ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია დაიწყო

ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია „ჩვენთან უფრო იაფია“ დაიწყო.

2020 წლის 9 იანვრიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გადმოიტანონ (დააპორტირონ) სესხი და სასურველი თანხა უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში აიღონ.

აქცია ყველა სესხზე ვრცელდება, მათ შორის-ავტო სესხებზეც.

აღსანიშნავია ისიც, რომ 40 000 ლარამდე სესხის აღებისას არ მოითხოვება თავდები, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

დიახ, ეს რეალურია:

[checklist]

  • 1 სესხი
  • უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთი
  • არანაირი თავდები
  • მარტივი პროცედურები

[/checklist]

მომხმარებლებს აქციის პირობებით სარგებლობა ბანკის 36 ფილიალში 31 იანვრის ჩათვლით შეეძლებათ.

სესხის განაცხადის ფორმა შეავსეთ აქ, ეწვიეთ ფინკა ბანკის ფილიალებს, ან დაგვიკავშირდით *4949

როცა ახალი წლის წინ სამსახურს კარგავ და სწავლისთვის აღებული კრედიტი გრჩება

ჩინეთი. 2020 წელი.

2019 წლის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე დავკარგე ყველა სამსახური, რასთან ერთადაც, სამწუხაროდ, არ დაიკარგა ჩემი (სწავლისთვის აღებული) კრედიტი და ყველა სხვა ფინანსური ვალდებულება, რაც ამ სამსახურების იმედად, არსებობის ზღვარზე გავლით უნდა გამესტუმრებინა.
ასე შევხვდი ახალ წელს, იმაზე ფიქრში რა მომელოდა, სადამდე გაიზრდებოდა ჩემი კრედიტის პროცენტი, რამდენ ასიათასამდე ავიდოდა, მანამდე სანამ სამსახურს ვიპოვიდი.

სიღარიბის ზღვარს მიღმა გაზრდილისთვის, არც შიმშილი, არც სიცივე, არც უსახლკარობა, არც უწამლობა გახლავთ უცხო, მაგრამ ვალი, რომელსაც შეეძლო ჩემი და ჩემი ძმის მომავალი შეეჭამა, კი იყო ცოტა უცხო და საშიში. სულ მეფიქრებოდა იმ ჩემ ახლობლებზე, ჩემზე ხუთჯერ მცირე კრედიტის პროცენტი რომ ასტრონომიულ რიცხვებამდე აუვიდათ. ვაგზავნიდი სივებს ვაკანსიებზე, რომლებზეც უკვე წინასწარ ვიცოდი, რომ ფორმალურად, დონორის, აუდიტის, პეტრეს ან პავლეს მოსატყუებლად გამოცხადებული ვაკანსია იყო და სინამდვილეში ვაკანტური ვიზიტიც არ გააჩნდათ.

მომსახურების სფეროში წასვლა იყო ბოლო გამოსავალი. ბოლომდე თუ ავიხევდი სახეს, 700-ლარიანი ხელფასი მექნებოდა, რაც თბილისში ცხოვრებას, კრედიტის დაფარვას, ბინის ქირას და სწავლას არ გასწვდებოდა… ნუ სწავლისთვის დრო არც დამრჩებოდა… ჯანდაბას, ვეღარ ავიღებდი ამ, ისედაც გაჭიანურებულ დიპლომს.. მერე ჩემ ძმას რა ეშველებოდა? ისიც დაიწყებდა მუშაობას  სწავლის ფული რომ გადაეხადა, მერე „შეეტენებოდა“ საგნები და იმუშავებდა იმისთვის, რომ იმ „შეტენილი“ საგნების ფული გადაეხადა და ასე, ვიმუშავებდით და ვიარსებებდით, რომ გადაგვეხადა გადასახადები, რომლებიც არასდროს მოგვხმარებია, რომლებითაც ხელფასს აიღებდნენ სანათასეოები და მირონით დაკავშირებული ადამიანთა ჯგუფები…

ცხოვრება არ ყოფილა მშვენიერი 6 თუ 7 წლის ასაკში, პოლიციის ოფიცერი რომ ვნახე სახლში, რომელიც არ დაინტერესებულა ჩემი მდგომარეობით, არასდროს მოუყვანია ფსიქოლოგი და არასდროს დაბრუნებულა უკან; არც მაშინ ლევან ვარშალომიძის [აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე] წინ რომ გამიყვანა დედამ 9 წლის ასაკში, დახმარების, ყურადღების სათხოვნელად. მან მხოლოდ სიგარეტის ნამწვავი დააგდო წინ და დაცვას გახედა ადგილიდან რომ გავეყვანეთ; არც მაშინ, მე და ჩემი ძმა, ყველის შესანახად დაყენებულ მარილწყალს რომ ვაწობდით პურს… არც მაშინ, გულისამოვარდნამდე რომ ვირბინე ბათუმის უნივერსიტეტიდან ევროპის მოედნამდე, რათა მიხეილ სააკაშვილისთვის წერილი გადამეცა, დახმარების თხოვნით, იმის ახსნით, რომ ტუალეტი არ გვქონდა და თავზე გვაწვიმდა, რომ თეთრი პური უფრო დიდი დღესასწაული იყო ჩემთვის, ვიდრე ტორტი მისთვის… წერილი კი დაცვამ წამართვა და პასუხი ბოლო 15 წელია არ მომსვლია… ცხოვრება არ ყოფილა მშვენიერი არც გასულ ახალ წელს.

მაგრამ ცხოვრება მშვენიერი იყო, როდესაც სტუმრად რომელიმე ნათესავი მოდიოდა და საჭმელი მოჰქონდა, ცხოვრება დღესასწაული იყო “ყურბან ბაირმაზე”, როცა საკლავის ხორცს გვინაწილებდნენ ახლობლები და ეს ის იშვიათი დრო იყო, როდესაც სახლში ხორცი გვქონდა; ცხოვრება მშვენიერი იყო, როდესაც დედას სამსახურს უპოვიდა ვინმე და შეგვეძლო ცოტა ამოგვესუნთქა, ცხოვრება მშვენიერი იყო როდესაც ჩემი მეგობრები მეხმარებოდნენ… და ერთადერთხელ, ამ სახელმწიფომაც გახადა ცხოვრება მშვენიერი, როდესაც გრანტი ავიღე უნივერსიტეტში… თუმცა სწავლის გადასახადზე მაღალი რომ ცხოვრების, თბილისში უბრალოდ ყოფნის ხარჯი იყო, ეგ ცალკე საკითხია.

გასულ წელსაც გადავურჩი იმ ყველაფერს, რაც გულს მიხეთქავდა და გადავურჩი კვლავ ჩემი მეგობრების დახმარებით. სამმა ადამიანმა ფინანსურად (და არამარტო), გადაარჩინა ჩემი 2019 წელი. დანარჩენმა მეგობრებმა და ახლობლებმა კი, როგორც ყოველთვის, გამაძლიერეს მებრძოლა, გამომეყენებინა შესაძლებლობა და გადავრჩენილიყავი… საბოლოოდ, ამ ეტაპისთვის გამიმართლა და ჯერჯერობით გადავრჩი, გადავურჩი ბავშვობასაც და გასულ წელსაც, გადავურჩი ცხოვრებას…

არ შეიძლება გამართლებაზე ცხოვრება, არ შეიძლება იმაზე თვალის დახუჭვა, რაც საქართველოში ხდება, არ შეიძლება ველოდეთ ყველა თავისით გადარჩეს. დღეს საქართველოში მხოლოდ ერთეულების ცხოვრებაა მშვენიერი და ეს იმიტომ არა, რომ დანარჩენები უმადურები ვართ, ან იმიტომ, რომ “რუსთავი 2”-ს ან “მთავარ არხს” ვუყურებთ…

იმის თქმა, რომ ეს ცხოვრება არ არის მშვენიერი, არ ნიშნავს დეპრესიას ან სასოწარკვეთას, ეს ნიშნავს პრობლემის აღიარებას და იმას, რომ რამე უნდა შევცვალოთ, რადგან ცხოვრება თავისთავად არ არსებობს, ცხოვრებას ჩვენ ვქმნით, ჩვენ და ჩვენი დაქირავებული სახელმწიფო მოხელეები და თუ ის არ ვარგა უნდა შევცვალოთ…

ისინი, ვისაც გული გერევათ იმაზე, თუ როგორ ვბედავთ და ვაპროტესტებთ – ვამბობთ, რომ ეს ცხოვრება არ არის მშვენიერი, ალბათ არასდროს დაფიქრებულხართ, ნაახალწლევს, როდესაც გაფუჭებულ და დარჩენილ საცივს ასხამთ, რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს, რამდენი კვდება სიცივითა და უწამლობით… თქვენთვის, ეს მხოლოდ სტატისტიკა და რიცხვებია და არ გესმით, რატომ შეიძლება თქვას ბავშვმა „ამ ცხოვრების დედაცო“. შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ მოუსმინოთ, გაუგოთ და რამე შეცვალოთ, გირჩევნიათ გააჩუმოთ, წაშალოთ, დაბლოკოთ… არც მკვდარს მოუსმინოთ და არც ცოცხალს.

თქვენ აღშფოთდებით მემორიალზე ცეკვის გამო, მაგრამ რეაქცია არ გექნებათ შვილმოკლული მშობლების საპროტესტო კარვის ადგილას წყლის სასრიალო ზვიგენს რომ გაბერავს მერია.

საქმე კი იმაშია, რომ თვითმკვლელი ბავშვები არ არსებობენ, არც თავისით მომკვდარი ბავშვები არსებობენ, ყველა ბავშვი მოკლულია ჩვენი სახელმწიფოს მიერ, დანარჩენებს კი, უბრალოდ, გაგვიმართლა… რიცხვებს თუ გადახედავთ უფრო და უფრო ნაკლებს უმართლებს…

2020 წლისთვის, მინდა ვისურვო, რომ მოვუსმინოთ ერთმანეთს, დავინახოთ და ვაღიაროთ პრობლემები და ვეცადოთ მათი მოგვარება, ნაცვლად მათზე თვალის დახუჭვისა. ისევ ჩვენ შეგვიძლია ცხოვრება გავხადოთ მშვენიერი. თუმცა, ვიდრე ეს მოხდება, მინდა გისურვოთ იღბალი, რომ გადარჩეთ.

__________________

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

 

საპენსიო სააგენტოს დირექტორის ხელფასი 15 000-მდე ლარი იქნება [კონკურსი]

სსიპ „საპენსიო სააგენტომ“ დირექტორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა. დირექტორის თანამდებობრივი სარგო კი 10 000-დან 15 000-მდე ლარი იქნება. მსურველებს განაცხადის შევსება 2020 წლის 31 იანვარამდე შეეძლებათ.

„საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობებში შედის საპენსიო სააგენტოს მართვა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მიზნების მიღწევის უზრუნველყოფა. დირექტორი არ მონაწილეობს საპენსიო აქტივების საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში და ანგარიშვალდებულია საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. საპენსიო აქტივების მართვასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელია უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და საინვესტიციო საბჭო „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად“.

კონკურსში მონაწილეობის მიღების მსურველმა კანდიდატებმა განცხადების შევსების დროს უნდა გააგზავნონ ან ატვირთონ შემდეგი დოკუმენტაცია: უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ის ასლები; შრომის წიგნაკის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტ(ებ)ის ასლ(ებ)ი; სამოტივაციო წერილი; ინგლისური ენის ცოდნის დონე შემოწმდება გასაუბრების ეტაპზე.

საპენსიო სააგენტოს განაცხადის მიხედვით, არ შეიძლება საპენსიო სააგენტოს დირექტორად დაინიშნოს ნასამართლევი პირი ან პირი, რომელიც ნებისმიერ სახელმწიფოში გამოცხადებული იყო გაკოტრებულად ან ფინანსური ინსტიტუტის მართვისთვის შეუფერებლად; საპენსიო სააგენტოს დირექტორი არ შეიძლება უწევდეს პროფესიულ მომსახურებას საპენსიო სააგენტოს აქტივების მმართველ კომპანიას ან სპეციალიზებულ დეპოზიტარს საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობის დატოვებიდან თორმეტი (12) თვის განმავლობაში.

კონკურსის შედეგების, ასევე ჩატარების ზუსტი ადგილის, თარიღისა და დროის შესახებ კანდიდატებს ეცნობება დამატებით. კონკურსის შედეგების შესაბამისად, საუკეთესო კანდიდატის შერჩევის და საბოლოო გადაწყვეტილების მიღების ბოლო ვადის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სსიპ საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭო. კონკურსის შესახებ სააგენტოს განაცხადი იხილეთ ამ ბმულზე.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში 2020 წლის იანვრის დასაწყისისთვის 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება.

სააგენტოს პირველი თავმჯდომარე ლევან სურგულაძე იყო, რომელიც ამ თანამდებობაზე კონკურსის შედეგად, 2018 წლის სექტემბერში დაინიშნა. მაშინდელ კონკურსშიც მითითებული იყო, რომ დირექტორის ხელფასი თვეში 10 ათასიდან 15 ათასამდე ლარი იქნებოდა.

2019 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ლევან სურგულაძეს სააგენტოს დირექტორად ყოფნის დროს [2018 წლის 15 სექტემბრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში] ხელფასის სახით ჯამში 42 ათასი ლარი აქვს მიღებული [ანუ, თვეში 12 ათასი ლარი].

2019 წლის 9 დეკემბერს ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა.

„სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზედ პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები… ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებდით, თან დაგვპირდა, რომ ილოცებს”, – განაცხადა მაშინ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ.

რა უთხრა გამოძიებას სპეცრაზმელმა, რომელმაც მაჩალიკაშვილს ესროლა – EMC გასაიდუმლოებული საქმის მასალებზე

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის გამოძიების ფარგლებში არსებულ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საქმის მასალებს, მათ შორის, სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელისა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პირთა გამოკითხვის ოქმებს აფასებს.

„10 იანვარს, როდესაც მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღდეგ საქმეზე ევროპულმა სასამართლომ არსებითი განხილვა დაიწყო და საქართველოს მთავრობას საქმის მასალების სრული გაზიარება მოსთხოვა, ჩვენ მოგვეცა საქმის საიდუმლო მასალების გაცნობის შესაძლებლობა“, – წერია EMC-ის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც მცირედი შემოკლებით გთავაზობთ. EMC სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელისა და ოპერაციაში მონაწილე სხვა პირთა გამოკითხვის ოქმებს აფასებს:

„საქმის მასალები მოიცავს 32 სპეცრაზმელის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რამდენიმე თანამშრომლის გამოკითხვის ოქმს და თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს შორის შესაბამის კორესპონდენციას, რომელიც უკავშირდება სპეცოპერაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა და მისი ჩატარების საკითხებს. როგორც საქმის მასალებით ჩვენთვის გახდა ცნობილი, სხვა მნიშვნელოვანი მასალები, რომელთა გაზიარებასაც ჩვენ გამოძიების დაწყების მომენტიდან ვითხოვდით პროკურატურისგან, მათ შორის, სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება, სპეცოპერაციის ჩატარების წერილობითი გეგმა, სპეცრაზმელებისთვის გაცემული ინსტრუქციები, სპეცოპერაციის ჩატარების პროცესში მონიტორინგის და ანგარიშვალდებულების მექანიზმი და დოკუმენტები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წერილობით არ დგებოდა და ამ საკითხებზე  კომუნიკაცია მხოლოდ ზეპირად ხდებოდა.

საქმის ამ ნაწილში ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედება გამოძიების დაწყების შედარებით გვიან პერიოდშია ჩატარებული და თბილისის პროკურატურის მოთხოვნებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოგვიანებით პასუხობდა. კერძოდ, საგამოძიებო ორგანოს 2017 წლის 30 დეკემბრის მიმართვაზე, რომლითაც მოთხოვნილი იქნა სპეცოპერაციაში მონაწილე პირთა ვინაობები, მათ შორის, სროლის განმახორციელებელი პირის ვინაობა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მხოლოდ 2018 წლის 1-ელ თებერვალს გასცა პასუხი.

ქვემოთ დეტალურად მიმოვიხილავთ 10 იანვარს ჩვენთვის გაზიარებული საქმის მასალების შინაარსს და ამ მასალებში გამოკვეთილ პრობლემებს.

სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელის და სპეცოპერაციაში მონაწილე სხვა პირთა გამოკითხვის ოქმებით დადგენილი ინფორმაცია

გამოძიების დაწყებიდან თ. მაჩალიკაშვილის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების გამართლებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ თითქოსდა ხელყუმბარის მეშვეობით ოთახში შესული სპეცრაზმელების სიცოცხლისათვის საფრთხის შექმნის არგუმენტით ცდილობს. ამ ვერსიის გათვალისწინებით, საქმეზე სიმართლის დადგენისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქმის იმ მტკიცებულებების ანალიზი, რომელიც თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლას, მასთან შესაძლო კომუნიკაციას და ძალის გამოყენების ფაქტობრივ წინაპირობებს უკავშირდება. ამ კუთხით ყველაზე მნიშვნელოვან მტკიცებულება შემთხვევის ადგილზე მყოფი სპეცრაზმელების ჩვენებებია.

საქმის მასალები აჩვენებს, რომ თბილისის პროკურატურამ, სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი რამდენჯერმე გამოიკითხა. თუმცა, არსებითი ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოს მან 2018 წლის 1 თებერვალს და 2019 წლის 6 აგვისტოს მიაწოდა.

2018 წლის 1-ელი თებერვლით დათარიღებულ გამოკითხვის ოქმში სპეცრაზმელი უთითებს, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დაახლოებით 03:30-04:00 საათებში დაიწყო სპეცოპერაცია დუისში.  ხელმძღვანელის ბრძანების მიხედვით უშუალოს ის და მისი 3 თანამშრომელი უნდა შესულიყვნენ თემირლან  მაჩალიკაშვილის საცხოვრებელი სახლის მეორე სართულზე მდებარე საძინებელ ოთახებში, ხოლო სხვა თანამშრომლები –  პირველ სართულზე მდებარე ოთახებში.  სპეცრაზმელის განმარტებით, თავად მეორე სპეცრაზმელთან ერთად შევიდა სახლის მეორე სართულზე აივნის მარჯვნივ მდებარე პირველივე ოთახში. ოთახში შესვლამდე დაინახა, რომ ოთახში შუქი ენთო, კარი დახურული იყო, თუმცა არ იყო დაკეტილი. მომენტალურად შეაღო კარი, რამაც ხმაური გამოიწვია და დაახლოებით ორი ნაბიჯი გადადგა ოთახში შესასვლელად. მასვე ფეხდაფეხ მიყვებოდა მეორე სპეცრაზმელი.

გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, წინასწარ ჰქონდათ თუ არა სპეცრაზმელებს ინფორმაცია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პირველ საძინებელ ოთახში იმყოფებოდა და ჰქონდათ თუ არა წინასწარ მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტოსურათები ნანახი.

სროლის განმახორციელებელი პირის განმარტებით, შესვლისთანავე დაინახა საწოლში ნახევრად მწოლიარე  თ. მაჩალიკაშვილი, რომელსაც საბანი ნიკაპამდე ჰქონდა დაფარებული და ხელები არ უჩანდა. სპეცრაზმელის განმარტებით, მან მაშინვე მოუწოდა თემირლან მაჩალიკაშვილს, რომ ხელები ეჩვენებინა და სხვა ზედმეტი მოძრაობა არ გაეკეთებინა. თუმცა, თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მის ბრძანებას, ხელი კრა საბანს, გადაიწია მისგან მარჯვნივ, საწოლიდან ამოიღო ხელყუმბარა, შემდგომ ისევ გადმოიწია მარცხნივ და შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას, რა დროსაც სპეცრაზმელმა განახორციელა გასროლა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით, რომელსაც ტყვია თავის არეში მოხვდა და ხელყუმბარა ხელიდან გაუვარდა. არც ერთი სპეცრაზმელი არაფერს ამბობს იმის შესახებ, ეჭირა თუ არა თემირლან მაჩალიკაშვილს ტელეფონი. ამ საკითხზე კითხვები არ არის დასმული თავად პროკურატურის მიერ.

სპეცრაზმელის განმარტებით, გასროლის შემდგომ, თავად მივიდა საწოლთან, გადახადა საბანი, რათა ენახა რაიმე საფრთხის შემცველი ნივთი კიდევ ხომ არ იყო. მასთან ერთად მყოფი სპეცრაზმელი სროლისთანავე შეყვა ოთახში და აგრეთვე მცირე ხანში, უსაფრთხოების შემოწმების დასრულებისთანავე, ოთახში შევიდა კიდევ ერთი სპეცრაზმელი. თავად სროლის განმახორციელებელმა პირმა დატოვა ოთახი, გამოვიდა აივანზე, სადაც ნახა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის და, ნატა მაჩალიკაშვილი ძირს იწვა და თავზე ერთ-ერთი სპეცრაზმელი ადგა, ამიტომ წამოაყენა ნატა მაჩალიკაშვილი და პირველ სართულზე ჩაიყვანა, სადაც იმყოფებოდა მალხაზ მაჩალიკაშვილი, რომელთანაც რამდენიმე წუთით გაჩერდა და შემდგომ  კვლავ ავიდა თ. მაჩალიკაშვილის საძინებელში. მისი განმარტებით, ამ დროს სუს-ის სამედიცინო ბრიგადის თანამშრომლები თ. მაჩალიკაშვილს პირველად დახმარებას უწევდნენ და ელოდებოდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას.

სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი, გამოკითხვის ოქმში აგრეთვე ყურადღებას ამახვილებს იარაღში მასრის ჩაჭედვისა და ავტომატის ნაწილის შეცვლის თაობაზე – მისი განმარტებით, მასრა გასროლის შემდგომ არ გადმოვარდა, იგი მხოლოდ ბაზაზე დაბრუნების შემდგომ, იარაღის განმუხტვის შედეგად ამოიღო. სუს-ის შესაბამისი დანაყოფის თანამშრომელმა შეცვალა იარაღის დაზიანებული ნაწილი, თუმცა დოკუმენტურად აღნიშნული მოქმედება არსად დაუფიქსირებიათ. სპეცრაზმელის განმარტებით, იარაღი მოწმდება საბრძოლო მდგომარეობაზე, თუმცა, მისი თქმით, ამ შემთხვევაში გასროლამ გამოიწვია მასრის ამომგდები მექანიზმის დაზიანება.

სროლის განმახორციელებელი პირის გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციას ფაქტობრივად იმეორებს ოთახში მყოფი მეორე სპეცრაზმელი და ამატებს, რომ თ. მაჩალიკაშვილს ხელყუმბარა მარჯვენა ხელში ეჭირა, ხოლო ოთახის გარეთ, აივანზე მდგომი 2 სპეცრაზმელი საგამოძიებო ორგანოს უთითებს, რომ მოულოდნელად გაიგეს სროლის ხმა ოთახიდან და ოთახში შესვლის შემდგომ სროლის განმახორციელებელმა პირმა განმარტა, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მის ბრძანებას, შეეცადა ხელყუმბარის აფეთქებას, რის გამოც გასროლა განახორციელა. ოთახში შესული სპეცრაზმელის განმარტებით, ხელყუმბარა იატაკზე ეგდო. გამოკითხვის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას, ზუსტად სად ეგდო ხელყუმბარა.

სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვის ოქმები არსებითად იდენტურია და სპეცრაზმელთა ნაწილი საერთოდ არ შესულა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელ ოთახში და მათ გასროლის შემდგომ ხელის რადიოსადგურზე გადაცემით შეიტყვეს დაჭრის ფაქტის შესახებ და მოგვიანებით ბაზაზე დაბრუნებისას სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ თ. მაჩალიკაშვილი არ დაემორჩილა მის ბრძანებას და გასროლა განახორციელა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოკითხვის ოქმები შეუსაბამობას შეიცავს სროლის დროსთან დაკავშირებით, კერძოდ, სპეცრაზმელთა ნაწილი უთითებს, რომ სპეცოპერაციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში დაახლოებით 10 წუთში განხორციელდა გასროლა, ხოლო ეზოში მყოფი სპეცრაზმელების მითითებით ძირითადი ჯგუფის მეორე სართულზე ასვლიდან რამდენიმე წამში გაიგეს სროლის ხმა და შემდგომ რაციით შეიტყვეს, რომ ობიექტი დაჭრილი იყო.

დროითი შეუსაბამობის მიღმა საყურადღებოა რამდენიმე საკითხი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი, საგამოძიებო ორგანომ, მომხდარიდან მხოლოდ ერთი თვის შემდგომ გამოკითხა. სპეცრაზმელის  გამოკითხვის ოქმის თანახმად თემირლანმა ხელყუმბარა საწოლიდან ამოიღო, თუმცა არ არის დაკონკრეტებული საწოლის უშუალოდ რა ნაწილიდან და როგორ განახორციელა ამოღება. აგრეთვე საგამოძიებო ორგანოს მიერ არ არის კითხვა დასმული ოთახში შესვლის პერიოდში და პირველი გაფრთხილების შემდგომ რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თემირლან მაჩალიკაშვილთან.  ამასთან, ოთახის გარეთ მდგომი სპეცრაზმელების განმარტებით, მათ მოულოდნელად გაიგეს სროლის ხმა. ორივე სპეცრაზმელის მიერ მითითებული მათი დგომის ლოკაციის გათვალისწინებით (უთითებენ, რომ ოთახთან ახლოს იდგნენ) და იმ პირობებში, რომ სპეცრაზმელმა ოთახის კარი გააღო, ყველა შემთხვევაში უნდა გაეგოთ სპეცრაზმელის მოწოდება და თ. მაჩალიკაშვილთან ნებისმიერი კომუნიკაცია მისი არსებობის შემთხვევაში. გამოკითხვის ოქმების მიხედვით იქმნება შთაბეჭდილება, რომ სპეცრაზმელის რაიმე განმარტება მათ არ გაუგიათ და გასროლაც მოულოდნელი იყო, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ თ. მაჩალიკაშვილის მიმართ გასროლა სპეცრაზმელმა ოთახში შესვლისთანავე, რაიმე განმარტების გარეშე განახორციელა, რაც ბუნებრივია ოთახში ხელყუმბარის არარსებობაზე ეჭვს კიდევ უფრო აღრმავებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამომძიებელის ჩვენებით, რომელიც უკვე შეფასა EMC-იმ, დგინდება, რომ სპეცრაზმელებმა გასროლის შემდგომ დაახლოებით 2 საათი დაყვეს თემირლან  მაჩალიკაშვილის საცხოვრებელ სახლში და ამ ხნის განმავლობაში სხვა პირებს, მათ შორის სუს-ის გამომძიებლებს სახლში შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

თ. მაჩალიკაშვილის სხეულის მდებარეობა გასროლის მომენტში, ხელყუმბარის მდებარეობა გასროლის შემდგომ და მასთან დაკავშირებული შემდგომი  მოქმედებებისა  შეფასება

თ. მაჩალიკაშვილის მხრიდან ხელყუმბარის თითქოსდა ფლობისა და გააქტიურების შესაძლებლობის არსებობის დადასტურებისათვის მნიშვნელოვან გარემოებაა გასროლის მომენტში მისი სხეულის მდებარეობა და ხელყუმბარის შემდგომი მდებარეობა. აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა და სურათის აღდგენა ბუნებრივია მხოლოდ ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით და საგამოძიებო ექსპერიმენტის შედეგებითაა შესაძლებელი.  ეს კითხვები საგამოძიებო ორგანოს სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელისთვის პირველი გამოკითხვის დროს არ დაუსვამს და შესაბამისი შეკითხვები, მხოლოდ 2019 წლის 6 აგვისტოს გამოკითხვის ოქმშია მითითებული, უფრო კონკრეტულად კი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ გასროლის მომენტში თერმიალნ მაჩალიკაშვილის სხეულის მდებარეობის განსაზღვრის შემდგომ, რომელიც ადასტურებდა თ. მაჩალიკაშვილის მწოლიარე მდგომარეობას და გასროლის მომენტში მისი სხეულის სხვაგვარ მდგომარეობაში ყოფნის შეუძლებლობას.

სპეცრაზმელის პირველი განმარტებით, თ. მაჩალიკაშვილი ჯერ გადაიხარა მარჯვნივ, შემდგომ მარცხნივ და შეეცადა ხელყუმბარის გააქტიურებას. რაც ექსპერტიზით დადგინა, რომ თ. მაჩალიკაშვილი იყო საწოლის თავზე მიყენებული დაზიანების ქვემოთ და ვერ იქნებოდა ვერტიკალურ პოზიციაში, სპეცრაზმელი შემდგომ გამოკითხვის ოქმში აკონკრეტებს, რომ მარჯვნიდან მარცხნივ გადახრის მომენტში, თ. მაჩალიკაშვილი იყო ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში და თავი არ ჰქონდა მიდებული საწოლზე. ოქმში არ არის მითითებული რა იგულისხმება წამოწეულ მდგომარეობაში, კერძოდ, თ. მაჩალიკაშვილი ტორსით იყო წამოწეული თუ მხოლოდ თავი ჰქონდა წამოწეული? ექსპერტიზის დასკვნებით (ბალისტიკური ექსპერტიზა, კომპლექსური სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა) დადგენილია, რომ სროლის კვალი აღმოჩენილია საწოლზე არსებულ ბალიშზე, რომელსაც თ. მაჩალიკაშვილი თავის მისადებად იყენებდა და აგრეთვე საწოლის თავზე. სწორედ ამ დაზიანებების მიხედვით ექსპერტიზის ფარგლებში ჩატარებული მოდელირების დროს დადასტურდა, რომ თ. მაჩალიკაშვილი ოდნავ წამოწეული თავით მწოლიარე მდგომარეობაში იყო.

რაც შეეხება ხელყუმბარის განთავსების საკითხს, გამოძიების საწყის ეტაპზე, საქმის ფოტომასალის გაცნობის შემდგომ ჩვენთვის აღქმადი გახდა, რომ თითქოსდა თ. მაჩალიკაშვილის მფლობელობაში არსებული ხელყუმბარა განთავსებული იყო მისი საძინებელი ოთახის შესასვლელი კარის ხელმარცხნივ პატარა ხალიჩაზე. ბუნებრივია გაჩნდა კითხვა, თუ როგორ აღმოჩნდა ხელყუმბარა საწოლიდან მოშორებით ხალიჩაზე, რაზეც საგამოძიებო ორგანოს განმარტებით, უსაფრთხოების მიზნით, გასროლის შემდგომ ხელყუმბარა გამნაღმელებმა გააუნებელყვეს. გამოკითხვის ოქმებში განმაღმელები უთითებენ, რომ ოთახში შესვლისას ხელყუმბარა იდო შესასვლელი კარის მარცხნივ ხალიჩაზე და განმუხტვის შემდგომ მათ იმავე ადგილზე განათავსეს და ამფეთქი ფალიაც რამდენიმე სანტიმეტრის მოშორებით დადეს. როგორც ჩანს, ხელყუმბარის თავდაპირველი ადგილი თვითნებურად შეცვალეს არა გამნაღველებმა, არამედ თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში მყოფმა სპეცრაზმელებმა.

2019 წლის 6 აგვისტოს გამოკითხვის ოქმში სროლის განმახორციელებელი სპეცრაზმელი აზუსტებს, რომ ხელყუმბარა გასროლის შემდგომ თ. მაჩალიკაშვილს ხელიდან გაუვარდა, საწოლზე დავარდა (თუმცა, არ აკონკრეტებს ზუსტად სად დავარდა) და მან უსაფრთხოების მიზნით აიღო ხელყუმბარა, რომელსაც მორგებული ჰქონდა ამფეთქი ფალია და გადადო შესასვლელი კარის მარცხნივ პატარა ხალიჩაზე და მხოლოდ ამის შემდგომ განახორციელეს განმაღმელებმა ხელყუმბარის განმუხტვა. ამგვარი განმარტების მიუხედავად, საგამოძიებო ორგანოს არ უკითხავს, რამდენად უსაფრთხო იყო ფალია მორგებული ხელყუმბარის საწოლიდან გადატანა განაღმვის გარეშე და რატომ მაშინვე არ უზრუნველყო მსროლელმა განმაღმელთა ჯგუფის გამოძახება. აგრეთვე საგამოძიებო ორგანოს არ აქვს დასმული კითხვა, რატომ შეუცვალა მნიშვნელოვან მტკიცებულებას ადგილი თავად დაინტერესებულმა პირმა და რატომ არ არსებობს ხელყუმბარის თავდაპირველი მდებარეობის დამადასტურებელი მტკიცებულება.

მსგავსი განმარტებების და სპეცრაზმელის ჩვენების ყოველი შემდგომი დაზუსტების პირობებში ბუნებრივია ჩნდება ეჭვი, რომ საგამოძიებო ორგანო  ცდილობს კონკრეტული კითხვებს თავი აარიდოს, სპეცრაზმელი ზოგადი განმარტებებით შემოიფარგლება და სხვადასხვა საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების შედეგად ცალკეული გარემოებების დადგენის შემდგომ, მათთან შესაბამისობის მიზნით გააკეთოს ცალკეული დაზუსტებები.

საქმის საიდუმლო ნაწილით  დადგენილი სხვა  ცალკეული გარემოებები

საქმის ე.წ. საიდუმლო მასალების გაცნობის შემდგომ კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2017 წლის 26 დეკემბერს დუისში სპეცოპერაცია განხორციელდა წერილობით არსებული გეგმის და წერილობითი ინსტრუქციების გარეშე და ოპერაციის დასრულების შემდგომ აგრეთვე არ მომზადებულა წერილობითი ანგარიში. სპეცრაზმელებმა გამოკითხვის ოქმებში დაადასტურეს, რომ  ჯგუფს ხელმძღვანელმა პირებმა ზეპირად გააცნეს სამოქმედო გეგმა, რაიმე წერილობითი სამოქმედო გეგმა არ არსებობდა და არც დამატებითი ინსტრუქციები მიუღიათ.

მთავარი ინფორმაცია იყო ის, რომ დასაკავებელი პირები კავშირში იყვნენ ა. ჩატაევთან და შესაძლოა ჰქონოდათ ცეცხლსასროლი იარაღი. თუმცა, ჰქონდა თუ არა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს კონკრეტული ინფორმაცია, ან აწარმოებდა თუ არა დასაკავებელ პირთა მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს, საქმის მასალებში მითითებული არ არის და არც შესაბამისი კითხვაა დასმული.

აგრეთვე, სავარაუდოდ პასუხისმგებელი პირის განმარტებით, ოპერაციის დასრულების შემდგომ წერილობითი ანგარიში არავის მოუმზადებია და მან ხელმძღვანელ პირებს ზეპირად მოახსენა მომხდარის თაობაზე.

ოპერაციაში მონაწილე პირები უარყოფენ თ. მაჩალიკაშვილის ოჯახის მიმართ არასათანდო მოპყრობის ფაქტს, თუმცა ადასტურებენ, რომ ოჯახის წევრები ცალ-ცალკე ოთახებში განათავსეს და სპეცრაზმის გასვლამდე გადაადგილების შესაძლებლობა არ მისცეს.

ამასთან, რამდენიმე სპეცრაზმელი უთითებს, რომ თ. მაჩალიკაშვილს ქუდი არ ეხურა და მის საწოლში ყურსასმენი არავის უნახავს. ამ ინფორმაციის მიუხედავად ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ. მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოღებულ ქუდზე ცეცხლნასროლი კვალია, ხოლო EMC-ის მიერ მოპოვებული ფოტოსურათებით დგინდება, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის ლოგინში სავარაუდოდ ყურსასმენები ეგდო, რომელიც სხვა ფაქტობრივ გარემოებებთან ერთად, ქმნის ვარაუდს, რომ თემირლანი სპეცოპერაციის დაწყების მომენტში მათ იყენებდა. უნდა აღინიშნოს, რომ თავად სპეცრაზმელებიც კატეგორიულად ვერ უთითებენ გაიგო თუ არა თ. მაჩალიკაშვილმა მათი ასვლა აივანზე და შეეძლო თუ არა მას მომზადება.

შეჯამება

შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგამოძიებო ორგანომ სროლის განმახორციელებელი და ადგილზე მყოფი სხვა სპეცრაზმელთა გამოკითხვა დაგვიანებით და ფორმალურად განახორციელა, რამდენადაც კონკრეტული და საქმეზე სიმართლის დასადეგნად მნიშვნელოვანი და კრიტიკული კითხვები არ არის დასმული მათ მიმართ. მათ შორის, გამოკითხვის დროს არ არის დაზუსტებული შემდეგი გარემოებები:

[checklist]

  • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა;
  • საწოლის რა კონკრეტული ადგილიდან და როგორ აიღო ხელყუმბარა თემირლან მაჩალიკაშვილმა;
  • თუ ხელყუმბარა აიღო თემირლან მაჩალიკაშვილმა, რატომ დაბრუნდა კვლავ მწოლიარე მდგომარეობაში და როგორ შეეძლო მას გაექატიურებინა ხელყუმბარა ამ მდგომარეობაში;
  • პროკურატურას არ აქვს კითხვები დასმული თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ტელეფონით სარგებლობასთან დაკავშირებით, მაშინ როცა ჩვენ მიერ წარდგენილი ინფორმაცია უთითებს სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე თემირლანის აქტივობას სოციალურ ქსელებში;
  • რა კომუნიკაცია ჰქონდა სპეცრაზმელს თ. მაჩალიკაშვილთან გასროლამდე, რატომ ესროლა თავის არეში და სხვაგვარი ზიანის მიყენებით არ შეეცადა მისი ე.წ. წინააღმდეგობის განეიტრალებას.
  • რა იყო ხელყუმბარის თავდაპირველი განთავსების ადგილი გასროლის შემდეგ და იყო თუ არა უსაფრთხო სპეცრაზმელის მიერ მისი დამოუკიდებლად გადაადგილება. [/checklist]

სუს-ის თანამშრომლების გამოკითხვები აჩვენებს ფუნდამენტურ შეუსაბამობას მათ შორის. არსებითი ხასიათის შეუსაბამობა თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახში სპეცრაზმის შესვლასა და გასროლის მომენტებს უკავშირდება. ოთახში მყოფი სპეცრაზმელების განმარტებით, გასროლა სპეცოპერაციის დაწყებიდან 10 წუთში მოხდა, მაშინ როცა სხვა სპეცრაზმელების მითითებით, გასროლა რამდენიმე წამში განხორციელდა. ოთახში შესვლისა და გასროლის თანადროულაბაზე უთითებენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრებიც, რომლებიც შემთხვევის ადგილს იმყოფებოდნენ.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, EMC მიიჩნევს, რომ დამატებითი საქმის მასალების შესწავლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ

  1. სუს-ის მიერ მასშტაბური სპეცოპერაცია არასათანადოდ დაიგეგმა, რისკების ჯეროვანი ანალიზის და პრევენციული ღონისძიებების გათვალისწინების გარეშე. სუს-ს არ მოუხდენია დასაკავებელი პირების და მათგან მომდინარე შესაძლო რისკების სათანადო შესწავლა და მასშტაბური სპეცოპერაცია მხოლოდ ზოგად საფრთხეებზე მითითებით დაგეგმა. კერძოდ, საქმის მასალებში მითითებული არ არის და არც შესაბამისი კითხვაა დასმული იმის შესახებ ჰქონდა თუ არა სუს-ს კონკრეტული ინფორმაცია, ან აწარმოებდა თუ არა ის დასაკავებელ პირთა მიმართ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. სპეცრაზმელები მხოლოდ იმაზე უთითებენ, რომ მათ იცოდნენ, რომ დასაკავებელი პირები ა. ჩატაევთან იყვნენ დაკავშირებული. გამოკითხვის ოქმები ასევე არ შეიცავს ინფორმაციას იმის თაობაზე, წინასწარ ჰქონდათ თუ არა სპეცრაზმელებს ინფორმაცია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი პირველ საძინებელ ოთახში იმყოფებოდა და აგრეთვე ჰქონდათ თუ არა წინასწარ მისი და მისი ოჯახის წევრების ფოტოსურათები ნანახი.
  2. სპეცოპერაცია სათანადო ანალიზის, მომზადებისა და კოორდინაციის გარეშე ჩატარდა. სუს-ს არ გააჩნდა სპეცოპერაციის ჩატარების შესახებ წერილობითი დასაბუთებული გადაწყვეტილება და სპეცოპერაციის წერილობითი გეგმა, ისევე როგორც სპეცრაზმელებისთვის გაცემული წერილობითი მკაფიო ინსტრუქციები და სპეცოპერაციის დროს და მის შემდგომ მონიტორინგის პროცედურები. ცხადია, რეპრესიული აპარატის ამ მასშტაბით გამოყენების პირობებში ანალიზის, პრევენციის და მონიტორინგის პროცედურების უგულებელყოფა ძალის გადამატების და ადამიანის უფლებების დარღვევის ძალიან მაღალ რისკს ქმნიდა.
  3. გამოძიების დაწყების პირველივე ეტაპზე სუს-ის მიერ გავრცელებული ოფიციალური ვერსია, რომ თემირლან მაჩალიკაშვილი ხელყუმბარის გამოყენებით ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას სპეცრაზმისთვის კიდევ უფრო დაუსაბუთებელი და სუსტი აღმოჩნდა. თითქოსდა წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებით სპეცრაზმელების განმარტებები არაზუსტი, უსაფუძვლო და წინააღმდეგობრივია, რამაც ძალის გამოყენების აუცილებლობის წინაპირობების შესახებ სუს-ის მტკიცება კიდევ უფრო არადამეჯერებელი გახადა.
  4. ძალის გამოყენების დროს სპეცრაზმელმა არ დაიცვა პროპორციულობის პრინციპი, რასაც ერთის მხრივ გაფრთხილების არ გამოყენების და მეორეს მხრივ, თითქოსდა წინააღმდეგობის დროს სხვა ნაკლებად მძიმე ღონისძიებების არ გამოყენების გარემოებები ადასტურებს.
  5. სპეცრაზმელებმა დაადასტურეს, რომ გასროლიდან რამდენიმე საათის განმავლობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ოთახზე სრული კონტროლი სპეცრაზმელებს (დაინტერესებულ პირებს) ჰქონდათ და მათ შორის, სუს-ის გამომძიებლებს ოთახში შესვლის შესაძლებლობა არ ჰქონდათ. იმ პირობებში, როდესაც სპეცრაზმელების ჩვენებით დადასტურდა, რომ ხელყუმბარის თავდაპირველი მდგომარეობის ცვლილება სწორედ დაინტერესებული სპეცრაზმელების და არა გამნაღველების მიერ მოხდა, ცხადია, დანაშაულის ადგილზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების ფალსიფიცირების შესახებ ჩვენი ეჭვები კიდევ უფრო გაძლიერდა.

ჩვენი შეფასებით მიმდინარე გამოძიება ფორმალური, არაეფექტიანი და ილუზორულია და გამოძიების პროცესში აშკარად გამოჩნდა სუს-ის თვითნებური ინტერვენცია, რამაც გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის ფუნდამენტური პრინციპი დაარღვია.

ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით EMC გამოძიების წინაშე დამატებით მოთხოვნებს დააყენებს, მათ შორის,

[checklist]

  • სროლის განმახორციელებელი პირის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებული ინფორმაციის უკვე დადგენილ ფაქტობრივ გარემობებთან შესაბამისობისა და თემირლან მაჩალიკაშვილის მიერ ხელყუმბარის გააქტიურების შესაძლებლობის გარემოების დადგენის მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარება, რომელიც ამ დრომდე არ განხორციელებულა;
  • ზოგიერთი სპეცრაზმელის ხელახალი გამოკითხვა და გამოტევებული და დაუზუსტებელი კითხვების დასმა, რაზეც მათ შორის ზემოთ იყო მითითებული.[/checklist]

გამოძიებასთან დაკავშირებულ შემდგომ სიახლეებს EMC საზოგადოებას მომავალში ასევე გაუზიარებს“.

დედოფალი ელისაბედი ოჯახს კრიზისის განსახილველად შეხვდება

ევროპული მედიის ცნობით, გაერთიანებული სამეფოს დედოფალი, ელისაბედი, 13 იანვარს, ორშაბათს პირადად შეხვდება თავის შვილიშვილს, პრინც ჰარის, რათა განიხილოს პრინცისა და მისი მეუღლის – სასექსის ჰერცოგინიას ახალი როლი, ასევე  სამეფო ოჯახთან მათი მომავალი ურთიერთობის საკითხი.

მედია, რომელიც პრინც ჰარისა და მისი მეუღლის განცხადების შემდეგ, ბოლო ერთი კვირაა, აქტიურად აკვირდება გაერთიანებული სამეფო ოჯახის ცხოვრებას, იუწყება, რომ ამ შეხვედრას ასევე დაესწრებიან ჰარის მისი უფროსი ძმა – უილიამი და მათი მამა, უელსის პრინცი ჩარლზი.

კრიზის შემდეგ ეს იქნება ოჯახის პირველი შეხვედრა.

მეგანის შეეძლება მონაწილეობა მიიღოს ტელეფონის მეშვეობით, თუ დროის სხვაობა ამის საშუალებას მისცემს – მეგანი ამ დროისთვის თავის შვილთან ერთად კანადაში იმყოფება.

რამდენიმე დღის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგანიმ განაცხადეს, რომ აპირებენ უარი თქვან სამეფო ოჯახის წევრობაზე, შესაბამის პასუხისმგებლობაზე და იმუშავონ, რათა ფინანსურად გახდნენ დამოუკიდებლები.

9 იანვარს წყვილმა ეს განცხადება ტვიტერზე, დედოფალსა და სამეფო ოჯახთან შეთანხმების გარეშე გაავრცელა.

განცხადებაში ისინი წერენ, რომ გეგმავენ დრო თანაბრად გაატარონ დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში და გააგრძელებენ “დედოფლისა და ინგლისის სახელმწიფოს პატივისცემას”.

იმავე განცხადებაში ჰარი და მეგანი წერენ, რომ აპირებენ თავიანთი ვაჟი გაზარდონ „სამეფო ტრადიციებით… და ამავდროულად ჩვენს ოჯახს მივცეთ სათანადო სივრცე, რათა შევძლოთ კონცენტრაცია ჩვენი ცხოვრების ახალ ეტაპზე, რომელშიც ქველმოქმედება მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს“.

ჰარის და მეგანის ეს განცხადება, დიდი ბრიტანეთისა და მსოფლიო მედიის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა.

მთავარი ფოტო: 2018 წელი. დედოფალი ელისაბედი, მეგანი მარკლი და პრინცი ჰარი.

წყარო: Spiegel

დაკავებულია პირი, რომელიც მიზანმიმართულად შეეჯახა პოლიციის მანქანებს -შსს

შს სამინისტროს ინფორმაციით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ძებნის სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისში ძებნილი პირი დააკავეს. დაკავებული ბრალდებულია სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით. კერძოდ: პოლიციელზე, პოლიციელის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმისა და სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებისთვის. შსს ინფორმაციით, 35 წლის ზ.ჭ. წარსულში მრავალჯერ არის ნასამართლევი.

„2019 წლის 24 ნოემბერს ზ.ჭ. სადახლო-თელეთის საავტომობილო გზაზე „ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. სოფელ ზემო თელეთში, ერთ-ერთ ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერების დროს, აღნიშნულ ავტომანქანასთან სამართალდამცველები მივიდნენ, რათა უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკის შესახებ მიღებული ოპერატიული ინფორმაცია გადაემოწმებინათ.

სამართალდამცველთა დანახვისთანავე ზ.ჭ.-მ ჩაკეტა მანქანის კარები, გაქცევის მიზნით მიზანმიმართულად მოახდინა პოლიციის მანქანებზე შეჯახება, დააზიანა მოქალაქეების კუთვნილი ავტომანქანები, გაქცევა მოახერხა და მიიმალა“, – წერია შსს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ბრალდებულს სასამართლომ დაუსწრებლად შეუფარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ელის.

ილია II: „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ, დღეს სამების საკათედრო ტაძარში ტრადიცულ საკვირაო ქადაგებისას თქვა, რომ „მეორედ მოსვლა ახლოსაა“. მისი თქმით, „ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისათვის“.

„მეორედ მოსვლა ახლოსაა ჩვენთან და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ მეორედ მოსვლისთვის. მე გამიგონია ზოგიერთი მორწმუნე ადამიანებისაგან, რომ „ჟამი ახლოს არისო ამბობენო“, მაგრამ მე ვიტყვი, რომ შეიძლება, რამდენიმე დღე დარჩა. აი, ამიტომ დავით მეფის სიტყვები – „მოიხსენე უფალო დავით და ყოველი სიმშვიდე მისი“, აქტუალურია.

დავით მეფე იყო უბრალო მწყემსი და მწყემსობიდან ღმერთმა აიყვანა სამეფო ტახტზე. დავითს ახასიათებდა ის, რაც უნდა ახასიათებდეს ყოველ ადამიანს, როგორც წინსვლა, ისე შეცდომები, მაგრამ დავით მეფე ხედავდა თავის შეცდომებს, დავით მეფე განიცდიდა, ამიტომ დასწერა მან შესანიშნავი წიგნი ფსალმუნების „დავითნი“. ჩვენ ძალიან გვიყვარს ფსალმუნები და მისი ავტორი დავითი. დავითმა დიდხანს არ იცოცხლა. 30 წლისა იყო, რომ გამეფდა და 40 წელი მეფობდა. იცოცხლა 70 წელი. გილოცავთ ამ დღესასწაულს, დავით მეფის ლოცვების მადლი გეწეოდეთ თქვენ და სრულიად საქართველოს”, – თქვა ლია მეორემ.

ბათუმში სამშაბათიდან შედარებით გამოიდარებს – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 12 იანვრის 21 საათიდან 13 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, ღამით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 1-6, დღისით 7-12 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 1-6 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11 მ/წმ-ში, ღამით ზოგან 17-22მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, ღამით ზოგან ძლიერი. ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე ღამით და დილით 15-25დმ(4-5ბალი), დღის ბოლოს 7-12დმ(2-3ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში, 14 და 15 იანვარს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

 

დედა მაიმუნს გარდაცვლილი შვილი დღეების განმავლობაში ხელში ჰყავდა

ფრანკფურტის ზოოპარკში დედა მაიმუნი რამდენიმე დღის განმავლობაში ხელიდან არ უშვებდა თავის გარდაცვლილ შვილს. მკვლევარები ვარაუდობენ, რომ შიმპანზეები ისევე გლოვობენ, როგორც ადამიანები.

როგორც გერმანული გამოცემა „შპიგელი“ ფრანკფურტის ზოოპარკზე დაყრდნობით წერს, დედა მაიმუნს 1-ელ იანვარს დაღუპული შვილი ოთხშაბათამდე ხელში ჰყავდა. შემდეგ კი ის სხვა მაიმუნს გადასცა.

ზოოპარკის თანამშრომლებმა უკვე შეძლეს ცხედრის გამოტანა. ჯერჯერობით უცნობია, რატომ დაიღუპა პატარა.

2010 წელს  მკვლევარები შეთანხმდნენ, რომ შიმპანზეები ისევე გლოვობენ, როგორც ადამიანები.

წყარო და ფოტო: spiegel

„უფროსების უფროსები“ – რა სტრუქტურას ქმნის აჭარის მაუწყებელი და რა ელით ჟურნალისტებს

ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს მიაჩნიათ, რომ მათი სამსახურიდან გაშვება უკვე დროის ამბავია. მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე, გუშინ, 10 იანვარს მაუწყებლის თანამშრომლების ნაწილს გააცნეს დოკუმენტი, რომელსაც მაუწყებლის ჟურნალისტები პირად საუბარში აფასებენ, როგორც „ტელევიზიის დანგრევას“. რა წერია დებულების ცვლილების პროექტში და რის შეცვლას აპირებს ახალი მენეჯმენტი? – „ბათუმელები“ მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს, გია ქარცივაძეს ესაუბრა.

  • გია, გვითხარით, რა იცვლება აჭარის მაუწყებლის დებულებაში, როგორი სტრუქტურა ყალიბდება და რამდენად სწორია შეფასება, რომ ეს დოკუმენტი „ტელევიზიას დაანგრევს“?

გუშინდელ შეხვედრზე საუბარი იყო იმ დოკუმენტზე, რომელიც 25 დეკემბერს სხდომაზე ჰქონდათ გატანილი განსახილველად და ვერ მიიღეს –  ერთმა მრჩეველმა ჩააგდო. ახლა ხვდებიან შტატიან თანამშრომლებს, თითქოს მათ, ვისაც რეორგანიზაცია შეეხება. მაგრამ თუ ეს დებულება იმ სახით დამტკიცდა, რაც ახლა არის, შეეხება ფაქტობრივად ყველა.

მე გუშინ სხდომას სრულად ვერ დავაკვირდი, მაგრამ რაც თვალში მომხვდა და, ჩემი აზრით, ყველაზე საშიშია, ვებგვერდის სამსახურს პრაქტიკულად აუქმებენ. იგივე ფორმაში აბრუნებენ, რაც ადრე იყო, ანუ არქივის სამსახური იქნება, რომელსაც მხოლოდ შენახვა დაევალება.

მაუწყებელს აქვს ასეთი გამოცდილება – დამოუკიდებელი ვებგვერდის შექმნის შემდეგ გაიზარდა ნახვები, მოიპოვა პოპულარობა. ვებგვერდს უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე სატელევიზიო ეთერს, რასაც აჩვენებს სტატისტიკა – ახლო პერიოდში დაახლოებით 100 ერთეულით და  მეტით აქვს მატება. შესაბამისად, ამის გაკეთება წარმოუდგენელია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ვერ ხვდებიან რას აკეთებენ, შეგნებულად ამის გაკეთება წარმოუდგენელია.

  • როგორ ასაბუთებენ ამ ცვლილების აუცილებლობას?

დასაბუთებაც არარელევანტურია – რომელიღაც პროდიუსერს მოუნდა თავისი გადაცემა აეტვირთა და ვებგვერდმა უარი უთხრაო. ვებგვერდი პოპულარულ თემებს რომ ანთავსებს, დამოუკიდებლად ამზადებენ მასალებს, აი ამაში ვერ ერკვევიან. ვებგვერდი წარმოუდგენიათ როგორც ციფრული არქივი და მიმდინარე ინფორმაციის განთავსება-შენახვის ადგილი. თურმე, ვიღაცის ანონსი არ ყოფილა ვებგვერდზე, რომელიღაც გადაცემის პოპულარიზაცია არ გაუკეთებია…

თავის დროზე სხვა შინაარსის გამო გამოიყო ვებგვერდი და არ იმის გამო, რომ ის ყოფილიყო ციფრული არქივი. მე მათ ვუთხარი, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. ისინი ამტკიცებენ, რომ ვებგვერდი უნდა ემსახურებოდეს მაუწყებელს, ეს ცხადია ასეა, მაგრამ ვებგვერდი 100 პროცენტით მაუწყებელს ვერ მოემსახურება – გადაცემები, რომლებიც არაა პირველ გვერდზე გამოსატანი, ვერ გამოიტანა. ეს სარედაქციო დამოუკიდებლობის საკითხია, გადაწყვიტოს რომელი თემაა დღეს პოპულარული, რომელი უნდა იყოს პირველ ადგილზე ან მეორეზე… ხელმძღვანელის, პროდიუსერის მითითება, რომელიღაცა გადაცემის ავტორის თხოვნა, რომ დამიდე ვებგვერდზე… ასეთი რამ არ ხდება.

ჩვენ გვქონდა პრაქტიკა, რომელი გადაცემა უნდა ყოფილიყო პირველ გვერდზე ან რა არ უნდა ყოფილიყო საერთოდ. სწორედ ამის გამო შეიქმნა ცალკე სტრუქტურული ერთეული და ახლა ამ სტრუქტურის გაქრობა უნდათ. თუ  ეს ასე მოხდა, ჩვენ მივიღებთ არქივის სამსახურს, რომელიც ინახავს მასალებს და მას მესამე პირები ვერ ხედავენ.

  • კიდევ რის შეცვლას აპირებენ, როგორც ვიცით, ახალი თანამდებობებიც იქმნება?

კი. სამსახურის უფროსებს კიდევ უმატებენ უფროსებს. ხუთი ახალი თანამდებობა იქმნება, ან დირექტორის მოადგილეები დაერქმევა, ან… სახელს რა მნიშვნელობა აქვს. რაღაცების უფროსები იქნებიან. მაგალითად, რეპორტიორს ახალი ამბების სამსახურში ეყოლება მინიმუმ 4 უფროსი. დღეს თუ ჰყავს რედაქტორი და სამსახურის ხელმძღვანელი, მერე ეყოლება უფროსების უფროსი, რომელიც უშუალოდ დაექვემდებარება დირექტორს. ანუ მმართველი რგოლი იზრდება. უფროსის უფროსს ხელფასი ხომ უნდა მისცე, ეს ბიუჯეტური გათვლაც არ არის. მიზანი რაა, რატომ გვჭირდება უფროსებთან დამატებით საშუამავლო რგოლი? – ეს ვერ გავიგე გუშინდელ შეხვედრაზე.

მიზნებს თუ სწორად ვხედავ, ეს ცვლილება ყველა სამსახურის პრობლემა იქნება და, რა თქმა უნდა, შეეხება რედაქტორებს, პროდიუსერებს და სამსახურის უფროსებს. შეუძლიათ თქვან, რომ ჩვენ არ გვჭირდება ამდენი პროდიუსერი ან სამსახურის უფროსი, გვჭირდება ამდენი და მას რომ უფროსი ჰყავს, ის დაეხმარება 9-იანის გამოშვების მომზადებაში. როცა  ერთ რეპორტიორს 9 უფროსი ეყოლება, იქ მოქმედი რედაქტორი საჭირო აღარ იქნება.

ზოგადად, ნიუსრუმიც აღარ იქნება. იქნება ვების, რადიოს და ახალი ამბების გაერთიანებული სამსახური. ახალი ამბების სამსახურის რეპორტიორი იმუშავებს სამივე პლატფორმაზე. საფრთხე, რომ რადიო და ვების მიმართულება უერთდება რეპორტიორს…. არ ვიცი სამსახურების ასე გამსხვილების პირობებში, რამდენად შესაძლებელია მუშაობა. თან ფინანსური გათვლა არ არსებობს. სამუშაოს როცა უმატებ ადამიანებს, ხელფასებიც ხომ უნდა დაემატოს. ეს ფინანსები საიდან მოაქვთ არ ვიცი.

გარდა ამისა, ამ ადამიანების შესარჩევად კონკურსი უნდა გამოცხადდეს.

  • თქვენ ამბობთ, რომ ახალი სტრუქტურა შეეხება ყველას. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ დაანონსებული კონკურსები იმ ჟურნალისტებს დატოვებს ტელევიზიის მიღმა, რომლებიც ახალი ხელმძღვანელობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილი?

თუ სტრუქტურა დამტკიცდა და დამსაქმებელს სურვილი ექნება, რომ ეს შეეხოს, შეეხება ყველას. თუ სურვილი ექნება, რომ შერჩევით შეეხოს ვიღაცებს, შერჩევითაც შეახებს. სიმართლე გითხრათ, გუშინდელი შეხვედრა მიმართული იყო, მაგალითად, სოფო ჟღენტის [მაუწყებლის ვებგვერდის რედაქტორი] წინააღმდეგ. ცალკეული სუბიექტების გამო სამსახური გააუქმო, ეს არ არის ნორმალური. თუ სუბიექტი რაიმეს არღვევს, არის წესები და წესზე უნდა მიუთითო, უნდა დაიწყო დისციპლინური წარმოება. თუ არ არღვევს და შენ რაღაც არ მოგწონს, ეს არ არის ნორმალური მმართველობითი დამოკიდებულება.

  • ვიცი, რომ საინფორმაციო სამსახური წინააღმდეგია ამ ცვლილებების. რამდენად ელით, რომ გუნდის მოსაზრებებს მენეჯმენტი გაიზიარებს?

გუშინ, მაგალითად, საკმაოდ კვალიფიციური კითხვები ჰქონდა მაიას [მაია მერკვილაძე, საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე], რაზეც პასუხები ვერ მივიღეთ. მაიას კითხვებს მოჰყვებოდა არაწარმდგენი პირების კონფლიქტი მასთან: მაიას ეუბნებოდნენ – შენ რომ ასე ამბობდი, ისე ამბობდი… გადაიზარდა კონფლიქტში, რამაც დაკარგა განხილვის ეფექტი.

მაიას, მაგალითად, აინტერესებდა, რატომ ჩაირთო აჭარის მაუწყებლის ფეისბუქზე ლაივი ვების სამსახურის მიღმა. ამაზე პასუხი ვერ გასცეს. რამდენიმე დღის წინ ტელევიზიის ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე, თუ არ ვცდები პრემიერ-მინისტრის გამოსვლის ლაივი ისე ჩაირთო, რომ ეს არავინ იცოდა. მან ასევე იკითხა, რა პრეტენზიები ჰქონდათ ვებგვერდთან დაკავშირებით, მაგრამ პასუხი ვერც ამაზე მიიღო.

  • რას ფიქრობთ, შეძლებს ამ დოკუმენტის დამტკიცებას ახალი მენეჯმენტი?

დოკუმენტის შეთანხმებას 4 ხმა სჭირდება. შემდეგ ის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

გუშინ საბჭოს ყველა წევრი არ მონაწილეობდა დოკუმენტის წარდგენაში. დოკუმენტი  მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე წარადგინა დირექტორის თანაშემწე. მას მრჩეველთა საბჭოს წევრი სოსო სტურუა ეხმარებოდა. სხდომას ესწრებოდა თამილა დოლიძეც, მაგრამ ის უფრო ფასილიტატორი იყო.

  • 25 დეკემბრის განხილვაზე საბჭოს წევრმა თამარ წილოსანმა ამ დოკუმენტს მხარი არ დაუჭირა, თქვენ ახლა აგირჩიეს და კრიტიკულად ხართ განწყობილი. შეიძლება მაინც ველოდოთ, რომ დოკუმენტს დაამტკიცებენ?

დოკუმენტი თუ არ იქნება მაუწყებლის განვითარებისკენ მიმართული, მე, პირადად, მხარს არ დავუჭერ. თამარ წილოსანსაც აქვს კითხვები, მაგრამ რას გადაწყვეტს ვერ გეტყვით.

  • განხილვის დასრულებას როდისთვის აპირებენ?

15 იანვრამდე უნდათ მოასწრონ შეხვედრა საშტატო თანამშრომლებთან, მაგრამ ეს არ არის ნორმალური, რადგან დოკუმენტი ყველას ეხება. 15-ში სხდომა აქვთ ჩანიშნული, დღის წესრიგში დებულების პროექტი არ არის შეტანილი, მაგრამ შეიძლება ისე მოხდეს, რომ „სხვადასხვაში“ აღმოჩნდეს.

მე მექნება კომუნიკაცია პირველი არხის სამეურვეო საბჭოსთან. თუ არ შეიცვალა და ეს დოკუმენტი ამ სახით მიიღეს, აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში.

  • ჟურნალისტებს რომ დავანებოთ თავი, ზოგადად, სხვა თანამშრომლების განწყობა როგორია ამ დოკუმენტთან დაკავშირებით? 

იშვიათი გამონაკლისების გარდა, შინაარსს ვერავინ ხვდება. არსებითი პრობლემაა ის, რომ მაუწყებლის სტრუქტურული ერთეულები არ არიან ამაში ჩართული, მაუწყებლის იურიდიული  მხარდაჭერის სამსახურმაც კი არ იცის, რა ხდება. მიუხედავად იმისა, რომ არსებული სტრუქტურის შექმნაში ვიღებდი მონაწილეობას, სიმართლე გითხრათ, ბოლომდე ვერც მე ვხვდები, რას აკეთებენ.

კონკურსი XI-XII კლასის მოსწავლეებისთვის – გამარჯვებულს 20 000 ლარი გადაეცემა

მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის ევროპის უნივერსიტეტი აცხადებს კონკურს სახელწოდებით – „ჩემი იდეა ჩემს სკოლას“.

„თუ ფიქრობთ, რომ თქვენი იდეით შეგიძლიათ თქვენი სკოლის განვითარება, მაშინ ეს კონკურსი თქვენთვისაა“, – წერია საკონკურსო განაცხადის ფორმაში. – „გაერთიანდით თქვენს მეგობრებთან ერთად და გამოგვიგზავნეთ პროექტის აღწერა, სადაც მოგვიყვებით, თუ რას გააკეთებდით 20 000 ლარად თქვენი სკოლისთვის და დაგვანახებთ იდეის განხორციელების მნიშვნელობას და აუცილებლობას“.

საუკეთესო პროექტის ავტორ გამარჯვებულ გუნდს ევროპის უნივერსიტეტი იდეის განხორციელებისთვის 20 000 ლარს გადასცემს.

საუკეთესო პროექტს სპეციალური ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრები იქნებიან: მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული და Global Teachers Prize-ის ფინალისტი, პედაგოგი ლადო აფხაზავა; „წიგნების თაროს“ წამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი.

კონკურსში რეგისტრაცია 2020 წლის 1 მარტამდე მითითებულ ბმულზე შეგიძლიათ.

დავა სასამართლოში ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები გამო – ბულვარის განმარტება

ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურებში, რომლებიც დაზიანებულია და ახალ ბულვარში ალაგია,  ბულვარის ადმინისტრაციას თანხა გადახდილი არ აქვს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ ადმინისტრაციაში უთხრეს. ფიგურებში დახარჯული თანხის გამო, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ალიგატორი 1“ ბულვარს სასამართლოში ედავება.

ანიმაციური ფილმების გმირების დაზიანებული ფიგურები ახალ ბულვარში / 8.01.2020

2016 წლის აპრილში, ბულვარსა და კომპანია „ალიგატორი 1“-ს შორის, ანტივანდალური ფიგურების შეძენა-მონტაჟზე ხელშეკრულება 69 140 ლარზე გაფორმდა. კომპანიამ ფიგურები ბულვარში დაამონტაჟა [ეს ტენდერის მოთხოვნა იყო], თუმცა ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ მიღება-ჩაბარების აქტი არ გაფორმებულა და ხელშეკრულება 2016 წლის აგვისტოში შეწყვიტეს.

„მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე აღმოჩნდა, რომ ფიგურები არ შეესაბამებოდა იმ მოთხოვნებს, რაც გვქონდა ტენდერში მითითებული და არ იყო უსაფრთხო ბავშვებისთვის. ეს  დაადასტურა ინსპექტირების ჯგუფმაც, ამიტომ ხელშეკრულება კომპანიასთან შეწყდა. მიუხედავად ამისა, კომპანიამ არ მოახდინა ფიგურების დემონტაჟი და სასამართლოს მიმართა. პირველი და მეორე ინსტანცია მოვიგეთ, თუმცა, ახლა საქმე უზენაეს სასამართლოშია, რომლის გადაწყვეტილებაც ჯერ არ გვაქვს“, – გვითხრა „ბათუმის ბულვარის“ იურისტმა თამარ თავართქილაძემ.

მისივე თქმით, უსაფრთხოების მიზნით, ანიმაციური ფილმების გმირების ფიგურები თავად ბულვარის ადმინისტრაციამ აიღო და ახალ ბულვარში, ამფითეატრთან დაალაგა: „ტერიტორიიდან არ გავიტანეთ, ვინაიდან სასამართლო დავა მიმდინარეობს“.

სხვადასხვა ანიმაციური ფილმების გმირების ანტივანდალური ფიგურების შეძენაზე ბულვარს ტენდერი 98 ათასი ლარზე ჰქონდა გამოცხადებული. შესყიდვის ობიექტები იყო: თითო ცალი – ლომი „ალექსი“, სუპერმენი, კომფუ პანდა, კაპიტანი ამერიკა, რკინის მამაკაცი, თორი, სპაიდერმენი; ასევე ოთხი ცალი დინოზავრი.

ამ თემაზე:

ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]

რატომ სურს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს 5,1 მილიონი უტენდეროდ დახარჯოს

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2020 წელს დაგეგმილი ღონისძიებებისთვის 5 159 800 ლარის ტენდერის გარეშე დახარჯვას აპირებს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს განაცხადით უკვე მიმართა. სააგენტო დეპარტამენტს ამ მოთხოვნის დასაბუთებას სთხოვს.

ტურიზმის დეპარტამენტის განაცხადის მიხედვით, 2020 წლისთვის, მათ მიერ დაგეგმილი პრიორიტეტებია „აჭარის, როგორც ტურისტული რეგიონის მარკეტინგი ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე, რაც მოიცავს მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას, ცნობადობის ამაღლებას და რეგიონის პოპულარიზაციას“.

„საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა და აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით საზღვარგარეთის ქვეყნებში პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების ორგანიზება. ეს არის პიარ აქტივობა, რომელიც ხელს უწყობს რეგიონის წარმოჩენას საერთაშორისო ბაზარზე, მისი ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას და ცნობადობის ზრდას, ასევე საქმიანი ურთიერთობების დამყარებას სამიზნე ქვეყნების ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან, შემდგომი თანამშრომლობის მიზნით“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

ამავე განაცხადით, „აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ასევე ახორციელებს ტურისტულ სერვისში დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლების კუთხით ტრენინგებსა და სხვადასხვა თემატიკის მოკლევადიანი კურსებს. 2020 წელს იგეგმება სხვადასხვა პრაქტიკული სახელმძღვანელოს შექმნა საერთაშორისო დონის პროფესიონალების და ჩვენი მოქმედი პრაქტიკოსი სპეციალისტების მეშვეობით, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სერვისის დონის ამაღლებას და გახდის უფრო ხელმისაწვდომს მიიღონ მათზე მორგებული მომსახურების სტანდარტი, რაც ავტომატურად აისახება მათი სერვისის ხარისხის ზრდაზე“.

[toggle title=”საერთაშორისო გამოფენების და სხვა ღონისძიებების ჩამონათვალი, სავარაუდო ღირებულებით, ნახეთ აქ“]
საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და
სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობა – ბიუჯეტი 170 000 ლარი.

დაგეგმილი გამოფენების ჩამონათვალი:
1. ჰოლანდიის ტურისტული გამოფენა „Vakantie Beurs – 2020“ – 3600 ლარი
2. ესპანეთის ტურისტული გამოფენა „FITUR – 2020“ -3900 ლარი
3. ჰელსინკის ტურისტული გამოფენა „MATKA -2020“ -3600 ლარი
4. ლიეტუვას ტურისტული გამოფენა „ADVENTUR 2020“ -17000 ლარი
5. სტამბოლის ტურისტული გამოფენა „EMITT -2020“ -2300 ლარი
6. ლატვიის ტურისტული გამოფენა „BALTOUR -2020“ -2000 ლარი
7. ესტონეთის ტურისტული გამოფენა, „TOUREST-2020“ -17000 ლარი
8. ისრაელის ტურისტული გამოფენა, „IMTM-2020” -3300 ლარი
9. ჰერნინგის ტურისტული გამოფენა, „Danish travel show 2020“ -17000 ლარი
10. გერმანიის ტურისტული გამოფენა, „ITB Berlin -2020“ – 5600 ლარი
11. ბუდაპეშტის ტურისტული გამოფენა, „TRAVEL BUDAPEST -2020“ -17000 ლარი
12. უკრაინის ტურისტული გამოფენა „UІTT – Kiev 2020“ – 2300 ლარი
13. აზერბაიჯანის ტურისტული გამოფენა, „AITF 2020“ – 2600 ლარი
14. ბელორუსის ტურისტული გამოფენა, „LEISURE-2020“ -13500 ლარი
15. ჩინეთის ტურისტული გამოფენა, „ITB CHINA-2019“ -3600 ლარი
16. ყაზახეთის ტურისტული გამოფენა, „KITF – 2020“ -2900 ლარი
17. დუბაის ტურისტული გამოფენა „ATM- 2020” – 4200 ლარი
18. საქართველო, თბილისი „CTF -2020“- 6500 ლარი
19. საქართველო, ბათუმი „EXPO BATUMI -2020“ -5000 ლარი
20. გერმანიის ტურისტული გამოფენა, „IMEX -2020“ – 4200 ლარი
21. საფრანგეთის ტურისტული გამოფენა, „TOP RESA-2020“ – 3900 ლარი
22. ტაშკენტის ტურისტული გამოფენა „TITF – 2020“ -7000 ლარი
23. იაპონიის ტურისტული გამოფენა, „JATA-2020“ -2900 ლარი
24. გაერთიანებული სამეფო „WTM -2020“ – 4900 ლარი
25. ესპანეთის ტურისტული გამოფენა „IBTM -2020“ -5200 ლარი
26. პოლონეთის ტურისტული გამოფენა „PTAK -2020“ -2600 ლარი
ასევე, სხვადასხვა გამოფენებში, კონფერენციებში, სემინარებში, ფესტივალებსა და სამუშაო
შეხვედრებში ორგანიზების მომსახურება.

აჭარის რეგიონის ტურისტული შესაძლებლობების წარმოჩენის მიზნით საზღვარგარეთის
ქვეყნებში პრეზენტაციებისა და სხვა სამუშაო შეხვედრების (ღონისძიების) ორგანიზება –
ბიუჯეტი 100 000 ლარი.

სარეკლამო კამპანიის წარმოება საერთაშორისო ან/და სამიზნე ქვეყნების რეიტინგულ
სატელევიზიო მედია საშუალებებში – ბიუჯეტი 1 400 000 ლარი.

ინტერნეტ რეკლამის წარმოება სამიზნე ქვეყნებში- ბიუჯეტი 1 450 000 ლარი.

გარე რეკლამის, ბეჭდური მედიისა და სხვა სარეკლამო საშუალებებით სამიზნე ქვეყნებში
სარეკლამო კამპანიის წარმოება – ბიუჯეტი 1 100 000 ლარი.

სხვადასხვა სარეკლამო საშუალებით რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება –
ბიუჯეტი 425 000 ლარი.

სპეციალური პიარ-მარკეტინგული ღონისძიებისა და აქტივობების ორგანიზება შიდა
ტურიზმის სტიმულირებისთვის – ბიუჯეტი 100 000 ლარი.

რეგიონის საიმიჯო სარეკლამო – საპრეზენტაციო ვიდეო რგოლის დამზადება – ბიუჯეტი 150
000 ლარი.

მაღალი რეზოლუციის, დადგმული, ექსკლუზიური სარეკლამო ფოტო მასალის დამზადება
საერთაშორისო პიარ კამპანიებისათვის – ბიუჯეტი 50 000 ლარი.

ტურიზმის სექტორში დასაქმებულთათვის სხვადასხვა აქტივობის ორგანიზება მომსახურების
ხარისხის ამაღლების კუთხით -ბიუჯეტი 90 000 ლარი.

ერთიანი ონლაინ პლატფორმის შექმნა ტურიზმის სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციის
ამაღლებისა და სერვისის განვითარებისათვის – ბიუჯეტი 4800 ლარი.

საინფორმაციო ბროშურებისა (მათ შორის, გიდების სახელმძღვანელოების, საოჯახო
სასტუმრო სახლების სარეკომენდაციო სტანდარტების სახელმძღვანელოს) და სხვა მასალების
მომზადება-ბეჭდვა – ბიუჯეტი 84000 ლარი.

ვებ გვერდის gobatumi.com და აპლიკაციის რედაქტირება და პროგრამული განახლება –
ბიუჯეტი 22000 ლარი.

დომენის visitbatumi.com შესყიდვა – ბიუჯეტი 14000 ლარი.

სულ ბიუჯეტი: 5 159 800 ლარი. [/toggle]

„მიგვაჩნია, რომ სერვისის დონე მომსახურების სფეროში წარმოადგენს ჩვენი რეგიონის და ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას, რომელზეც სახელმწიფო ამ ეტაპზე მუშაობს. ტურიზმი აჭარის რეგიონის წამყანი დარგია. ტურიზმის სფეროს მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სფეროში მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, დასაქმებულთა კვალიფიკაციის ამაღლება და სერვისის ხარისხის ევროპული სტანდარტების დამკვიდრება. გამომდინარე აქედან, განსახორციელებელი ღონისძიებები, როგორც საერთაშორისო რეკლამის, ასევე მომსახურების სფეროშიც უდავოდ ატარებს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ხასიათს“, – აღნიშნულია დეპარტამენტის განაცხადში.

შესყიდვების სააგენტომ კი, გუშინ, 10 იანვარს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტს თავისი მოთხოვნის დაზუსტება და დასაბუთება მოსთხოვა.

„გთხოვთ დაასაბუთოთ, რატომ ვერ მოხდება მომართვაში მითითებული თითოეული CPV კოდით (მათ შორის ინტერნეტმომსახურებები; გასართობი; სხვადასხვა კომერციული და მასთან დაკავშირებული მომსახურებები; ქსელების, ინტერნეტისა და ინტრანეტის პროგრამული პაკეტები; ბეჭდვა) გათვალისწინებული მომსახურებების და საქონლის შესყიდვა ელექტრონული ტენდერის საშუალებით და რატომ ვერ იქნებოდა შესყიდვები წინასწარ დაგეგმილი. ასევე, გთხოვთ, დააზუსტოთ, რამ გამოიწვია ღონისძიების შეზღუდულ ვადაში ჩატარების აუცილებლობა“, – აღნიშნულია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს წერილში.

აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს პროდიუსერს სამსახური დაატოვებინეს

აჭარის მაუწყებელთან 4 დეკემბერს ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის პროდიუსერს, ნათია შავაძეს ხელში ეჭირა ფურცელი წარწერით: „გვისმინეთ რადიოში და არა ტელეფონზე“. 2019 წლის 31 დეკემბერს მაუწყებლის დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც ნათია შავაძე ჩამოშორდა მაუწყებელს. „ვადის გასვლის გამო 2020 წლის 01 იანვრიდან შრომის სამართლებრივი ურთიერთობა შეწყდეს ნ. შავაძესთან“, – წერია ბრძანებაში.

ნათია შავაძისთვის გაგზავნილ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ბრძანებაში გიორგი კოხრეიძე ასე ხსნის პროდიუსერის გათავისუფლების საკითხს: ”ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების გათვალისწინებით, შეუძლებელია ნ. შავაძესთან შრომის სამართლებრივი ურთიერთობის გაგრძელება ამ ეტაპისთვის. მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურში ნ. შავაძის მიერ დაკავებულ პოზიციის არსებობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს“.

გიორგი კოხრეიძე ნათია შავაძისთვის გაგზავნილ დოკუმენტში წუხს იმის გამო, რომ „იძულებულია შეწყვიტოს ხელშეკრულება“ და იქვე მიუთითებს: „დამატებით გაცნობებთ, რომ უახლეს მომავალში მაუწყებელი უზრუნველჰყოფს არაერთი კონკურსის გამოცხადებას სხვადასხვა პოზიციაზე. ამდენად, იმედს ვიტოვებთ სამომავლო სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელებასთან დაკავშირებით თქვენი პროფესიული გამოცდილებისა და შრომისმოყვარეობის გათვალისიწინებით“.

ნათია შავაძესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის ბრძანება

ნათია შავაძე დღეს ამბობს, რომ მოულოდნელი არ ყოფილა ახალი დირექტორის მიერ მასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება:

„31-ში დამიკავშირდა ადმინისტრაციის თანამშრომელი და მითხრა, რომ უნდა მაცნობოს სამწუხარო ამბავი. მერე დამიკავშირდა დირექტორის თანაშემწე და იგივე მითხრა და მთხოვა, რომ ბრძანება ჩამებარებინა. ფოსტით მომაწოდეს ბრძანება. ის ფაქტი, რომ ვინმე რამეს მთავაზობდა არ არის სწორი, რადგან წესით, თუ ვინმე რამეს მთავაზობდა, თანაშემწეს იქვე უნდა ეთქვა, რომ ჩვენ ახლა სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მაგრამ ჩვენ არ გვინდა თქვენთან თანამშრომლობის შეწყვეტა და იქნებ სხვა რამეზე ვიფიქროთ. ზრდილობის ამბავში მაინც უნდა ეთქვა. ასე დამატოვებინეს სამსახური – ამომეწურა ხელშეკრულების ვადა და აღარ გამიგრძელეს“.

ნათია შავაძეს აქვე ვკითხეთ, ხომ არ არის ცნობილი სხვა ჟურნალისტებთან დაკავშირებით რა გეგმები აქვს მაუწყებლის ახალ მენეჯმენტს. ჟურნალისტი ამბობს, რომ სხვებთან მიმართებაში ცოტა რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს მაუწყებლის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას: „იმ ადამიანებს [სხვა ჟურნალისტებს] გაუმართლათ იმით, რომ აქვთ მუდმივი ხელშეკრულება და ცოტა უჭირთ [მათი გაშვება]. როგორც კი რეორგანიზაცია დაიგეგმა, მაშინაც ვფიქრობდი და ახლაც, რომ როგორც თავის დროზე სოსო სტურუამ დანიშნა კონკურსი არასასურველი ადამიანებისგან გასათავისუფლებლად, ესეც [რეორგანიზაცია] მაგისთვის არის“.

ნათია შავაძე ის ჟურნალისტია, რომელიც  გასული წლის ბოლოს აქტიურად მონაწილეობდა მაუწყებლის ჟურნალისტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში, სადაც ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ გიორგი კოხრეიძის მიერ მაუწყებლის დირექტორის რანგში გაკეთებული განცხადებები, ასევე დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძისთვის შრომითი ხელშეკრულების პირობების შეცვლა, საფრთხეს უქმნიდა მაუწყებლის მიუკერძოებლობას.

ნათია შავაძე მაუწყებელში 6 თვის წინ ნათია ზოიძემ მიიწვია პროდიუსერად.

სოციალრ ქსელებში მაუწყებლის დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე ნათია შავაძის ტელევიზიიდან გაშვებას ასე გამოეხმაურა:

 

მთავარი ფოტო: ნათია შავაძე საპროტესტო აქციაზე, სადაც ჟურნალისტები აცხადებდნენ, რომ ახალი დირექტორი მაუწყებლის მიუკერძოებლობას საფრთხეს უქმნის.

ქართველი მამლუქების ძიებაში – კაიროს „მიცვალებულთა ქალაქი“ [ფოტო]

ავტორი: მიხეილ გვაძაბია

1811 წლის პირველი მარტი – ოსმალთა ეგვიპტის გამგებელმა მუჰამად ‘ალი ფაშამ, რომელსაც გავლენაში მოცილე ელემენტები არ სჭირდებოდა, წერტილი დაუსვა მამლუქთა ერას ქვეყანაში. კაიროს ციტადელში აღლუმზე დასასწრებად მიპატიჟებულებს, 470 მამლუქსა და სხვებს, სულ 1000-მდე ადამიანს, კარიბჭე მოულოდნელად ჩაუკეტეს და ციხესიმაგრის გალავნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ვისაც ტყვიები ვერ მისწვდა, თავები მოკვეთეს. მომდევნო დღეებში ეს პროცესი მთელი ეგვიპტის მასშტაბით გაგრძელდა. შედეგად, მამლუქები ფიზიკურად განადგურდნენ.

თუმცა, ეს შემდგომ იყო. მანამდე კი, საუკუნეების განმავლობაში, მამლუქები მტკიცედ იყვნენ გამაგრებულნი ეგვიპტის ხელისუფალთა რიგებში და ერთპიროვნულად განაგებდნენ მას. მათ შორის წარმოშობით ქართველებიც მოიძებნებიან.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

„ალი ბეი ალ-ქაბირი? როგორ არ ვიცი!” – მითხრა ხალიდმა, მცხობელს ფული გაუწოდა და ეგვიპტური პურით სავსე ჩანთით ხელში ჩემთან ერთად დაადგა გზას იმამ ალ-ლაისის ქუჩისკენ. ხალიდს – შუახნის ინჟინერსა და მის მეგობარს კაიროს „მიცვალებულთა ქალაქში“ შევხვდი, სადაც რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წასვლა ქართველი მამლუქების საფლავების საძებნელად.

უხერხულობათავიდან რომ ავიცილოთ, თავშივე აღვნიშნავ: ამ საფლავებთან მიმართებით საძებარი და საკვლევი ბევრი აღარაფერი დარჩა: ყოველ შემთხვევაში, მათი არსებობა, მიცვალებულთა ვინაობაც და ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათი მოღვაწეობაც კარგა ხნის წინ შეისწავლეს. ამ დღეს მხოლოდ ის მინდოდა, დამოუკიდებლად მივსულიყავი ადგილამდე, რომელზეც მანამდე მხოლოდ ლექციებიდან და ნაშრომებიდან ვიცოდი.

ქართველი მამლუქების მოღვაწეობასა და ეგვიპტის მართვაში მათ როლზე კვლევა პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს აქვს მომზადებული. „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“ – მისი ამ ნაშრომის მიხედვით, მამლუქთა სახელმწიფო ეგვიპტეში, რომელსაც ძირითადად თურქული წარმომავლობის ყივჩაღები და ჩერქეზები განაგებდნენ, 1250 წელს შეიქმნა, 1517 წელს კი ის ოსმალებმა დაიპყრეს და კარგა ხანს იყო იმპერიის შემადგენლობაში.

მამლუქთა სახელმწიფოს მმართველობის სისტემა „სამხედრო მონობას“ ემყარებოდა, რომლის ფარგლებშიც ეგვიპტეში შემოყვანილ მონებს – მამლუქებს – ამუსლიმებდნენ, ასწავლიდნენ არაბულს და სამხედრო საქმეს. მამლუქთა მზარდ ძალაუფლებასთან დაკავშირებით გოჩა ჯაფარიძე თავის ნაშრომში წერს:

„ჩვეულებრივ, სამხედრო მონები ემსახურებოდნენ მმართველს თავდაპირველად ჯერ როგორც პირადი მცველები. შემდეგ გადადიოდნენ მის გარემოცვაში და ბოლოს არმიაში, ხელისუფლებასა და პროვინციულ ადმინისტრაციაშიც კი. მმართველი სულ უფრო ეყრდნობოდა სამხედრო მონებს, რომლებიც ახერხებდნენ შეექმნათ საფუძველი დამოუკიდებელი ძალაუფლებისთვის და ზოგჯერ თავის ხელში იღებდნენ საპასუხისმგებლო საქმეებს, აკონტროლებდნენ მმართველს, ანდა ახდენდნენ მისი პოზიციის უზურპაციას“.

ქართველ მამლუქთა მოღვაწეობაზე ყველაზე მეტი უნივერსიტეტში შევიტყვე, აქვე გავიგე მათი საფლავების არსებობის შესახებ კაიროში და იმ შემთხვევაში, თუ ჩემს საოცნებო ქალაქამდე ჩავაღწევდი, ერთ-ერთი პირველი გასვლა სწორედ აქ დავგეგმე. უკვე ახლა, როცა აქ სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული დანიშნულების ადგილამდე მიმავალ გზებს ვეძებდი, უფრო მეტად გახდა ცხადი, რაში იყო საქმე:

მამლუქთა განსასვენებელი ქალაქის დიდ და ძველ უბანში, სალაჰ ად-დინის ციტადელთან ახლოს, მუკატტამის გორაკების ძირში მდებარეობს. მას „მიცვალებულთა ქალაქს“ („კარაფა“) უწოდებენ და ორად ყოფენ: დიდ და მცირე „კარაფებად“. კაიროს თითქმის ყველა უბანი, განსაკუთრებით ქალაქის ძველ ნაწილში, თავის მხრივ გამორჩეული და უნიკალურია, რაც ისტორიით, არქიტექტურული ელემენტებითა და ადგილობრივთა ყოფით არის განპირობებული. თუმცა, ზემოთ ხსენებულ დასახლებას დანარჩენი კაიროსაგან კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, რაც მის სახელწოდებასაც უდევს საფუძვლად: აქ ათობით ათასი ადამიანი სასაფლაოების გარემოცვაში ცხოვრობს.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

დასახლება საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა და დღეისათვის აერთიანებს როგორც რიგითი მოქალაქეების საფლავებს, ისე გავლენიანი სამხედრო, სამოქალაქო და რელიგიური წრეების წარმომადგენლების აკლდამებსა და მავზოლეუმებს. საფლავების დიდ ნაწილს ქვის კედლები და ჭიშკარი აკრავს, რომლის გასაღებიც მის მცველს აქვს ჩაბარებული. ერთ-ერთ ასეთ ნაგებობაში განისვენებს სამი ქართველი მამლუქი: იბრაჰიმ ქათხუდა, ისმაილ ბეი და ალი ბეი ალ-ქაბირი.

ქართველები ძლევამოსილ მამლუქთა რიგებში, განსაკუთრებული ინტენსივობით, XVII-XVIII საუკუნეებში ჩანან, როცა ეგვიპტეს ოსმალეთის იმპერია განაგებდა. მათგან ერთ-ერთი, იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი, ოსმალთა ეგვიპტის ფაქტობრივი მამლუქი გამგებელი იყო 1748-1754 წლებში. პროფესორი გოჩა ჯაფარიძე თავის ნაშრომში XVIII-XIX ს-ის დამდეგის ეგვიპტელ მემატიანეს, ალ-ჯაბართის ციტირებს, რომელიც ქათხუდაზე დასძენს:

„[მას ჰქონდა] ისეთი დონის ძალაუფლება, სიდიადე, გავლენა, გამჭრიახობა მართვაში და უდავო ავტორიტეტი, რომლისთვისაც მანამადე არავის მიუღწევია ეგვიპტეში“…

[მის დროს] კაიროს სილამაზე იყო ბრწყინვალე, მისი უპირატესობა – აშკარა, რაც თრგუნავდა მის მეტოქეებს“.

„მიცვალებულთა ქალაქისკენ“ დილიდანვე ავიღე გეზი. ხელთ მქონდა მეგობრის გამოგზავნილი ფოტო და მცირე გეგმა, რომელიც გოჩა ჯაფარიძემ დასახა ამ ადგილის მაძიებლებისთვის. ვიცოდი, რომ დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯერ სუნიტური ისლამის ერთ-ერთი იურიდიულ-თეოლოგიური სკოლის დამაარსებლის მავზოლეუმამდე უნდა მივსულიყავი, შემდეგ კი ეგვიპტის გამგებლის, მუჰამად ალი ფაშას საოჯახო სასაფლაომდე. აქვე მდებარე პატარა (იმამ ალ-ლაისის) ქუჩაზე განისვენებენ ქართველი მამლუქები.

ხალიდს, რომელიც თავში ვახსენე, მათ შესახებ სმენოდა, თუმცა ზუსტად არც მან იცოდა, სად იყვნენ მამლუქები დაკრძალული. მას და მის მეგობარს მაშინ შევხვდი, როცა ხანგრძლივი და უშედეგო სიარულის შემდეგ ტრადიციული ეგვიპტური პურის საცხობს მივადექი. სწორედ ისინი გამიძღვნენ იმამ ლაისის ქუჩისკენ, გზად კი კაიროზე, მის ყოველდღიურობასა და ქართველ მამლუქებზე ვსაუბრობდით. ყველაზე მეტად ხალიდის ყურადღება ალი ბეი ალ-ქაბირის სახელმა მიიქცია – ასევე ქართული წარმოშობის მამლუქისა, რომელიც „მიცვალებულთა ქალაქში“ დაკრძალეს.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

ზემოთ ნახსენები ნაშრომის თანახმად, ალი ბეი ალ-ქაბირი 1741 წელს აფხაზეთიდან მოიტაცეს და „საჩუქრად მიართვეს ეგვიპტის მომავალ გამგებელს – ქართველ იბრაჰიმ ქათხუდას“. კვლევის მიხედვით, ის დროთა განმავლობაში გაძლიერდა, დაიწყო აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ, გაანადგურა მეტოქე მამლუქები, დროებით კონტროლს დაუქვემდებარა ფართო ტერიტორია ზემო ეგვიპტის, პალესტინისა და სამხრეთ სირიის ჩათვლით და დამოუკიდებლობის კურსი აიღო.

„1768 წლისთვის ‘ალი ბეგმა გაანადგურა ყველა შესაძლო მეტოქე და გახდა ეგვიპტის ერთპიროვნული გამგებელი. 1769 წ. ‘ალი ბეგმა დაიმორჩილა ზემო ეგვიპტის ბედუინთა შაიხები და უზრუნველყო ხორბლის და სურსათ-სანოვაგის უსაფრთხო მიწოდება დედაქალაქისა და ქვემო ეგვიპტისთვის“, – ვკითხულობთ ნაშრომში.

ცნობილია ისიც, რომ ალ-ქაბირი უშუალოდ ჩაერია ჰიჯაზის (რეგიონი არაბეთის ნახევარკუნძულზე, მოიცავს მუსლიმთა წმინდა ქალაქებს – მექასა და მედინას) საშინაო საქმეებში, რომელსაც ამ პერიოდში ასევე ოსმალეთის იმპერია განაგებდა. ალ-ქაბირის მიერ ნაბრძანები ლაშქრობის შემდეგ მექაში მისდამი ლოიალური მმართველი დანიშნეს, რომელმაც, თავის მხრივ, „ეგვიპტის სულტნისა“ და „ორი ზღვის გამგებლის“ ტიტულები უბოძა მამლუქ მმართველს.

ალი ბეგი აშენებდა და აახლებდა მეჩეთებს, მედრესეებსა და მავზოლეუმებს, რაც მუსლიმი უმაღლესი სასულიერო პირების კეთილგანწყობის მოპოვებაშიც დაეხმარა. კვლევის თანახმად, მამლუქმა მმართველმა საკუთარ კონტროლს საერთაშორისო ვაჭრობის ქსელიც დაუქვემდებარა.

წინააღმდეგობების მიუხედავად, ალი ბეიმ მამლუქთა შორის უმაღლესი, „შეიხ ალ-ბალადის“ წოდება მოიპოვა და ქვეყნის ფაქტობრივი, ერთპიროვნული გამგებელი გახდა.

ის 1773 წლის მაისში დაიღუპა მას შემდეგ, რაც სასიკვდილოდ დაიჭრა თავის ყოფილ მამლუქთან და სიძესთან ბრძოლისას.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

მიუხედავად კონფლიქტისა, როგორც ნაშრომშია აღნიშნული, სარდალმა დაღუპული ალ-ქაბირი დიდი პატივით დაკრძალა.

ქათხუდასა და ალი ბეის გვერდით დაკრძალულია კიდევ ერთი ქართველი მამლუქი – ისმაილ ბეი, რომელიც, ნაშრომის თანახმად, 1791 წელს შავი ჭირის მსხვერპლი გახდა. ის იბრაჰიმ ქათხუდას მამლუქი და მისი სიძე იყო, სათავეში ედგა ეგვიპტის მამლუქების პროოსმალურ ფრთას და პერიოდულად შაიხ ალ-ბალადის თანამდებობაც ეკავა.

სანამ ყოველივე ამას განვიხილავდით, ხალიდმა და მისმა მეგობარმა იმამ ალ-ლაისის ქუჩაზე დამტოვეს და თავიანთი სახლებისაკენ წავიდნენ. უფრო სწორად, ვთხოვე, წასულიყვნენ, რადგან ბოლომდე ცდილობდნენ უშუალოდ მოეძებნათ მამლუქთა სასაფლაო. ამის შემდეგ ძიება ისევ მარტომ განვაგრძე და კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ წრეზე ვტრიალებდი: სამივე მამლუქის საფლავი პირდაპირ ქუჩის შემოსასვლელში ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, თავდაპირველად სათანადო ყურადღება არ მივაქციე ხის უბრალო ჭიშკარს, რომელიც მათთან მაშორებდა.

ქართველი მამლუქების საფლავები

საბოლოოდ, საფლავის მცველთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიმიყვანა, რომელსაც, როგორც იქნა, ეცნო ჩემი მეგობრის მიერ სასაფლაოს შიგნით წლების წინ გადაღებული ფოტო და ისიც იცოდა, ვის ხელში იყო ჩემი „ბოლო გაჩერების“ გასაღები.

ქუჩა, რომელზეც მდებარეობს საფლავები

ამ დღის შემდეგ სულ ვფიქრობ: „სამიზნე ობიექტის“ პოვნის თანმდევი სიხარული გამომიცდია, თუმცა ასეთი ცოტა თუ მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ჩემამდე კარგა ხნით ადრე აღმოაჩინეს და შეისწავლეს, იქ შესვლისას ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მე მივაგენი რაღაც ახალს.

უცნაური განცდა კი ნამდვილად იყო: 20-მილიონიანი ქალაქის ერთ ძველ უბანში შევყურებდი 3 ქვას, რომელთა ქვეშ დაკრძალულები, სავარაუდოდ, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ჯერ სამშობლოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ მიწაზე აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ კი მის მმართველ წრეებში. ალბათ ვერც იმაზე იფიქრებდნენ, რომ მათი ზეობიდან სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მმართველი ფაშა ერთ დღეში ამოწყვეტდა ყველა იმ კაიროელსა და დანარჩენ ეგვიპტეში მცხოვრებს, რომლებიც მამლუქთა გავლენიან რიგებს ქმნიდნენ, შემდეგ კი ამავე ფაშას საოჯახო სასაფლაო მათი საფლავებიდან რამდენიმე მეტრში დაიდებდა ბინას. თუმცა, ფაქტია, ასე მოხდა.

ავტორის შესახებ:

მიხეილ გვაძაბია არის ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტროს არაბული ენის შემსწავლელი ცენტრის სტუდენტი.

 

საპენსიო ფონდში 500 მილიონი ლარი შევიდა, სქემაში 700 000 ადამიანია ჩართული – სებ

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება. ამასთან, 2019 წლის დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული ბანკი საპენსიო ფონდების ზედამხედველების საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი წევრი (Governing Member of The International Organization of Pension Supervisors, IOPS ) გახდა.

„2018 წლის ივლისში საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონი დაამტკიცა, რომლის მიხედვით საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საქმიანობა ეროვნული ბანკის მიერ რეგულირდება. განხორციელებული საპენსიო რეფორმის შედეგად, სააგენტომ 2019 წლის პირველი იანვრიდან საპენსიო სქემის მონაწილეთა თანხების შეგროვება და ადმინისტრირება დაიწყო. დღეისათვის სქემაში 700 000-ზე მეტი ადამიანია ჩართული, ფონდის მოცულობა კი, 500 მილიონ ლარს აღემატება. IOPS-ის წევრობა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რაც ეროვნულ ბანკს შესაძლებლობას მისცემს გაიზიაროს სხვა წევრი ქვეყნების მიერ საპენსიო ფონდების რეგულირების სფეროში დაგროვილი გამოცდილება“, – აცხადებს ეროვნული ბანკი.

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, 2019 წლის აგვისტოს თვეში დაგროვებით საპენსიო სქემაში ჩართული იყო 854 500-ზე მეტი დასაქმებული და 55 728 ორგანიზაცია. სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე კი, 2019 წლის 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხული იყო 311 მილიონამდე ლარი.

რაც შეეხება IOPS-ს, სებ-ის ინფორმაციით, ეს ორგანიზაცია 2004 წელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა (OECD) და საერთაშორისო საპენსიო რეგულატორების და ზედამხედველების ქსელის (INPRS) მიერ დაფუძნდა და მისი მთავარი მიზანია საპენსიო სისტემების ზედამხედველობის ხარისხისა და ეფექტურობის გაუმჯობესება, ასევე, არსებული საპენსიო სქემების განვითარებისა და ოპერაციული ეფექტურობის გაღრმავება.

„ორგანიზაცია განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებს უწევს დახმარებას, სადაც საპენსიო სისტემები ახალი დანერგილია და საპენსიო სქემის სპეციფიკიდან გამომდინარე, მათ შესაბამის ტექნიკურ დახმარებასა და კვლევების მომზადებას სთავაზობს. ორგანიზაცია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რომლებიც მონაწილეობენ საპენსიო ზედამხედველობის პოლიტიკის შემუშავებასა და დიალოგში, მათ შორისაა OECD, მსოფლიო ბანკი, სოციალური დაცვის საერთაშორისო ასოციაცია (ISSA), დაზღვევის ზედამხედველთა საერთაშორისო ასოციაცია (IAIS) და საერთაშორისო სავალუტო ფონდი (IMF). დღესდღეობით, ორგანიზაციაში 87 ქვეყნის წარმომადგენელია გაერთიანებული“ – აცხადებს ეროვნული ბანკი.

2019 წლის 9 დეკემბერს საპენსიო სააგენტოს თავმჯდომარე ლევან სურგულაძემ განაცხადა, რომ თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სამეთვალყურეო საბჭოს მიმართა.

“სააგენტოს ჰყავს ბორდი და კიდევ ბევრი სხვა მმართველი, ასევე ძალზედ პატივსაცემი და მაღალი რეპუტაციის მქონე ადამიანები… ადამიანმა თქვა, რომ მინდა წასვლა და ძალით ხომ არ ვამუშავებდით, თან დაგვპირდა რომ ილოცებს”, – განაცხადა მაშინ პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.

ენმ ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებული დოკუმენტების გასაჯაროებას ითხოვს

„ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ დროულად მოხდეს ყველა იმ დოკუმენტაციის გასაჯაროება, რომელიც ხულო-ზარზმის გზის მშენებლობას უკავშირდება“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა“, რეზო ხარაზმა, დღეს, 10 იანვარს, ბათუმში გამართულ ბრიფინგზე.

ენმ-მ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსგან, წერილობით გამოითხოვა ხულო-ზარზმის გზის პროექტის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტები, სამუშაოებზე ზედამხედველი კომისიის სხდომის ოქმების, ასევე კომპანიასთან მიმოწერის [კორესპონდენციების] ასლები. პარტიაში აცხადებენ, რომ მათ ეს დოკუმენტები ვერ მიიღეს.

სამინისტროს გამგებლობაში მყოფი საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისგან ენმ-სთვის გაგზავნილ პასუხში აღნიშნულია, რომ, კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების ზოგადი პირობების თანახმად „… არცერთმა მხარემ არ უნდა გაამჟღავნოს დეტალები იმ სამუშაოსი, რომელიც მომზადდა მეორე მხარის მიერ, მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე“.

„კონფიდენციალურობის პრინციპის გათვალისწინებით, დეპარტამენტი მოკლებულია შესაძლებლობას მოგაწოდოთ თქვენს მიერ მოთხოვნიული დოკუმენტაცია“, – აღნიშნულია დეპარტამენტის პასუხში, რომელსაც ხელს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე, ირაკლი ქარსელაძე აწერს.

ხულო-ზარზმის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით, „კონტრაქტორი [კომპანია „ტოდინი“] ცდილობს, დაიწყოს პირველი ეტაპის – მიწის სამუშაოები, თუმცა სუსტია მისი მზაობა, სამუშაოების განხორციელების კუთხით“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ 2019 წლის 3 დეკემბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან.

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა] – ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის სამუშაოების ორივე ლოტზე ტენდერში გამარჯვებულია TODINI Costruzioni Generali S.p.A [„ტოდინი“].

ხულო-ზარზმის ახალი გზის მშენებლობას არაბეთის ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი [KFAED] აფინანსებს. პროექტის მთლიანი ღირებულება, 110 მილიონზე მეტი ლარია. სამუშაოები ორ ლოტად არის დაყოფილი. პირველი ლოტი – დაბა ხულოდან გოდერძის უღელტეხილამდე [69 946 268 ლარი] და მეორე ლოტი – გოდერძის უღელტეხილი-ადიგენის სოფელ ზარზმამდე [40 264 509 ლარი].

„ტოდინს“, რომელმაც ხულო-ზარზმის ახალი გზა უნდა ააშენოს, „ასეული მილიონის ოდენობით თანხას“ ედავება საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი. დავა ეხება კომპანია „ტოდინთან“ იმ ხელშეკრულების შეწყვეტას, რომელიც სამტრედია-გრიგოლეთის გზის მშენებლობაზე იყო გაფორმებული.

ამ და სხვა დავის წარმოებისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპანიის დასაქირავებლად კი დეპარტამენტს თითქმის 5 მილიონი ლარი სჭირდება.

ამ თემაზე:

 

ბათუმში მშენებლობიდან მანქანებს ბეტონი გადაასხეს

თვითმხილველის თქვით, დღეს, დაახლოებით 12 საათზე, ფიროსმანის ქუჩაზე მაღლივი კორპუსის მშენებლობიდან ავტომანქანებს ბეტონი გადაასხეს. თვითმხილველი ამბობს, რომ მან მოასწრო და მოახერხა ბეტონის ნაკადისგან საკუთარი მანქანის გარიდება.

ასევე თვითმხილველის თქმით, ბეტონის ნაკადი დაიღვარა ქუჩაზეც. „უკანა გზაზე რომ ვბრუნდებოდი ქუჩას რეცხავდნენ“, – თქვა მან.

ფოტოზე, რომელიც ასევე თვითმხილველმა მოგვაწოდა, ჩანს, რომ სამშენებლო ობიექტზე სამუშაები სამშენებლო ნორმების დაცვის გარეშე ტარდება. ეს კანონდარღვევაა და დაჯარიმებას ითვალისწინებს.

როგორ იშორებენ თავიდან საჯარო მოხელეები მოქალაქეებს – 9 მეთოდი

ავტორი: ესმა გუმბერიძე

არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები, საშუალო, დაბალ თუ მაღალ რგოლში, რომლებიც ბლომად გვყავს, შემდეგნაირად იცილებენ თავიდან მოქალაქეებსა და მათ ინიციატივებს, მოთხოვნებს: ჩამონათვალი არ არის სრული. გთხოვთ, კომენტარებში დაამატეთ თქვენი გამოცდილება.

[checklist]

  • ეს ჩემს კომპეტენციაში არ შედის: გამისამართებენ სხვაგან, ის სხვა სტრუქტურა ასევე გეუბნება, რომ რაღაც არ შედის მის კომპეტენციაში და ისევ უკან გაბრუნებს ან კიდევ სხვა სტრუქტურაში და დადიხარ შენი იდეით ერთი დაწესებულებიდან მეორეში.
  • მე აქ ახალი ვარ: (ამ ვარიანტს სახეცვლილებაც აქვს: უფროსი/ხელმძღვანელი ახალი გვყავს). გეუბნებიან, რომ არ იციან ჯერ, რომ ალბათ წინა ხელმძღვანელს ან იმ თანამდებობაზე ადრე მყოფ სხვა პირს რომ მიმართე, ის დოკუმენტაცია დაიკარგა. ახლა უნდა მოძებნონ, ან დაკარგეს და ვერ პოულობენ: თავიდან უნდა მიაწოდო ყველაფერი, ისინი კი მოიფიქრებენ, მოისაზრებენ. ალტერნატიულად: ახლა რეორგანიზაცია-ლიკვიდაციის პროცესში ვართ და რომ განვახლდებით, ჩამოვყალიბდებით, მერე მოგვმართეთ თავიდან.
  • უფროსის გარეშე ვერ გადავწყვეტ. საკითხი კი იმდენად მცირეა, რომ წესით იმხელა თანამდებობის პირის გადასაწყვეტი არ უნდა იყოს. თანაც იმ ზემდგომს არასდროს სცალია „ასეთი სიწვრილეებისთვის“.
  • ჩვენ ამას უკვე ვაპირებთ ისედაც. გეგმაში გვაქვს გათვალისწინებული. ეს პასუხი ეგრევე განგაიარაღებს. ხშირად იმდენსაც ვეღარ იაზრებ იკითხო – როდისთვის გაქვთ ეგ გეგმით გათვალისწინებული და ვისთან მოვიკითხო თუ შესრულდაო. ეგრევე იბნევი, იფუშები და კარისკენ მიდიხარ. ხანდახან იმასაც კი გეუბნებიან, ეს უკვე გაკეთებული გვაქვსო. დაზუსტება–დაზუსტებაში კი იგებ, რომ რასაც ითხოვდით, ის ნამდვილად არ გაუკეთებიათ, უხსნი კიდეც მოხელეს მოთხოვნილსა და მათ მიერ შესრულებულს შორის განსხვავებას, მაგრამ ის ჯიუტად იმეორებს, რომ ესაა, რასაც ითხოვდნენ, რაც გააკეთეს და სხვას ვეღარაფერს იღონებენ.
  • რაც ამ მიმართულებით გავაკეთეთ საკმარისია: შეიძლება 10 წლის წინ დანიშნეს, მაგალითად შშმ პირებისთვის რაღაც ფინანსური შემწეობა, იმას ანახლებენ უბრალოდ ყოველწლიურად ბიუჯეტში და თვლიან, რომ „რადგანაც ეს შემოვიღეთ, აწი გასაკეთებელი აღარაფერი გვაქვს“. განვითარება რომ წინ მიდის და ახალ–ახალი გამოწვევები ჩნდება, ამას არა უშავს.
  • აკრიტიკებ? შემოგვთავაზე! კონკრეტული მოთხოვნით მოსულ რიგით მოქალაქეს თხოვენ, დეტალურად გაუწეროს იმ პრობლემის გადაწყვეტის გზა, როგორც პროფესიონალს. პროექტის დაწერას მოითხოვენ თავისი მიზან-ამოცანებით, ინდიკატორებით, რისკებით, ბიუჯეტით, აქტივობების განრიგით, ჩართულ მხარეთა ანალიზით, რისკების შეფასებით.[/checklist]

შემთხვევა იყო თბილისში. ცენტრალური უბნის ვიწრო ქუჩაზე გაიყვანეს მსხვილი საავტომობილო გზა. თან მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის ნებართვები დაარიგეს. ხალხს მანქანის დასაყენებელი ადგილი აღარ შერჩა. მიმართეს მერიას საჩივრით. მერიამ კი მოსთხოვა, გეგმა გაგვიწერეთ, სად უნდა გავიდეს ის გზა, თუ არა თქვენს ქუჩაზეო! ისინი რა, ურბანისტები იყვნენ, ინჟინრები, არქიტექტორები, სივრცის დამგეგმარებელი პროფესიონალები? ისიც ხშირია, რომ მოიძიებენ ადამიანები გრანტს, რესურსს, გადადებენ თავს, გაწერენ ყველაფერს, საჯარო სტრუქტურა კი შემოდებს თაროზე, აქაოდა, ჩვენ კიდევ ვნახავთ, შენი ნაშრომიდან რას მივიღებთ მხედველობაში და რას არაო.

ეს ხომ სრულგანაკვეთიანი კონსულტანტის საქმეა, შეიძლება პროფესიონალთა მულტიდისციპლინური გუნდისაც. რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც არსებობს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რესურსებით, პროფესიონალებით, რომლებისთვისაც ეს სამსახური იქნება, იდეა პროექტის სახით რომ ჩამოაყალიბონ. მაგრამ რიგით მოქალაქეს, რომელიც შეიძლება კვირაში 80 საათს მუშაობდეს თავის სარჩენად, იყოს ერთი, არ ჰქონდეს შესაბამისი განათლება, სახელმწიფო არ უნდა თხოვდეს, ის ჩაანაცვლოს და სახელმწიფოს გასაწევი სამუშაო ჩაატაროს.

აქტიური და პასუხისმგებლიანი მოქალაქის ვალია, მიმართოს სახელმწიფოს, ადგილობრივ თვითმმართველობას, მიაწოდოს პრობლემა, მრჩევლები, ექსპერტები კი სახელმწიფოს ჰყავს და მისი მოვალეობაა, იმუშავოს მოქალაქის მიერ დასმული პრობლემის გადაჭრაზე, დაინტერესებული მოქალაქე კი დროდადრო ჩააყენოს საქმის კურსში.

[checklist]

  • მოსმენით კი მოგისმინეთ, მაგრამ… ხვდებიან კიდეც მოქალაქეებს, ისმენენ მათ აზრს, მადლობას უხდიან მონაწილეობისა და აქტიური ჩართულობისთვის, შეიძლება, დააოქმონ კიდეც შეხვედრა. რაც მთავარია, აპიარებენ, რომ შეხვედრა ჩატარდა, მოქალაქეებს მოვუსმინეთ. მაგრამ ძაღლი ყეფს, ქარავანი – მიდის! აკეთებენ მაინც ისე, თვითონ როგორც ჰქონდათ გადაწყვეტილი. მოქალაქეთა მოსაზრებებს არ ასახავენ საქმეში. არც უსაბუთებენ, თუ რატომ არ/ვერ ითვალისწინებენ იმ შეხვედრებზე ნათქვამს და მოთხოვნილს, არც ხსნიან/არ განმარტავენ რას და რატომ მიანიჭეს პრიორიტეტი.
  • დაინტერესებული თემის წარმომადგენლებს იბარებენ/ხვდებიან/პატიჟებენ ცალ-ცალკე, ან ძალიან ვიწრო ჯგუფებში, დახურულ ფორმატში. აქტივისტი იქ გამოთქვამს რამის საწინააღმდეგო აზრს, საჯარო სტრუქტურა კი ისე წარმოაჩენს ფოტოებში, პრესრელიზებში, თითქოსდა „ყველა შეკრებილმა მათ მიერ შემოთავაზებული ხედვა გაიზიარა, მიესალმა და მოიწონა“. გამოაქვეყნებენ ბედნიერ ფოტოებს და… მერე მიდი და ამტკიცე, რომ სულ სხვა რამ თქვი იქ. თემის თვალშიც კარგავს მერე აქტივისტი ნდობას და საჯარო სტრუქტურისთვისაც უვნებელი ხდება. ეს პრაქტიკა ბევრ აქტივისტს აშინებს მოხელეებთან პირდაპირ მოლაპარაკებას. [/checklist]

სხვა მეთოდებიცაა ბლომად. უბრალოდ ესენია პრაქტიკაში რაც შემხვედრია ყველაზე ხშირად. ყველა ამ მეთოდის გამოყენება ადამიანებში აპათიას, ნიჰილიზმსა და დემოტივაციას იწვევს. იქმნება განცდა, რომ ძალისხმევა უშედეგოდ ჩაივლის, ასეთი პესიმიზმის გამეფება საზოგადოებაში კი ძალიან მავნებელი და საზიანოა.

ავტორის შესახებ:

ესმა გუმბერიძე არის საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, იურისტი

______________________

მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს „ბათუმელების“ პოზიციას.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმსა და აჭარის მთიანეთში – პროგნოზი

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 10 იანვრის 21 საათიდან 11 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: ცვალებადი მოღრუბლულობა, ღამით დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა; კვირას დღისით უმეტესად უნალექო ამინდი, ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში;

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10, დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში, ღამით დროგამოშვებით წვიმა, დღისით უმეტესად უნალექოდ, ხილვადობა ღამით 4-10კმ, დღისით კარგი. ტალღის სიმაღლე ღამით13-18
    დმ (4ბალი), დღისით 7-12დმ (2-3ბალი);
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +9 გრადუსი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში 12 იანვარს ღამით და დილით უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღის მეორე ნახევრიდან და 13 იანვარს ღამით და
დილით კი მოსალოდნელია წვიმა, მთაში თოვა.

1 აპრილიდან იკრძალება საჭის გადატანა და 10 წელზე მეტი ხნის საბურავები – ტექდათვალიერება

ახალი რეგულაციით, 2020 წლის პირველი აპრილიდან, ავტომანქანები 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საბურავებით პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვეღარ გაივლიან.

ამასთან, მარჯვენასაჭიანი ავტომანქანა, რომელიც პირველი აპრილიდან გაივლის ტექდათვალიერებას [მარჯვენა საჭით], მომდევნო ტექდათვალიერებას ვერ გაივლის, თუ საჭე შეცვლილი ექნება. რაც შეეხება 2020 წლის პირველ აპრილამდე საჭეშეცვლილ ავტომანქანებს, ისინი ტექდათვალიერებას უპრობლემოდ გაივლიან.

აღნიშნული ცვლილებების შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსმა შალვა ურიადმყოფელმა განაცხადა.

მისივე თქმით, „იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც იმპორტირებული იქნება მარჯვენა საჭით, მძღოლებმა უნდა შეინარჩუნონ მისი მდებარეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი აპრილის შემდეგ საჭეგადატანილი ავტომობილები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას ვერ გაივლიან“.

რა ვიცით უკრაინული თვითმფრინავის კატასტროფაზე

კანადის პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს თქმით, ყველა მტკიცებულება მიუთითებს, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” სამგზავრო თვითმფრინავი თეირანში ირანის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემამ მიწა-ჰაერის ტიპის რაკეტით ჩამოაგდო.

როგორც კანადის საზოგადოებრივი მაუწყებელი (CBC) იუწყება, კანადამ ტრაგედიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია მიიღო ამერიკული დაზვერვისგანაც.

ამერიკული მედიასაშუალება Newsweek განსხვავებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ “უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი” თეირანის სიახლოვეს შეცდომით ჩამოაგდეს ირანის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემით. როგორც გამოცემა წერს, ეს ინფორმაცია მათ ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის სამსახურისა და პენტაგონის სამი მაღალჩინოსნისგან ანონიმურად მიიღეს.

Newsweek-ის ცნობით, წყაროებმა მას განუცხადეს, რომ უკრაინული სამგზავრო თვითმფრინავი რუსული წარმოების სარაკეტო სისტემის – Tor-M1-ის გამოყენებით ჩამოაგდეს, რომელსაც NATO-ში Gauntlet-ის სახელით იცნობენ.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების”  ბოინგ 737-800 8 იანვარს, გამთენიისას ჩამოვარდა ირანის დედაქალაქ თეირანთან ახლოს. დაიღუპა ბორტზე მყოფი 176 ადამიანი. უკვე ცნობილია, რომ გამოძიებისთვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მასალებს – ე.წ. შავ ყუთებს – ირანი არ გადასცემს უკრაინასა და ბოინგს.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/418935/?fbclid=IwAR0QIk30QxZsKrqLqLpVkaKsYYcU048VcuOZMGgttR56qYvPZBH3ic5T0WA

 

 

 

112-ის გადასახადი ფიზიკური პირებისთვის იანვრიდან გაორმაგდა

2020 წლის იანვრიდან საქართველოს მთავრობამ „112“-ის გადასახადი ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის გაათანაბრა და 40 თეთრი გახადა. შესაბამისად, ფიზიკური პირებისთვის აღნიშნული გადასახადი თვეში 20 თეთრით გაძვირდა, იურიდიული პირებისთვის კი 10 თეთრით შემცირდა.

მთავრობის დადგენილებით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების საფასური ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის [მათ შორის, დაწესებულებისთვის], 2020 წლის იანვრიდან შეადგენს 40 თეთრს [დღგ-ის ჩათვლით].

შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 30 დეკემბერს მიიღო და 31 დეკემბერს შევიდა ძალაში.

ამავე დადგენილებით, იგივე გადასახადი მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტის სააბონენტო ნომერზე ყოველ კალენდარულ თვეში, მიუხედავად აბონენტად გახდომის რიცხვისა, ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის [მათ შორის, დაწესებულებისთვის], ასევე შეადგენს 40 თეთრს [დღგ-ის ჩათვლით].

2019 წლის ივლისში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო 112-ის გადასახადი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 20 თეთრი, ხოლო იურიდიული პირებისთვის 50 თეთრი იყო, თუმცა ეს არ ნიშნავდა იმას, რომ გადასახადი საბოლოოდ გაუქმდებოდა.

სასმართლოს 2018 წელს სარჩელით იურისტმა ლევან ალაფიშვილმა და „კს ალაფიშვილი და ყავლაშვილი – საქართველოს ადვოკატთა ჯგუფმა“ მიმართა.

სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს კონკრეტული მოსაკრებელი საქართველოს პარლამენტს უნდა დაედგინა, შესაბამისად, მთავრობას არ ჰქონდა უფლება მოსაკრებელი შემოეღო ან მისი განაკვეთი განესაზღვრა. ამასთან, სასამართლომ 2019 წლის 31 დეკემბრამდე გადაავადა სადავო ნორმების ძალადაკარგულად გამოცხადება, „რადგან მთავრობასა და პარლამენტს ჰქონდეთ გონივრული ვადა იმისთვის, რომ 112-ის დაფინანსების საკითხი გადაწყვიტონ“.

საქართველოს მთავრობის მიერ ახალი ტარიფის დადგენამდე რამდენიმე დღით ადრე, 2019 წლის 19 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის შესახებ“.

ამ კანონის მიხედვით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის მომსახურების საფასურის გადამხდელები არიან ფიქსირებული გეოგრაფიული ან არაგეოგრაფიული ზონის აბონენტი და მობილური სატელეფონო მომსახურების მიმღები აბონენტი.

რაც შეეხება მომსახურების საფასურს, ამავე კანონში აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიძლება დაწესდეს საფასური 0.20-დან 0.50 ლარამდე [დღგ‑ის ჩათვლით]“.

ფიგურების „სასაფლაო“ ახალ ბულვარში [ფოტო]

ბათუმის ახალ ბულვარში, ე.წ. ამფითეატრის მიმდებარედ, ერთ დროს ბულვარში განთავსებული ფიგურები, დეკორატიული სკულპტურები, ფილები თუ სხვადასხვა სახის ინვენტარი, ღია ცის ქვეშ, უწესრიგოდ ყრია. ფიგურების და ინვენტარის უმეტესობა დაზიანებულია.

ამ ადგილზე დაზიანებული ნივთები ბოლო რამდენიმე წელია ალაგია, თუმცა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ბულვარის ადმინისტრაციაში გვითხრეს, რომ წლის ბოლოს მიმდინარეობდა ინვენტარიზაცია და დაახლოებით 10 დღის შიგნით ტერიტორია დალაგდება.

„უმეტესი მათგანი, რაც მაქ არის დასაწყობებული, არის დროებით და უნდა დავალაგოთ. ნაწილი ექვემდებარება აღდგენას და შეკეთების შემდეგ ძველ ადგილზე დავაბრუნებთ. მაგალითად, სკულპტურა „მე, შენ და ბათუმი“ ანბანის კოშკთან მოედნის რეაბილიტაციის გამო მოვხსენით, ის არ არის ჩამოწერილი და დავაბრუნებთ თავის ადგილზე. დანარჩენი, რახან ინვენტარიზაციის პროცესი მიმდინარეობს, ვერ მოვასწარით ყველას აღრიცხვა. ნაწილი ჩამოწერილია და მაქვე სასაწყობო მეურნეობაში გადავიტანთ.“ – გვითხრეს ბულვარის ადმინისტრაციაში.

ახალი ბულვარი / 8.01.2020
ახალი ბულვარი / 8.01.2020
ახალი ბულვარი / 8.01.2020
ახალი ბულვარი / 8.01.2020
ახალი ბულვარი / 8.01.2020
ახალი ბულვარი / 8.01.2020
ახალი ბულვარი. სკულპტურა „მე, შენ და ბათუმი“, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში აცხადებენ, დროებითაა მოხსნილი და ის თავის ადგილს დაუბრუნდება / 8.01.2020

ავსტრალიამ აღიარა საქართველოს მიერ გაცემული მეზღვაურთა სერტიფიკატები

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ავსტრალიამ 2020 წლის 8 იანვრიდან აღიარა საქართველოს მიერ გაცემულ მეზღვაურთა სერტიფიკატები. „ავსტრალიისგან მეზღვაურთა სერტიფიკატების ურთიერთაღიარების ხელმოწერილი მემორანდუმი მივიღეთ“, – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„დღეის მდგომარეობით ასეთი მემორანდუმი გაფორმებული გვაქვს მსოფლიოს 52 სახელმწიფოსთან“, – უთხრა „ბათუმელებს“ სააგენტოს დირექტორის მოადგილემ.

რას ნიშნავს ეს მეზღვაურებისთვის, რომლებიც საქართველოს საზღვაო სასწავლებლების მიერ გაცემული სერტიფიკატებს ფლობენ? – სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის თქმით, ქართველ მეზღვაურებს ახლა უკვე უფლება ექნებათ დასაქმდნენ ავსტრალიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზეც.

„ავსტრალია გამოირჩევა ძალიან მაღალი სტანდარტებით და შერჩევის მკაცრი კრიტერიუმებით, როგორც გაცემული საბუთების, ისე მეზღვაურთა კომპეტენციის ნაწილში. შესაბამისად, ჩვენი მეზღვაურები თავისუფლად შეძლებენ დასაქმდნენ ავსტრალიის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე – მათ საკმაოდ მსხვილი სანაპირო სანაოსნო ინდუსტრია აქვთ“, – აცხადებს ივანე აბაშიძე.

ივანე აბაშიძე ამბობს, რომ გერმანიის აღიარების მემორანდუმმა, რომელიც გასულ წელს გაფორმდა, „დიდი ეფექტი იქონია სხვა ქვეყნების დარწმუნებაზე, რომ ჩვენთან საკმაოდ მაღალი სტანდარტებია. ახლა მოლაპარაკებები მიმდინარეობს გაერთიანებულ სამეფოსთან და 2020 წელში დიდი ბრიტანეთის ბაზარიც გაიხსნება… პარალელურად ვმუშაობთ ნორვეგიასთან, შვედეთთან და ჰოლანდიასთან“.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის აზრით, „ახლა ბურთი უკვე დამსაქმებლებისა და მეზღვაურების მოედანზეა“ და ის კარგად უნდა გამოიყენონ.

რაც შეეხება ანალოგიური მემორანდუმებს, ის საქართველოს უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირის წევრ 19 სახელმწიფოსთან და ივანე აბაშიძის თქმით, „დღეის მდგომარეობით მსოფლიოში რა გემებიც დაცურავს, დაახლოებით იმათ 80 %-ს ვფარავთ ჩვენი მეზღვაურების დასაქმების ბაზრის მიხედვით“:

„ევროკომისია 2019 წლიდან გვაღიარებს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ საზღვაო სახელმწიფოდ, რომელიც მეზღვაურებს აწვდის ევროპელ გემფლობელებს და გასულ წლის მონაცემებით მე-13 ადგილზე ვართ ევროპელი გემფლობელებისთვის ქართველი მეზღვაურების დასაქმების თვალსაზრისით“.

პროფესიული სასწავლებლების პედაგოგების ხელფასები იზრდება – სამინისტრო

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წლიდან შრომის ანაზღაურება გაეზარდა პროფესიული სასწავლებლების 2 515 პედაგოგს და ერთი სამუშაო საათში ისინი 15 ლარს მიიღებენ.

„აღნიშნული ზრდა 2020 წლის იანვრიდან შეეხება ყველა მასწავლებელს, რომელიც დასაქმებულია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ საჯარო დაწესებულებაში (კოლეჯი, უნივერსიტეტი, სკოლა) ან იმ კერძო სასწავლებელში, სადაც ირიცხებიან პროფესიული სტუდენტები სახელმწიფო დაფინანსებით. ეს ცვლილება პროფესიულ განათლებაში კერძო სექტორიდან, წარმოებიდან პროფესიონალი კადრების მოზიდვის საშუალებას იძლევა“, – წერია უწყების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა თვიური ანაზღაურება დამოკიდებულია საათობრივ დატვირთვაზე: „მათი საშუალო თვიური ანაზღაურება… ზრდის შემთხვევაში ის მიაღწევს დაახლოებით 1800 ლარს“.

ასლან აბაშიძის პრესცენტრის უფროსი განათლების სამინისტროში დანიშნეს

აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში კულტურის დეპარტამენტის ხელმძღვანელად თამარ გუდავა დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას ადასტურებენ სამინისტროში. უწყების პრესცენტრის ინფორმაციით, თამარ გუდავა კონკურსის წესით დაინიშნა თანამდებობაზე.

თამარ გუდავა საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება აქამდეც ჰქონდა – ის აბაშიძის ხელისუფლების პირობებში უშუალოდ ასლან აბაშიძის პრესსპიკერი იყო.

____

ასლან აბაშიძემ 2004 წლის მაისში, საყოველთაო პროტესტის ფონზე დატოვა თანამდებობა და მოსკოვში გაემგზავრა. ასლან აბაშიძე ფაქტობრივად არ ემორჩილებოდა საქართველოს ხელისუფლებას და ქვეყნის კონსტიტუციის უგულებელყოფით მართავდა რეგიონს.

მთავარი ფოტო: თამარ გუდავას FB გვარდიდან.

ბათუმსა და სხვა თვითმმართველ ქალაქებში გაზის შეყვანის საფასური 400-ის ნაცვლად 800 ლარი გახდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის [სემეკი] გადაწყვეტილებით, 2020 წლის პირველი იანვრიდან, ახალი მომხმარებლისთვის, ბუნებრივი აირის გამანაწილებელ ქსელზე მიერთების საფასური, თვითმმართველ ქალაქებში გაორმაგდა.

ბათუმში, თბილისში,  ქუთაისში, ფოთსა და რუსთავში ახალი მომხმარებელი გაზის [სიმძლავრე 0-6 კვტ] შეყვანაში 400 ლარის ნაცვლად 800 ლარს გადაიხდის. რაც შეეხება დანარჩენ მუნიციპალიტეტებს, ეს ტარიფი სემეკმა უცვლელი დატოვა და ის 400 ლარი იქნება.

ქსელზე მიერთების ვადა კი 40 დღეა. თუმცა, სემეკის ახალი დადგენილებით, „თუ ადგილი აქვს გამანაწილებელ ქსელზე მრავალბინიანი სახლის მიერთებას, ერთობლივი განაცხადით მიმართვის შემთხვევაში, გამანაწილებელ ქსელზე მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა განისაზღვრება მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ, ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრის მიხედვით. იმ შემთხვევაში, თუ მიერთების მსურველ(ებ)ის მიერ ერთობლივი განაცხადით მოთხოვნილი ჯამური სიმძლავრე აღემატება 100 კუბ.მ/სთ, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდი-ვადა შეადგენს 60 სამუშაო დღეს“.

800 ლარში შედის ქსელზე დაერთება და ერთი წერტილი [ოღონდ – როგორც „ბათუმელებს“ „სოკარ ჯორჯია გაზში“ უთხრეს – არა მრავალბინიან კორპუსებში – აქ შიდა ქსელს თავად ბინის მესაკუთრე აწყობს. თუმცა, შესრულებულ სამუშაოს საბოლოოდ, გაზის გამანაწილებელი კომპანია შეამოწმებს და ჩაიბარებს]. რაც შეეხება ყოველი მომდევნო წერტილის დამატებას, აქ საფასურის ოდენობას სემეკი არ არეგულირებს.

ძალაში რჩება ქსელზე მიერთების საფასურის განწილვადება [ე.წ. განვადება], თუმცა ასეთ შემთხვევაში, „მიერთების საფასური განისაზღვრება არსებულ მიერთების საფასურზე  თვითმმართველ ქალაქებში 50 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში 25 ლარის (დღგ-ის ჩათვლით) დამატებით“.

„ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების” დამტკიცების შესახებ შესაბამის დადგენილებაში სემეკმა აღნიშნული ცვლილება 2019 წლის 26 დეკემბერს შეიტანა, რომელიც ძალაში 30 დეკემბერს შევიდა.

„ცვლილება ბუნებრივი აირის სექტორს შეეხო, ვინაიდან არსებული საფასურის ოდენობა, შესრულებული სამუშაოების თვითღირებულებიდან გამომდინარე, არარეალური იყო. ამიტომ რეალური საფასურის დადგენა ხელახლა იყო საჭირო. მიზეზი თვითონ სამუშაოების სირთულეებია, მაგალითად, თვითმმართველ ქალაქებში ძალიან ბევრ ადგილზე, საჭიროა ასფალტის გადათხრა, სხვადასხვა ტექნიკური სამუშაოების ჩატარება [იგივე, ტექნიკის დაქირავება, შეთანხმებები და ა.შ.], რაც სხვა ქალაქებში და მუნიციპალიტეტებში არ დგას დღის წესრიგში“ – გვითხრეს სემეკის პრესსამსახურში.

ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირები სტაციონარის ნაცვლად კვარიათში, საცხოვრისში იმკურნალებენ

ფსიქიკური სერვისების მიმღები პირები სტაციონარის ნაცვლად ოჯახურ გარემოში, საცხოვრისში გააგრძელებენ მკურნალობას. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საუბარია ბენეფიციარებზე, რომლებსაც სოციალური და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები გააჩნიათ.

რამდენიმე დღეა 24 ბენეფიციარი კვარიათში, ბათუმის სამედიცინო ცენტრის მიერ დაქირავებულ შენობაში დროებით გადაიყვანეს. ცენტრს, ფინანსურ მხარდაჭერას სამინისტრო უწევს. 2020 წლის მაისიდან კი, ბათუმის სამედიცინო ცენტრი, საკუთარი ფინანსებით, საცხოვრისის მშენებლობას ფრიდონ ხალვაშის გამზირზე გეგმავს.

ბათუმის სამედიცინო ცენტრის ინფორმაციით საცხოვრისში მოხვედრის კრიტერიუმები სამინისტროს პროგრამაშია გაწერილი და იქ, ვერ მოხდება ისეთი პაციენტები, რომლებსაც დაავადების სირთულის გამო აუცილებლად ესაჭიროებათ მკურნალობა სტაციონარში.

„ბენრფიციართა საცხოვრისით უზრუნველყოფისათვის წელს პირველად აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური პროგრამა აამოქმედა. „ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისით უზრუნველყოფის“ პროგრამა სახალხო დამცველის აპარატისა და უმაღლესი საბჭოს რეკომენდაციით შეიმუშავა. პროგრამის ბიუჯეტი 307 440 ლარს შეადგენს. პროგრამა ბათუმის სამედიცინო ცენტრის ბაზაზე ხორციელდება“ – აცხადებს სამინისტრო.

სამინისტროს ინფორმაციით, „24 ბენეფიციარზე გათვლილ და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური რესურსით დაკომპლექტებულ ოჯახურ გარემოში ფსიქიკური სერვისების მიმღებ პირებს სოციუმთან აქტიური კომუნიკაციის, საოჯახო საქმეებში ჩართვის, თავის მოვლის, სხვადასხვა შრომითი აქტივობისა და სეირნობის შესაძლებლობა ექნებათ, რაც ხელს შეუწყობს დამოუკიდებელი უნარების შენარჩუნება-განვითარებას და მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას“.

საცხოვრისი, მომსახურებას განახორციელებს 24 საათის განმავლობაში: სამჯერადი კვება, ბენეფიციარების უზრუნველყოფა პირადი ჰიგიენის ნივთებით, ბენეფიციარის საჭიროებებისა და ინტერესების შესაბამისად აღჭურვილი ფიზიკური გარემო, სხვადასხვა აქტივობების და გასართობი თუ სხვა ღონისძიებების მიწოდება. პაციენტებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია ჩაუტარდებათ მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ შედგენილი ინდივიდუალური ზრუნვის გეგმის შესაბამისად.

„პრაქტიკამ აჩვენა, რომ ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანების საოჯახო ტიპის საცხოვრისში გადაყვანა და მათ მიმართ მხარდაჭერა დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღებას და მათი ცხოვრების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს“ – აცხადებს სამინისტრო.

ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისი კვარიათში / ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო
ფსიქიკური აშლილობის მქონე შშმ პირთა საცხოვრისი კვარიათში / ფოტო: ჯანდაცვის სამინისტრო

 

 

ხელოვნური პლაჟი ბათუმში – ახალ ბულვართან ხრეშის დაყრა დასრულდა [ფოტო]

ახალ ბულვართან პლაჟის ხელოვნურად მოწყობისთვის ხრეშის დაყრა დასრულდა. ბათუმის ნაპირდაცვის პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 30 ათასი კუბ/მეტრი ხრეში, აქ ძველი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიიდან მანქანებით გადმოიტანეს. მუნიციპალური განვითარების ფონდში ამბობენ, რომ შესასრულებელი დარჩა ხრეშის ადგილზე მოსწორება-გადანაწილების სამუშაოები.

ძველი ბულვარიდან ახალ ბულვარში ხრეშის მილებით გადაქაჩვა იყო დაგეგმილი, თუმცა ეს გეგმა ჩაიშალა. სპეციალურად ჩამოტანილი მოწყობილობებისა და მილების საკითხი კი ამ დრომდე გადაწყვეტილი არ არის.

ერთი თვის წინ მუნიციპალური განვითარების ფონდში „ბათუმელებს“ განუცხადეს, რომ მათ მისცეს დავალება პროექტის ინჟინერს – იტალიურ კომპანიას, შეისწავლოს მიზეზი. მიზეზის დადგენის შემდეგ კი დადგება ზარალის ანაზღაურების საკითხი [შესაძლოა განიხილონ არსებული სატუმბი სისტემის შეცვლა და ახლის შემოტანა, რომელიც იმუშავებს ბათუმის პლაჟზე, ვინაიდან ახალ ბულვართან პლაჟმა რომ იარსებოს, მას მუდმივი კვება, ანუ იქ ხრეშის რეგულარულად დაყრა სჭირდება, განსაკუთრებით აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ].

ბათუმის ახალ ბულვარში სასეირნო ბილიკის, 2 კილომეტრი სიგრძის ნაპირდამცავი ნაგებობებისა და ხელოვნური პლაჟის მოსაწყობად ბიუჯეტიდან 55 მილიონამდე ლარი იხარჯება.

პროექტი 2020 წლის იანვრის ბოლოს დასრულდება. შესაძლო დეფექტების აღმოსაფხვრელად კი, ხელშეკრულებით, 2 წელია გათვალისწინებული.

ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020
ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვართან / 8.01.2020
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020
ხელოვნური პლაჟი ახალ ბულვართან / 8.01.2020

ამ თემაზე:

„ნუ აძვრებით ქვებზე“ – უსაფრთხოა თუ არა ნაპირდამცავი ნაგებობა ახალ ბულვარში

 

ქალაქის ცენტრში მიტოვებული შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

ბათუმში, ჭავჭავაძის N19-ში [ჭავჭავაძისა და 9 მარტის ქუჩების კვეთა] მდებარე შენობა ამ ეტაპზე უფუნქციოდაა და ფაქტობრივად სანაგვედაა ქცეული. შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ის დღეს სააქციო საზოგადოება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია. აქ ენერგოკომპანიის ერთ-ერთი ოფისი იყო განთავსებული, თუმცა, კომპანიაში გვითხრეს, რომ რამდენიმე წელია სხვა მისამართზე გადავიდნენ.

„ცუდია, რომ ასეთ მდგომარეობაშია… ამ შენობის შიდა პროექტი იმდენად გამოუსადეგარია, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია იქ რაიმე საქმიანობა განვახორციელოთ, ამიტომ არის დროებით დაკეტილი. ეტაპობრივად ხდება მოწესრიგება, მაგრამ, რადგან მეთვალყურე არ გვყავს ცარიელი შენობის დასაცავად, ალბათ, მოხდა შუშების ჩამტვრევა, ნაგავის დაყრა… უახლოეს პერიოდში ჩავსვამთ მინებს და მოვაწესრიგებთ.“ – გვითხრეს „ენერგო-პრო ჯორჯიაში“

შენობა ბათუმში, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია, თუმცა უფუნქციოდაა / ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია / ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
შენობა ბათუმში, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია, თუმცა უფუნქციოდაა / ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია / ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“
შენობა ბათუმში, რომელიც „ენერგო-პრო ჯორჯიას“ საკუთრებაშია, თუმცა უფუნქციოდაა / ეს შენობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია / ფოტო: ლელა დუმბაძე/„ბათუმელები“

ნათია ზოიძის წინააღმდეგ აჭარის ტელევიზიის დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა

აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილის, ნათია ზოიძის წინააღმდეგ ტელევიზიის ახალმა დირექტორმა დისციპლინური საქმისწარმოება შეწყვიტა. საქმე ეხება არქივის მასალების გაცემას. გიორგი კოხრეიძე, აჭარის ტელევიზიის დირექტორი მიიჩნევდა, რომ მაშინ, როცა ნათია ზოიძე ტელევიზიის დირექტორის მოვალეობას ასრულებდა, არქივის მასალები კანონდარღვევით გაიცა.

„მაუწყებლის არქივიდან მასალების გაცემასთან დაკავშირებული პროცესის მართვის არათანმიმდევრულობა ცხადყოფს, რომ მაუწყებლის მიერ შესამუშავებელია საარქივო მასალის გაცემის წესი, რითაც დარეგულირდება პასუხისმგებელი პირების უფლებამოსულება, ვალდებულებები და საარქივო მასალის გაცემის პროცედურა,“ – აღნიშნულია ბრძანებაში, რომელსაც გიორგი კოხრეიძე აწერს ხელს.

ბრძანებაში არაა განმარტებული, რატომ იყო არათანმიმდევრული ნათია ზოიძის გადაწყვეტილება არქივის მასალის გაცემის დროს, თუკი არქივის მასალების გაცემის წესი არ არსებობდა.

დავის საგანი არქივის ის მასალებია, რომელიც ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს ყოფილი წევრი – ბეჟან გობაძე ითხოვდა. ბრძანების მიხედვით, გობაძეს მასალების ნაწილი საფასურის გარეშე მისცეს.

ამავე ბრძანების მიხედვით, გიორგი კოხრეიძემ იურიდიული მხარდაჭერის სამსახურს დაავალა „მაუწყებელში უზრუნველყოს დაცული საარქივო მასალის გაცემის წესის შესახებ დოკუმენტის შემუშავება“.

დისციპლინური საქმისწარმოება 6 დეკემბერს დაიწყო გიორგი კოხრეიძემ, რომელიც აჭარის ტელევიზიის დირექტორად 22 ნოემბერს აირჩიეს. ეს ერთ-ერთი საკითხია მათ შორის, რის გამოც ნათია ზოიძე მიიჩნევს, რომ მას ტელევიზიის ახალი დირექტორი დევნის და მან პროკურატურას 14 დეკემბერს მიმართა.

ნათია ზოიძე გიორგი კოხრეიძემ სარედაქციო პოლიტიკას უკვე ჩამოაშორა. მას მხოლოდ ანგარიშების შედგენის ფუნქცია დაუტოვეს.

უკრაინის საგარეო ავიაკატასტროფის მიზეზებიდან ტერაქტსა და რაკეტით ჩამოგდებას გამორიცხავს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის დედაქალაქ თეირანში მომხდარი ავაიაკტასტროფის მიზეზებიდან გამორიცხა ავიაკატასტროფა ან რაკეთით ჩამოგდების ვერსია. როგორც საგარეო უწყება აცხადებს, გამოძიების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ავიაკატასტროფა ძრავის პრობლემამ გამოიწვია.

“უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების” ბოინგ 737-800 დღეს დილით თეირანის აეროპორტიდან აფრენიდან მალევე ჩამოვარდა. ზუსტდება ინფორმაცია დაღუპულების შესახებ. უკრაინული მედიის ცნობით, რეისზე 168 ბილეთი იყო გაყიდული, ასევე, ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 9 წევრი – ყველა უკრაინელი.

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაღუპულებს შორის არის ირანის 82, კანადის 63, უკრაინის 11 (მათგან ეკიპაჟის 9 წევრი), შვედეთის 10, ავღანეთის 4, ბრიტანეთის 3 და გერმანიის 3 მოქალაქე.

როგორც IRNA წერს, თვითმფრინავის ძრავს ცეცხლი გაუჩნდა, რის შემდეგაც პილოტმა კონტროლი დაკარგა და ჩამოვარდა. დაწყებულია გამოძიება. ირანის სამაშველო სამსახურებმა ტერიტორიიდან გარდაცვლილთა ცხედრები უკვე გაიტანეს.

დღეს, 8 იანვარს, თეირანში, უკრაინის საერთაშორისო ავიახაზების თვითმფრინავი BOEING 737-800 სარეგისტრაციო ნომრით PS752,  რომელიც თეირანი-კიევის მიმართულებით მიფრინავდა, აფრენიდან მალევე, თეირანის გარეუბანში ჩამოვარდა.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს იყო BOEING 737 MAX მოდელის თვითმფრინავი, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში ორჯერ ჩამოვარდა და რომლის წარმოებაც ავიამწარმოებელმა შეწყვიტა, თუმცა ეს ასე არ არის.

გია ქარცივაძე უმაღლესმა საბჭომ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა

უმაღლესმა საბჭომ, დღეს, 8 იანვარს, 15 ხმით, გია ქარცივაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრად დაამტკიცა. გია ქარცივაძე მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი იქნება.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მეხუთე კანდიდატად იურისტი გია ქარცივაძე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაასახელა. გია ქარცივაძე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია.

ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მრჩევლის არჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უნდა განიხილოს, რომელსაც განხილვის სამდღიანი ვადა აქვს. „ეს ვადა 9 იანვარს იწურება. ამ დროისთვის [8 იანვრის 12:00 საათი – ავტ] საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ – გვითხრეს სასამართლოში.

უმაღლესი საბჭოს რიგგარეშე სესია დღეს ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება

აჭარის უმაღლესი საბჭოს როიგგარეშე სესია დღეს, 8 იანვარს, ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ჩატარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ახალ შენობაში სასესიო დარბაზის მზადყოფნამდე, ქალაქ ბათუმის საკრებულოს ან უმაღლესი საბჭოს ყოფილი შენობის (მისამართი: დაბა ჩაქვი, ვ. მეგენეიშვილის ქ. N 25) სხდომათა დარბაზებში გაიმართება.

გადაწყვეტილება, სხდომის უმაღლესი საბჭოს ადგილსამყოფელის – იურიდიული მისამართის გარეთ გამართვის შესახებ, უმაღლესი საბჭოს ბიუროს სხდომაზე დღეს, 8 იანვარს, მიიღეს.

რიგგარეშე სესიის დღის წესრიგში სამი საკითხია შეტანილი. მათ შორისაა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის არჩევა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს მეხუთე კანდიდატად „ნაციონალურმა მოძრაობამ“ იურისტი გია ქარცივაძე დაასახელა, რომელიც ამჟამად აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსია. თუ კი უმაღლესი საბჭოს 11 წევრი გია ქარცივაძის კანდიდატურას მხარს დაუჭერს, ქარცივაძე მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი გახდება.

თუმცა, ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და მრჩევლის არჩევის პროცესის შეჩერება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკითხი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ უნდა განიხილოს, რომელსაც განხილვის სამდღიანი ვადა აქვს. „ეს ვადა 9 იანვარს იწურება. ამ დროისთვის [12:00 საათი] საკითხზე რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის“ – გვითხრეს სასამართლოში.

 

მთავარი ფოტო: ბიუროს სხდომა / ფოტო: აჭარის უმაღლესი საბჭო

ღრუბლიანობა და დროგამოშვებით წვიმა – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი აჭარაში

აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 8 იანვრის 21 საათიდან 9 იანვრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია: უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა, დღისით ზოგან ძლიერი; დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მ/წმ-ში, ზოგან 17-22მ/წმ-ში.

ჰაერის ტემპერატურა:

  • სანაპირო რაიონებში – ღამით 2-7, დღისით 8-13 გრადუსი სითბო,
  • შიდამთიან რაიონებში – ღამით 0-5 გრადუსი ყინვა, დღისით 0-5 გრადუსი სითბო,
  • მაღალ მთაში – ღამით 5-10 დღისით 0-5 გრადუსი ყინვა.

ზღვის პროგნოზი:

  • სამხრეთ-დასავლეთის ქარი 6-11მ/წმ-ში. ზოგან 17-22მ/წმ-ში, დროგამოშვებით წვიმა, დღისით ზოგან ძლიერი, ხილვადობა 4-10კმ. ტალღის სიმაღლე 15-25 დმ (4-5ბალი).
  • ზღვის წყლის ტემპერატურა +10 გრადუსი იქნება.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის პროგნოზით, ბათუმსა და აჭარის მთიანეთში 10 და 11 იანვარს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში თოვა.

Exit mobile version