მთავარი,სიახლეები

ვინ არის 4 ბათუმელი, რომლებიც აფეთქებით მკვლელობის საქმეზე სუს-მა დააკავა

30.01.2020
ვინ არის 4 ბათუმელი, რომლებიც აფეთქებით მკვლელობის საქმეზე სუს-მა დააკავა

აფეთქებით 2 პირის მკვლელობის საქმეზე“ დაკავებული ექვსი პირიდან 4 ბათუმელია. დაკავებულთა ვინაობის შესახებ სუს-ი ინფორმაციას არ ავრცელებს.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, დაკავებული არიან: აჭარის უშიშროების ყოფილი თანამშრომელი, გოჩა თავდუმაძე, ასევე გიორგი აბაშიძის მეგობრები და ასლან აბაშიძის დაცვის წევრი, როლანდ ბერიძე მეტსახელად „ჩაკია“, აბაშიძის დაცვის წევრი იური მჟავანაძე და ასევე აბაშიძის დაცვის კიდევ ერთი თანამშრომელი, რომლის ვინაობაც „ბათუმელებმა“ ჯერჯერობით ვერ დაადგინა.

„გოჩა თავდუმაძე გუშინწინ დააკავეს და ბრალი დღეს დილით წარუდგინეს… ჯერ საქმის მასალებს გაცნობილი არ ვარ. ბრალდებულს შევხვდი. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს. აღკვეთი ღონისძიების შეფარდების პროცესი დღეს უნდა გაიმართოს თბილისის საქალაქო სასამართლოში,“ – გვითხრა გოჩა თავდუმაძის ადვოკატმა, ანა შიშნიაშვილმა. ის „იურიდიული დახმარების სამსახურის“ იურისტია.

ბათუმელი გოჩა თავდუმაძე 2004 წელს, „ვარდების რევოლუციის“ შემდეგაც დააკავეს. მაშინ პოლიცია აცხადებდა, რომ დაკავებულის ავტომანქანის საბარგულიდან ამოიღეს მოსასმენი აპარატურა და ეჭვმიტანილი ქვეყნის საწინააღმდეგო საქმიანობაშია ბრალდებული. საბოლოოდ, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილებამ თავდუმაძე დრამატულ თეატრსა და სხვა დაწესებულებებში 80 ათასზე მეტი ლარის ღირებულების ვიზუალური კონტროლის, ვიდეოჩამწერი და სხდომების წასაყვანი აპარატურის მითვისებაში დაადანაშაულა. მაშინ მის ინტერესებს ადვოკატი დავით ჯაფარიძე იცავდა.

გოჩა თავდუმაძე

„ახლაც დამიკავშირდა გოჩა თავდუმაძის ოჯახი, როცა ის დააკავეს ასაფეთქებლი მოწყობილობების საქმეზე… მე ვერ მოვახერხე მისი დაცვა, თუმცა ვიცნობ, როგორც პატიოსან და განათლებულ პიროვნებას. მას სააკაშვილის ხელისუფლება უსამართლოდ ედავებოდა 13 წლის განმავლობაში. 2016 წელს გოჩა თავდუმაძე გაამართლა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა, “ – გვითხრა ადვოკატმა დავით ჯაფარიძემ.

ნახეთ რას ჰყვებოდა სააკაშვილის ხელისუფლების დროს ცხრათვიანი პატიმრობის შემდეგ გათავისუფლებული  IT სპეციალისტი გოჩა თავდუმაძე „ბათუმელებთან“:

„9 თვის მერე დამირეკეს და მითხრეს, რომ უნდა მემუშავა: ბათუმში ჩამოდიოდნენ უკრაინის, აზერბაიჯანისა და ჩვენი პრეზიდენტები. შეხვედრა თეატრში იმართებოდა. სინქრონული თარგმანი და მიკროფონების გამართულად მუშაობა უზრუნველვყავი ამ შეხვედრაზე. ამის შემდეგ ციხეში აღარ დავუბრუნებივარ…“

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: