ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შეჩერდება თუ არა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევის პროცესი სასამართლო გადაწყვეტს

07.01.2020 • 2206
შეჩერდება თუ არა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მე-5 წევრის არჩევის პროცესი სასამართლო გადაწყვეტს

აჭარის უმაღლესმა საბჭომ ხვალ, 8 იანვარს, რიგგარეშე სესიაზე კენჭი უნდა უყაროს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატის, გია ქარცივაძის მრჩევლად არჩევას. თუმცა, ყოფილმა ოთხმა კონკურსანტმა, გუშინ, 6 იანვარს, შუამდგომლობით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს და პროცესის შეჩერება მოითხოვა.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ საკითხი სავარაუდოდ ხვალ, 8 იანვარს უნდა განიხილოს. „ბათუმელების“ ინფორმაციით, ამ დროისთვის არ არის ცნობილი, თუ კონკრეტულად რომელი მოსამართლე განიხილავს საკითხს.

ყოფილი კონკურსანტების თქმით, ეს არის სარჩელის აღძვრამდე ღონისძიების უზრუნველყოფა და შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს.

ისინი ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის მრჩევლობის კანდიდატთა შესარჩევი კომისიის მიერ ბოლო გასაუბრების შემაჯამებელი ოქმის მოქმედების შეჩერებას, დავის საბოლოო გადაწყვეტამდე. კონკრეტულად, იმ ნორმების შეჩერებას, რომლის საფუძველზეც შედგა შემაჯამებელი ოქმი.

დავა ჯერ დაწყებული არ არის. ყოფილ კონკურსანტებს სასამართლოში სარჩელი ჯერ წარდგენილი არ აქვთ და მათ შუამდგომლობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან. მათ მიაჩნიათ რომ შეჩერების საფუძველი არის.

აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობის სურვილი თავის დროზე 9 პირმა გამოთქვა. ესენი არიან: ბეჟან გობაძე, არჩილ ხახუტაიშვილი, ლაშა ზარგინავა, თეიმურაზ დიასამიძე, ციალა ქათამიძე, ჯემალ მეგრელიძე, ნათია აფხაზავა, ირმა ზოიძე და გია ქარცივაძე.

სასამართლოს კი შუამდგომლობით მიმართეს ციალა ქათამიძემ, არჩილ ხახუტაიშვილმა, ბეჟან გობაძემ და ჯემალ მეგრელიძემ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრობის კანდიდატი, კომისიის მიერ შერჩეული კონკურსანტებიდან, „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა დაესახელებინა. კომისიამ კი ბოლო შემაჯამებელი ოქმით სამი კანდიდატი: ირმა ზოიძე, ლაშა ზარგინავა და გია ქარცივაძე შეარჩია. სწორედ ამ უკანასკნელზე შეაჩერა არჩევანი „ნაციონალურმა მოძრაობამ“, რომლის კვოტით უნდა აირჩიონ აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს მეხუთე წევრი.

კომისიაში 5 წევრი იყო: „აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ EECMD რეგიონული კოორდინატორი – თამარ მამეიშვილი, პროფესიული კავშირის წარმომადგენელი – მანანა შარაშიძე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელი დირექტორი – გიორგი მგელაძე, ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ხელმძღვანელი – ნათია კუპრაშვილი და ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირის – „ინტელექტის“ გამგეობის თავმჯდომარე – ლევან გობაძე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: