მთავარი,სიახლეები

ხელვაჩაურის მერი: უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ინვესტიციის მოზიდვა გვინდოდა

31.01.2020 • 3233
ხელვაჩაურის მერი: უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ინვესტიციის მოზიდვა გვინდოდა

„ეს არის თვალსაჩინო მაგალითი, როგორ ხდება კორუფციული გარიგება,“ – აცხადებს რეზო ხარაზი „ნაციონალური მოძრაობიდან“. მან დღეს, 31 იანვარს, ხელვაჩაურში, აჭარისწყალზე ბრიფინგი გამართა და ნაპირგამაგრებისთვის ხელვაჩაურის ბიუჯეტიდან 218 ათასი ლარის დახარჯვა გააპროტესტა.

„რეალურად ნაპირგამაგრება უნდა განეხორციელებინა ინვესტორს, რომელიც აქ აკეთებს რესტორანს და სასტუმროს. საქმე იმაშია, რომ ეს ბიზნესი თენგიზ ქოქოლაძეს ეკუთვნის, რომელიც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ახლო მეგობარია. ამიტომაც, ზურაბ პატარაძემ 2018 წელს პირდაპირ დაავალა ხელვაჩაურის მერიას ამ თანხის გამოყოფა, ეს იყო არამიზნობრივი ხარჯი,“ – აცხადებს რეზო ხარაზი.

რეზო ხარაზი აქცენტს აუდიტის დასკვნაზეც აკეთებს, რომლის მიხედვითაც „ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა“. რეზო ხარაზმა ბრიფინგზე პროკურატურას ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდა.

„უფლებამოსილებას გადავაჭარბეთ, მაგრამ ჩვენ გვინდოდა ინვესტორისთვის ხელშეწყობა, რომ უფრო მეტი ინვესტიციის მოზიდვას შევუწყოთ ხელი,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ხელვაჩაურის მერმა, ჯუმბერ ვარდმანიძემ. მისი თქმით, ამის გამო არავის პასუხისმგებლობა არ უნდა დადგეს, რადგან კანონი არ დარღვეულა. ხელვაჩაურის მერი გამორიცხავს ამ პროცესში აჭარის ყოფილი თავმჯდომარის და აზერბაიჯანში საქართველოს მოქმედი ელჩის, ზურაბ პატარაძის ჩართვას.

„აუდიტის დასკვნაში პირდაპირ წერია, რომ ეს სამუშაოები მერიას არ უნდა გაეწია, მაგრამ მაშინ ჩვენ ჩავთვალეთ, რომ ეს ხარჯი უნდა გაგვეწია… აკრძალული არაა, კანონი არ კრძალავს. აუდიტმა თქვა, რომ ეს მერის კომპეტენცია არ იყო, ასეა იქ ჩანაწერი,“ – გვითხრა ჯუმბერ ვარდმანიძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: