ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებით კვლავ დაბინძურებულია

30.01.2020 • 2946
ბათუმში ჰაერი მტვრის ნაწილაკებით კვლავ დაბინძურებულია

გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქუჩაზე განთავსებული სპეციალური აპარატურის მიერ დღეს, 30 იანვარს, ჰაერში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების ნორმაზე გადაჭარბება დაფიქსირდა [გადაჭარბება დაფიქსირდა წინა დღეებშიც].

ბათუმში დაშვებულ ნორმას აჭარბებს ასევე PM2.5  მყარი ნაწილაკების რაოდენობაც ჰაერში.

წინა დღეებში, სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური ხარვეზის გამო ბათუმში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის ავტომატურ სადგურზე დროებით შეჩერებული იყო გოგირდის დიოქსიდის (SO2) გაზომვა, თუმცა ეს ხარვეზები აღმოფხვრილია.

ბათუმში, 30 იანვრის მონაცემებით, გოგირდის დიოქსიდის შემცველობა ჰაერში ნორმის ფარგლებშია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით:

ჰაერში მტვრის მყარი ნაწილაკების წყაროებია: სამშენებლო პროცესები, ღია გრუნტი, შეშის ღუმელები, დიზელის ძრავები, ქვანახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურები, მრეწველობის სექტორი, ქარის მიერ მიმოფანტული მტვერი. ასევე, ე.წ. მეორადი მყარი ნაწილაკები წარმოიქმნება სხვადასხვა დამბინძურებლის ფოტოქიმიური რეაქციის შედეგად.

ჯანმრთელობაზე ზეგავლენა: თვალის გაღიზიანება, ასთმა, ბრონქიტი, ფილტვის დაზიანება, სიმსივნე, მძიმე ლითონებით მოწამვლა, უარყოფითი ზემოქმედება გულსისხლძარღვთა სისტემაზე.

თუმცა, გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მაგალითად, 2019 წლის ნოემბრის ბოლოს, საქართველოში მყარი ნაწილაკების (PM10) კონცენტრაციების მატება „ძირითადად ტრანსსასაზღვრო დაბინძურებას უკავშირდებოდა და იგი საჰარის, არაბეთის ნახევარკუნძულისა და შუა აზიის უდაბნოების მტვრის მასების შემოჭრით და ქვეყნის ჩრდილოეთით გავრცელებული მასშტაბური ხანძრებით იყო განპირობებული“.

ბათუმში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის ავტომატური სადგური ტბელ აბუსერიძის ქუჩაზეა [რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან] განთავსებული. ეს სადგური მოქმედებს 2017 წლის დეკემბრიდან და აქ ჰაერის დამბინძურებლებზე დაკვირვება საათობრივად მიმდინარეობს. ბათუმში განლაგებულ დანარჩენ სადგურზე კი – გარკვეული პერიოდულობით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: