მთავარი,სიახლეები

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

20.04.2018 • 3305
ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

„აი, ეს არის“, – თქვა ყოფილმა პატიმარმა და ადვოკატის გვერდით გაიშვირა ხელი, სადაც ბათუმის ციხის ყოფილი უფროსები: ზაზა ჯიქია და გიორგი ვეკუა ისხდნენ. ადვოკატმა მას ჰკითხა, შეეძლო თუ არა უშუალოდ გიორგი ვეკუას ამოცნობა.

„შეიძლება, საკუთარი დედის და მამის სახე დამავიწყდეს, მაგრამ ამათი სახე არასდროს დამავიწყდება,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა, რომელმაც დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს ჩვენება მისცა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი „ციხის ყოფილი უფროსების“ საქმის განხილვას განაგრძობს. პროკურატურა ბათუმის ციხის ყოფილ ხელმძღვანელ პირებს – გიორგი ვეკუას და ზაზა ჯიქიას დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. საქმეში 119 მოწმეა – პატიმრები, რომლებიც ყვებიან, როგორ აწამეს ისინი ციხეში. ამ საქმის განხილვა სასამართლომ 2014 წლის 4 მარტს დაიწყო. წლის ბოლომდე სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

ყოფილი პატიმრის, ვარკეს ა.-ს თქმით, აღარ ახსოვს, რამდენჯერ სცემეს მას ბათუმის ციხეში, როცა იგი 2010 წელს წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

„რომ შემიყვანეს, მას შემდეგ მცემდნენ. მიზეზი არ ვიცი, რატომ. როცა მოუნდებოდათ, მაშინ გვცემდნენ… თავი მქონდა გატეხილი. ექიმმა მნახა, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. ექიმის მოთხოვნაზე ისევ გცემდნენ. ზაზა ჯიქია უშუალოდ მცემდა. გიორგი ვეკუა პირადად არ იღებდა ცემაში მონაწილეობას, მაგრამ ორჯერ დავინახე, იქვე იდგა, არაფერზე არ რეაგირებდა. მეტი რა გითხრათ? აღდგომა არ იცოდნენ ამ უჯიშოებმა და ახალი წელი. აღდგომასაც სცემეს იმ დღეს მოყვანილი პატიმრები“, – თქვა ვარკეს ა.-მ. მას მოსამართლემ მოუწოდა, თავი შეეკავებინა შეურაცხყოფისგან.

„არა, ეს არაა შეურაცხყოფა,“ – აღნიშნა მოწმემ.

„ესენი სასჯელს უნდა იხდიდნენ ახლა და მიყურებენ. აგერ არიან და ვკითხოთ – რის გულისთვის მირტყამდი?“ – ეს შეკითხვა ციხის რეჟიმის ყოფილ უფროსს –  ზაზა ჯიქიას ყოფილმა პატიმარმა ალექსი ბ.-მ დაუსვა. ბრალდებულებს კითხვისთვის პასუხი არ გაუციათ. უხერხული დუმილი ისევ ყოფილმა პატიმარმა დაარღვია:

„ღამით ხშირად მაღვიძებს ცოლი, ვბოდავ… ვერ ვივიწყებ ამ ყველაფერს. მე მოვითხოვ, რომ ესენი უმკაცრესად დაისაჯონ, ბატონო მოსამართლევ,“ – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

ამ ეპიზოდამდე პროკურორი რამაზ შავაძე ცდილობდა გარკვევას, რის გამო სცემდნენ პატიმრებს. „იყო თუ არა თქვენთვის ცნობილი, რის გამო გირტყამდნენ, რის გამო გამცირებდნენ?“ – იკითხა პროკურორმა.

ყოფილმა პატიმრებმა ცემასა და დამამცირებელ მოპყრობაში ძირითადად რეჟიმის ყოფილი უფროსი – ზაზა ჯიქია დაადანაშაულეს. ციხის ყოფილი უფროსის, გიორგი ვეკუას შესახებ კი თქვეს, რომ მასთან უშუალო შეხება არ ჰქონიათ.

„უშუალო შეხება არ გვქონია, მაგრამ გიორგი ვეკუა იყო უფროსი, მის გარეშე როგორ გაკეთდებოდა რამე?“ – იკითხა ალექსი ბ.-მ.

„ეს თქვენი დასკვნაა, თუ მოისმინეთ სადმე, რომ გიორგი ვეკუა ზაზა ჯიქიას დავალებებს აძლევდა?“ – იკითხა ადვოკატმა.

„ჩემი დასკვნაა ეს,“ – თქვა ყოფილმა პატიმარმა.

კიდევ ერთმა ყოფილმა პატიმარმა, ლევან ს.-მ მოსამართლეს უთხრა, რომ ციხეში მრავალჯერ ცემის შედეგად მხედველობა დაუქვეითდა.

„არასდროს მიმიმართავს ვინმესთვის, რომ მცემეს… რა აზრი ჰქონდა. ვხედავდი, ვინც რამე თქვა, ხელახლა სცემეს. გვცემდნენ ხელკეტებით, ფეხებით, ხელებით. გვცემდნენ ისე, რომ არ ვიცოდით, რა უნდოდათ ჩვენგან.

პირველად ზაზა ჯიქიამ მცემა. არ ვიცოდი, ვინ იყო. საკანში რომ ავედი, აღვწერე მისი გარეგნობა და მითხრეს, „ნინძა“ იქნებოდაო. ასე ეძახდნენ თურმე ზედმეტსახელად ზაზა ჯიქიას.

თვალებში ვეღარ ვიხედები ახლა… თავს ვეღარ ვაკონტროლებ, ნერვები მეშლება უკვე ყველაფერზე,“ – აღნიშნა ყოფილმა პატიმარმა.

მოსამართლე დავით მამისეიშვილი დღევანდელ სხდომაზე კიდევ რამდენიმე ყოფილი პატიმრის ისტორიას მოისმენს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: