მთავარი,სიახლეები

რა ბედი ეწიათ ბათუმში, ტაიმასაჟის სალონებში დაკავებულებს

30.01.2020
რა ბედი ეწიათ ბათუმში, ტაიმასაჟის სალონებში დაკავებულებს

„პროსტიტუციის ხელშეწყობის“ მუხლით დაკავებულები საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ. საუბარია ძველ ბათუმში გასული წლის 9 დეკემბერს პოლიციის მიერ ჩატარებულ რეიდზე – პოლიციელები რამდენიმე მასაჟის სალონში ერთდროულად შევიდნენ. მაშინ შსს-მ გვითხრეს, რომ მიმდინარეობდა საგამოძიებო მოქმედებები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის საფუძველზე 9 პირი დააკავეს.

დაკავებულებს შორის არიან, როგორც ქალები, ისე კაცები.

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთი ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა პატიმრობის უზრუნველყოფით, ანუ ისინი მას შემდეგ გათავისუფლდნენ წინასწარი პატიმრობიდან, როცა თითოეულმა მათგანმა გირაოს სახით 1500 ლარი გადაიხადა.

ამ ეტაპზე უცნობია, შეიცვლება თუ არა წინა წლებში დამკვიდრებული პრაქტიკა, როცა სექსინდუსტრიაში ჩართულ პირებს აკავებენ, ხოლო შემდეგ მათთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება – 2018 წელსაც ანალოგიურად ერთდროულად დააკავეს მასაჟის სალონებში 12 პირი. მაშინაც საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და მსჯავრდებულები 1000-1000 ლარის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

„ჩვენ ვთავაზობთ პროკურატურას 2 ათასი ლარის გადახდას… ბრალდებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს,“ – გვითხრა „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ადვოკატმა ნუგზარ გრძელიძემ, რომელიც ამ საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ქალის ინტერესებს იცავს. მისი თქმით, ყველა ბრალდებული ტაილანდის მოქალაქეა.

ადვოკატის თქმით, საქმეში სხვადასხვა მტკიცებულებაა, მათ შორის, ვიდეოჩანაწერები.

254-ე მუხლი გულისხმობს პირის პროსტიტუციაზე დაყოლიებას ან სხვა ისეთი არაძალადობრივი ქმედების განხორციელებას, რომელიც ხელს უწყობს პირის პროსტიტუციაში მონაწილეობას. ეს მუხლი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: