მთავარი,სიახლეები

დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

21.12.2019 • 2486
დეკემბერი იწურება, გრიპის ვაქცინა ისევ დეფიციტურია – რას ამბობს ჯანდაცვის სამინისტრო

სეზონური გრიპის ვაქცინის გაკეთება მაქსიმუმ დეკემბრის თვის ბოლო რიცხვებამდეა რეკომენდებული. აცრის მსურველებს კიდევ ათი დღე რჩებათ, თუმცა სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში ვაქცინა აღარ აქვთ. წელს გრიპის ვაქცინაზე მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო და დეფიციტად იქცა იმ მოქალაქეებისთვის, ვინც რისკჯგუფში არ იყო და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეძენილი უფასო ვაქცინა არ ერგებოდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, შარშან, გრიპის ვაქცინის ბოლო, 2000 დოზა კომერციულ სექტორს „ჩაუწვა“ და ვერ გაყიდეს, წელს კი სააფთიაქო ქსელები და კლინიკები ვაქცინის ჭარბი რაოდენობით შემოტანას მოერიდნენ. მოსახლეობის ნდობა კი ამ ერთი წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინისადმი გაიზარდა, გაიზარდა მოთხოვნაც და შესაბამისად გაჩნდა დეფიციტი.

„ავერსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი ლალი ბრეგვაძე უარყოფს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შარშან კომერციულმა სექტორმა ვაქცინები სრულად ვერ გაყიდა, რის გამოც წელს აღარ შეუკვეთა გრიპის ვაქცინის საჭირო რაოდენობა.

„მცდარი აზრია, რომ თითქოს ვერ გავყიდეთ შარშან გრიპის ვაქცინა და წელს ამიტომ არ შევუკვეთეთ მომმარაგებელს საჭირო რაოდენობა. ჩვენ გვიკვეთავენ სხვადასხვა კლინიკები და აფთიაქები ვაქცინას, შესაბამისად შემომტანს ვუკვეთავთ რაოდენობას, რასაც გვთხოვენ“ – ამბობს „ავერსის“ პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

გრიპის ფრანგული ვაქცინის დისტრიბუტორები საქართველოში „ავერსი“ და „ჯიპისია“. სწორედ ისინი უკვეთავენ გრიპის ვაქცინას ფრანგულ კომპანია „სანოფი პასტერს“.

კლინიკა „ავერსის“ცხელ ხაზზე გვითხრეს, რომ მათი კომერციული მარაგი ამოწურულია.

„სახელმწიფო ეპიდემიოლოგთანაც გადავამოწმეთ ახლახანს და სახელწიფო პროგრამით რაც გვქონდა რისკჯგუფებისთვის, ეს მარაგიც ამოწურულია. გვქონდა ჰოლანდიური – სამკომპონენტიანი და ფრანგული ოთხკომპონენტიანი ვაქცინა. ფრანგული ვაქცინა ძალიან მცირე რაოდენობით იყო მოწოდებული „სანოფი პასტერის“ – მომწოდებლის მიერ.

არ ვიცით, რატომ შემოიტანა „სანოფის“ ფირმამ შეზღუდული რაოდენობით ვაქცინა. დიდი მომართვიანობის გამო ჩვენთან მარაგი მალე ამოიწურა“, – გვითხრეს კლინიკა „ავერსის“ ცხელ ხაზზე.

„ბათუმელები“ კომპანია „სანოფის“ წარმომადგენელს, მაკა ლაბახუას დაუკავშირდა, რომელმაც წერილობით გვიპასუხა, რომ კომპანიისგან ვაქცინის რაოდენობის შეზღუდვას მიწოდებისას ადგილი არ ჰქონია და მათ ზუსტად იმდენი დოზა ვაქცინა მიაწოდეს დისტრიბუტორებს, რამდენიც შეკვეთილი ჰქონდათ.

„სააფთიაქო ქსელებისთვის პროდუქციის მიწოდება ხდება დისტრიბუტორების საშუალებით, მოთხოვნილი რაოდენობის შესაბამისად, სახელმწიფო პროგრამებისთვის კი – სახელმწიფო ტენდერის ხელშეკრულების შესაბამისად.

2019 წელს სახელმწიფო პროგრამისთვის კომპანიამ ჩამოიტანა 100 000 დოზა გრიპის ვაქცინა, რაც მნიშვნელოვნად აღემატება წინა წლის მონაცემებს“ – გვწერს „სანოფი პასტერის“ წარმომადგენელი.

„ბათუმელებმა” საქართველოს ჯანდაცვის სამინსიტროს ჯანდაცვის პროგრამების სამმართველოს უფროსს, ეკატერინე ადამიას ჰკითხა კომერციულ სააფთიაქო ქსელებსა და კლინიკებში გრიპის ვაქცინის დეფიციტურობის შესახებ.

  • ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურად გაცხადებული აქვს, რომ გრიპის ვაქცინაცია სასურველია ჩაუტარდეს 6 თვეს გადაცილებულ ყველა პირს. მედიის საშუალებით სამინისტრო მოსახლეობას მოუწოდებს აიცრან გრიპზე, მაშინ, როცა ვაქცინა უკვე აღარაა ხელმისაწვდომი. თუ დაინტერესდა სამინისტრო რატომ შეიქმნა ეს დეფიციტი?

ჯანდაცვის სამინისტროში დაავადებათა კონტროლის ცენტრთან კომუნიკაციით  იწერება სეზონური გრიპისთვის მზადყოფნის რეაგირების გეგმა, რაც მოიცავს ყველა ღონისძიებას, რაც გრიპის დროს უნდა იყოს გათვალისწინებული და ერთ-ერთი არის ვაქცინაცია. როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, საქართველოშიც ჯანდაცვის სამინისტრო აკეთებს აქცენტს მიზნობრივ ჯგუფებზე, ვინც მეტად მოწყვლადია გრიპის ვირუსის მიმართ. ჩვენი წლევანდელი მიზნობრივი ჯგუფის ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია შარშანდელთან შედარებით – მათ ვაქცინას უფასოდ ვაწვდით და მარაგი ამ ჯგუფებისთვის ახლაც გვაქვს. არცერთ ქვეყანაში მთელი მოსახლეობის, ჩვენს შემთხვევაში 3 მილიონი ადამიანისთვის, სახელმწიფო უფასო ვაქცინაციას ვერ უზრუნველყოფს. აქ არის კომერციულ აფთიაქებში შექმნილი დეფიციტის თემა და ჩვენ გვაქვს მათთან მუდმივი კავშირი.

როგორც მე ვიცი კერძო სექტორს ვაქცინის გარკვეული რაოდენობა „ჩაუწვა” და წელს აღარ ელოდნენ, თუ მოთხოვნა ამდენად იქნებოდა გაზრდილი. ზუსტად ვერ გეტყვით შარშან და წელს რამდენი დოზა ვაქცინა შემოიტანა კერძო სექტორმა, ბაზრის კვლევა არ მიწარმოებია.

ერთი მხრივ ცუდია, რომ დეფიციტი შეიქმნა, მაგრამ კარგია, რომ ამაღლდა მოსახლეობის ცნობიერების დონე და ნდობა ვაქცინისადმი. წინა ზამთრის მოცემულობის მიხედვით ახლანდელი ზამთრის პროგნოზი ვერ გათვალეს სააფთიაქო ქსელებმა, რადგან არავინ ელოდა ვაქცინაზე გაორმაგებულ მოთხოვნას. ჩვენ სახელმწიფო პროგრამით გაორმაგებული რაოდენობა შევიძინეთ, რადგან გაფართოვდა გრიპის მიმართ მოწყვლადი რისკ-ჯგუფების რაოდენობა. ჩემი აზრით, დეფიციტის მიზეზი იყო კომერციული სექტორის მხრიდან მოთხოვნის მომატების ვერგათვლა. მიუხედავად იმისა, რომ დეფიციტი შეიქმნა, მიხარია, რომ გაიზარდა ადამიანების მოთხოვნა ვაქცინის მიმართ, წელს მეტი ადამიანი აიცრა ვიდრე შარშან – ეს ნიშნავს, რომ გრიპის ვირუსს შარშანდელივით აქტიურად გავრცელების საშუალება აღარ ექნება.

ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამების სამმართველოს უფროსი – ეკატერინე ადამია

  • რა ღონისძიებებს მიმართავს ჯანდაცვის სამინისტრო აფთიაქებში გრიპის ვაქცინის დეფიციტურობის თავიდან ასარიდებლად სამომავლოდ?

ისე გამოვიდა, რომ ვერ ვეწევით მიწოდებით იმ მოთხოვნას, რაც გრიპის ვაქცინაზე გაჩნდა. ჩვენი თხოვნა და რეკომენდაცია მომდევნო წელს კერძო სააფთიაქო სექტორებისადმი იქნება, რომ საკმარისი რაოდენობით იყოს შემოტანილი ვაქცინა, უნდა დაკმაყოფილდეს ყველა მსურველის მოთხოვნა და ასეთი სურათი არ უნდა შეიქმნას. ოღონდ ძალდატანებით ჩვენ ვერ დავაძალებთ კერძო სექტორს რა რამდენი შემოიტანოს. ჩვენი რეკომენდაცია და თხოვნაც იყო კერძო სექტორისადმი, დაეჩქარებინათ დროულად შემოტანა, მაგრამ რაოდენობა მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა. შემდეგ წელს ამას გავითვალისწინებთ, რომ რისკ-ჯგუფებში ვინც არ არის და უფასო ვაქცინა არ ერგებათ, ისინი სრულად იყვნენ დაკმაყოფილებულები.

  • ირღვევა თუ არა ჩემი როგორც მოქალაქის ფუნდამენტური, ჯანმრთელობისა და მისი დაცვის უფლება, როცა რისკჯგუფში არ შევდივარ, გრიპის ვაქცინა უფასოდ არ მერგება და მსურს მისი საცალოდ ყიდვა, თუმცა ვერსად ვყიდულობ?  ვინ არის ამ უფლების დაცვაზე პასუხისმგებელი?

ჩვენ, სახელმწიფო სექტორმა რისკ-ჯგუფებისთვის საკმარისად შევუკვეთეთ ვაქცინა და ამის დეფიციტი მათთვის არ არის, მაგრამ წელს ასე მოხდა, რომ კერძო სექტორმა ვერ გათვალა მოთხოვნა თუ ასე გაიზრდებოდა, ცხადია მომავალი წელი ამ მხრივ უკეთაა დასაგეგმი.

რაც ეხება გრიპისთვის მზადყოფნას, ჩვენ გვაქვს საკმარისი რაოდენობით მომარაგებული „ტამიფლუ“, ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ გრიპით დაავადების შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს როგორ დავეხმაროთ და მგონია რომ ამ სეზონს როგორღაც გადავლახავთ.

  • გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი ტამიფლუ, მართალია, ბოლოს, ვირუსის გააქტიურებისას უფასოდ გაიცემოდა, მაგრამ იქამდე საკმაოდ ძვირი ღირდა. არსებობს აზრი მოსახლეობაში, რომ წელს ვაქცინის დეფიციტი სპეციალურად შეიქმნა გრიპის ძვირადღირებული წამლების სარეალიზაციოდ. რას ფიქრობთ ამაზე?

ვერანაირად ვერ დავეთანხმები ამ აზრს და დანაშაულია, ეს რომ ვინმემ სპეციალურად გააკეთოს. გარდა ამისა წელს ვაქცინის ფასი თითქმის 60 ლარამდე იყო, კომერციულ სექტორს მისი შეძენა არ გასჭირვებია. პირობითად რომ ვთქვათ, კომერციულ სექტორს შეუძლია ვაქცინას დაადოს მაღალი ფასი და ამით ნახოს მოგება და არა გრიპის წამლებისგან. ვერაფრით ვიტყვი, რომ ამას აკეთებს ვინმე,  ეს სწორი არ არის.

მინდა მოვუწოდო კომერციულ სექტორს, აფთიაქებს, უფრო მომზადებული შეხვდნენ მომავალ წელს ვაქცინების მიწოდების მხრივ. ტექნიკურადაც რთულია ვაქცინების მოწოდების პროცესი, რადგან დროში იწელება თუ თავიდანვე არ გაკეთდა დიდი შეკვეთა. მერე  მომწოდებელი ვეღარ ასწრებს მოწოდებას, ვფიქრობ დაგეგმვის პროცესია უფრო ყურადღებით გასათვლელი. თუ ჩვენი მოქალაქეებიც ვაქცინის დროულად, ადრეულ შემოდგომაზე შეკვეთის კულტურას გამოიმუშავებენ, ფარმაცევტებსაც ექნებათ იმედი, რომ რეალიზაციას მოახდენს იმ რაოდენობის რამდენსაც შემოიტანს მე არა მგონია, რომ მერე რამე პრობლემა შეიქმნას, პირიქით მათთვის ხელსაყრელია, რომ გაყიდონ ვაქცინა და ამისგან მოგებაც მიიღონ.

ამავე თემაზე:

რატომ არ იყიდება გრიპის სეზონური ვაქცინა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: