინჯაურში, თამარ მეფის პირველ შესახვევში, #4-გ-სა და 4დ-ში, მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ბათუმის მერიის ინფორმაციით, კომპანია შენობაში სასტუმროს, აპარტამენტებს, კაფეს, რესტორანსა და საცურაო აუზსს მოაწყობს. ჯერჯერობით არ ვიცით, რა მასშტაბების მშენებლობა სურს კომპანიას და  შეთანხმების შემთხვევაში დასჭირდება თუ არა მერიას ზონის სტატუსის ცვლილებისთვის საკრებულოს კიდევ ერთი თანხმობა.

ბათუმის მერიამ კომპანიის წინადადება განიხილა და გადაწყვიტა, ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის მომზადება დაავალოს. შესაბამისი განკარგულების პროექტი უკვე მოამზადეს და ბათუმის საკრებულოს დასამტკიცებლად გადაუგზავნეს. საკითხი უკვე გამოქვეყნებული დღის წესრიგის ჩამონათვალში შეტანილი არ არის, თუმცა სავარაუდოდ, მას დამატებით საკითხად, ხვალ, 22 აგვისტოს, დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ.

განკარგულების პროექტში წერია ისიც, რომ კომპანია არანაკლებ 14-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს და 200-მდე მოქალაქეს დააფუძნებს. მშენებლობა 2020 წელს უნდა დაიწყოს და 2023 წელს უნდა დასრულდეს.

შპს „საერთაშორისო სამშენებლო ჯგუფი“, რომელიც მახინჯაურში მშენებლობის უფლების მოპოვებას ცდილობს,  რუსეთის მოქალქე ოლეგ მალიშევმა დააფუძნა და კომპანიის ასივე პროცენტი მას ეკუთვნის, რუსეთის მოქალაქეა კომპანიის დირექტორი ალექსანდრ ჩერედნიჩენკოც.

მშენებლობა მახინჯაურის გამწვანებულ ტერიტორიაზე ორ საკადასტრო ერთეულზეა დაგეგმილი. მართალია, სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორია ზღვიდან ოდნავ მოშორებითაა, თუმცა აქ აშენებულ მაღლივ შენობას მახინჯაურის პლაჟისა და ზღვის ხედი ექნება.

სამშენებლოდ გამიზნული ორი საკადასტრო ნაკვეთი ჯამში 5000-მდე კვადრატულ მეტრ ტერიტორიას მოიცავს და არც ერთი მათგანი ამ დროისთვის კომპანიის ან მისი დამფუძნებლის საკუთრებაში დარეგისტრირებული არ არის. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთი ნაკვეთის მესაკუთრედ ელვირა შნელცერი, მეორე ნაკვეთის მესაკუთრედ კი – თამარ ბოლქვაძე ფიქსირდება.

რუსეთში აფეთქების შედეგად საქართველოს რადიაციული საფრთხე არ ემუქრება – სააგენტო

საქართველოს ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი, ვასილ გედევანიშვილი ამბობს, რომ რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, 8 აგვისტოს მომხდარ აფეთქებას საქართველოში რადიაციული ფონის ცვლილებაზე ზეგავლენა არ ჰქონია. მისი თქმით, გარემოს ეროვნულ სააგენტოს აქვს სპეციალური სადგურები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ზომავენ სხვადასხვა მაჩვენებლებს ქვეყანაში, მათ შორის, რადიაციის დონეს.

„8 აგვისტოდან, როცა აფეთქების შესახებ გახდა ცნობილი, ვაკვირდებოდით მონაცემებს და ბოლო თვეების, დღეების განმავლობაში რადიაციული დონის ცვლილება პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა. დაზუსტებით შეგვიძლია ვთქვათ გაზომვების საფუძველზე, რომ არანაირი გავლენა 8 აგვისტოს აფეთქებას საქართველოზე არ მოუხდენია.

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წევრია, გაეროს ორგანიზაციის, რომელიც მსოფლიო მასშტაბით არეგულირებს რადიაციულ საკითხებს. კონვენციის საფუძველზე ეს ორგანიზაცია სახელმწიფოებს ვალდებულებებს უწესებს, გვაქვს სხვადასხვა სახელმწიფოსგან შემდგარი სპეციალური ქსელიც და ინფორმაციას ვიღებთ ბირთვულ ინციდენტებზე. რაიმე ტიპის ინფორმაცია სადმე რადიაციული მატების შესახებ არ მიგვიღია,“ – ამბობს ვასილ გედევანიშვილი.

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელმა მდივანმა ლესინა ზერბომ  ტვიტერზე  18 აგვისტოს გამოაქვეყნა აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტი, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

 

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო  ტვიტერზე აქვეყნებს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტსაც, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

„რაიმე საფრთხის არსებობის შემთხვევაში აუცილებლად გავრცელდებოდა ინფორმაცია, რაც არ მომხდარა. ჩვენი მხრივ, დავუკავშირდით ნორვეგიის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ახლომდებარე რეგიონია აფეთქების ადგილთან. მათაც აქვთ მსგავსი აპარატურა და გაცილებით უკეთესი, ვიდრე ჩვენ. გვითხრეს, რომ იქაც რადიაციული ფონის მნიშვნელოვანი ცვლილება არ ყოფილა. დავუკავშირდით ასევე უკრაინას. ახლო სახელმწიფოებშიც კი არ დაფიქრებულა რადიაციული ფონის მატება. არანაირი კვალი და საფრთხე არ არსებობს,“ – აცხადებს ვასილ გედევანიშვილი.

ბირთვული აფეთქება არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში მდებარე ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს მოხდა. ოფიციალური მოსკოვი აფეთქებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რადიაციამ 2-ჯერ მოიმატა, რაც, მათი განმარტებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ დრომდე კი ოფიციალური რუსეთი რადიაციის დონის, გავრცელების მარშრუტების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს.

__________________

ფოტო: bbc

დღეს მასწავლებლის პოზიციაზე 1000-ზე მეტი ვაკანსია გამოცხადდა

ბათუმში სულ რამდენიმე საჯარო სკოლაღა დარჩა, რომელსაც ვაკანსიას ჯერ არ გამოუცხადებია მასწავლებლის პოზიციაზე. ვაკანსიების გამოცხადება 24 აგვისტომდეა შესაძლებელი. ამ დროისთვის [12:00] ქვეყნის მასშტაბით 1300 ვაკანსიაა გამოცხადებული, თუმცა მონაცემები იცვლება.

უკვე გამოცხადებული ვაკანსიებიდან 105 მასწავლებელს ბათუმის საჯარო სკოლები ეძებენ.

ბათუმის მასშტაბით ყველაზე მეტ ახალ ვაკანსიას ამჯერად მეორე საჯარო სკოლა აცხადებს.

შესაბამის გვერდზე გამოცხადებული ვაკანსიების მიხედვით, ბათუმის მე-2 საჯარო სკოლა 16 მასწავლებელს ეძებს. ვაკანსიის განაცხადის შევსების ვადად კი 24 აგვისტოა განსაზღვრული. ეს ვადაა განსაზღვრული თითქმის ყველა ვაკანსიაზე, გარდა რამდენიმე გამონაკლისისა.

ბათუმის მეორე საჯარო სკოლა
  • დაწყებითის მასწავლებელი [5 ვაკანსია]
  • გეოგრაფია [2 ვაკანსია]
  • მათემატიკა [2 ვაკანსია]
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • ისტორია
  • სამოქალაქო განათლება
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • მუსიკა
  • ბიოლოგია
  • ფიზიკა
ბათუმის მეხუთე საჯარო სკოლა 
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • დაწყებითის მასწავლებელი
ბათუმის მე-7 საჯარო სკოლა
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • ქართული, როგორც მეორე ენა, არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • დაწყებითის მასწავლებელი
  • ისტორია
  • მუსიკა
ბათუმის მე-9 საჯარო სკოლა 
  • ბიოლოგია
  • მათემატიკა
  • დაწყებითის მასწავლებელი
  • ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები
ბათუმის მე-10 საჯარო სკოლა 
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი [3 ვაკანსია]
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება [2 ვაკანსია]
  • მუსიკა [2 ვაკანსია]
  • მათემატიკა
ბათუმის მე-14 საჯარო სკოლა  
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება [2 ვაკანსია]
  • ბუნებისმეტყველება
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • მათემატიკა
  • მუსიკა
ბათუმის მე-18 საჯარო სკოლა  
  • ისტორია
ბათუმის მე-20 საჯარო სკოლა 
  • დაწყებითის მასწავლებელი [2 ვაკანსია]
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი
  • მუსიკა
ბათუმის 22-ე საჯარო სკოლა
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი [2 ვაკანსია]
  • მათემატიკა
  • ქიმია
ბათუმის 23-ე საჯარო სკოლა [25 აგვისტო]
  • რუსული [უცხო ენა]
ბათუმის 25-ე საჯარო სკოლა 
  • მათემატიკა [2 ვაკანსია]
  • რუსული [უცხო ენა]
  • ფიზიკა
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • ფიზიკური აღზრდა და სპორტი [28 აგვისტო]
ბათუმის 28-ე საჯარო სკოლა 
  • სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება
  • სამოქალაქო განათლება

23 და 25 აგვისტოს „Black Sea Arena“ -ს მიმართულებით დამატებითი მატარებელი ინიშნება

23  და 25 აგვისტოს, ჯუზეპე ვერის ფესტივალის ფარგლებში, ოპერა  „აიდა“ და „გალა“-ზე დასწრების მსურველთათვის, თბილისიდან ბათუმის მიმართულებით   დამატებითი მატარებელი  ინიშნება, რომელიც რეისებს ორივე მიმართულებით შეასრულებს და  „Black Sea Arena“ -ს  ბაქანზე   გაჩერდება.

მატარებელი   შემდეგი განრიგით იმოძრავებს:

23-25/ 08/2019    თბილისი-Black Sea Arena– ბათუმი- Black Sea Arena–  თბილისი   #884/883
გასვლა- თბილისი ჩასვლა-Black Sea Arena ჩასვლა-ბათუმი გამოსვლა-ბათუმი გამოსვლა-Black Sea Arena ჩამოსვლა- თბილისი
12:40 17:25 18:23 23:50 0:38 5:15

ამასთანავე, თბილისიდან და ბათუმიდან 23 და 25 აგვისტოს მატ№802/807, 805/806, 852/851, 808/801, 804 თბილისი-ბათუმს და 24 და 26 აგვისტოს მატ№811 ბათუმი-თბილისს გაჩერებები   „Black Sea Arena“-ს  ბაქანზეც ექნებათ.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია Georgian Railway Tickets-ის მობილური აპლიკაციით. მობილურ აპლიკაციას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, აირჩიოთ სასურველი ადგილები მატარებელში.

ბილეთები იყიდება  ასევე  ვებ გვერდებზე  (Railway.ge;tkt.ge;Biletebi.ge;matarebeli.ge); სწრაფი გადახდის აპარატებსა  და საბილეთო სალაროებში.

“საქართველოს რკინიგზა” ბედნიერ და კომფორტულ მგზავრობას  გისურვებთ!

ბათუმში ორი დღე უნალექო ამინდია მოსალოდნელი – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 21 აგვისტოს 21 საათიდან 22 აგვისტოს 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად – უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 25- 30 გრადუსი
  • ღამით: 18- 23 გრადუსი 

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 22-27 გრადუსი 
  • ღამით: 10-15 გრადუსი 

ზღვის წყლის ტემპერატურა 26,5 გრადუსია. ტალღის სიმაღლე 7-12 დმ – 2-3 ბალი.

სინოპტიკოსების ცნობით, მომდევნო 2 დღეს, 23-24 აგვისტოს, მოსალოდნელია ზოგან ხანმოკლე წვიმა.

___________________________

ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო – რ2-ს პაატა იაკობაშვილიც ტოვებს

რუსთავი 2-ს მიხეილ სესიაშვილისა და დიანა ჯოჯუას შემდეგ კურიერის კიდევ ერთი წამყვანი, პაატა იაკობაშვილი ტოვებს. იაკობაშვილის თქმით, ის ამჟამად შვებულებაშია, თუმცა არხიდან თავისი კოლეგების მსგავსად, მიდის.

„აბსოლუტურად ვიზიარებ ჩემი კოლეგებისა და მეგობრების აზრს და დამოკიდებულებას. რუსთავი 2-ის და კურიერის სიძლიერე მდგომარეობდა სწორედ იმაში, რომ ეს იყო თანამოაზრეების გუნდი.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბიძინა ივანიშვილის დაკვეთაა. დარწმუნებული ვარ, რომ მას და მმართველ პარტიას უბრალოდ სურთ, ხავერდოვანი ცვლილებების სახე მისცენ ამას ყველაფერს, თუმცა ამის საშუალებას ჩვენ არ მივცემთ. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ რუსეთს ოკუპანტი არ ვუწოდო. მე ვერ ვიმუშავებ არხზე, სადაც მთხოვენ, რომ ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკზე ვთქვა, რომ ეს რა სასწაული ყოფილა,“ –  განაცხადა პაატა იაკობაშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის  აჭარის ტელევიზიისა და რადიოს გადაცემა “მთავარში” სტუმრობისას.

დღეს, 20 აგვისტოს, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ გაათავისუფლეს არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი, ეკა კვესიტაძე და გიორგი ლაფერაშვილი.

ამის შემდეგ, 9-საათიანი კურიერის წამყვანებმა საღამოს 9 საათზე, პირდაპირ ეთერში გააკეთეს განცხადება არხიდან წასვლის შესახებ.

ამავე თემაზე:

https://netgazeti.ge/news/387630/

 

 

ბათუმში ახალგაზრდა ქალსა და კაცს ავტომანქანა დაეჯახა – ავარია

ახლახან [21:45] ავტოავარია მოხდა შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან – ავტომანქანა ორ ქვეითს  –  ახალგაზრდა ქალსა და კაცს დაეჯახა.

თვითმხილველების თქმით, ქალი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფმა გადაიყვანა საავადმყოფოში.

სასწრაფო სამსახურის ინფორმაციით, 30-წლამდე ქალი გადაყვანის დროს იყო კონტაქტური, მაგრამ მრავლობითი მოტეხილობა და დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანილია ორი პირი, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

შარაბიძეებში, ზუსტად იმავე ტერიტორიაზე, გუშინ, 20 აგვისტოსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა.

ამავე თემაზე:

ავარია და კონფლიქტი შარაბიძეებში – ნაცემი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

 

 

„კურიერის“ წამყვანებმა რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს [ვიდეო]

20 აგვისტოს, საღამოს ცხრა საათზე, რუსთავი 2-ზე „კურიერი“ ჩვეულ ფორმატში არ გავიდა. „კურიერის“ წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიხეილ სესიაშვილმა, არხი პირდაპირ ეთერში დატოვეს.

„13 წელია ამ სტუდიიდან გესალმებით და დღეს იმაზე მეტად ვღელავ, ვიდრე მაშინ, როდესაც პირველად ვთქვი: “ეთერშია კურიერი 9 საათზე”…

მე და ჩემმა კოლეგებმა ამ არხზე ბევრი ომი გამოვიარეთ, რუსთავი 2 და კურიერი არ დამიტოვებია არც მაშინ, როდესაც ახალი ამბების სტუდია რუსული ბომბდამშენების სამიზნე იყო.

მე ამ სივრცეში გამოვიარე ყველაფერი, ყველა დრო და განსაკუთრებული თავისუფლება მოიტანა  ბოლო შვიდმა წელმა, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა ნიკა გვარამიას.

კურიერის თავისუფლების ხარისხის გარანტი ასევე იყო ნოდარ მელაძე, ის დღეს ივანიშვილის რეჟიმმა გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. რუსთავი 2 ეს არ არის ლოგო, ეს იყო ჩვენი ცხოვრება და როგორც ნოდარ მელაძემ ერთ-ერთ თავის ბოლო ეთერში თქვა – თავისუფლების ტერიტორია. ეს არხი პროფესიონალი და ერთგული ადამიანების ერთობაა. ყველას წარმატებას ვუსურვებ, მათაც, ვისაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიაში შეინარჩუნებს თავისუფლებას.

მე, დიანა ჯოჯუა, აფხაზეთიდან კრემლის მიერ გამოგდებული, ვერც ერთი მიზეზით, ვერანაირი დაშვებით, ვერ დავჯდები იმ ეთერში, რომელიც ამ ქვეყანაში კრემლის მთავარი მსახურის, ბიძინა ივანიშვილისაა. დღეს მე იძულებული ვარ გითხრათ ნახვამდის. ჩვენ ვიომეთ, თუმცა დღეს ბიძინა ივანიშვილმა საბოლოოდ მოახდინა არხის ოკუპაცია. ჩვენ წაგვართვეს თავისუფალი სიტყვა“.

დღეს „რუსთავი 2-ის“ გენერალურმა დირექტორმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი ნოდარ მელაძე და არხის სხვა თანამშრომლების გათავისუფლების შესახებაც დაანონსა.

 

 

ბათუმში ღამის კლუბიდან 4 ახალგაზრდა საავადმყოფოში გადაიყვანეს – 22 წლის ბიჭი დაიღუპა

19 აგვისტოს, გამთენიისას, სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა ოთხი ახალგაზრდა გადაიყვანა საავადმყოფოებში ბათუმის ბულვარში მდებარე ერთ-ერთი ღამის კლუბიდან  მსგავსი სიმპტომებით.

მათგან ერთი, 22 წლის ახალგაზრდა ბიჭი, გარდაიცვალა.

„პაციენტი გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე. ანამნეზის საფუძველზე დაისვა დიაგნოზი, დაუზუსტებელი სუბსტანციის ტოქსიური ეფექტი. პაციენტს ჩაუტარდა პირველადი შესაბამისი მკურნალობა, გადაუღეს კომპიუტერული ტომოგრაფიაც, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სიკვდილის მიზეზი იყო გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა“, – უთხრეს „ბათუმელებს“ კლინიკა „მედცენტრში“.

იმავე კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო სამსახურმა კლუბიდან ორი გოგო გადაიყვანა. ისინი კლინიკიდან უკვე გაწერეს.

მეოთხე პირი კი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში ამბობენ, რომ მათ ოთხი ახალგაზრდა გადაიყვანეს კლუბიდან, „თუმცა გვითხრეს, რომ ჩვენ გარეშეც არიან გადაყვანილები“ – ამბობენ სასწრაფოში.

22 წლის ახალგაზრდის გარდაცვალებაზე შს სამინისტრომ გამოძიება 115-ე მუხლით – თვითმკვლელობამდე მიყვანა, დაიწყო.

ინფორმაცია ფაქტის შესახებ პირველად TV 25-მა გაავრცელა.

„დროა, გამოვააშკარაოთ უსაფრთხოების სისტემაში რუსეთის მიერ ჩანერგილები“ – დეკანოიძე ლეჟავას დანიშვნაზე 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, ხატია დეკანოიძე თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლად დიმიტრი ლეჟავას დანიშვნას  გამოეხმაურა. მან მსგავსი ფაქტების აღმოსაფხვრელად ლუსტრაციის კანონის ამოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა “რუსთავი 2”-ის ეთერში:

„მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ ლუსტრაციის კანონზე დაიწყოს  მსჯელობა, კანონზე, რომელიც კარგად გაწერილი და შეთანხმებული იქნება. ხელისუფლების შეცვლის, ბიძინა ივანიშვილის ჩამოცილების შემდეგ რეალურად გვექნება ინსტრუმენტი, რომ დროა გამოვააშკარაოთ ადამიანები, რომელთა ჩანერგვაც მოხდა რუსული სპეცსამსახურების მიერ ჩვენი უსაფრთხოების სისტემაში. ეს არის უსაფრთხოების სისტემის გაწმენდის ძალიან  მნიშვნელოვანი გზა, რომელიც, პრაქტიკულად, დღეს აღარ არსებობს და მთელი უსაფრთხოების სისტემა სპეცსამსახურების მიერაა დაკომპლექტებული“, – აცხადებს დეკანოიძე.

ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში დაცული ინფორმაციით, დიმიტრი ლეჟავა არის ბრიგადის გენერალი. იგი 1983-1994 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, 1994-96 წლებში – სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურში, 1996-98 წლებში – ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატში (1996-1998). ასევე, იყო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს უფროსი.

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება:

https://netgazeti.ge/news/387707/

ბათუმის მერიამ 3,5-მლნ დახარჯა სასაფლაოსთვის, რომელიც საფლავებისთვის არ გამოდგება

ბათუმის ახალი სასაფლაო, რომლის მოსაწყობად ქალაქის ბიუჯეტიდან 4 მილიონამდე ლარი დაიხარჯა და რომელიც 2017 წლის იანვარში უნდა დასრულებულიყო, დღემდე არ არის გახსნილი. სასაფლაოს დაბა ჩაქვში აწყობდნენ, გარკვეული სამუშაოები შესრულდა, თუმცა, უშედეგოდ – მერიის ააიპ „ბათუმის სასაფლაოები“ გარდაცვლილთა დაკრძალვისთვის მიწის ნაკვეთების გამოყოფას, შესაბამისი ფართობის არარსებობის გამო, ვერ ახერხებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, 2014 წელს დაწყებული პროექტის შესწავლის მიზნით, ბათუმის მერიამ პროკურატურას 2019 წლის თებერვალში მიმართა. იმ უწყებებიდან თუ კომპანიებიდან კი, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ახალი სასაფლაოს მოწყობის სამუშაოებთან, პროკურატურამ შესაბამისი დოკუმენტაცია ამოიღო.

პროკურატურაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

„ბათუმის სასაფლაოებში“ დაგვიდასტურეს, რომ ახალი სასაფლაოს მოწყობის საკითხს პროკურატურა სწავლობს. ახალი სასაფლაოს გახსნის საკითხი კი, ამ ეტაპზე დღის წესრიგში არ დგას.

„ჩვენ ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით სამხარაულისგან, ასევე დაველოდებით, რას დაადგენს გამოძიება და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ. ალბათ, საჭირო გახდება ტერიტორიის ხელახალი შესწავლა, ახალი პროექტის მომზადება და სასაფლაოს მოწყობის დასასრულებლად დამატებითი სამუშაოების ჩატარება“, – გვითხრა ავთანდილ ბურკაძემ, „ბათუმის სასაფლაოების“ დირექტორმა.

ახალი სამუშაოებისთვის დამატებითი ხარჯის გაღება იქნება საჭირო ბათუმის ბიუჯეტიდან, თუმცა რა თანხა დასჭირდება იმას, რომ სასაფლაო გაიხსნას, „ბათუმის სასაფლაოებში“ არ იციან.

2014 წელს შეძენილი პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები [ინფრასტრუქტურა], მიუხედავად იმისა, რომ 3,3 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯა, სრულად ვერ შესრულდა. პროექტი „ბათუმის სასაფლაოებმა“ შპს „ვეგასგან“ შეიძინა, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ჩაქვში შპს „მამისონი“ ასრულებდა.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა შპს „მამისონს“. კომპანიის წარმომადგენელმა სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ კომპანიაში არ აქვთ ინფორმაცია, რომ სასაფლაოს მოწყობასთან დაკავშირებულ საკითხს პროკურატურა სწავლობს.

რაც შეეხება შპს „ვეგას“, ამ კომპანიაში დაგვიდასტურეს, რომ სასაფლაოსთან დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურამ მათგან ამოიღო.

„პროექტის მიხედვით, ნაწილობრივ შესრულდა სამუშაოები. იქ სამუშაოების მიმდინარეობისას, სხვადასხვა მიზეზის გამო, საჭირო გახდა პროექტის არსებითი შეცვლა. ტერიტორიაზეც შეიცვალა ბევრი რამე. სხვა იყო დაგეგმილი და ბევრი რამ სულ სხვანაირად განხორციელდა“, – განაცხადა ჩვენთან სატელეფონო საუბარში ლევან იმედაძემ, კომპანია „ვეგას“ წარმომადგენელმა.

„ბათუმის სასაფლაოებში“ კი აცხადებენ, რომ „ის თანხა, რაც გარკვეული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად იყო გათვალისწინებული პროექტით და ხარჯთაღრიცხვით, სულ სხვა სამუშაოებს მოხმარდა.  ამიტომ გარკვეულ თანხას „ვეგასგანაც“ ვითხოვთ, რისთვისაც სასამართლოს უკვე მივმართეთ“, – გვითხრეს ბათუმის სასაფლაოებში.

აღსანიშნავია, რომ „ბათუმის სასაფლაოებმა“ როცა პროექტი ჩაიბარა, მიღება-ჩაბარების აქტში დაფიქსირებული იყო, რომ მხარეებს ურთიერთპრეტენზია არ გააჩნდათ.

რატომ არ მიმართა ქალაქის მერიამ ან მისმა ააიპ-მა „ვეგას“ წინააღმდეგ სამართალდამცავებს/სასამართლოს, ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე სამუშაოების მიმდინარეობისას, ან ამ სამუშაოების დასრულებისთანავე? – ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ პასუხი ქალაქის მერიისგან ვერ მიიღო. მერიისგან პასუხები ვერც ამ საკითხთან დაკავშირებულ სხვა კითხვებზე მივიღეთ.

„ჩვენ ვაპირებდით სასაფლაოს გახსნას, თუმცა შეიქმნა წყლის მიწოდების პრობლემა, ამიტომ წყალმომარაგებისთვის დაახლოებით 80 ათასამდე ლარი დაიხარჯა, სამუშაოებს კი გარკვეული დრო დასჭირდა. ახლა წყალი არის, თუმცა ამ პერიოდში მოხდა ტერიტორიის დახრამვა, რამაც სასაფლაოს გახსნა შეუძლებელი გახადა“, – გვითხრეს „ბათუმის სასაფლაოებში“.

საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტი 2017 წლის დეკემბრის თვითაა დათარიღებული, რომელსაც ხელს „მამისონის“ წარმომადგენელი და სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველი აწერენ. სწორედ ამ აქტის საფუძველზე განხორციელდა „მამისონთან“ საბოლოო ანგარიშსწორებაც 2018 წლის თებერვალში.

„იყო პროექტში ხარვეზები, მაგრამ ეტაპობრივად სწორდებოდა. რაც იყო პროექტით [ცვლილებებით] გათვალისწინებული, ის სამუშაოები კომპანიამ შეასრულა… რაიმე ოფიციალურად არ უცნობებიათ, თუმცა საკითხს მგონი პროკურატურა სწავლობს“, – გვითხრა სატელეფონო საუბარში მურად ბოლქვაძემ, რომელიც ჩაქვში მიმდინარე სამუშაოების ზედამხედველი იყო.

რაც შეეხება ტერიტორიის ცვლილებას – თავიდან ახალი სასაფლაოს ინფრასტრუქტურა 177 073 კვ/მ ტერიტორიაზე უნდა მოწყობილიყო. დღეს ეს ტერიტორია, რეესტრის მიხედვით, 168 300 კვ/მ-დეა შემცირებული.

„თავდაპირველად ახალი სასაფლაოს საზღვრებში შემოდიოდა იქვე მდებარე სოფლის სასაფლაოც, თუმცა ადგილობრივი მოსახლეობა წინააღმდეგი წავიდა და გარკვეული ტერიტორია [სოფლის სასაფლაო] გადაეცა სოფელს. ამან გამოიწვია ფართობის ცვლილება“, – გვითხრეს ბათუმის სასაფლაოებში.

2019 წლის თებერვალში ბათუმის მერიისა და „ბათუმის სასაფლაოების“ „დაინტერესება“ „ახალი სასაფლაოს“ საკითხით, დიდი ალბათობით, სახელმწიფო აუდიტის იმ ანგარიშს უკავშირდება, რომელიც 2019 წლის 23 იანვრით თარიღდება [ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის -„ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური კომუნალური სერვისების განვითარება“ შესაბამისობის აუდიტის ანგარიში].

ახალი სასაფლაო აუდიტის ანგარიშში

[checklist]

  • „ბათუმის სასაფლაოების“ მიერ შექმნილმა შიდა კონტროლის სისტემამ ვერ უზრუნველყო უხარისხოდ შესრულებული საპროექტო სამუშაოების დროული გამოვლენა და სათანადო რეაგირება, რის გამოც ვერ ხერხდება 3 390 000 ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტის ექსპლუატაციაში შესვლა. ამასთან, მშენებლობისთვის გამოყოფილი ტერიტორიის არასრულფასოვნად შესწავლის შედეგად გაწეულია 706 274 ლარის არაეფექტიანი ხარჯი, რამაც 2018 წლისათვის 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა განაპირობა და შესაძლოა, ბიუჯეტიდან თანხების დამატებით გამოყოფის საფუძველი გახდეს;
  • ბათუმის სასაფლაოების ადმინისტრაციამ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ, ერთობლივად შეისწავლონ ქალაქ ბათუმისთვის ახალი სასაფლაოს მშენებლობის პროცესში დაშვებული ხარვეზების გამომწვევი მიზეზები და მიღებული შედეგების გათვალისწინებით, განახორციელონ კანონმდებლობით განსაზღვრული სამართლებრივი ღონისძიებები;
  • მუნიციპალური სასაფლაოების მშენებლობის ქვეპროგრამა, სადაც გეგმური 1,843,000 ლარის ნაცვლად, გახარჯულია 1,414,191 ათასი ლარი, ანუ გეგმა შესრულებულია 76,7 %-ით. საბიუჯეტო გეგმის შეუსრულებლობა ქალაქ ბათუმისათვის ახალი სასაფლაოების მშენებლობასთან დაკავშირებით, შპს „მამისონთან“ გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დაგვიანებით შესრულებამ განაპირობა;
  • 2017 წლის იანვარ-თებერვალში, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ზემოქმედების შედეგად განხორციელდა პროფილირებული ტერიტორიის ეროზირება, რამაც ტერიტორიის დახრამვა და ხევების გაჩენა გამოიწვია. შექმნილი პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, კონტრაქტორი კომპანიის მიერ მოწვეული გეოლოგის დასკვნის საფუძველზე, ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული რიგი სამუშაოების ხარჯზე, დამატებულ იქნა ახალი სამუშაოები. კერძოდ: 5-70 სმ კალიბრის ყორე-ქვის შემოტანა მოწყობით, წყლის წნევის ჩამქრობი ჭების, წყალგამტარი მილისა და წყალსაგდები არხის მოწყობა. მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, 706,274 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულებულია სრულად, თუმცა მდგომარეობა ტერიტორიის ეროზირების თვალსაზრისით, მნიშვნელოვნად არ გაუმჯობესებულა;
  • აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდა წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოები, თუმცა არასწორად შედგენილი საპროექტო დოკუმენტაციის გამო, 36 553 ლარის სახელშეკრულებო ღირებულების წყალმომარაგების სისტემამ ვერ უზრუნველყო ობიექტისათვის წყლის მიწოდება, რისთვისაც საჭირო შეიქნა 87 197 ლარის ღირებულების სამუშაოების დამატებით შესყიდვა, რომელიც შპს „ქედესთან“ გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, 2018 წლის 10 ნოემბერს დასრულდა. აღსანიშნავია, რომ უხარისხოდ შესრულებული საპროექტო დოკუმენტაციის მიწოდებისთვის, პროექტანტი კომპანიის პასუხისმგებლობის საკითხი არ განხილულა.“

[/checklist]

ბათუმის ახალი სასაფლაოს ტერიტორია ჩაქვში / 2016 წელი, დეკემბერი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ტენდერი პროექტირებაზე

დაბა ჩაქვში მდებარე 177 073 კვ.მ მიწის ნაკვეთზე ბათუმისთვის ახალი სასაფლაოს მოსაწყობად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2014 წლის ივნისში გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 30 ათასი ლარი იყო.

დამპროექტებელს, ტექნიკური დავალებით, უნდა გაეთვალისწინებინა:

სახელმწიფო შესყიდვების პორტალის მიხედვით, ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: შპს „საქპროექტარქიტექტურა“ [შეთავაზება – 30 ათასი ლარი] და შპს „ვეგა“ [27 500 ლარი]. ბათუმის სასაფლაოებმა ხელშეკრულება „ვეგასთან“ 27 500 ლარზე 2014 წლის 10 ივლისს გააფორმა, პროექტი კი ამავე წლის დეკემბერში ჩაიბარა. მიღება-ჩაბარების აქტში აღნიშნულია, რომ მხარეებს ურთიერთპრეტენზია არ გააჩნიათ.

ახალი სასაფლაოს პროექტის მიღება-ჩაბარების აქტი

ტენდერი ზედამხედველობაზე

სასაფლაოს მოწყობის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის მომსახურების შესყიდვაზე ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2015 წლის 26 თებერვალს გამოაცხადა. სატენდერო თანხა 36 930 ლარი იყო. მონაწილე ოთხი პრეტენდენტიდან „ბათუმის სასაფლაოების“ სატენდერო კომისიამ ფიზიკური პირი, მურად ბოლქვაძე შეარჩია და მასთან ხელშეკრულება 14 033 ლარსა და 40 თეთრზე გააფორმა.

ამ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტებიდან ყველაზე დაბალ ფასად მომსახურებას „ბათუმის სასაფლაოებს“ ვლადიმერ ბლაგიძე სთავაზობდა – 14 033 ლარად [რომელსაც დისკვალიფიკაცია მისცეს], ხოლო ტენდერში გამარჯვებული მურად ბოლქვაძე, შედარებით მეტად – 14 177 ლარად. ბლაგიძის დისკვალიფიკაციის შემდეგ კომისიამ მურად ბოლქვაძეს ფასების დაზუსტება მოსთხოვა, რომელმაც კომისიას ახალი ფასი 14 033,40 ლარი შესთავაზა [ამ თანხაზე გაფორმდა მასთან ხელშეკრულებაც].

ყველაზე მაღალი თანხა შპს „გეომეფის“ მიერ იყო დასახელებული – 35 555 ლარი.

ტენდერი მშენებლობაზე

ტექნიკური ზედამხედველის შერჩევამდე სატენდერო კომისიამ [2015 წლის თებერვალში] ახალი სასაფლაოს მოწყობაზე გამოაცხადა ტენდერი [სატენდერო თანხა 3 693 000 ლარი იყო], სადაც ხუთი კომპანია მონაწილეობდა:

„გზა XXI“ [3 633 330 ლარი],  „ჯეუ გრუპი“ [3 553 460 ლარი], „ინჟინერი“ [3 354 700 ლარი], „ინშაათ საქართველო“ [3 190 117 ლარი] და საგზაო კომპანია „თბილისი“ [3 190 115 ლარი].

„ინჟინერმა“ დავების საბჭოში „ბათუმის სასაფლაოებს“ ორჯერ უჩივლა და მოუგო, თუმცა, საბოლოოდ, აღნიშნული ხუთი პრეტენდენტიდან სამ კომპანიას სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა, ტენდერი კი – საერთოდ შეწყვიტა.

სატენდერო კომისიის ოქმიდან [რომლითაც ტენდერი შეწყდა]
ხელახალი ტენდერი „ბათუმის სასაფლაოებმა“ 2015 წლის ივნისში გამოაცხადა. სატენდერო თანხა არ შეცვლილა და კვლავ 3 693 000 ლარი იყო.

ამჯერად ტენდერში მონაწილეობა სამმა კომპანიამ მიიღო: „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ [3 525 525 ლარი], „მამისონი“ [3 399 000 ლარი] და „ინშაათ საქართველო“ [3 190 117 ლარი].

ყველაზე დაბალი შემოთავაზების მქონე პრეტენდენტს – „ინშაათ საქართველოს“, სატენდერო კომისიამ დისკვალიფიკაცია მისცა და ტენდერში გამარჯვებულად „მამისონი“ დაასახელა, რომელთანაც ხელშეკრულება 3 მილიონ 399 ათას ლარზე 2015 წლის 29 ივლისს გააფორმა. ამ ხელშეკრულებაში ცვლილება 9-ჯერ შევიდა.

შესყიდვების გვერდზე ატვირთული დოკუმენტების მიხედვით, კომპანიისთვის სახელშეკრულებო თანხის 97%, ანუ 3 297 990 ლარი ბათუმის ბიუჯეტიდან გადახდილია. ბოლოს თანხა კომპანიას 2018 წლის თებერვალში გადაურიცხეს.

მთავარი ფოტო: ბათუმის ახალი სასაფლაო ჩაქვში / 2016 წლის დეკემბერი / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ამ თემაზე:

როდის გაიხსნება ბათუმის ახალი სასაფლაო

 

 

 

 

რუსეთმა 8 აგვისტოს აფეთქების შემდეგ რადიაციაზე ინფორმაციის გავრცელება შეწყვიტა

არხანგელსკის ოლქის ქალაქ სევეროდვინსკში მდებარე ატომური წყალქვეშა ნავებისთვის განკუთვნილი ბალისტიკური რაკეტების გამოსაცდელ პოლიგონზე 8 აგვისტოს ბირთული აფეთქება მოხდა. ოფიციალური რუსეთი აფეთქებიდან მხოლოდ 2 დღის განმავლობაში ავრცელებდა ინფორმაციას, რომ რადიაციამ მხოლოდ 2-ჯერ მოიმატა, რაც, მათი განმარტებით, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამ დრომდე კი ოფიციალური რუსეთი რადიაციის დონის, გაგვრცელების მარშრუტების და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას აღარ ასაჯაროებს, რასაც სახიფათოდ მიიჩნევს ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო – ინფორმაციას სააგენტო BBC ავრცელებს.

Wall Street Journal-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, ზერბომ განაცხადა, რომ რადიაციის მონიტორინგის ცენტრების, დუბნასა და კიროვის დუმილი   შემაშფოთებელია ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციისთვის. სადგურები დუბნასა და კიროვში აფეთქების ადგილთან, სევეროდვინსკთან მდებარე ყველაზე ახლო ატომური სადგურებია.

გამოცემასთან საუბრისას ზერბო აღნიშნავს, რომ პროცესებზე დამკვირვებლებს რჩებათ შთაბეჭდილება, რომ რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, არ გავრცელდეს დამატებითი ცნობები აფეთქებისა და შესაძლო საფრთხეების შესახებ.

ბირთვული ტესტირების საერთაშორისო აკრძალვის ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი ლესინა ზერბო  ტვიტერზე აქვეყნებს აფეთქების შედეგად წარმოქმნილი რადიაციული ღრუბლის სავარაუდო გავრცელების მარშრუტსაც, სადაც მთელი კავკასიაა მოქცეული, მათ შორის საქართველო.

აფეთქებას არხანგელსკში 5 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაღუპულები რუსეთის ფედერალური ბირთვული ცენტრის – ექსპერიმენტალური ფიზიკის კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლები იყვნენ.

წყარო: BBC

 

აჭარა TV-ის დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა, მეორე კი ბორდის იმპიჩმენტს ითხოვს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის კონკურსს ერთი კანდიდატი გამოეთიშა. გასაუბრების შემდეგ საკუთარი კანდიდატურა მოხსნა შოთა ზოიძემ, დირექტორის კიდევ ერთმა კანდიდატმა, ამავე ტელევიზიის თანამშრომელმა, ფირუზ ბოლქვაძემ კი, გასაუბრებაზე განაცხადა, რომ იგი ამ პროცესს უნდობლობას უცხადებს.

„მრჩეველთა საბჭოს უკვე მიღებული აქვს გადაწყვეტილება, ვინ უნდა იყოს მაუწყებლის ხელმძღვანელი, აქედან გამომდინარე არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომელი კანდიდატი რა ხედვას წარმოადგენს. შემიძლია დავასახელო ეს კანდიდატი. ეს არის თინა ცისკარაძე“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.

ფირუზ ბოლქვაძის მიერ დასახელებული თინათინ ცისკარაძე მეორედ მონაწილეობს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში. 10 ივლისს გამართულ კონკურსზე მან, ისევე როგორც მერაბ წულუკიძემ, ორი ხმა მიიღო. მაშინ მრჩეველთა საბჭომ დირექტორი ვერ აირჩია, რადგან დირექტორობის კანდიდატს საბჭოს 3 წევრის მხარდაჭერა სჭირდება.

ფირუზ ბოლქვაძემ განაცხადა, რომ აპირებს მიმართოს აჭარის უმაღლეს საბჭოს, რათა დაიწყოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცედურა.

„ამ ეტაპზე სრული საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ უმაღლესმა საბჭომ დაიწყოს მრჩეველთა საბჭოს იმპიჩმენტის პროცესი. რატომ არ დაიწყეს აქამდე, ესეც აჩენს კითხვის ნიშნებს. მიმაჩნია, რომ პროცესი არ მიდის სწორად, პროცესი აზიანებს მაუწყებლის მომავალს. მე არ მაქვს ილუზია, რომ თქვენ ვადამდე ადრე შეიწყვეტთ უფლებამოსილებას და მისცემთ საშუალებას, რომ ახალმა მრჩეველთა საბჭომ აირჩიოს მაუწყებლის ახალი ხელმძღვანელი, მაგრამ მე ჩემს ხელთ არსებულ უფლებას გამოვიყენებ და ვფიქრობ, მივმართო უმაღლეს საბჭოს, რომ დაიწყოს ეს პროცედურები“, – განაცხადა ფირუზ ბოლქვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის არჩევის გაჭიანურებული პროცესი აზიანებს მაუწყებელს:

„მესამე კონკურსის დანიშვნამ გააჩინა ძალიან არასერიოზული დამოკიდებულება ამ პროცესისადმი და ჩემი დაკვირვებით, პროცესისადმი ნდობა არის თითქმის ნულამდე შემცირებული, როგორც საზოგადოების, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რაც დამაზიანებელია მაუწყებლის იდეისათვის“.

აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭო [გარდა გიგა ჩხარტიშვილისა] 2013 წლის ნოემბერში 5 წლის ვადით აირჩიეს. კანონის შესაბამისად, ბორდის ასარჩევი კონკურსი უმაღლესმა საბჭომ სექტემბერში ისედაც უნდა გამოაცხადოს.

ამ დროისათვის აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის კონკურსში შვიდი კანდიდატი მონაწილეობს: გიორგი კოხრეიძე; შოთა გურაბანიძე; თინათინ ცისკარაძე; მერაბ წულუკიძე; ირაკლი კიკვაძე, ფირუზ ბოლქვაძე და ირმა ზოიძე.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭო უკვე მესამედ ცდილობს აირჩიოს მაუწყებლის დირექტორი. წინა ორ ჯერზე კონკურსი ჩაიშალა, რადგან ხმათა უმრავლესობა ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოში ხუთი წევრია: ნატა იმედაიშვილი, გიორგი ირემაძე, ბეჟან გობაძე, გიგა ჩხარტიშვილი და ირაკლი დარცმელიძე.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური, როცა მრჩეველთა საბჭომ ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენა. ამ დრომდე ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს.

„გონიოს თასი“ ცხენოსნობაში ნატალია მიშკოვამ მოიგო

გონიოში ცხენოსნობაში გამართული ტურნირი „გონიოს თასი“კაჭრეთის საცხენოსნო კლუბის წევრმა უკრაინელმა ნატალია მიშკოვამ მოიგო.

გონიოს თასზე მეორე ადგილი თეონა ლაშხმა დაიკავა, მესამე ადგილი კი –  ნიკოლოზ ვეშაპიძემ.

ტურნირში  სულ 15 ცხენოსანი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბიდან, 2 გოგო და 13 ბიჭი. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით „გონიოს თასი“ წელს პირველად გაიმართა და ის ყოველწლიური გახდება.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებით, გონიოს ციხეში ,,რომაული ფესტივალი 2019’’ იმართება.

შეჯიბრი ცხენოსნობაში გონიოს ციხეში გაიმართა
შეჯიბრი ცხენოსნობაში გონიოს ციხეში გაიმართა
ცხენოსნობაში 15 ცხენი და 15 მხედარი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბიდან
ცხენოსნობაში 15 ცხენი და 15 მხედარი მონაწილეობდა საქართველოს სხვადასხვა საცხენოსნო კლუბიდან
თეონა ლაშხი ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები
“გონიოს თასის” გამარჯვებული სამეული – ნატალია მიშკოვა,თეონა ლაშხი და ნიკოლოზ  ვეშაპიძე
“გონიოს თასის” მფლობელი ნატალია მიშკოვა ფოტო: მანანა ქველიაშვილი/ბათუმელები

„რაც მეტს ილაპარაკებს ვინმე საქართველოდან თუ ვინ დაიწყო ომი, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ“

დავით უსუფაშვილი, პოლიტიკოსი: 

„რაც მეტს ილაპარაკებს თუ კითხვით ნიშნის ქვეშ დააყენებს ვინმე საქართველოდან საკითხს იმის შესახებ, თუ ვინ დაიწყო ომი და ვინაა დამნაშავე იმაში, რაც მოხდა 2008 წლის აგვისტოში, მით მეტ ასეთ ჩხვლეტებს მივიღებთ. ეს ყველაფერი იმის დასტურია, რომ რუსეთთან და მის დღევანდელ ლიდერთან შერიგებაზე და მორიგებაზე საუბარი არის მხოლოდ სისუსტის დემონსტრირება, რომელსაც ის იყენებს შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად.“

___________

წყარო: რუსთავი 2

1000-ლარიანი ჯარიმა არადეკლარირებული სიგარეტის შემოტანისთვის სარფის საბაჟოზე

შემოსავლების სამსახურის ცნობით, 16-20 აგვისტოს, წითელი ხიდისა და სარფის საბაჟოზე არადეკლარირებული სიგარეტის საზღვარზე კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა.

„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეების ფიზიკური დათვალიერების შედეგად, ჯამში, 6720 ღერი არადეკლარირებული სიგარეტი აღმოაჩინეს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-14 ნაწილის შესაბამისად, სამართალდამრღვევ მოქალაქეებს, ჩამოერთვათ საქონელი და თითოეულს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, ათას-ათასი ლარის ოდენობით შეეფარდათ,“ – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

სარფის საბაჟოზე მედიკამენტების მალულად შემოტანისთვის ორ პირს ბრალი წაუყენეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოვლინდა.

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საბაჟო – გამშვები პუნქტის, „სარფის“ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, საქართველოს ტერიტორიაზე შემოიტანეს დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების მედიკამენტი, რომელთა ჯამური საბაჟო ღირებულება 37 000 ლარს აღემატებოდა.

უწყების ცნობით, ორ პირს ბრალი წარედგინა. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

ამავე თემაზე: 

https://netgazeti.ge/news/202462/

შარაბიძეებში ავარიის შემდეგ მძღოლის ცემის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

19 აგვისტოს ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან მომხდარი ავარიის შემდეგ ტაქსის მძღოლის ცემაზე შს სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

შსს-ს ცნობით, საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ დაშავებულმა ტაქსის მძღოლმა განაცხადა, რომ ავარიის შემდეგ, საპატრულო პოლიციის ადგილზე მისვლამდე, მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თვითმხილველების თქმით, შარაბიძეებში BMW და ტაქსი შეეჯახა ერთმანეთს. ასევე, თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. შეჯახების შემდეგ BMW-დან გადმოსული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს. დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა გადაიყვანა საავადმყოფოში მუცლის დახურული დაზიანებით.

ავარიაზე გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო. გუშინ „ბათუმელებს“ სამინისტროს პრესსამსახურში უთხრეს, რომ ავარიის შემდეგ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია, თუმცა მოგვიანებით დაუდასტურეს, რომ გამოძიება ძალადობის,  126-ე მუხლითაც დაიწყო.

სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლი ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით – ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე.

ამავე თემაზე: 

ავარია და კონფლიქტი შარაბიძეებში – ნაცემი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ავარია და კონფლიქტი შარაბიძეებში – ნაცემი მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ახლახან [21:00] ბათუმში, შარაბიძეების ბენზინგასამართ სადგურთან,  ავტოავარია მოხდა. BMW-ს მარკის ავტომანქანას ტაქსი შეეჯახა.

თვითმხილველების თქმით, BMW არასწორად მოძრაობდა და ტაქსის მძღოლმა ვერ მოახერხა მანქანის დამუხრუჭება. შეჯახების შემდეგ BMW-დან გადმოსული პირები სასტიკად გაუსწორდნენ ტაქსის მძღოლს.

ტაქსის მძღოლი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, შარაბიძეებიდან ერთი პირი  მუცლის დახურული დაზიანებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.

ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი. შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებულია როგორც შს სამინისტროს, ისე ერთ-ერთი სააფთიაქო ქსელის ვიდეოკამერები. შემთხვევას არაერთი თვითმხილველი ჰყავს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს. უწყების ცნობით, დაშავებულია ერთი ადამიანი, მაგრამ ჩხუბს ადგილი არ ჰქონია.

 

 

საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ფულად ჯილდოზე განცხადების მიღება 20 აგვისტოს სრულდება

საქართველოს განათლების სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღების პირველი ეტაპი – რეგისტრაციის პროცესი ფულად ჯილდოზე, საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლებისთვის 2019 წლის 20 აგვისტოს 24 საათზე სრულდება.

„საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, ირინა აბულაძის განცხადებით, აღნიშნული პროცედურა ორ ეტაპად მიმდინარეობს, მასწავლებლები, რომლებიც 20 აგვისტოს 24 საათამდე გამოხატავენ სურვილს ჯილდოზე, ორი წლის ხელფასის ჯამურ ოდენობას მიიღებენ ოქტომბრის დასაწყისში. ხოლო მეორე ეტაპი 2019 წლის ბოლომდე განხორციელდება.

ჯილდოს მიღების მოთხოვნით განაცხადის დაწერის უფლება აქვს საჯარო სკოლის იმ პრაქტიკოს მასწავლებელს, რომელიც საპენსიო ასაკს 2019 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მიაღწევს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შეახსენებს პედაგოგებს, რომელთაც მიიღეს გადაწყვეტილება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისა და ფულადი ჯილდოს მიღების თაობაზე, მაგრამ ჯერ კიდევ არ გაუკეთებიათ  განაცხადი   სკოლის დირექტორის სახელზე, მათ 20 აგვისტოს 24 საათამდე აქვთ ამის შესაძლებლობა“, – წერია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მაჭახელას ხეობაში ყოფილი პატიმრებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის ექსკურსია გაიმართა

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის ბენეფიციარებმა  მაჭახელას ეროვნული პარკი დაათვალიერეს.

მაჭახელასკენ მიმავალ გზაზე მათ მაჭახელას თოფის მონუმენტი, II მსოფლიო ომის დროინდელი ქვემეხი, ცხემლარას თაღოვანი ხიდი, დუნგას ჩანჩქერი და მუზეუმი მოინახულეს. მაჭახელას ხეობაში ბევრი მათგანი პირველად იყო. როგორც ყოფილი პატიმრები აღნიშნავენ, მათ დრო და შესაძლებლობა იშვიათად ეძლევათ ექსკურსიებისა და დასვენებისთვის.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, იმერეთში, გურიასა და სამეგრელო-ზემო სვანეთში მცხოვრები ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრებისა და პრობაციონერებისთვის ხშირად აწყობს ექსკურსიებს, შემეცნებით-გასართობ და სპორტულ შეხვედრებს, პროექტი თითქმის ორი წელია მიმდინარეობს და ევროკავშირის მიერაა დაფინანსებული.

„ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტის“ მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფთა საზოგადოებაში ინტეგრაციაა დასაქმების ხელშეწყობის, სამედიცინო და იურიდიული მხარდაჭერის გზით.

„დემოკრატიის ინსტიტუტი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მომავალშიც გეგმავს პროექტის ფარგლებში ბენეფიციარებისთვის გასვლით ექსკურსიებსა და სხვა ტიპის ღონისძიებებს.


    ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი მიზნად ისახავს:
  • ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას; 
  • იურიდიულ დახმარებას;
  • ბენეფიციართა გადამისამართებას შესაბამისი პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში;
  • ბენეფიციართა დახმარებას (ადვოკატირებას), რომ ისარგებლონ კუთვნილი სამედიცინო შეღავათებით და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამებით;
  • ყოფილი პატიმრების, პრობაციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მცირე სამეწარმეო ინიციატივების წახალისებას;
  • სამიზნე ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობას.

ზემოთ ჩამოთვლილი სერვისებით სარგებლობა შეუძლიათ ყოფილ პატიმრებს, პატიმართა ოჯახის წევრებსა და პრობაციონერებს. ამისთვის მათ უნდა მიმართონ:

აჭარაში – დემოკრატიის ინსტიტუტს – ქ.ბათუმი, ჭავჭავაძის ქ. №107, ტელ: (0422) 27 57 44

იმერეთში – აფხაზინტერკონტს / ქ.ქუთაისი, ნინოშვილის ქ. №27, ტელ: (0431) 26 48 61

გურიაში – გურიის ახალგაზრდულ რესურსცენტრს /ოზურგეთი, რუსთაველის ქ. №4, ტელ: (0496) 27 41 26

სამეგრელოში – ფონდ თანაზიარს / ზუგდიდი, რუსთაველის ქ. 88 /ტელ: (0415) 22 10 78


მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

adjarabet.com ყოველკვირეულად 300 მომხმარებელს დააჯილდოვებს

Adjarabet.com-მა ახალი აქცია დაიწყო. „ტოტო“-ს ყოველკვირეული საპრიზო ფონდი 250,000 შეადგენს, მასში მონაწილეობა კი ნებისმიერ მომხმარებელს უფასოდ შეუძლია.

გათამაშება მთელი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში გაგრძელდება და ყოველკვირეულად adjarabet.com-ის 300 მომხმარებელი დაჯილდოვდება, 6 მატჩის ანგარიშის გამოცნობის შემთხვევაში კი იღბლიანი გამარჯვებული 250,000 ლარიან ჯეკპოტს მოიგებს.

„ტოტო adjarabet.com-ისთვის საამაყო აქციაა, რადგან 250,000 ლარის მოგება სპორტზე გაკეთებული ფსონებით საქართველოში სხვაგან შეუძლებელია, თუმცა, ამ თანხის მოგება adjarabet.com-ის მომხმარებლებს ყოველკვირეულად სრულიად უფასოდ შეუძლიათ. ამასთან ერთად 300 კაციანი ლიდერბორდიც გვაქვს, რომელზეც მომხმარებლები 1,000 ლარამდე ფრიბეთებს და ბევრ სხვა ფულად ჯილდოს მიიღებენ, სრულიად უფასოდ.“ – აცხადებენ adjarabet.com-ში

adjarabet.com-ზე მომხმარებლებს უფასო პროგნოზების გაკეთება უკვე შეუძლიათ, აქცია კი 28 ოქტომბრამდე, ყოველკვირეულად, გაგრძელდება.

ყოფილი პატიმრების თექის ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა ბათუმში

ბათუმის ცენტრალურ პარკში დღეს, 19 აგვისტოს, ფესტივალი „არგანი“ იხურება. ფესტივალის ფარგლებში ეწყობა კინოჩვენებები, წარმოდგენილია ფოტოების, ნახატებისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.


ფოთოლა ლაგვილავას და ფატი გვიდიანს ამ გამოფენაზე საკუთარი კუთხე აქვთ და თექის შარფები, ნახატები, ხელნაკეთი ჩანთები და სუვენირები აქვთ წარმოდგენილი. ორივე მათგანისთვის ხელსაქმე შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყაროა.

62 წლის ფოთოლა ლაგვილავამ ხელსაქმე საპატიმროში ისწავლა და 7 წელი ქარგვით, თექაზე მუშაობით გაიყვანა. მის დახლთან ფესტივალზე დღეს ფერადი ჩანთების, თექის შარფებისა და ნაქარგების შეძენა შეუძლიათ „არგანის“ სტუმრებს.

ფოთოლა ლაგვილავა

 

ფოთოლა ლაგვილავას ნამუშევრები

 

ფოთოლა ლაგვილავას ნამუშევრები

ფატი გვიდიანი თექით საკუთარ საცხოვრებელ გარემოს –  სოფლის ყოფას ხატავს. ამ ნამუშევრებით განსაკუთრებით უცხოელები ინტერესდებიან. დღევანდელ გამოფენაზე მისი ფერადი ნაქარგების შეძენაცაა შესაძლებელი. ფატისთვისაც თექის ნამუშევრები შემოსავლის ერთადერთი წყაროა. ხელსაქმე მანაც საპატიმროში შეისწავლა.

ფატი გვიდიანი
ფატი გვიდიანის ნამუშევარი
ფატი გვიდიანის ნამუშევარი
ფატი გვიდიანის ნამუშევარი

ფესტივალი ,,არგანი“ დღეს საღამოს დასრულდება, ნამუშევრების შეძენა და ფასების გაგება დისტანციურადაცაა შესაძლებელი, რისთვისაც თექის ნამუშევრების ავტორებს ტელეფონით უნდა დაუკავშირდეთ შემდეგ ნომრებზე: ფატი გვიდიანი – 555 52 56 89; ფოთოლა ლაგვილავა – 555 65 11 88.


 

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

დღეს მაშველებმა 6 ადამიანი გადაარჩინეს – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, დღეს, 19 აგვისტოს, მაშველებმა შავი ზღვის სანაპირო ზოლზე 6 ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

სამსახურის ცნობით, სამაშველო ღონისძიებებში ჩართულია სპეციალური წყალზე სამაშველო ტექნიკა და მაშველი დრონი.

შავი ზღვის სანაპირო ზოლზე, აჭარის, გურიისა და სამეგრელოს ტერიტორიაზე, 3-4 ბალამდე შტორმია. ზღვაში შესვლა კატეგორიულად აკრძალულია. აღმართულია წითელი ალმები და მაშველები დამსვენებლებს აფრთხილებენ, რომ წყალში არ ჩავიდნენ.

________

ფოტოზე: კადრი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ვიდეომასალიდან.

ამავე თემაზე: 

„ზღვაზე შტორმია, არ შეხვიდეთ წყალში“ – საგანგებო სიტუაციების სამსახური დამსვენებლებს აფრთხილებს

რა სასჯელი ემუქრება ქალს, რომლის ჩვილიც თხილის ბაღში მიტოვებული იპოვეს

16 აგვისტოს, გამთენიისას, ოზურგეთში, თხილის ბაღში, პოლიციელებმა ახალშობილი იპოვეს. ახალშობილის ძებნა სამართალდამცავებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ოზურგეთის სამედიცინო დაწესებულებაში მიიყვანეს  ახალგაზრდა ქალი მშობიარობის შემდგომი გართულებებით, რომელსაც ჩვილი თან არ ჰყავდა.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 19-112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რას ითვალისწინებს სასჯელი? „ბათუმელები“ ამ თემაზე ადვოკატ არჩილ ჩოფიკაშვილს ესაუბრა.

იურისტის განმარტებით, ამ მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მაქსიმალური ზომა 3-დან 7 წლამდე პატიმრობაა, მინიმალური – შინაპატიმრობა 6 თვიდან 2 წლამდე.

„ეს მუხლი ნიშნავს მკვლელობის მცდელობას და განსხვავებით მკვლელობისაგან, შედარებით ნაკლები სანქცია აქვს ამ დანაშაულს, გარკვეული გარემოებების გამო. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია გამოძიების მიერ გაირკვეს, რამდენად დიდი იყო ალბათობა იმისა, რომ ახალშობილს ვერავინ იპოვიდა.

ასეთ დროს ხდება დედის ფსიქოლოგიური, სოციალური, ეკონომიკური და სხვა გარემოებების გათვალისწინება და სწორედ ამის გათვალისწინებით არის ჩვეულებრივ მკვლელობასთან შედარებით გაცილებით ნაკლები სანქცია ამ დანაშაულისთვის.

სასამართლოს მხრიდანაც, როცა მოხდება სასჯელის შეფარდება, ბუნებრივია, იქაც იქნება გათვალისწინებული კონკრეტული გარემოებები, რაც არის დანაშაულის დამამძიმებელი ან შემამსუბუქებელი.

რაც შეეხება აღმკვეთ ღონისძიებას, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას პატიმრობა, თუმცა კონკრეტული გარემოებებია ამ შემთხვევაშიც გასათვალისწინებელი, რა დამოკიდებულება აქვს დედას ამ დანაშაულის მიმართ და სხვა დეტალები, რაც გამოძიებით დადგინდება. შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფაქტს ჰქონდეს გადამწყვეტი მნიშვნელობა, აღკვეთ ღონისძიებად დაპატიმრება იქნება თუ არა გამოყენებული“ – ამბობს არჩილ ჩოფიკაშვილი.

რაც შეეხება ახალშობილს, იურისტის განმარტებით, მასზე სახელმწიფომ, სოციალური დაცვის სამსახურმა, უნდა იზრუნოს:

„ასეთ დროს სოციალური დაცვის სამსახური არის უფლებამოსილი, ბავშვზე იზრუნოს და მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. ჩამოართმევენ თუ არა დედას მშობლის უფლებას, ჰყავს თუ არა ბავშვს მამა და ა.შ. –  მეურვეობის საკითხებს უკვე დაარეგულირებს სოციალური სამსახური,“ – ამბობს იურისტი.

__________

ფოტო: გურიის პოლიცია

 

21 აგვისტოს რეაბილიტირებული რვაფეხას გახსნას პრემიერი დაესწრება

აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, 21 აგვისტოს ბათუმში რეაბილიტირებულ „რვაფეხას“ გახსნიან. „ბათუმელების“ ინფორმაციით ცერემონიალს საქართველოს პრემიერი მამუკა ბახტაძე დაესწრება.

„რვაფეხას“ სარეაბილიტაციო სამუშაოები ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა. კაფეს რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა. “ბათუმელებისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფესვიანიძე ამბობდა, რომ კაფე “ფანტაზია” ძველი ფოტოების მიხედვით აღადგინა.

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული უცნაური ფორმის შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა.

21 აგვისტოსვე იგეგმება ქუთაისში წარმოებული ელექტროავტომობილების პრეზენტაცია.

რესტავრატორის განმარტება – აღდგება თუ ვერა „რვაფეხა“ თავდაპირველი სახით

არაფორმალური განათლების მნიშვნელობა სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის დროს – სპეცმასწავლებლი

ავტორი: ლალი ჯაფარიძე, ინკლუზიური სწავლების ფსიქოლოგი, ქ.ბათუმის მე-4 საჯარო სკოლის სპეცმასწავლებელი, სასწავლო ცენტრ „ბიზნეს აკადემიის“ ტრენერი.

დღეს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება სკოლებში ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვას. სახელმწიფომ ამ მხრივ ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა და ამ ყველაფერში დიდი როლი აკისრია სპეცმასწავლებელს.

სსსმ მოსწავლეებთან განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს არაფორმალურ განათლებას.

ყველამ ვიცით, რომ სსსმ მოსწავლედ მიიჩნევა მოსწავლე, რომელიც ეროვნული საგაკვეთილო გეგმით განსაზღვრულ მინიმუმს ვერ ძლევს დამოუკიდებლად. ასეთ მოსწავლეებთან სპეცმასწავლებელი დამატებით მუშაობს აკადემიური უნარების განვითარებაზე. აკადემიური უნარების განვითარება კი არაფორმალურ გარემოში უფრო მარტივად და ხალისით ხდება.

როდესაც ჩემს მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობას ვიღებ სხვადასხვა ღონისძიებაში, როგორიცაა: გამწვანების აქცია, დედამიწის დღე, სიყვარულის ბაღის განაშენიანება და სხვა, ამ დროს ბავშვები ყველა დავალებას ასრულებენ დიდი ხალისით და თან ვმუშაობთ თვლა-ანგარიშზე, წინადადების აგებაზე, ფერების გარჩევაზე, ისე, რომ სსსმ მოსწავლე არ არის დაძაბული და ვერც კი გრძნობს, რომ მას გაკვეთილიც უტარდება. შესაბამისად, მას არ აქვს გაკვეთილის ჩაბარებით ან დავალების შესრულებით გამოწვეული სტრესი, უფრო ადვილად ითვისებს, ვიდრე ეს შეიძლება მოხდეს საკლასო ოთახში ან თუნდაც რესურსოთახში.

აღსანიშნავია ისიც, რომ სსსმ ან შშმ მოსწავლეები, რიგი სხვადასხვა მიზეზების გამო, მოკლებულნი არიან სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას. მე ჩემი სკოლის სსსმ მოსწავლეები აქტიურად მყავს ჩართული სხვადასხვა ღონისძიებაში თუ ფლეშმობებში, რაც მათ განვითარებაზე ძალიან კარგად აისახება. ისინი სხვანაირად გაიხსნენ, გახალისდნენ და გახდნენ უფრო თავდაჯერებულები.

თავისუფალ სივრცეში პროექტ „მედიარტ 2“-ის ფარგლებში ჩემმა სმენის არმქონე მოსწავლეებმა შეასრულეს სიმღერები ჟესტური ენით. მადლობა ამისთვის ნინო ჩხაიძეს, პალინა ჯაღათაშვილს და მზია მელაძეს – ისინი ხელს გვიწყობენ და გვანებივრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ინკლუზიური სწავლების პრინციპების დანერგვის საქმეში ბევრი რამ გაკეთდა, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია, რაშიც დიდი როლი და პასუხისმგებლობა აკისრია სპეცმასწავლებელს. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ყველა სპეცმასწავლებელი დიდ ადგილს დაუთმობს არაფორმალურ განათლებას.

მჯერა, რომ მეტი მონდომებით და მუშაობით ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შევძლებთ.

Exit mobile version