მთავარი,სიახლეები

ქალს, რომელმაც საბერძნეთში შვილი ნაგავში გაადააგდო, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

20.12.2019
ქალს, რომელმაც საბერძნეთში შვილი ნაგავში გაადააგდო, პროკურატურამ ბრალი წაუყენა

24 წლის ახალგაზრდა ქალს საქართველოდან, რომელმაც საკუთარი ჩვილი ნაგავში გადააგდო საბერძნეთში, ქალაქ კალამატაში, პროკურატურამ ბრალი წაუყენა დაუდევრობით მკვლელობის მცდელობისათვის.

„იგი მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია, გამუდმებით ტირის და ნანობს, რაც ჩაიდინა,“ – განაცხადა ახალგაზრდა ქალის ადვოკატმა ჟურნალისტებთან.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა ქალი ნანობს თავის საქციელს, ამბობს, რომ ბავშვი გადააგდო მძიმე ფსიქოლოგიური სტრესის ქვეშ მყოფმა, სასოწარკვეთილმა, რადგან არავინ ჰყავდა, ვინც ბავშვის გაზრდაში დაეხმარებოდა.

ბერძნული მედია ახალგაზრდა ქალის ციტატას აქვეყნებს: „მინდა დავიბრუნო ჩემი შვილი, ეს იყო წამიერი შეცდომა.“

ტელეკომპანია „ალფამ“ ჩაწერა ახალგაზრდა ქალის დედაც საქართველოდან, რომელიც ამბობს, რომ მომავალ კვირას აპირებს ჩასვლას საბერძნეთში და მისთვის უცნობია, რა მოხდა.

შემთხვევა ქალაქ კალამატაში 18 დეკემბერს, გამთენიისას მოხდა. ბავშვის ტირილის ხმა გაიგონა ქალმა, რომელიც ნაგავს ყრიდა. მან გამვლელებს უხმო საშველად, თუმცა, როგორც თავად უამბო ჟურნალისტებს, მას არ დაუჯერეს და უთხრეს, რომ ხმა კატის კნუტის იყო და არა ბავშვის. „არ მივატოვე, ტელეფონი თან არ მქონდა რომ დამერეკა, რომ წავსულიყავი და ვინმესთვის საშველად მეხმო, შემეშინდა რომ ურნაში ნაგვის პარკებს ჩაყრიდნენ და ბავშვი დაიღუპებოდა“, – უთხრა მან ჟურნალისტებს. საბოლოოდ, ქალს გამვლელები დაეხმარნენ, რომელთაც პოლიცია გამოიძახეს.

ახალშობილი ბიჭია. იგი კალამატას საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ბავშვის დედა იმავე დღეს დააკავეს. აღმოჩნდა, რომ მან ქალაქ კალამატაში იმშობიარა ბავშვის გადაგდებამდე რამდენიმე დღის წინ.

კალამატას მერმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალშობილი იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან 18 დეკემბერს შემოვლა დააგვიანდათ დასუფთავების მანქანებს, რომელთაც ქალაქიდან ნაგავი გააქვთ. ნაგავი ქალაქის დასუფთავებისას იპრესება და ისე გადააქვთ, მანქანის ხმაურში კი დასუფთავების თანამშრომლები ვერ გაიგებდნენ ბავშვის ხმას.

__________

ფოტოზე: ნაგვის ურნის ჭა, რომელშიც ჩვილი ბავშვი ქაღალდის ჩანთაში იპოვეს. ფოტო: messinialive.gr 

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: