ბათუმში, რივიერას ტერიტორია, სადაც „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია „ბათუმი რივიერა“ 5 ცათამბჯენის აშენებას გეგმავს, იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარი ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდთან დაკავშირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“.
ამ კომპანიისგან, რომელიც ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოშია რეგისტრირებული, „ბათუმი რივიერამ“ 25 მილიონი აშშ დოლარის სესხი აიღო. „ბათუმელების“ მიერ მოძიებული დოკუმენტების მიხედვით, სასესხო ხელშეკრულება ითვალისწინებს მასში ცვლილებების შეტანასაც ან ახალ რედაქციად ჩამოყალიბებას.
25 მილიონი აშშ დოლარის სესხის სანაცვლოდ იპოთეკით დაიტვირთა „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაში არსებული 4 ნაკვეთი ბათუმის იახტკლუბთან, ჯამში, 59 042 კვ.მ ტერიტორია.
„მესაკუთრე [„ბათუმი რივიერა“] შეუქცევადად და უპირობოდ ანიჭებს იპოთეკარს [„ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“] პირველი რიგის იპოთეკის უფლებას მიწის ნაკვეთებსა და მათზე განხორციელებულ ნებისმიერ გაუმჯობესებაზე, მათ შორის ნებისმიერ და ყველა, როგორც ამჟამად არსებულ, ისე სამომავლო, შენობაზე, ნაგებობასა და ქონების ნებისმიერ სხვა შემადგენელ ნაწილზე, ასევე მათ ერთეულებზე,“ – აღნიშნულია იპოთეკის ხელშეკრულებაში.
ამ ხელშეკრულების მიხედვით, „ბათუმი რივიერას“ იპოთეკარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე უფლება არ აქვს გაყიდოს, გადასცეს ან სხვაგვარად განკარგოს, როგორც მიწა, ასევე, მასზე შემდგომში აშენებული შენობები:
„ბათუმი რივიერას“ მხრიდან იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“ უფლება აქვს, თავისი შეხედულებისამებრ გაყიდოს ან სხვაგვარად განკარგოს იპოთეკით დატვირთული ქონება.
„ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“, იპოთეკის ხელშეკრულების მიხედვით [მეორე მხარის მიერ ამ ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში], ასევე აქვს უფლება იპოთეკის საგანი თავის საკუთრებად დაირეგისტრიროს.
„იპოთეკარს უფლება აქვს განახორციელოს მთელი იპოთეკის საგნის ან მისი ნებისმიერი ნაწილის აღსასრულებლად მიქცევა იპოთეკის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში. დარღვევის შემთხვევაში იპოთეკარს უფლება აქვს თავისი ერთპიროვნული შეხედულებისამებრ პირდაპირ გაყიდოს, განახორციელოს გადაცემა ან სხვაგვარად განკარგოს და გადასცეს მთელი იპოთეკის საგანი ან მისი ნებისმიერი ნაწილი როგორც ერთიანად, ისე მრავალჯერადი განკარგვის გზით და ისეთი პირობებით, რასაც იპოთეკარი ჩათვლის კომერციული თვალსაზრისით მიზანშეწონილად… დაიკმაყოფილოს თავისი მოთხოვნები მთელი იპოთეკის საგნის ან მისი ნებისმიერი ნაწილის თავად იპოთეკარისთვის საკუთრებაში გადაცემით და განახორციელოს იპოთეკის საგანზე იპოთეკარის საკუთრების უფლების რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“, – წერია იპოთეკის ხელშეკრულებაში.
იპოთეკარს შეუძლია ქონება აუქციონზეც გაიტანოს. ქონების რეალიზაციის შემთხვევაში კი, ხელშეკრულების მიხედვით, „თუ ამონაგები თანხა აღემატება უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა და ხარჯების საერთო თანხას, იპოთეკარი მესაკუთრეს გადაუხდის ამონაგები თანხის ნაშთს… ხოლო, თუ ამონაგები თანხა ნაკლები იქნება უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა და ხარჯების საერთო თანხაზე, მესაკუთრის ვალდებულება – სრულად აანაზღაუროს უზრუნველყოფილი ვალდებულებებისა და ხარჯების ნებისმიერი დაუფარავი თანხა – სრულად რჩება ძალაში“.
წლების წინ ბათუმში, იახტკლუბის გვერდით, „სილქ როუდ ჯგუფის“ შვილობილი კომპანია – „რივიერა“ ტრამპ თაუერის მშენებლობას აპირებდა. მაგრამ 2018 წლის მაისში კომპანიამ გეგმები შეცვალა: შექმნა ახალი კომპანია – შპს „ბათუმი რივიერა“, სადაც წილების 99%-ს ისევ თავად ფლობს, ხოლო 1% გადასცა კომპანიას, რომლის მესაკუთრე „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტია“, რომელმაც სახელწოდება 2018 წლის ივნისში შეიცვალა და დღეს „ბათუმი თაუერ ჰოლდინგი“ ჰქვია. თავის მხრივ, ამ კომპანიის მფლობელი სწორედ ლუქსემბურგში რეგისტრირებული შპს „ჯი სი ეფ ლუქსემბურგი“, ანუ, იპოთეკარი კომპანიაა.დოკუმენტებით არ ჩანს, არიან თუ არა საქართველოს მოქალაქეები ამ უცხოური კომპანიის დამფუძნებლები, მაგრამ ჩანს ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი], ლევან ვასაძემ [ბიზნესმენი] და უჩა მამაცაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ერთად დააფუძნეს კომპანია – „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია – „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“ დააფუძნა. სწორედ ეს კომპანია მიჰყიდეს მფლობელებმა 500 დოლარად „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“ 2014 წელს.
„ჯი სი ეფ პარტნიორები“ საქართველოში შექმნილი სპეციალური კომპანიაა, რომელიც თანაინვესტირების ფონდს მართავს. კომპანიის 100% წილი დღეს მხოლოდ გიორგი ბაჩიაშვილის სახელზეა რეგისტრირებული, გენერალური დირექტორი კი ცოტნე ებრალიძეა.
რაც შეეხება, „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“, ის საქართველოში რეგისტრირებული არაერთი კომპანიის მფლობელი და 100% წილის მმართველია. მათ შორისაა კომპანიები: „მტკვარი ჰოლდინგი“, „გრინჰაუზ ჰოლდინგი“ [ყოფილი„ჯორჯიან აგრო დეველოპმენტი“], „გალერია ჰოლდინგი“, „ლენტეხი ჰოლდინგი“, „ონი ჰოლდინგი“, „დეირი ჰოლდინგი“, „სიღნაღი ჰოლდინგი“, „ქართული რძის კომპანია“, „აქსის თაუერს ჰოლდინგი“.
„აქსის თაუერს ჰოლდინგის“ დირექტორი კი გივი გაბელაიაა. „ბათუმი რივიერასთან“ დადებულ იპოთეკის ხელშეკრულებას ხელს სწორედ გივი გაბელაია აწერს, როგორც „ჯი სი ეფ ლუქსემბურგის“ [ანუ იპოთეკარის] უფლებამოსილი წარმომადგენელი [მინდობილი პირი].
„სილქ როუდ ჯგუფმა“ 14 წლის წინ საქართველოში ინვესტიციების განხორციელების სურვილი ყაზახ პარტნიორებთან ერთად გამოთქვა, მიზანი აჭარაში ტურიზმის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა იყო. ამ პირობით აჭარაში 21 ტურისტული ობიექტი კომპანიას 2006 წელს მიჰყიდეს.
ეს უძრავი ქონება ყაზახურ ბანკში იყო ჩადებული. ამასთან, ყაზახური მხარე უკმაყოფილო იყო საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემოთი. „სილქ როუდ ჯგუფში“ „ბათუმელებს“ ოთხი წლის წინ უთხრეს, რომ მათ 2014 წელს წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკება ყაზახურ „ბითიეი“ ბანკთან: „სესხის გადახდის სანაცვლოდ, ბანკმა ობიექტები გაათავისუფლა იპოთეკისგან.“
კითხვაზე, იგეგმებოდა თუ არა ახალი ვალდებულებების შესასრულებლად ყაზახური ინვესტიციის ჩადება, კომპანიაში 2016 წელს გვიპასუხეს, რომ ყაზახურ მხარესთან ამ კუთხით მოლაპარაკებას არ აწარმოებდნენ.
საბოლოოდ, 2006 წელს, გაფორმებული ხელშეკრულება 2016 წლის აპრილიდან ახალი პირობებით ამოქმედდა. ახალი შეთანხმებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებად აღირიცხა 18 საკადასტრო ერთეული [21-დან] – მიწის ნაკვეთები ქობულეთში, ციხისძირში, მწვანე კონცხსა და მახინჯაურში, ჯამში დაახლოებით 31 ჰექტარი ტერიტორია [312 057 კვ/მ], მათ შორის, ყოფილი პანსიონატებისა და ტურბაზების ტერიტორიები: „ჩირაღდანი“, „ტალღა“, „ჰორიზონტი“, ტურბაზა „ქობულეთი“, სანატორიუმი „ქობულეთი“, „ნიავი“, „ჩაქვი“, „აჭარა“.
უკან დაბრუნებული ქონების ნაწილი აჭარის მთავრობამ უკვე გაასხვისა. სამუშაოების დაწყებამდე კი ბევრ ადგილზე მრავალწლოვანი ხეები ბიძინა ივანიშვილის დენდროპარკისთვის ამოთხარეს. მაგალითად: ყოფილი სანატორიუმების – „კოლხიდას“, „მზიურისა“ და „მახინჯაურის“ ტერიტორიები.
ბათუმის ბულვართან, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ყოფილი სასტუმრო „მესხეთის“ ტერიტორია კი,
—
ბათუმში რივიერას დასაცავად არაერთი აქცია გაიმართა. ბათუმელი აქტივისტები „რივიერაზე“ დაგეგმილ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან, იმ მოტივით, რომ მაღლივი შენობების აშენების შემთხვევაში შეიცვლება ისტორიული ქალაქის იერსახე.
ამ თემაზე:
https://batumelebi.netgazeti.ge/news/250065/
მთავარი ფოტო: ბათუმის „რივიერა“ / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან