სად წაიღეს საპენსიო ფონდის 235,9 მილიონი ლარი – სააგენტოს განმარტება

ეროვნულ ბანკში საპენსიო სააგენტოს თანხა ერთ დღეში 235,9 მილიონით შემცირდა.

საპენსიო სააგენტოს მიერ საქართველოს ეროვნულ ბანკში (სებ) გახსნილ ანგარიშებზე, 2020 წლის 27 თებერვალს, 254 398 515 ლარი იყო განთავსებული, მეორე დღეს, 28 თებერვალს კი, ეს თანხა 235 995 869 ლარით შემცირდა.

ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2020 წლის 1-ლი მარტის მდგომარეობით, ეროვნულ ბანკში, საპენსიო სააგენტოს ანგარიშებზე მხოლოდ 18 402 646 ლარია განთავსებული.

„საპენსიო სააგენტომ, საინვესტიციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თებერვალში შეიძინა 560 მილიონი ლარის ღირებულების სადეპოზიტო სერტიფიკატები. საშუალო ნომინალური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 14.9%-ს, ინვესტიციების ვადიანობა კი გახლავთ 5 წელი. აღნიშნული ინვესტიციები განახორციელა უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით წიკლაურმა, რომელიც საინვესტიციო საბჭომ ერთი თვის ვადით დანიშნა. მიგვაჩნია, რომ ეს გადაწყვეტილება უზრუნველყოფს მონაწილეთა ინტერესების დაცვას და დღევანდელი საბაზრო მონაცემების გათვალისწინებით, გვთავაზობს მოსალოდნელ რისკებსა და მოსალოდნელ უკუგებას შორის საუკეთესო ბალანსს [დაახლოებით 4%-იანი განსხვავება გვაქვს სახელმწიფო ობლიგაციების 5-წლიან სარგებლეთან რომელიც 9.5%-ია)“ – მოგვწერეს საპენსიო სააგენტოდან. სააგენტოს განმარტებით, ამ გზით მეტი სარგებლის მიღებაა შესაძლებელი.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანების მიხედვით, „სადეპოზიტო სერტიფიკატი არის საბანკო დეპოზიტი(ანაბარი) და წარმოადგენს ბანკის ვალდებულებას სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებულ დღეს სერტიფიკატის მფლობელს გადაუხადოს სერტიფიკატის პირობით გათვალისწინებული თანხა“.

ამ ეტაპზე საპენსიო სააგენტოდან ვერ მივიღეთ ინფორმაცია, თუ კონკრეტულად ვისგან შეისყიდეს სადეპოზიტო სერტიფიკატები, რომელთა შეძენაც საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭომ გადაწყვიტა.

სააგენტოს ბოლო მონაცემებით საპენსიო ფონდში 600 მილიონი ლარია. საპენსიო სააგენტოს საბანკო ანგარიშები ეროვნული ბანკის გარდა კიდევ 10 კომერციულ ბანკში აქვს გახსნილი.

საქართველოს პარლამენტმა საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭო 2019 წლის ივნისში დაამტკიცა. დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონის თანახმად, საინვესტიციო საბჭო 5 წევრისგან შედგება და მის წევრებს პარლამენტი 5 წლის ვადით ამტკიცებს. საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარედ კი ოლივიე რუსო აირჩიეს. ის საფრანგეთის საპენსიო სარეზერვო ფონდის აღმასრულებელი დირექტორია.

საპენსიო ფონდი დაგროვებითი საპენსიო სისტემის შედეგად აკუმულირებული თანხების ერთობლიობას წარმოადგენს. ფონდის საინვესტიციო პოლიტიკა – თუ რა სფეროში/პროექტებში  დაბანდდება ეს თანხა – სწორედ საინვესტიციო საბჭომ უნდა განსაზღვროს. ამ თემაზე: უნდა დაფინანსდეს თუ არა ჰესები და ენერგეტიკული პროექტები საპენსიო ფონდიდან? 

 

 

რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ

მას შემდეგ, რაც თინეიჯერების მიერ ჩადენილი დანაშაულების მიმართ კანონი ლიბერალური გახდა და ქვეყანაში „არასრუწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ ამოქმედდა, სტატისტიკაში არასრულწლოვანთა დანაშაულის მაჩვენებელმა იმატა. სტატისტიკის მიღმაც ხშირად გვესმის, რომ „ახალგაზრდებს არავინ სჯის“ და ამიტომაც ხდება ამდენი დანაშაული.

არა მხოლოდ საქართველოში, დანაშაულს ყველაზე ხშირად თინეიჯერები სჩადიან. გლობალური ტენდენციაა ისიც, რომ დასჯასა და კონტროლის გამკაცრებას შედეგი არ მოაქვს. ფსიქოლოგი მაია ცირამუა ჩვენთან საუბარს იმით იწყებს, რომ მოზარდების დანაშაულის თავიდან ასაცილებლად ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის კეთება ადგილობრივ თვითმმართველობას შეუძლია. იგი ამ მიმართულებით წარმატებულ სისტემას სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის, პოლონეთში გაეცნო.

რატომ სჩადიან მოზარდები დანაშაულს და რა შეუძლიათ ადგილობრივ თვითმმართველობებს, რომ თინეიჯერს დანაშაულის ჩადენა აღარ მოუნდეს? – „ბათუმელებმა“ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან ინტერვიუ ჩაწერა.

  • ქალბატონო მაია, თავდაპირველად გვითხარით იმ ძირითადი ფაქტორების შესახებ, რის გამოც მოზარდი დანაშაულის ჩადენამდე მიდის.

მთავარი რისკფაქტორი კანონთან კონფლიქტში შესვლისთვის არის თავად მოზარდობის ასაკი. თინეიჯერებს ყველაზე მეტად უყვართ გარისკვა, ექსპერიმენტების ჩატარება, ადრენალინის მიღება, საკუთარ თავზე დაკვირვება… ამავე დროს, ისინი ხშირად დაპირისპირებაში არიან უფროსებთან, ცდილობენ, რომ ავტონომიურები გახდნენ, რაც ბუნებრივად ზრდის კონფლიქტის რისკებს – ბავშვი აღარ ხარ და შენი თავი უნდა იპოვო, შენი ადგილი უნდა ნახო. ეს უკავშირდება ბიოლოგიურ პროცესს, რაც ჰუბერტატის ასაკში ხდება.

მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორია ოჯახი, გარემო, სადაც მოზარდს ურთიერთობა უწევს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფონზე, როცა ამბოხის და რევოლუციის ფაზაშია მოზარდი, როგორ იღებს მას ოჯახი, არის თუ არა იქ სხვა ტიპის პრობლემები. არაერთი შემთხვევაა ბავშვზე ძალადობის ან ბავშვთა უგულებელყოფის.

ძალიან მნიშვნელოვანია მშობელმა იცოდეს, ვისთან აქვს ურთიერთობა მოზარდს. ამ ასაკში მოზარდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობენ მისი თანატოლები, როგორია მათი ღირებულებები. ხშირად მოზარდი ამ ღირებულებებს უპირობოდ იღებს და მას ძალიან უჭირს თქვას „არა“. თინეიჯერმა იცის, რომ ხშირად ეს უარი შესაძლოა, გარიყვის, მარტოობის ფასად დაუჯდეს.

მაია ცირამუა
  • შეიძლება თინეიჯერმა ჩაიდინოს დანაშაული იმის გამო, რომ ეს მის თანატოლებს მოსწონთ?

კი, ასეთი ბევრი შემთხვევაა, როდესაც მოზარდი უპირობოდ იზიარებს თანატოლების შეხედულებებს. ამიტომაცაა ძალიან მნიშვნელოვანი ვიცოდეთ, ვისთან ურთიერთობს მოზარდი: სპორტული კლუბია ეს, ლიტერატურული, თუ სად არის ბავშვი? ძალიან ხშირია, როცა მოზარდი ექცევა თანატოლების დეივაციური ქცევის გავლენის ქვეშ. შესაძლოა, მშობელი აღმოჩნდეს ფაქტის წინაშე, რომ ეს არაა ის ჯგუფი, სადაც ის ისურვებდა საკუთარ შვილს, მაგრამ ღია კონფრონტაციაში შესვლა თინეიჯერთან არასდროს მიგვიყვანს კარგ შედეგამდე. ხშირად მშობლები ამ დროს ამკაცრებენ ხოლმე წესებს, რაც შედეგიანი არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საზღვრების დაცვა მოზარდთან და სტრუქტურაში ყოფნის აუცილებლობა არ არის და ამაზე უარი უნდა თქვას მშობელმა – დასჯაზე ორიენტირებული მიდგომით ვერც ოჯახი და ვერც სახელმწიფო შედეგზე ვერ გავა.

  • რამდენად არის სიღარიბე არასრულწლოვნებში დანაშაულის ჩადენის რისკფაქტორი? 

არ არის სწორი მიდგომა, რომ ბავშვი, რომელიც სიღარიბეშია, ის აუცილებლად ჩაიდენს დანაშაულს, ისევე, როგორც ბავშვი, რომლის ოჯახშიც ხდება ძალადობა, თავად გახდება მოძალადე, მაგრამ რისკი არის მაღალი. მე მახსოვს შემთხვევა, როცა ბავშვმა მოიპარა ბუცები, რადგან მას ეს არ ჰქონდა. არ ვამბობ იმას, რომ რომელიმე უწყებამ ან თვითმმართველობამ ბუცები უნდა დაურიგოს ბავშვებს, მაგრამ მთავარია, რას ვახვედრებთ ჩვენ თინეიჯერს, როცა ის ქუჩაში გამოდის, რა გარემო ხვდება?

ბევრი რამ ახდენს გავლენას მოზარდზე: ოჯახი, მიკროსოციუმი, სკოლა, რომელიც ხშირად საკუთარ როლს ვერ ხედავს ამ პროცესში, კანონები, რომლებიც მოქმედებს, ზოგადი ფონი, როგორ არის დაცული ბავშვთა უფლებები…

ჩვენთან პირველი, ვინც ხედავს ბავშვს, რომელსაც აქვს პრობლემა, არის პოლიციელი. მანამდე ამ ბავშვს ვერ ხედავს ოჯახი, სკოლა, პედაგოგი, სოციალური სამსახური… ეს ბავშვი  პოლიციელის პირისპირ აღმოჩნდება მაშინ, როცა დანაშაული უკვე ჩაიდინა.

მნიშვნელოვანი როლი დანაშაულის პრევენციაში აქვს ადგილობრივ თვითმმართველობას, რადგან ადგილობრივ დონეზე უფრო თვალსაჩინოა მოზარდის პრობლემები: როცა გამოდის სახლიდან რა ხვდება? რას აკეთებს? სად ატარებს ძირითადად დროს?

  • რა უნდა გააკეთოს ადგილობრივმა თვითმმართველობამ მოზარდების დანაშაულის პრევენციისთვის? 

მუნიციპალიტეტის დონეზე შეიძლება არსებობდეს გარკვეული ჯგუფი ან კომიტეტი, არ აქვს მნიშვნელობა, რას დაარქმევენ ამას, მთავარია არსებობდეს ორგანო, სადაც მრგვალი მაგიდის გარშემო შეიკრიბება სხვადასხვა სამსახური: სოციალური, განათლების რესურსცენტრი, სკოლა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი უწყებები, კულტურის, სპორტის და ასე შემდეგ. არასრულწლოვნის დანაშაული და მისი პრევენცია არაა მხოლოდ ერთი კონკრეტული უწყების საქმე. ევროპული მიდგომა აჩვენებს, რომ პრევენციაში თითოეული უწყება საკუთარ როლს ხედავს. ყველა რგოლი უნდა იყოს მოტივირებული, რაც შეიძლება კარგი გარემო შეიქმნას თემში მცხოვრები თინეიჯერისთვის.

უფრო კონკრეტულად რომ წამოვიდგინოთ: პოლიციის ადგილობრივმა განყოფილებამ ყოველთვის კარგად იცის, სად ხდება არაფორმალური შეხვედრები, სად არის მაღალი რისკი, დანაშაულის ჩადენის საათები როდისაა, ვინ არიან ამაში ჩართულები… პოლიცია წარმოადგენს ამ სურათს და მრგვალ მაგიდასთან სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენელი მსჯელობს, რა როგორ შეიძლება? რა შეიძლება იყოს ეფექტური სტრატეგია? ამ გარემოში უნდა მოხდეს ამ ე.წ. რთული შემთხვევების შესწავლა, მაგალითად, პოლიციელს აქვს ინფორმაცია მოზარდზე, რომელიც არაფორმალურ შეკრებებშია ჩართული. პოლიციელი მონაცემს იღებს სოციალური სამსახურიდან იგივე მოზარდზე, როგორია ამ მოზარდის ოჯახის მდგომარეობა, მათ შორის, სოციალური? გროვდება მონაცემი სკოლიდან და ასე დგება სამოქმედო გეგმა პრევენციის სამივე დონისთვის.

  • რას გულისხმობს პრევენციის სამი დონე? 

პრევენციის პირველი დონე მიემართება ყველა მოზარდს, მაგალითად, რომ უნდა არსებობდეს სხვადასხვა კლუბი, სპორტული კომპლექსი, საცურაო აუზი… მეორე დონის პრევენცია მიმართულია კონკრეტულ თემზე ან მოზარდზე, როცა ცნობილია, რომ არსებობს კონკრეტული რისკი კონკრეტულ დასახლებაში, ან, მაგალითად, ვიცით მოზარდი, რომელიც სკოლაში არ დადის… ასეთ დროს ამ მოზარდებს კონკრეტული შეთავაზება უნდა მიაწოდო. პრევენციის მესამე დონე მაშინ გვაქვს, როცა მოზარდმა უკვე ჩაიდინა დანაშაული. ჩვენთან მხოლოდ მესამე დონე არსებობს მედიაციის და განრიდების პროგრამის სახით. მანამდე, პირველ და მეორე დონეზე, ჩვენ ვერაფერს ვთავაზობთ მოზარდებს.

მესამე დონეზეც თვითმმართველობა უნდა ხედავდეს საკუთარ როლს. არის შემთხვევები, როცა პრობაციის სამსახურს განრიდების პროგრამის ფარგლებში რომელიმე მოზარდის ჩართვა სურს კონკრეტულ სერვისში და აღმოჩნდება, რომ ასეთი სერვისი არ არსებობს. საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მხოლოდ ერთი უწყების ვალდებულებაა ყველაფერი.

  • შესაძლოა, მუნიციპალიტეტის პოზიცია იყოს ის, რომ ადგილობრივი ბიუჯეტი არ ეყოფა, მაგალითად, შესაბამისი კლუბების მოწყობას…  

ფინანსები არსებობს, პრობლემა ამ ფინანსების მიზნობრივი და ეფექტური გამოყენებაა… ევროპის ქვეყნებში და, მათ შორის, პოლონეთში ყველგან ყველაზე აქტიურია ადგილობრივი თვითმმართველობა ამ პროცესში, რადგან ის ყველაზე უკეთ ხედავს ამ საჭიროებებს.

მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული რისკჯგუფში მყოფი მოზარდების ჩართვა მოხდეს და ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ფინანსები, მაგალითად, ბათუმშიც არსებობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე. რამდენად აქვს ჩართვის შესაძლებლობა მას, ვისაც ამის საჭიროება აქვს? არსებობს თუ არა კვოტა? მე არ ვგულისხმობ მხოლოდ სოციალურად დაუცველი მოზარდების ჩართვის საჭიროებას, რადგან ოჯახს შესაძლოა ჰქონდეს ტელევიზორი და მაცივარი, მაგრამ არ ჰქონდეს იმის საშუალება, რომ ბავშვი ატაროს ხატვის წრეზე, ფეხბურთზე და ასე შემდეგ.

  • კონკრეტულად პოლონეთში როგორ მუშაობს ეს სისტემა? 

თვითმმართველობის დონეზე არსებობენ კოორდინატორები, რომლებსაც აქვთ ძირითადად იგივე ფუნქცია, რაც ჩვენს სოციალურ მუშაკებს. ეს კოორდინატორები მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით: ერთი მუშაობს ინფორმაციის მოძიების, შეფასების და რეფერირების კუთხით, ვიღაც სერვისს აწვდის, სხვა კოორდინატორი ოჯახში შედის და იქ მუშაობს. მთავარი არის ის, რომ ეს პროცესი არის ძალიან კარგად კოორდინირებული.

არსებობს ასევე დაწესებულება, სადაც მიჰყავთ არასრულწლოვანი, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა. აქ მიდის მუშაობა ყველა იმ დეფიციტზე, რაც დანაშაულებრივი ქცევის წინაპირობას წარმოადგენს, სხვადასხვა სოციალური უნარების სწავლება და ასე შემდეგ. ეს დაწესებულება დახურული არ არის და ბავშვი ინტეგრირებულია გარესამყაროსთან.

პოლონეთში ამ სისტემაში, რასაც არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია ჰქვია, ყველა უწყება ხედავს საკუთარ როლს. შესაძლოა, ბიუჯეტი იყოს, მაგალითად, თვითმმართველობის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ აი, განათლებამ ხელი დაიბანა.

  • თქვენ აღნიშნეთ, რომ მოზარდს, რომელიც ანტისოციალურ ქცევას ავლენს, სახელმწიფომ უნდა შესთავაზოს რაღაც. რა ფორმით არის ეს შესაძლებელი? 

წარმოვიდგინოთ არაფორმალური დაჯგუფებები, მაგალითად, ფიგურალურად ვამბობ: ბავშვები, რომლებიც იკრიბებიან მიტოვებული ფაბრიკის ტერიტორიაზე, რას იღებს ბავშვი აქ? – აქ მოდის იმიტომ, რომ აქვს მიკუთვნებულობის განცდა კონკრეტული ჯგუფისადმი, სადაც მას აღიარებენ, უსმენენ, აქ ის მნიშვნელოვანი ფიგურაა და გარდა ამისა, აქ არის თავგადასავალი, რაც მას სჭირდება. მოდით, ავიღოთ მეორე დაჯგუფება, რაც ჩვენს ქვეყანაში, ასე ვთქვათ, პოზიტიური დაჯგუფებაა – დაჯგუფებას ვერ დავარქმევთ, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებიც ამ პროცესში არიან ჩართული – „წიგნების თარო“. აქაც ბავშვები ზუსტად იმას იღებენ, რასაც ფაბრიკის ტერიტორიაზე, აქაც ეძლევა საშუალება, რომ იყოს ფიგურა, აქაც არის თავგადასავლი, ადრენალინი, რაც ასე ძალიან სჭირდება თინეიჯერს.

რაც შეიძლება მეტი ახალგაზრდული და პოზიტიური კულტურა უნდა შესთავაზოს სახელმწიფომ. ვიღაცას შეიძლება ლიტერატურა არ უყვარს და აინტერესებს სპორტი ან ცეკვა, ან ანდერგრაუნდული მუსიკა უყვარს. მოზარდს ისედაც არ უდგება ოჯახში გული, თანატოლებთან ურჩევნია, ამას ემატება კონფლიქტი ოჯახის წევრებთან, სიღარიბე და ის გადის ქუჩაში – გადის და რა ხვდება?

მე მოგიყვებით ერთ მაგალითს: ამერიკის ერთ-ერთი შტატის კონკრეტულ უბანში არასრულწლოვანებში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა იმატა. იმ პრინციპით, რაზეც მე გესაუბრეთ, იკვლიეს, რა იყო ამის სავარაუდო მიზეზი. დადგინდა, რომ, ძირითადად, დანაშაულის ჩადენის მაღალი მაჩვენებელი იყო საღამოს საათებში: დანაშაულს სჩადიოდნენ ის მოზარდები, რომლებსაც მარტოხელა დედები ზრდიდნენ და ეს დედები საღამოს ცვლაში მუშაობდნენ. შეისწავლეს ეს მონაცემები და მიიღეს გადაწყვეტილება, ამ უბნის ბნელი ადგილის ნაცვლად, მოზარდებისთვის დაეხვედრებინათ კალათბურთის განათებული სტადიონი – მოზარდები ღამის კალათბურთში ჩაერთნენ. რამდენიმე თვეში ამ უბანში დანაშაულის ჩადენის მაჩვენებელმა 30 პროცენტით იკლო. ზუსტად ასეთი მიდგომაა საჭირო, თუკი ვსაუბრობთ პრევენციაზე.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის სარდაფში, მარიხუანას მოსაწევი ატრიბუტიკა და შპრიცები აღმოაჩინეს.

ქობულეთში კოლეჯის შენობის რეაბილიტაციისთვის ბიუჯეტიდან 1,6 მილიონი დაიხარჯება

ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე კოლეჯ „ახალი ტალღას“ შენობის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 624 966 ლარია გამოყოფილი და ტენდერიც არის გამოცხადებული.

შენობის რეაბილიტაცია გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 140 კალენდარულ დღეში უნდა დასრულდეს.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2020 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება.

გათვალისწინებულია შენობის კედლების, იატაკის, სახურავის, კიბეების, კარ-ფანჯრების, სახანძრო სისტემების რეაბილიტაცია და სხვა სამუშაოები, იმ პროექტის მიხედვით, რომელიც თან ახლავს სატენდერო წინადადებას.

ქობულეთის კოლეჯი „ახალი ტალღა“ / სარეაბილიტაციო პროექტიდან

 

 

რა არის ინდოეთის ოკეანეში დელფინების 80 პროცენტით შემცირების მიზეზი

ინდოეთის ოკეანეში მცხოვრები დელფინების 80%-ზე მეტი შესაძლოა კომერციული თევზაობისას დაიღუპა, წერს „გარდიანი“ კვლევაზე დაყრდნობით. კვლევა ასევე ამბობს, რომ 1950 წლიდან მოყოლებული თინუსზე თევზაობისას ბადეში ჯამში 4 მილიონი მცირე ზომის ზღვის ძუძუმწოვარი გაება. სწორედ ამან გამოიწვია ინდოეთის ოკეანში დელფინების 80%-ით შემცირება. ბოლო წელს თევზაობისას დაჭერილი ზღვის ძუძუმწოვრების, ძირითადად დელფინების, რიცხვი 80 000-ს აღწევს.

Endangered Species Research-ის  [საფრთხეში მყოფი სახეობების კვლევა] ავტორები ამბობენ, რომ ინდოეთის ოკეანეში მოუწესრიგებელი თევზჭერა გადაუჭრელი პრობლემაა ზღვის ძუძუმწოვრებისთვის.

ირანი, ინდონეზია, ინდოეთი, შრი-ლანკა და პაკისტანი – ის ქვეყნებია, რომლებიც ყველაზე მეტ თევზს დიდი სათევზაო ბადით იჭერენ ოკეანეში. ომანთან, იემენთან, საამიროებთან და ტანზანიასთან ერთად, სწორედ ამ 9 ქვეყანაზე მოდის დელფინჭერის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

დოქტორი პუტი ლიზა მასტიკა, კვლევის ერთ-ერთი ავტორი ამბობს, რომ ასეთ პირობებში ზღვის ძუძუმწოვრების უმეტესობა უბრალოდ დაიხოცება:

„ეს მტკივნეული სიკვდილია, დელფინები ჭკვიანი არსებები არიან, მაგრამ იმის გამო, რომ ბადე ძალიან თხელია, დელფინები მას ვერ აღიქვამენ.

გამოსავალი, ალბათ, ტექნოლოგიებია. უნდა გამოვიყენოთ ისეთი სათევზაო აღჭურვილობა, რომელიც უფრო შეესაბამება ამ სიტუაციას. თევზაობის აკრძალვა გამოსავალი ნამდვილად არ იქნება განვითარებადი ქვეყნებისთვის”.

კვლევის ავტორები ასევე ამბობენ, რომ კონტროლის გაზრდა პორტებში და დისტანციური ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს მსგავსი პრობლემების თავიდან აცილებას.

_________________

მთავარი ფოტო : Amanda Cotton/Alamy Stock Photo

₾1000-ით დაჯარიმდება ინტერნეტში ბავშვისთვის სახიფათო ინფორმაციის განთავსების წესის დამრღვევი 

ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ დებულება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ რამდენიმე დღის წინ დაამტკიცა.

„ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების შეფასებასა და შემცირებაში უპირატესი როლი აკისრია მშობელს. ამ დებულებით განსაზღვრული რეგულაცია მიმართულია მშობლის მიერ ბავშვებისთვის ონლაინსაფრთხეების თავიდან აცილების ხელშეწყობაზე“, – აღნიშნულია კომისიის დადგენილებაში.

დებულება, რომლითაც განისაზღვრება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების წესები, 2020 წლის პირველი ივნისიდან შევა ძალაში. განისაზღვრა ასევე ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებლების და ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლების ვალდებულებებიც.

[checklist]

  • დებულების მოქმედება ვრცელდება ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომელიც მომხმარებელს აწვდის ინტერნეტმომსახურებას ან საკუთარი ინტერნეტგვერდის საშუალებით ინტერნეტში განათავსებს ინფორმაციას, კერძოდ, აუდიოვიზუალურ პროდუქციას [პროგრამები, თამაშები, ფილმები, მათ შორის, ანიმაციური ფილმები და სერიალები], თუ ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომია საქართველოს ტერიტორიაზე.

[/checklist]

[crosslist]

  • დებულებით არ რეგულირდება ბავშვების მიერ ინტერნეტის ჭარბი მოხმარების, ინტერნეტში ბავშვის ფსიქოლოგიური ჩაგვრის, შევიწროების, დევნის [მათ შორის, დამცირება, დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი], ბავშვის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების და ინტერნეტქსელში უცხო პირებთან კომუნიკაციის საფრთხეებისგან ბავშვის დაცვის საკითხები.
  • ამ დებულების მოქმედება არ ვრცელდება სპეციალურ პროგრამულ უზრუნველყოფაზე [აპლიკაცია], ასევე ინტერნეტში ვიდეოგაზიარების პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ განთავსებულ აუდიოვიზუალურ პროდუქციაზე, რომელზეც ვიდეო-გაზიარების პლატფორმის მფლობელს არ გააჩნია სარედაქციო პასუხისმგებლობა.

[/crosslist]

დებულებაში აღნიშნულია, რომ „იმ შემთხვევაში, თუ კომისიისთვის ცნობილი გახდება ინტერნეტში ისეთი ინფორმაციის განთავსების თაობაზე, რომელიც იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრებას, კომისია შესაბამისი რეაგირების მიზნით მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს“.

[toggle title=”კომისიის როლი და ფუნქციები ნახეთ აქ“]

„კომისიის მიერ ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების მოწესრიგების მიზნით განხორციელებული ზომები უნდა შეესაბამებოდეს დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტურ ღირებულებებს, უნდა იყოს მოსალოდნელი რისკის პროპორციული, ეფექტიანი და ადეკვატური.

ამავდროულად, კომისიის მიერ ბავშვებისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების მოწესრიგების მიზნით განხორციელებული ზომები არ უნდა ზღუდავდეს ინტერნეტით მოსარგებლე სხვა პირთა კანონიერ ინტერესს.

საქართველოს კანონით „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით, კომისია:

ა) განახორციელებს ინტერნეტგვერდების მონიტორინგს საკუთარი ინიციატივით, შერჩევითად ან/და შემოსული განცხადების საფუძველზე;

ბ) მედია, წიგნიერებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი პროექტების ფარგლებში, ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებას და ცნობიერების ამაღლებას მოსწავლეებისთვის ინტერნეტის უსაფრთხო მოხმარების შესახებ (მათ შორის, ინტერნეტში ბავშვის ფსიქოლოგიური ჩაგვრის, შევიწროების, დევნის (მათ შორის, დამცირება, დაშინება, ცილისწამება, შანტაჟი), ბავშვის პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების და ინტერნეტქსელში უცხო პირებთან კომუნიკაციის საფრთხეებისგან ბავშვის დაცვის საკითხების შესახებ)“.

[/toggle]

 

საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვა [დებულებიდან]:

„ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გავლენისგან ბავშვის დაცვის მიზნით, ინტერნეტში ინფორმაციის განმთავსებელი ვალდებულია მიანიჭოს ინფორმაციას შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება.

შემდეგი სპეციალური შემზღუდავი ნიშანი უნდა გამოისახოს ინტერნეტსივრცეში განთავსებულ ინფორმაციაზე:

„18“ წრეში – როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;
„15“ წრეში – როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 15 წლის არასრულწლოვნებისთვის;
„12“ წრეში – როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 12 წლამდე არასრულწლოვნებისთვის;
„7“ წრეში – როდესაც ინფორმაცია შეუფერებელია 7 წლამდე არასრულწლოვნებისთვის.

ინტერნეტგვერდებზე, რომელთა სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ მხოლოდ ბავშვები (მათ შორის, საგანმანათლებლო ინტერნეტგვერდები, საგანმანათლებლო დაწესებულებების საინფორმაციო გვერდები, ინტერნეტგვერდები, სადაც განთავსებულია საბავშვო ფილმები და თამაშები) აკრძალულია ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ნებისმიერი ფორმით განთავსება.

18 წლამდე არასრულწლოვნებისთვის შეუფერებელი ინფორმაციის შემცველ ინტერნეტგვერდზე დაშვება უნდა მოხდეს ფიზიკური პირის რეგისტრაციით.

ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსების წესების დარღვევისთვის ადმინისტრაციული სახდელი სამართალდამრღვევს ეკისრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად“.

[ამ კოდექსით, ინტერნეტში ბავშვისათვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის განთავსებისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, ბიბლიოთეკასა და ბავშვთა სპეციალიზებულ დაწესებულებაში ბავშვისათვის ინტერნეტქსელის ხელმისაწვდომობის წესების დარღვევა ან შესაბამისი კონტროლის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით – კოდექსის ეს მუხლიც 2020 წლის 1-ლი ივნისიდან ამოქმედდება].

[toggle title=”ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის გაფილტვრა:“]

1. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, კონკრეტული აბონენტის მოთხოვნით, მისთვის დაბლოკოს (შეზღუდოს წვდომა) ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.

2. ინტერნეტსივრცეში ბავშვებისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის იდენტიფიცირებისა და გაფილტვრის ხელშეწყობის მიზნით, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლებისა და მშობლებისთვის შემუშავდება ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სია, შესაბამის ასაკობრივ ნიშანდებაზე მითითებით.

3. ინტერნეტგვერდის მფლობელი ვალდებულია კომისიას აცნობოს თავისი ინტერნეტგვერდის მისამართი ინტერნეტგვერდის შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მითითებით. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე კომისიას შეჰყავს ინტერნეტგვერდები ინტერნეტგვერდის მფლობელის მიერ მინიჭებული შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდებით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში, რომელსაც აქვეყნებს თავის ოფიციალურ ინტერნეტგვერდზე. ინტერნეტგვერდის მფლობელის მიერ თავდაპირველად წარმოდგენილი ინფორმაცია მინიჭებული ასაკობრივი ნიშანდების თაობაზე უცვლელი სახით შეიტანება ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში, არ საჭიროებს კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებას და არ ექვემდებარება შეფასებას გამოქვეყნებამდე.

4. თუ ინტერნეტგვერდის მფლობელი არ აცნობებს კომისიას საკუთარი ინტერნეტგვერდის მისამართს ან ინტერნეტგვერდს არ აქვს შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდება ან მინიჭებული აქვს მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამო ასაკობრივი ნიშანდება და კომისია მონიტორინგის ან კომისიაში შემოსული განცხადების საფუძველზე ფლობს ინფორმაციას ასეთი ინტერნეტგვერდის შესახებ, კომისია უფლებამოსილია შეიყვანოს ინტერნეტგვერდი ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში, მისთვის შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭებით.

5. ინტერნეტმომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია კვირაში ერთხელ განაახლოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების დაბლოკვის (წვდომის შეზღუდვის) მექანიზმი ინტერნეტში ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალური სარეიტინგო სიის საფუძველზე.

6. მშობელს ან ბავშვის სხვა კანონიერ წარმომადგენელს აქვს უფლება, მიმართოს კომისიას განცხადებით ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში ინტერნეტგვერდის შეტანისა და მათთვის შესაბამისი ასაკობრივი ნიშანდების მინიჭების მიზნით, ასევე, ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლის მიერ ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდის გაფილტვრის ვალდებულების დარღვევაზე შესაბამისი რეაგირების უზრუნველყოფის მიზნით.

7. ინტერნეტგვერდის ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინტერნეტგვერდების სპეციალურ სარეიტინგო სიაში შეტანის, ინტერნეტგვერდისთვის ასაკობრივი ნიშანდების მინიჭების ან მინიჭებული ასაკობრივი ნიშანდების შეცვლის თაობაზე გადაწყვეტილებას კომისია იღებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით.

[/toggle]

 

ინტერნეტმომსახურების მიმწოდებლები ვალდებული არიან, 2020 წლის პირველ ივნისამდე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მიაწოდონ ინფორმაცია „ბავშვთა უფლებების კოდექსით“ და ამ დებულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.

ბავშვთა უფლებების კოდექსითა და ამ დებულებით კი, ინტერნეტმიმწოდებელი [ინტერნეტპროვაიდერი] ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც მას შესაძლებლობას მისცემს, მომხმარებლის მოთხოვნით დაბლოკოს ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ბავშვისთვის ხელმისაწვდომობა“.

ამ თემაზე:

ინტერნეტში მავნე ზეგავლენისაგან ბავშვების დასაცავად საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავეს

როგორ უნდა მოვიქცეთ თვითიზოლაციისას – დეტალური რეკომენდაციები

იმ ადამიანებს, რომლებიც უცხო ქვეყნებიდან, განსაკუთრებით კი ჩინეთიდან, ირანიდან, იტალიიდან და სამხრეთ კორეიდან შემოდიან საქართველოში, ახალი კორონავირუსით დაინფიცირების საფრთხის გათვალისწინებით, საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი ურჩევს, რომ 14 დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იყვნენ.

რა არის თვითიზოლაცია?

თვითიზოლაცია გულისხმობს თავი შორს დაიჭიროთ ისეთი სიტუაციებისგან, სადაც შეიძლება სხვა ადამიანები დააინფიციროთ. ეს გულისხმობს ნებისმიერ ადგილსა და სიტუაციას, როცა შესაძლოა ახლო კონტაქტში (იგულისხმება კონტაქტი 1 მეტრის დისტანციაზე, 15 წუთზე მეტი ხნით) შეხვიდეთ სხვა ადამიანებთან,  მაგალითად – სამსახური, სკოლა, საბავშვო ბაღი, უნივერსიტეტი თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებები, რელიგიური შინაარსის შეკრებები, სპორტული ღონისძიებები, რესტორნები და ნებისმიერი სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ფორმები თუ ადგილები.

გთავაზობთ საქართველოს საგარეო სამინისტროს დეტალურ რჩევებს თვითიზოლაციის შესახებ.

  • იზოლაციაში უნდა იყოთ დაავადების გამომწვევთან კონტაქტის ბოლო თარიღიდან 14 დღის განმავლობაში (ვადის განსაზღვრაში დაგეხმარებათ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყების წარმომადგენელი) და აკონტროლოთ საკუთარი ჯანმრთელობა;
  • თვითიზოლაციის სივრცეში არ არის რეკომენდებული ვიზიტორებისა და სტუმრების მიღება;
  • დასაშვებია არაპირდაპირი კონტაქტით საკვების გადაცემა.
  • თუ თქვენთან ერთად ერთიან საცხოვრებელ სივრცეში იმყოფება სხვა პირი/პირები, მათთან კონტაქტი უნდა იყოს მინიმალური. არ დაიშვება 1 მეტრზე ახლო კონტაქტი 15 წუთზე მეტ ხანს.
  • იზოლაციის პერიოდში უნდა გქონდეთ განცალკევებული ჭურჭელი (ჭიქა, თეფში, კოვზი და ა.შ.), პირსახოცი, საწოლი;
  • დასაშვებია იქონიოთ სატელეფონო კავშირი და ისარგებლოთ ინტერნეტით;
  • ამ დროის განმავლობაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაბამისი უწყებები განახორციელებენ თქვენს მონიტორინგს. ჯანმრთელობის მონიტორინგი შეიძლება განხორციელდეს თქვენთან უშუალო კონტაქტის გარეშე – ტემპერატურის თვითგაზომვით, სიმპტომების გამოვლენისას – თვითანგარიშგებით;
  • თუ აღგენიშნებათ ცხელების და ან რესპირატორული ვირუსული ინფექციის მსგავსი კლინიკური ნიშნები, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ ინფექციური პროფილის (რეფერალურ) სტაციონარს;
  • თუ დაგჭირდათ არაგადამდები დაავადების (მაგ; ქირურგიული, გინეკოლოგიური და სხვა) სასწრაფო სტაციონარული სამედიცინო დახმარება, თქვენი კლინიკაში ტრანსპორტირება განხორციელდება სპეციალური ავტოტრანსპორტით, სტაციონარში მოთავსდებით ბოქსირებულ პალატაში საიზოლაციო პერიოდის ვადის გასვლამდე;
  • ზოგადად, კრიზისის დროს სევდა, სტრესი, დაბნეულობა, შიში ან ბრაზი ნორმალურია. ასეთ დროს დაგეხმარებათ საუბარი ისეთ ადამიანებთან, ვისაც ენდობით. დაუკავშირდით თქვენს ოჯახს, მეგობრებს;
  • ემოციებთან გასამკლავებლად არ გამოიყენოთ თამბაქო, ალკოჰოლი ან სხვა ნივთიერებები;
  • დაიცავით ცხოვრების ჯანსაღი წესი – იკვებეთ ჯანსაღად, დაისვენეთ, იყავით ფიზიკურად აქტიური და იქონიეთ სოციალური კონტაქტი თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან ტელეფონით ან ელექტრონული ფოსტით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ:

1505 (24/7 განმავლობაში) – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ან ეწვიეთ ვებგვერდს

116001 (ორშაბათი-პარასკევი, 10:00-18:00) – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ან ეწვიეთ ვებგვერდს 

__________________

ასევე, გთავაზობთ ახალი ზელანდიისა და ინგლისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების რამდენიმე დეტალურ რჩევას თვითიზოლაციასთან დაკავშირებით:

სხვებთან ერთად ცხოვრება

მაშინ, როცა ვერ ხერხდება სრულად იზოლირება სახლის სხვა მცხოვრებლებისგან, აუცილებელია იყოთ ოთახში, რომელიც კარგად ნიავდება, აქვს გარეთ გამავალი ფანჯარა, რომელიც იღება. დახურეთ კარი და ეცადეთ, არ გქონდეთ ახლო ფიზიკური კონტაქტი სახლში მყოფ სხვა ადამიანებთან.

დაიცავით ჰიგიენა ხველებისა და ცემინებისას, დაიბანეთ ხელები

დაიფარეთ ცხვირი და პირი ხელსახოცით ან მკლავით, როცა აცემინებთ ან ახველებთ. გადააგდეთ გამოყენებული ხელსახოცი დახურულ ურნაში და დაუყოვნებლივ დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 20 წამის განმავლობაში, შემდეგ კი კარგად გაიშრეთ. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის სანიტაიზერი. მოერიდეთ დაუბანელი ხელით შეხებას თვალზე, ცხვირსა და პირზე.

საკვები პროდუქტების შეძენა

დაუკავშირდით მეგობარს, ოჯახის წევრსა თუ მიტანის სერვისებს, რათა თქვენ ნაცვლად შეიძინოს პროდუქტები მაღაზიაში ან წამლები აფთიაქში. ითხოვეთ დახმარება, თუ გჭირდებათ საკვების, სხვა სახის პროდუქტებისა და  წამლების შეძენა. კიდევ ერთი ალტერნატივაა, შეუკვეთეთ ეს სერვისი ონლაინაპლიკაციით ან ტელეფონით. შეკვეთის ინსტრუქციაში ნათლად უნდა განაცხადოთ, რომ შეკვეთა დატოვონ გარეთ, სადარბაზოში ან სხვა, შესაბამის ადგილას, რათა არ გქონდეთ კონტაქტი კურიერთან. 

Le Méridien – ბათუმში მერიოტის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო თიბისის მხარდაჭერით გაიხსნა

3 მარტს ბათუმში, ბულვარის შესასვლელთან, სასტუმროების ცნობილი ბრენდის, Marriot-ის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien-ი საზეიმოდ გაიხსნა.

Le Méridien-ი 105 ნომრით, ღია და დახურული აუზებით, სპა და ფიტნესცენტრით, რამდენიმე რესტორნით, ლაუნჯითა და საკონფერენციო დარბაზებით, სტუმრებს უკვე დღეიდან, 3 მარტიდან უმასპინძლებს.

სასტუმრო Le Méridien-ი „ბათუმი თაუერში“ მდებარეობს, რომელიც 2 ნაწილს აერთიანებს. 205 მეტრის სიმაღლის „ბათუმი თაუერი“ ყველაზე მაღალი შენობაა კავკასიაში.

პროექტის ერთი ნაწილი შედგება 35 სართულისგან და მოიცავს როგორც რეზიდენციებს, ასევე სამორინეს. „ბათუმი თაუერის“ 26-ე სართულზე დამონტაჟებულია პანორამული ბორბალი, ამავე სართულზე განთავსდება ლაუნჯ რესტორანიც. კომპლექსი ბათუმის ცენტრში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს.

საპრეზიდენტო ნომერი Le Méridien-ში

სასტუმრო Le Méridien-ის ინტერიერის დიზაინის კონცეფციაზე ქართულმა კომპანია „რუმსმა“ იმუშავა. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი „თიბისი ბანკია“.

ხედი ერთ-ერთი ნომრის აივნიდან
შეხვედრების ოთახი
გიორგი დარჩიაშვილი – TBC Bank

გიორგი დარჩიაშვილი, TBC ბანკი, კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო მომსახურების დირექტორის მოადგილე:

„მოხარულები ვართ, რომ TBC ბანკის მხარდაჭერით Marriot-ის ბრენდის 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო Le Méridien-ი გაიხსნა. მიგვაჩნია, რომ ეს სასტუმრო თავისი გამორჩეული ინტერიერის დიზაინისა და მაღალი მომსახურების ხარისხით შექმნის ახალ სტანდარტებს რეგიონში. ზოგადად, მინდა აღვნიშნო, რომ TBC-სთვის, დაფინანსების კუთხით, ტურიზმი არის გამორჩეული სექტორი. ჩვენ ვართ ნომერ პირველი მხარდამჭერი ამ სექტორის. ჩვენი სასესხო პორტფელი შეადგენს 800 მილიონ ლარს ტურიზმის მიმართულებით. განსაკუთრებით გამოვარჩევდი რეგიონალურ დაფინანსებას და კერძოდ, აჭარის რეგიონს, სადაც ჩვენი დაფინანსება გაიზარდა 72%-ით 2019 წლის განმავლობაში.

მირიან ქათამაძე, „რედკო“

მირიან ქათამაძე, კომპანია „რედკოს“ დირექტორი:

„ჩვენ ქალაქს დღეიდან დავამატეთ 105 ნომერი და ბათუმის სტუმრებს უკვე შეუძლიათ ისიამოვნონ ჩვენთან დარჩენით, ფრანგული რესტორნებით და ასე შემდეგ. ოფიციალურად Le Méridien-ში დასაქმებულია უკვე 500-ზე მეტი ადამიანი, რაც, ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ბათუმისთვის, რადგან დასაქმებულთა 80% ადგილობრივია. ჩვენი სასტუმრო გამოირჩევა, პირველ რიგში, დიზაინით, რომელიც ქართველმა დიზაინერებმა შექმნეს, ასევე თბილი, ბუტიკის სტილის გარემოთი და რა თქმა უნდა, სერვისით“.

დეველოპერულმა კომპანია „რედკომ “ „ბათუმი თაუერის“ შენობა 25 მილიონ დოლარად შეიძინა. პროექტის ჯამური ღირებულება  80 მილიონი დოლარია. ტრანზაქცია „თიბისისა“ და „რედკოს“ თანამშრომლობით განხორციელდა.

Le Meridien-ის ბრენდი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. რაც შეეხება Marriott-ს, მის ქსელში ამჟამად შედიან ისეთი ბრენდების სასტუმროები, როგორებიცაა: The Ritz-Carlton-ი,  St. Regis-ი, JW Marriott-ი, Ritz-Carlton Reserve-ი, The Luxury Collection-ი, W Hotels-ი, EDITION-ი, Le Meridien-ი, Marriott Hotels-ი, Sheraton-ი.

ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებს და მეუღლეებს 1000 ლარს ჩაურიცხავენ

აჭარის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით, სამინისტრო 1000 ლარს ჩაურიცხავს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების დედებსა და მეუღლეებს.

სამინისტროს ინფორმაციით, ათასლარიან დახმარებას 29 ადამიანი მიიღებს დღეს. აგვისტოს თვეში კი ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებს 27 მეომრის ოჯახი – თითოეული 3000 ლარის ოდენობით.

ოფიციალური ინფორმაციით, ფინანსური დახმარება გაიცემა სამინისტროს პროგრამის ფარგლებში რომელიც 2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, დაზიანების შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე მეომართა და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების დახმარებას ითვალისწინებს.

 

მთავარი ფოტო: „ბათუმელების“ არქივი/აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, გიორგი შაინიძის დედა.

რატომ არ შეუშვეს მოქალაქეები უმაღლესი საბჭოს საგაზაფხულო სესიის გახსნაზე?

უმაღლესი საბჭოს ახალ შენობაში, თავდადებულის ქუჩაზე, დღეს, 3 მარტს, მოქალაქეები არ შეუშვეს. საგაზაფხულო სესიის გახსნა ახალ დარბაზში უმაღლესმა საბჭომ უქმე დღეს გადაწყვიტა. სესიაზე ჯანდაცვის მინისტრს – ზაალ მიქელაძეს უსმენენ.

„ჩვენ მოვედით იმის სათქმელად, რომ მოგვეთხოვა ისევ პროპორციული საარჩევნო სისტემა, დაპირება, რომელსაც არ ასრულებენ… არ შეგვიშვეს, გვითხრეს, რომ საშვთა ბიურო არ მუშაობს,“ – ამბობს ხათუნა ბერიძე, იგი ორგანიზაცია „ალტერნატივას“ ერთ-ერთი ლიდერია. ამ წუთებში „ალტერნატივას“ წევრები უმაღლესი საბჭოს შენობასთან საპროტესტო აქციას მართავენ.

„საშვთა ბიურო არ მუშაობდა“ – იგივე გვითხრეს ჩვენც უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში. რატომ არ მუშაობდა ბიურო, როცა სხდომა ტარდება, ან როგორ დაუშვეს სხდომაზე მინისტრი, ან სხვა პირები, ვისაც ასევე სჭირდებოდა საშვი? – უმაღლესი საბჭოს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კითხვებს აპარატის უფროსი ზურაბ ჭურკვეიძე უპასუხებს.

ზურაბ ჭურკვეიძემ მოგვწერა, რომ სხდომის დასრულების შემდეგ გვიპასუხებს.

ბათუმში საკარანტინო ზონისთვის ერთი სასტუმრო მზად არის – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ზაალ მიქელაძის განცხადებით, ბათუმში საკარანტინო ზონის მოსაწყობად კერძო სასტუმრო შეარჩიეს. „ერთი 27 საწოლზეა გათვლილი სასტუმრო მზადყოფნაშია. თუ გაჩნდება ეპიდსიტუაცია, სხვა სასტუმროებთანაც გავაფორმებთ ხელშეკრულებას“, – ამბობს ზაალ მიქელაძე.

მინისტრის თქმით, მთავრობა მულტისექტორულად მუშაობს კორონავირუსის პრევენციასთან დაკავშირებით. ზაალ მიქელაძე აცხადებს, რომ „ყველგან დაცულია ის სტანდარტი, რასაც მოითხოვს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი. ამიტომაც, დროულად იქნა იდენტიფიცირებული ყველა საეჭვო შემთხვევა“.

რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, ზაალ მიქელაძის თქმით, ბათუმის ინფექციურ-კლინიკური საავადმყოფო მთლიანად ამ მიმართულებით არის აღჭურვილი, ბოქსირებული და ნახევრად ბოქსირებული 30 საწოლით.

„ჯერჯერობით არ დამდგარა საკითხი სხვა კლინიკის შერჩევის, თუმცა რესპუბლიკური საავადმყოფო მზადყოფნის რეჟიმშია“, – აცხადებს მინისტრი.

კორონავირუსი ამ დროისთვის საქართველოში სამ პირს დაუდასტურდა.

ბათუმში ყველაზე მეტი ბინა გაიყიდა თბილისის შემდეგ

აჭარა მეორე ადგილზეა თბილისის შემდეგ, სადაც ყველაზე მეტი უძრავი ქონება გაიყიდა. ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, მესამე ადგილზე ამ მხრივ კახეთის რეგიონია. ამავე მიმოხილვის მიხედვით, ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდვების ნახევარზე მეტი დაფიქსირდა თბილისსა და ბათუმში.

უძრავი ქონების ბაზარზე, მთლიან წილში, 40,7%-ით თბილისი დომინირებდა, აჭარისა და კახეთის წილი კი, მთლიან გაყიდვებში იყო, შესაბამისად, 12,4 და 12,2 პროცენტი. ამასთან, 2019 წლის ბოლოს, მესამე კვარტალთან შედარებით, საქართველოში უძრავი ქონების ბაზარი გაიზარდა 4.7 პროცენტით. 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, 2019 წელს [მეოთხე კვარტალში], უძრავი ქონების ბაზარზე წლიური 3%-იანი ზრდა დაფიქსირდა – აღნიშნულია მიმოხილვაში.

ISET-ის უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის მიხედვით, აჭარაში 2019 წელს 4 288 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა. აქედან უმეტესობა ბათუმში -3 836 ერთეული.

თბილისში შარშან 14 084 ერთეული უძრავი ქონება გაიყიდა; გორის, გურჯაანისა და თელავის მუნიციპალიტეტებში კი, შესაბამისად – 973, 868 და 828 ერთეული.

უშუალოდ თბილისში ყველაზე მეტი ქონება გაიყიდა – საბურთალოში [3 591], ვაკესა [2 375] და გლდანში [1 609 ერთეული].

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს, ქვეყნის მასშტაბით, მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა.

აჭარა პირველ ადგილზეა ქვეყნის მასშტაბით, სადაც 2019 წელს, გაცემული ნებართვების მიხედვით, ყველაზე მეტი ფართობი აშენდა.

ამ თემაზე:

მშენებლობის ყველაზე მეტი ნებართვა თბილისის შემდეგ აჭარაში გაიცა – 2019 წელი

ბათუმის მერიამ მიკროავტობუსების დეზინფექცია დაიწყო – კორონავირუსის პრევენცია

ბათუმის მერიის ინფორმაციით, დღეს, 3 მარტს, მერიამ საქალაქო მიკროავტობუსების სადეზინფექციო სამუშაოები დაიწყო. დეზინფექცია 600 მიკროავტობუსს ჩაუტარდება.

„კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქალაქო ტრანსპორტს სპეციალური ხსნარით დღეში ორჯერ დაამუშავებენ. სადეზინფექციო ღონისძიებები კი კვირაში ორჯერ ჩატარდება“.

ბათუმის მერიის საქალაქო ტრანსპორტისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, პროცედურა ერთჯერადი არ იქნება და სამუშაოები რეგულარულად ჩატარდება.

საქართველოში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დადასტურებული.

კორონავირუსის გამო ტვიტერი თანამშრომლებს სახლიდან მუშაობისკენ მოუწოდებს

ტვიტერმა თანამშრომლებს მოუწოდა კორონავირუსის საფრთხის გამო სახლიდან იმუშაონ.

ტვიტერმა განაცხადა, რომ მათი კომპანიის თანამშრომლები ჰონგ-კონგში, იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, სადაც კორონავირუსის საფრთხე უფრო მაღალია, ვალდებული არიან დისტანციურად იმუშაონ, თუმცა კომპანია, ასევე, მოუწოდეს თავის 5 000 თანამშრომელს მსოფლიოს მასშტაბით, იმუშაონ სახლიდან.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კომპანია ღიაა იმ თანამშრომლებისთვის, რომლებსაც ურჩევნიათ ან იძულებულნი არიან ოფისში იმუშაონ. კომპანია ოფისებში საგანგებო დეზინფექციის წესებს მიმართავს.

ტვიტერმა ჯერ კიდევ 29 თებერვალს შეაჩერა კომპანიის თანამშრომლების საქმიანი მივლინებები და ღონისძიებები.

 

აჭარის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ დედის დღეს

3 მარტს საქართველოში დედის დღე აღინიშნება!

ძვირფასო დედებო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურის და სპორტის სამინისტრო გილოცავთ გაზაფხულის პირველ და ულამაზეს დღესასწაულს.

დედაა სიცოცხლის, სიყვარულის და სიკეთის საწყისი და გამამრავლებელი დედამიწაზე.

ქართულ ენაში ყველაზე ნათლადაა გადმოცემული ჩვენი დამოკიდებულება დედის მიმართ. სიტყვები: დედამიწა, დედა-სამშობლო, დედა ენა, დედაქალაქი, დედაბოძი ამის ნათელი გამოხატულებაა.

ძვირფასო დედებო, გისურვებთ დღეგრძელობას, სიხარულის სიმრავლეს და თქვენთვის უმთავრესს – შვილების ჯანმრთელობას, კეთილდღეობას და ბედნიერ მომავალს!

შუახევში ბათუმი-ხულოს გზის 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება

შუახევის ტერიტორიაზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი [ანგისა]-ახალციხის საავტომობილო გზის დაახლოებით 10-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია იგეგმება. სამუშაოებისთვის 11 542 550 ლარია გათვალისწინებული. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ტენდერი უკვე გამოაცხადა.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი დაბა ხიჭაურიდან იწყება და დაახლოებით ჩანჩხალოს გადასახვევთან სრულდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო გზის გარკვეული მონაკვეთი გადის დაბა შუახევის ტერიტორიაზე, „სადაც ამჟამად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები და შესაბამისად, ხსენებული მონაკვეთი დავალების თანახმად ამოღებულია საპროექტო დოკუმენტაციიდან. საპროექტო მონაკვეთის სიგრძეა 8 978 მეტრი [დაბა შუახევის მონაკვეთის გამოკლებით]“.

ტენდერში გამარჯვებული ვალდებულია, სამუშაოები 18 თვეში დაასრულოს, თუმცა მას არ აქვს უფლება სამუშაოები დაიწყოს დეპარტამენტის წერილობითი დავალების მიღებამდე.

ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2020 წლის 19 მარტს დაიწყება და 24 მარტს დასრულდება.

ტენდერიდან:

[checklist]

  • საპროექტო გზა გადის მთიან რელიეფში, დასახლებულ და დაუსახლებელ ტერიტორიაზე. გზის როგორც გრძივი, ასევე განივი პარამეტრები დარღვეულია. საპროექტო გზაზე არის ორი ხიდი, აქედან ერთი სარეაბილიტაციოა; საკვლევ მონაკვეთზე სავალი ნაწილის სიგანე 5-6 მეტრის ფარგლებში, ხოლო გვერდულების – 0-1 მეტრის ფარგლებში მერყეობს. საპროექტო გზაზე 32 მილია – აქედან 25 მილი გამოსაცვლელია, 7 – სარეაბილიტაციო.
  • საავტომობილო გზის სიგანემ უნდა უზრუნველყოს ურთიერთსაწინააღმდეგოდ მოძრავი სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო გამტარუნარიანობა და ამავე დროს მისი სიგანე უნდა შეესაბამებოდეს ნორმების მინიმალურ მოთხოვნებს.
  • საპროექტო გზის ფუნქციური დატვირთვის, ამჟამინდელი და მომავალი სატრანსპორტო ნაკადის ინტენსივობის და არსებული მიმართულების გათვალისწინებით, შერჩეული იქნა საანგარიშო სიჩქარე – 40 კმ/სთ.
  • დეტალური პროექტირებისთვის საჭირო საველე გეოტექნიკური კვლევები შესრულდა 2019 წლის ივნისის თვეში. საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყო ლაბორატორიული გამოცდები, რომლებიც 2019 წლის ივლისში დასრულდა.

[/checklist]

გზის აღნიშნული მონაკვეთის რეაბილიტაციისთვის საჭირო პროექტი სატენდერო დოკუმენტებს თან ახლავს.

გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთი / პროექტიდან

 

რა მიუსაჯეს კაცს, რომელმაც ცოლს სცემა დედამთილთან შელაპარაკებისთვის

მოსამართლე მარინა კიკნაძემ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა გურიაში მცხოვრებ კაცს ოჯახში ძალადობისთვის. განაჩენის მიხედვით, ბრალდებულმა ორჯერ იძალადა ცოლზე. ორივე შემთხვევაში დანაშაულის ჩადენა ბრალდებულმა სრულად აღიარა და უდავოდ მიიჩნია საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები.

განაჩენის მიხედვით, ზ-მ ცოლს გინება დაუწყო და სახეში ხელი რამდენჯერმე დაარტყა მას შემდეგ, როცა ქალი დედამთილს ოთახების დალაგების გამო ეკამათებოდა. მეორე შემთხვევაშიც კონფლიქტის მიზეზი დედამთილთან შელაპარაკება გახდა – ამჯერად ბრალდებულმა ქალს აგინა და მკლავზე მოუჭირა ხელი.

მოსამართლემ ზ.-ს სასჯელი პირობით ჩაუთვალა.

ბათუმში ჰაერი 20 გრადუსამდე გათბება – უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს, 3 მარტის 21 საათიდან 4 მარტის  21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.

კვირას, პირველ მარტს, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, მთაში – თოვა,ზვავსაშიშროება.

ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი ღელვა. მომდევნო ორ დღეს, 2-3 მარტს, უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 15-20 გრადუსი
  • ღამით: 3-8 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 10-15 გრადუსი სითბო 
  • ღამით: 0-5 გრადუსი ყინვა

მომდევნო ორ დღეს მოსალოდნელია  უნალექო ამინდი.

ლადო კახაძე ზიარების კოვზზე: მიკროფონიც საერთო გამოყენების საგანია

„როდესაც მიკროფონი მიაქვს ჟურნალისტს რესპონდენტთან, ზუსტად იმ მანძილზე მიაქვს, რომელიც ყველაზე მეტად არის საშიში ნერწყვის გადმოდენის კუთხით, გესმით?“ – განაცხადა პარლამენტის წევრმა ლადო კახაძემ აჭარის ტელევიზიის გადაცემაში „მთავარი 8 საათზე“. პარლამენტის წევრს, რომელიც გადაცემაში კორონავირუსის შესახებ საუბრობდა, ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა მართლმადიდებელ ეკლესიაში ზიარების რიტუალზე, რომლის დროსაც საერთო კოვზს იყენებენ და არსებობს დაავადების გავრცელების რისკი.

„საპატრიარქო არის დამოუკიდებელი ინსტიტუცია და ისინი თვითონ იღებენ ამ გადაწყვეტილებას, ამ პირობებში არავითარ გავრცელებას ან დასნებოვნებას არ ჰქონია ადგილი,“ – თქვა ლადო კახაძემ. გადაცემის წამყვანისგან რისკების შეხსენების შემდეგ კი, პარლამენტარმა ზიარების ნაცვლად, „მიკროფონებისგან დისტანცირებაზე“ რეკომენდაციის გაცემა ამჯობინა. თანაც დასძინა, რომ ეს მისი რემარკაა.

„…აქაც მინდა რეკომენდაცია: მიკროფონიც მრავალჯერადი გამოყენების საგანია და ძალიან ადვილად შესაძლოა მოხდეს მისი [ვირუსის] განვრცობა რესპონდენტიდან რესპონდენტზე… მოვერიდოთ ან დისტანცია დავიცვათ“, – დაასრულა ლადო კახაძემ.

ფირუზ ბოლქვაძე: არ ვაპირებ კოლეგებზე ძალადობას

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საინფორმაციო სამსახურის რედაქტორად ჟურნალისტი ფირუზ ბოლქვაძე პარასკევს, 28 თებერვალს, დანიშნეს. მის ამ პოზიციაზე დანიშვნას მაუწყებელში ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა, ჟურნალისტებმა განაცხადეს, რომ არ აპირებენ მასთან თანამშრომლობას.

საინფორმაციო სამსახურის პროტესტის მიზეზი მაუწყებელში მიმდინარე ცვლილებებია, რომლის შედეგადაც საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი გაუქმდა და ამ პოზიციაზე მყოფი მაია მერკვილაძე, რომელიც მაუწყებლის მთავარი გამოშვების რედაქტორიც იყო, თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მაია მერკვილაძე აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურში ნდობით აღჭურვილი პირი იყო და მის გათავისუფლებას ჟურნალისტების პროტესტი მოჰყვა, მათ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მიმართეს – დაეხმარონ მაუწყებელს სარედაქციო დამოუკიდებლობის გადარჩენაში, რადგან ახალი დირექტორი თავიდან იშორებს არასასურველ კადრებს.

როგორ აპირებს ფირუზ ბოლქვაძე რედაქტორად მუშაობას საინფორმაციო სამსახურში პროტესტის ფონზე? – მან გვითხრა, რომ დღეს სამსახურში იყო, თუმცა დილით, დაგეგმვაში მონაწილეობა არ მიუღია, რადგან პირადი მიზეზის გამო სამსახურში მისვლა დილით ვერ შეძლო და ჯერ მინიმალურადაა ჩართული სამუშაო პროცესში.

  • ფირუზ, ჟურნალისტები ერთგვარი წინააღმდეგობით შეხვდნენ თქვენს დანიშვნას, როგორ გეგმავთ მათთან მუშაობას?

ვერანაირ მიზეზს ვერ ვხედავ, რატომ ვერ უნდა ვიმუშაოთ ჩვენ ერთად. მე ვერ მოვისმინე მათგან არგუმენტირებული პოზიცია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ჩემი პიროვნება მიუღებელი რედაქტორის თანამდებობაზე, მითუმეტეს, რომ დანიშნული ვარ თანამდებობაზე გამოსაცდელი ვადით, არ ვარ საინფორმაციოს მთავარი რედაქტორი. მე დავინიშნე იმ პოზიციაზე, რომელზეც მანამდე დანიშნული იყო ნინო ხაჟომია.

მე ძალიან დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩემი კოლეგების მიმართ, ჩვენ წლებია ერთად ვმუშაობთ, ერთად ვქმნით იმ სარედაქციო პოლიტიკას, რომელიც სარგებლობს ნდობით და რომლის დაცვის საკითხი გვიდგას დღეს. მე ვთხოვ მათ, თუ მაინცდამაინც ასე კატეგორიულად მიუღებელია ჩემთან მუშაობა [თუმცა გაუგებარია რატომ], ვისაც აქვს პრეტენზიები, ჩამოაყალიბონ ეს წერილობით, არგუმენტირებულად, თუ რატომ არ უნდათ იმუშაონ ჩემთან, რატომ არის ჩემი კანდიდატურა მიუღებელი, რას ეფუძნება მათი ანტაგონისტური განწყობები, მიმართონ მენეჯმენტს და დაელოდონ მენეჯმენტის გადაწყვეტილებას. თუ მენეჯმენტი შეცვლის გადაწყვეტილებას და ჩამომაშორებს სარედაქციო საქმიანობას, მე მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. თუ მენეჯმენტი არ მიიღებს ასეთ გადაწყვეტილებას, არსებობს უფლებამოსილებები, რომლებიც უნდა განხორციელდეს დებულების თანახმად და ვთხოვ ჩემს კოლეგებს, არ შევუშალოთ ერთმანეთს ხელი უფლებამოსილებების განხორციელებაში და ხელი შევუწყოთ იმას, რომ ასეთ კრიზისულ ვითარებაში მაუწყებელმა იმუშაოს ნორმალურად.

  • როცა ჟურნალისტები აპროტესტებდნენ სარედაქციო პოლიტიკაზე გავლენებს, მათთან ერთად არ ყოფილხართ. როგორ ფიქრობთ, ეს ხომ არ გახდა თქვენ მიმართ უნდობლობის საფუძველი? 

არ გამოვრიცხავ, ესეც იყო, მაგრამ მე ყოველთვის ნათლად ვაფიქსირებდი პოზიციას და ვითხოვდი, მე თქვენს ყველა მოსაზრებას ვიზიარებ, თქვენს ყველა შიშსა და რისკებს ვიზიარებ, ვარ თქვენ გვერდით, ოღონდ ერთი პირობით, ამოვიღოთ ნათია კაპანაძის ფაქტორი. მე არ ვეთანხმებოდი ამას.

  • აღნიშნეთ, რომ ხაჟომიას ადგილზე დაინიშნეთ. რამდენიმე დღის წინ მაია მერკვილაძე მუშაობდა ამ თანამდებობაზე, რომლის წასვლასაც ნიუსრუმში მოჰყვა პროტესტი. ეს ფაქტორი თქვენთვის რამდენად გახდა დამაფიქრებელი, როცა მიიღეთ შემოთავაზება რედაქტორის თანამდებობაზე?

ბუნებრივია, იყო გარკვეულწილად დამაბრკოლებელი, მაგრამ მაუწყებელი არის კრიზისში, თუ დავუშვებდით იმას, რომ კიდევ ერთი უცხო ადამიანი მოვიდოდა მაუწყებელში ამ თანამდებობაზე, ისევ შეიქმნებოდა კომუნიკაციის პრობლემები, რაც მანამდე ვნახეთ. გადაწყვეტილება, რომ მე ჩავრთულიყავი პროცესში, ეფუძნებოდა იმას, რომ ჩემსა და ჩემს კოლეგებს შორის აქამდე არსებობდა ნდობა და ურთიერთპატივისცემა.

რაც შეეხება იმას, რომ მე კითხვები დამისვეს – „რატომ არ მრცხვენია, რომ მაია მერკვილაძის ადგილი დავიკავე“, მოდით შევთანხმდეთ, ჯერ ერთი, მრჩეველთა საბჭოს გადაწყვეტილებით ის შტატი, რომელზეც ქალბატონი მაია მუშაობდა გაუქმდა, ეს იყო საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილის შტატი. თუ საუბარია იმაზე, რომ ქალბატონი მაია მთავარ საინფორმაციოს გეგმავდა, ეს ჩემს უფლებამოსილებებში, რამდენადაც ვიცი, ამ ეტაპზე, არ წერია. მე ვარ რედაქტორი, რომლის რესურსი უნდა იქნას მიმართული შესაბამის საინფორმაციო გამოშვებებზე. ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული და მეც ველოდები დაზუსტებას. სხვა მხრივ, არც ერთ ორგანიზაციაში სახელობითი პოზიციები არ არსებობს, არ შეიძლება ჩვენ რომელიმე პოზიციას სახელი და გვარი დავარქვათ. კადრები იცვლება, ბოლქვაძე მიდის, მერკვილაძე მოდის, ან პირიქით – მერკვილაძე მიდის, ბოლქვაძე მოდის… უბრალოდ ამ შემთხვევაში ვერ დავეთანხმები იმას, რომ ქალბატონი მაიას პოზიცია დავიკავე, თუმცა ჩემი კოლეგები თვლიან, რომ ასეა და უნდობლობის ერთ-ერთი მომენტი ალბათ ამას უკავშირდება.

  • თვეებია მაუწყებელში კრიზისი გრძელდება, ეჭვი თუ გაგიჩნდათ, რომ შესაძლოა ასე მომხდარიყო, როცა შემოგთავაზეს ეს თანამდებობა? იფიქრეთ თუ არა, რომ შესაძლოა, კოლეგებს, რომელთან ერთადაც წლებია მუშაობთ, მსგავსი უნდობლობა გასჩენოდათ თქვენ მიმართ?

ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო ეს გადაწყვეტილება, ამ შემოთავაზებას მე არ ველოდებოდი.

  • ვისგან მიიღეთ შემოთავაზება?

როცა იქნა არჩეული ახალი დირექტორი, მასთან მქონდა გაცნობით ხასიათის შეხვედრა. სხვათა შორის, მან კონკურსზე ისიც აღნიშნა, რომ მე ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ვიყავი. ბუნებრივია, ამან განაპირობა ჩემი ინტერესი, ხომ არ ხედავდა ჩემს თავს სხვა პოზიციაზე და ხომ არ ფიქრობდა ჩემი რესურსის სხვა მიმართულებით გამოყენებას. მან მითხრა, რომ იფიქრებდა ამაზე. კონკრეტულად რაიმე პოზიციაზე საუბარი მაშინ არ ყოფილა, მან თქვა, რომ იფიქრებდა, სად შეიძლებოდა ჩემი რესურსის უფრო მასშტაბურად გამოყენება ტელევიზიაში.

რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემოთავაზებას, მე დამიკავშირდა თანაშემწე [დირექტორის] და მითხრა, რომ შემეძლო მიმემართა. ეს იურიდიული ფორმაა ყველა ორგანიზაციაში, როდესაც ხდება პოზიციის ცვლილება, დანიშვნა, იწერება განცხადება და შემდეგ დირექტორი აკმაყოფილებს ამ განცხადებას, რომ სამსახურში აყვანის ან რეპოზიციონირებისთვის იურიდიული საფუძველი შეიქმნას. შესაბამისად, თანაშემწე დამიკავშირდა და მითხრა, რომ რადგან მქონდა სურვილი სხვა მიმართულებით ყოფილიყო ჩემი რესურსი გამოყენებული, შემეძლო დამეწერა განცხადება, მიმართა დირექტორისთვის და მეთხოვა მისთვის რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანა. მას არ დაუკონკრეტებია, სად ვიქნებოდი რედაქტორის პოზიციაზე გადაყვანილი.

  • ანუ არ იცოდით, რომ ახალი ამბების რედაქტორის პოზიციაზე იქნებოდით?

არა, არ ვიცოდი. დღის ბოლოს დამიკავშირდნენ და მითხრეს, რომ ჩემი თანხმობა რეპოზიციონირებასთან დაკავშირებით დაკმაყოფილდა და ეს უკავშირდებოდა ქალბატონ ნინო ხაჟომიას გაშვებას და ჩემს დანიშვნას ამ პოზიციაზე.

  • თქვენ არ გაგჩენიათ ეჭვი, რომ სწორედ ამ პოზიციაზე იყო საუბარი?

ვერანაირად ვერ გამიჩნდებოდა ეჭვი, იმიტომ, რომ ადამიანი უკვე იყო დანიშნული ამ პოზიციაზე. ვერ მეცოდინებოდა, რომ მისი გათავისუფლების შესახებ იყო გადაწყვეტილება მიღებული, რომ ტოვებდა საინფორმაციოში რედაქტორის თანამდებობას.

  • დღეს უკვე მუშაობთ?

დიახ, დღეს ვიყავი ნიუსრუმში, ახლა ვარ შეხვედრაზე, რომელიც ტარდება მაუწყებლის შესახებ, თავი ვალდებულად ჩავთვალე, აქ მოვსულიყავი და მესაუბრა. ახლა ვბრუნდები სამსახურში და გავაგრძელებ მუშაობას.

  • დღეს, იცით ალბათ, რომ ალტერნატიულ პროფკავშირს შეაქვს ოთხპუნქტიანი მოთხოვნა მაუწყებელში. ამის თაობაზე რას ფიქრობთ, თქვენ ხართ ამ პროფკავშირის წერი?

არა, მე არ ვარ ალტერნატიული პროფკავშირის წევრი. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი მომენტია, რომ ნებისმიერი ჩემი კოლეგის შრომითი უფლებები იყოს დაცული და რეალიზებული და აქედან გამომდინარე მხარს დავუჭერ ყველა პროცესს, რომელიც მიმართული იქნება უფლებების დაცვისკენ.

  • თუ ეთანხმებით ამ მოთხოვნებს? სულ ოთხი მოთხოვნაა, იცით ალბათ.

დიახ, ვიცი. ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს მოთხოვნები იყოს მაქსიმალურად დასაბუთებული, კანონმდებლობის ჩარჩოებში ჩამოყალიბებული და შესაბამისი ნორმატიული აქტებით გამყარებული. ასეთ შემთხვევაში, ბუნებრივია, მეტი მოლოდინი იარსებებს იმისა, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება. თუ სხვანაირად მოხდება, ბუნებრივია, ნაკლები იქნება შანსი, რომ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდეს და სხვა მიმართულებით წავიდეს პროცესი. მე ვერ გავუსწრებ მოვლენებს, მეც ველოდები, რა იქნება. შეიძლება ყველა მოთხოვნას არ ვიზიარებდე ამ ეტაპზე, თუნდაც ტექნიკური თვალსაზრისით, მოთხოვნების ადრესატები ზუსტად და სწორად უნდა იქნას შერჩეული… ვნახოთ, ყველაფერს აჩვენებს პროცესი, იქნება მედიაცია და დიდი იმედი მაქვს, არ მივალთ გაფიცვამდე, მაგრამ თუ კანონმდებლობის ყველა მოთხოვნის დაცვით მივა პროცესი გაფიცვამდე, მე ჩემი კოლეგების გვერდში დავდგები და მეც მივიღებ ამ პროცესში მონაწილეობას.

  • აღნიშნეთ, რომ ზოგიერთ მოთხოვნას არ ეთანხმებით, რომელს კონკრეტულად? სტატუსკვოს აღდგენას [საშტატო ცვლილებების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას]?

ამას ახლა ვერ დაგიკონკრეტებთ, რადგან არ გავცნობივარ დეტალურად დოკუმენტს. როცა მეცოდინება ყველა მოთხოვნა და არგუმენტები, რას ეფუძნება ეს მოთხოვნები და რა ფორმით წარმოუდგენიათ მათი რეალიზება, ამის შემდეგ მექნება ამაზე პასუხი.

  • რომ გაგრძელდეს ნიუსრუმში თქვენ მიმართ წინააღმდეგობა, როგორ ხედავთ სამუშაო პროცესს? თქვენ აღნიშნეთ, რომ ვისაც პრეტენზია აქვს, სჯობს მიმართონ წერილობით მენეჯმენტს, ვთქვათ, მიმართეს და ისევ გაგრძელდა ეს პროცესი, როგორ მოიქცევით?

მე არ ვაპირებ ჩემს კოლეგებზე ძალადობას, აქ არ არის საუბარი იმაზე, მე მომისმენენ თუ არ მომისმენენ. აქ არის საუბარი იმაზე, რომ საინფორმაციო სამსახურმა უნდა გააგრძელოს ნორმალურ რეჟიმში და სწორად მუშაობა. მე, რა ფორმითაც იქნება შესაძლებელი, საწყის ეტაპზე ჩავერთვები და მივიღებ მონაწილეობას, თუ იქნება ხელის შეშლა ამ პროცესში, ყველას ძალიან კარგად უნდა ესმოდეს, რომ უფლებამოსილებების განხორციელებაში ხელის შეშლა, მარტივად რომ ვთქვათ, არის გადაცდომა და დარღვევა. მე, ბუნებრივია, არც ერთ ჩემს კოლეგას არ შევუშლი მუშაობაში ხელს, მათაც უნდა იფიქრონ იმაზე, რომ არც ჩემი უფლებები შელახონ და არ შემიშალონ ხელი ნორმალურად მუშაობაში, ესეც ჩემი უფლებაა, რომელიც მე კონსტიტუციით მაქვს გარანტირებული.

  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის არჩევის პროცესი იყო ძალიან ხანგრძლივი და რთული. მახსოვს თქვენი განცხადება, უკმაყოფილო იყავით ამ პროცესით, უმაღლეს საბჭოსაც მიმართეთ. როგორც განვითარდა ეს პროცესი და რა შედეგამდეც მივიდა, ვგულისხმობ ახალი დირექტორის არჩევას, თქვენთვის კითხვის ნიშნებს ტოვებს, თუ აღარ გაქვთ ეს კითხვის ნიშნები?

როგორ წარმოგიდგენიათ, ადრე მქონდა კითხვის ნიშნები, როცა ჟურნალისტი ვიყავი და ახლა, როცა რედაქტორად დამნიშნეს, აღარ მექნება?! მართლა ასე ფიქრობთ?!

  • არ ვიცი, ამიტომაც გეკითხებით.

თუ მე რაღაც პოზიციაზე დამნიშნეს, ეს არ ნიშნავს, რომ კითხვის ნიშნები გაქრება ჩემი დღის წესრიგიდან. სხვათა შორის, კოლეგებმა ამასთან დაკავშირებითაც დამისვეს კითხვა, პირველი მოადგილის კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებით ხომ არ მოიხსნა კითხვები დღის წესრიგიდანო [ფირუზ ბოლქვაძე მონაწილეობდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსში, რომელშიც ვახო ხუზმიაშვილმა გაიმარჯვა]. მე მათ ვუთხარი და თქვენც გეტყვით – აუცილებლად გამოვითხოვ დოკუმენტაციას, გავივლი იურისტებთან კონსულტაციას და თუ იქნება დავის საფუძველი, აუცილებლად გავასაჩივრებ შედეგებს. სხვა მხრივ, არც ერთ საკითხთან დაკავშირებით, იმის გამო, რომ რედაქტორის პოზიციაზე გადამიყვანეს, კითხვის ნიშნები არ გამქრობია და არც პოზიცია არ შემიცვლია. ისევე როგორც არ შემიცვლია პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ნათია კაპანაძის იმპიჩმენტი იყო საფუძვლიანი და ეს არანაირ კავშირში არ იყო სარედაქციო დამოუკიდებლობაზე შეტევასთან. უბრალოდ მას შემდეგ განვითარებულმა პროცესებმა შექმნა ისეთი ვითარება, რომ გააჩინა რეალური საფრთხეები სარედაქციო დამოუკიდებლობის შერყევის.

  • ანუ ახლა მიიჩნევთ, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობას საფრთხე შეიძლება ემუქრებოდეს?

კი, ამის რისკებს ნამდვილად ვხედავ. ამ ნაწილში ვიზიარებ ჩემი კოლეგების მოსაზრებებს და შიშებს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შიშები უნდა დავძლიოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობა და ჩვენმა მუშაობამ უნდა აჩვენოს, რომ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა არ შეიცვლება.

  • ვისგან ემუქრება დამოუკიდებლობის დაკარგვის საფრთხე მაუწყებელს?

ზოგადად ვითარებაა ისეთი შექმნილი, არასახარბიელო, არაჯანსაღი, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. როცა ხდება ცვლილება საინფორმაციო სამსახურში, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ხელმძღვანელი და მოადგილე აღარ ჰყავს საინფორმაციო სამსახურს გარკვეული გარემოებებიდან და იმ პროცესებიდან გამომდინარე, რომელიც მიმდინარეობდა მაუწყებელში… როცა ასეთი ვაკუუმია შექმნილი, ეს გარკვეულწილად რისკებს აჩენს, ამას ვგულისხმობ.

ლალი ბერძენიშვილს აჭარის მაუწყებლის საინფორმაციოს უფროსობა შევთავაზე – კოხრეიძე

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ლალი ბერძენიშვილის კანდიდატურას განიხილავს.

„ვმუშაობთ ჯერჯერობით, გვაქვს მოლაპარაკება (ლალი ბერძენიშვილთან), თავს იკავებს ჯერჯერობით, მაგრამ მე ძალიან მინდა. გარკვეული პერიოდი ზედმეტი პასუხისმგებლობის აკიდება არავისზე არ მინდა, ადამიანი არის შიგნიდან, არის ენერგიული, გამოცდილი, აქედან გამომდინარე, მე კომუნიკაციისთვის მზად ვარ ყველაფერი მოწესრიგებისთვის, დალაგებისთვის. მიმაჩნია, რომ არის (ლალი) ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

„ბათუმელები“ ლალი ბერძენიშვილსაც დაუკავშირდა. ის ამბობს, რომ დირექტორის შეთავაზებასთან დაკავშირებით ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან ნიუსრუმის გადაწყვეტილებას ელოდება.

„გადაწყვეტილება არ მიმიღია, რადგან ნიუსრუმს აქვს ალტერნატიული აზრი. ჩემთან დაკავშირებით არანაირი წინააღმდეგობა არ იყო და განვიხილეთ თემა, რომ მედიაციის პერიოდში მე ვიყო მოვალეობის შემსრულებელი მხოლოდ და მხოლოდ. ამაზე მათ წინააღმდეგობა არ ჰქონიათ, მაგრამ მათ ურჩევნიათ ნიუსრუმის წიაღიდან წარადგინონ ადამიანი. ამას მოიფიქრებენ, შეჯერდებიან და როგორ წარიმართება სიტუაცია, ხვალ გამოჩნდება“, – ამბობს ლალი ბერძენიშვილი.

რაც შეეხება საინფორმაციო სამსახურის ყოფილ უფროსს, შორენა ღლონტს, რომელიც თანამდებობიდან 28 თებერვალს გაათავისუფლეს, მასთან დაკავშირებით გიორგი კოხრეიძე ამბობს, რომ ის ტელევიზიაში რჩება, ოღონდ სხვა პოზიციაზე.

„ეს საკითხი გადაწყვეტილია, შორენა ღლონტი დარჩება ტელევიზიაში, დამეხმარება რაღაც მიმართულებით. არ ექნება იმის საშუალება, რაც ადრე ჰქონდა, სამწუხაროდ. ის იქნება ჩემი კონსულტანტი ვების მიმართულებით… ეს მისი სურვილიც იყო“, – ამბობს გიორგი კოხრეიძე.

დღეს, 2 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიულმა პროფკავშირებმა კანცელარიაში შეიტანეს განცხადება კოლექტიური დავის თაობაზე, რომლის ძირითადი მიზანია დამსაქმებელს აიძულონ სტატუსკვოს აღდგენა, ანუ გათავისუფლებული რედაქტორების დაბრუნება და სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები. როგორც პროფკავშირების ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, თუ ეს მოლაპარაკება 21 დღეში ვერ შედგება, მაშინ „წარმოიშობა გაფიცვის უფლება“.

მისი თქმით, კრიზისზე, რომელიც შესაძლოა შეიქმნას ტელევიზიაში, პასუხისმგებელი იქნება მრჩეველთა საბჭო და ტელევიზიის დირექტორი გიორგი კოხრეიძე.

აჭარის მაუწყებელში რედაქტორად კიდევ ერთი თანამშრომელი ფირუზ ბოლქვაძე დანიშნეს. თუმცა, საინფორმაციო სამსახური აცხადებს, რომ მასთან არ ითანამშრომლებენ.

მთავარი ფოტო: ლალი ბერძენიშვილის ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე:

 

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია

ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – პროტესტი მექსიკაში

მექსიკაში გახშირებული გენდერული ნიშნით თავდასხმებისა და მკვლელობების ფონზე, აქტივისტები ქალებს მოუწოდებენ გაიფიცონ 9 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღის მომდევნო დღეს: არც ერთი ქალი სკოლასა და ოფისში, არც ერთი ქალი რესტორანსა და მაღაზიაში, არც ერთი ქალი საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მანქანებსა და გზაზე – ქვეყანა ერთი დღით ქალების გარეშე – ასეთია მექსიკელი ფემინისტური ჯგუფების გაერთიანების მოწოდება. ეს ხედვა გამოწვეულია ქალებისა და გოგონების მიმართ გაზრდილი ძალადობით.

სხვადასხვა სოციალური კლასების, ეთნოსების, პოლიტიკური ძალებისა და მოძრაობების მხარდაჭერამ გააჩინა იმედი, რომ ეს პროტესტი იქნება არა ტრაფარეტული, არამედ ნამდვილი წყალგამყოფი მექსიკელი ქალების ცხოვრებაში.

საიტ statista.com-ის ინფორმაციით, გასულ წელს მექსიკაში ფემიციდის 976 შემთხვევა აღინუსხა.

“ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ “რევოლუცია იქნება ფემინისტური”, “მომავალი იქნება ფემინისტური”, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მომავალი უკვე აწმყოა”, – ამბობს არუსი უნდა, ფემინისტური მოძრაობის Las Brujas del Mar-ის (ზღვის ჯადოქრები) სპიკერი შტატ ვერაკრუზიდან. ისინი ერთიანი გაფიცვის ორგანიზებაში ეხმარებიან სხვა აქტივისტებს.

გასულ წლებში მექსიკაში ნაწილობრივ მოძრაობა #MeToo -სგან შთაგონებულმა აქტივისტებმა,  დაიწყეს მასობრივი გამოსვლები ქუჩაში გენდერული ძალადობისა და ჩაგვრის გასაპროტესტებლად. პროტესტის მონაწილეები ხშირად აზიანებდნენ შენობებს, წერდნენ ფემინისტურ ლოზუნგებს მთავრობის სახლებსა და ისტორიულ მონუმენტებზე.

სოციალურ ქსელებში ადამიანები ჰეშთეგით #UNDÍASINNOSOTRAS – (დღე ჩვენს გარეშე) ეხმიანებიან დაგეგმილ გაფიცვას.

პუებლა, მექსიკა, ფოტო: [REUTERS/Imelda Medina
წყარო: The New York Times

ავარია ბათუმში – ერთი დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი

ბათუმში, ბაგრატიონისა და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაზე დღეს, 2 მარტს, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ავარიის შედეგად დაშავდა ერთი პირი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 276-ე მუხლით. საქმეში 2 მანქანა ფიგურირებს.

ავტოსაგზაო შემთხვევა ბაგრატიონის და სულაბერიძის ქუჩების გადაკვეთაში

„ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ“ – ანზორ ბოლქვაძე დეკლარაციაში ქონების დამალვაზე

„გამომრჩა, ალბათ, დეკლარაციის შევსების დროს…“ – ასე ხსნის პარლამენტის წევრი, ანზორ ბოლქვაძე, თავის ქონებრივ დეკლარაციაში აღმოჩენილ დარღვევებს, რაზეც დღეს, 2 მარტს, კვლევის შედეგი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ გაავრცელა. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონდარღვევაა.

ანზორ ბოლქვაძე განმარტავს, რომ ბინები ახალშეძენილი არ არის და დეკლარაციის შევსების დროს უძრავი ქონების შესახებ ინფორმაციის დაფიქსირება ამიტომ გამორჩა. ოთხი საცხოვრებელი ბინიდან ორი დეპუტატის მეუღლეს აჩუქეს.

„ვინ აჩუქებდა ახლა. მამაჩემის იყო ეს ბინები, მერე დედის გახდა და ასე აჩუქეს… რატომ გაგიკვირდათ, რა მოხდა?“ – გვკითხა დეპუტატმა.

ანზორ ბოლქვაძე არ ეთანხმება „გამჭვირვალობა საქართველოს“ კვლევის ნაწილს სამეწარმეო საქმიანობის შესახებ. კვლევის მიხედვით, ანზორ ბოლქვაძე 2017 წლიდან რეგისტრირებული შპს „გოდერძი დეველოპმენტის“ 50-პროცენტიანი წილის მფლობელია და დეპუტატს წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია.

„ხვალ დასვენების დღეა და ზეგ მე წარმოგიდგენთ წერილობით ამის შესახებ ინფორმაციას, ამონაწერებს მოვიტან, რომ არც მეწილე ვარ მაგისა და არც არაფერი მიმიღია… უნდა გახსნილიყო გოდერძი, ჩამოვიდნენ, მერე მიწის ნაკვეთზე ვერ შეთანხმდნენ, მინდოდა ხელი შემეწყო. უმოქმედოა საერთოდ ეს ფირმა,“ – ამბობს ანზორ ბოლქვაძე.

პარლამენტარი ასევე არ ეთანხმება „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ კომპანია „აისი გოდერძის“ ნაწილში. ამ კომპანიას 2019 წლიდან თინა ბოლქვაძე ფლობს – ანზორ ბოლქვაძის მეუღლე, მანამდე კი, კომპანიის წილი დეპუტატის შვილს – ნოდარ ბოლქვაძეს ეკუთვნოდა. დეპუტატი მიიჩნევს, რომ ეს ინფორმაცია 2019 წლის დეკლარაციაში არ უნდა შეეტანა და ახალში შეიტანს.

„ახალ დეკლარაციაში იქნება ეს… რაც შეეხება ჩემი შვილის წილებს და სამეწარმეო საქმიანობას, ამას მე რატომ შევიტანდი? ჩემი შვილი ცალკე ცხოვრობს, მისი ცხოვრება აქვს, დამოუკიდებლად ცხოვრობს და სრულწლოვანია. ის ჩემს დეკლარაციაში საიდან მოხვდებოდა?“ – კითხულობს დეპუტატი.

ანზორ ბოლქვაძე ასევე ფიქრობს, რომ დეკლარაციაში ვერ მოხვდებოდა ხულოში მისი ცოლის კუთვნილი სასტუმროს ფართობის გაქირავებიდან მიღებული შემოსავალი.

„დივიდენდი არ აუღია ჩემს მეუღლეს და რას ასახავდა? მიქირავებულია სამი ოთახი და იხდის კომუნალურ გადასახადებს, ასევე ხელფასს,“ – გვითხრა ანზორ ბოლქვაძემ. მან დაგვიკონკრეტა, რომ ქირის საფასური ყოველთვიურად 1000 ამერიკული დოლარია. ანზორ ბოლქვაძის მტკიცებით, ეს ფული კომუნალური ხარჯების დაფარვას სჭირდება, ასევე დამლაგებლის და კიდევ რამდენიმე დამხმარე პირის ხელფასს.

როგორ უნდა დაისაჯოს დეპუტატი დეკლარაციის არასრულად შევსებისთვის?

„კანონი არსებობს და დამსჯიან, ალბათ. ტყვიას ნუ მესვრიან ახლა და დამსაჯონ, ფული არაა დამალული არც ერთი თეთრი,“ – გვიპასუხა ანზორ ბოლქვაძემ.

ფინკა ბანკში სესხები უფრო იაფია

ფინკა ბანკში სესხების პორტირების აქცია „ჩვენთან უფრო იაფია“ მიმდინარეობს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ გადმოიტანონ (დააპორტირონ) სესხი და სასურველი თანხა უფრო ნაკლებ საპროცენტო განაკვეთში აიღონ.

დიახ, ეს რეალურია:

[checklist]

  • 1 სესხი
  • უფრო ნაკლები საპროცენტო განაკვეთი
  • არანაირი თავდები
  • მარტივი პროცედურები

[/checklist]

განურჩევლად იმისა, თუ რა გსურთ – ბიზნესის გაფართოება, სასოფლო-სამეურნეო ან საოჯახო ტექნიკის შეძენა, სეზონური სამუშაოების დაფინანსება, სახლის რემონტი თუ სხვა პირადი საჭიროების დაკმაყოფილება, ფინკა ბანკი თქვენთვის მოსახერხებელ პირობებს გთავაზობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ 40 000 ლარამდე სესხის აღებისას არ მოითხოვება თავდები, რაც პროცესს კიდევ უფრო მარტივსა და მოქნილს ხდის.

ფასდაკლება ვრცელდება ყველა ტიპის სესხზე – ბიზნეს, აგრო, სამომხმარებლო და ავტო სესხებზეც.

მომხმარებლებს აქციის პირობებით სარგებლობა ბანკის 36 ფილიალში 30 აპრილის ჩათვლით შეეძლებათ.

სესხის განაცხადის ფორმა შეავსეთ ვებ გვერდზე www.FINCA.ge , ეწვიეთ ფინკა ბანკის ფილიალებს ან დაგვიკავშირდით *4949.

რა უნდა გააკეთოს საზოგადოებამ აჭარის მაუწყებლის გადასარჩენად – დისკუსია

როგორ შეიძლება ჩაერთოს საზოგადოება აჭარის ტელევიზიის გადარჩენის პროცესში – ამ თემაზე დღეს, 2 მარტს, სასტუმრო “ლე პორტში” დისკუსია შედგა. შეხვედრა “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” მიერ იყო ორგანიზებული.

ტელევიზიის ალტერნატიულმა პროფკავშირმა მენეჯმენტს უკვე მიმართა საგაფიცვო მოთხოვნებით. ერთ-ერთი მოთხოვნა ტელევიზიაში სტატუსკვოს აღდგენაა – საინფორმაციო სამსახურების რედაქტორების ძველ პოზიციებზე დაბრუნება.

“ეს არ არის მხოლოდ ამ ტელევიზიის თანამშრომლების პრობლემა,” – თქვა დისკუსიაზე ჟურნალისტმა ირმა ზოიძემ. ის საგამოძიებო სიუჟეტებს ამზადებდა აჭარის ტელევიზიისთვის გარე სტუდიიდან. ტელევიზიის ახალმა დირექტორმა, გიორგი კოხრეიძემ, საგამოძიებო ფილმების შესყიდვაზეც უარი განაცხადა.

ჟურნალისტმა მედიაციის პროცესში სხვა მხარეების ჩართულობის საჭიროებაზე ისაუბრა.

“შესაძლოა, არსებობდეს სამართლებრივი პრობლემა, რადგან მოლაპარაკების პროცესში გაჟღერდება პერსონალური ინფორმაციაც. ჩვენ გავივლით ამ საკითხს,” – აღნიშნა ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა.

“კრიზისია მაუწყებელში… ხვალ ვის დაუმიზნებს მაუწყებლის დირექტორი და ვინ იქნება მსხვერპლი, არავინ იცის,” – აღნიშნა მაია მერკვილაძემ. მან ასევე თქვა, რომ ერთ-ერთი ინფორმაციით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის პოსტს ლალი ბერძენიშვილს სთავაზობენ. მაია მერკვილაძე მაუწყებელში საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე იყო და მისი შტატი ახალმა დირექტორმა გააუქმა.

“საღამოს უკვე ახალი რედაქტორი გვეყოლება… მადლობა თქვენ მხარდაჭერისთვის,” – მიმართა აუდიტორიას “მთავარის” წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ და შეხვედრა დღევანდელი გადაცემის მომზადების მიზეზით დატოვა. მან წინა გადაცემა ჟურნალისტებთან ერთად პროტესტის ფონზე – წუთიერი დუმილით დაასრულა. ჟურნალისტებს სტუდიაში ტრანსფარანტები ეჭირათ ხელში წარწერით: “ტელევიზიაში სუს-ია”.

“ლელოს” ბათუმის წარმომადგენელი, ირაკლი კუპრაძე დაინტერესდა, როგორ შეიძლება ჩაერთონ საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკოსები ტელევიზიის დაცვის პროცესში.

“ალტერნატიული პროფკავშირი მუშაობს სტრატეგიაზე, როგორ მოხდეს რიგითი მაყურებლის ჩართულობა… ზუსტი პასუხი ახლა არ მაქვს, მაგრამ მიმდინარეობს აქტიური მსჯელობა,” – უპასუხა კითხვას აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტმა, გიორგი არობელიძემ.

“ჩვენ მზაობას გამოვხატავთ, რომ ჩავებათ ამ ბრძოლაში,” – დასძინა ირაკლი კუპრაძემ.

“მეც თქვენთან ვარ ამ ბრძოლაში. ბოლო დროს დავიწყე აჭარის ტელევიზიის ყურება… უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო, რომ ხალხმა გაიგოს, რა ხდება,” – თქვა ადვოკატმა ლელი ბჟალავამ. ის დარბაზის მოსაზრებით დაინტერესდა, რატომ არიან მსგავს ვითარებაში, მაგალითად, სტუდენტები ჩუმად?

ადვოკატის ეს შეკითხვა უპასუხოდ დარჩა.

“მისასალმებელია, რომ 70-მა კაცმა კომფრომიზმი გვერდზე გადადო და იბრძვიან, მათ უკან ოჯახებია… მიხარია, რომ ამდენი მებრძოლი ადამიანი გამოჩნდა ტელევიზიაში,” – აღნიშნა გიორგი მასალკინმა, პოლიტიკური მოძრაობიდან “ლელო”.

დისკუსიას ესწრებოდა უმაღლესი საბჭოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” გია აბულაძეც. მისი თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციები და საელჩოები ბოლომდე ინფორმირებულნი არ არიან.

“თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის” ხელმძღვანელი, ასლან ჭანიძე ფიქრობს, რომ “ალტერნატიულმა პროფკავშირმა” და სამოქალაქო სექტორმა ერთად უნდა იმუშაოს საკანონმდებლო ცვლილებების კუთხითაც, რომლითაც პოლიტიკოსებისგან სარედაქციო ჩარევების გამორიცხვის მყარ გარანტიებს შექმნის.

მრჩეველთა საბჭოს დაკომპლექტების წესზე ისაუბრა მალხაზ ჭკადუამაც, “გამჭვირვალობა საქართველოს” რეგიონული ოფისების მენეჯერმა, იგი დღევანდელი დისკუსიის მოდერატორი იყო.

მალხაზ ჭკადუა ფიქრობს, რომ საკანონმდებლო ცვლილებების კუთხით პროცესში კოალიცია “მედია ადვოკატირებისთვის” უნდა ჩაერთოს.

ტელევიზიის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელმა, მალხაზ რეხვიაშვილმა, ყურადღება გაამახვილა ევროპულ კანონმდებლობაზე, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტისთვის სიტყვის თავისუფლება დაკავშირებულია შრომით უფლებასთან.

“თუ მე არ მექნება სარედაქციო დამოუკიდებლობა და იგი არ იქნება უზრუნველყოფილი, მიზღუდავ შრომის უფლებას,” – აღნიშნა მალხაზ რეხვიაშვილმა.

“ყურადღების გადატანა არ უნდა მოხდეს, მეტი კონკრეტიკაა საჭირო,” – მიმართა დარბაზს თეონა დიასამიძემ, “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის” კოორდინატორმა ბათუმში. მისი აზრით, საკანონმდებლო ცვლილებაზე საუბრის დრო ახლა არ არის, რადგან ტელევიზიაში კრიზისია.

“…მე ჯერ კიდევ მიწევს ახლობლებსა და მეგობრებთან იმის მტკიცება და ახსნა, თუ რაა გადასარჩენი ტელევიზიაში. მხარდამჭერების ეს წრე უნდა გაფართოვდეს,” – თქვა  მზია ქედელიძემ, მოძრაობის „ალტერნატივა“ წევრმა.

“ხელისუფლებას არ აქვს წერტილოვანი დარტყმები… მას აქვს გაწელილი ეს პროცესი. ისინი მოქმედებენ სხვა სტრატეგიით, რომ ადამიანები გახადონ ინდიფერენტული ბევრი რამის მიმართ,”- ასე  ახსნა მდგომარეობა მალხაზ ჭკადუამ, დღევანდელი დისკუსიის მოდერატორმა.

ბათუმის აეროპორტთან და სარფში საველე კარვები დადგეს – კორონავირუსის პრევენცია

ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, სარფის სასაზღვრო პუნქტსა და ბათუმის აეროპორტში, ისევე, როგორც სხვა დანარჩენ სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და ორ აეროპორტში, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დაამონტაჟეს, სადაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან.

ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.

ფოტო: შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსულ მგზავრებს 24 საათის განმავლობაში ამოწმებენ. ეს ქვეყნებია: ჩინეთი, ირანი, იტალია და კორეა.

შს სამინისტროს ცნობით, მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციის და მონაცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.

საგანგებო: ბათუმის რესპუბლიკურში სასწრაფოს პაციენტები აღარ გადაჰყავს

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების მანქანებს პაციენტები აღარ შეჰყავთ. ინფორმაცია ამის შესახებ „ბათუმელებს“ სასწრაფო სამედიცინო სამსახურში დაუდასტურეს.

“არ ხდება ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს პაციენტებით გადატვირთვა, რადგან საჭიროების შემთხვევაში შეიძლება მისი საკარანტინო ზონად მომზადება გახდეს აუცილებელი,” – უთხრეს “ბათუმელებს” საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის პრესსამსახურში.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმებიც ადასტურებენ, რომ უკვე მესამე დღეა საავადმყოფოში სასწრაფოს ახალი  პაციენტები აღარ  მიჰყავს.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი, მალხაზ ხალვაში ამტკიცებს, რომ კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში საკარანტინო ზონას აწყობენ – ერთ-ერთ ვერსიად ახალ რესპუბლიკურს განიხილავენ

განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ თანამდებობა დატოვა

საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ ირინა აბულაძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ირინა აბულაძემ პოსტი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.

„მეგობრებო, შემიძლია გაგიზიაროთ ახალი ამბავი. მივიღე გადაწყვეტილება, არსებული პოსტი დავტოვო და ცხადია, გავაგრძელო ამ საქმის და გუნდის ერთგულება რეფორმის დანერგვის შემდეგ ეტაპზე. ჩემს გეგმებზე ოდნავ მოგვიანებით…

პირველი ოფიციალური შეხვედრა დანიშვნიდან პირველივე შაბათს ფინანსთა სამინისტროში გვქონდა, სადაც ითქვა, რომ უნდა დაიდოს განათლების რეფორმის სისტემური ხედვა ყველა დონეზე, არა ცალკეულად აღებული ზოგადი ან რომელიმე საფეხურის. რა თქმა უნდა, აქ მნიშვნელოვანი მათ შორის კავშირების დანახვა იყო, თუ როგორ უწყობს თითოეული საფეხურის განვითარება შემდეგის განვითარებას ხელს. იმ და შემდეგ ბევრ შეხვედრაზე, მათ შორის საერთაშორისო და საფინანსო ორგანიზაციებთან ვმსჯელობდით განათლების სისტემის განვითარებაზე, კვლევებზე და საქართველოს სპეციფიკაზე, ესგ ჯგუფის მიერ მომზადებულ კონცეფციაზე, რომელიც რეფორმის დაწყებას სწორედ საკლასო ოთახიდან გულისხმობდა… მიღწევებზე და იმ ფუნდამენტზე, რაზეც აუცილებლად უნდა დაშენებულიყო ეს ხედვა.

ამ ყველაფერთან სინქრონში დავიწყეთ მასწავლებლების სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება, საპენსიო ასაკს მიღწეულ მასწავლებლებს შევთავაზეთ არჩევანი – სურვილის შემთხვევაში მათი ღირსეული გაცილების გზით.

წახალისებაზე ორიენტირებული სისტემა, სკოლების მართვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა, ამისათვის სკოლების „დარუქების“ პროექტის დაწყება (რომლის სოფტი MCC/MCA შეგვიძინა), – სადაც EMIS  ბაზაზე ამ ეტაპისთვის სისტემაში ჩაშენდა უამრავი მონაცემი და დაიხაზა საფეხმავლო გზებიც კი, უბნის დონეზეა შესული მონაცემები მოსწავლების შესახებ და განათლებაზე ხელმისაწვდომობის სრული ანალიზია შესაძლებელი.

შემდგომ კი მოსწავლეთა შედეგების და სკოლების თვითშეფასების ინტეგრირების შესაძლებლობას იძლევა.. ეს ყველაფერი კი მიმართულია სკოლების გაძლიერებისკენ გადაიქცნენ სოციალურ-კულტურულ, მულტიფუნქციურ განათლებისა და აღზრდის კერებად, რაც ასე მნიშვნელოვანია ქვეყნის, რეგიონის და სოფლის გასაძლიერებლად.

ამ ხედვის შეთავაზებით, წელიწად-ნახევარში 300 მლნ ზე მეტი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტების მოძიება გახდა შესაძლებელი ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან და ყოველწოიურად მნიშვნელოვნად მზარდი სახელმწიფო ბიუჯეტის დადასტურება!
დიდი მადლობა თითოეულ მასწავლებელს, განათლების მუშაკებს, ჩვენს ყველა დარგობრივ, ფინანასურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტს, ჩვენს სსიპ-ებს, საერთაშორისო პარტნიორებს და პოლიტიკურ გუნდს!

„რეფორმა“- პროცესია, მნიშვნელოვანია მუდმივი განვითარება და მდგრადობა, მონაცემებზე დაფუძნებით მუდმივი დახვეწა. ყველაფერი გრძელდება და კიდევ უამრავ და მასშტაბურ სიახლეს შემოგვთავაზებს, რაშიც დიდ წარმატებას ვუსურვებ სამინისტროში ჩემს კოლეგებს“, – წერს ირინა აბულაძე ფეისბუკის გვერდზე.

ის ამავე პოსტში მადლობას უხდის მინისტრ მიხეილ ჩხენკელსაც.

ირინა აბულაძე წლების განმავლობაში მუშაობდა განათლების სამინისტროში. მიხეილ ბატიაშვილის მინისტრად დანიშვნის შემდეგ ის „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრიდან“ განათლების სამინისტროში დანიშნეს პირველ მოადგილედ.

ბათუმი – აკა მორჩილაძე

ავტორი: აკა მორჩილაძე 

ოდესღაც, მგონი 1979 წელს, ბათუმის სამილიციო პატრულმა ღამის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დააკავა.

მაშინ კომუნისტების დრო იყო, ხოლო ბათუმი საბჭოეთის სავარაუდო მტრის, თურქეთის საზღვარზე მდებარე ქალაქი გახლდათ.

სხვანაირად, ის იყო პირველი დიდი ციხესიმაგრე, მტერს რომ უნდა გადაღობებოდა.

ამიტომ, ის მხოლოდ ზღვისპირა ქალაქი არ იყო, არც ზღვისპირა კურორტი, და არც ნავსადგური, სადაც ოდესღაც ჩერჩილი, სტალინი და რუზველტი უნდა შეხვედროდნენ.

ბათუმი გემრიელი, ჩამთბარი ქალაქი იყო, მაგრამ ღამით ზღვის ზედაპირზე პროჟექტორების შუქი მოძრაობდა.

ეს საოცარი და საინტერესო საყურებელი იყო, განსაკუთრებით, თუ უცხო ქალაქიდან ჩამოსული ბავშვი იყავი:

მესაზღვრეთა ჯარების ღამის სინათლეები ზღვის ზედაპირზე, რათა ვინმემ, შეშლილმა და თავზეხელაღებულმა ზღვაში არ ისკუპოს და ცურვით არ გააღწიოს საზღვარს იქეთ, იქედან კი – სრულ თავისუფლებაში.

გაიგონებდი ამბებს ასეთ მოცურავეებზე, ვინც ოდესღაც შავიზღვისპირს უგრძესი მარშრუტებით ცურავდნენ. არსებობს ირაკლი კვირკაძის ფილმიც, მოცურავე, რომელიც სწორედ ამგვარ კაცზე მოგვითხრობს.

მაგრამ საბჭოთა კავშირის დასატოვებლად ანთებული ეს რომანტიკული თავზეხელაღებულობა, მგონი არასდროს დასრულებულა წარმატებით, ყოველ შემთხვევაში, ბათუმში.

არასდროს გამიგონია იმ ადამიანების სახელები, რომლებმაც ბათუმიდან ანდა მის სამხრეთით მდებარე მთლად სასაზღვრო სოფელ სარფიდან გააღწია თურქეთში.

ამ სარფში შესვლაც კი საგანგებო საშვებით ხდებოდა.

გამიგონია მხოლოდ ლეგენდა უსახელო გმირისა, რომელიც, თითქოს საბჭოთა სამხედროებს მოუკლავთ ასეთი გადაცურვისას, მაგრამ მეტი არაფერი. ლეგენდაც იმისია ხოლმე, რომ სახელი დაიკარგოს.

მგონი, ისიც შეიძლება, რომ ამგვარი ამბავი მხოლოდ იმიტომ არსებობდეს, რომ არსებობს იდეა, ასე გავცურავთ საბჭოეთიდან შორს!

საზღვრის გადალახვები უფრო სხვანაირად ხდებოდა. ეს უფრო სისხლიანი ისტორიები იყო, ნამდვილი ტრაგედიები, თვითმფრინავის გატაცებას რომ ახლდა თან.

1986 წლის შემოდგომაზე თბილისელი ახალგაზრდების ჯგუფმა ბათუმისკენ მიმქროლავი სამგზავრო თვითმფრინავის პილოტებს თურქეთისკენ გადახვევა უბრძანეს. პილოტებმა ისინი მოატყუეს და თვითმფრინავი თბილისში დაჯდა. საბჭოთა სპეცრაზმმა ის იერიშით აიღო. მგზავრის და გამტაცებლის გარჩევა არ ყოფილა, ტყვიასგადარჩენილი გამტაცებლები სასამართლომ დახვრიტა, მათთან ერთად კი ერთი მღვდელიც, რომელიც თვითმფრინავში საერთოდ არ ყოფილა, მაგრამ გამტაცებელთა მოძღვრად და მეგობრად მიიჩნეოდა.

ეს სრულიად ტრაგიკული ფურცელი იყო 80-იანი წლების საქართველოს ისტორიაში, ვინაიდან ახალგაზრდები უბრალოდ გამტაცებლები არ ყოფილან, განთქმული მშობლების შვილები იყვნენ, საბჭოთა კავშირიდან გაღწევა სურდათ და სხვა გზა ვერ ნახეს.

ამ შემთხვევამდე იყო სხვა შემთხვევაც, როცა ბათუმის აეროპორტიდან აფრენილ თვითმფრინავს ბალტიისპირელმა მამამ და ორმა ვაჟმა იგივე უბრძანეს და საზღვარს იქეთ გადაფრენა მოახერხეს. ამ გატაცებას ერთი სტიუარტი ქალის სიცოცხლე შეეწირა. ბალტიელები კი აღარასოდეს გადმოუციათ საბჭოელებისთვის. ახლა ალბათ სადმე ცხოვრობენ და ეს ამბავიც კარგად ახსოვთ.

დიახ, ამ ქალაქს გაქცევის სურნელი ასდიოდა.

ერთხელ, თოთხმეტი წლისა, ბათუმის ბულვარში ძველ ნაცნობს გადავეყარე,

ჩემზე უფროს ბიჭს, რომელსაც ერთხანს ყოველ ზაფხულს ვხვდებოდი, დასავლეთ საქართველოს პატარა ქალაქში, სადაც ბებიის ძველ სახლში ჩავდიოდით ხოლმე.

ეს ბიჭი იმ ქალაქში კარგა თავზეხელაღებულ ვინმედ ითვლებოდა.

ჰოდა, აქ რომ შემხვდა, დიდად არ მეამა, მით უმეტეს, რომ განზე გამიხმო, როგორც ძველი დროის ქუჩის ბიჭებმა იცოდნენ და ფული მთხოვა.

ძალიან მჭირდებაო.

წართმევის იერი არ ჰქონდა, მაგრამ როცა კაცი თავის ძალას გრძნობს და რაღაცას გთხოვს, წართმევასაც არაფერი უკლია. რაც მქონდა მივეცი და გადამკოცნა. ძალიან გამიმართე ხელიო. სულ შვიდი მანეთი მივეცი. მერე ერთად გამოვისეირნეთ ბულვარში, თუმცა ამას სეირნობაც არ ერქვა.

ის თვალებს აცეცებდა აქეთ-იქით და ძალიან დამფრთხალი იყო.

ვიფიქრე, რაღაც მოუპარავს და იმალება, ანდა თავისი ქალაქიდან გამოქცეულა-მეთქი.

ბედი არ გინდა? პლაჟზე მეგობრები გელოდებიან, თან ამინდიც დიდებულია. მე კიდევ, ამას დავყვები. რატომღაც უნდოდა, რომ ერთხანს გვერდით ვყოლოდი.

სკამზე ჩამოვსხედით და ხეივნის მოპირდაპირე მხარეს ასევე სკამზე ჩამომჯდარი კაცი დამანახა.

ასეთი საშინელი და სახიფათო იერის ადამიანი იქამდე არასოდეს მენახა. საშინელ პერანგში, საშინელი ნაკვთებით, იჯდა და გვათვალიერებდა.

ახლა ვფიქრობ, რომ ეგებ, ის კაცი სულაც არ იყო საშინელი და გაგონილმა ამბავმა დამანახა ასეთად.

ამან კი ჩუმად მითხრა, ეს ჩემი ძმაკაციაო დ ამაღამ უნდა გადავიყვანოო.

საზღვრის გადაკვეთას ლამობდნენ. მე თვითონ არ მივდივარ, მაგრამ ის აუცილებლად უნდა გადავიდესო.

ამის ჩემთვის თქმა, თან ნაწყვეტ-ნაწყვეტ და თან ისე, რომ ის კაცი ვერ მიმხვდარიყო, ყველა კრიმინალური წესითა და ადათით შეცდომა იყო. რატომ მეუბნებოდა, არ ვიცი. ეტყობა, თვითონ ძალიან ღელავდა.

მათი ამბის დასასრული ნამდვილად არ ვიცი. ვერ ვიტყვი, გადავიდა ის საშინელი შავხელებიანი კაცი თურქეთში, თუ ვერა.

ეს ბიჭი კი ცხოვრებაში ერთადერთხელღა ვნახე, ორი წლის წინათ. თბილისში, ქუჩაზე მანქანა გააჩერა და ერთმანეთს გადავეხვიეთ. არ მიკითხავს, 28 წლის წინათ რომ საზღვარზე კაცი გადაგყავდა, რა ქენით-მეთქი. უკან უცებ შეიქმნა საცობი. თბილისში ასეა ხოლმე.

ბათუმი კი გაქცევის ქალაქი იყო.

საერთოდ, ეს ის ადგილია, სადაც დადგები ზღვისპირას და უყურებ ზღვას, მერე კი უცებ მოიხედავ და დაინახავ თოვლიან მთებს, იმ შუა სიცხეში.

ბათუმის ზურგსუკან მთებია: მთებში, საოცარი, ტყეებს აკრული სოფლები. იმ სოფლებში არიან ადამიანები, რომლებიც თუკი უცხოს დაინახავენ, აუცილებლად შეატყობინებენ მესაზღვრეებს და მაშინ საბჭოთა სასჯელს ვეღარაფრით აცდები.

მაგრამ იმავე სოფლებში არიან მოხუცები, თეთრწვერა, კაფანდარა მოხუცები, თავზე ნაქსოვი ქუდებით: ისინი, ვისაც სხვა დროებაც ახსოვთ. მათ იციან ბილიკები, რომლებსაც ვერც ერთი მესაზღვრე ვერ შეამოწმებს, მათ იციან დრო, როდის უნდა გაიარო უღრანში, რომ ტყეს პროჟექტორის შუქმა არ გადაუაროს, განგებ გაფხვიერებულ მიწაზე კი ისე გაგატარებენ, რომ ნაკვალევი არ დარჩება.

მათ იციან ფეხაკრეფით სიარული და მათ ჰყავთ ახლო ნათესავები, სულაც ძმისშვილები საზღვარს იქეთ, რადგან ოდესღაც საზღვარი შუა ოჯახებზე გავიდა და გაჭრა ისინი.

ჰოდა, ისინი სანდო ხალხს ჩაგაბარებენ, გათენებამდე კი უკან დაბრუნდებიან და დაიძინებენ მშვიდად თავიანთ სახლებში.

ოღონდ, ამისთვის ბევრი ფულია საჭირო და დიდი ნდობა, მანამდე კი უნდა იპოვო ვინმე, ვინც იმათზე გაგიყვანს, ვინც მერე ამ ბაბუებს დაგაკავშირებს.

ამის გაკეთება ზაფხულში სჯობს, საკურორტო სეზონის დროს, რადგან ზამთარში უცხო კაცი წამსვე იცნობა. ბათუმი პატარა ქალაქია, ყველა ყველას იცნობს და ზღვისპირა ბულვარზე წამსვე შეგამჩნევენ, რომ უშნოდ მიდი-მოდიხარ.

ასეთია გაქცევის კიდევ ერთი ლეგენდა, რომელსაც მართლა აქვს საფუძველი, ოღონდ 20-იანი წლებიდან, როცა ყველა, ვისაც გაქცევა უნდოდა, სწორედ ამ მთებით გარბოდა.

სხვანაირად კი ეს ქალაქი გაქცევის უდიდესი ისტორიაა საქართველოსთვის.

ალბათ ასე ემართებათ ქალაქებს, რომლებიც იმპერიათა კიდეზე, ზედ საზღვარზე აღმოჩნდებიან ხოლმე. სადაც ზღვაა, იქ კიდეცაა. ზღვა წასვლას ნიშნავს. წასვლა კი ხშირად გაქცევასაც გულისხმობს.

ბათუმიც ასე იყო, ჯერ ოსმალეთის იმპერიის უკიდურეს ჩრდილო აღმოსავლეთს მიწეპებოდა საზღვრის კიდეზე, მერე – რუსეთს. არადა, ბათუმი ქართველების ქალაქია.

თუმცა, სახელი ელინური აქვს, ქართულად მორგებული. ეს სახელი ღრმა ნავსადგურს გულისხმობს – ძველი კოლხეთი და ელინური ახალშენი. ასეთია უძველესი ისტორია. რომაული ციხესიმაგრე, რომელსაც ქართველები გონიოს უწოდებენ და რომლის კედლებშიც მარხია Saint Matthias-ი, ქრისტეს მოციქული, რომელიც იუდას გამცემლობის შემდეგ მიიღეს მოწაფეებმა. გურიის მთავრები და ბათუმის კიდეზე მოულოდნელად გამოჩენილი ბურგუნდიელი რაინდები. დიდი ოსმალური მმართველობა და ისლამი. გენუელები და რუსეთის იმპერია. ომები. საქართველო. ბრიტანული პროტექტორატი და ისევ საქართველო.

ბათუმი ქართველებისთვის გამუდმებული დაკარგვისა და პოვნის ქალაქია. არა მხოლოდ გაქცევის.

ბაბუაჩემმა ზღვა პირველად ოცი წლისამ ნახა.

ის სატვირთო ფორანზე პირქვე იწვა, როცა უკანდახეული ქართული ჯარის ნაწილები უკანასკნელ მიჯნას, ბათუმს მიადგნენ. იმას იქეთ ზღვა იყო. ზღვის უკან ვეღარ დაიხევ. ან გარბიხარ, ან კვდები.

ეს იყო 1921 წლის მარტში. რუსულ წითელ არმიას უკვე აეღო თბილისი და საქართველოს მთავრობა, მთელი შერჩენილი ძალებით, უკანსვლით მიდიოდა ზღვისკენ.

ბაბუაჩემი ფერდში იყო დაჭრილი, ყუმბარის ნამსხვრევები ჯერაც არ ამოეღოთ და ძილ-ღვიძილში დაინახა ზღვა.

ზღვა მარტის პირველ რიცხვებში, თუნდაც სუბტროპიკებში, სადაც მთელს სანაპიროზე პალმა და ლიმონი ხარობს, კარგს არაფერს გაფიქრებინებს.

ბაბუაჩემი საომრად გაწვეული სტუდენტი იყო. ახლა აღარ მახსოვს, გაწვეული, თუ მოხალისედ წასული, მაგრამ სამი ნამსხვრევიდან ორი სწორედ ბათუმის ჰოსპიტალში ამოუღეს ფერდიდან. ერთი სამუდამოდ დარჩა.

იმ დღეებში ბათუმში საოცარი ამბები ხდებოდა. ქალაქს წითლები უახლოვდებოდნენ. სამხრეთიდან კი ოსმალური ჯარები გამზადებულიყვნენ.

რუსეთ-ოსმალეთის შეთანხმებით, ლენინის ხელმოწერით, იმ ცნობილი ბრესტის ზავით, წითელი ჯარი ბათუმში ვერ შევიდოდა. როგორც კი მას ქართული მთავრობა დატოვებდა, ქალაქს ოსმალები დაიკავებდნენ.

ბაბუაჩემს უყვარდა ამის გახსენება: საქართველოსთვის ყველაზე ტრაგიკული გაქცევის შესახებ თხრობა, ოღონდ შვილიშვილებს უფრო გვიყვებოდა, თითქოს უდარდელად, მაგრამ ფრთხილად.

მას ახსოვდა, როგორ შეიკრიბა ნავსადგურში უამრავი ხალხი და როგორ მიმართა მათ პრემიერ-მინისტრმა ნოე ჟორდანიამ სიტყვებით, ჩვენ დავბრუნდებითო.

ჟორდანია ცუდი ორატორი იყო, დაბადებიდან ენა ებმოდა, მაგრამ მაინც აატირა იქ მყოფი ხალხი. ბევრმა დაიჩოქა კიდეცო, ამბობდა ბაბუაჩემი, მე ვერაო. ახალი ნაოპერაციევი ვიყავი და ნავსადგურამდე ძლივს მივედიო.

მერე მთავრობა იტალიურ გემზე ავიდა.

ყველამ შლაპები გადმოყარა ზღვაში. ეს შლაპები ტივტივებდნენ და თავისუფალი საქართველო კი მთავრდებოდა.

ჯარისკაცებთან ვიღაც კაპიტანი მოვიდა და უთხრა, ვისაც ევროპაში წამოსვლა გინდათ, მოიფიქრეთ, გემი კიდევ იქნებაო. ბაბუაჩემმა თქვა, ვერაფრით გადავწყვიტეო. დედა შემეცოდაო. ისედაც არ იცოდა ჩემი ასავალ-დასავალიო.

მამამისს ძველი თოფი აეღო და მთელს ქვეყანაში სდევდა ფრონტის ხაზებს, რათა შვილი ეპოვა.

ვინ იცის, ახლა ფრანგი ან გერმანელი, ეგებ სულაც ინგლისელი ქართველიც ვყოფილიყავი. ბაბუაჩემს სწორედ ერთი ნაბიჯი დააკლდა გემამდე. ეს სასაცილოა. მაშინ ბათუმისას ვერაფერს მოვყვებოდი.

შებნელებულზე ქალაქი ოსმალურმა ჯარებმა დაიკავეს. შეთანხმებისამებრ.

ღამით ჰოსპიტალში გენერალი მაზნიაშვილი მივიდა.

ეს იყო მგონი ერთადერთი ქართველი გენერალი, რომელიც ქალაქში დარჩენილიყო და გაქცევასაც არ აპირებდა. მაზნიაშვილს ცალი ხელი ბრძოლებში ჰქონდა გაფუჭებული და კისერზე შავი სახვევით ეკიდა ხოლმე. რუსეთ-იაპონიის ომისას ის, დაჭრილი, ნიკოლოზ მეორემ მოინახულა და წმინდა გიორგის ჯვარიც დააბნია გულზე.

ის იყო უბრალო აზნაურთა შთამომავალი პატარა სოფლიდან. დამოუკიდებლობის წლების მარად გამარჯვებული ქართველი გენერალი, რომელიც არც ერთ გემზე არ ავიდა.

მაზნიაშვილმა დაჭრილები სათითაოდ დაათვალიერა და ბოლოს უთხრა, ხალხი გვჭირდებაო.

– ვისაც ბრძოლა შეგიძლიათ, დაგვეხმარეთ. ეგებ, ეს ბოლო ბრძოლაც იყოს, – ასე გადმოსცემდა ბაბუაჩემი მის სიტყვებს.

ჰოსპიტალში მყოფები ხეირიანად ვერც მიხვდნენ, რაღა იყო საბრძოლო: მთავრობა წავიდა, ქვეყანა კი უკვე რუსებს ეპყრათ.

– ეგებ ეს ბოლო ომიც იყოს დიდი ხნის მანძილზე, – თქვა მაზნიაშვილმა…

სინამდვილეში ეს ძალიან ქართული ისტორიაა: აღარაფრიდან რაღაცის მოპოვების ძველი ილეთი.

ბათუმსმომდგარი რუსის ჯარი შეთანხმებას იცავს, ოსმალებს ქალაქში უკვე საგუშაგოები დაუყენებიათ. მათი ნაწილები საჭირო ადგილებში ისვენებენ.

ოსმალთათვის ახალი არაფერი იყო. ისინი იმას იბრუნებდნენ, რაც საუკუნეების განმავლობაში ეპყრათ და რუსეთ-თურქეთის ბოლო ომის დროს დაკარგეს, პირველ მსოფლიო ომში თითქმის სულ დაიბრუნეს, მერე კვლავ დაკარგეს, ხოლო ახლა კვლავ იბრუნებდნენ.

ქართული კი ამ ამბავში ის იყო, რომ ბოლშევიკთა რიგებში ბევრი ქართველი რევოლუციონერი იყო, რომლებიც რუსულ არმიას შემოჰყვნენ. ამათ შორის უმრავლესს კი სულაც არ მოსწონდა ლენინის შეთანხმებები თურქეთის რესპუბლიკასთან.

ქართველებმა ასე იციან, საბოლოოდ ისინი მხოლოდ ქართველები არიან და მეტი არაფერი.

წითელმა კომისარმა თენგიზ ჟღენტმა ბათუმში მოძებნა მაზნიაშვილი და უთხრა:

– ჩვენ ქალაქში ვერ შემოვალთ. ასეთია შეთანხმება. ხვალიდან ბათუმი ოსმალური ქალაქი იქნება. რუსებისთვის ეს სულერთია. მათ საქართველო უჭირავთ. თუ შეძლებ ქალაქის დაბრუნებას და ოსმალებს უკან დაახევინებ, ჩვენ შეგვეძლება შემოსვლა ქართველების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე. არ ვიცი რა იქნება ხვალ, მაგრამ საბოლოოდ ბათუმი მაინც ქართველებს დაგვრჩება.

დაახლოებით ასე იყო. ტექსტზე თავს ვერ დავდებ.

მაზნიაშვილი კი დათანხმდა. სხვანაირად არც მოიქცეოდა.

სტუდენტები, ჯარისკაცები, გვარდიის ნაშთები და უბრალო ადამიანები: გენერალმა შეძლო ამის ორგანიზება და ჯერ მოულოდნელი შეტევით, მერე კი ოსტატობით ოსმალურ ნაწილებს ბათუმიდან დაახევინა, საბოლოოდ კი კიდევ ოც კილომეტრზე შეუტია.

ქალაქი წითლებმა დაიკავეს და იქ ჩასულმა ქართველი კომუნისტების ლიდერმა სერგო ორჯონიკიძემ უთხრა მაზნიაშვილს:

– შემიძლია ნებისმიერ წუთს დაგხვრიტო, როგორც ჩვენი მტერი.

მერე დიდი პოლიტიკოსები შეთანხმდნენ და ბათუმი, როგორც აჭარის ავტონომიის დედაქალაქი, საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკის შემადგენლობაში დარჩა, საქართველო კი დიდ საბჭოთა კავშირში აღმოჩნდა. აჭარის ავტონომია, იქაური მოსახლეობის უმეტესი ნაწილის მუსლიმური რწმენის გამო, დათმო საბჭოთა ხელისუფლებამ. ქემალ ათათურქი ხომ მშვენივრად მიხვდა, რაც მოიმოქმედეს იმ დღეებში ქართველმა კომისარმა და ქართველმა გენერალმა. ჰოდა, ავტონომია მაინცო. მაღლა ეშმაკობა არ გადის. მაღლა უნდა შეთანხმდე.

მაზნიაშვილი კი მაინც დახვრიტეს. უკვე სამოცდაათს მიტანებული, 1937 წელს, თავისი პატარა სოფლიდან გამოიძახეს. სასამართლო არ ყოფილა.

სწორედ იმ მარტის დღეებში ჰოსპიტლის ყარაულში მდგომი ბაბუაჩემი მამამისმა იპოვა.

ძველი თოფი რუსებს ჩამოერთმიათ, პალტო გზაში გაეყიდა და გახარებული იყო, რომ შვილი ზღვას არ გაჰყოლოდა.

ახლა გამახსენდა: ბათუმის ამბის თხრობა იმით დავიწყე, რომ მგონი 1979 წელს ღამის ქუჩაზე მილიციელებმა ახალგაზრდა კაცი დააკავეს. ახალგაზრდა კაი ნაქეიფარი იყო და მღეროდა. მოდიოდა და მოიმღეროდა, როგორც ძველ ქართულ პოემებშია.

ამის გამო კაცის დაკავება საქართველოში, თუნდაც კომუნისტების დროს, საკვირველი ამბავია, რადგან ღამის ქუჩაში ხმაურისთვის, რომელიც, თუ დაუფიქრდებით, გულწრფელ სიმღერას მოგვაგონებს და უმრავლეს შემთხვევაში არის კიდეც სიმღერა, იმას ნიშნავს, რომ ნახევარი ქვეყანა დაიჭირო. მაშ, რაღა უნდა ექნათ ძველი დროის პოლიციელებს, როცა ამგვარ სიმღერას კივილიც ახლდა და ჰაერში სროლაც.

ჩანს, სასაზღვრო ქალაქის მილიციელები იმ საღამოს ხასიათზე ვერ იყვნენ. ანდა, რას გაუგებ.

მოკლედ, ახალგაზრდა კაცმა წინააღმდეგობა გასწია. არ იყო მთლად ისეთი ახალგაზრდა კაცი, ხელს რომ ჩაავლებ და წამოგყვება.

საბოლოოდ, ეს ამბავი, ციხედაც კი დაუჯდა, მაგრამ არ უნანია.

თუკი წინააღმდეგობას გასწევ, მოგხვდება კიდეც.

მილიციაში გასაოცარი ცემა იცოდნენ. ხელ-ფეხს კარგად ხმარობდნენ. ქართული მილიცია ამით ყოველთვის გამოირჩეოდა. აქა-იქ თუ შეგხვდებოდა კაცი, რომელიც გასართობად მაინც არ წამოგარტყამდა. ჰოდა, ამ ახალგაზრდა კაცსაც მოხვდა.

მილიციელებმა ისეთ ადგილებში ცემა იცოდნენ, რომ მერე ტუსაღს დალილავებული სხეული თავის სასარგებლოდ არ გამოეყენებინა.

მე ასეთ დღეში არ ჩავვარდნილვარ, მაგრამ იმ დროში ყოველი ბიჭი გეტყოდა, რომ განსაკუთრებით მწარე ფეხისგულებზე სკამის ფეხის რტყმაა.

ჰოდა, ამ ახალგაზრდა კაცსაც, როცა მილიციაში მიათრიეს და ერთ მოზრდილ მაგიდაზე პირქვე გააწვინეს, ფეხსაცმელები გახადეს და დასცხეს ფეხისგულებში. საბრალო, სიმწრისგან მაგიდის კიდეს ეჭიდებოდა და ღრიალებდა.

საკვირველია, მაგრამ სწორედ ამ დროს შეამჩნია მაგიდის კიდეზე პატარა თუჯის ფირფიტა. ფირფიტა ოვალური იყო და ზედ ეწერა: ალფრედ ნობელ კომპანი.

ახალგაზრდა კაცი არ იყო მთლად რიგითი ახალგაზრდა კაცი.

ეს წარწერა და მაგიდის ძველებური, განსაკუთრებული იერი მას სამუდამოდ დაამახსოვრდა.

იოლი ამოსაცნობი არ არის, რად იქცა მისთვის ეს მაგიდა, ანდა, რა განიცადა მან იმ დროს, როცა მილიციის ამ ოთახში ტანჯავდნენ.

მისი ცხოვრება კი შეიცვალა.

ამ ღამიდან ლამის ცამეტი წლის შემდეგ, ახალგაზრდა კაცი, რომელიც საერთოდ აღარ იყო ახალგაზრდა, მილიციის ამ განყოფილებაში მივიდა.

ამ დროს მილიციას საერთოდ აღარ ერქვა მილიცია, არამედ უკვე პოლიცია.

საბჭოთა კავშირი უკვე აღარ არსებობდა, საქართველო სამოქალქო ომში იყო გახვეული, მატარებელი თბილისიდან ბათუმში წასვლას თუ გაბედავდა, გზას სამ დღეს უნდებოდა, გზადაგზა კი ვაგონებში თოფიანი კაცები ამოხტებოდნენ ხოლმე და რაღაცებს ამტკიცებდნენ. მაშინ საქართველოში ხუმრობდნენ, პოლიცია ისეთი შეშინებულია, რომ მის ყველა ოფისს რკინის კარი აქვს შებმული და კარს კი საჭვრეტი ჭუჭრუტანა ამშვენებს, რადგან პოლიციელებს კარის პირდაპირ გაღების ეშინიათო. თავად მიყვებოდა ერთი მეთოფე, როგორც კი მოხალისეთა რაზმში ჩავეწერე და ავტომატი მივიღე, წამსვე ჩვენი უბნის პოლიციისკენ გავწიე, რათა წლების განმავლობაში ნაგროვები სიმწარე ერთ წუთში ამომეღო ჩემი ძველი მტანჯველების დამცირებითო.

ჰოდა, ახალგაზრდა კაცი პოლიციაში მივიდა.

მისმა მისვლამ გაოცებაც გამოიწვია და პატივისცემაც.

რა თქმა უნდა, ვერავინ იცნო. რამდენი ასეთი გაუსტუმრებიათ. ანდა, იმ პოლიციელთაგან ვინღა იქნებოდა დარჩენილი, მას რომ სცემდა?

ესეც არ იყოს და, ახალგაზრდა კაცს ვეღარც იცნობდი. ის წვერში ჭაღარაშეპარული მღვდელი იყო და ბათუმიდან კარგა მოშორებულ პროვინციაში მსახურებდა.

მღვდელი იმხანად მოულოდნელი, ახალი და პატივსაცემი პერსონაჟი იყო ხალხში. ყველაფერს რომ თავი დაანებო, თან ავტომატი არ ჰქონდა და მისი გამოჩენა მშვიდობას გულისხმობდა.

მღვდელი თავად პოლიციის უფროსმა მიიღო და მისგან სრულიად მოულოდნელი რამ მოისმინა. მღვდელს ოდესღაც პოლიციის ინვენტარში არსებული ერთი მაგიდა უნდოდა, რომელსაც სიამოვნებით იყიდდა.

მაგიდა იპოვეს. ერთ-ერთ ოთახში იდგა.

მღვდელმა წამსვე იცნო. ფირფიტაც ზედვე ჰქონდა და კიდევ უფრო შელახულიყო.

პოლიციამ ფული არ აიღო. მაგიდა გამოატანეს.

მღვდელმა მაგიდა წამოიღო და თავის სამრევლოში გამოსაჩენ ადგილას დადგა.

ხომ ვამბობ, არ ვიცი, რას ნიშნავდა მისთვის ის მაგიდა. ეგებ რაღაც დიდის დასაწყისი იყო მის გულში. ანდა შემობრუნების სრულიად მოულოდნელი წერტილი, რომელიც ვერ დაივიწყა.

მე კი ამ ამბავში იმანაც წამიღო, რომ მაგიდა ალფრედ ნობელის კომპანიისა იყო.

თავად ალფრედ ნობელი არასოდეს ყოფილა ბათუმში, მაგრამ მისი კომპანიის ფილიალი ბაქოდან სწორედ აქეთ ეზიდებოდა ნავთობს და ბათუმის ნავსადგურიდან გაჰქონდა ევროპაში. ძმებ ნობელებს მშვენიერი ოფისი ჰქონდათ ბათუმში და ასევე მუდმივად თანამდევი წინააღმდეგობა ბათუმის მერთან, რომელიც, თავის მხრივ, საუცხოო კაცი იყო, მაგრამ ქალაქისთვის იმაზე მეტი უნდოდა, ვიდრე ნობელები გაიღებდნენ.

ეს გზა ძველი აბრეშუმის გზის გაგრძელება იყო. უფრო სწორად, მისი აღდგენილი სურათი, ოღონდ აბრეშუმი ნავთობმა შეცვალა.

არ ვიცი, რამდენად წარმოუდგა თვალწინ იმ ახალგაზრდა კაცს მთელი ეს სურათი, როცა ფეხისგულებში სცემდნენ, მაგრამ ნობელების საოფისე მაგიდიდან შესაძლოა საბჭოთა ისტორიის ერთი მოზრდილი სამყარო გამოიზარდოს.

ნივთები, რომლებიც მოგზაურობდნენ მას შემდეგ, რაც ყველაფერი დაინგრა.

ბევრმა მათგანმა ვერ გაუძლო დროს. განსაკუთრებით ჩვეულებრივმა ნივთებმა. ანტიკვარიატს უვლიდნენ. იაფად ყიდდნენ, ინახავდნენ, იპარავდნენ. ჩვეულებრივი ნივთები კი… არადა, გადარჩენილნი მოგზაურობდნენ.

ნობელების მაგიდა შორს არ წასულა, იმავე ქალაქში დარჩა და სრულიად მოულოდნელად გამოიღვიძა. საოცარია: კაცს დაეხმარა.

მგონი, ამ წარწერით ფირფიტაზე რომ იყო, ის რაღაც სამყაროს მისწვდა. იცოდა ამ სამყაროს არსებობა, მაგრამ ახლოს არასდროს ენახა. არასდროს შეხებოდა. სამყაროში სული აღმოჩნდა…

მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედში, რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ, მაშინ, როცა ბათუმში რუსული ადმინისტრაცია და ჯარი ჩადგა, ქალაქისკენ ქართულმა თეატრალურმა დასმა გასწია.

უცნაურობა ის იყო, რომ მთელს უკანასკნელ საუკუნეს, ბათუმსა და სხვა ქართულ ქალაქებს შორის გზა არ არსებოდა. იყო მხოლოდ ბილიკები, რომლებზეც განთქმული ყაჩაღები გაიელვებდნენ და, კიდევ სხვანიც, ადამიანებით მოვაჭრეები, იმ დროში ბათუმელთა ენაზე გოთაულები რომ ერქვათ.

ეს უგზოობა ეგებ უცნაური კი იყო, მაგრამ გასაგები.

საქართველოს სხვა ქალაქები რუსეთის იმპერიისა იყო, ხოლო ბათუმი – ოსმალეთის იმპერიისა. იქაურობას გამუსლიმებული ქართველი ბეგები განაგებდნენ.

დასი კი ბათუმში გემით მივიდა სხვა ქართული ქალაქიდან, ფოთიდან და კომედიის თანამდევი დიდი ხალისიც ჩაიტანა. მსახიობები იმას ცდილობდნენ, რომ მიწვევებსა და ქეიფებს შორის როგორმე სპექტაკლიც ჩაეტენათ და სცენაზე შეძლებისდაგვარად ფხიზლები ყოფილიყვნენ.

ამ დროს ბათუმი უკვე პორტო ფრანკო იყო, ხოლო თეატრალური მოგზაურობიდან ოცი წლის თავზე ქალაქის ნავსადგურში რკინიგზას ნავთობი ჩაჰქონდა. ეს იყო სწრაფად მზარდი ქალაქი, რომლის გეგმარებასაც ნიუ იორკისას მიამსგავსებდი.

სწორედ ამ ხანებში გამოჩნდა აქ ახალგაზრდა სოსო ჯუღაშვილი.

სადაც მუშები და ნავსადგურია, რევოლუციონერიც იქ უნდა იყოს.

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დღესაც დგას სტალინური არქიტექტურის მამის, შჩუსევის ნაგები შენობა, რომელშიც კომუნისტურ ეპოქაში მარქსის, ენგელსის, ლენინისა და სტალინის მკვლევი ინსტიტუტი საქმიანობდა, სამოქალქო ომის შემდგომ კი ერთხანს საქართველოს პარლამენტიც იკრიბებოდა, რადგან პარლამენტის შენობა გადამწვარი იყო. ამ შენობას სწორედ დამოუკიდებლობის პირველივე ხანებში მოანგრიეს კომუნიზმის ბელადთა ფრაზები და პროლეტართა და კოლმეურნეთა ქანდაკებები, მის სხდომათა დარბაზში კი მთელს კედელზე გადაჭიმული უზარმაზარი კომუნისტური ფრესკა გადაღებეს: ახალგაზრდა სტალინს დემონსტრაციაზე გამოჰყავს ბათუმელი მუშები.

ეს ფრესკა ასე მახსოვს:

სტალინს კუბოკრული შარფი ეკეთა. იყო გამხდარი, გაუპარსავი და საერთოდ, რომაელთაგან დევნილ ქრისტიანს ჰგავდა. იქვე ეგდო კალათი, რომელიც ალბათ მრბეველმა კაზაკებმა გააგდებინეს ხელიდან საბრალო ქალს. მოკლედ, იქ რბევა იყო. მართლაც, სინამდვილეში. სისხლიანი რბევა. 1902 წლის მარტის პირველ რიცხვებში. სტალინმა დაუყვირა დემონსტრანტებს:

– ჯარისკაცები არ გვესვრიან. მათი უფროსების ნუ შეგეშინდებათ. პირდაპირ თავში ურტყით…

კიდეც ესროლეს და კიდეც დახოცეს.

მარქსის, ენგელსის, ლენინის და სტალინის ინსტიტუტში ახლა ოტელ კემპინსკია. კემპინსკი და ბათუმის დემონსტრაცია: ასე იცის საბჭოთა კედლებში შესვლამ.

ბათუმი, ეს ქალაქი და ეს დემონსტრაცია იყო შანსი მიხაილ ბულგაკოვისთვის, რომ როგორმე თავი დაეღწია იმ აკრძალვებისა და შეზღუდვებისთვის 30-იან წლებში რომ ერტყა გარს და ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევდა.

თავის მხრივ, სტალინსაც უნდოდა, რომ ბულგაკოვს რაიმე დაეწერა მასზე. სტალინს მოსწონდა და სჭირდებოდა ასეთი რამეები.

ბულგაკოვმა დაწერა პიესა ამ დემონსტრაციის შესახებ. მას თავიდან მოძღვარიც კი ერქვა, არგონავტებიც, შტურმანიც და ასე, დაუსრულებლად, საბოლოოდ კი ბათუმი დაერქვა.

ეს იყო ბულგაკოვის უკანასკნელი დასრულებული ნაწარმოები.

საქმე კი ის არის, რომ მხატის თეატრმა პიესა ჯერ დაუკვეთა, მერე მოუწონა, მერე კი ბათუმშიც მიავლინა ბულგაკოვი, დადგმისთვის საჭირო მასალის სახილველად. მაგრამ მატარებელი მოსკოვს ხეირიანად არც გასცილებოდა, რომ კუპეში დეპეშა შემოიტანეს, წასვლა საჭირო აღარ არისო. პიესა არ დადგმულა. ის არც გამოცემულა 1977 წლამდე. აშკარაა, რომ სტალინს სხვანაირად წარმოედგინა საკუთარი თავი ბულგაკოვის კალამქვეშ. უფრო სწორად, მას არანაირი რომანტიკა და რევოლუციონერობა არ უნდოდა. მას უნდოდა ქორალი ღმერთის შესახებ.

ბულგაკოვი მალევე გარდაიცვალა, სტალინი კი მაინც უტრიალებდა ბათუმს.

ამბობენ, რომ სწორედ მან მოისურვა ბათუმის დღესაც ლეგენდარული სასტუმროს, ინტურისტის მშენებლობა.

ბათუმის ბულვარის ბოლოში მდებარე, ფანჯრებითა და აივნებით ზღვისკენ მაცქერალი ეს სასტუმრო, ალბათ ერთ-ერთი მოულოდნელი ნაგებობაა ქვეყანაზე.

სამწუხაროდ, მისი მხოლოდ ნახევარი ააშენეს: შუა ნაწილი და ცალი ფრთა. მეორე ფრთა არ არსებობს.

მიზეზი უბრალო ყოფილა: სტალინს ფიქრად ჰქონია, რომ ამ სასტუმროში მოკავშირეთა შეხვედრა გაემართა. მერე კი ეს შეხვედრა იალტაში შედგა. ამიტომ, მშენებლობა შეწყვიტეს. ომი იყო, საქმე კი ხარჯიანი გახლდათ.

არ ვიცი, რამდენად ნამდვილია ეს ლეგენდა, მაგრამ მოხდენილი კია.

ჭეშმარიტად საბჭოთა ამბავია.

ინტურისტი კი საუცხოო სასტუმროა. სამწუხაროდ, იქ ჩერჩილისა და რუზველტის აჩრდილებს ვეღარ შეხვდებით, მაგრამ ისიც შეღავათია, რომ იქ არც სტალინის აჩრდილია.

ბათუმი, როგორც საბჭოთა საპორტო ქალაქი, რა თქმა უნდა, სრულიად განსაკუთრებული სულის ქალაქად ჩამოყალიბდა.

საბჭოთა პორტში, თან სასაზღვრო ქალაქში, ყოველთვის ბევრი უშიშროების მუშაკია, მაგრამ ეს სამხრეთია, სამხრეთს კი მკვეთრი ფორმები მაშინ გამოუჩნდება ხოლმე, როცა კაცები ხმლებს იძრობენ. მანამდე აქ ყველაფერი გლუვია და მორბილებული.

თუ იმასაც დავუმატებთ, რომ მზე, ზღვა და მოულოდნელი წვიმა აქაურ ურთიერთობებს დამატებით ფორმებსაც ანიჭებს, ცხადი შეიქნება, რომ ამ ქალაქს, მაინცდამაინც არ ეტყობოდა რომელ ქვეყანაში ცხოვრობდა და სუნთქავდა.

ნავსადგური დიდი რამეა. ამიტომ აქაურებმა პირველებმა მოსწიეს ქემელი, პირველებმა დაღეჭეს რეზინი და პირველებმა გაუსინჯეს გემო ვისკის.

კომუნისტური მმართველობის ბოლო ათწლეულებში ბათუმი ნუგბარი კონტრაბანდის ნამდვილი საუფლო იყო. თავად ვყოფილვარ ერთ განთქმულ ეზოში, სადაც მშობლებს შვილები დაჰყავდათ საჩუქრებისა და ტკბილეულისთვის. ეს მოულოდნელი ადგილი იყო: ხნიერი, სიტყვაძვირი ქალები მანამდე უნახავ საგნებს გამოაძვრენდნენ ხოლმე საიდანღაც.

ამ ეზოში კულტურათა და ყოფათა წარმოუდგენელ ნაზავს აღმოაჩენდა კაცი. ის თითქოს დროის გარეშე არსებოდა და თან ძალიან მოქმედიც იყო, რადგან მეზღვაურთაგან მიღებული კონტრაბანდა მუდმივი მოქმედების და ხიფათის შეგრძნებას იწვევდა.

რაღაც, სტამბოლის გრანდიოზული სიწყნარისა, რაღაც საქართველოს ღვინით გაჯერებული გამკრთალი ღიმილისა, რაღაც რუსული სისადავისა.

და კიდევ, მსოფლიოს ნაკუწები.

ყველაფერი ერთად იყო ამ უბრალო, რიგით ეზოში, სადაც კონტრაბანდული სიგარეტით და ჯინსის შარვლებით ვაჭრობდნენ. და სხვაგან რაღა იქნებოდა?

მგონი, შუა საუკუნეებშიც ასე იყო.

აბრეშუმი.

აქ აბრეშუმი მოდიოდა. ამოისუნთქავდა და ზღვით აგრძელებდა გზას.

აბრეშუმზე ნადირობამ მოიყვანა ამ ადგილებში ბურგუნდიელი რაინდი ჟოფრეი დე ტუასი.

ოჰ, ეს იყო მეთხუთმეტე საუკუნეში.

დე ტუასი, თავისი ფლოტილიით ჯერ როდოსს იყო ჰოსპიტალიერთა დასახმარებლად, რათა ეგვიპტელი მამელუქები ეძარცვა და ეჟლიტა, მერე კი ბიზანტიის იმპერიის სიკვდილის კვირაძალს, ბიზანტიელთა მიწვევა მიიღო ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში დასახმარებლად. ასე მოხვდა ის შავ ზღვაში და მურად მეორესთან წარუმატებელი ომის შემდეგ გამოუყვა შავი ზღვის სამხრეთ ნაპირს და ფლოტილიის მეკობრეობით და ტყვეთა აყვანით რჩენას შეუდგა. ტრაპეზუნდამდე მოსული, იქაურმა იმპერატორმა იოანე კომნინმა ტკბილად მიიღო, თუმცა შემდგომი განზრახვა აღარ მოუწონა.

დე ტუასი საქართველოს ნაპირებთან დარაჯობას აპირებდა, რათა აბრეშუმით დატვირთული გემები ჩაეგდო ხელთ. იმპერატორმა მას უთხრა, რომ ქართველები ქრისტიანები არიან და მათი ძარცვა არასწორია. თუმცა, დე ტუასიმ არც იმპერატორის მართლმადიდებლობა ჩააგდო რამედ და არც ქართველებისა: კათოლიკე იყო და მისთვის ესენი მწვალებლები იყვნენ.

დანარჩენი ისტორია ცოტა რთული იყო: დე ტუასი თავისი გემებით ბათუმს მოადგა და გადმოსხდომა დაიწყო.

ასე, გარეგნულად ადგილიც მოსწონდა. მან არ იცოდა, რომ ნაპირზე საფარი ელოდა. ტრაპეზუნდის სასაზღვრო ქართული პროვინციის, გურიის მთავარმა მამია გურიელმა დე ტუასი და მისი ბურგუნდიელები ელვისებური შეტევით დააბნია და ტყვედ აიყვანა.

ჩანს, დე ტუასიმ მაინც არ იცოდა აქაური ადათები. იოანე კომნინს გურიელი გაეფრთხილებინა. დე ტუასი ნადავლის ხელში ჩაგდებას ლამობდა, ნადავლი კი თავად აღმოჩნდა. საფარი არ იყო ჩვეულებრივი: დე ტუასი და მისიანები მიპარვით არ აუყვანიათ, მეტიც დამხვდურები ღიად წამოიშალნენ და კივილით შეუტიეს, ისე რომ ბურგუნდიელებმა იარაღი ვერც კი გამართეს.

ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რამდენს მოსთხოვდა მამია გურიელი ფილიპე მესამე ლამაზს, რომლის ვასალიც გახლდათ დე ტუასი, ანდა როგორ გაუგზავნიდა მას წერილს, მაგრამ საქმე ისევ იოანე კომნინის მეშვეობით მოგვარდა, გურიელმა დე ტუასი შეიცოდა და გაუშვა, ამ უკანასკნელმა კი ყირიმის გენუისკენ, კაფასკენ გაცურა.

ეს შუა საუკუნეების ჩვეულებრივი ისტორია იქნებოდა, რომ არა ერთი განსაკუთრებული მომენტი. ტყვედ მყოფი ბურგუნდიელები გალოთდნენ და ღვინის გამუდმებული სმა ვეღარასდროს მოიშალეს. ამის შესახებ ბურგუნდიულ ქრონიკებში წერია. მოდგმანი დაიღუპნენ, იმდენს სვამდნენ დაბრუნების შემდეგო. ბურგუნდიელს რომ ღვინო გაუკვირდება, თავისთავად საკვირველი ამბავია, მაგრამ ჩანს, აბრეშუმზე მონადირეებმა მაინც სრულად ვერ განსაზღვრეს, თუ სად მოხვდნენ ტყვეობაში და მაშინაც ისეთივე განსხვავება იყო ევროპულ და ქართულ ღვინის სმის სტილებს შორის, როგორიც დღესაა.

ქართველებისთვის ღვინო იმდენად თანმდევი, იმდენად პირველი მნიშვნელობის საგანი იყო, იმგვარი ფორმებით მოიხმარებოდა და იმგვარი ოდენობით, რომ ბურგუნდიელები მას ვეღარ მოერივნენ. სტილი კი თან გაჰყვათ. ტყვეობაში შეიძლება შიმშილით მოკვდე, მაგრამ გალოთდე? ასეთი იყო ბათუმი მეთხუთმეტე საუკუნეში.

ისე კი, იმ მამელუქების ნახევარი მაინც, ვისაც როდოსიდან ებრძოდა ჟოფრეი დე ტუასი ქართველები იყვნენ. ეს მოულოდნელი ამბავი სულაც არ არის.

ბათუმის ტყვეთა ბაზარი. აი, შემდგომი ისტორია. ოსმალთა ხელში ამ ადგილის გადასვლის შემდეგ, ბათუმი და მოტაცებული ადამიანები ორი განუყოფელი რამ არის.

მგონი, უკანასკნელი ტყვეთა მსყიდველი 1814 წელს დაიჭირეს. დაიჭირეს და დამთავრდა. ეს ისტორია ამით ამოიწურა. ისე კი, ეს გულსაკლავი, მხეცური, მაგრამ რაღაცნაირი თავისუფლებით შემოსილი ისტორია იყო, ვინაიდან ქართველ მამელუქთა რაობაზე ბოლოს ნაპოლეონიც კი წერდა. მამელუქები, იანიჩარები… ცოლები, მხევლები…

ტყვეობა და თავისუფლება. ბათუმი კვლავ საზღვარი იყო. თითქოს ჩვეულებრივი.

საქართველოდან ტყვეთა გაყვანის რამდენიმე გზა არსებობდა.

ბათუმი ტყვეებით მოვაჭრეთათვის უკვე სამშვიდობოს ნიშნავდა, რადგან თუ თავიდან არა, მერე და მერე ეს საქმე კრიმინალად ითვლებოდა მეფეთა საგანგებო კანონებით. და მაინც, ეს აყვავებული ბიზნესი იყო. აქაური ტყვეთა სყიდვის მასშტაბები ისეთი იყო, რომ ევროპულ ქრონიკებსაც აღწევდა. ქრონიკებს აქეთაც, ცნობარებში ჩარჩენილია ფრაზა: ისინი ქრისტიანებს ურჯულოებზე ყიდიან.

რაც ბათუმის სანაპიროზე ტყვეს გაუვლია… მოტაცებულნი აუცილებლად ბავშვები არ იყვნენ. არც მოზარდები. ზრდასრული კაცები, რომლებიც მოიტაცეს, ანდა საკუთარმა ბატონმა გაყიდა. განსხვავება ფეოდალიზმის ევროპულ აგებულებას, ვასალიტეტს, გლეხთა მორჩილების პრინციპსა და ისლამურ წყობას შორის, მოულოდნელად ატრიალებდა ადამიანთა ბედს.

ახალგაზრდა კაცი, რომელიც პირდაპირ ყანიდან მოიტაცეს, მთელი ცხოვრება გლეხი უნდა ყოფილიყო, ის კი ბაღდადის გამგებელი გახდა. მეორე ახალგაზრდა კაცს დამასკო ეპყრა, მესამე სტამბოლში ტრიალებდა სულთნის კარზე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე… გენერლებს, პოლკოვნიკებს და კაპიტნებს არც ვახსენებ, აზრი არა აქვს.

ისინი წერილებს წერდნენ მშობლებს, ვენახის ამბავს კითხულობდნენ, ქართველ მეფეებს სთხოვდნენ, მათი ოჯახებისთვის ყურადღება მიექციათ. ათას ერთი ღამის ამბავი თუ იყო. მალე ხალხი ახალაღმოჩენილი ამერიკისკენ დაიწყებდა დენას ბედის საძიებლად. აქ კი ადამიანებს იტაცებდნენ, რათა მათ ბედი ეპოვნათ.

მართალია ფასი დიდი იყო: რელიგია.

ერთ ძველ ქართულ რომანში, უფლისწულმა რომ დაწერა, ტყვეთა დამცინავი გამყიდველი ამბობს, მე ამ ხალხს შანსს ვაძლევო.

ვისაც ეს შანსი არ უნდოდა, გარბოდა. მაგრამ ამ საქმეშიც უკანმოუხედავობა იყო: გაქცეული შინ არასდროს ბრუნდებოდა.

შუა საუკუნეების გზები ხომ ასე განსხვავდება დღევანდელისგან. გაქცეულთა უმრავლესობა, სწორედ იმ იდუმალი ბილიკებით მოარული ყაჩაღი ხდებოდა, ბათუმს რომ აქეთა საქართველოსთან აბამდა. უმცირესი ნაწილი კი ახერხებდა უკეთესი გზის პოვნას და ბედს მარტო ეძიებდა ოსმალეთის ქალაქებში: ახალი ოჯახი, ახალი საქმე, ახალი ენა, ახალი რწმენა. ეს უზარმაზარი და უხილავი ისტორიაა, რადგან მასში უსახელო მილიონები მონაწილეობდნენ. ყველაზე ცნობილი ქართველი ყაჩაღები თავს სწორედ ოსმალოს საქართველოს აფარებდნენ. ასე უწოდებდნენ ქართველები იმ ქართულ პროვინციებს, რომლებსაც უკვე სულთნის ფაშები მართავდნენ. მერე ისტორია შემობრუნდა: ამ პროვინციებს რუსეთი მიადგა. მერე სურათი კვლავ შეიცვალა.

ბათუმიც, ცხადია მოჰყვა ამ ამბავში, მაგრამ უამრავ, დღეს დავიწყებული სოფლისა თუ ქალაქისგან განსხვავებით, მისი ისტორია მხოლოდ პოლიტიკაში დარჩენილი ნავსადგურით არ შემოფარგლულა.

ალბათ იმიტომ, რომ ასეთი ადგილებისთვის ისტორიას და წარსულს არც აქვს მნიშვნელობა.

იმისათვის, რაც მარადიულია, ისტორია არ არის გადამწყვეტი. საუკუნეთა თვლასაც აზრი არ აქვს. ოცი, ოცდასამი… დიდად არც არქეოლოგიურ გათხრებს, არც ქალაქის სიდიდეს. ის იმხელა არასდროს იქნება, რომ ვინმე შეაწუხოს. იქ ყოველთვის იქნება ეკლესიები, მეჩეთები და სინაგოგები და ყოველთვის ილაპარაკებენ იმ უცნაური ინტონაციით, მხოლოდ სანავსადგურო ქალაქში რომ გაიგონებთ და იქ ყოველთვის იქნება უამრავი ხალხი, ზღვის ქვიანი ნაპირი ყოველთვის სავსე იქნება, იმის მიუხედავად, რომ ამ ქალაქში მოულოდნელი წვიმა იცის.

რა არის მარადისობა ქალაქისთვის?

ალბათ ყოველ ქალაქს, ამ საუნჯეს რომ ფლობს, თავისებურად მიუღია ის. რაღაც მიზეზით, ან რაღაც მიზნით. და, იმას, რაც მიუღია ყველანაირი გამოცდისთვის გაუძლია.

არავინ იცის, იფიქრეს თუ არა იმ სახელდაკარგულმა კაცებმა ამის შესახებ, როცა სწორედ ამ ყურედან შეაცურეს ნავი ზღვაში და მერე ნაპირს წამომდგარ მთებს გამოხედეს. ეგებ არც შეაცურეს და მხოლოდ მოცურდნენ აქ, რადგან მოხერხებული საყუდარი იყო? ამას ვერავინ იტყვის. მათ ალბათ არც უფიქრიათ იმის შესახებ, რომ წერტილი, რომელიც ზღვის პირას იპოვეს, მარადიული იქნებოდა.

რატომ თუნდაც ათი მილის მოშორებით არ გაეჩვივნენ მისვლა-მოსვლას? ალბათ ეს იყო ადგილი, რომელმაც ადამიანები მიიჩვია, მათ საჭიროებას საუკეთესოდ მოერგო.

მაგრამ ეს საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ამდენ საუკუნეს გაუძლო, იყო პატარა, ზოგჯერ მშვიდი, ზოგჯერ კი შტორმებით მსუნთქავი, სხვადასხვა ენებზე მოლაპარაკე, სხვადასხვა ნაფეხურის მიმღები შენ მკერდზე და თან სულ ცოცხალი იყო.

მგონი, იყო სხვაც, რაც ამ ადგილს აცოცხლებდა: ეს ადგილი ადამიანებს რაღაცის გადალახვის საშუალებას აძლევდა.

ეს იყო ზოგჯერ ხილული, ზოგჯერ კი უხილავი რამ, ერთგვარი ფრონტირი არა მხოლოდ იმპერიებს, არამედ უბრალოდ ადამიანში არსებულ სამყაროებს შორის.

არაფერი განსაკუთრებული ამ ქალაქს საუკუნეთა განმავლობაში არ ჰქონდა. ციხესიმაგრე, გარნიზონები, ზღვა, ამინდი. სად არ მდგარა რომაული ციხესიმაგრე?

ამ ქალაქს ჰქონდა წერტილი: გადალახვის, თუ შემობრუნების, თუ ცვლილების, ან კიდევ რაღაც უფრო დიდის და მნიშვნელოვანის, რაც ადამიანთა სულსა და ცხოვრებაზე იმოქმედებდა.

ამიტომ, ის მარადი იყო და მარადიც არის.

ამიტომაცაა, რომ ის არ არის მხოლოდ ტურისტული ადგილი, ანდა პლაჟი, სადაც ზაფხულობით ათასები წვანან მზის გულზე.

მოულოდნელი წვიმები, თითქოს ახსენებს ამ გარუჯვის მოყვარულებს: მე მხოლოდ ეს არ ვარ. მე მხოლოდ ჭყუმპალაობა და ცივი ლუდი არ გახლავარ, საერთოდ არ ვიცი, რა არის ეგ ცივი ლუდი, მე მარადისობა ვარ და ერთ დღეს ეგებ კვლავაც იმისთვის ვიყო საჭირო, რისთვისაც ყოველთვის ვიყავი. მე არც უბრალოდ ნავთობის მილების გამტარი ვარ, არც მხოლოდ აბრეშუმის ჭიით დატვირთული ნავებისა. ესენი იმდენად იყვნენ აქ, რამდენადაც სხვა ათასი შემეძლო… მგონი, ასე ლაპარაკობს ბათუმი დღეს.

იცით რა არის ბათუმში ყველაზე კარგი?

შუა ზაფხულში, ადრიან დილით, მისი უკიდურესი სამხრეთიდან უნდა გამოჰყვე ზღვის ნაპირს. ამ დროს ქალაქის განაპირას მოხალისე მეთევზეების ნავები უბრუნდებიან ნაპირს და ბადეებში ვერცხლისფრად მოციმციმე თევზები თრთიან; ჯერ არ იცი, მზე გამოანათებს, თუ წვიმა წამოვა. შეიძლება, ორივე ერთად დაეტიოს ცაზე; ზღვა წყნარია: იქეთ, ჩრდილოეთისკენ გემი ირწევა. ვერც გაარჩევ, რამხელაა და ვისი, შენ კი ნელ-ნელა შედიხარ ქალაქში, ისე, რომ საზღვარს ვერც დაიჭერ. აუცილებლად გამოგეპარება.

ამ დროს გარშემო ალბათ ყველაფერი ისეთია, როგორიც ოდესღაც იყო. სახლები, პალმები, ზღვისპირა გრძელი სკამები თითქოს დახატულია და სინამდვილეში არც არსებობს.

საუკეთესო, რაც გესმის, ზღვის ფრთხილი ხმა და თოლიების ყრუ ძახილია. იქეთ კი მთელი სამყაროა: გაქცევის, გადარჩენის, ცვლილებისა და აღმოჩენის უზარმაზარი ტერიტორია: თუ რა თქმა უნდა, ზღვაში შეაბიჯებ.

__________________________

დაწერილია გერმანული ალმანახისთვის ოდესა ტრანსფერ, ტაშენბუხი, 2009 წ. ქართულ ენაზე ქვეყნდება პირველად. 

ფოტოზე: აკა მორჩილაძე. ფოტო „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი 

მოქალაქე: სახელმწიფომ გონიოში მიწა მოგვცა, მაგრამ ახლა უკან გვართმევს

„სახელმწიფოსგან მოცემულ მიწას ისევ სახელმწიფო არ გვისაკუთრებს…“ – ამბობს გონიოში მცხოვრები ლადო მჟავანაძე. საუბარია მიწის ნაკვეთებზე, რომლებიც 30-მდე ოჯახს და, მათ შორის, ლადო მჟავანაძეს, გონიოს ციტრუსის მეურნეობამ 90-იან წლებში სარგებლობაში გადასცა. ამ მიწებზე გონიოელებს ძირითადად ბოსტნები ჰქონდათ მოწყობილი, ასევე ბოსლები, რომლებიც 2012 წელს ბათუმის მერიამ იძულებით დაანგრია.

ლადო მჟავანაძე სასამართლოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მიწის კომისიის წინააღმდეგ დავობს, რადგან მას მეურნეობის მიერ გადაცემული მიწის საკუთრების აღიარებაზე 2017 წელს უარი უთხრა. მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ  სარჩელი არ დააკმაყოფილა, თუმცა ჯერ უცნობია, რა მოტივით. ლადო მჟავანაძე სასამართლო დავის გაგრძელებას აპირებს.

„ეს მიწებს გონიოლებს მოგვცა ციტრუსის მეურნეობის დირექტორმა, კირილე ბერიძემ, ოფიციალურად გაფორმდა აქტები… ჭაობი იყო, ამოვაშრეთ და ბოსტნები მოვაწყვეთ, ბოსელიც მქონდა, რომელიც 2012 წელს დამინგრიეს,“ – გვიყვება ლადო მჟავანაძე. ის, და კიდევ 30 ოჯახი, მეურნეობისგან გადაცემულ მიწებს ამ დრომდე იყენებენ, თუმცა მიწის აღიარების კომისია მათ საკუთრებაში გადაცემაზე უარს ამბობს.

„სახელმწიფომ ერთი ხელით მოქალაქეებს გადასცა მიწის ნაკვეთი, მეორე ხელით კი იმავე მიწის ნაკვეთები აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება გახადა, ეს არის ორმაგი სტანდარტი,“ – მიიჩნევს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი. ეს ორგანიზაცია სასამართლოში ლადო მჟავანაძის ინტერესებს იცავს.

ლადო მჟავანაძეს მიწის საკუთრების აღიარების კომისიამ საკუთრების აღიარებაზე უარი იმ მოტივით უთხრა, რომ მიწა, რომლის ფართობიც 397 კვადრატული მეტრია, უკვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრება იყო და ამ კატეგორიის მიწების აღიარებას მუნიციპალიტეტის კომისია არ ადგენს. მოქალაქე სასამართლოში ითხოვდა, რომ მიწის კომისიას ხელახლა შეესწავლა მისი საკითხი.

„კანონში არსად არაა აკრძალული ის, რომ საკუთრების უფლების აღიარების კომისიას არ შეუძლია იმ მიწის ნაკვეთების საკუთრების აღიარება, რომელიც აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ეკუთვნის… მით უმეტეს, აქ სადავოდ არავის გაუხდია ის ფაქტი, რომ ეს მიწები მოქალაქეებს მეურნეობამ კანონიერად გადასცა. ამ მიწის ნაკვეთებს დღემდე იყენებენ მოქალაქეები 20-30 წელი და პრეტენზია არავის გამოუხატავს,“ – ამბობს ანა ბერძენიშვილი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი.

მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ მუნიციპალიტეტების დონეზე შექმნილი საკუთრების უფლების აღიარების კომისიების გარდა არ არსებობს სხვა ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც კონკრეტულად ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხს განიხილავს. შესაბამისად, ლადო მჟავანაძე და „გამჭვირვალობა საქართველოც“ ახლა მოსამართლისგან ელიან განმარტებას – სად უნდა იპოვონ სამართალი მოქალაქეებმა.

ანა ბერძენიშვილის თქმით, სასამართლო პროცესებზე სახელმწიფომ ვერ წარმოადგინა დასაბუთება – როგორ შეიძლება ერთი და იმავე მიწის ნაკვეთი მოქალაქეებს გადასცე [მეურნეობაც იმ პერიოდში სახელმწიფოს საკუთრება იყო], შემდეგ იგი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახადეს და ბოლოს – ავტონომიური რესპუბლიკის.

„გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ანა ბერძენიშვილი საუბრობს არაერთგვაროვან პრაქტიკაზე, მათ შორის, სასამართლო ხელისუფლებაში.

„მსგავსი დავა იყო ქობულეთშიც, როცა მოქალაქე ნატო ზაქარაძე ითხოვდა ავტონომიური რესპუბლიკისთვის გადაცემული მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემას. სასამართლოსაც აქვს ამ მიმართულებით განსხვავებული პრაქტიკა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში უზენაესმა სასამართლომ თქვა, რომ მიწის კომისიას ხელახლა უნდა შეესწავლა საკითხი. ქობულეთის მიწის აღიარების კომისიამ მოქალაქისთვის მიწის საკუთრებაში გადაცემაზე ისევ უარი თქვა, თუმცა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში არსებულმა ზედდების კომისიამ კორექტირება გააკეთა და რეესტრმა ნატო ზაქარაძეს საკუთრება დაურეგისტრირა. ეს არის არაერთგვაროვანი მიდგომა,“ – უთხრა ანა ბერძენიშვილმა „ბათუმელებს“.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ იურისტი ყურადღებას ამახვილებს „განსხვავებულ მიდგომაზეც“ – მაგალითად, იმავე გონიოს დასახლებაში, სადაც ადამიანებმა სარგებლობაში მიწის ნაკვეთები გონიოს მეურნეობისგან მიიღეს, მაგრამ არ უკანონებენ, მიწის რეგისტრაცია შოთა მიქელაძემ შეძლო. მას მეურნეობის მიერ მისთვის გადაცემულ მიწის ნაკვეთზე საცხოვრებელი სახლიც ჰქონდა.

იურისტი ანა ბერძენიშვილი არ გამორიცხავს იმასაც, რომ ორგანიზაციამ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს, თუკი მოქალაქეების კანონიერი უფლებების დაცვა საერთო სასამართლოებში ვერ მოხერხდება.

“ბოტების ქარხანა” – აჭარის მთავრობის სახლზე ფლაერები გააკრეს

“ტროლები გაიფაქტნენ”, “ტროლი ბიძინა – ბოტი ქოცი”, “თორნიკე რიჟვაძე – ბიძინას პინგვინი” – ამ შინაარსის ტრანსპარანტებით მივიდნენ დღეს, 2 მარტს, აჭარის მთავრობის სახლის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრები და საპროტესტო აქცია გამართეს.

“ეს პატარა ბოტები მოვუტანეთ თორნიკე რიჟვაძეს, ნიშნად იმისა, რომ ის არის ივანიშვილის პატარა ბოტი და დღეს ნაცვლად იმისა, რომ ფულს ხარჯავდნენ მოშიმშილე ბავშვების გამოსაკვებად, დღეს ისინი ხელფასს უხდიან ამ ბოტებს შავი პიარის გასაკეთებლად და ამით ებრძვიან თავისუფალ სიტყვას,” – თქვა აქციის მიზანზე საუბრისას “ალტერნატივას” წევრმა ხათუნა ბერიძემ.

“ალტერნატივას” აქცია აჭარის მთავრობის სახლის წინ
“ბოტების სააგენტო” – ამ შინაარსის ფლაერი აჭარის მთავრობის სახლის აბრაზეც გააკრეს, რომელიც მოგვიანებით დაცვამ ჩამოხია

25 თებერვალს, მაშინ, როცა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “სვოტ ანალიზში” იყო  მიწვეული, ჟურნალისტებს ფეისბუქჩატში აჭარის მთავრობის პრესსამსახურის თანამშრომელმა შემთხვევით შეტყობინება ჩაუგდო. შეტყობინების შინაარსის მიხედვით, პრესსამსახურის „ჩვენიანებს“ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში თორნიკე რიჟვაძის ლაივზე „საბრძოლველად“ ანუ კომენტარების დასაწერად მობილიზებას სთხოვდა.

28 თებერვალს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფაქტზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ „მხარდამჭერების მობილიზება არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ ვებრძოლოთ დეზინფორმაციას, ვებრძოლოთ ნაცბოტებს და ნაცტროლებს. არავის მივცემთ საშუალებას, ამ ბოტებით და ტროლებით შემოგვიტიოს”.

ლაიქების ომი და მობილიზაციის დროს დაშვებული შეცდომები მთავრობაში

 

 

პარლამენტარ ანზორ ბოლქვაძისა და მისი ოჯახის არადეკლარირებული ქონება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ხულოს, შუახევისა და ქედის მაჟორიტარი დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის დეკლარაცია, მისი ოჯახის წევრების ქონება და სამეწარმეო საქმიანობა გამოიკვლია.

ანზორ ბოლქვაძე 12 წელია პარლამენტის წევრია. 2008 და 2012 წლების მოწვევის პარლამენტში მაჟორიტარი „ნაციონალური მოძრაობიდან” გახდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს, ხელისუფლების ცვლილებიდან მალევე, ყოფილი მმართველი პარტიის რიგები დატოვა, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ისევ მაჟორიტარად იყარა კენჭი, ამჯერად „ქართული ოცნებიდან”.

„ანზორ ბოლქვაძის 2019 წლის დეკლარაციის და საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მაჟორიტარს ოჯახის საკუთრებაში არსებული 4 ქონება და სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობის 7 ფაქტი არ აქვს მითითებული. ამასთან, გაირკვა, რომ ანზორ ბოლქვაძის ოჯახმა აჭარის მთავრობის კუთვნილი შპს Goderdzi Resorts-ის და ხულოს მუნიციპალიტეტის შესყიდვებიდან 156 073 ლარი მიიღო. დეკლარაციაში ქონებისა და სამეწარმეო საქმიანობის არასრულად მითითება კანონმდებლობის დარღვევაა“, – აცხადებს „გამჭვირვალობა“.

სამეწარმეო საქმიანობის არადეკლარირებული ფაქტები

კვლევის შედეგად დადგინდა, რომ ანზორ ბოლქვაძე 2017 წლიდან რეგისტრირებული შპს „გოდერძი დეველოპმენტის“ 50% წილის მფლობელია. დეპუტატს წილის მართვა სხვა პირისთვის მინდობით არ გადაუცია, რაც კანონდარღვევაა. კანონდარღვევაა ისიც, რომ დეპუტატს აღნიშნული სამეწარმეო საქმიანობა დეკლარირებული არ აქვს.

შპს „გოდერძი დეველოპმენტში” ანზორ ბოლქვაძის თანამეწილე შპს „ჰელისკი ჯორჯიაა“. „ჰელისკი ჯორჯიამ” გამარტივებული შესყიდვებით 97 921.59 ლარი მიიღო, უმეტეს შემთხვევაში, შემსყიდველი სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო იყო, ხელშეკრულებების საგანი კი კომპანიის კუთვნილი ვერტმფრენის მომსახურების შესყიდვაა.

2019 წლის 1-ელ მაისს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ანზორ ბოლქვაძის მეუღლე, თინა ბოლქვაძე, შპს „ფონი+“-ის 100% წილის მფლობელია. დეპუტატის მეუღლე ამ კომპანიის მფლობელი 2012 წლიდანაა, თუმცა მაჟორიტარმა ამის შესახებ მხოლოდ 2019 წლის დეკლარაციაში მიუთითა.

ანზორ ბოლქვაძის და მისი ოჯახის არადეკლალირებული საქმიანობა და ქონება

დეკლარაციაში ვკითხულობთ, რომ დეპუტატის ცოლს აღნიშნული შპს-სგან შემოსავალი არ მიუღია, თუმცა კომპანიამ 2013-2019 წლებში, უმეტესად ხულოს შემსყიდველი ორგანიზაციებისგან, 4,000  ლარამდე ოდენობის გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

გამოცემა „ბათუმელებმა” გაარკვია, რომ შპს „ფონი+“-ს ეკუთვნის სასტუმრო „ხულო“, რომელშიც საოფისე ფართობი ა(ა)იპ-მ „ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასი საქართველოში“ იქირავა ხულოს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარებისა და დივერსიფიკაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2017-2020 წლებში. „ENPARD ხულოს“ პროექტის მენეჯერმა, გიორგი მურვანიძემ ანზორ ბოლქვაძის მეუღლის კუთვნილ სასტუმროში ფართის ქირაობა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” დაუდასტურა. გაუგებარია, თუ რატომ არ ასახა ანზორ ბოლქვაძემ შპს „ფონი+”-სგან მეუღლის მიერ მიღებული შემოსავალი დეკლარაციაში.

2019 წლიდან, თინა ბოლქვაძე ასევე ფლობს „აისი გოდერძის“ 33.3%-ს. მანამდე წილს ანზორ ბოლქვაძის შვილი, ნოდარ ბოლქვაძე ფლობდა – მოცემული სამეწარმეო საქმიანობა დეპუტატის არცერთ დეკლარაციაში არ არის ასახული. 2017-2019 წლებში კომპანიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი შპს „Goderdzi Resorts”-ისგან 136 028 ლარის სახელმწიფო შესყიდვები მიიღო.

ანზორ ბოლქვაძის ქონებრივ დეკლარაციაში ასევე არ არის მითითებული შვილის, ნოდარ ბოლქვაძის სამეწარმეო საქმიანობა. ნოდარ ბოლქვაძე 2017 წელს რეგისტრირებული შპს „გადახურვის სერვისის” და 2012 წელს რეგისტრირებული შპს „Replay Tbilisi”-ს 100% წილის მფლობელი და დირექტორია.

ნოდარ ბოლქვაძე 2015 წელს რეგისტრირებული შპს „ნიას” 100% წილის მფლობელი და დირექტორიცაა. მოცემული კომპანიის მიერ 2016-2017 წლებში მიღებული გამარტივებული შესყიდვების საერთო თანხა 14 514 ლარია, შემსყიდველი კი უმეტეს შემთხვევაში აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტია.

ამავდროულად, ნოდარ ბოლქვაძე შპს „ბი ემ სი“-ში  50% წილის მფლობელია. ეს კომპანიაც 2015 წელს დარეგისტრირდა და 2015 და 2017 წლებში შპს „წალკაგაზისგან” ჯამში 1 571.9 ლარის გამარტივებული შესყიდვები მიიღო.

ანზორ ბოლქვაძის მეუღლის არადეკლარირებული ქონება

სამეწარმეო საქმიანობასთან ერთად, ანზორ ბოლქვაძეს 2019 წლის დეკლარაციაში მითითებული არ აქვს მეუღლის, თინა ბოლქვაძის ოთხი უძრავი ქონება, საიდანაც ორის მესაკუთრე მაჟორიტარის მეუღლე ჩუქების საფუძველზე გახდა:

  1. ივანე ჯავახიშვილის ქუჩა 31, ბინა 41, ბათუმი (121.85 კვ.მ.);
  2. რუსთაველის ქუჩა 9, ხულო, სარდაფი (110 კვ.მ.);
  3. აბაშიძის ქუჩა 12, ხულო, სართული 2 (399.71 კვ.მ.) – უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებულია 30/05/2018-ში.
  4. სამტრედიის ქუჩა 50, თბილისი, ბინა 68, სართული 15, ორანჟერეა, ბლოკი A (84 კვ.მ.) – უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება დამოწმებულია  06/03/2017-ში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” მოუწოდებს საჯარო სამსახურის ბიუროს, მოკვლეული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინოს კანონით გათვალისწინებული რეაგირება.

დელფინარიუმში წარმოდგენები შეწყდა – რას აკეთებს მერია კორონავირუსის პრევენციისთვის

ბათუმის მერიის ცნობით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, დღეიდან დროებით შეწყდა წარმოდგენები დელფინარიუმში და გაუქმდა მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილი ხალხმრავალი ღონისძიებები.

პრევენციის მიზნით, დღეს  იწყება ბათუმის მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში სადეზინფექციო ღონისძიებები და მუნიციპალური ავტობუსების სპეციალური ხსნარებით დამუშავება, ასევე, ხსნარებით იწმინდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობები.

მერიის ცნობით, შეხვედრა გაიმართა მიკროავტობუსების კომპანიების წარმომადგენლებთანაც, რომელთაც სადეზინფექციო სამუშაოებთან დაკავშირებით შესაბამისი რეკომენდაციები მიეცათ.

ბოლო მონაცემებით, საქართველოში დღემდე სამ პირს დაუდასტურდა კორონავირუსი. ორი მათგანი ირანიდან დაბრუნდა, ხოლო ერთი – იტალიიდან. კორონავირუსის პრევენციის მიზნით, უმაღლესმა სასწავლებლებმა 16 მარტამდე სწავლება შეაჩერეს; საჯარო სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები ერთი კვირით გადმოიწია და 9 მარტის ნაცვლად 2 მარტს დაიწყო. სკოლებში არდადეგები გაგრძელდება 16 მარტამდე, ამ პერიოდში კი ყველა სკოლაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

16 მარტამდე სააღმზრდელო პროცესი შეწყდა საჯარო საბავშვო ბაღებშიც.

სასამართლომ გააბათილა დოკუმენტი, რის საფუძველზეც ბათუმში ქიმიურ ტერმინალს აშენებენ

„სასამართლომ ბათილად მიიჩნია ის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობა დაიწყო“, – აცხადებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ჩემი ბათუმის“ წარმომადგენელი ზაალ ლუხუტაშვილი. მისი ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 28 თებერვალს დააკმაყოფილა ამ ორგანიზაციის სარჩელი საქართველოს სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ.

„სამინისტრომ გასული წლის 23 იანვარს გამოსცა ე.წ. სკრინინგის დოკუმენტი. ამ დოკუმენტის საფუძველზე ბათუმის მერიამ 12 მარტს გასცა მშენებლობის ნებართვა. ტერმინალის მშენებლობა დაიწყო გარემოზე ზემოქმედების შეფასების გარეშე, რაც არის მიუღებელი და უკანონო… სკრინინგი მხოლოდ ზედაპირული დოკუმენტი იყო, რომელიც ერთ-ერთმა დეპარტამენტმა მოამზადა,“ – გვითხრა ზაალ ლუხუტაშვილმა, რომელიც სასამართლოში „ჩემი ბათუმის“ ინტერესებს იცავდა.

ორგანიზაციას სასამართლოში მოთხოვნილი არ ჰქონდა დაუყოვნებლივი აღსრულება, შესაბამისად, ტერმინალის მშენებლობის შეჩერება მოპასუხეზეა დამოკიდებული – გაასაჩივრებს თუ არა იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას.

„ჩვენთვის უცნობია სასამართლოს დასაბუთება. გადაწყვეტილების დასაბუთების გაცნობის შემდეგ ვიმსჯელებთ და ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას,“ – აღნიშნეს სოფლის და გარემოს დაცვის სამინისტროს პრესცენტრში.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობა ორგანიზაციამ „ჩემი ბათუმი“ გასულ წელს არაერთი აქციით გააპროტესტა.

4 საგაფიცვო მოთხოვნა – აჭარის მაუწყებლის თანამშრომლები გაფიცვისთვის ემზადებიან  

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს თანამშრომლების ნაწილი გაფიცვისთვის ემზადება. აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიული პროფესიული კავშირი დღეს,  2 მარტს, 17 საათზე შეიტანს შესაბამის დოკუმენტს მაუწყებელში.

დოკუმენტის შეტანის შემდეგ მედიაციის პროცესი დაიწყება, რომელშიც ტელევიზიის თანამშრომლების და მენეჯმენტის გარდა, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროც უნდა ჩაერთოს. თუკი მხარეები ვერ შეთანხმდებიან, ამის შემდეგ შეეძლებათ მაუწყებლის თანამშრომლებს სამუშაოზე უარის თქმა.

აჭარის მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის ხელმძღვანელი მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ მათ ოთხი მოთხოვნა აქვთ:

„პირველი არის სტატუს კვოს აღდგენა [საშტატო ცვლილებებამდე არსებული მდგომარეობის დაბრუნება], მეორე – სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიები, მესამე – შრომითი უფლებები, რომელიც სარედაქციო დამოუკიდებლობასთანაა გადაჯაჭვული, რადგან ადამიანებმა, რომლებიც ქმნიან მაუწყებელს, უნდა იგრძნონ თავი დაცულად და მეოთხე არის სტრატეგიული ხედვა იმის შესახებ, თუ როგორ იყოს მაუწყებელი მოწყობილი და როგორ უნდა იმართებოდეს, იმიტომ, რომ ამ ვითარებაში მენეჯმენტსაც კი არა აქვს წარმოდგენა, მაგალითად, მომავალ წელს მაუწყებელი როგორი უნდა იყოს. საით მიდის მაუწყებელი, არავინ იცის.

ჩვენი მოთხოვნები გულისხმობს, რომ ამ პროცესებში პროფესიული კავშირის მონაწილეობა უნდა იყოს გარანტირებული“, – გვითხრა მალხაზ რეხვიაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ალტერნატიულ პროფესიულ გაერთიანებაში მაუწყებლის 90-მდე თანამშრომელია გაერთიანებული. მალხაზ რეხვიაშვილი ამბობს, რომ მოთხოვნებს შეუძლია შეუერთდეს მაუწყებლის ნებისმიერი თანამშრომელი. ალტერნატიული პროფესიული გაერთიანება მაუწყებელში 2020 წლის იანვარში შეიქმნა, მას შემდეგ, რაც აჭარის ტელევიზიასა და რადიოში ახალი დირექტორი, გიორგი კოხრეიძის მოსვლის შემდეგ, საკადრო ცვლილებებზე და მოსალოდნელ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაკარგვაზე დაიწყო საუბარი.

მიუხედავად იმისა, რომ მაუწყებლის ალტერნატიული პროფკავშირის მთავარი მოთხოვნების შესახებ რამდენიმე დღეა ცნობილია, დღეს, 2 მარტს, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი ამ თემაზე არ გააკეთა და აღნიშნა, რომ დოკუმენტს გაეცნობა.

აღნიშნულ თემაზე ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრს, სოსო სტურუასაც, რომელმაც განაცხადა, რომ რაც შეეხება სტატუს-კვოს აღდგენის საკითხს, საშტატო ცვლილებებზე გადაწყვეტილებმა მიიღო მრჩეველთა საბჭომ და ამ გადაწყვეტილების გაუქმებისთვის საბჭოს ხმათა უმრავლესობა იქნება საჭირო – „ამაზე, მე, როგორც ბორდის ერთი წევრი, პასუხს ვერ გაგცემთ“ – აღნიშნა სოსო სტურუამ.

„განდაგანა“ – ახალი კონკურსისთვის 105 ათასი ლარი დაიხარჯება ბათუმის ბიუჯეტიდან

ბათუმის მერია წელს ახალ კონკურსს – „განდაგანას“ ჩაატარებს და ქალაქის ბიუჯეტიდან 105 ათას ლარს დახარჯავს. ამ თანხით ბათუმის კულტურის ცენტრმა კონკურსის ორგანიზებაზე ტენდერი 27 თებერვალს გამოაცხადა.

სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ ტენდერის გამოცხადებამდე ღონისძიების ჩასატარებლად საჭირო სავარაუდო ფასის დასადგენად ჩატარდა ბაზრის კვლევაც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უწყებათაშორისმა საბჭომ თვითმმართველობებს მისცა რეკომენდაცია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ხალხმრავალი ღონისძიებების გაუქმების შესახებ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მათ 2 მარტიდან ყველა საჯარო ღონისძიება, კორონავირუსის პრევენციის გამო, 16 მარტამდე გადადეს. რაც შეეხება აღნიშნულ კონკურსს და ფესტივალს, მერიაში განაცხადეს, რომ მისი ჩატარება დაგეგმილია აპრილში, ამიტომ, ამ ეტაპზე სატენდერო პროცედურები ჩვეულებრივ გაგრძელდება.

ბაზრის კვლევის ეტაპზე კონკურსის კალენდარი შემდეგნაირად იყო გაწერილი: პრეპროდაქშენი, სარეკლამო კამპანია – 5-15 მარტი; კასტინგი – 16-20 მარტი; ნახევარფინალი – 23-24 მარტი; პროდაქშენი – 25 მარტი-24 აპრილი და ფინალი – გალა კონცერტი, 25 აპრილი. ფინალის ჩატარების გარდა, ყველა დღე, ტენდერის შემდეგ დაზუსტდება.

კონკურს „განდაგანას“ ფინალი 2020 წლის 25 აპრილს ჩატარდება, დიზაინის ყველა პუნქტი და კონკურსის მართვა შეთანხმებული უნდა იყოს კულტურის ცენტრთან.

პირობის მიხედვით: ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ დაიგეგმება შესარჩევი ტურების დღეები და ნახევარფინალის ჩატარების დრო. ჟიურის წევრთა რაოდენობა და სიითი შემადგენლობა კი, განისაზღვრება ბათუმის მერის ბრძანებით.

განსაზღვრულია ჟიურის წევრებისა და მუსიკოსების სახელფასო ოდენობები, რაზეც გამარჯვებულმა მიმწოდებელმა პროექტის დასრულების შემდგომ უნდა წარადგინოს მათთან გაფორმებული ხელშეკრულებები. ჟიური 8-კაციანი, თითოეულის ხელფასი კი – 1250 ლარი იქნება. დაქირავებული იქნება ასევე 4 მუსიკოსი. თითოეულ მუსიკოსს 1250 ლარს გადაუხდიან.

„ქართული ცეკვის სახალხო კონკურსის „განდაგანას“ ორგანიზებაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა უნდა უზრუნველყოს საკონკურსო თემატიკის ბრენდინგის შემუშავება, მთლიან პროცესში ჩართული დიზაინერი/ებით უზრუნველყოფა პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე“.

[toggle title=”დეტალურად, თუ რა ევალება ტენდერში გამარჯვებულს, ნახეთ აქ:“]პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:
1.საკონკურსო თემატიკის ბრენდინგის შემუშავება, მთლიან პროცესში ჩართული დიზაინერი/ებით უზრუნველყოფა პროექტის დაწყებიდან დასრულებამდე;
2. კონკურსის ლოგოს დიზაინის შემუშავება;
3. სარეკლამო ვიდეო და აუდიორგოლის დამზადება – რგოლის ტიპი: ვიდეოგადაღება, ხანგრძლივობა 30 წმ;
4. ფესტივალის მაისურების დიზაინი და ბეჭდვა (ზომები დამკვეთთან შეთანხმებით);
5. ფესტივალის ვებგვერდის შექმნა, სადაც შესაძლებელი იქნება აპლიკაციის შევსება, ვიდეო და აუდიომასალის ატვირთვა, დომენისა და ჰოსტინგის შეძენა და პროექტის განმავლობაში ვებგვერდის მართვა – დიზაინი, დამკვეთთან შეთანხმებით;
6. ჟიურისთვის ქულათა რეესტრის ფორმის შემუშავება და შესაბამისი ჟურნალების ბეჭდვა;
7. ჟიურსისთვის 10-ბალიანი თვლის შეფასების დაფები;
8. მონაწილეების ნომრების ბეჭდვა – სტიკერის ზომა ა5;
9. ბრენდინგ ბანერები შესარჩევი ეტაპისთვის – სცენის ბანერი 12*6მ, გვერდითა ბანერები 4 ცალი 1,5*3მ სადგამით. შესასვლელის ბანერები 1 ცალი 3.80*2.80მ სადგამით, შტენდერი 2.40 იანი 4 ცალი;
10. ლოგოს ფიგურის დამზადება ნახევარფინალში გადასული მონაწილეებისთვის – დიზაინი და მასალა დამკვეთთან შეთანხმებით;
11. ლოგოს ფიგურის დამზადება ფინალში გადასული მონაწილეებისთვის – დიზაინი და მასალა დამკვეთთან შეთანხმებით;
12. მოსაწვევების ბეჭდვა ფინალისთვის და შესაბამისი რაოდენობის კონვერტებით უზრუნველყოფა;
13. გრან პრის დამზადება – ფესტივალის ლოგოს დიზაინით დამზადებული სპეციალური ჯილდო. პოსტამენტი ხის ან მეტალის 20x20x5სმ, ორგმინის ან რაიმე სხვა მასალის სფერო ან დისკი ფესტივალის ლოგოტიპით დიამეტრი 20სმ სისქე არანაკლებ 3 სმ დიზაინი დამკვეთთან შეთანხმებით;
14. სარეკლამო კამპანიის უზრუნველყოფა ინტერნეტ სივრცეში – სოციალურ ქსელებში ფესტივალის რეგისტრაცია და მართვა, პოსტების ბუსტი);
15. რეგისტრაციის სრული პროცესის ორგანიზება: პრინტერის და სკანერის უზრუნველყოფა მონაწილეების რეგისტრაციისთვის, სადაც ადგილზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ იმ ადამიანებმა, ვინც ვერ მოახერხა ონლიან რეგისტრაცია – მინიმუმ 500 ადამიანი;
16. სარეგისტრაციო მაგიდის უზრუნველყოფა და ფესტივალის ლოგოთი დაბრენდვა;
17. ჟიურის მაგიდის მოწყობა და შეფუთვა (კასტინგი და ფინალი, გათვლილი 9 კაცზე)
18. შესარჩევი ეტაპების დროს სკამებით (50 სკამი) და გახმოვანების ტექნიკით უზრუნველყოფა (ლეპტოპი);
19. ქულების დაჯამების ელექტრონული პროცესის ორგანიზება კონკურსის მიმდინარეობის დროს, პროექტორი, ეკრანი, საჭირო საკომუნიკაციო წყაროების უზრუნველყოფა;
20. მოწვეული ჟიურის წევრის (1 კაცი) თბილისიდან ტრანსპორტით მომსახურება (ორმხრივი გზა) და სასტუმროში განთავსება 3 ღამე (სასტუმრო ქალაქის ტერიტორიაზე);
21. განდაგანის კოსტიუმების შეკერვა (ქალის, კაცის, ბავშვის) ფინალსიტებისთვის – სავარაუდო რაოდენობა 40 (ნაკლები კოსტიუმების შეკერვის შემთხვევაში ანაზღაურდება ფაქტობრივად შეკერილი კოსტიუმების თანხა);
22. საფინალო შოუს მოწყობა – სცენის დეკორაცია და გასართობი შოუს წარმოდგენა, არტისტებით უზრუნველყოფა, დრამატული თეატრის იჯარა – საფინალო შოუს დაგეგმვა მოხდება დამკვეთთან მოლაპარაკების შედეგად;
23. ეკრანების ქირაობა – ეკრანები გამოიყენება დეკორაციის ნაწილად და გამოსახულება უნდა იყოს ერთმანეთთან შეერთებული, 3 სხვადასხვა ზომის – საერთო კვადრატულობა 70მ2 ეკრანის მოდელიდან გამომდინარე, 2 მცირე ეკრანზე უნდა გადიოდეს ფონი (ფონის უზრუნველყოფა) და ძირითად ეკრანზე ეთერი – იმ შემთხვევაში თუ სატელევიზიო პირდაპირი ეთერის უზრუნველყოფა ვერ მოხდა, 1 კამერით უზრუნველყოფა);
24. ჟიურის წევრების კვებით უზრუნველყოფა (8 ადამიანი დღეში ერთჯერ არაუმეტეს 7 დღისა) სავარაუდო მენიუ: იმერული ხაჭაპური, პიცა, ლობიანი, მჭადი, ყველი, ქათმის და
ღორის მწვადი, ფხალეულის ასორტი, ტყემალი/საწებელი, პური, გაზიანი სასმელები (ლიმონათი, ნაბეღლავი);
25. მონაწილეებისთვის წყლის, ჩაის და ყავის უზრუნველყოფა (190 გრამიანი ხსნადი ყავა 5 ბოთლი, 500 ბოთლი წყალი (0,5ლ), წყლის დისპენსერი და მისთვის განკუთვნილი 4 ბოცა
(20 ლტ.), 3 კგ. შაქარი, ერთჯერადი ჩაი 2 შეკვრა (100 ცალიანი), ერთჯდერადი ჭიქები და კოვზები, 500 ცალი (ასევე მომსახურე პირით უზრუნველყოფა);
26. უსაფრთხოება – 4 დაცვის წევრის უზრუნველყოფა შესარჩევი ტურების დროს, სავარაუდო დღეების რაოდენობა არაუმეტეს 7 დღისა, დღეების ზუსტი რაოდენობა გაირვევა რეგისტრაციის შემდეგ;
27. სარეკლამო კამპანიის უზრუნველყოფა ინტერნეტ სივრცეში 40 დღის განმავლობაში;
28. რეგისტრატორი (2 კაცი) (რეგისტრატორები პროექტში უნდა იყვნენ ჩართული პირველივე ეტაპიდან, მათი საკონტაქტო ინფორმაცია უნდა იყოს განთავსებული ონლაინ რეგისტრაციის პროცესში);
29. ფესტივალის კორდინატორი (5 კაცი) (სამუშაოს აღწერა: მონაწილეებთან კომუნიკაცია, მონაწილეების კორდინაცია ადგილზე);
30. ჟიურის მდივანი (უზრუნველყოფს ჟიურის შეხვედრების ორგანიზებას, ორგანიზაციული საკითხების აღსრულებას, საკონკურსო ოქმების შევსებას, მონაწილეთა შეფასებების შეყვანას ელექტრონულ ფორმაში);
31. სცენის მენეჯერი (მენეჯერი ვალდებულია უზრუნველყოს სცენაზე გამსვლელების ორგანიზება და კონტროლი);
32. საფინალო შოუს წამყვანი წამყვანი (2 კაცი);
33. ჟიურის წევრების შრომის ანაზღაურება (8 ადამიანი);
34. მუსიკოსების შრომის ანაზღაურება (4 ადამიანი);
35. 3 ვიდეოოპერატორი (კონკურსის ყველა ეტაპის გადაღების ორგანიზება);
36. 1 ფოტოგრაფი (კონკურსის ყველა ეტაპის გადაღების ორგანიზება და ნახევარ ფინალისტების ფოტო სესია);
37. 1 ჟურნალისტი (კონკურსის ყველა ეტაპზე მონაწილეებთან ინტერვიუს ჩაწერა);
38. გადაღებული მასალის მონტაჟი სხვადასხვა ეტაპებისთვის და საბოლოო კოლაჟისთვის[/toggle]

ტენდერში წინადადებების მიღება 7 მარტს დაიწყება და 9 მარტს დასრულდება.

 

მთავარი ფოტო: განდაგანა / მანანა ქველიაშვილის ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან
Exit mobile version