მთავარი,სიახლეები

ავტომაგისტრალთან „შავი წერტილების“ შერჩევას €600 ათასი მოხმარდება – გზების დეპარტამენტი

30.01.2020 • 4212
ავტომაგისტრალთან „შავი წერტილების“ შერჩევას €600 ათასი მოხმარდება – გზების დეპარტამენტი

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB), დეპარტამენტს, „საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაციის პროექტის (GTC) ტექნიკური დახმარებისა და კვლევების ფარგლებში“, გრანტის სახით, 5 750 000 ევროს გამოუყოფს.

„გრანტის სრული მოცულობიდან, სავარაუდოდ, 150 000 ევრო მოხმარდება EIB-ის მიერ დასაფინანსებელი პროექტებისთვის აუცილებელი გარემოსდაცვითი და სოციალური კვლევების მომზადებას, 600 000 ევრო აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სიახლოვეს მდებარე პრიორიტეტული „შავი წერტილების“ შერჩევას (EIB-ს მიერ დაფინანსებული პროექტების სიახლოვეს), ხოლო 5 მილიონი ევრო  – იმ გარე ექსპერტების მხარდაჭერას, რომლებიც დაეხმარებიან საავტომობილო გზების დეპარტამენტს EIB-ის მიერ დაფინანსებული და ტრანსევროპულ ქსელში (TEN-T) შემავალი ან მასთან დამაკავშირებელი საგზაო პროექტების მართვასა და განხორციელებაში,“ – აღნიშნულია გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დეპარტამენტში აცხადებენ, რომ „საგზაო ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს მთავრობის „საგზაო უსაფრთხოების 2020 წლის სამოქმედო გეგმით“, საავტომობილო გზების დეპარტამენტს დაგეგმილი აქვს 5 პროექტის განხორციელება. პროექტები დაფინანსდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ისე მსოფლიო ბანკისა და აზიის განვითარების ბანკის დახმარებით“.

ამ სამოქმედო გეგმის შესაბამისად:

უსაფრთხოების პრობლემების იდენტიფიცირების მიზნით, ჯამში, 1283 კილომეტრი სიგრძის  საგზაო მონაკვეთებზე, მათ შორის, პირველ ყოვლისა „შავ წერტილებზე“, საავტომობილო გზების დეპარტამენტი განახორციელებს ინსპექტირებას.  დამონტაჟდება დამატებით საგზაო ნიშნები და საგზაო მონიშვნების,  ლითონის მრუდხაზოვანი ძელებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მოეწყობა უსაფრთხო საგზაო ინფრასტრუქტურა.

[checklist]

  • 2020 წელს, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, იმერეთის და რაჭა-ლეჩხუმის საავტომობილო გზების ქსელზე მოეწყობა 71 400 მეტრი სიგრძის EN 1317 ევროპული ნორმების შესამისად ლითონის მრუდხაზოვანი ძელები, ხოლო მცხეთა-მთიანეთის და ქვემო ქართლის საავტომობილო გზების ქსელზე – 31,370 მეტრი იდენტური კონსტრუქცია.
  • უსაფრთხოების ხარისხის და არსებული რისკების განსაზღვრის მიზნით, მცხეთა-მთიანეთის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების  600 კმ-მდე სიგრძის მონაკვეთებზე, ასევე მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, ჩატარდება გზების შეფასების საერთაშორისო პროგრამის საპილოტე კვლევა (iRAP).
  • მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად, საპრევენციო ღონისძიებების სახით, სოფელ ძეგვზე გამავალ მონაკვეთზე მოეწყობა ტროტუარები, სადრენაჟე სისტემები და საგზაო ნიშნები.

[/checklist]

ამასთან, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დაგეგმილი აქვს 38 სასწორის შეძენა და ტრანსპორტის გასაჩერებელი მოედნების მოწყობა გურიასა და იმერეთში საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე ზენორმატიულად დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის გასაკონტროლებლად. დეპარტამენტის ინფორმაციით, „მოცემულ ეტაპზე, პროექტის დაფინანსების მიზნით, მიმდინარეობს სატენდერო პირობების შეთანხმების პროცედურები აზიის განვითარების ბანკთან“.

„დაწყებულია და 2020 წლის პირველ ნახევარში დასრულდება 8,5 მილიონი ლარის სამუშაოები კახეთის საავტომობილო გზების 4 მონაკვეთზე შერწყმის და განშტოების ადგილებზე წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის მოსაწყობად. ასევე, იმერეთის და შიდა ქართლის რეგიონების  საავტომობილო გზის 6 მონაკვეთზე ტროტუარების, წრიული მოძრაობების, უსაფრთხოების კუნძულების, საგზაო ნიშნების და საგზაო მონიშვნის გასაკეთებლად,“ – აცხადებს დეპარტამენტი.

საქართველოს საავტომობილო გზებზე ე.წ. „შავი წერტილები“, ანუ ის ადგილები განისაზღვრება, სადაც ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევები.

მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის მიხედვით, შავ წერტილად განისაზღვრება საავტომობილო გზის არაუმეტეს 300-მეტრიანი მონაკვეთი, რომლის ფარგლებში 3 წლის განმავლობაში დაფიქსირებულია ადამიანის დაღუპვით დასრულებული არანაკლებ 4 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ან/და ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებით ან/და დაღუპვით დასრულებული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა, რომელთა რიცხვი ჯამურად შეადგენს არანაკლებ ათს.

ამ თემაზე:

ადგილები, სადაც ავტოავარია ხშირად ხდება – კანონი გზებზე „შავ წერტილებს“ დაადგენს

მთავარი ფოტო: გზების დეპარტამენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: