მთავარი,მოსაზრება,სიახლეები

ქართველი მამლუქების ძიებაში – კაიროს „მიცვალებულთა ქალაქი“ [ფოტო]

10.01.2020 • 4313
ქართველი მამლუქების ძიებაში – კაიროს „მიცვალებულთა ქალაქი“ [ფოტო]

ავტორი: მიხეილ გვაძაბია

1811 წლის პირველი მარტი – ოსმალთა ეგვიპტის გამგებელმა მუჰამად ‘ალი ფაშამ, რომელსაც გავლენაში მოცილე ელემენტები არ სჭირდებოდა, წერტილი დაუსვა მამლუქთა ერას ქვეყანაში. კაიროს ციტადელში აღლუმზე დასასწრებად მიპატიჟებულებს, 470 მამლუქსა და სხვებს, სულ 1000-მდე ადამიანს, კარიბჭე მოულოდნელად ჩაუკეტეს და ციხესიმაგრის გალავნებიდან ცეცხლი გაუხსნეს. ვისაც ტყვიები ვერ მისწვდა, თავები მოკვეთეს. მომდევნო დღეებში ეს პროცესი მთელი ეგვიპტის მასშტაბით გაგრძელდა. შედეგად, მამლუქები ფიზიკურად განადგურდნენ.

თუმცა, ეს შემდგომ იყო. მანამდე კი, საუკუნეების განმავლობაში, მამლუქები მტკიცედ იყვნენ გამაგრებულნი ეგვიპტის ხელისუფალთა რიგებში და ერთპიროვნულად განაგებდნენ მას. მათ შორის წარმოშობით ქართველებიც მოიძებნებიან.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

„ალი ბეი ალ-ქაბირი? როგორ არ ვიცი!” – მითხრა ხალიდმა, მცხობელს ფული გაუწოდა და ეგვიპტური პურით სავსე ჩანთით ხელში ჩემთან ერთად დაადგა გზას იმამ ალ-ლაისის ქუჩისკენ. ხალიდს – შუახნის ინჟინერსა და მის მეგობარს კაიროს „მიცვალებულთა ქალაქში“ შევხვდი, სადაც რამდენიმედღიანი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე წასვლა ქართველი მამლუქების საფლავების საძებნელად.

უხერხულობათავიდან რომ ავიცილოთ, თავშივე აღვნიშნავ: ამ საფლავებთან მიმართებით საძებარი და საკვლევი ბევრი აღარაფერი დარჩა: ყოველ შემთხვევაში, მათი არსებობა, მიცვალებულთა ვინაობაც და ეგვიპტის პოლიტიკურ ასპარეზზე მათი მოღვაწეობაც კარგა ხნის წინ შეისწავლეს. ამ დღეს მხოლოდ ის მინდოდა, დამოუკიდებლად მივსულიყავი ადგილამდე, რომელზეც მანამდე მხოლოდ ლექციებიდან და ნაშრომებიდან ვიცოდი.

ქართველი მამლუქების მოღვაწეობასა და ეგვიპტის მართვაში მათ როლზე კვლევა პროფესორ გოჩა ჯაფარიძეს აქვს მომზადებული. „საქართველო და ეგვიპტის მამლუქები“ – მისი ამ ნაშრომის მიხედვით, მამლუქთა სახელმწიფო ეგვიპტეში, რომელსაც ძირითადად თურქული წარმომავლობის ყივჩაღები და ჩერქეზები განაგებდნენ, 1250 წელს შეიქმნა, 1517 წელს კი ის ოსმალებმა დაიპყრეს და კარგა ხანს იყო იმპერიის შემადგენლობაში.

მამლუქთა სახელმწიფოს მმართველობის სისტემა „სამხედრო მონობას“ ემყარებოდა, რომლის ფარგლებშიც ეგვიპტეში შემოყვანილ მონებს – მამლუქებს – ამუსლიმებდნენ, ასწავლიდნენ არაბულს და სამხედრო საქმეს. მამლუქთა მზარდ ძალაუფლებასთან დაკავშირებით გოჩა ჯაფარიძე თავის ნაშრომში წერს:

„ჩვეულებრივ, სამხედრო მონები ემსახურებოდნენ მმართველს თავდაპირველად ჯერ როგორც პირადი მცველები. შემდეგ გადადიოდნენ მის გარემოცვაში და ბოლოს არმიაში, ხელისუფლებასა და პროვინციულ ადმინისტრაციაშიც კი. მმართველი სულ უფრო ეყრდნობოდა სამხედრო მონებს, რომლებიც ახერხებდნენ შეექმნათ საფუძველი დამოუკიდებელი ძალაუფლებისთვის და ზოგჯერ თავის ხელში იღებდნენ საპასუხისმგებლო საქმეებს, აკონტროლებდნენ მმართველს, ანდა ახდენდნენ მისი პოზიციის უზურპაციას“.

ქართველ მამლუქთა მოღვაწეობაზე ყველაზე მეტი უნივერსიტეტში შევიტყვე, აქვე გავიგე მათი საფლავების არსებობის შესახებ კაიროში და იმ შემთხვევაში, თუ ჩემს საოცნებო ქალაქამდე ჩავაღწევდი, ერთ-ერთი პირველი გასვლა სწორედ აქ დავგეგმე. უკვე ახლა, როცა აქ სწავლის გასაგრძელებლად ჩამოსული დანიშნულების ადგილამდე მიმავალ გზებს ვეძებდი, უფრო მეტად გახდა ცხადი, რაში იყო საქმე:

მამლუქთა განსასვენებელი ქალაქის დიდ და ძველ უბანში, სალაჰ ად-დინის ციტადელთან ახლოს, მუკატტამის გორაკების ძირში მდებარეობს. მას „მიცვალებულთა ქალაქს“ („კარაფა“) უწოდებენ და ორად ყოფენ: დიდ და მცირე „კარაფებად“. კაიროს თითქმის ყველა უბანი, განსაკუთრებით ქალაქის ძველ ნაწილში, თავის მხრივ გამორჩეული და უნიკალურია, რაც ისტორიით, არქიტექტურული ელემენტებითა და ადგილობრივთა ყოფით არის განპირობებული. თუმცა, ზემოთ ხსენებულ დასახლებას დანარჩენი კაიროსაგან კიდევ ერთი რამ გამოარჩევს, რაც მის სახელწოდებასაც უდევს საფუძვლად: აქ ათობით ათასი ადამიანი სასაფლაოების გარემოცვაში ცხოვრობს.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

დასახლება საუკუნეების განმავლობაში ფორმირდებოდა და დღეისათვის აერთიანებს როგორც რიგითი მოქალაქეების საფლავებს, ისე გავლენიანი სამხედრო, სამოქალაქო და რელიგიური წრეების წარმომადგენლების აკლდამებსა და მავზოლეუმებს. საფლავების დიდ ნაწილს ქვის კედლები და ჭიშკარი აკრავს, რომლის გასაღებიც მის მცველს აქვს ჩაბარებული. ერთ-ერთ ასეთ ნაგებობაში განისვენებს სამი ქართველი მამლუქი: იბრაჰიმ ქათხუდა, ისმაილ ბეი და ალი ბეი ალ-ქაბირი.

ქართველები ძლევამოსილ მამლუქთა რიგებში, განსაკუთრებული ინტენსივობით, XVII-XVIII საუკუნეებში ჩანან, როცა ეგვიპტეს ოსმალეთის იმპერია განაგებდა. მათგან ერთ-ერთი, იბრაჰიმ ქათხუდა ალ-კაზდაღლი, ოსმალთა ეგვიპტის ფაქტობრივი მამლუქი გამგებელი იყო 1748-1754 წლებში. პროფესორი გოჩა ჯაფარიძე თავის ნაშრომში XVIII-XIX ს-ის დამდეგის ეგვიპტელ მემატიანეს, ალ-ჯაბართის ციტირებს, რომელიც ქათხუდაზე დასძენს:

„[მას ჰქონდა] ისეთი დონის ძალაუფლება, სიდიადე, გავლენა, გამჭრიახობა მართვაში და უდავო ავტორიტეტი, რომლისთვისაც მანამადე არავის მიუღწევია ეგვიპტეში“…

[მის დროს] კაიროს სილამაზე იყო ბრწყინვალე, მისი უპირატესობა – აშკარა, რაც თრგუნავდა მის მეტოქეებს“.

„მიცვალებულთა ქალაქისკენ“ დილიდანვე ავიღე გეზი. ხელთ მქონდა მეგობრის გამოგზავნილი ფოტო და მცირე გეგმა, რომელიც გოჩა ჯაფარიძემ დასახა ამ ადგილის მაძიებლებისთვის. ვიცოდი, რომ დანიშნულების ადგილამდე მისაღწევად ჯერ სუნიტური ისლამის ერთ-ერთი იურიდიულ-თეოლოგიური სკოლის დამაარსებლის მავზოლეუმამდე უნდა მივსულიყავი, შემდეგ კი ეგვიპტის გამგებლის, მუჰამად ალი ფაშას საოჯახო სასაფლაომდე. აქვე მდებარე პატარა (იმამ ალ-ლაისის) ქუჩაზე განისვენებენ ქართველი მამლუქები.

ხალიდს, რომელიც თავში ვახსენე, მათ შესახებ სმენოდა, თუმცა ზუსტად არც მან იცოდა, სად იყვნენ მამლუქები დაკრძალული. მას და მის მეგობარს მაშინ შევხვდი, როცა ხანგრძლივი და უშედეგო სიარულის შემდეგ ტრადიციული ეგვიპტური პურის საცხობს მივადექი. სწორედ ისინი გამიძღვნენ იმამ ლაისის ქუჩისკენ, გზად კი კაიროზე, მის ყოველდღიურობასა და ქართველ მამლუქებზე ვსაუბრობდით. ყველაზე მეტად ხალიდის ყურადღება ალი ბეი ალ-ქაბირის სახელმა მიიქცია – ასევე ქართული წარმოშობის მამლუქისა, რომელიც „მიცვალებულთა ქალაქში“ დაკრძალეს.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

ზემოთ ნახსენები ნაშრომის თანახმად, ალი ბეი ალ-ქაბირი 1741 წელს აფხაზეთიდან მოიტაცეს და „საჩუქრად მიართვეს ეგვიპტის მომავალ გამგებელს – ქართველ იბრაჰიმ ქათხუდას“. კვლევის მიხედვით, ის დროთა განმავლობაში გაძლიერდა, დაიწყო აჯანყება ოსმალეთის წინააღმდეგ, გაანადგურა მეტოქე მამლუქები, დროებით კონტროლს დაუქვემდებარა ფართო ტერიტორია ზემო ეგვიპტის, პალესტინისა და სამხრეთ სირიის ჩათვლით და დამოუკიდებლობის კურსი აიღო.

„1768 წლისთვის ‘ალი ბეგმა გაანადგურა ყველა შესაძლო მეტოქე და გახდა ეგვიპტის ერთპიროვნული გამგებელი. 1769 წ. ‘ალი ბეგმა დაიმორჩილა ზემო ეგვიპტის ბედუინთა შაიხები და უზრუნველყო ხორბლის და სურსათ-სანოვაგის უსაფრთხო მიწოდება დედაქალაქისა და ქვემო ეგვიპტისთვის“, – ვკითხულობთ ნაშრომში.

ცნობილია ისიც, რომ ალ-ქაბირი უშუალოდ ჩაერია ჰიჯაზის (რეგიონი არაბეთის ნახევარკუნძულზე, მოიცავს მუსლიმთა წმინდა ქალაქებს – მექასა და მედინას) საშინაო საქმეებში, რომელსაც ამ პერიოდში ასევე ოსმალეთის იმპერია განაგებდა. ალ-ქაბირის მიერ ნაბრძანები ლაშქრობის შემდეგ მექაში მისდამი ლოიალური მმართველი დანიშნეს, რომელმაც, თავის მხრივ, „ეგვიპტის სულტნისა“ და „ორი ზღვის გამგებლის“ ტიტულები უბოძა მამლუქ მმართველს.

ალი ბეგი აშენებდა და აახლებდა მეჩეთებს, მედრესეებსა და მავზოლეუმებს, რაც მუსლიმი უმაღლესი სასულიერო პირების კეთილგანწყობის მოპოვებაშიც დაეხმარა. კვლევის თანახმად, მამლუქმა მმართველმა საკუთარ კონტროლს საერთაშორისო ვაჭრობის ქსელიც დაუქვემდებარა.

წინააღმდეგობების მიუხედავად, ალი ბეიმ მამლუქთა შორის უმაღლესი, „შეიხ ალ-ბალადის“ წოდება მოიპოვა და ქვეყნის ფაქტობრივი, ერთპიროვნული გამგებელი გახდა.

