მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს

20.12.2019
ბათუმის მერია აუქციონზე ყიდის მიწას, სადაც ცათამბჯენები უნდა აშენდეს

ბათუმის მერია აუქციონზე 294 100 ლარად ყიდის 346 კვ/მ ფართობის მიწის ნაკვეთს, რომელიც ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე, „კარფურის“ წინ მდებარეობს. ელექტრონული აუქციონი დაწყებულია და ის 2020 წლის 6 იანვარს დასრულდება. აუქციონზე, სადაც მერია 1კვ/მ მიწას 850 ლარად ყიდის, ვაჭრობის ბიჯი 3 000 ლარია.

აუქციონის ერთადერთი პირობით, გამარჯვებული ვალდებულია არ შეზღუდოს გასაყიდი ნაკვეთის მომიჯნავედ არსებულ 2 მიწის ნაკვეთთან შესასვლელი. აღნიშნული ვალდებულება დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში.

მარცხნივ ყვითელი ფერით მონიშნულია ნაკვეთი, რომელსაც მერია აუქციონზე ყიდის. ფოტო აუქციონიდან.

ნაკვეთები და არსებული შენობები, რომლებიც გასაყიდად გამოტანილი მიწის მომიჯნავედაა, კერძო კომპანიების საკუთრებაშია. ეს კომპანიებია – „ტერმინალი 99“ და „ტუნაძე და კომპანია“.

ამ ნაკვეთებზე კი, შპს „ტერმინალი 99“ მრავალბინიანი სახლის მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ სამშენებლო პირობების შესათანხმებლად ბათუმის მერიასა და კმდს-ს ზონალურ საბჭოს მიმართა. ტერიტორია ძეგლის – ბალეტის სკოლის შენობის, დაცვის არეალშია.

გასაყიდი მიწის ნაკვეთის მდებარეობას და პირობას თუ გავითვალისწინებთ, მას, დიდი ალბათობით, ისევ „ტერმინალი 99“ თუ იყიდის.

პროექტი სამ საკადასტრო ერთეულზე, ჯამში, 6279 კვადრატულ მეტრზეა დაგეგმილი და ორი მაღლივი კორპუსის მშენებლობას ითვალისწინებს. ზონალური საბჭოს სხდომაზე, სადაც ეს საკითხი განიხილეს, თქვეს, რომ დაგეგმილი შენობის უმაღლესი ნიშნული 107 მეტრია, თუმცა ამავე სხდომაზე წარდგენილ რენდერზე წერია, რომ შენობის სიმაღლე 132,70 მეტრი იქნება.

ამ თემაზე:

6 თაუერი ერთ კვარტალში, სტადიონთან

მთავარი ფოტო: შემოსაზღვრული საპროექტო ტერიტორია, სადაც ცათამბჯენი უნდა ააშენონ/ ფოტო: ზონალურ საბჭოში წარდგენილი დოკუმენტიდან

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: