მთავარი,სიახლეები

ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა – ბრალდებული გამართლდა

31.01.2020 • 3616
ავარია ქობულეთის შემოვლით გზაზე, რასაც 2 ადამიანი ემსხვერპლა – ბრალდებული გამართლდა

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა უდანაშაულოდ მიიჩნია ნ.ფ. მას გამოძიება ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას ედავებოდა, რასაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ საქმეში მოსამართლისთვის არსებითი პოლიციელების ჩვენებები აღმოჩნდა, რომელიც ურთიერთსაპირისპირო იყო და წინააღმდეგობრივი წერილობით მტკიცებულებებთან.

შემთხვევა 2018 წლის 12 დეკემბერს მოხდა – ქობულეთის შემოვლით გზაზე, ქობულეთთან ახლოს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა ერთმანეთს. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე – კლინიკაში. კლინიკაში იმ დღეს ის პირიც გადაიყვანეს, რომელსაც რამდენიმე დღეში პროკურატურამ ბრალი წარუდგინა.

„მთავარი კითხვა – რომელი ავტომანქანის მძღოლ(ებ)ის გაუფრთხილებელმა ქმედებამ გამოიწვია ავტოავარია, რასაც მოჰყვა უმძიმესი შედეგი, მძიმედ დაზიანდნენ და დაიღუპნენ ადამიანები, აუნაზღაურებელი ზიანი მიიღეს ოჯახებმა – ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ურთიერთგამომრიცხავი და მხოლოდ ეჭვის გამომწვევი მტკიცებულებებით სასამართლო განხილვის დასრულებისას პასუხგაუცემელი დარჩა,“ – წერს მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი.

გამოძიებამ ბრალი იმ ავტომანქანის მძღოლს წარუდგინა, რომელიც BMW-ს მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა და მის საპირისპიროდ მოძრავ „Mercedes“-ს შეეჯახა. „Mercedes“-ში იჯდა ოთხი მგზავრი, რომელთაგან ორი დაიღუპა. ავარიის შედეგად BMW-ს მარკის ავტომანქანა სატვირთოს შეეჯახა.

ჩატარდა ექსპერტიზაც, რომლის მიხედვითაც BMW-ს მარკის ავტომანქანის მძღოლმა, ანუ ბრალდებულმა ნ.ფ.-მ დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, თუმცა იქვე ხაზგასმულია, რომ ექსპერტიზა გამოძიების მიერ მიწოდებულ წერილობით მტკიცებულებებს დაეყრდნო.

განაჩენის მთავარი აქცენტი წერილობითი მტკიცებულებებია, რაზეც კრიტიკულ დამოკიდებულებას მოსამართლე არ მალავს, მაგალითად, როგორ შეადგინა გამომძიებელმა შემთხვევის დღეს მიღება-ჩაბარების აქტი 18 საათსა და 50 წუთზე, როცა შემთხვევის შესახებ ინფორმაცია პოლიციაში 18 წუთით ადრე შევიდა? მოსამართლე შენიშნავს იმასაც, რომ ერთ-ერთი წერილობითი მტკიცებულების მიხედვით, ბრალდებული ერთდროულად შემთხვევის ადგილზეც იმყოფებოდა და კლინიკაშიც.

მოსამართლემ ბრალდებული სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. ის მანამდე წინასწარ პატიმრობაში იმყოფებოდა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: