ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალის მშენებლობის დაწყების შემდეგ კერძო კომპანია შპს „კარგო პარსელი“ ბათუმში ღია სასაწყობო მეურნეობის აშენებას აპირებს.
ღია საწყობის მოსაწყობად კომპანია თევზის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე 26 600 კვ/მ ტერიტორიას დააბეტონებს.
პროექტის მიხედვით, დაგეგმილია, საწყობში წელიწადში შეიტანონ დახლოებით 500 000 – 600 000 ტონა კარბამიდი, დაახლოებით 500 000 ტონა არმატურა და ფოლადის ნამზადი 10 000 ცალი ხის პალეტი.
პარალელურად ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალი შენდება. ეს მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე მიმდინარეობს.
„სასაწყობო მეურნეობაში შემოტანილი ტვირთები გამიზნულია შემდგომში [მათ შორის საზღვაო, სარკინიგზო და საავტომობილო] გადაზიდვებისთვის“, – აღნიშნულია შპს „კარგო პარსელის“ მიერ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობაში გაგზავნილ სკრინინგის ანგარიშში.
ამ ანგარიშის მიხედვით, შპს „კარგო პარსელის“ პასუხისმგებლობაში შედის ღია სასაწყობო მეურნეობის მოწყობა და ამ მეურნეობის ტერიტორიაზე ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება და ამავე ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტზე დატვირთა. შესაბამისად, სკრინინგის ანგარიში განსაზღვრავს ზემოთ აღნიშნული საქმიანობის დროს გარემოს სხვადასხვა შემადგენელზე მოსალოდნელ [შესაძლო] ზემოქმედებას და შესაბამის ეკოლოგიურ ასპექტებს“.
პროექტის მიხედვით, ტვირთების დასაწყობებისთვის განკუთვნილი ტერიტორიის დაბეტონებული საფარის საერთო ფართობი 26 600 კვ/მ-ია. ტერიტორიის დასაბეტონებლად გამოყენებული იქნება ქარხნულად დამზადებული ბეტონი, რომელიც ბეტონმზიდი მანქანებით იქნება შეტანილი; გამწვანებას 5 000 კვ/მ დაეთმობა; მანქანა-მექანიზმების დგომისთვის გამოყოფილი ტერიტორიის ფართობი კი – 3 000 კვ/მ იქნება; დანარჩენი ტერიტორია მანქანა-მექანიზმების მანევრირებისთვის იქნება გამოყენებული.
33 500 კვ/მ ტერიტორია, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „კარგო პარსელმა“ „ბათუმის ნავთობტერმინალისგან“ 2019 წლის სექტემბერში იყიდა. ეს არის „ყოფილი საწარმოო უბნის – ნავთისა და ბენზინის გადატვირთვის სადგურის (ნავთის უბნის) ტერიტორია – არა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი“.
ბათუმში, თევზის ბაზრის მიდებარედ, 3149 კვადრატულ მეტრი ტერიტორიის, რომელიც „კარგო პარსელის“ კუთვნილ ტერიტორიას ესაზღვრება, იჯარის წესით გასხვისებას ბათუმის მერია აუქციონზე გეგმავდა. საიჯარო ფასის განსაზღვრაზე 2019 წლის 28 ნოემბერს საკრებულომ იმსჯელა და მხარი დაუჭირა მერიის წარდგენილ წინადადებას – წლიური გადასახადის სახით 72 000 ლარის დადგენის თაობაზე.
მერიაში არ გვითხრეს, ითხოვს თუ არა ამ ტერიტორიას „კარგო პარსელი“. თუმცა მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ამ ტერიტორიის აუქციონზე გატანას მერია აღარ აპირებს.
ღია სასაწყობო მეურნეობის მოწყობისა და ექსპლუატაციის პროექტის [სკრინინგის ანგარიშის] მიხედვით, მეურნეობის გარე ღობიდან მინიმალური დაცილება, მდინარე ბარცხანას მეორე ნაპირზე არსებულ, იოსებ ნონეშვილის ქუჩის [დოკუმენტში არასწორადაა მთითებული ვაჟა-ფშაველას ქუჩა-ავტ.] საცხოვრებელ ზონამდე, შეადგენს 70 მეტრს, ხოლო ბაქრაძის ქუჩის საცხოვრებელ ზონამდე – 150 მეტრს.
„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ 2019 წლის აგვისტოში დაიწყო საწარმოო უბნის – „ბენზინების და ნავთის მიღების და გადატვირთვის სადგურის“ ტერიტორიაზე არსებული ძველი, ამორტიზირებული 6 ცალი რეზერვუარის და სხვა საწარმოო ინფრასტრუქტურის დემონტაჟი. სასაწყობო მეურნეობის მოწყობის მიზნით კი, „კარგო პარსელი“ სამუშაოებს დაიწყებს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ მიერ სადემონტაჟო სამუშაოების დამთავრების და დემონტირებული და კონსტრუქციების [რეზერვუარების, სატუმბო სადგურების კონსტრუქციების, ტუმბოების, სარკინიზო ესტაკადის რკინიგზის ვაკისის ზემოთ არსებული კონსტრუქციების, ტექნოლოგიური მილსადენების, ურდულების, ჯართის და სამშენებლო ნარჩენების] ტერიტორიიდან გატანის შემდეგ.
„კარგო პარსელი“ სკრინინგის ანგარიშში აღნიშნავს, რომ სასაწყობო მეურნეობის მოწყობის მიზნით, განახორციელებს დამატებით ღონისძიებებს:
„მოაშანდაკებს და ბეტონის ფენით დაფარავს მთელ ტერიტორიას; გაითვალისწინებს, რომ ტერიტორიის ქანობი მიმართული იყოს სალექარისკენ; რკინიგზის ჩიხების გასწვრივ მოაწყობს „,Zennebogen“-ის მარკის მობილური ამწეს სავალ ბილიკებს; ტერიტორიაზე გამოყოფს სექტორებს ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის, ფოლადის ნაკეთობების [არმატურა, მილები და ა.შ] და მასალის დროებით დასასაწყობებლად…
მოაწყობს წვიმის წყლების შეგროვების ცალკე სისტემას, რომელიც მიუერთდება არსებულ საწარმოო კანალიზაციის სისტემას, რათა მოხდეს მანქანა-მექანიზმების დგომის დროს ავარიული დაღვრილი ზეთების მორეცხვა და ორგანიზებულად გაყვანა არსებულ სალექარ-ნავთობდამჭერში, რომელიც, თავის მხრივ, მიერთებულია ბათუმის ნავთობტერმინალის გრუნტის წყლების სადრენაჟო სისტემაზე;
აქედან დრენაჟით შეგროვებული გრუნტის წყლები და ორგანიზებულად შეგროვებული წვიმის და საწარმოო ჩამდინარე წყლები გადაიტუმბება ბათუმის ნავთობტერმინალის ცენტრალურ ნავთობდამჭერში;
შეუცვლის ტერიტორიაზე შესასვლელი ჭიშკრის ადგილმდებარეობას, რათა უფრო ადვილი და მოსახერხებელი იყოს საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე სატვირთო მანქანების შესვლა და გადაადგილება საზღვაო ნავსადგურისკენ…
მასალებისა და ნივთიერებების დასაწყობების ადგილებში განათავსებს ხანძარქრობის პირველად საშუალებებს“.
„კარბამიდი სასაწყობო მეურნეობაში „გონდოლას“ ტიპის სარკინიგზო ვაგონებით შემოვა. ჯერ ერთ ჩიხში – 12 ვაგონი, შემდეგ, მე-2 ჩიხში, ასევე 12 ვაგონი. სარკინიგზო ჩიხებში ერთდროულად შეიძლება ჩამოიტვირთოს 24 ვაგონი. ბიგ-ბეგებში დაფასოებული კარბამიდის ჩამოტვირთვა შესრულდება„Zennebogen”-ის მარკის მობილური ამწეს გამოყენებით. ჩამოტვირთული ბიგ-ბეგები სარკინიგზო ჩიხების ორივე მხარეს დროებით დალაგდება სპეციალურ ხის საფენებზე.
ამის შემდეგ, ვაგონცისტერნებიდან ჩამოტვირთული კარბამიდიანი ბიგ-ბეგები ელექტროკარის, სატვირთო მანქანების და მობილური ამწეს გამოყენებით გადატანილი და დასაწყობებული იქნება ამ მიზნით გამოყოფილ ტერიტორიაზე. ბიგ-ბეგები დალაგდება შტაბელებად, როგორც სურათზეა ნაჩვენები:
შტაბელის ქვემოთ ბიგ-ბეგების შიგთავსის წვიმის წყლებისგან დასაცავად, წინასწარ დალაგდება ევროსტანდარტის სპეციალური ხის საფენები. სასაწყობო ტერიტორიის 1 კვადრატულ მეტრზე დატვირთვა 4-5 ტონა (1 ბიგ-ბეგის წონა – 1 ტონაა). შტაბელებად ტვირთის დალაგების შემდეგ, ბიგ-ბეგებს მთლიანად (შტაბელის მთელ ფართობზე) გადაეფარება წყალგაუმტარი ქსოვილი წვიმისგან და მზისგან დასაცავად.
აღსანიშნავია, რომ ბიგ-ბეგები, იგივე რბილი კონტეინერები გამოიყენება სხვადასხვა ტვირთის გადაზიდვებისთვის. ეს არის სპეციალური ტარა, რომელიც შეიქმნა გრანულირებული, ფხვნილოვანი და სხვა სახის ნივთიერებების გადაზიდვებისთვის. ბიგ-ბეგის მასალის სტრუქტურას ორმაგი დაცვა გააჩნია: პლასტიკის ორმაგ კედლიანი მასალა + წყალგაუმტარი პოლიეთილენის აპკი პლასტიკის ორ ფენას შორის.
ბიგ-ბეგების გამოყენების უპირატესობაა მისი შემდეგი თვისებები: ჰერმეტიულობა; მდგრადობა ტემპერატურის ცვალობადობის და სხვადასხვა სახის ტვირთის მიმართ; ეკოლოგიური უსაფრთხოების გარანტიები; სიიაფე; ბიგ-ბეგის ტომრების გადამუშავების და უტილიზაციის შესაძლებლობა. ბიგ-ბეგების ტომრები ფართოდ გამოიყენება ქიმიურ მრეწველობაში.
გრანულირებული კარბამიდის დასაწყობება ბიგ-ბეგების საშუალებით გაცილებით მოსახერხებელია, ნაკლებად შრომატევადია, იძლევა მექანიზაციის ფართოდ გამოყენების შესაძლებლობას და უსაფრთხოა, ტვირთი დაცულია ნესტის ზემოქმედებისგან და წყლით დაზიანებისგან; ხელს უწყობს კარბამიდის თვისებების შენარჩუნებას, იცავს ტვირთს დაზიანებისგან, ხელს უწყობს გადატვირთვის სანიტარულ-ჰიგიენური პირობების გაუმჯობესებას, სწორი მენეჯმენტის პირობებში, ფაქტიურად გამორიცხავს გარემოს დაბინძურების რისკებს.
ბიგ-ბეგების გამოყენებით კარბამიდის ტრანსპორტირება ღია „გონდოლას“ ტიპის ვაგონებით, ბევრად მოსახერხებელი და უსაფრთხოა სხვა ტარით ტრანსპორტირებასთან შედარებით.
ამასთან, ღია სასაწყობო მეურნეობაში დროებით განთავსების დროს, კარბამიდის ბიგ-ბეგების შტაბელები უნდა გადაიფაროს წყალგაუმტარი ბრეზერნტით ან მუქი ფერის სხვა მსგავსი წყალგაუმტარი ქსოვილით, რათა ბიგ-ბეგის ტომრის გარე ქსოვილი დაცული იყოს გარემოს ტემპერატურული, ულტრაიისფერი სხივების და წვიმის ზემოქმედებისაგან.
შტაბელები უნდა დალაგდეს ხის სპეციალურ საფენებზე. ბიგ-ბეგების შტაბელირება უნდა მოხდეს მჭიდროდ, ვერტიკალური მდგომარეობის შენარჩუნებით. მე-2 იარუსის ტომრები უნდა განთავსდეს ისე, რომ ღიად დარჩეს ქვედა ტომრის სიგანის ნახევარი. შტაბელებს შორის მანძილი უნდა იყოს საკმარისი ტვირთამწე მექანიზმების თავისუფლად გადაადგილებისათვის…
სასაწყობო მეურნეობაში უნდა დამაგრდეს შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშნები.“
ღია სასაწყობო მეურნეობის მოწყობის და ექსპლუატაციის პროექტი [სკრინინგის ანგარიში] სხვა დეტალურ ინფორმაციებსაც შეიცავს. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კი ამ ანგარიშზე დაყრდნობით უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, დაგეგმილი საქმიანობა საჭიროებს თუ არა გზშ-ს მომზადებას, ანუ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარებას.
შპს „კარგო პარსელი“ 2019 წლის ივნისში დაარეგისტრირა იოსებ პატარაიამ. ამავე წლის აგვისტოს ამონაწერით კი კომპანიის 66.7% წილს იოსებ პატარაია ფლობს, რომელიც კომპანიის დირექტორიცაა, წილის 33.3%-ის მფლობელი კი მამუკა დალაქიშვილია.
—
პარალელურად ბათუმის პორტის ტერიტორიაზე შენდება კარბამიდის გადასატვირთი ტერმინალი. ეს მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების შეფასების [გზშ] გარეშე მიმდინარეობს.
ბათუმის პორტის ტერიტორიაზე კარბამიდის ტერმინალის მშენებლობაზე ნებართვა ბათუმის მერიამ 2019 წლის 12 მარტს, მოქალაქეთა ერთი ჯგუფის პროტესტის ფონზე გასცა.
ამ თემაზე: