მთავარი,სიახლეები

საპენსიო ფონდში უკვე 311 მილიონი ლარი დაგროვდა

02.08.2019 •
საპენსიო ფონდში უკვე 311 მილიონი ლარი დაგროვდა

საპენსიო სააგენტოს მონაცემებით, სქემაში ჩართული მოქალაქეების საპენსიო ანგარიშებზე, 2 აგვისტოს მდგომარეობით, ჯამში, დარიცხულია 311 მილიონამდე ლარი. აქედან 306 მილიონზე მეტი ლარი აკუმულირებულია უშუალოდ დასაქმებულის, დამსაქმებლისა და სახელმწიფოს მიერ, ხოლო 4 მილიონ 600 ათასამდე ლარი არის ამონაგები [დარიცხული პროცენტი. ეს თანხა ჯერჯერობით ბანკებშია].

სააგენტოს ინფორმაციით, დაგროვებით საპენსიო სქემაში ამ დროისთვის ჩართულია 854 500-ზე მეტი დასაქმებული და 55 728 ორგანიზაცია. აქედან რამდენია საჯარო მოხელე და საჯარო დაწესებულება, ეს მონაცემები ამ ეტაპზე, როგორც საპენსიო სააგენტოში გვითხრეს, დაზუსტებული არ აქვთ.

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ კი ოლივიე რუსო აირჩიეს. ის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა – თუ რა სფეროში/პროექტებში  დაბანდდება ეს თანხა – სწორედ საინვესტიციო საბჭომ უნდა განსაზღვროს. ამ თემაზე: უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? 

საპენსიო სააგენტოში ამ ეტაპზე რისკის კომიტეტი ყალიბდება. კომიტეტის თავმჯდომარის ვაკანსიაზე კონკურსი, როგორც სააგენტოში გვითხრეს, ერთ-ორ კვირაში გამოცხადდება. სააგენტოს ინფორმაციით, საპენსიო ფონდში დაგროვებული თანხის დაბანდებაზე საინვესტიციო საბჭომ შესაძლოა მიმდინარე წლის სექტემბერში იმსჯელოს.

2019 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, დაგროვებითი საპენსიო სქემა 130 ათასამდე ადამიანმა დატოვა.

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/221134/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: