1 მილიონს გადააჭარბა ბათუმში საახალწლო ღონისძიებებისთვის გამოყოფილმა თანხამ 


1 მილიონ 105 ათას 445 ლარი – ეს თანხაა ამ დროისთვის ქალაქისა და აჭარის ბიუჯეტებში გათვალისწინებული, წელს, ბათუმში, საახალწლო ღონისძიებებისთვის და ქალაქის გაფორმებისთვის. შარშან იგივე მიზნისთვის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯა.

ამ თანხიდან 428 423 ლარი – უშუალოდ ქალაქის გაფორმებისთვისაა გათვალისწინებული, 271 950 ლარი – საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის, 52 100 ლარი – ნაძვის ხის დეკორატიული სანათებისთვის და 352 972 ლარი ბულვარში დეკორაციებისთვის.

საახალწლო მთავარი ნაძვის ხე და სცენა წელს ბულვარში დაიდგმება, შესაბამისად, მთავარი საახალწლო ღონისძიებები ევროპის მოედნიდან ბულვარში გადაინაცვლებს.

სხვადასხვა სახის საახალწლო მანათობელ კონსტრუქციებსა და აქსესუარებს წელს „ბათუმის ბულვარი“ თავისი ბიუჯეტიდან შეისყიდის, რისთვისაც 352 972 ლარამდე დახარჯავს. ბულვარმა ტენდერი უკვე გამოაცხადა – წინადადებების მიღება 29 ნოემბერს დაიწყება და 2 დეკემბერს დასრულდება.

საახალწლო მანათობელი კონსტრუქციების სპეციფიკაციები ტენდერის ტექნიკურ დავალებაშია. ბულვარი შეისყიდის საშობაო ირემს, დეკორატიულ მოტივებს [6-6 ცალი], დეკორატიულ ანგელოზებს [12 ცალი], ვარსკლავებს [80 ცალი], გირლიანდას [სულ 80 000 მეტრი სიგრძის], დელფინებს [12 ცალი], მანათობელ ბაფთებს – მანათობელი შლანგითა და გირლიანდებით [25 ცალს].

ამ ტენდერის ფარგლებში ბათუმის ბულვარი ასევე შეისყიდის საახალწლო ნაძვის ხის ლითონის კონსტრუქციის ბაქანს, რომლის დიამეტრი 16 მეტრი უნდა იყოს. ეს ბაქანი ბათუმის მთავარი საახალწლო ნაძვის ხისთვის იქნება განკუთვნილი.

წელს მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, რისთვისაც აღნიშნული ლითონის ბაქანი იქნება აუცილებელი.

დეკორატიული ვარსკვლავი საახალწლო ნაძვის ხისთვის

ბათუმის კულტურის ცენტრი წელს შეისყიდის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის დეკორაციულ სანათებსაც, მათ შორის ნაძვის ხის თავსართ დეკორატიულ ვარსკვლავს, ორმხრივი მანათობელი პროჟექტორით [ვარსკვლავის საბოლოო დიზაინი შეთანხმდება ბათუმის კულტურის ცენტრთან]. ამ შესყიდვაზე კულტურის ცენტრს ცალკე ტენდერი აქვს გამოცხადებული. სატენდერო თანხა 52 100 ლარია.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კი წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყო და 25 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა აქ 271 950 ლარია.

რაც შეეხება საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებს, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა. ხელშეკრულება შპს „აჭარგანათებასთან“ გაფორმდება. კომპანიის შეთავაზება [მომსახურების ფასი] ზუსტად იმდენია, რა თანხითაც ტენდერი გამოცხადდა – 428 423 ლარი.

ამ თემაზე:

საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com