მთავარი,სიახლეები

ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა”

31.01.2020 • 4856
ციხის უფროსების საქმის განხილვის მე-6 წელი – “ყველამ იცის, რაც ხდებოდა”

“ხდებოდა ფიზიკური შეურაცხყოფა, ცემა… სისტემა იყო, ყველამ იცის, რაც ხდებოდა,” – უთხრა მოსამართლე დავით მამისეიშვილს მოწმე ნოდარ შავლიძემ. ის ბათუმის მე-3 დაწესებულების თანამშრომელია. იმ წლებში, როდესაც მოწმეების თქმით, პატიმრებს აწამებდნენ, ნოდარ შავლიძე ოპერატორ-მორიგეს პოზიციაზე მუშაობდა.

“ბათუმის ციხის უფროსების საქმის” განხილვა დღეს, 31 იანვარს, განახლდა. დღეს მოსამართლემ ბათუმის ციხის მოქმედი და ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები მოისმინა.

ბათუმის ციხის ყოფილ უფროსს, გიორგი ვეკუას და რეჟიმის უფროსის, ზაზა ჯიქიას გამოძიება დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას ედავება. ასზე მეტი ნაწამები პატიმრის საჩივრის საფუძველზე ამ საქმის განხილვა ბათუმის საქალაქო სასამართლოში 2014 წელს დაიწყო. სასამართლო სხდომებზე ყოფილი პატიმრები მათი წამების ისტორიებს ჰყვებიან. სხდომები რამდენიმე თვის ინტერვალით, უკვე მე-6 წელია ტარდება. მაგალითად, წინა სხდომა ამ საქმეზე 2019 წლის 13 ივნისს გაიმართა. ივნისის შემდეგ ამ დრომდე სხდომა არ ჩატარებულა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესული ცვლილებების მიხედვით, 2019 წლის პირველ იანვრამდე უნდა დასრულებულიყო იმ სისხლის სამართლის საქმეების განხილვა, რომელთა საქმისწარმოებაც 2016 წლამდე დაიწყო. საია-ს განმარტებით, კანონში არ არის დაზუსტებული, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი კონკრეტული მოსამართლე ამ ვადაში საქმის განხილვას არ დაასრულებს. შესაბამისად, ბრალდებულები ისევ გირაოს საფუძველზე არიან გათავისუფლებულები. ყოფილ პატიმრებს კი, რომლებიც წლების წინ მოუყვნენ მოსამართლეს, თუ როგორ აწამეს, შესაძლოა ხელახლა მოუხდეთ ციხეში მომხდარი ამბების გახსენება. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუკი საქმის განმხილველი მოსამართლე – დავით მამისეიშვილი სამუშაო ადგილს შეიცვლის და სხვა მოსამართლე ხელახლა დაიწყებს საქმის განხილვას. გასულ წელს დავით მამისეიშვილმა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გადასვლაზე გააკეთა განაცხადი, თუმცა გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ჯერ არ მიუღია.

ბათუმის ციხის თანამშრომელმა, მოწმე ნოდარ შავლიძემ პატიმრების ცემა დაადასტურა.

“კონკრეტულად ასე არ მახსოვს… თავში წამოარტყა რამდენიმე პატიმარს დერეფანში,” – თქვა მოწმემ, როცა მას პროკურორმა რამაზ შავაძემ ფიზიკური ძალადობის შემთხვევების გახსენება სთხოვა.

მოწმის თქმით, ფიზიკური ძალადობა ძირითადად იმ მიზნით ხდებოდა, რომ ციხის ადმინისტრაციას სურდა “ქურდული სამყაროსთვის” ხელი შეეშალა. ნოდარ შავლიძემ გაიხსენა, რომ პატიმრების ფიზიკურად დასჯის პროცესს რეჟიმის უფროსი ზაზა ჯიქია ესწრებოდა და  არასდროს უნახავს მსგავს ვითარებაში დირექტორი გიორგი ვეკუა.

“როგორ ფიქრობთ, გიორგი ვეკუასთვის ცნობილი არ იქნებოდა ამ შემთხვევების შესახებ?” – ჩაეკითხა მოწმეს პროკურორი.

“კი, იქნებოდა,” – მოკლედ თქვა მოწმემ და პაუზის შემდეგ დაამატა: “ამ თემაზე მე გიორგი ვეკუასთან არასდროს მისაუბრია”.

“თქვენ თუ სცემდით პატიმრებს?”- ისევ მიმართა მოწმეს პროკურორმა.

“არა”- მხოლოდ ეს თქვა მოწმემ. მან იგივე გაიმეორა, როცა მას ბრალდებულმა გიორგი ვეკუამ ჰკითხა:

“რაიმე სახის უკანონო დავალება ხომ არ მიგიღიათ ჩემგან?”

ფიზიკური ძალადობა არ დაადასტურეს იმ მოწმეებმა, რომლებიც ბათუმის ციხის უკვე ყოფილი თანამშრომლები არიან. მაგალითად, მოწმე ელგუჯა ბჟალიამ თქვა, რომ “თავის მოსაფხანად არ ეცალა” და ძალადობის შესახებ არაფერი გაუგია. მოწმე რამაზ თავდგირიძემ კი აღნიშნა, რომ პატიმრების ცემის შესახებ ინფორმაციას ტელევიზორიდან იგებდა და გიორგი ვეკუას დირექტორობის დროს “რეჟიმი გამკაცრდა”.

“რას გულისხმობთ რეჟიმის გამკაცრებაში?” – იკითხა პროკურორმა.

“ვიგულისხმე ის, რომ მანამდე დერეფანში ვერ გაივლიდი, დაგეჯახებოდა დერეფანში პატიმარი, იყო გადაძახილ-გადმოძახილი…” – თქვა მოწმემ. მან პროკურორთან დიალოგში აღნიშნა ისიც, რომ ციხის სხვა თანამშრომლებისგანაც გაუგია ამბავი პატიმრების ცემის შესახებ.

“ითქვა რამდენჯერმე, რომ პატიმრებს სცემენო, მაგრამ მე ჩემი თვალით არაფერი მინახავს. თვალით როცა ნახავ, მაშინ იჯერებ,” – დასძინა მოწმემ და სასამართლო სხდომის დარბაზი დატოვა.

ამ საქმეზე დაახლოებით 50 მოწმეა ისევ დასაკითხი, მათ შორის, ადამიანები, რომლებიც ახლაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან.

ამ თემაზე:

ყოფილი პატიმარი: შეიძლება დედის სახე დამავიწყდეს, მაგრამ მათი – არასოდეს

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: