სარფში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტში ნარკოდანაშაულისთვის 1994 წელს დაბადებული ი.თ. დააკავეს.

შს სამინისტროს ცნობით, სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 1 შეკვრად დაფასოებული, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 28 აბი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ასევე, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს. 

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

________________

ფოტო: კადრი შს სამინისტროს ვიდეომასალიდან

3 თებერვლიდან სამხედრო სავალდებულო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა იწყება

სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა საგაზაფხულო გაწვევა 2020 წლის 3 თებერვლიდან 2020 წლის 30 ივნისამდე პერიოდში განხორციელდება. შესაბამისი დადგენილება საქართველოს მთავრობამ 30 იანვარს მიიღო და გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობაც განსაზღვრა:

[checklist]

  • საქართველოს თავდაცვის ძალებში – 1400,
  • სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში – 1328,
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში – 950,
  • საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში – 311,
  • სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა – 200.

[/checklist]

საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში, საქართველოს  სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.

18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები 2020 წლის 3 თებერვლიდან, ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

მოქალაქეთა მიერ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა განხორციელდება გაწვევის მთლიან პერიოდში, მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევი კომისიის მიერ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში.

მთავრობის დადგენილებით დაევალათ:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს – 10 დღის ვადაში განსაზღვროს ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებშიც გაიგზავნებიან წვევამდელები დამატებითი სამედიცინო გამოკვლევისათვის;
  • საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს – ადგილებზე აღმოუჩინოს დახმარება მუნიციპალიტეტის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის სტრუქტურულ ერთეულებს იმ წვევამდელთა მოძებნასა და მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის გამწვევ კომისიაზე გამოცხადებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს;
  • საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს – კოორდინაცია გაუწიოს სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის პროცესს.

გაწვევით ვადიანი სამხედრო სამსახურის ვადა შეადგენს 12 თვეს.

თოვლიანი დღე ქედაში [ფოტო]

დღეს, 2 თებერვალს, აჭარის მთიან მუნიციპალიტეტებში თოვს. ფოტოები ქედაში, სოფელ ხარაულაშია გადაღებული.

ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე
ფოტო: „ბათუმელები“/გურამ მურვანიძე

ბარბის ახალი თოჯინები – ეტლით, ვიტილიგოთი და პროთეზის ფეხით

თოჯინა ბარბის მწარმოებლებმა ახალი დიზაინის თოჯინები გამოუშვეს. მათ მეტი მრავალფეროვნების წარმოსაჩენად თოჯინების ახალი ხაზი შექმნეს. კოლექციაში ნახავთ თოჯინებს, რომელსაც არ აქვთ თმა, არიან ეტლში, თოჯინას სახეზე „ვიტილიგოთი“და თოჯინას, რომელსაც პროთეზის ფეხი აქვს. ამის შესახებ CNN Style წერს.

სათამაშოების ცნობილი მაღაზია  Mattel-ის წარმომადგენლები ამბობენ, რომ სურთ აჩვენონ სილამაზე და მოდა მრავალ განზომილებაში.

ვიტილიგო არის ლაქები კანზე, რომელსაც იწვევს კანის პიგმენტაციის დარღვევა. Mattel-ის წარმომადგენელი ამბობს, რომ გასულ წელს, „ვიტილიგო თოჯინა“ ყველაზე მოწონებადი თოჯინა იყო ინსტაგრამის გვერდზე.

თოჯინაზე, რომელსაც თმა არ აქვს, კომპანიამ განაცხადა, რომ „თუ გოგონას რაიმე მიზეზით სცვივა თმა, მას შეუძლია საკუთარი თავი დაინახოს ამ თოჯინაში“.

გასულ წელს ამ ხაზს შეურთდა თოჯინა, რომელსაც აქვს პროთეზის ფეხი და თოჯინა, რომელიც ეტლში ზის.

პირველი თოჯინას შექნაზე Mattel-ი ჯორდან რივსთან ერთად მუშაობდა, რომელიც 12 წლის ასაკში გახდა შშმ აქტივისტი, ის  მარცხენა მკლავის გარეშე დაიბადა.

კომპანიამ მეტი მრავალფეროვნების  საჩვენებლად შექმნა თოჯინები განსხვავებული კანის ფერით, ფერადი თვალებით და სხეულის უფრო რეალისტური მოყვანილობებით (უფრო პატარა მკერდი, ნაკლებად წვრილი წელი და უფრო გამოყვანილი მკლავები),  თოჯინები დრედებით და ფერადი ტანსაცმლით. 2017 წელს კი კომპანიამ პირველად გამოუშვა თოჯინა ჰიჯაბით.

კომპანიის განცხადებით, გასულ წელს დიდ ბრიტანეთში ყველაზე პოპულარული ეტლში მჯდომი თოჯინა იყო.

2015 წლიდან  Barbie Fashionistas-ის ხაზს 170-ზე მეტი თოჯინა აქვს. მანამდე ბარბის თოჯინებს ხშირად აკრიტიკებდნენ არაბუნებრივი პარამეტრების გაიდეალების გამო.

____________________________________

მთავარი ფოტო: ბარბის „მრავალფეროვანი თოჯინები“ CNN Style-ის სტატიიდან.

საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან თურქული სამხედრო თვითმფრინავით გამოიყვანეს

თურქული მედია პირველ კადრებს ავრცელებს სამხედრო თვითმფრინავიდან, რომელმაც ჩინეთის პროვინცია ჰუბეიდან 42 პირი გამოიყვანა. კადრებში ჩანს, რომ თითოეულ ადამიანს აცვია სპეცტანსაცმელი. ბორტზე ჩანან ბავშვებიც.

თურქული მედიის ცნობით, სამხედრო თვითმფრინავში საქართველოს 3 მოქალაქეც იმყოფება. სამხედრო ხომალდი რამდენიმე საათში ჩაფრინდება თურქეთში.

თურქულ მედიასთან ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ყველა ადამიანი, მათ შორის, საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეებიც, ორი კვირის განმავლობაში თურქი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ დარჩებიან და მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ დაუბრუნდებიან ოჯახებს.

ქართული ოფიციალური წყაროების თანახმად, ქალაქ უხანიდან გამოსვლაზე საქართველოს ორმა მოქალაქემ უარი განაცხადა.

287 პირი გამოჯანმრთელდა და 259 დაიღუპა – კორონავირუსი 

აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის [CDC] მიერ მომზადებულ ონლაინ რუკაზე პერიოდულად ახლდება ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების არეალის შესახებ და ასევე სხვა მონაცემებიც. ონლაინ რუკაზე ასახული ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ამ დროისთვის სულ ინფიცირებულია 12 024 ადამიანი მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში.

აქედან, ინფიცირებულთა ყველაზე მეტი რაოდენობა – 11 860 მოდის ჩინეთზე. სხვა ინფიცირებულები კი რამდენიმე ქვეყანაში გადიან მკურნალობის კურსს.

ამ დროისთვის, კორონავირუსი დაფიქსირდა სულ 27 ქვეყანაში. მათგან რვა დასავლეთ ევროპული ქვეყანაა, სადაც ყველაზე მეტი 7-7 ინფიცირებული პირი გადის მკურნალობის კურსს დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში. კიდევ ექვს ევროპულ ქვეყნებში დასტურდება ერთი ან ორი შემთხვევა.

კორონავირუსი დაფიქსირდა აშშ-ში, კანადაში, ავსტრალიაში და რამდენიმე აზიურ ქვეყანაში, მათ შორის 17 პირი იაპონიაშია ინფიცირებული, 18 – სინგაპურში და 19 – ტაილანდში.

რაც შეეხება დაღუპულებს –  წყაროს ინფორმაციით ამ დროისთვის კორონავირუსისგან დაიღუპა სულ 259 პირი, თუმცა უფრო მეტი ინფიცირებული – 287 პირი უკვე განკურნებულად ითვლება.

სურსათის ეროვნული სააგენტო ყველზე კონტროლს იწყებს – დაჯარიმდა 23 ბიზნესოპერატორი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს სწრაფი კვების ობიექტების შემოწმება. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება სახაჭაპურეებზე. სააგენტომ თბილისის მასშტაბით 32 ობიექტი შეამოწმა და ეტიკეტის წესების დარღვევისთვის 23 ბიზნესოპერატორი დააჯარიმეს.

სააგენტოს ინფორმაციით, 2020 წლის 9 იანვრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის დადგენილება „სურსათის/ცხოველის საკვების არაორგანიზებული წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“.

„ამ დადგენილების თანახმად, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარება იმ არარეგისტრირებული ფიზიკური პირების საქმიანობა, რომლებიც ორგანიზებლად ეწევიან სურსათის წარმოებას, გადამუშავებასა და  რეალიზაციას, რადგან ბოლო პერიოდში ფიზიკური პირების სტატუსს ამოფარებული, რეალურად კი, ორგანიზებული მწარმოებლების მიერ, გახშირდა გაურკვეველი წარმომავლობის ყველის ბაზარზე განთავსების ფაქტები.

სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელებს შემოწმებას, რათა ერთმანეთისაგან გაიმიჯნოს ორგანიზებული მწარმოებლები და საოჯახო წარმოების სუბიექტები,“- ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

 

მთავარი ფოტო: სურსათის ეროვნული სააგენტო

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იშვიათი სახეობის პალმები დარგეს

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში იშვიათი სახეობის პალმები დარგეს. პალმები ჰიმალაის ფიტოგეოგრაფიული განყოფილების პალმების საკოლექციო ნაკვეთში დაირგო.

დაირგო ორი ძირი დაბალი რაფისი (Rhapis humilis), 10 ძირი იურული პერიოდის ფილოგენეტიკური რელიქტების საგოვანების ორი სახეობა – ცვალებადი საგოვანა (Cycas revoluta) და 1 ძირი დახვეული საგოვანა (Cycas circinalis).

ბათუმის ბოტანიკური ბაღის ინფორმაციით, ბაღში პალმების კოლექცია 25 სახეობითაა წარმოდგენილი. „ღია გრუნტში იზრდება 15 სახეობა, სასათბურე სივრცეში კი – 10 სახეობა“.

პალმები საკოლექციო ნაკვეთში 29 იანვარს დარგეს.

ბათუმის ბოტანიკურ ბაღში დარგული პალმები

 

მთავარი ფოტო: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ფეისბუკგვერდიდან/პალმების საკოლექციო ნაკვეთი

შსს: აჭარაში ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის 3 პირია დაკავებული

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოლო პერიოდში აჭარაში ნარკოდანაშაულისთვის სამი პირია დააკავებული. 1984 წელს დაბადებული მ. ვ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ. და 1978 წელს დაბადებული რ. ჩ.

„სამართალდამცველებმა, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, 22 გრამზე მეტი, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 50 აბი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს“. დანაშაული 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.ვ. ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. „პოლიციამ, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 40 აბი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ვ.კ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით არის დაკავებული. სამართალდამცველებმა მისგან „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკული საშუალება და „მეტადონის“ შემცველი 10 აბი ამოიღეს.

რაც შეეხება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ რ.ჩ.-ს, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ „ჰეროინის“ შემცველი ნარკოტიკი ამოიღო“.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

როდის დაიწყება „იაფ სახლში“ ბინის მსურველთა განცხადებების მიღება – მერიის განმარტება

ბათუმის მერიისგან მოწოდებული ინფორმაციით, ხელმისაწვდომი საცხოვრისის [ე.წ. „იაფი სახლის“] პროექტის განხორციელების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების შესახებ, მუშავდება ქალაქის მერის ბრძანების პროექტი. მერია პროგრამის ფარგლებში ბინის შეძენის მსურველთა განცხადებების მიღებას, სწორედ ამ ბრძანების მიღების შემდეგ გამოაცხადებს.

„ბრძანებაში იქნება გაწერილი განცხადებების მიღების პროცედურები, თუ რა უნდა წარმოადგინონ და ა.შ. ბრძანება დაახლოებით 10 დღის შიგნით მომზადდება. ამიტომ, კონკრეტული თარიღი, თუ როდის დაიწყება განცხადებების მიღება, ამ ეტაპზე უცნობია“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ქალაქის მერიაში.

ამ დროისთვის [პირველი თებერვლისთვის] უკვე ცნობილია ის კრიტერიუმები, რასაც უნდა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის მონაწილე.

[toggle title=”მთავარი კრიტერიუმები ნახეთ აქ”]

საკრებულოს მიერ ადრე მიღებულ განკარგულებაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მერიის მიერ აშენებულ საცხოვრებელ კორპუსებში ბინის მიმღები ოჯახი არ უნდა მიეკუთვნებოდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ იმ ოჯახს, რომლისთვისაც მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სახელმწიფოს მიერ საარსებო შემწეობის გაცემა;

ამასთან, ოჯახის შემოსავალი უნდა შეადგენდეს ხელმისაწვდომი საცხოვრისისთვის ყოველთვიური შენატანის მინიმუმ სამმაგ ოდენობას;

ოჯახის საერთო შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს: 1-სულიანი ოჯახისთვის 1 200 ლარს, 2-სულიანი ოჯახისთვის 1 800 ლარს, 3-სულიანისთვის 2 400 ლარს, ხოლო 4 და მეტ-სულიანი ოჯახისთვის 3 000 ლარს [ხელფასის შემთხვევაში იგულისხმება ხელზე ასაღები ხელფასი];

ოჯახი, რომელიც ბინას ქირაობს, ქირაში არ უნდა იხდიდეს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ ყოველთვიური მინიმალური შენატანის სამმაგ ოდენობაზე მეტს.

[/toggle]

ასევე ცნობილია იმ ბინების ფასები, რომლებიც ამჟამად უნდა განაწილდეს.

ბინის საფასური მომავალმა მესაკუთრემ 15 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს:

მერიიდან მოწოდებული მონაცემების მიხედვით, მარტო 2013 წლის იანვრიდან 2016 წლის ნოემბრის ჩათვლით პერიოდში, ბათუმში ბინას 4567 ოჯახი ითხოვდა. აქედან  ე.წ „იაფი სახლის“ პროგრამაში ჩართვას კი, იმ დროისთვის – 800-მდე ოჯახი [„იაფის სახლის“ პროგრამა მერიას ამ დროს დაფინანსებული ჰქონდა].

მერიას ბინის მოთხოვნით მოქალაქეები შემდეგაც მიმართავდნენ, თუმცა, როგორც ქალაქის მერიაში გვითხრეს, ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროგრამის ბენეფიციართა შერჩევა უკვე შემოსული განცხადებებიდან არ მოხდება.

ყველას, ვისაც ადრე შემოჰქონდა და შემოაქვს განცხადება, აფრთხილებდნენ, რომ პროგრამის [„იაფი სახლის“] ფარგლებში ბინის მიღების მსურველებს განცხადებები ხელახლა უნდა შემოეტანათ მას შემდეგ, რაც გამოცხადდებოდა განცხადებების მიღება ამ პროგრამის ფარგლებში. როცა გამოცხადდება მიღება და შემოვა განცხადებები, ბენეფიციარებიც იქედან შეირჩევა“ – გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.

ბათუმის მერიაში სამი თვის წინაც განაცხადეს, რომ შემუშავებული იყო განაცხადის სპეციალური ფორმა, რომელიც ბათუმში მცხოვრებ ოჯახებს „ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეევსოთ, „მხოლოდ მცირე დეტალები ზუსტდებოდა“, რასაც ერთი თვე დასჭირდებოდა. ამის შემდეგ კი  მოქალაქეები პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებას შეძლებდნენ. მიუხედავად ამისა, მერიის ამჟამინდელი ინფორმაციით, რეგისტრაცია მინიმუმ 2020 წლის 10 თებერვლამდე არ დაიწყება.

ხელმისაწვდომი საცხოვრისის, იგივე „იაფი სახლის“ პროგრამის ფარგლებში, ბათუმში, ჯავახიშვილის N78ა-ს მიმდებარედ, ორი ხუთსართულიანი სახლის მშენებლობა დასრულდა. კორპუსებშიი, ყველა ბინა გარემონტებულია. ორივე კორპუსში, ჯამში, ერთ-ორ-და სამოთახიანი 40 ბინაა. სახლების მშენებლობაზე ხელშეკრულება 2 349 999 ლარზე იყო გაფორმებული.

იმავე მისამართზე კიდევ ორი ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. ხელშეკრულება 2 317 747 ლარზეა გაფორმებული. ამ კორპუსების მშენებლობა 2020 წლის 23 მარტს უნდა დასრულდეს.

„იაფი სახლის საქმეზე“ რამდენიმე დღის წინ, 27 იანვარს, მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ბათუმის ყოფილ მერს, გიორგი ერმაკოვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, არჩილ ვანაძე კი, მოსამართლემ უდანაშაულოდ მიიჩნია და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.

მოსამართლემ, ამავე საქმეზე, წელიწად-ნახევრით თავისუფლება აღუკვეთა ეგარსლან ლომიძეს – სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისთვის. კიდევ ოთხ ბრალდებულს კი, მოსამართლემ 25-25 ათასი ლარის გადახდა დააკისრა გულგრილობისთვის. მათ 20-20 ათასი ლარის გადახდა მოუწევთ, რადგან რამდენიმე თვე წინასწარ პატიმრობაში იყვნენ.

ბათუმის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი და მერიის კიდევ ექვსი მაღალჩინოსანი პროკურატურამ 2019 წლის 30 მაისს დააკავა. მათ გამოძიება დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვას და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავებოდა. საუბარია ხელმისაწვდომი საცხოვრისის“ [„იაფი სახლის“] პროექტზე, რომლის გამოც ჩატარებულ ტენდერზე მილიონ 370 ათასი ლარი გაიფლანგა.

ამ საქმეზე, დაკავებიდან 2020 წლის 27 იანვრამდე, წინასწარ პატიმრობაში იყვნენ გიორგი ერმაკოვი, არჩილ ვანაძე და ეგარსლან ლომაძე. დანარჩენი ოთხი მაღალჩინოსანი – ბაგრატ მანველიძე, ბაგრატ ხალვაში, თენგიზ პეტრიძე და ვლადიმერ ხინთიბიძე – მოსამართლემ გირაოს – თითოეული 100 ათასი ლარის სანაცვლოდ  2019 წლის 24 სექტემბერს გაათავისუფლა.

როგორ დავიცვათ თავი კორონავირუსისგან – WHO რეკომენდაციები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ (WHO) კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ის გვთავაზობს ექვს გზას, თუ როგორ შეიძლება დავიცვათ თავი, ოჯახის წევრები და საზოგადოება კორონავირუსისგან:

[checklist]

      • ხშირად დაიბანეთ ხელები ალკოჰოლის შემცველი საწმენდებით ან საპნით და წყლით.
      • ხველების ან დაცემინების დროს, აიფარეთ პირსა და ცხვირზე ხელი (იდაყვის ნაწილი) ან ქაღალდის ხელსახოცი, რომელიც შემდეგ მალევე უნდა მოიშოროთ და დაიბანოთ ხელები.
      • თავი აარიდეთ ახლო კონტაქტს იმ ადამიანებთან, ვისაც აღენიშნება ტემპერატურა ან ხველება.
      • დროულად მიმართეთ პირველად ჯანდაცვას თუკი გაქვთ ტემპერატურა, ხველება და სუნთქვის გაძნელება. აცნობეთ ექიმს იმის შესახებ თუ სად გადაადგილდებოდით.
      • თუკი იმყოფებით ცოცხალი ცხოველების ბაზარში, იმ არეალში, სადაც გამოვლენილი იყო კორონავირუსის შემთხვევები, თავი აარიდეთ დაუცველ კონტაქტს ცოცხალ ცხოველებთან და არ შეეხოთ ხელით.
      • არ მოიხმაროთ უმი ან უცხიმოდ მომზადებული ხორცეული. ხორცეულის დამუშავების დროს უნდა ვიყოთ ფრთხილად და თავი ავარიდოთ სხვა პროდუქტების დაბინძურებას.

[/checklist]

ჩინეთში კორონავირუსით გამოწვეული ავადობით 170 ადამიანი დაიღუპა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებით, ჩინეთის გარდა 18 სხვა ქვეყანაში ამ ვირუსით ავადობის 98 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა არცერთი პაციენტი არ დაღუპულა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას არ აჰყვნენ პანიკას და ინფორმაცია მხოლოდ ოფიციალური წყაროებიდან მიიღონ. გამყრელიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

ეროვნული ცენტრი ეხმაურება სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ხმოვან გზავნილს კორონავირუსთან დაკავშირებით. უწყების განცხადებით, ეს გზავნილი დეზინფორმაციას წარმოადგენს.

ამ თემაზე:

https://netgazeti.ge/news/423967/?fbclid=IwAR3UZzj5kSOZuaqmqWX5MtqvTZmlTiRLST4X8HYF5Lkt2qNmzulkQbvVrNA

მთავარი ფოტო: UNICEF Georgia-ს ფეისბუკგვერდიდან/რეკომენდაციები კორონავირუსის შესახებ

„იმის გამო, რომ ქალია, დედას ფეხი ჩაარტყა“ – განაჩენი ოჯახში ძალადობაზე

„მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა რ.ჯ.-მ დედას ლ.ჯ.-ს ურთიერთშელაპარაკებისას, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, იმის გამო, რომ არის ქალი და არ გააჩნია უფლებები, ერთხელ დაარტყა ფეხი ქვედა ტანის არეში, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია…“ – აღნიშნულია განაჩენში, რომელიც ფოთის საქალაქო სასამართლომ მიიღო. ასე მომხდარი პროკურატურამ აღწერა.

მოსამართლე შოთა სირაძეს ამ საქმეზე მოწმეების და არც ნაცემი ქალის ჩვენება არ მოუსმენია – ბრალდებულმა დანაშაული აღიარა და უდავოდ მიიჩნია ყველა მტკიცებულება, რაც პროკურატურამ სასამართლოში წარმოადგინა.

ოჯახში ძალადობისთვის მოსამართლე შოთა სირაძემ ბრალდებულს ერთი წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა იმის გამო, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა, მას საბოლოდ ორი წელი მოუწევს ციხეში ყოფნა.

თვალის დაავადებების დიაგნოსტიკა და მკურნალობა ბათუმში

ოფთალმოლოგიის განყოფილება მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ ჰოსპიტალ „მედცენტრში“ დაარსების დღიდან არსებობს. აქ მსოფლიო ოფთალმოლოგიის განვითარების პარალელურად ყოველწლიურად ინერგება სიახლეები, განყოფილება უმაღლესი ხარისხის თანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი და მუდმივად მზადაა თვალის თითქმის ნებისმიერი პრობლემის მქონე პაციენტების მისაღებად.

კლინიკა ,,მედცენტრში” თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ ოფთალმოლოგი თამარ გოგიტიძე საუბრობს – ერთადერთი ოფთალმოლოგი საქართველოში, რომელსაც ოფთალმოლოგიის საერთაშორისო საბჭოს გამოცდა აქვს ჩაბარებული. 

თვალის დაავადებების სტატისტიკა ყოველწლიურად იზრდება. თამარ გოგიტიძის თქმით „მედცენტრში“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში პაციენტების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა.

  • კატარაქტა;
  • გლაუკომა;
  • დიაბეტური რეტინოპათია;
  • ბადურასთან დაკავშირებული პრობლემები;
  • სათვალესთან დაკავშირებული პრობლემები;
  • თვალის სხვადასხვა ინფექციური დაავადება.

ეს იმ ძირითადი ოფთალმოლოგიური გართულებების არასრული ჩამონათვალია, რასაც „მედცენტრში“ წარმატებით მკურნალობენ. კლინიკაში რამდენიმე სხვადასხვა ოპერაცია ტარდება:

  • კატარაქტის ქირურგია;
  • გლაუკომის ქირურგია;
  • ბადურის ინტრავიტრიალური, თვალშიდა ინექციები;
  • ლაზერული ქირურგია;
  • ბადურის ფოტოკოაგულაცია;
  • მეორადი კატარაქტის ლაზერული მკურნალობა.

გავრცელებული შემთხვევები – მეორადი კატარაქტის ლაზერული ოპერაცია და ბადურის კოაგულაცია

მეორადი კატარაქტა კატარაქტის პირველი შემთხვევის შემდეგ ჩნდება არცთუ ისე იშვიათად, ამ დროს ბროლის უკანა კაფსულა იმღვრევა, რაზეც ერთწუთიანი უმტკივნეულო ლაზერული დასხივებით ვზემოქმედებთ, ეს ახალი მეთოდია.

ბადურის კოაგულაცია დიაბეტური რეტინოპათიის დროსაა საჭირო, სხვადასხვა სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისას ბადურის იშემიური ზონების მოწვა ხდება საჭირო და ნარჩუნდება მხედველობა. შემდგომში უკვე სხვადასხვა სისხლჩაქცევებისგანაც შეგვიძლია დავიცვათ პაციენტი მხედველობის დაკარგვისგან.

ცოტა ხნის წინ „მედცენტრმა“ თვალის ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფი და ფოტოგრაფი შეიძინა, რაც საშუალებას იძლევა გაკეთდეს თვალის, ბადურის ტომოგრაფია, ფოტოგრაფირება, დაისვას ბადურის ბევრი სხვადასხვა დაავადების ზუსტი დიაგნოზი და შესაბამისად უზრუნველყოფილია მკურნალობის პროცესის სრული სიზუსტე.

თვალის ოპტიკურ-კოჰერენტული ტომოგრაფი აჭარის რეგიონში სიახლეა.

ახლომხედველობა – მსოფლიო ტენდენცია ოფთალმოლოგიაში

მსოფლიო ტენდენციაა თვალის ე.წ „მინუსის“, იგივე ახლომხედველობის ზრდადი სტატისტიკა. ზუსტად არ არის დადგენილი ახლომხედველობას კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობა იწვევს თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ცხოვრების ამგვარი წესი რისკფაქტორია – ახლო მანძილზე ხედვა და მონიტორიან მოწყობილობებთან მუშაობა ძაბავს თვალის შიგნითა კუნთებს, შორს ყურებისას კი თვალი განიტვირთება და ისვენებს.

თვალის კუნთების მუდმივმა დაძაბვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯერ ცრუ, შემდეგ კი ჭეშმარიტი ახლომხედველობა.

ახლომხედველობის პრევენცია შეუძლებელია, რადგან ბევრწილად ეს თავისებურება გენეტიკური ფაქტორებითაა განპირობებული. ოფთალმოლოგიაში ახლომხედველობა დაავადებად არ ითვლება, ეს არის უბრალოდ დისკომფორტი, რასაც სათვალით და ლინზით ვარეგულირებთ, თვალის ლაზერული კორექციაც ერთგვარ პლასტიკურ ოპერაციას გავს, როცა კომფორტისთვის იკეთებენ პროცედურას სათვალის და ლინზის გარეშე რომ დაინახონ.

ოფთალმოლოგიაში სათვალე და ლინზა ჯანსაღი თვალის აქსესუარებად მიიჩნევა.

კონტაქტური ლინზა სრულიად უსაფრთხოა თუკი დაცულია გამოყენების ვადები, ხსნარში შენახვის, თვალში მოთავსების და მოხსნის წესები. თუმცა რახან ლინზა უშუალოდ ეხება თვალს, ახლავს ინფექციის განვითარების რისკიც, მოუვლელობის შემთხვევაში მისი დაბინძურების რისკიც დიდია.

დიაბეტით გამოწვეული თვალის პრობლემები

დიაბეტს თან სდევს თვალის დიაბეტური რეტინოპათია, რამაც შესაძლოა უსინათლობაც გამოიწვიოს. რაც უფრო დიდი ხანი აქვს პაციენტს დიაბეტი მით უფრო დიდია სხვადასხვა დაავადების, მათ შორის თვალის დაავადების გართულების რისკი. დიაბეტით გამოწვეული მხედველობის პრობლემები შეიძლება გაჩნდეს 50, 60 წლის ასაკშიც. დიაბეტიც გაახალგაზრდავდა და შეიძლება ახალგაზრდა ასაკშიც გაჩნდეს.

გლაუკომა

გლაუკომა თვალის ერთ-ერთი უმტკივნეულო დაავადებაა, რომლის დროსაც მხედველობის დაკარგვა თვალის პერიფერიული უბნებიდან იწყება და პაციენტისთვის შეუმჩნეველია. ამ შემთხვევაში პრევენციად ითვლება 50-60 წლის შემდეგ ყოველწლიური ვიზიტი ოფთალმოლოგთან.

„ძალიან ბევრი პაციენტი მყავს, რომელსაც აქვს 100%-იანი მხედველობა, მაგრამ გლაუკომაც აქვს, ეს ნიშნავს, რომ დაავადება დასაწყისშივეა აღმოჩენილი, ვიცით ამის შესახებ, ვმკურნალობთ და პაციენტი ინარჩუნებს მხედველობას. გლაუკომის დროს მთავარია რა მხედველობასაც მივუსწრებთ იმის შენარჩუნება” – ამბობს თამარ გოგიტიძე.

აჭარის, შავი ზღვის რეგიონში დამახასიათებელია გლაუკომის დამახასიათებელი ფორმა, რასაც ფსევდოექსფოლიაციურ გლაუკომას უწოდებენ. დაავადება პაციენტის პირველივე ვიზიტისას ჩანს და სწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევაში პრობლემის მართვა შესაძლებელია.

რუსული მილიონები აჭარის სანაპიროზე

მაშინ, როცა მთავრობა ბათუმში განხორციელებული თუ დაანონსებული ინვესტიციებით იწონებს თავს, არავინ საუბრობს ფულის წარმომავლობაზე. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც დიდი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღეს,  რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. დამფუძნებელთაგან ბევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საქართველოში მათ მიერ კომპანიის დაფუძნების თარიღი კი, ხშირად ქონების შეძენის ან ბიზნესის წამოწყების პერიოდს ემთხვევა.

რუსეთის მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენები, ძირითადად, საკურორტო ზონაში დასასვენებელი კომპლექსების მშენებლობით ან გასართობი, ასევე სარესტორნო ქსელის მოწყობით არიან დაინტერესებულები. მათი გათვლაც სწორედ რუსეთიდან შემოსულ მომხმარებელზეა მორგებული. შესაბამისი მიმართულებით მუშაობენ მათ მიერ დაქირავებული მარკეტოლოგებიც.

რუსეთის მოქალაქეები ქონებას ყიდულობენ როგორც კერძო პირებისგან, ისე სახელმწიფოსგან და შემდეგ იწყებენ მოლაპარაკებებს მშენებლობის ნებართვების მისაღებად. არის შემთხვევები, როცა რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილმა კომპანიებმა სასურველი ქონების შესაძენად მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლეს.

ამ პროექტებს შორის „ეიერ მერიდიანსის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მრავალფუქციური კოპლექსი „White Sails“-ი , იგივე „თეთრი იალქნები“. პროექტი ბათუმის ახალ ბულვართან, ზღვასთან ახლოს, ზღვისა და ბულვარის ხედით ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტ-ოტელს, ჯამში 600 აპარტამენტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯბარებს მოიცავს.

„ეიერ მერიდიანსის“ კომპლექსის პროექტის რენდერი

კომპლექსი თითქმის სამ  ჰექტარს [29 445] ითვისებს, კომპანიამ საპრივატიზებო საფასურის სახით 2  მილიონ 91 000 ლარი გადაიხადა და აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების მიხედვით 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. მიუხედავად პროექტის ინგლისურენოვანი სახელწოდებისა, ინვესტიცია რუსულია.

შპს „ეიერ მერიდიანსის“ წილებს რუსეთის მოქალაქეები – რაულ კაიტამბა [29,62%], სერგეი ისააკიანი [20,79%] დიმიტრი საგირი [14,85%] და კომპანია „ვალენტინი“ [ 28,8] ინაწილებენ. „ეიერ მერიდიანსის“ გარდა რაულ კაიტამბა საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია.

პროექტის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიას აღებული ვალდებულებები აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე გადაუვადა. ახალი ვადების მიხედვით, „ეიერ მერიდიანსმა“ პროექტის ნაწილი 2020 წლის ბოლოს, სრულად კი 2021 წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.

შპს „ჰოხბაუ“ ბათუმში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ 30-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის პრეზენტაციაზე მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ინვესტიცია გერმანულია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის წილებს რუსეთის მოქლაქეებიც ფლობენ.

შპს „ჰოხბაუს“ 22 % რუსეთის მოქლაქეს, ფილიპ პოტიომკინის ეკუთვნის. 3 პროცენტის მფლობელია ასევე რუსეთის მოქალაქე ჯამალ ხარმასი, კომპანიის 51 პროცენტს გერმანიის მოქალაქე ანასტასია პოტემკინა ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი კი კომპანიის დირექტორს ზურაბ გარუჩავას ეკუთვნის.

პროექტის პრეზენტაცია. ფოტო: აჭარის მთავრობა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს სამშენებლოს პროექტის შეთანხმების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა შპს „პეტრა მწვანე ზონამ“. კომპანია ციხისძირში, პეტრას ციხიდან 100 მეტრის რადიუსში, გამწვანებულ ზოლში, ზღვის ხედით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის რენდერი

კომპანიის დირექტორი და 33,33 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალქე მიხეილ გეთიაა [ორმაგი მოქალაქე], დარჩენილ წილებს კი საქართველოს მოქალაქეები – მარიკა ნაჭყებია და მინდია გურგენიძე ინაწილებენ. მიხეილ გეთია საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი ან თანამფობელია, ისივე როგორც კომპანიის დირექტორი მინდია გურგენიძე [მინდია გურგენიძე ქართული ოცნების შემწირველია, მან „ოცნებას“ 2014 წელს 30 000 ლარი შესწირა].

შპს „პეტრა მწვანე ზონა“ ცხიხისძირში, ზღვის ხედით 5 985 კვ.მ  გამწვანებული ტერიტორიის ათვისებას გეგმავს და როგორც რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, გარიგებულია მესაკუთრესთან, რომ მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ აქ მშენებლობის შემდეგ 15 აპარტამენტს  მას დაუთმობს.

ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს ბიზნესმენი ანზორ ათაბაძე, ისიც რუსეთის მოქალაქეა. მან მშენებლობისთვის 4 261 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის გარეშე, ერთი ბიჯით – 1 მილიონ 75 000 ლარად შეისყიდა. აუქციონის პირობის მიხედვით, ანზორ ათაბაძემ არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ანზორ ათაბაძე საქართველოში ფლობს ასევე შპს „SUNSET“-ს,  შპს „ოქროს ლომს“ და კიდევ რამდენიმე კომპანიას. თავდაპირველად საქართველოში ის ტურიზმის სეგმენტიში გამოჩნდა და აჭარის მთავრობისგან ხელშეწყობაც მიიღო.

ანზორ ათაბაძის კომპანია „ოქროს ლომი 2008“-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს სარგებლობაში გადასცა 1502 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც რესტორანი „სანსეტი“ გახსნეს. ამის შემდეგ კომპანიამ ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და ტბაში არსებული სხვა ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემაც მოითხოვა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინვესტიციის სამ მილიონამდე გაზრდის პირობით.

ფოტო რესტორნის ფეისბუქის გვერდიდან

აჭარის მთავრობაში მიიჩნიეს, რომ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მხოლოდ ტბაში მდებარე მთლიანი კუნძულის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, მისი ერთიანი განვითარების კონცეფციის შემუშავების პირობით. ამის შესახებ ნათქვამი იყო წერილში, რომლითაც აჭარის მთავრობამ ქონების მესაკუთრეს, ბათუმის მერიას მიმართა.

საინვესტიციო წინადადების განხორციელების მიზნით, არდაგანის ტბაში არსებული ნაკვეთების კომპანიის სარგებლობაში 2045 წლამდე გადაცემა ბათუმის მერიაში მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ამ ახალი შეთანხმების საფუძველზე კომპანიას არდაგანის ტბაში არსებული ორი ნაკვეთი, ჯამში, 3557 კვ.მ. გადაეცა.

2020 წლის იანვარში შპს „ვუდვორქინგმა“ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით შეისყიდა. კომპანიამ ამ ქონებაში 675 000 ლარი გადაიხადა.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესყიდულ ნაკვეთზე საწარმოს მოწყობა უნდა უზრუნველყოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საწარმო უნდა აამოქმედოს. ამ ყველაფერში კი ინვესტორმა არანაკლებ 1 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მთავრობისვე ინფორმაციით, ამ ნაგებობებში ათამდე ოჯახი ცხოვრობს. გასაყიდი მიწი ნაკვეთის ნაწილზე კი მათ ბოსტნები აქვთ განთავსებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგვიმარტეს, რომ აქ მცხოვრებ ოჯახებს ტერიტორია უკანონოდ აქვთ დაკავებული და მთავრობას მათ მიმართ სამართლებრივი პროცედურები აქვს დაწყებული: „მათ აქვთ ინფორმაცია აუქციონის შესახებ“. აქვთ თუ არა მათ ალტერნატიული საცხოვრებელი და ამ პროცედურების შემდეგ ხომ არ აღმოჩნდებიან ისინი ქუჩაში, ამ კითხვაზე სამინისტროში გვიპასუხეს, რომ მათ სოციალურ მდგომარეობას შეისწავლიან და მთავრობის პროგრამებით შესთავაზებენ დახმარებას.

შპს „ვუდვორქინგი“ საქართველოში 2019 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. კომპანიის 50 პროცენტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნათია მურვანიძეს, 30 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მარინე დავიდოვას, დარჩენილი 20 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს კახაბერ კოტრიკაძეს ეკუთვნის.

რუსეთის მოქალაქეები ფლობენ ასევე შპს „ამბასადორ ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში 15- სართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, „ამბასადორ ბათუმი“ ამ პროექტში 55 000 000  დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50 პროცენტი რუსეთის მოქალაქეს ვართან ვართანოვს,  50 პროცენტი კი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის.

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, უკვე მიმდინარე ოთხსართულიანი სამშენებლო პროექტის 15-სართულამდე გაზრდას ითხოვს. კომპანიამ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან შეისყიდა. ყოფილი პოლიკლინიკის შენობა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით წინა ხელისუფლების პირობებში გაიყიდა რუსეთის მოქალაქეზე. არაოფიციალურად კი ცნობილი გახდა, რომ მისი მესაკუთრე წინა მოწვევის პარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავა გახდა. ამის შემდეგ ნაკვეთი რამდენჯერმე გადაყიდეს, საბოლოოდ კი, 2017 წელს, ქონება „ამბასადორ ბათუმმა“ შეისყიდა.

პროექტის რენდერი

შპს „ამბასადორ ბათუმი“ საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას „ელიტ სქიი რესორტს“. ამ კომპანიამ კურორტ გოდერძიზე 3120 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იქ ტურისტული ინფრასტრუტურის მოწყობას გეგმავს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ კურორტზე კომპანია 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გოდერძის უღელტეხილზე 4136 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა პირობიანი აუქციონით შეისყიდა შპს „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანიმაც“. კომპანიამ მიწის ნაკვეთში 331 000 ლარი გადაიხადა მასზე 1 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების პირობით. კომპანიის 50 პროცენტი რუსეთის მოქალაქეს, მარინა დავიდოვას ეკუთვნის, 50 პროცენტი კი – ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნათია მურვანიძეს.

საჯარო რეესტრის 2019 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 208 ისეთი კომპანია, რომელთა მფლობელებიც არიან რუსეთში მოქმედი კომპანიები. გარდა ამ 208 კომპანიისა, საქართველოში 5 088 ისეთი კომპანიაცაა დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირი.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ BBC-ის მიერ თებერვალში რეკომენდებული ფილმების ათეულშია

bbc.culture თებერვალში სანახავ, რეკომენდებული ფილმების ათეულს აქვეყნებს. ათეულში მოხვდა ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმი „და ჩვენ ვიცეკვეთ“.

ფილმის მოკლე აღწერაში აღნიშნულია, რომ უკიდურესად მემარჯვენე ჯგუფებმა საქართველოში ფილმის კინოთეატრებში ჩვენებისას პიკეტირება მოაწყვეს. აქვე მითითებულია, რომ ფილმი აშშ-ში 7 თებერვალს გამოვა, იაპონიაში კი – 21 თებერვალს.

bbc.culture-ს თებერვალში სანახავი ფილმების ათეული ასე გამოიყურება:

  • „უჩინარი კაცი“ – ჰერბერტ უელსის ამავე სახელწოდების ცნობილი წიგნის მიხედვით გადაღებული სურათი. რეჟისორი: ლი უონელი.
  • „კელი განგის ნამდვილი ისტორია“ – ავსტრალიელი რეჟისორის, ჯასტინ კურზელის ფილმი.
  • „მტაცებელი ფრინველები“ – DC Comics-ის ამავე სახელწოდების კომიქსების სერიის ეკრანიზაცია.
  • „წინაპართა ძახილი“ –  რეჟისორ კრის სანდერსის ფილმი ჯეკ ლონდონის ამავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვითაა გადაღებული. ფილმში ჰარისონ ფორდი თამაშობს.
  • „ემა“ – ჯეინ ოსტინის რომანის ახალი ეკრანიზაცია.
  • „და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური, ლევან აკინის ფილმი, რომელმაც 2019 წელს არაერთი ჯილდო მიიღო.
  • „ფოტო“ – კანადელი რეჟისორის, სტელა მეგის ფილმი, რომანტიკული დრამა.
  • „წმინდა ფრენცისკე“ – რეჟსორ ალექს ტომპსონის ფილმი, რომელმაც წელს სხვადასხვა ფესტივალის 8 ჯილდო მიიღო.
  • „ზღარბი სონიკი“ – აშშ-სა და იაპონიის კოპროდუქცია, ანიმაციური ფილმი ვიდეოთამაშების ცნობილ გმირზე.
  • „ვენდი“ – რეჟისორ ბენ ზეიტლინის ფილმი ჯეიმს მეთიუ ბარის „პიტერ პენის“ ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟზე, ვენდიზე გვიამბობს.

bbc.culture, ტრადიციულად, ყოველი თვის დასაწყისში აქვეყნებს ათ, რეკომენდებულ ფილმს.

განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შერჩევის პროცესს იწყებს

განათლების სამინისტრო საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთათვის სერტიფიცირების პროცესს იწყებს.

სამინისტროს ინფორმაციით, სერტიფიცირება შედგება ორი ნაწილისაგან – ტესტირება და გასაუბრება. სერტიფიცირების მსურველებმა ელექტრონული რეგისტრაცია უნდა გაიარონ  განათლების სამინისტროს ვებგვერდზე: directors.mes.gov.ge რეგისტრაცია 3 თებერვალს დაიწყება და  17 თებერვალს დასრულდება.

კონკურსი არ ეხება სკოლის იმ მოქმედ დირექტორებს და დირექტორის მოვალეობის შემსრულებს, ვისაც აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი.  მაგრამ, როგორც სამინისტროში ამბობენ, თუ პირი სკოლის დირექტორის მოვალეობას ასრულებს, მაგრამ არ არის სერტიფიცირებული, მაშინ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღოს.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია უმაღლესი განათლების მქონე პირს, რომელსაც აქვს მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება, აქედან, განათლების სფეროში სწავლების არანაკლებ ერთი წლის სტაჟი.

დირექტორობის კონკურსში მონაწილე პირს მოეთხოვება საკანონმდებლო ბაზის ცოდნა,   სასწავლო პროცესის ორგანიზება, მონიტორინგი და შეფასება, სკოლის ადამიანური რესურსების მართვა, ეფექტური კომუნიკაციისა და მოტივაციის მეთოდები, მშობლებთან მუშაობა და ანგარიშვალდებულება, ლოგიკური მსჯელობა და ინფორმაციის ანალიზი და სხვა.

ტესტირება ჩატარდება ელექტრონული ფორმით. კონკურსანტი კომპეტენტურად ჩაითვლება, თუკი ქულათა 60 პროცენტს დააგროვებს. ტესტირების ჩატარების განრიგი და დამატებითი მოთხოვნები სამინისტროს ვებგვერდზე  კონკურსამდე წინასწარ განთავსდება.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივიდან/ბათუმის პირველი საჯარო სკოლა

ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა”

“ხდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა… სისტემა იყო, ყველამ იცის, რაც ხდებოდა,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ნოდარ შავლიძემ. ის ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომელია. იმ წლებში, როდესაც მოწმეების თქმით, პატიმრებს აწამებდნენ, ნოდარ შავლიძე ოპერატორ-მორიგეს პოზიციაზე მუშაობდა.

“ბათუმის ციხის უფროსების საქმის” განხილვა დღეს, 31 იანვარს, განახლდა. დღეს მოსამართლემ ბათუმის ციხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მოისმინა.

ბათუმის ციხის ყოფილ უფროსს, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას გამოძიება დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. სასამართლო სხდომებზე ყოფილი პატიმრები მათი წამების ისტორიებს ჰყვებიან. სხდომები რამდენიმე თვის ინტერვალით, უკვე მე-6 წელია ტარდება. მაგალითად, წინა სხდომა ამ საქმეზე 2019 წლის 13 ივნისს გაიმართა. ივნისის შემდეგ ამ დრომდე სხდომა არ ჩატარებულა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო იმ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა, რომელთა საქმისწარმოებაც 2016 წლამდე დაიწყო. საია-ს განმარტებით, კანონში არ არის დაზუსტებული, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული მოსამართლე ამ ვადაში საქმის განხილვას არ დაასრულებს. შესაბამისად, ბრალდებულები ისევ გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. ყოფილ პატიმრებს კი, რომლებიც წლების წინ მოუყვნენ მოსამართლეს, თუ როგორ აწამეს, შესაძლოა ხელახლა მოუხდეთ ციხეში მომხდარი ამბების გახსენება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაო ადგილს შეიცვლის და სხვა მოსამართლე ხელახლა დაიწყებს საქმის განხილვას. გასულ წელს დავით მამისეიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე გააკეთა განაცხადი, თუმცა გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჯერ არ მიუღია.

ბათუმის ციხის თანამშრომელმა, მოწმე ნოდარ შავლიძემ პატიმრების ცემა დაადასტურა.

“კონკრეტულად ასე არ მახსოვს… თავში წამოარტყა რამდენიმე პატიმარს დერეფანში,” – თქვა მოწმემ, როცა მას პროკურორმა რამაზ შავაძემ ფიზიკური ძალადობის შემთხვევების გახსენება სთხოვა.

მოწმის თქმით, ფიზიკური ძალადობა ძირითადად იმ მიზნით ხდებოდა, რომ ციხის ადმინისტრაციას სურდა “ქურდული სამყაროსთვის” ხელი შეეშალა. ნოდარ შავლიძემ გაიხსენა, რომ პატიმრების ფიზიკურად დასჯის პროცესს რეჟიმის უფროსი ზაზა ჯიქია ესწრებოდა და  არასდროს უნახავს მსგავს ვითარებაში დირექტორი გიორგი ვეკუა.

“როგორ ფიქრობთ, გიორგი ვეკუასთვის ცნობილი არ იქნებოდა ამ შემთხვევების შესახებ?” – ჩაეკითხა მოწმეს პროკურორი.

“კი, იქნებოდა,” – მოკლედ თქვა მოწმემ და პაუზის შემდეგ დაამატა: “ამ თემაზე მე გიორგი ვეკუასთან არასდროს მისაუბრია”.

“თქვენ თუ სცემდით პატიმრებს?”- ისევ მიმართა მოწმეს პროკურორმა.

“არა”- მხოლოდ ეს თქვა მოწმემ. მან იგივე გაიმეორა, როცა მას ბრალდებულმა გიორგი ვეკუამ ჰკითხა:

“რაიმე სახის უკანონო დავალება ხომ არ მიგიღიათ ჩემგან?”

ფიზიკური ძალადობა არ დაადასტურეს იმ მოწმეებმა, რომლებიც ბათუმის ციხის უკვე ყოფილი თანამშრომლები არიან. მაგალითად, მოწმე ელგუჯა ბჟალიამ თქვა, რომ “თავის მოსაფხანად არ ეცალა” და ძალადობის შესახებ არაფერი გაუგია. მოწმე რამაზ თავდგირიძემ კი აღნიშნა, რომ პატიმრების ცემის შესახებ ინფორმაციას ტელევიზორიდან იგებდა და გიორგი ვეკუას დირექტორობის დროს “რეჟიმი გამკაცრდა”.

“რას გულისხმობთ რეჟიმის გამკაცრებაში?” – იკითხა პროკურორმა.

“ვიგულისხმე ის, რომ მანამდე დერეფანში ვერ გაივლიდი, დაგეჯახებოდა დერეფანში პატიმარი, იყო გადაძახილ-გადმოძახილი…” – თქვა მოწმემ. მან პროკურორთან დიალოგში აღნიშნა ისიც, რომ ციხის სხვა თანამშრომლებისგანაც გაუგია ამბავი პატიმრების ცემის შესახებ.

“ითქვა რამდენჯერმე, რომ პატიმრებს სცემენო, მაგრამ მე ჩემი თვალით არაფერი მინახავს. თვალით როცა ნახავ, მაშინ იჯერებ,” – დასძინა მოწმემ და სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.

ამ საქმეზე დაახლოებით 50 მოწმეა ისევ დასაკითხი, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ახლაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან.

ამ თემაზე:

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

 

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა – ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ნ.ფ. მას გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ედავებოდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ საქმეში მოსამართლისთვის არსებითი პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, რომელიც ურთიერთსაპირისპირო იყო და წინააღმდეგობრივი წერილობით მტკიცებულებებთან.

შემთხვევა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა – ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქობულეთთან ახლოს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – კლინიკაში. კლინიკაში იმ დღეს ის პირიც გადაიყვანეს, რომელსაც რამდენიმე დღეში პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

„მთავარი კითხვა – რომელი ავტომანქანის მძღოლ(ებ)ის გაუფრთხილებელმა ქმედებამ გამოიწვია ავტოავარია, რასაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი, მძიმედ დაზიანდნენ და დაიღუპნენ ადამიანები, აუნაზღაურებელი ზიანი მიიღეს ოჯახებმა – ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი და მხოლოდ ეჭვის გამომწვევი მტკიცებულებებით სასამართლო განხილვის დასრულებისას პასუხგაუცემელი დარჩა,“ – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

გამოძიებამ ბრალი იმ ავტომანქანის მძღოლს წარუდგინა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და მის საპირისპიროდ მოძრავ „Mercedes“-ს შეეჯახა. „Mercedes“-ში იჯდა ოთხი მგზავრი, რომელთაგან ორი დაიღუპა. ავარიის შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.

ჩატარდა ექსპერტიზაც, რომლის მიხედვითაც BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, ანუ ბრალდებულმა ნ.ფ.-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ექსპერტიზა გამოძიების მიერ მიწოდებულ წერილობით მტკიცებულებებს დაეყრდნო.

განაჩენის მთავარი აქცენტი წერილობითი მტკიცებულებებია, რაზეც კრიტიკულ დამოკიდებულებას მოსამართლე არ მალავს, მაგალითად, როგორ შეადგინა გამომძიებელმა შემთხვევის დღეს მიღება-ჩაბარების აქტი 18 საათსა და 50 წუთზე, როცა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში 18 წუთით ადრე შევიდა? მოსამართლე შენიშნავს იმასაც, რომ ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა და კლინიკაშიც.

მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ის მანამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

ესეის ან თხზულების მომზადება – კონკურსი ჰუმანიტარი მოსწავლეებისთვის

ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაცია აცხადებს კონკურსს საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელიც ითვალისწინებს ესეის ან თხზულების მომზადებას.

საკონკურსო პირობის მიხედვით, კონკურსანტებს მიეწოდებათ 10 სათაური ლიტერატურის, ისტორიის, ხელოვნების ან ფილოსოფიის შესახებ. „მათგან ერთი უნდა შეარჩიოს კონკურსანტმა და დაწეროს ესე ან თხზულება. კონკურსანტს ესეის ან თხზულების დასაწერად მიეცემა საკმარისი დრო. კონკურსის მონაწილეთა გამორჩეული ნაშრომები გამოქვეყნდება ცალკე კრებულად,“ – ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

საკონკურსო პირობების მიხედვით, მარტის დასაწყისამდე სკოლებმა უნდა შეარჩიონ 1-2 ჰუმანიტარი მოსწავლე და განაცხადი წარადგინონ შესაბამის რესურსცენტრში.

„გამარჯვებული 10 მოსწავლე დაჯილდოვდება მათთვის დასამახსოვრებელი პრიზებით. ჟიური დაკომპლექტებულია ცნობილი ლიტერატორებით, მწერლებითა და მასწავლებლებით,“ – ნათქვამია განცხადებაში.

კონკურსში მონაწილეთა თხზულებების შეფასების უმთავრესი კრიტერიუმებია:

  • ზოგადი განათლების მაღალი დონე
  • ორიგინალური და კომპლექსური აზროვნება (რაც გულისხმობს ფიქრის მოძრაობას მთელ „ჰუმანიტარულ ველზე“)
  •  წერის კარგი კულტურა; ფრაზის შეგრძნება
  • ანალიზის, შეფასებისა და დასაბუთების გამორჩეული უნარი
  • მრავალმხრივი ხედვისა და ინტერპრეტაციის უნარი.

კონკურსის სპონსორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი (სეუ), სადაც ჩატარდება კონკურსის ფინალური ტური.

რას აკეთებს თავდაცვის სამინისტროს სტრატკომი ჰიბრიდულ ომში

„ჩვენ არ ვართ მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც შევზღუდოთ, რაღაც დავბლოკოთ…“ – გვითხრა ტროლებზე საუბრის დროს დავით უჩაძემ. იგი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს უფროსია და მან 30 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ანტიდასავლურ კამპანიაზე ისაუბრა.  კონკრეტულად რას აკეთებს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? – ამ თემაზე დავით უჩაძეს საჯარო შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით.

  • ბატონო დავით, როგორც ვიცით, განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ის ინსტრუმენტები, რომლებითაც რუსულ პროპაგანდას უპირისპირდებიან. ჩვენთან რა ინსტრუმენტებია, რაზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ მუშაობს და არსებობს ხელშესახები შედეგი? 

მხოლოდ საქართველოში არა, სხვა ქვეყნებშიც არის ეს პრობლემა. ბუნებრივია, ის მექანიზმები და საშუალებები, რითაც საქართველო წინააღმდეგობას უწევს ამ პროპაგანდას, შეესაბამება იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ შესაძლებლობები გაავრცელონ სწორი და ადეკვატური ინფორმაცია ამ ინტეგრაციის გზაზე. ასევე, მისასალმებელია, რომ არასამთავრობო სექტორი არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში მედიაწიგნიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით და ასევე, ხშირ შემთხვევაში, მედია დადებით როლს ასრულებს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ.  სხვადასხვა აქტორების ერთიანი ძალისხმევა არის ის მთავარი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება საზოგადოების დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელიც მტრული სახელმწიფოსგან მომდინარეობს.

  • რატომ არ აწვდით საზოგადოებას ინფორმაციას თქვენი სამსახურის აქტივობების შესახებ? 

შეიძლება, ვიღაცამ მიიჩნიოს, რომ არ ჩანს, ან ეფექტი არ აქვს ჩვენს საქმიანობას, თუმცა სხვადასხვა აზრი შეიძლება არსებობდეს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესახებ პოზიტიური იმიჯის ფორმირება და იმ ამოცანების მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ემსახურება თავდაცვის ძალები. თქვენ თუ ნახავთ ბოლო კვლევებს, სადაც ასახულია საზოგადოებრივი აზრი, ნახავთ, რომ მოწინავე პოზიციაზეა თავდაცვის ძალები და საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი ნდობა…

  • ჯარის მიმართ ნდობა ყოველთვის მაღალი იყო. ეს რა ლოგიკით შეიძლება იყოს თქვენი საქმიანობის საზომი? 

ამ კვლევებს კარგად თუ ვნახავთ, ყოველთვის ეს მოცემულობა არ იყო. იყო შემთხვევები, როცა საპატრიარქო ლიდერობდა, მაგალითად, იუსტიციის სახლები ლიდერობდნენ, თუმცა დინამიკაში თუ ნახავთ, თავდაცვის ძალების მიმართ ნდობა არის მზარდი… ვფიქრობ, ჯარის მიმართ ნდობის მანდატის ასეთი მაღალი ნიშნული არის იმის დამსახურება, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავს იმ გმირობებს, პროფესიონალიზმს, რომელსაც ჩვენი სამხედროები იჩენენ, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში და არა მხოლოდ იქ. ჩვენ არა მხოლოდ ნატოს მისიებში ვართ ჩართული, არამედ აფრიკის კონტინენტზეც ვართ ორ ქვეყანაში წარმოდგენილი. ამის შესახებ საზოგადოებას რომ ინფორმაცია არ ჰქონდეს, შედარებით ნაკლები იქნება მხარდაჭერა და იმის გაცნობიერება, თუ რამდენად კვალიფიციურები არიან ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.

  • ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის განსაზღვრული ჩვენს ქვეყანაში ის, თუ რა არის სტრატეგიული კომუნიკაცია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ხშირად სტრატეგიული კომუნიკაცია ატარებს PR-ის ფუნქციას და არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა. მისივე აზრით, ხელისუფლება მხოლოდ რეაგირების რეჟიმშია და არ მოქმედებს. 

პირველ რიგში, სტრატეგიული კომუნიკაცია მოიაზრებს PR აქტივობასაც, თუმცა მხოლოდ ეს არა, რა თქმა უნდა. უნდა ითქვას, რომ თავად ეს დარგი საქართველოში არის საკმაოდ ახალგაზრდა. სხვათა შორის,  ქალბატონი თინას დროს შეიქმნა თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური და ჩვენ მნიშვნელოვანი დრო მოვახმარეთ სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას. ეს ერთ დღეში არ მომხდარა, საქართველოში ეს ცოდნა გადმოვიტანეთ სხვა ქვეყნებიდან.

თავდაცვის სამინისტრო იყო პიონერი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც 2017 წელს მივიღეთ, მას მოჰყვება შემდეგ სამოქმედო გეგმა. გეგმის ნაწილის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის, რადგან ეს შუქდება. ყველაფერი არ არის საჯარო მოხმარებისთვის. ასეთი მოცემულობა არ დგას, რომ არ არსებობს გეგმა… საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკომუნიკაციო სტრატეგია და გეგმა, რომელშიც არის ჩართული ბევრი სახელმწიფო უწყება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო.

  • ანუ გრძელვადიანი გეგმა არსებობს? – გაგვიზიარეთ ამ გეგმის მთავარი გზავნილი. 

სტრატეგია არის ოთხწლიანი და შემდეგ ყოველწლიურად მზადდება სამოქმედო გეგმები… წელს, მაგალითად, ამ გეგმებში გაჩნდა, ე.წ. „ფრონტ ოფისები“, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ათეულ წერტილში გაიხსნება. ეს არ იქნება მხოლოდ საინფორმაციო ცენტრი. ეს იქნება სერვისცენტრი იგივე რეზერვის, საკონტრაქტო სამსახურის შესახებ, მაგრამ დაემატება ელემენტები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის შემცირების მიზნით გარკვეული კომპონენტები. ეს გაჩნდა ახლა და გაკეთდება. რაღაც ნაწილი არის ხანგრძლივი ამ გეგმაში, მაგალითად, მედიასწავლება, რომელიც სამჯერ უკვე ჩატარდა და წელსაც ჩატარდება. ამ გეგმის ნაწილია ასევე საინფორმაციო გარემოს კვლევა.

  • ტროლებზე“ მინდა გკითხოთ, რომლებიც მუშაობენ რუსულ პროპაგანდაზე. არსებობს მაგალითად, „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევები, რომლის მიხედვითაც კრიტიკულ სიტუაციებში პრორუსული „ტროლები“ მუშაობენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. გასული წლის დეკემბერში „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ასობით ყალბი გვერდი დაბლოკა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული… 

ის, რომ სახელმწიფო ებრძვის რეალურად ანტიდასავლურ პროპაგანდას, ამის მაგალითია დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა არ იყო დახურული და მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის არ შემდგარა. ეს იყო ღია. ჩვენ, პირადად, ჯარშიც ვატარებთ ხშირად შეხვედრებს. ჩვენი თანამშრომლები ივლიან რეგიონებში და ისაუბრებენ ამ გამოწვევების შესახებ… ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფო უწყებას და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩართულობის შესახებ. შესაბამისად, მე ასე ცალსახად თქვენს სკეპტიციზმს ვერ გავიზიარებდი. თავდაცვის სამინისტრო არის მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ არანაირ ტროლებთან და ბოტებთან არ გვაქვს შეხება, ეს შემიძლია გითხრათ.

  • არ მიიჩნევთ, რომ უნდა იმუშაოთ იგივე „ტროლების“ წინააღმდეგ, როგორც ამას აკეთებს ბევრი ევროპული ქვეყანა და ვნახეთ „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებაც… 

მე გეტყვით, რატომაც არ ვეწევით ამას. ტექნიკურად ეს შეიძლება იყოს მარტივი და გაკეთებადი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული კომუნიკაციები და დასავლეთთან ინტეგრაცია, ზოგადად ეს დგას ინსტიტუციის სანდოობასა და გამჭვირვალობაზე. მე ახლაც როცა გესაუბრებით, ვცდილობ, რომ ვიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე… სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებისას მნიშვნელოვანია სანდოობის და გამჭვირვალობის ხარისხი. ჩვენ ჟურნალისტები როცა მიგვყავს ერთ-ერთ ბაზაზე, ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან, რომ ბაზა დაათვალიერონ, მათ შორის, სამხედროების პროფესიული მომზადების და მზადყოფნის კუთხით. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. აქედან გამომდინარე, საჭიროება ამისი რატომ უნდა იყოს, რომ რაღაც არაავთენტური მოქმედებები ვაწარმოოთ, არ მესმის.

თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი ნარატივი და თავისი გზავნილები, თავისი საკომუნიკაციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ის აკეთებს ღია და გამჭვირვალე ღონისძიებებს და სამიზნე აუდიტორიებთან აქვს პირდაპირი კომუნიკაცია. ჩვენ არ ვართ მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც შევზღუდოთ, რაღაც დავბლოკოთ. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი ნარატივი გავაძლიეროთ, ამით ვებრძვით რუსულ ნარატივს.

ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც მუშაობს საკმაოდ წარმატებით. ეს უფრო კარგად გამოსდით არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი ნარატივი გავავრცელოთ.

  • ანუ მიგაჩნიათ, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ „ტროლებს“ და ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას აქვს შედეგი?  

ჩვენ ნარატივს ვავრცელებთ, ეს საკმარისი არის თუ არა, საკამათოა. ჩვენ თვითკრიტიკულებიც ვართ და ყოველთვის ჯობია, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.

მთავარი ფოტო: დათო უჩაძე

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით,  მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა. ამავე მონაცემებით, აჭარა მეორე ადგილზეა [ფართობის მიხედვით] დასრულებული ობიექტების კუთხითაც.

საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს აჭარაში 130 ობიექტის მშენებლობა დასრულდა და 1 261 ობიექტის მშენებლობის ნებართვა გაიცა.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, აჭარაში 2019 წელს დასრულდა 451 839 კვ.მ ფართობის მშენებლობა, ხოლო ნებართვა გაიცა 3 045 775 კვ.მ-ის მშენებლობაზე. ამ კუთხით კი, აჭარა პირველ ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, ანუ, 2019 წელს გაცემული ნებართვების მიხედვით, ყველაზე მეტი ფართობი აჭარაში აშენდა.

დასრულებული ობიექტები რეგიონების მიხედვით [დეკლარირებული მონაცემები]:
წყარო: საქსტატი
მშენებლობაზე გაცემული ნებართვები რეგიონების მიხედვით [დეკლარირებული მონაცემები]:
წყარო: საქსტატი
მთავარი ფოტო: ბათუმი. ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

2019 წელს აჭარას 2 მილიონზე მეტი ტურისტი ეწვია – სტატისტიკა

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს აჭარაში 2 002 540 საერთაშორისო მოგზაურის ვიზიტი დაფიქსირდა, რაც 3.7 პროცენტით მეტია 2018 წლის მონაცემებზე.

რეგიონში ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი ტრადიციული სამიზნე ქვეყნებიდან განხორციელდა:

[checklist]

  1. თურქეთი – 894 750
  2. აზერბაიჯანი – 206 412
  3. რუსეთი – 106 276
  4. ისრაელი – 100 992 
  5. უკრაინა – 59 342

[/checklist]

დეპარტამენტის ცნობით, მოგზაურების რაოდენობა მზარდია ევროპული ქვეყნებიდანაც: 67 პროცენტით გაიზარდა ვიზიტები ესტონეთიდან, 103 პროცენტით – ლატვიიდან, 59.6 პროცენტით – ლიეტუვადან და 27.7 პროცენტით – გერმანიიდან.

საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები გაზრდილია აჭარის სამივე ადმინისტრაციულ საზღვარზე, რაც ბათუმის აეროპორტის შემთხვევაში +7.9 %, სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე +4.5 %, ხოლო ბათუმის პორტში +17.3 პროცენტიან ზრდას ითვალისწინებს.

__________

ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

ხელვაჩაურის მერი: უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ინვესტიციის მოზიდვა გვინდოდა

„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ხდება კორუფციული გარიგება,“ – აცხადებს რეზო ხარაზი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 31 იანვარს, ხელვაჩაურში, აჭარისწყალზე ბრიფინგი გამართა და ნაპირგამაგრებისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარის დახარჯვა გააპროტესტა.

„რეალურად ნაპირგამაგრება უნდა განეხორციელებინა ინვესტორს, რომელიც აქ აკეთებს რესტორანს და სასტუმროს. საქმე იმაშია, რომ ეს ბიზნესი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ახლო მეგობარია. ამიტომაც, ზურაბ პატარაძემ 2018 წელს პირდაპირ დაავალა ხელვაჩაურის მერიას ამ თანხის გამოყოფა, ეს იყო არამიზნობრივი ხარჯი,“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზი აქცენტს აუდიტის დასკვნაზეც აკეთებს, რომლის მიხედვითაც „ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა“. რეზო ხარაზმა ბრიფინგზე პროკურატურას ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ინვესტორისთვის ხელშეწყობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევუწყოთ ხელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისი თქმით, ამის გამო არავის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, რადგან კანონი არ დარღვეულა. ხელვაჩაურის მერი გამორიცხავს ამ პროცესში აჭარის ყოფილი თავმჯდომარის და აზერბაიჯანში საქართველოს მოქმედი ელჩის, ზურაბ პატარაძის ჩართვას.

„აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს სამუშაოები მერიას არ უნდა გაეწია, მაგრამ მაშინ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ხარჯი უნდა გაგვეწია… აკრძალული არაა, კანონი არ კრძალავს. აუდიტმა თქვა, რომ ეს მერის კომპეტენცია არ იყო, ასეა იქ ჩანაწერი,“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

ბეტონის სიმტკიცეზე ყალბი ოქმების გაცემისთვის საექსპერტო კომპანიის თანამშრომლები ამხილეს – საგამოძიებო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ამავე სამსახურის თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გასაღების ფაქტზე, კერძო საექსპერტო კომპანიის ხელმძღვანელი და მისი სამი თანამშრომელი ამხილეს.

„გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ფულადი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისი ლაბორატორიული კვლევის გარეშე, დაამზადეს და გასცეს ბეტონის ლაბორატორიული გამოცდის ყალბი ოქმები ბეტონის სიმტკიცესთან დაკავშირებით,“ – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3  წლამდე ვადით.

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 31 იანვარს, ბათუმში ღრუბლიანი ამინდი იქნება, დროგამოშვებით იწვიმებს. წვიმაა მოსალოდნელი ბათუმში ხვალ, პირველ თებერვალსაც.

მთიან აჭარაში მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში – ქარბუქი და ზვავსაშიშროება.

იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ღამით ქარი გაძლიერდება და მიაღწევს 17-22 მეტრს წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 6-11 გრადუსი
  • ღამით: 1-6 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 0-5 გრადუსი სითბო
  • ღამით: 0-3 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით,

მომდევნო 2 დღეს, 2-3 თებერვალს, მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.

______________

ფოტო: „ბათუმელები“, მანანა ქველიაშვილი

ავტომაგისტრალთან „შავი წერტილების“ შერჩევას €600 ათასი მოხმარდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), დეპარტამენტს, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) ტექნიკური დახმარებისა და კვლევების ფარგლებში“, გრანტის სახით, 5 750 000 ევროს გამოუყოფს.

„გრანტის სრული მოცულობიდან, სავარაუდოდ, 150 000 ევრო მოხმარდება EIB-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების მომზადებას, 600 000 ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე პრიორიტეტული „შავი წერტილების“ შერჩევას (EIB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების სიახლოვეს), ხოლო 5 მილიონი ევრო  – იმ გარე ექსპერტების მხარდაჭერას, რომლებიც დაეხმარებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს EIB-ის მიერ დაფინანსებული და ტრანსევროპულ ქსელში (TEN-T) შემავალი ან მასთან დამაკავშირებელი საგზაო პროექტების მართვასა და განხორციელებაში,“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმით“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს 5 პროექტის განხორციელება. პროექტები დაფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით“.

ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად:

უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის  საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ინსპექტირებას.  დამონტაჟდება დამატებით საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნების,  ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა.

[checklist]

  • 2020 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზების ქსელზე მოეწყობა 71 400 მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, ხოლო მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე – 31,370 მეტრი იდენტური კონსტრუქცია.
  • უსაფრთხოების ხარისხის და არსებული რისკების განსაზღვრის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  600 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთებზე, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩატარდება გზების შეფასების საერთაშორისო პროგრამის საპილოტე კვლევა (iRAP).
  • მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საპრევენციო ღონისძიებების სახით, სოფელ ძეგვზე გამავალ მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები, სადრენაჟე სისტემები და საგზაო ნიშნები.

[/checklist]

ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დაგეგმილი აქვს 38 სასწორის შეძენა და ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა გურიასა და იმერეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ზენორმატიულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გასაკონტროლებლად. დეპარტამენტის ინფორმაციით, „მოცემულ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების მიზნით, მიმდინარეობს სატენდერო პირობების შეთანხმების პროცედურები აზიის განვითარების ბანკთან“.

„დაწყებულია და 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება 8,5 მილიონი ლარის სამუშაოები კახეთის საავტომობილო გზების 4 მონაკვეთზე შერწყმის და განშტოების ადგილებზე წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის მოსაწყობად. ასევე, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონების  საავტომობილო გზის 6 მონაკვეთზე ტროტუარების, წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის გასაკეთებლად,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

საქართველოს საავტომობილო გზებზე ე.წ. „შავი წერტილები“, ანუ ის ადგილები განისაზღვრება, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შავ წერტილად განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

ამ თემაზე:

ადგილები, სადაც ავტოავარია ხშირად ხდება – კანონი გზებზე „შავ წერტილებს“ დაადგენს

მთავარი ფოტო: გზების დეპარტამენტი

11 წლის შშმ ბავშვის დედა – ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, ფსიქიატრი მჭირდება, მაგრამ რით?

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლებისთვის საწყის ეტაპზე მთავარი პრობლემა ხშირად პრობლემის არაღიარება და რეალობის მიუღებლობაა. მშობლების მძიმე ემოციური მდგომარეობა გავლენას ახდენს ბავშვებზე და მეტიც, მათი სტრესი მშობლების სტრესის პირდაპირპროპორციულია, მშობლების იმედიანი, მსუბუქი დამოკიდებულება კი ბავშვებსაც უადვილებს ყოფას.

11 წლის ლუკას (სახელი შეცვლილია) თანდაყოლილი გლაუკომა აქვს. მიუხედავად წლების განმავლობაში ჩატარებული შვიდი ოპერაციისა, ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა, მეორეში კი პროცესი შეჩერდა, მაგრამ ექიმები ვერ იძლევიან ზუსტ პასუხს, როგორ განვითარდება მოვლენები მომავალში. ლუკა ახლა მხოლოდ ცალი თვალით, ნაწილობრივ ხედავს.

როგორც ბავშვის დედა, ნინო კ. ამბობს, სანამ ლუკა ორივე თვალით კარგად ხედავდა, სკოლაში კარგად სწავლობდა, ახლა მეცადინეობასა და სკოლაში სიარულზე ხშირად უარს ამბობს, აგრესიული გახდა უმცროსი ძმის, მამის მიმართ. ხატავს ცალთვალა ბავშვებს, სიკვდილის შემდეგ ანგელოზადქცეულ ადამიანებს და ჩონჩხებს.

,,სტრესი აქვს, როცა სტუმრები მოდიან, მეუბნება ჩემი თვალის სანახავად მოდის ალბათ ყველაო. აპროტესტებს, როცა სკოლაში დავყვები და მისი მძიმე ჩანთა დამაქვს – ლუკასთვის მძიმეს აწევა აღარ შეიძლება, როდემდე უნდა იყოს ასეო, მეუბნება. მეხუთე კლასშია. ახალი მასწავლებლები ჰყავს, სხვადასხვა საგანს სხვადასხვა მასწავლებელი ასწავლის. პირველ დღეებში სკოლაში დავყვებოდი, რომ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის მისი მდგომარეობა ამეხსნა. მიუხედავად ამისა, ერთხელ სკოლიდან ატირებული მოვიდა, მიზეზი ვერ ვათქმევინე, მერე მის კლასელებს ვკითხე, რა მოხდა-მეთქი და მიპასუხეს, ქუდს არ იხდიდა გაკვეთილზე და მასწავლებელმა რამდენჯერმე სთხოვა მოეხადა, ბოლოს კი ბრმა ხარ, მაგრამ ყრუც ხომ არ ხარო – უთქვამს. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ ასე მითხრეს კლასელებმა“, – ამბობს ლუკას დედა. მისი თქმით, ბავშვი ქუდს თვალის დასაფარად ატარებს, რომ გარშემომყოფების ყურადღება არ მიიქციოს.

„არავის შემოუთავაზებია სპეცმასწავლებელი და არ უთქვამთ, თუ ასეთი მასწავლებლის სკოლაში მოყვანაა შესაძლებელი”

ნინო ამბობს, რომ ლუკას მასწავლებლები და მოსწავლეები საჭიროების შემთხვევაში ეხმარებიან, რაშიც დაფასთან ახლოს მისვლა, წინა მერხზე ჯდომა იგულისხმება. ამავდროულად ბავშვის დედა ამბობს, რომ ცალ თვალში მხედველობის სრულად დაკარგვის შემდეგ ლუკა შინ მეცადინეობაზე უარს ამბობს. მშობელს სკოლის მულტიდისციპლინური საბჭოსთვის არ მიუმართავს მდგომარეობის შესაფასებლად და სპეცმასწავლებლის საჭიროების დასადგენად.

პენსიის დანიშვნაც, რაც ლუკას გორის რაიონის გამგეობამ გამოუყო წელიწადში 250 ლარის ოდენობით, მშობლისთვის მიუღებელი იყო. როგორც ნინო გვეუბნება, სოციალურმა სააგენტომ ამაზე ის დიდი ძალისხმევის შემდეგ დაითანხმა.

,,რთულია დათანხმდე, შვილს მიანიჭონ შშმ სტატუსი, ამის ატანა დედისთვის რთულია. სპეცმასწავლებლის მოთხოვნა თუ იყო შესაძლებელი სკოლაში, არ ვიცოდი. როცა ჩემი შვილის პრობლემებზე ვამბობ მასწავლებლებთან სკოლაში, მეტი რა ვქნათო, მეუბნებიან, არავის შემოუთავაზებია სპეცმასწავლებელი და არ უთქვამთ, თუ ასეთი მასწავლებლის სკოლაში მოყვანაა შესაძლებელი. რომც მოვითხოვო, მეშინია ბავშვმა თავი გარიყულად არ იგრძნოს. სპეცმასწავლებელი რომ დასჭირდეს, ისეც მძიმეა მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ექიმი პირველივე ოპერაციებზე გვეუბნებოდა, რომ ფსიქიატრი იქნებოდა საჭირო და აუცილებელი, მაგრამ ამის საშუალება არ მაქვს. სკოლის მანდატურმა დაგვაკავშირა ფსიქოლოგს, რომელსაც ლუკა კვირაში ერთხელ შეხვდება, ფსიქიატრთან ვერ დამყავს. არამხოლოდ ლუკას, მეც მჭირდება ფსიქოლოგი, ვგრძნობ, მაგრამ სად არის ამის საშუალება? ქირით ვცხოვრობთ და ბევრი პრობლემა გვაქვს. არ მიყვარს, როცა საკუთარ პრობლემებს ვახვევ თავს სხვებს, მხიარული მეგობარი ვარ, ვერავინ ვერაფერს შემატყობს. ჩემთვის ვტირი ღამით,“ – ამბობს ლუკას დედა.

ნინოს და მის ოჯახს 2008 წლის ომის შემდეგ დევნილის სტატუსი აქვს ცხინვალის სოფელ ვანათიდან. როცა დაქორწინდა, 18 წლის იყო, მეუღლე  – 20-ის. ოროთახიანი ბინა გორში, სადაც ისინი ომის შემდეგ ცხოვრობდნენ, დაალომბარდეს ოპერაციისთვის, ბინა გაყიდა ლომბარდმა და ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა. ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ. ოჯახში მხოლოდ ნინოს მეუღლე მუშაობს, გვიან ღამემდე. შესაბამისად მცირედმხედველ ლუკას მხოლოდ დედასთან და ძმასთან აქვს აქტიური კომუნიკაცია.

„როცა შშმ ბავშვების მშობლები სხვებს უზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პასუხად იღებენ – „უი, რა საცოდავი ხარ”

ლუკას დედის მდგომარეობას ართულებს ისიც, რომ ის სხვა მცირედმხედველ ან უსინათლო ბავშვებს, მათ მშობლებს არ იცნობს, ვერავის უზიარებს საკუთარ მდგომარეობას და არც სხვების გამოცდილება იცის როგორია.

ნინო ვერ უმკლავდება საკუთარ სტრესს, რასაც მარტო ვერაფერს უხერხებს. გრძნობს, რომ მისი ემოციური მდგომარეობა შვილზეც აისახება. მეტიც, არ გამორიცხავს, რომ ბავშვის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისივე განწყობის ანარეკლია.

,,რაღაც პერიოდი დავდიოდი ფსიქიატრთან. ფსიქოტროპულმა წამლებმა კიდევ უფრო მომშალა და თავი დავანებე, აღარც საშუალება მქონდა. ემოციებს ვერ ვაკონტროლებ, კარგი ფსიქიატრი მჭირდება, ვგრძნობ ეს აუცილებელია, მაგრამ რით? ქირით ვცხოვრობთ”, – ამბობს ნინო.

მისი სახელიც პირობითია, არ სურს საკუთარი სახელით საუბარი და გვთხოვს, მისი ვინაობა დავფაროთ.

ესმა გუმბერიძისთვის, რომელიც გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი და შშმ ქალთა ორგანიზაცია „პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის” თავმჯდომარეა,  ეს უჩვეულო არ არის. როგორც ესმა ამბობს, საწყის ეტაპზე, პრობლემის გაჩენისას, შშმ პირების მშობლების შიში, უიმედობა და გაურკვევლობა ჩვეულებრივი ამბავია, რასაც სხვა, აქტიური ეტაპი უნდა მოჰყვეს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

შშმ ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიურ დახმარებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს

„როცა შშმ ბავშვების მშობლები სხვებს უზიარებენ საკუთარ პრობლემებს, პასუხად იღებენ – „უი, რა საცოდავი ხარ”, რაც არავის სიამოვნებს და ბუნებრივია იკეტებიან. არც არავინ იცის მათ რა უნდა უთხრან, ძალიან მნიშვნელოვანია ამ დროს თანადგომა, ოჯახის სიმტკიცე და ურთიერთდახმარება, მარტო გამკლავება პრობლემებთან ერთი მშობლისთვის რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, როგორი დამოკიდებულება გვქონდეს სპეციალურ საჭიროებებთან, ეს მოთმინებას, დაკვირვებას და ბევრ შრომას მოითხოვს.

თუ ბავშვს შშმ სტატუსი აქვს, საყოველთაო ჯანდაცვაც ითვალისწინებს გარკვეულ შეღავათებს. ზოგ მუნიციპალიტეტში  საკურორტო მომსახურების პროგრამაცაა, რომლის ფარგლებშიც თბილისიდან, მაგალითად, 10 დღით მიჰყავთ ზღვაზე ან მთაში მშობელთან ერთად. შშმ ბავშვების მშობლების ფსიქოლოგიურ დახმარებას სახელმწიფო არ უზრუნველყოფს,”- ამბობს ესმა გუმბერიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს არ აქვს შშმ პირთა ზუსტი სტატისტიკა, რამდენია მათ შორის უსინათლო, რამდენი ეტლით მოსარგებლე ან სმენის არმქონე და სხვა.

უსინათლოთა ერთადერთი, 202-ე სკოლა თბილისშია, სადაც სპეციალური გამადიდებლები, დაფები და მორგებული ინვენტარი აქვთ.

უსინათლოთა კავშირის წევრი დაახლოებით 4000 ადამიანია, თუმცა ეს არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებია და, შესაბამისად, არსებობს ვარაუდი, რომ უსინათლოები გაცილებით მეტნი არიან.

რა ბედი ეწიათ ბათუმში, ტაიმასაჟის სალონებში დაკავებულებს

„პროსტიტუციის ხელშეწყობის“ მუხლით დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საუბარია ძველ ბათუმში გასული წლის 9 დეკემბერს პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდზე – პოლიციელები რამდენიმე მასაჟის სალონში ერთდროულად შევიდნენ. მაშინ შსს-მ გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე 9 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც ქალები, ისე კაცები.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით, ანუ ისინი მას შემდეგ გათავისუფლდნენ წინასწარი პატიმრობიდან, როცა თითოეულმა მათგანმა გირაოს სახით 1500 ლარი გადაიხადა.

ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა სექსინდუსტრიაში ჩართულ პირებს აკავებენ, ხოლო შემდეგ მათთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება – 2018 წელსაც ანალოგიურად ერთდროულად დააკავეს მასაჟის სალონებში 12 პირი. მაშინაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მსჯავრდებულები 1000-1000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ჩვენ ვთავაზობთ პროკურატურას 2 ათასი ლარის გადახდას… ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს,“ – გვითხრა „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ, რომელიც ამ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ქალის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, ყველა ბრალდებული ტაილანდის მოქალაქეა.

ადვოკატის თქმით, საქმეში სხვადასხვა მტკიცებულებაა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები.

254-ე მუხლი გულისხმობს პირის პროსტიტუციაზე დაყოლიებას ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

აჭარის მთავრობის ახალი შეთანხმება „რივიერასთან“ ცათამბჯენის და იახტკლუბის მშენებლობაზე 

ბათუმის იახტკლუბის რეკონსტრუქცია 2021 წლის ნაცვლად 2023 წელს დასრულდება. შესაბამის ხელშეკრულებაში ცვლილება, მოიჯარე კომპანიის [შპს „რივიერას“] მოთხოვნითა და აჭარის მთავრობის ნაწილობრივი თანხმობით, დაახლოებით თვენახევრის წინ შევიდა. ეს ხელშეკრულება ე.წ. „ბათუმი რივიერას“ ტერიტორიაზე მრავალფუნქციური შენობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოებსაც ითვალისწინებდა, რომელიც 2019 წელს უნდა დაწყებულიყო. ახალი ცვლილებით ეს პირობაც შეიცვალა.

შპს „რივიერას“ ბათუმის იახტკლუბი აჭარის მთავრობამ 1 ლარად, 20-წლიანი იჯარით და გარკვეული ვალდებულებებით 2017 წლის დეკემბერში გადასცა. იახტკლუბის განვითარებასთან ერთად, საიჯარო ხელშეკრულების ერთ-ერთი მოთხოვნა იყო ის, რომ „რივიერას“ მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობა იახტკლუბის მიმდებარე ნაკვეთებზე 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაეწყო. „რივიერას“ მიმართ ეს და სხვა მოთხოვნები ხელშეკრულებაში, 2019 წლის 18 დეკემბერს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით შეიცვალა.

[highlight color=”green”] ახალი შეთანხმებით[/highlight] „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს „2020 წლის 31 დეკემბრამდე სარგებლობაში გადაცემული ქონების მომიჯნავედ თავისსავე [ამჟამად შპს „ბათუმი რივიერას“-ავტ.] საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის სანებართვო პირობით განსაზღვრული მშენებლობის ეტაპის – საძირკვლის მოწყობის სამშენებლო სამუშაოების დაწყება“.

[highlight color=”red”]თავდაპირველი ხელშეკრულებით[/highlight] კი, ამ მომიჯნავე ნაკვეთებზე მრავალფუნქციური შენობა-ნაგებობის საძირკვლის მოწყობის სამუშაოები „რივიერას“ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უნდა დაეწყო.

ბათუმის იახტკლუბის იჯარით გაცემის ხელშეკრულებაში აღნიშნული ეს მომიჯნავე ნაკვეთები, ბათუმის კონცხზე მდებარე ის ნაკვეთებია, სადაც „რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს. ეს ტერიტორია დღეს შემოღობილია და იქ სამუშაოები დაწყებულია.

ამასთან, აღნიშნული ნაკვეთები იპოთეკითაა დატვირთული, იპოთეკარი კი, როგორც „ბათუმელებმა“ გაარკვია, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით დაფუძნებულ თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. იპოთეკის ხელშეკრულება 2018 წლის ივნისშია გაფორმებული. „ჯი სი ეფ ლუქსემბურგისგან“ „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო.

ბათუმის კონცხი /იანვარი, 2020 / ფოტო: მანანა ქველიაშვილი/„ბათუმელები“

იახტკლუბის იჯარით გაცემის ხელშეკრულებაში სხვა ცვლილებებიც შევიდა:

[highlight color=”green”]ახალი შეთანხმებით[/highlight] მოიჯარე შპს „რივიერა“ ვალდებულია უზრუნველყოს „ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში შეთანხმებული პროექტის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების [იახტკლუბის – ავტ.] სარემონტო სამუშაოების/მშენებლობის დაწყება და 2023 წლის 31 დეკემბრამდე ექსპლუატაციაში მიღება და ამოქმედება“.

[highlight color=”red”]თავდაპირველი ხელშეკრულებით[/highlight] კი, „რივიერას“ ევალებოდა, ხელშეკრულების გაფორმებიდან 12 თვის ვადაში უზრუნველეყო შეთანხმებული პროექტის შესაბამისად განსაზღვრული ობიექტების სარემონტო სამუშაოების/მშენებლობის დაწყება და 2021 წლის 31 დეკემბრამდე ექსპლუატაციაში გაშვება და ამოქმედება.

[highlight color=”green”]ახალი შეთანხმებით[/highlight] „რივიერას“ დაევალა „ხელშეკრულების გაფორმებიდან 2021 წლის ბოლომდე სარგებლობაში გადაცემულ ქონებაზე [იახტკლუბის – ავტ.] არანაკლებ 500 000 აშშ დოლარის, 2022 წლის ბოლომდე დამატებით არანაკლებ 1 500 000 აშშ დოლარის და 2023 წლის ბოლომდე დამატებით არანაკლებ 1 000 000 აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება.

[highlight color=”red”]თავდაპირველი ხელშეკრულებით[/highlight] კი, აღნიშნული ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება კომპანიას შესაბამისად, 2019, 2020 და 2021 წლების ბოლომდე ჰქონდა.

ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის აუცილებლობას „რივიერა“, აჭარის მთავრობის თავმჯდომარისთვის და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის, 2019 წლის აპრილში გაგზავნილ წერილში იმით ხსნის, რომ ვერ მოხერხდა განაშენიანების რეგულირების გეგმის [გრგ] დროული დამტკიცება, რის გამოც შემდგომი პროცედურებიც დაგვიანდა.

ამონარიდი შპს „რივიერას“ დირექტორის, ნინო ხელაძის მიერ თორნიკე რიჟვაძისა და ჯაბა ფუტკარაძისთვის გაგზავნილი წერილიდან:

ამონარიდი „რივიერას“ დირექტორის წერილიდან, რომელიც 2019 წლის 24 აპრილითაა დათარიღებული. / ბათუმის საკრებულომ განაშენიანების რეგულირების გეგმა [გრგ] 2019 წლის 22 აგვისტოს დაამტკიცა.
„ბათუმელების“ მიერ მოპოვებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის პარალელურად, „რივიერას“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში „თი ბი სი ბანკის“ მიერ გაცემული 200 000 ლარის საბანკო გარანტია აქვს წარდგენილი. გარანტია მოქმედებს 2022 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

[red_box]ბათუმის იახტკლუბის გასხვისება:[/red_box]

შპს „რივიერას“, ბათუმის ზღვისპირას მდებარე 12 533 კვ.მ მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე 923 44 კვ.მ ნავსაყუდელი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის 2017 წლის ბრძანებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 1 ლარად გადაეცა სარგებლობაში.

მოგვიანებით შპს „რივიერამ“ იახტკლუბი სხვას – ახალდაფუძნებულ შპს „ბათუმის იახტკლუბს“ მისცა:

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში წარდგენილია ბათუმის იახტკლუბის განვითარების პროექტი, რომლის მიხედვით იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიის შემოღობვა და ბათუმის ნავსადგურის მხრიდან ოთხსართულიანი, დაახლოებით 18,5 მეტრი სიმაღლის შენობის აშენება, რომელშიც რესტორანი, საცურაო აუზი და სხვადასხვა დანიშნულების ოთახი განთავსდება. იგეგმება იახტებისთვის სპეციალური ბენზინგასამართი სადგურის მოწყობაც. უფრო დეტალურად, თუ რა იგეგმება იახტკლუბის ტერიტორიაზე, ნახეთ ბმულზე:

ბათუმის ე.წ. იახტკლუბს, ქონების იჯარით გაცემამდე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“ მართავდა. 2017 წლის 13 სექტემბერს კი „ბათუმის ნავსაყუდელის“ საწესდებო კაპიტალიდან ამოღებულ იქნა ქონება და ის აჭარის საკუთრებად დარეგისტრირდა [შემდგომში იჯარით გასხვისების მიზნით].

სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით, აჭარის საკუთრებაში არსებული შპს „ბათუმის ნავსაყუდელი 2015“, რომლის საწესდებო კაპიტალიდან მთავრობამ იახტკლუბის ნავსაყუდელი ამოიღო და „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილ „რივიერას“ იჯარით გადასცა, მომგებიანი კომპანია იყო.

„მომგებიანი კომპანიის საწესდებო კაპიტალიდან ქონების ამოღებით ამ კომპანიამ შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო დაკარგა. აღნიშნული გარიგებით, სახელმწიფო ორგანიზაციებმა საერთო ჯამში ქონების წლიური საიჯარო ქირის სახით 380 094 ლარი დაკარგეს“, – განაცხადა აუდიტმა.

სახელმწიფომ, 2019 წელს, შპს „ბათუმის იახტ კლუბის“ მიმართვის შემდეგ, ბათუმის იახტკლუბთან ზღვის აკვატორიის ნაწილი მიწის ნაკვეთად დაირეგისტრირა. კომპანია „ბათუმის იახტ კლუბი“, სახელმწიფოსგან ზღვის 1 ჰექტარამდე ფართობის 2037 წლამდე სარგებლობაში გადაცემას ითხოვს. ამ კომპანიაში „ბათუმელებს“ შარშან განუცხადეს, რომ ეს ტერიტორია მათ იახტების მოძრაობის უსაფრთხოებისთვის სჭირდებათ.

ამ თემაზე:

რისთვის სჭირდება იახტკლუბს 1 ჰექტარი ზღვა, რომელიც სახელმწიფომ მიწად დაირეგისტრირა

 

სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბსუ-ს დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა 

საქართველოს სახალხო დამცველმა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკასა და ბათუმის რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტი დაუდგინა. საქმე ეხება ბათუმში გასული წლის 18 მაისს “იდენტობის ბათუმის რესურსცენტრის” მიერ ორგანიზებულ ლექციის – “17 მაისი – თავისუფლების ილუზია”  – ჩაშლას. ლექცია უნდა ჩატარებულიყო “ქალთა ფონდის” მიერ მხარდაჭერილი “ანარესის აკადემიის” ფარგლებში.

საჯარო ლექციის ორგანიზატორები თავდაპირველად ამ ლექციის გამართვას ბსუ-ს 21-ე აუდიტორიაში გეგმავდნენ, მაგრამ მათ ლექციის წინა ღამეს ბსუ-დან დაურეკეს და უთხრეს, რომ ამ აუდიტორიაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო,ლექციას ვეღარ ჩაატარებდნენ.

“ბათუმელებმა” გადაამოწმა ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ აუდიტორიაში არანაირი სარემონტო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. ლექცია „იდენტობამ“ გადაიტანა საჯარო ბიბლიოთეკის ბათუმის ამერიკულ კუთხეში. აქ კი ბიბლიოთეკის დირექტორმა არ მისცა მათ ლექციის ჩატარების საშუალება. ვრცლად ამ თემაზე წაიკითხეთ “ბათუმელების” სტატიაში: ჰომოფობიურ ნიადაგზე ბათუმის ბიბლიოთეკამ და ბსუ-მ საჯარო ლექცია ჩაშალეს

სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ სსიპ “ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და ა(ა)იპ “აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკამ” ა(ა)იპ “იდენტობას” მიმართ ჩაიდინეს პირდაპირი დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და საქმიანობის სფეროს ნიშნით (C) სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკა სათანადო ყურადღებით არ მოეკიდნენ ამ ღონისძიებების ჩატარების საკითხს და არ შეეცადნენ, ხელი შეეწყოთ ლექციის ორგანიზატორებისთვის, რომ ლექცია არ ჩაშლილიყო. “სამწუხაროდ  “თბილისი პრაიდის” გამართვასთან დაკავშირებული მოვლენების ირგვლივ საზოგადოებაში შექმნილმა უარყოფითმა და მტრულმა დამოკიდებულებამ, არსებითად გადამწყვეტი როლი შეასრულა, რომ მოპასუხეებს თავი აერიდებინათ იმავე პერიოდში, მათ სივრცეში, ლგბტ+ საკითხებზე საუბრისგან. შესაბამისად, მათ დისკრიმინაციული მოტივით, ფორმალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, განმცხადებლებს უარი უთხრეს ღონისძიების ჩატარებაზე”, – წერია სახალხო დამცველის დასკვნაში.

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული საშუალება, კერძოდ – ლექციის ჩატარებაზე უარის თქმა, არ იყო აუცილებელი საშუალება, ვინაიდან ბსუ-ში და ბათუმის ბიბლიოთეკაში არსებობდა ალტერნატიული ფართობი, რომლის შეთავაზებითაც ისინი ლექციის ორგანიზატორების უფლებაში ნაკლებად ჩაერეოდნენ  და მათ დაგეგმილი ღონისძიების ჩატარების შესაძლებლობა მიეცემოდათ.

სახალხო დამცველი რეკომენდაციის სახით მოუწოდებს ბსუ-სა და ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკას, შეიმუშავონ დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის პოლიტიკის შიდა დოკუმენტი და მომავალი საქმიანობა წარმართონ თანასწორობის პრინციპის დაცვით; ხელი შეუწყონ ლგბტ+ თემისა და სხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებას.

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებით კვლავ დაბინძურებულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური აპარატურის მიერ დღეს, 30 იანვარს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა [გადაჭარბება დაფიქსირდა წინა დღეებშიც].

ბათუმში დაშვებულ ნორმას აჭარბებს ასევე PM2.5  მყარი ნაწილაკების რაოდენობაც ჰაერში.

წინა დღეებში, სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებული იყო გოგირდის დიოქსიდის (SO2) გაზომვა, თუმცა ეს ხარვეზები აღმოფხვრილია.

ბათუმში, 30 იანვრის მონაცემებით, გოგირდის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში ნორმის ფარგლებშია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს, საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების მატება „ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით და ქვეყნის ჩრდილოეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრებით იყო განპირობებული“.

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.

საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეებს ჩინეთიდან თურქეთი გამოიყვანს

თურქეთი ჩინეთის ქალაქ ვუჰანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაციას იწყებს. თურქული საინფორმაციო სააგენტო “ანადოლუს” მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთის 34 მოქალაქესთან ერთად დაგეგმილია საქართველოს შვიდი,  აზერბაიჯანის შვიდი და  ალბანეთის ერთი მოქალაქის ევაკუაციაც.

თურქეთში დაბრუნების შემდეგ ყველა მათგანს კარანტინში გააჩერებენ.  ვუჰანში მყოფი მოქალაქეების ევაკუაციის გადაწყვეტილება თურქეთმა ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო.

სამხედრო თვითმფრინავი ანკარაში მდებარე სამხედრო ბაზიდან ჩინეთში დღეს, 30 იანვარს, გაფრინდა. მოქალაქეების ევაკუაცია თურქეთის საჰაერო ძალების A400M ტიპის სატვირთო  თვითმფრინავით მოხდება. თვითმფრინავის  ბორტზე ასევე იმყოფება ექიმების გუნდი და ინფექციონისტები.

 

ბათუმში ეკლესიის გაქურდვაში მხილებულია არასრულწლოვანი

ბათუმში, ბესიკისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში მდებარე მირქმის ტაძრის გაქურდვაში, კერძოდ, ტაძრის შესასვლელში მდებარე სასანთლის გატეხვაში, მხილებულია არასრულწლოვანი – ინფორმაცია „ბათუმელებს“ შს სამინისტროში დაუდასტურეს.

უცნობია, ზუსტად რამდენი თანხა წაიღო არასრულწლოვანმა სასანთლიდან, სავარაუდოდ, საუბარია 50-მდე ლარზე.

ეკლესიის სასანთლე ბათუმში 26 იანვარს გატეხეს. გამოძიება იმავე დღეს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

ვინ არის 4 ბათუმელი, რომლებიც აფეთქებით მკვლელობის საქმეზე სუს-მა დააკავა

აფეთქებით 2 პირის მკვლელობის საქმეზე“ დაკავებული ექვსი პირიდან 4 ბათუმელია. დაკავებულთა ვინაობის შესახებ სუს-ი ინფორმაციას არ ავრცელებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: აჭარის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, გოჩა თავდუმაძე, ასევე გიორგი აბაშიძის მეგობრები და ასლან აბაშიძის დაცვის წევრი, როლანდ ბერიძე მეტსახელად „ჩაკია“, აბაშიძის დაცვის წევრი იური მჟავანაძე და ასევე აბაშიძის დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობაც „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა.

„გოჩა თავდუმაძე გუშინწინ დააკავეს და ბრალი დღეს დილით წარუდგინეს… ჯერ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ. ბრალდებულს შევხვდი. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში,“ – გვითხრა გოჩა თავდუმაძის ადვოკატმა, ანა შიშნიაშვილმა. ის „იურიდიული დახმარების სამსახურის“ იურისტია.

ბათუმელი გოჩა თავდუმაძე 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც დააკავეს. მაშინ პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულის ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მოსასმენი აპარატურა და ეჭვმიტანილი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაშია ბრალდებული. საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ თავდუმაძე დრამატულ თეატრსა და სხვა დაწესებულებებში 80 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ვიზუალური კონტროლის, ვიდეოჩამწერი და სხდომების წასაყვანი აპარატურის მითვისებაში დაადანაშაულა. მაშინ მის ინტერესებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე იცავდა.

გოჩა თავდუმაძე

„ახლაც დამიკავშირდა გოჩა თავდუმაძის ოჯახი, როცა ის დააკავეს ასაფეთქებლი მოწყობილობების საქმეზე… მე ვერ მოვახერხე მისი დაცვა, თუმცა ვიცნობ, როგორც პატიოსან და განათლებულ პიროვნებას. მას სააკაშვილის ხელისუფლება უსამართლოდ ედავებოდა 13 წლის განმავლობაში. 2016 წელს გოჩა თავდუმაძე გაამართლა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, “ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ნახეთ რას ჰყვებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული  IT სპეციალისტი გოჩა თავდუმაძე „ბათუმელებთან“:

„9 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა მემუშავა: ბათუმში ჩამოდიოდნენ უკრაინის, აზერბაიჯანისა და ჩვენი პრეზიდენტები. შეხვედრა თეატრში იმართებოდა. სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა უზრუნველვყავი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ ციხეში აღარ დავუბრუნებივარ…“

სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება და დანამატები მედპერსონალს აჭარის სოფლებში

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს 2020 წლის ბიუჯეტი 2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით 3 237 365 ლარით [18%] არის გაზრდილი და 21 მილიონი ლარია. სამინისტრო საქვეუწყებო დაწესებულებებთან ერთად წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 36 პროგრამას ახორციელებს.

გთავაზობთ ჯანმრთელობის დაცვის რამდენიმე პროგრამას, რომლებითაც აჭარის რეგიონში მცხოვრები მოქალაქეები ისარგებლებენ.

 

ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება

პროგრამა ითვალისწინებს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობისათვის საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის დაფინანსებას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

[highlight color=”blue”]მოსარგებლეები[/highlight]:

  • შეზღუდული შესაძლებლობების სტატუსის მქონე პირები; – მოქალაქეები რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • ასაკით პენსიონერები, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • 0-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა ოჯახები რეგისტრირებულნი არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულით;
  • უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი;
  • უსახლკაროები.

[highlight color=”blue”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამით გეგმიური სტაციონარული სამედიცინო მომსახურების თანაგადახდის დაფარვა სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

[highlight color=”blue”]პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება[/highlight]: ძვირადღირებული [რომელთა ღირებულება სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული ტარიფით აღემატება 15000 ლარს] ქირურგიული ოპერაციული მკურნალობის თანაგადახდა არაუმეტეს 20 000 ლარისა.

 

ამბულატორიული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა

ეს პროგრამა ითვალისწინებს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსებას.

[highlight color=”blue”]მოსარგებლეები[/highlight]:

  • 200 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულის მქონე პირები;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები, ომის ვეტერანები, ტერიტორიული მთლიანობისათვის ომში მონაწილეები, დაღუპულთა ოჯახის წევრები (დედა, მამა, მეუღლე, შვილები), მრავალშვილიანი (18 წლამდე ასაკის 4 და მეტი შვილი ან/და ნაშვილები) ოჯახის წევრები, პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად აღიარებული პირები, უსახლკაროთა თავშესაფრის კონტინგენტი, უსახლკაროები, მარტოხელა მშობელი და მისი არასრულწლოვანი შვილები, ტრეფიკინგის და ძალადობის მსხვერპლი პირები.

[highlight color=”blue”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: დაფინანსება განხორციელდება პროგრამის შესრულების წესით გათვალსიწინებული პროპორციების დაცვით, სამედიცინო დაწესებულებიდან წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის მიხედვით, არაუმეტეს პროგრამაში გათვალისწინებული მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევის ღირებულებისა.

 

მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია

პროგრამა ითვალისწინებს, მოზრდილი მოსახლეობისათვის [18 წლის ზემოთ] ნებისმიერი ორგანული სისტემის დაავადებით ან დაზიანებით განპირობებული უუნარობის ფუნქციის აღდგენას და შესაბამისად ცხოვრების ხარისხის ამაღლებას.

[highlight color=”blue”]მოსარგებლეები[/highlight]:

  • სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახების წევრები, რომლებსაც მინიჭებული აქვთ 100 000-ის ჩათვლით სარეიტინგო ქულა;
  • შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – ომის ვეტერანები.

[highlight color=”blue”]დაფინანსების ფორმა[/highlight]: ბენეფიციარს მომართვის თარიღის გათვალისწინებით დაუფინანსდება ინდივიდუალური [არანაკლებ 15-დღიანი მომსახურება] კურსის ღირებულება საშუალოდ 4 თვეში ერთხელ. ვაუჩერით დასაფინანსებელი თანხა განისაზღვრება წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის საფუძველზე, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. ღირებულების დანარჩენ ნაწილს დაფარავს პაციენტი.

 

სოფლის სამედიცინო პერსონალის სოციალური უზრუნველყოფა

აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს:

[checklist]

  • მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების [ქედა, შუახევი, ხულო] სოფლის ექიმებისთვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 300 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისთვის – 150 ლარის ოდენობით;
  • ხელვაჩაურისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისთვის ხელფასზე დანამატის დანიშვნას – 150 ლარის ოდენობით, სოფლის ექთნებისთვის – 100 ლარის ოდენობით.

[/checklist]

  • პროგრამების მოსარგებლე 2020 წლის 1 იანვრის მდგომარეობით და ვაუჩერის გაცემის პერიოდისათვის უწყვეტად რეგისტრირებული უნდა იყოს აჭარის ა/რ ტერიტორიაზე.
  • პროგრამების მოსარგებლეს უფლება აქვს, თავად აირჩიოს სამკურნალო დაწესებულება საქართველოს მასშტაბით.

ჯანდაცვის 2020 წლის სხვა პროგრამები იხილეთ ბმულზე:

ვის რამდენით დაუფინანსებენ მკურნალობას 2020 წელს აჭარაში – ჯანდაცვის პროგრამები

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
მისამართი: ქ. ბათუმი, აკადემიკოს მამია კომახიძის ქ. N119
ტელეფონი: +995 (0422) 247972, +995 (0422) 24-79-64
ელ–ფოსტა: info.molhs@molhs.gov.ge

ქართული ენის მასწავლებლებისთვის გერმანიაში სტაჟირებაზე კონკურსი გამოცხადდა

ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებისთვის გერმანიაში, გოეთეს უნივერსიტეტის ემპირიული ენათმეცნიერების ინსტიტუტში ერთკვირიანი სტაჟირებისთვის კონკურსი გამოცხადდა. აჭარაში შეირჩევა სულ ათი პედაგოგი.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მე-5 -მე-12 კლასების მასწავლებლებს. პროგრამაში მონაწილე პედაგოგი ვალდებულია ვიზიტის დასრულების შემდეგ ერთი თვის ვადაში შექმნას არანაკლებ ათი მოსწავლისგან შემდგარი კლუბი საჯარო სკოლაში.

კონკურსში მონაწილე პედაგოგს უნდა ჰქონდეს უფროსი, წამყვანი ან მენტორის სტატუსი, უნდა ასწავლიდეს აჭარაში მოქმედ საჯარო სკოლებში, პედაგოგი არ უნდა იყოს ნამყოფი აღნიშნულ ინსტიტუტში.

კონკურსში მონაწილეობით დაინტერესებულ პედაგოგებს ტექნიკური დეტალების შესახებ ინფორმაცია შეუძლიათ მიიღონ აჭარის განათლების ფონდში ან ამავე უწყების ვებგვერდიდან.

საჭირო დოკუმენტაცია კონკურსანტებმა უნდა წარადგინონ ელექტრონულ მისამართზე: ajaraedufund@gmail.com

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა 2020 წლის 14 თებერვალია. კანდიდატების შერჩევა მოხდება ორ ეტაპად. პირველი ეტაპი ითვალისწინებს ელექტრონულად მიღებული დოკუმენტაციის შესწავლას და გადარჩევას, მეორე ეტაპი კი – გასაუბრებას კონკურსანტებთან, გაკვეთილის წარდგენას, პრეზენტაციასა და მის განხილვას.

Exit mobile version