ის 1773 წლის მაისში დაიღუპა მას შემდეგ, რაც სასიკვდილოდ დაიჭრა თავის ყოფილ მამლუქთან და სიძესთან ბრძოლისას.

კაირო, მიცვალებულთა ქალაქი

მიუხედავად კონფლიქტისა, როგორც ნაშრომშია აღნიშნული, სარდალმა დაღუპული ალ-ქაბირი დიდი პატივით დაკრძალა.

ქათხუდასა და ალი ბეის გვერდით დაკრძალულია კიდევ ერთი ქართველი მამლუქი – ისმაილ ბეი, რომელიც, ნაშრომის თანახმად, 1791 წელს შავი ჭირის მსხვერპლი გახდა. ის იბრაჰიმ ქათხუდას მამლუქი და მისი სიძე იყო, სათავეში ედგა ეგვიპტის მამლუქების პროოსმალურ ფრთას და პერიოდულად შაიხ ალ-ბალადის თანამდებობაც ეკავა.

სანამ ყოველივე ამას განვიხილავდით, ხალიდმა და მისმა მეგობარმა იმამ ალ-ლაისის ქუჩაზე დამტოვეს და თავიანთი სახლებისაკენ წავიდნენ. უფრო სწორად, ვთხოვე, წასულიყვნენ, რადგან ბოლომდე ცდილობდნენ უშუალოდ მოეძებნათ მამლუქთა სასაფლაო. ამის შემდეგ ძიება ისევ მარტომ განვაგრძე და კარგა ხნის შემდეგ მივხვდი, რომ წრეზე ვტრიალებდი: სამივე მამლუქის საფლავი პირდაპირ ქუჩის შემოსასვლელში ყოფილა, თუმცა, როგორც ჩანს, თავდაპირველად სათანადო ყურადღება არ მივაქციე ხის უბრალო ჭიშკარს, რომელიც მათთან მაშორებდა.

ქართველი მამლუქების საფლავები

საბოლოოდ, საფლავის მცველთან ერთ-ერთმა ადგილობრივმა მიმიყვანა, რომელსაც, როგორც იქნა, ეცნო ჩემი მეგობრის მიერ სასაფლაოს შიგნით წლების წინ გადაღებული ფოტო და ისიც იცოდა, ვის ხელში იყო ჩემი „ბოლო გაჩერების“ გასაღები.

ქუჩა, რომელზეც მდებარეობს საფლავები

ამ დღის შემდეგ სულ ვფიქრობ: „სამიზნე ობიექტის“ პოვნის თანმდევი სიხარული გამომიცდია, თუმცა ასეთი ცოტა თუ მახსენდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი ჩემამდე კარგა ხნით ადრე აღმოაჩინეს და შეისწავლეს, იქ შესვლისას ისეთი განცდა მქონდა, თითქოს მე მივაგენი რაღაც ახალს.

უცნაური განცდა კი ნამდვილად იყო: 20-მილიონიანი ქალაქის ერთ ძველ უბანში შევყურებდი 3 ქვას, რომელთა ქვეშ დაკრძალულები, სავარაუდოდ, ვერაფრით წარმოიდგენდნენ, რომ ჯერ სამშობლოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ მიწაზე აღმოჩნდებოდნენ, შემდეგ კი მის მმართველ წრეებში. ალბათ ვერც იმაზე იფიქრებდნენ, რომ მათი ზეობიდან სულ რამდენიმე ათწლეულის შემდეგ მმართველი ფაშა ერთ დღეში ამოწყვეტდა ყველა იმ კაიროელსა და დანარჩენ ეგვიპტეში მცხოვრებს, რომლებიც მამლუქთა გავლენიან რიგებს ქმნიდნენ, შემდეგ კი ამავე ფაშას საოჯახო სასაფლაო მათი საფლავებიდან რამდენიმე მეტრში დაიდებდა ბინას. თუმცა, ფაქტია, ასე მოხდა.

ავტორის შესახებ:

მიხეილ გვაძაბია არის ეგვიპტის უმაღლესი განათლების სამინისტროს არაბული ენის შემსწავლელი ცენტრის სტუდენტი.

 

გადაბეჭდვის წესი