ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

29.12.2019 • 3219
ხელვაჩაურის მერიამ ნაპირი უკანონოდ გაამაგრა ადრე გაყიდულ ნაკვეთებთან, სადაც სასტუმრო შენდება – აუდიტი

ხელვაჩაურის მერიამ, ბათუმი-ახალციხის გასწვრივ, მდინარე აჭარისწყალზე, 2018 წელს ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 219 ათას 097 ლარზე გააფორმა. სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის მიხედვით კი, მერიას ამ სამუშაოების ჩატარების უფლება არ ჰქონდა. აუდიტი ასევე მიუთითებს, რომ მერიამ ნაპირგამაგრებამდე მიმდებარე ნაკვეთები გაყიდა, სადაც კერძო კომპანია სასტუმრო/რესტორანს აშენებს.

„აღსანიშნავია ის გარემოება, რომ 2018 წელს, ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელებამდე, მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებულ იქნა მიმდებარე ტერიტორიები, რომელთა მყიდველიც ერთი და იგივე პირია. დღეის მდგომარეობით, აღნიშნულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს მრავალფუნქციური დანიშნულების ობიექტის [სასტუმრო/რესტორანი] მშენებლობა.“ – აღნიშნულია ანგარიშში, რომელიც 2019 წლის 27 დეკემბერს გამოქვეყნდა.

აუდიტის შეფასებით, ვინაიდან ბათუმი-ახალციხის გზა წარმოადგენს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზას, ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. შესაბამისად, ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოებაც მისი კომპეტენციაა.

„მუნიციპალიტეტიდან ვერ მივიღეთ განმარტება ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოების საჭიროების შესახებ. სამუშაოების დაწყებამდე არ მიუმართავთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, მსგავსი საქმიანობა ექვემდებარებოდა სკრინინგს [პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ის/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას]. გარდა ამისა, შესყიდვისას არასწორად იქნა მითითებული კლასიფიკაციის კოდი. კერძოდ, ნაცვლად „ნაპირის გასამაგრებელი კედლების მშენებლობისა“, მითითებულ იქნა „საყრდენი კედლები“, რაც, შესაძლოა, მიზანმიმართულად განხორციელდა, რადგან მუნიციპალიტეტს აღნიშნულ მონაკვეთზე ნაპირსამაგრი სამუშაოების წარმოების უფლება არ ჰქონდა“ – აღნიშნავს აუდიტი.

აუდიტის მიხედვით, აღნიშნული სამუშაოებისათვის დაფინანსება გამოიყო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან, კაპიტალური ტრანსფერის სახით: „კანონმდებლობის თანახმად კი, კაპიტალური ტრანსფერი არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ და თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებს შორის გაწეული ფინანსური დახმარება, რომელიც დაკავშირებულია ტრანსფერის მიმღების არაფინანსური აქტივების ზრდასთან. მიუხედავად ამისა, [ხელვაჩაურის შემთხვევაში], 2018 წლის საბალანსო მონაცემებით, არაფინანსური აქტივები 219 ათას 097 ლარით გაზრდილი არ არის“.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ პრივატიზებული ნაკვეთების [სადაც მერიამ ნაპირი გაამაგრა] მყიდველი, საჯარო რეესტრის მიხედვით არის შპს „თეგა“, რომელიც ბათუმში 2017 წლის ივლისშია რეგისტრირებული. კომპანიის მესაკუთრე მერაბ ქოქოლაძეა, ხოლო დირექტორი – გოჩა ბასილაძე.

„მერიის მიერ საავტომობილო გზის − ბათუმი-ხულო-ახალციხის მე-16 კილომეტრზე, მდინარე აჭარისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოებისათვის გამოყოფილი თანხა − 219 ათას 097 ლარი, დაიხარჯა კანონდარღვევით და შესაბამისი დასაბუთების გარეშე, რაც წარმოშობს მუნიციპალიტეტის ინტერესების საზიანოდ საბიუჯეტო სახსრების ხარჯვისა და შესაბამისი პასუხისმგებელი პირების მხრიდან არამართლზომიერი ქმედების რისკს“ – ასკვნის აუდიტი.

აღნიშნული ნაკვეთები სოფელ აჭარისწყალში, მდინარე აჭარისწყალზე მდებარე ხიდთანაა ახლოს. ამ ხიდს კი დაახლოებით ერთი თვის წინ, კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

შპს „თეგას“ საკუთრებაში არსებული ტერიტორია [ყვითელი ფერით – მათ შორის ხელვაჩაურის მერიის მიერ პრივატიზებული ნაკვეთები] სოფელ აჭარისწყალში

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: