მთავარი,სიახლეები

საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

19.11.2019
საახალწლო ღონისძიებისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან 700 ათასი ლარი დაიხარჯება

ბათუმში საახალწლო ღონისძიებები წელს ევროპის მოედანზე აღარ ჩატარდება. ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ქალაქის მთავარ ნაძვის ხეს ბულვარში, მრგვალ შადრევანზე დადგამენ, მთავარ სცენას კი, ასევე ბულვარში – საზაფხულო თეატრთან. ქალაქის გაფორმებისთვის და საშობაო-საახალწლო ღონისძიებებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 700 373 ლარია გამოყოფილი.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 22 ნოემბერს დაიწყება და 25 ნოემბერს დასრულდება. სატენდერო თანხა 271 950 ლარია.

ბათუმის კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის, ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, მთავარ კონცერტში მონაწილეობას ისევ ადგილობრივი შემსრულებლები მიიღებენ.

საახალწლო ღონისძიებების შესახებ დეტალურად შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე, სავარაუდო დეკორაციების მსგავსი ფოტოების სანახავად კი, გადადით ამ ბმულზე.

რაც შეეხება საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმების სამუშაოებს, ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

სამმართველოს შესაბამის მომსახურებას ტრადიციულად შპს „აჭარგანათება“ სთავაზობს. კომპანიის შეთავაზება [მომსახურების ფასი] ზუსტად იმდენია, რა თანხითაც ტენდერი გამოცხადდა – 428 423 ლარი.

მონაწილეობს თუ არა სხვა კომპანია ტენდერში ჯერ უცნობია, ვინაიდან ტენდერი აუქციონის გარეშეა გამოცხადებული და გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებამდე [ტენდერის დასრულებამდე] შესყიდვების პორტალზე სხვა პრეტენდენტ[ებ]ი არ გამოჩნდება.

ამ თემაზე:

საახალწლოდ ბათუმის ქუჩების მოსართავად 428 423 ლარია გათვალისწინებული

 

მთავარი ფოტო: საზაფხულო თეატრთან დასამონტაჟებელი მთავარი სცენის მსგავსი ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: