„ჩვენ არ ვართ მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც შევზღუდოთ, რაღაც დავბლოკოთ…“ – გვითხრა ტროლებზე საუბრის დროს დავით უჩაძემ. იგი თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული კომუნიკაციის სამმართველოს უფროსია და მან 30 იანვარს ბათუმის მერიაში გამართულ საჯარო შეხვედრაზე ანტიდასავლურ კამპანიაზე ისაუბრა. კონკრეტულად რას აკეთებს ხელისუფლება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ? – ამ თემაზე დავით უჩაძეს საჯარო შეხვედრის დასრულების შემდეგ რამდენიმე კითხვა დავუსვით.
- ბატონო დავით, როგორც ვიცით, განსხვავებულია ქვეყნების მიხედვით ის ინსტრუმენტები, რომლებითაც რუსულ პროპაგანდას უპირისპირდებიან. ჩვენთან რა ინსტრუმენტებია, რაზეც შეგიძლიათ თქვათ, რომ მუშაობს და არსებობს ხელშესახები შედეგი?
მხოლოდ საქართველოში არა, სხვა ქვეყნებშიც არის ეს პრობლემა. ბუნებრივია, ის მექანიზმები და საშუალებები, რითაც საქართველო წინააღმდეგობას უწევს ამ პროპაგანდას, შეესაბამება იმ საერთაშორისო პრაქტიკას, რომელიც სხვა ქვეყნებში არსებობს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტებს აქვთ შესაძლებლობები გაავრცელონ სწორი და ადეკვატური ინფორმაცია ამ ინტეგრაციის გზაზე. ასევე, მისასალმებელია, რომ არასამთავრობო სექტორი არის აქტიურად ჩართული ამ პროცესში მედიაწიგნიერების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით და ასევე, ხშირ შემთხვევაში, მედია დადებით როლს ასრულებს რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ. სხვადასხვა აქტორების ერთიანი ძალისხმევა არის ის მთავარი მექანიზმი, რომლითაც შეიძლება საზოგადოების დაცვა იმ საფრთხეებისგან, რომელიც მტრული სახელმწიფოსგან მომდინარეობს.
- რატომ არ აწვდით საზოგადოებას ინფორმაციას თქვენი სამსახურის აქტივობების შესახებ?
შეიძლება, ვიღაცამ მიიჩნიოს, რომ არ ჩანს, ან ეფექტი არ აქვს ჩვენს საქმიანობას, თუმცა სხვადასხვა აზრი შეიძლება არსებობდეს. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანია თავდაცვის ძალების შესახებ პოზიტიური იმიჯის ფორმირება და იმ ამოცანების მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან, რომელსაც ემსახურება თავდაცვის ძალები. თქვენ თუ ნახავთ ბოლო კვლევებს, სადაც ასახულია საზოგადოებრივი აზრი, ნახავთ, რომ მოწინავე პოზიციაზეა თავდაცვის ძალები და საზოგადოების მხრიდან არის ძალიან მაღალი ნდობა…
- ჯარის მიმართ ნდობა ყოველთვის მაღალი იყო. ეს რა ლოგიკით შეიძლება იყოს თქვენი საქმიანობის საზომი?
ამ კვლევებს კარგად თუ ვნახავთ, ყოველთვის ეს მოცემულობა არ იყო. იყო შემთხვევები, როცა საპატრიარქო ლიდერობდა, მაგალითად, იუსტიციის სახლები ლიდერობდნენ, თუმცა დინამიკაში თუ ნახავთ, თავდაცვის ძალების მიმართ ნდობა არის მზარდი… ვფიქრობ, ჯარის მიმართ ნდობის მანდატის ასეთი მაღალი ნიშნული არის იმის დამსახურება, რომ ჩვენი საზოგადოება ხედავს იმ გმირობებს, პროფესიონალიზმს, რომელსაც ჩვენი სამხედროები იჩენენ, მათ შორის, საერთაშორისო მისიებში და არა მხოლოდ იქ. ჩვენ არა მხოლოდ ნატოს მისიებში ვართ ჩართული, არამედ აფრიკის კონტინენტზეც ვართ ორ ქვეყანაში წარმოდგენილი. ამის შესახებ საზოგადოებას რომ ინფორმაცია არ ჰქონდეს, შედარებით ნაკლები იქნება მხარდაჭერა და იმის გაცნობიერება, თუ რამდენად კვალიფიციურები არიან ჩვენი თავდაცვის ძალების წარმომადგენლები.
- ზოგიერთი ექსპერტი მიიჩნევს, რომ საერთოდ არ არის განსაზღვრული ჩვენს ქვეყანაში ის, თუ რა არის სტრატეგიული კომუნიკაცია. თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა, ჩვენთან ინტერვიუს დროს აღნიშნა, რომ ხშირად სტრატეგიული კომუნიკაცია ატარებს PR-ის ფუნქციას და არ არსებობს გრძელვადიანი გეგმა. მისივე აზრით, ხელისუფლება მხოლოდ რეაგირების რეჟიმშია და არ მოქმედებს.
პირველ რიგში, სტრატეგიული კომუნიკაცია მოიაზრებს PR აქტივობასაც, თუმცა მხოლოდ ეს არა, რა თქმა უნდა. უნდა ითქვას, რომ თავად ეს დარგი საქართველოში არის საკმაოდ ახალგაზრდა. სხვათა შორის, ქალბატონი თინას დროს შეიქმნა თავდაცვის სამინისტროში სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახური და ჩვენ მნიშვნელოვანი დრო მოვახმარეთ სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების განვითარებას. ეს ერთ დღეში არ მომხდარა, საქართველოში ეს ცოდნა გადმოვიტანეთ სხვა ქვეყნებიდან.
თავდაცვის სამინისტრო იყო პიონერი იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გვაქვს საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც 2017 წელს მივიღეთ, მას მოჰყვება შემდეგ სამოქმედო გეგმა. გეგმის ნაწილის შესახებ საზოგადოებამ უკვე იცის, რადგან ეს შუქდება. ყველაფერი არ არის საჯარო მოხმარებისთვის. ასეთი მოცემულობა არ დგას, რომ არ არსებობს გეგმა… საგარეო საქმეთა სამინისტროს აქვს საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტი საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკომუნიკაციო სტრატეგია და გეგმა, რომელშიც არის ჩართული ბევრი სახელმწიფო უწყება, მათ შორის, თავდაცვის სამინისტრო.
- ანუ გრძელვადიანი გეგმა არსებობს? – გაგვიზიარეთ ამ გეგმის მთავარი გზავნილი.
სტრატეგია არის ოთხწლიანი და შემდეგ ყოველწლიურად მზადდება სამოქმედო გეგმები… წელს, მაგალითად, ამ გეგმებში გაჩნდა, ე.წ. „ფრონტ ოფისები“, რომლებიც საქართველოს რამდენიმე ათეულ წერტილში გაიხსნება. ეს არ იქნება მხოლოდ საინფორმაციო ცენტრი. ეს იქნება სერვისცენტრი იგივე რეზერვის, საკონტრაქტო სამსახურის შესახებ, მაგრამ დაემატება ელემენტები საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით, ასევე ანტიდასავლური პროპაგანდის შემცირების მიზნით გარკვეული კომპონენტები. ეს გაჩნდა ახლა და გაკეთდება. რაღაც ნაწილი არის ხანგრძლივი ამ გეგმაში, მაგალითად, მედიასწავლება, რომელიც სამჯერ უკვე ჩატარდა და წელსაც ჩატარდება. ამ გეგმის ნაწილია ასევე საინფორმაციო გარემოს კვლევა.
- „ტროლებზე“ მინდა გკითხოთ, რომლებიც მუშაობენ რუსულ პროპაგანდაზე. არსებობს მაგალითად, „მედიის განვითარების ფონდის“ კვლევები, რომლის მიხედვითაც კრიტიკულ სიტუაციებში პრორუსული „ტროლები“ მუშაობენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. გასული წლის დეკემბერში „ფეისბუქის“ ადმინისტრაციამ ასობით ყალბი გვერდი დაბლოკა, რომელიც ხელისუფლებასთან იყო დაკავშირებული…
ის, რომ სახელმწიფო ებრძვის რეალურად ანტიდასავლურ პროპაგანდას, ამის მაგალითია დღევანდელი შეხვედრაც, რომელიც შედგა. მნიშვნელოვანია, რომ ეს შეხვედრა არ იყო დახურული და მხოლოდ საჯარო მოხელეებისთვის არ შემდგარა. ეს იყო ღია. ჩვენ, პირადად, ჯარშიც ვატარებთ ხშირად შეხვედრებს. ჩვენი თანამშრომლები ივლიან რეგიონებში და ისაუბრებენ ამ გამოწვევების შესახებ… ჩვენ წარმოვადგენთ სახელმწიფო უწყებას და, შესაბამისად, გადაწყვეტილება იქნა მიღებული ჩართულობის შესახებ. შესაბამისად, მე ასე ცალსახად თქვენს სკეპტიციზმს ვერ გავიზიარებდი. თავდაცვის სამინისტრო არის მაქსიმალურად გამჭვირვალე. ჩვენ არანაირ ტროლებთან და ბოტებთან არ გვაქვს შეხება, ეს შემიძლია გითხრათ.
- არ მიიჩნევთ, რომ უნდა იმუშაოთ იგივე „ტროლების“ წინააღმდეგ, როგორც ამას აკეთებს ბევრი ევროპული ქვეყანა და ვნახეთ „ფეისბუქის“ გადაწყვეტილებაც…
მე გეტყვით, რატომაც არ ვეწევით ამას. ტექნიკურად ეს შეიძლება იყოს მარტივი და გაკეთებადი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ავირჩიეთ სტრატეგიული კომუნიკაციები და დასავლეთთან ინტეგრაცია, ზოგადად ეს დგას ინსტიტუციის სანდოობასა და გამჭვირვალობაზე. მე ახლაც როცა გესაუბრებით, ვცდილობ, რომ ვიყო მაქსიმალურად გამჭვირვალე… სტრატეგიული კომუნიკაციების წარმოებისას მნიშვნელოვანია სანდოობის და გამჭვირვალობის ხარისხი. ჩვენ ჟურნალისტები როცა მიგვყავს ერთ-ერთ ბაზაზე, ისინი აბსოლუტურად თავისუფლები არიან, რომ ბაზა დაათვალიერონ, მათ შორის, სამხედროების პროფესიული მომზადების და მზადყოფნის კუთხით. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. აქედან გამომდინარე, საჭიროება ამისი რატომ უნდა იყოს, რომ რაღაც არაავთენტური მოქმედებები ვაწარმოოთ, არ მესმის.
თავდაცვის სამინისტროს აქვს თავისი ნარატივი და თავისი გზავნილები, თავისი საკომუნიკაციო გეგმა, რომლის ფარგლებშიც ის აკეთებს ღია და გამჭვირვალე ღონისძიებებს და სამიზნე აუდიტორიებთან აქვს პირდაპირი კომუნიკაცია. ჩვენ არ ვართ მიმართული იქეთკენ, რომ რაღაც შევზღუდოთ, რაღაც დავბლოკოთ. მთავარია, რომ ჩვენ ჩვენი ნარატივი გავაძლიეროთ, ამით ვებრძვით რუსულ ნარატივს.
ბევრი არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობს, რომელიც მუშაობს საკმაოდ წარმატებით. ეს უფრო კარგად გამოსდით არასამთავრობო ორგანიზაციებს. ჩვენ ბევრი გვაქვს სამუშაო იმისათვის, რომ ჩვენი ნარატივი გავავრცელოთ.
- ანუ მიგაჩნიათ, რომ ხელი არ უნდა შევუშალოთ „ტროლებს“ და ალტერნატიული ინფორმაციის გავრცელებას აქვს შედეგი?
ჩვენ ნარატივს ვავრცელებთ, ეს საკმარისი არის თუ არა, საკამათოა. ჩვენ თვითკრიტიკულებიც ვართ და ყოველთვის ჯობია, რომ უფრო მეტი გავაკეთოთ.
მთავარი ფოტო: დათო უჩაძე