მთავარი,სიახლეები

ბათუმის სარაგბო კლუბის სოლიდარობა „დინამო ბათუმს“ და პროტესტი მსაჯებს

02.11.2019 • 2042
ბათუმის სარაგბო კლუბის სოლიდარობა „დინამო ბათუმს“ და პროტესტი მსაჯებს

სარაგბო კლუბი „ბათუმი“ განცხადებით ეხმიანება „დინამო ბათუმისა“ და „ჩუხურას“ შეხვედრის შემდეგ არსებულ სიტუაციას. კერძოდ, 2 ნოემბერს გამართულ შეხვედრაზე „დინამო ბათუმმა“ „ჩუხურასთან“ წააგო, „დინამოს“ გულშემატკივრები და კლუბის სპონსორი მიიჩნევენ, რომ მსაჯმა „დინამოს“ სასარგებლოდ „პენალტი“ არ დანიშნა და არაპროფესიონალურად იმსაჯა.

„ჩვენთვის, მორაგბეებისთვის, ამ შემთხვევაში როგორც ქვეყნის მოქმედი ჩემპიონებისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ქართული სპორტის ყველა სახეობა იყოს ჯანსაღი, კონკურენტუნარიანი და ყველაზე მნიშვნელოვანი, მაღალი სპორტული პროფესიონალიზმითა და დღის წესრიგით გაჯერებული.

უკანასკნელი გასვლითი შეხვედრა, რომელიც დინამო ბათუმმა, საჩხერის „ჩიხურას“ წინააღმდეგ გამართა, მსაჯთა ბრიგადის მიერ, მოკლებული იყო ყოველგვარ ზემოთ ჩამოთვლილ, აუცილებელ გარემოებებს და პირდაპირ იკვეთებოდა, ჩვენი ქალაქის კლუბის მიმართ, მიზანმიმართული დისკრედიტაცია და საჩემპიონო ბრძოლაში, კლუბისგან დამოუკიდებელი, არასპორტული და არაკეთილსინდისიერი მიზეზებით ხელშეშლა. აღნიშნული გარემოება კი, ცალსახად იწვევს კლუბისა და დინამო ბათუმის მრავალრიცხოვან გულშემატკივართა ლეგიტიმურ აღშფოთებას, რაც უარყოფითად აისახება, ქვეყნის საფეხბურთო ჩემპიონატზე.

ჩვენ ვგმობთ მსგავსი ტიპის, არასპორტულ ქმედებებს და აბსოლუტურ მხარდაჭერას ვუცხადებთ, საჩემპიონო ბრძოლაში დინამო ბათუმს!

გამოვთქვამთ იმედს, რომ მსგავსი ტიპის მოქმედებები დროულად იქნება აღკვეთილი, შესაბამისი, კომპეტენტური ორგანიზაციების მიერ“ – აღნიშნულია კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სარაგბო კლუბმა „ბათუმმა“ დღეს „ლოკომოტივი“ დაამარცხა ანგარიშით – 21-7.

„სიმბოლურად, დღევანდელ გამარჯვებას ვუძღვნით ჩვენს მეგობარ საფეხბურთო კლუბს “დინამო ბათუმს” – წერია გუნდის ფეისბუქგვერდზე.

________________

2 ნოემბერს „დინამო ბათუმის“ სპონსორმა, არჩილ ბერიძემ გუნდის ფეისბუქგვერდით განცხადება გაავრცელა, რომ შესაძლოა გუნდიდან წასულიყო, თუმცა მოკლე ხანში მან „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ წასვლას და გუნდის მიტოვებას არ აპირებდა.

„არ შეიძლება ასე ტარდებოდეს საქართველოს ჩემპიონატში თამაშები. მით უფრო მაშინ, როცა გუნდი იბრძვის ჩემპიონობისთვის. არ შეიძლება ერთმა ნაძირალამ გადააყოლოს გუნდის განვითარებას, ფედერაციის წინსვლას და ამდენ გაკეთებულ საქმეს ყველაფერი.

ერთმა ნაძირალამ არ უნდა მოკლას ქართული ფეხბურთი. არავინ არ აპატიებს ამ პატარა ბიჭს ამას, რომ ქართული ფეხბურთის და ბათუმის „დინამოს“ წარმატება მის ხელში დარჩეს და დამიჯერეთ არ დარჩება“ – განაცხადა მან.

„დინამო ბათუმი“ ჯერჯერობით ეროვნული ლიგის ლიდერი გუნდია. მიმდინარე გათამაშებაში ის პირველ ადგილზეა და 64 ქულა აქვს.

_______________

მთავარ ფოტოზე: ბათუმელი მორაგბეები. ფოტო: სარაგბო კლუბი ბათუმი/facebook

გადაბეჭდვის წესი


ასევე: