ბათუმი,მთავარი,სიახლეები

სად გაივლის მაღალი ძაბვის ახალი ელექტროხაზები ბათუმში – ენერგო-პროს პროექტი

19.12.2019 • 2493
სად გაივლის მაღალი ძაბვის ახალი ელექტროხაზები ბათუმში – ენერგო-პროს პროექტი

ბათუმის ენერგომომარაგებისთვის „ენერგო-პრო ჯორჯია“ ახალ ელექტროგადამცემ საჰაერო და მიწისქვეშა ხაზს [ეგხ „ჭარნალს“] ააშენებს. პროექტში „ენერგო-პრო“ დაახლოებით 25 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს.

110 კვ ძაბვის ახალი ხაზი გაივლის ბათუმის „ახალ სამრეწველო ზონას“, ადლიის ნაგავსაყარის ტერიტორიას, გამწმენდი ნაგებობისა და ბათუმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიებს, შემდეგ გადაკვეთს ადლიის ქუჩას, გაივლის ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას, ზღვისპირის ქუჩას და მრავალსართულიანი სახლების სამშენებლო უბანს.

ხელვაჩაურიდან ახალ ბულვარამდე ასაშენებელი ახალი ხაზის სიგრძე ჯამში 10 კილომეტრი იქნება. აქედან 7 კმ – საჰაერო, ხოლო 3 კმ – მიწისქვეშა.

პროექტის თანახმად იგეგმება ქვესადგური „ბათუმი 220“-დან [ხელვაჩაური] მდინარე ჭოროხის გასწვრივ ახალი 110 კვ ძაბვის ეგხ „ჭარნალის“ მოწყობა, რომელიც გაგრძელდება ქვესადგურ „ბათუმი 4“-მდე [ახალ ბულვართან].

საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზის პირველი 12 საყრდენი განთავსდება ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ხოლო დანარჩენი – 13-დან 32-ე საყრდენამდე, ასევე მიწისქვეშა ელექტროგადამცემი ხაზი, ქალაქ ბათუმის  ტერიტორიაზე.

საქმიანობა ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას [გზშ], ამიტომ „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში უკვე წარადგინა სკოპინგის ანგარიში. სკოპინგი, ეს არის პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ისთვის მოსაპოვებელი და შესასწავლი ინფორმაციის ჩამონათვალს და ამ ინფორმაციის გზშ-ის ანგარიშში ასახვის საშუალებებს; სკოპინგის ანგარიში კი წინასწარი დოკუმენტია, რომელიც ამ შემთხვევაში „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ მოამზადა და რომლის საფუძველზე სამინისტრომ უნდა გასცეს სკოპინგის დასკვნა.

„აჭარის მთავრობისგან მიღებული წერილის თანახმად, „ახალი სამრეწველო ზონის“ მთელ პერიმეტრზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები და ანძები, რის გამოც ნაკვეთები ხვდება მაღალი და საშუალო ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში, რაც სამრეწველო ზონის პროექტის და ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების დამაბრკოლებელ ფაქტორს წარმოადგენს, რადგან ასეთ ზონებში იკრძალება ელექტროგადამცემი ხაზების ნორმალური ფუნქციონირების ხელის შემშლელი ნებისმიერი ქმედება, ხოლო ამ ზონების საერთო ტერიტორიიდან გამოყოფა „ახალი სამრეწველო ზონის“ ტერიტორიაზე მდებარე ნაკვეთების განკარგვას არარენტაბელურს ხდის… „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ აჭარის მთავრობის წერილის საფუძველზე განხორციელდა ტერიტორიის გამოკვლევა და მთავრობასთან შეთანხმებით დაიგეგმა არსებული 35 კვ ძაბვის ეგხ „ჭარნალის“ სანაცვლოდ – ქვესადგური „ბათუმი 220“-დან მდ. ჭოროხის გასწვრივ ახალი 110 კვ ძაბვის ეგხ-ს მოწყობა, რომელიც გაგრძელდება ქვ/ს „ბათუმი 4“- მდე“, – აღნიშნულია სკოპინგის ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ახალი ხაზი, ერთი მხრივ, ელექტროენერგიას მიაწვდის ახალსოფლის, გონიოს და სარფის დასახლებებს, ხოლო, მეორე მხრივ, ის იქნება ქალაქ ბათუმისთვის უმნიშვნელოვანესი ალტერნატიული კვების წყარო. იმის გათვალისწინებით, რომ ქალაქ ბათუმის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია როგორც „ახალი სამრეწველო ზონის“ სწორად დაგეგმვა, ასევე ალტერნატიული კვების წყაროს არსებობა, პროექტის განხორციელებით მოსალოდნელი დადებითი სოციალურ-ეკონომიკური ეფექტი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე გარემოზე მიყენებული ზემოქმედების შედეგად მოსალოდნელი უარყოფითი მხარეები. შესაბამისად, დაგეგმილი საქმიანობის განუხორციელებლობა [ანუ უმოქმედობის ალტერნატივა] არამიზანშეწონილია“.

ახალი ხაზი, რომელიც ხელვაჩაურიდან ახალ ბულვარამდე უნდა აშენდეს [აღნიშნულია წითელი ფერით] / წყარო: სკოპინგის ანგარიში

ახალი ხაზი [საჰაერო ტრასა, ანძებით] პროექტის მიხედვით, მიუყვება მდინარე ჭოროხს, გადაკვეთს ბათუმი-სარფის მაგისტრალს და გაივლის ნაგავსაყარის ტერიტორიას [აქ 6 ანძა მოეწყობა]. ახალი ბულვარის მიმდებარედ, შპს „ბათუმის წყლის“ (გამწმენდი ნაგებობა) ტერიტორიის პერიმეტრის სამხრეთ დასავლეთ კიდეზე არსებული მისასვლელი გზის მოპირდაპირე მხარეს განთავსდება ანძა, სადაც მოეწყობა საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზიდან საკაბელო ხაზზე გადაერთება და ამ წერტილიდან საბოლოო დანიშნულების პუნქტამდე დაგეგმილია მიწისქვეშა საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა.

საპროექტო მიწისქვეშა/საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი გაივლის ასფალტიანი გზის ქვეშ გამწმენდი ნაგებობის ტერიტორიისა და მოასფალტებული გზის გასწვრივ, ქ. ბათუმის მიმართულებით. შემდეგ ეგხ-ს ტრასის საკაბელო სექცია გაივლის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარედ, გადაკვეთს ადლიის ქუჩას და გაუყვება ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩას ბათუმის მიმართულებით. ლეხ და მარია კაჩინსკების და ზღვისპირის ქუჩების გადაკვეთასთან მიწისქვეშა ეგხ იყოფა ორ ხაზად. ერთი ხაზი გაივლის ზღვისპირის ქუჩაზე, შემდეგ გრძელდება მარჯვენა მხარეს, გრიგოლ ლორთქიფანიძის №53-ში მდებარე „ციტრო გრუპის“ გავლით ქვესადგურამდე; მეორე განშტოება კი გრძელდება ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩაზე,  დაახლოებით 350 მეტრის შემდეგ უხვევს მარჯვენა მხარეს გრიგოლ ლორთქიფანიძის №53-ში მდებარე „ციტრო გრუპის“ მიმართულებით, სადაც ხდება მიწისქვეშ ეგხ-ების  გაერთხაზიანება და დაახლოებით 140 მეტრში უერთდება ქვესადგურ „ბათუმი 4“-ს.

„ახალი ეგხ-ის ტრასა არ გაივლის კერძო მფლობელობაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებზე, კომერციული დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე და არ გადაკვეთს შენობა-ნაგებობებს, აგრეთვე კერძო მფლობელობაში არსებულ ინფრასტრუქტურას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შეიძლება ამთავითვე ითქვას, რომ ეგხ-ს სამშენებლო სამუშაოები, ისევე, როგორც შემდგომი ექსპლუატაცია გადაუჭრელ დამაბრკოლებელ გარემოებებთან ან პრობლემებთან არ იქნება დაკავშირებული“, – აღნიშნულია „ენერგო-პროს“ მიერ მომზადებულ ანგარიშში.

ამავე ანგარიშის მიხედვით, „ერთ-ერთი ანძიდან დაახლოებით 150 მეტრში მდინარე ჭოროხზე არსებული სახიდე გადასასვლელიდან [ძველი ხიდი – ავტ.] ხდება დაკვირვება გადამფრენ ფრინველებზე [„ბერდ ვოჩინგი“], თუმცა, ანძის ფუნდამენტისა და მონტაჟის სამუშაოების მცირე პერიოდიდან გამომდინარე, აღნიშნული ქმედება არ იქნება ხელის შემშლელი გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვებისათვის, რასაც ფიქსირებული სეზონური ხასიათი გააჩნია. ამ ნაწილში სამუშაოების ჩატარება შეიძლება ორგანიზებული იქნას არა „ბერდ ვოჩინგის“ სეზონზე“.

ფრინველებზე დაკვირვების ადგილი ჭოროხის ძველ ხიდზე და საპროექტო ელექტროგადამცემი ხაზი [წითელი ფერი] / წყარო: სკოპინგის ანგარიში

სკოპინგის ანგარიშიდან

[checklist]

  • „გადამცემი ხაზის ტრასის ზონაში ბუნებრივი ლანდშაფტი პრაქტიკულად არ გვხვდება, ხოლო არსებული ლანდშაფტის ვიზუალური მახასიათებლები არ შეიცავს რამდენადმე ღირებულ (როგორც ეკოლოგიური, ასევე ესთეტიური თვალსაზრისით) რაიმე კომპონენტს, ამდენად მის მახასიათებლებზე რაიმე სახის ნეგატიური ზემოქმედება მშენებლობის ეტაპზე პრაქტიკულად გამორიცხულია“.
  • „ხაზის საჰაერო სექციის გასწვრივ ადგილი ექნება გრძელვადიან პერმანენტულ ზემოქმედებას არსებული ლანდშაფტის ვიზუალურ მახასიათებლებზე (საყრდენი ანძებისა და ელექტროსადენების არსებობის გამო), თუმცა საეჭვოა ამ კონსტრუქციების არსებობამ გააუარესოს არსებული მდგომარეობა“.
  • „ჭოროხის ხეობის გასწვრივ საპროექტო ტრასა გადის ანთროპოგენურად საფუძვლიანად სახეცვლილ ტერიტორიებს, რომლებიც აქ არსებული შემაშფოთებელი ფაქტორებიდან გამომდინარე (24-საათიან რეჟიმში მომუშავე საწარმოები, ხმაური, ქალაქის ინფრასტრუქტურის ელემენტები და სხვა) ნაკლებ მიმზიდველია ფრინველთა დასვენებისათვის და გამოუსადეგარია, როგორც რაიმე სახეობის ბინადრობის, კვების ან გამრავლების ადგილი“.
  • „რაც შეეხება ეგხ-ების მიერ ელექტროშოკისაგან გამოწვეულ ზემოქმედებას ფრინველებზე – ზოგადად ცნობილია, რომ ეგხ-ის ყველაზე უფრო ორნითოციდულ ტიპს წარმოადგენენ 35 და ნაკლები კილოვოლტიანი ხაზები, თუ მათ არ გააჩნიათ კოჭებისა და სადენების სპეციალური იზოლირება საყრდენ ბოძებთან. 110 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები ამ მხრივ გაცილებით უსაფრთხოა. რა თქმა უნდა რჩება მექანიკური შეჯახების რისკი, თუმცა როგორც გამოკვლევებმა აჩვენა ხშირ შემთხვევაში ამგვარი შეჯახება არ უკავშირდება ფრინველის ლეტალურ დაზიანებას“.
  • „გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ასევე დეტალურად იქნება ასახული ცხოველთა სამყაროზე პროექტის განხორციელების შედეგად წარმოქმნილი შესაძლო ზემოქმედება და ამ ზემოქმედების თავიდან აცილების მიზნით განსახორციელებელი შესაბამისი შემარბილებელი ღონისძიებები“.

[/checklist]

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით ახალი ელექტროგადამცემი ხაზის ტრასის სიგანე 30 მეტრს არ აღემატება და „ძირითადად გადის მდ. ჭოროხის მოქმედების ზონაში, ჭალის პირველ ტერასაზე, რომელიც ნაპირის დარეგულირებამდე ხასიათდებოდა სანაპირო კონტურის გარკვეული ფლუქტუაციებით (მოზვინვით ან წარეცხვით). არქეოლოგიის ექსპერტის აზრით, ამგვარი ტიპის ტერიტორიები, როგორც წესი, სტერილურია არქეოლოგიური მასალის (არტეფქტების) არსებობის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, იგეგმება გათხრების გარეშე ტრასის გავლა არქეოლოგთან ერთად, რათა დაიდოს სრულფასოვანი დასკვნა ტერიტორიაზე არქეოლოგიური მასალის არსებობის პროგნოზთან დაკავშირებით. კულტურულ მემკვიდრეობასა და არქეოლოგიურ ძეგლებზე დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილი იქნება გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში“.

– – –

ბათუმში ვერ ხერხდება მსხვილი ობიექტების ქსელზე დაერთება. პრობლემის მოსაგვარებლად „ენერგო-პრო ჯორჯია“ აცხადებდა, რომ აუცილებელი იყო ელექტროგადამცემი ხაზის „ერგე 1“-ის რეაბილიტაცია, რომელსაც მოსახლეობის წინააღმდეგობის გამო ვერ ახერხებდა. მოგვიანებით კომპანიამ დაიწყო ამ ხაზის რეაბილიტაცია, თუმცა როგორც „ენერგო-პრო ჯორჯიაში“ დაახლოებით 3 თვის წინ „ბათუმელებს“ განუცხადეს, სამომავლოდ მოსალოდნელია ბათუმში მოხმარების კიდევ უფრო ზრდა და მხოლოდ „ერგე-1“-ის რეაბილიტაცია საკმარისი არ არის ქალაქის ენერგომომარაგებისთვის.

„კომპანიამ დაიწყო ალტერნატიული წყაროების მოძიება. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ახალი, მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზის – „ჭარნალი110“-ის პროექტირების სამუშაოები. ხაზის მშენებლობას უშუალოდ სამუშაოების დაწყებიდან დაახლოებით წელიწად-ნახევარი დასჭირდება. აღნიშნული ხაზის მშენებლობისთვის და ბათუმში გამანაწილებელი ქსელის გამართვის სამუშაოებისთვის საჭირო იქნება, სავარაუდოდ, 25 000 000 ლარის ინვესტიციის განხორციელება“, – გვითხრეს მაშინ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ამ თემაზე:

ბათუმის დენით მომარაგებისთვის „ერგე 1“ საკმარისი არ არის – იგეგმება ახალი ხაზის მშენებლობა

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: