მთავარი,სიახლეები

რუსული მილიონები აჭარის სანაპიროზე

31.01.2020 • 6136
რუსული მილიონები აჭარის სანაპიროზე

მაშინ, როცა მთავრობა ბათუმში განხორციელებული თუ დაანონსებული ინვესტიციებით იწონებს თავს, არავინ საუბრობს ფულის წარმომავლობაზე. იმ კომპანიებს შორის, რომლებმაც დიდი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღეს,  რუსეთის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული კომპანიებიც არიან. დამფუძნებელთაგან ბევრს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. საქართველოში მათ მიერ კომპანიის დაფუძნების თარიღი კი, ხშირად ქონების შეძენის ან ბიზნესის წამოწყების პერიოდს ემთხვევა.

რუსეთის მოქალაქეები ან ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბიზნესმენები, ძირითადად, საკურორტო ზონაში დასასვენებელი კომპლექსების მშენებლობით ან გასართობი, ასევე სარესტორნო ქსელის მოწყობით არიან დაინტერესებულები. მათი გათვლაც სწორედ რუსეთიდან შემოსულ მომხმარებელზეა მორგებული. შესაბამისი მიმართულებით მუშაობენ მათ მიერ დაქირავებული მარკეტოლოგებიც.

რუსეთის მოქალაქეები ქონებას ყიდულობენ როგორც კერძო პირებისგან, ისე სახელმწიფოსგან და შემდეგ იწყებენ მოლაპარაკებებს მშენებლობის ნებართვების მისაღებად. არის შემთხვევები, როცა რუსეთის მოქალაქეების მიერ შექმნილმა კომპანიებმა სასურველი ქონების შესაძენად მთავრობის მხარდაჭერით ისარგებლეს.

ამ პროექტებს შორის „ეიერ მერიდიანსის“ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია მრავალფუქციური კოპლექსი „White Sails“-ი , იგივე „თეთრი იალქნები“. პროექტი ბათუმის ახალ ბულვართან, ზღვასთან ახლოს, ზღვისა და ბულვარის ხედით ორ ხუთვარსკვლავიან სასტუმროს და ექვს აპარტ-ოტელს, ჯამში 600 აპარტამენტს, სპორტულ-გამაჯანსაღებელ ცენტრებს, ღია და დახურულ აუზებს, გასართობ და სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებსა და ლაუნჯბარებს მოიცავს.

„ეიერ მერიდიანსის“ კომპლექსის პროექტის რენდერი

კომპლექსი თითქმის სამ  ჰექტარს [29 445] ითვისებს, კომპანიამ საპრივატიზებო საფასურის სახით 2  მილიონ 91 000 ლარი გადაიხადა და აჭარის მთავრობასთან დადებული გარიგების მიხედვით 30-მილიონიანი ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აიღო. მიუხედავად პროექტის ინგლისურენოვანი სახელწოდებისა, ინვესტიცია რუსულია.

შპს „ეიერ მერიდიანსის“ წილებს რუსეთის მოქალაქეები – რაულ კაიტამბა [29,62%], სერგეი ისააკიანი [20,79%] დიმიტრი საგირი [14,85%] და კომპანია „ვალენტინი“ [ 28,8] ინაწილებენ. „ეიერ მერიდიანსის“ გარდა რაულ კაიტამბა საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიის თანამფლობელია.

პროექტის მშენებლობა 2017 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა კომპანიას აღებული ვალდებულებები აჭარის მთავრობამ რამდენჯერმე გადაუვადა. ახალი ვადების მიხედვით, „ეიერ მერიდიანსმა“ პროექტის ნაწილი 2020 წლის ბოლოს, სრულად კი 2021 წლის ბოლოს უნდა დაასრულოს.

შპს „ჰოხბაუ“ ბათუმში მრავალფუნქციურ კომპლექსს აშენებს. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კომპანიამ 30-მილიონიანი ინვესტიცია უნდა განახორციელოს. პროექტის პრეზენტაციაზე მთავრობის წევრები ამბობდნენ, რომ ინვესტიცია გერმანულია, თუმცა საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის წილებს რუსეთის მოქლაქეებიც ფლობენ.

შპს „ჰოხბაუს“ 22 % რუსეთის მოქლაქეს, ფილიპ პოტიომკინის ეკუთვნის. 3 პროცენტის მფლობელია ასევე რუსეთის მოქალაქე ჯამალ ხარმასი, კომპანიის 51 პროცენტს გერმანიის მოქალაქე ანასტასია პოტემკინა ფლობს, დარჩენილი 24 პროცენტი კი კომპანიის დირექტორს ზურაბ გარუჩავას ეკუთვნის.

პროექტის პრეზენტაცია. ფოტო: აჭარის მთავრობა

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ზონალურ საბჭოს სამშენებლოს პროექტის შეთანხმების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა შპს „პეტრა მწვანე ზონამ“. კომპანია ციხისძირში, პეტრას ციხიდან 100 მეტრის რადიუსში, გამწვანებულ ზოლში, ზღვის ხედით მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობას გეგმავს.

პროექტის რენდერი

კომპანიის დირექტორი და 33,33 პროცენტის მფლობელი რუსეთის მოქალქე მიხეილ გეთიაა [ორმაგი მოქალაქე], დარჩენილ წილებს კი საქართველოს მოქალაქეები – მარიკა ნაჭყებია და მინდია გურგენიძე ინაწილებენ. მიხეილ გეთია საქართველოში კიდევ რამდენიმე კომპანიის მფლობელი ან თანამფობელია, ისივე როგორც კომპანიის დირექტორი მინდია გურგენიძე [მინდია გურგენიძე ქართული ოცნების შემწირველია, მან „ოცნებას“ 2014 წელს 30 000 ლარი შესწირა].

შპს „პეტრა მწვანე ზონა“ ცხიხისძირში, ზღვის ხედით 5 985 კვ.მ  გამწვანებული ტერიტორიის ათვისებას გეგმავს და როგორც რეესტრის მონაცემებიდან ჩანს, გარიგებულია მესაკუთრესთან, რომ მიწის ნაკვეთის დათმობის სანაცვლოდ აქ მშენებლობის შემდეგ 15 აპარტამენტს  მას დაუთმობს.

ქობულეთში, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, დიდი სავაჭრო ცენტრის აშენებას გეგმავს ბიზნესმენი ანზორ ათაბაძე, ისიც რუსეთის მოქალაქეა. მან მშენებლობისთვის 4 261 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ ელექტრონულ აუქციონზე კონკურენციის გარეშე, ერთი ბიჯით – 1 მილიონ 75 000 ლარად შეისყიდა. აუქციონის პირობის მიხედვით, ანზორ ათაბაძემ არანაკლებ 1 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

ანზორ ათაბაძე საქართველოში ფლობს ასევე შპს „SUNSET“-ს,  შპს „ოქროს ლომს“ და კიდევ რამდენიმე კომპანიას. თავდაპირველად საქართველოში ის ტურიზმის სეგმენტიში გამოჩნდა და აჭარის მთავრობისგან ხელშეწყობაც მიიღო.

ანზორ ათაბაძის კომპანია „ოქროს ლომი 2008“-ს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ  ბათუმში, არდაგანის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 2015 წელს სარგებლობაში გადასცა 1502 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც რესტორანი „სანსეტი“ გახსნეს. ამის შემდეგ კომპანიამ ამ ხელშეკრულების ვადის გაგრძელება და ტბაში არსებული სხვა ნაკვეთების სარგებლობაში გადაცემაც მოითხოვა, პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ინვესტიციის სამ მილიონამდე გაზრდის პირობით.

ფოტო რესტორნის ფეისბუქის გვერდიდან

აჭარის მთავრობაში მიიჩნიეს, რომ სარგებლობაში გადაცემულ მიწის ნაკვეთზე ხელშეკრულების ვადის გაგრძელება მხოლოდ ტბაში მდებარე მთლიანი კუნძულის სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში იყო შესაძლებელი, მისი ერთიანი განვითარების კონცეფციის შემუშავების პირობით. ამის შესახებ ნათქვამი იყო წერილში, რომლითაც აჭარის მთავრობამ ქონების მესაკუთრეს, ბათუმის მერიას მიმართა.

საინვესტიციო წინადადების განხორციელების მიზნით, არდაგანის ტბაში არსებული ნაკვეთების კომპანიის სარგებლობაში 2045 წლამდე გადაცემა ბათუმის მერიაში მიზანშეწონილად მიიჩნიეს. ამ ახალი შეთანხმების საფუძველზე კომპანიას არდაგანის ტბაში არსებული ორი ნაკვეთი, ჯამში, 3557 კვ.მ. გადაეცა.

2020 წლის იანვარში შპს „ვუდვორქინგმა“ აჭარის მთავრობის მიერ გამოცხადებულ პირობიან ელექტრონულ აუქციონზე ბათუმში, ივანე მესხის ქუჩაზე, სამ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობებით შეისყიდა. კომპანიამ ამ ქონებაში 675 000 ლარი გადაიხადა.

აუქციონის პირობების მიხედვით, მყიდველმა შესყიდულ ნაკვეთზე საწარმოს მოწყობა უნდა უზრუნველყოს, ხელშეკრულების გაფორმებიდან სამი წლის შემდეგ საკუთრებაში გადაცემულ ქონებაზე საწარმო უნდა აამოქმედოს. ამ ყველაფერში კი ინვესტორმა არანაკლებ 1 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიცია უნდა განახორციელოს.

მთავრობისვე ინფორმაციით, ამ ნაგებობებში ათამდე ოჯახი ცხოვრობს. გასაყიდი მიწი ნაკვეთის ნაწილზე კი მათ ბოსტნები აქვთ განთავსებული.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში გაგვიმარტეს, რომ აქ მცხოვრებ ოჯახებს ტერიტორია უკანონოდ აქვთ დაკავებული და მთავრობას მათ მიმართ სამართლებრივი პროცედურები აქვს დაწყებული: „მათ აქვთ ინფორმაცია აუქციონის შესახებ“. აქვთ თუ არა მათ ალტერნატიული საცხოვრებელი და ამ პროცედურების შემდეგ ხომ არ აღმოჩნდებიან ისინი ქუჩაში, ამ კითხვაზე სამინისტროში გვიპასუხეს, რომ მათ სოციალურ მდგომარეობას შეისწავლიან და მთავრობის პროგრამებით შესთავაზებენ დახმარებას.

შპს „ვუდვორქინგი“ საქართველოში 2019 წლის დეკემბერში რუსეთის მოქალაქეებმა დააფუძნეს. კომპანიის 50 პროცენტი ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნათია მურვანიძეს, 30 პროცენტი რუსეთის მოქალაქე მარინე დავიდოვას, დარჩენილი 20 პროცენტი კი საქართველოს მოქალაქეს კახაბერ კოტრიკაძეს ეკუთვნის.

რუსეთის მოქალაქეები ფლობენ ასევე შპს „ამბასადორ ბათუმს“, რომელიც ბათუმის ბულვარში 15- სართულიანი შენობის მშენებლობაზე ნებართვას ითხოვს. კომპანიის დირექტორის ინფორმაციით, „ამბასადორ ბათუმი“ ამ პროექტში 55 000 000  დოლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. საჯარო რეესტრის მონაცემებით, კომპანიის 50 პროცენტი რუსეთის მოქალაქეს ვართან ვართანოვს,  50 პროცენტი კი ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირს, ელგუჯა ქებურიას ეკუთვნის.

„ამბასადორ ბათუმი“ ბულვარში, ყოფილი პოლიკლინიკის ადგილზე, უკვე მიმდინარე ოთხსართულიანი სამშენებლო პროექტის 15-სართულამდე გაზრდას ითხოვს. კომპანიამ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან შეისყიდა. ყოფილი პოლიკლინიკის შენობა მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით წინა ხელისუფლების პირობებში გაიყიდა რუსეთის მოქალაქეზე. არაოფიციალურად კი ცნობილი გახდა, რომ მისი მესაკუთრე წინა მოწვევის პარლამენტარი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ქარდავა გახდა. ამის შემდეგ ნაკვეთი რამდენჯერმე გადაყიდეს, საბოლოოდ კი, 2017 წელს, ქონება „ამბასადორ ბათუმმა“ შეისყიდა.

პროექტის რენდერი

შპს „ამბასადორ ბათუმი“ საქართველოში ფლობს კიდევ ერთ კომპანიას „ელიტ სქიი რესორტს“. ამ კომპანიამ კურორტ გოდერძიზე 3120 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი შეისყიდა და იქ ტურისტული ინფრასტრუტურის მოწყობას გეგმავს. კომპანიაში გვითხრეს, რომ ამ კურორტზე კომპანია 50 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს.

გოდერძის უღელტეხილზე 4136 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული შენობა-ნაგებობა პირობიანი აუქციონით შეისყიდა შპს „აჭარა რიზორთს დეველოპმენტ კომპანიმაც“. კომპანიამ მიწის ნაკვეთში 331 000 ლარი გადაიხადა მასზე 1 მილიონ 500 000 ლარის ღირებულების ინვესტიციის განხორციელების პირობით. კომპანიის 50 პროცენტი რუსეთის მოქალაქეს, მარინა დავიდოვას ეკუთვნის, 50 პროცენტი კი – ორმაგი მოქალაქეობის მქონე ნათია მურვანიძეს.

საჯარო რეესტრის 2019 წლის ივნისის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 208 ისეთი კომპანია, რომელთა მფლობელებიც არიან რუსეთში მოქმედი კომპანიები. გარდა ამ 208 კომპანიისა, საქართველოში 5 088 ისეთი კომპანიაცაა დარეგისტრირებული, რომელთა ერთი პარტნიორი [მეწილე] მაინც რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ან ორმაგი [აქედან ერთი რუსეთის] მოქალაქეობის მქონე ფიზიკური პირი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: